გლობალიზაცია და ეკონომიკური განვითარების ტენდენციები
ავტორის სტილი დაცულია
ლიკა სარაჯიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
Lika.sarajishvili106@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ტერმინი ,,გლობალიზაცია“ პირველად 1983 წელს ტ.ლევიტმა გამოიყენა ერთ-ერთ სტატიაში. გლობალიზაცია გულისხმობს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროცესების ერთობლიობას. ნაშრომში განვიხილავ გლობალიზაციის არსს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, იმას თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გლობალიზაციურ პროცესებს ეკონომიკურ განვითარებაზე. ასევე ვისაუბრებ ბოლო დროის აქტუალურ თემაზე, COVID19-ის გავრცელებასა და მის შედეგებზე. განვიხილავ პანდემიისა და გლობალიზაციური პროცესების კავშირს. დასასრულს კი, ყურადღებას გავამახვილებ სამართლიან გლობალიზაციაზე, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გლობალიზაცის უარყოფითი შედეგების შემცირებას და შესაბამისად ეკონომიკურ განვითარებას.
Annotation
The term “globalization” was first used in 1983 by T. Levitt in one of his articles. Globalization refers to the combination of current political, social, economic and cultural processes in the world. In this paper, I discuss the essence of globalization, its pros and cons, and what impact globalization processes can have on economic development. I will also talk about a recent topic, the spread of COVID19 and its consequences. I discuss the connection between pandemics and globalization processes. Finally, I will focus on equitable globalization, which in turn helps to reduce the negative effects of globalization and consequently economic development.
გლობალიზაციის არსი
გლობალიზაცია გულისხმობს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური , ეკონომიკური და კულტურული პროცესების ერთობლიობას. თვითონ ტერმინი ,,გლობალიზაცია“ საკმაოდ ახალია. იგი უკავშირდება ტ.ლევიტის , ამერიკელი მეცნიერის სახელს, რომელმაც ეს ტერმინი 1983 წელს სტატიაში გამოიყენა ცალკეული ბაზრების შერწყმის მოვლენის აღსაწერად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გლობალიზაციის პროცესები მანამდე არ მიმდინარეობდა, ეს პროცესები ბევრად ადრე დაიწყო (ბერძნული კოლონიზაციის პროცესი, როდესაც ბერძნები თავიანთ კულტურას ავრცელებდნენ სხვა ქვეყნებში), მხოლოდ არა ამ სახელით. გლობალიზაციის ერთიანი განმარტება შემუშავებული არ არის. მეცნიერებს გააჩნიათ სხვადასხვა დამოკიდებულება და ხედვა გლობალიზაციურ პროცესებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მათ მიერ განსაზღვრული განმარტებებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. [3]
ერთ-ერთი ცნობილი განმარტება ეკუთვნის მარტინ ელბროუს, რომელიც თვლიდა რომ გლობალიზაცია მოიცავდა ყველა იმ პროცესს, რაც საჭირო იყო მსოფლიოს სხვადასხვა ერების ერთიან, გლობალურ საზოგადოებად ჩამოყალიბებისათვის. [3]
გერმანელი მეცნიერი, ულრიხ ბეკი გლობალიზაციას მიიჩნევდა როგორც მოვლენას, რომელიც ზღუდავს ან საერთოდ ცვლის პოლიტიკურ ქმედებას მსოფლიო ბაზრის მეშვეობით. [3]
გლობალიზაციის პროცესები მიზნად ისახავს საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, შრომის საერთაშორისო გადაადგილების გაუმჯობესებას და თავის მხრივ, გავლენას ახდენს ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებზე, გარემოზე, ასევე ეკონომიკურ კეთილდღეობასა და განვითარებაზე. აღნიშნული პროცესები ხელს უწყობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის მზარდ ურთიერთდამოკიდებულებას. გამოყოფენ გლობალიზაციის 4 სახეს: ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული.
ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ეკონომიკის გლობალიზაციის 3 ძირითადი ეტაპი. პირველი ეტაპი მოიცავს 1820-1914 წლებს. ამ წლებში გაძლიერდა საერთაშორისო ვაჭრობა და დაიწყო საწარმოო რესურსების გადაადგილება. მეორე ეტაპი ეს არის 1914-1950 წლები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პერიოდში უპირატესობა მიენიჭა ეროვნულ ინტერესების დაცვას და გარკვეულწილად დაიწყო გლობალიზაციური პროცესების შეზღუდვა. ხოლო მესამე პერიოდი იწყება 1950 წლიდან და გრძელდება დღემდე. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა რეგიონალიზაციას, გაძლიერდა საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, ახალი საინფორმაციო პროცესების დანერგვამ ხელი შეუწყო მსოფლიო საკომუნიკაციო ქსელის დივერსიფიკაციას, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრანსეროვნული კორპორაციების ჩამოყალიბებამ, რამაც დააჩქარა ინტერნაციონალიზაციის პროცესები, ასევე ადგილი ჰქონდა ერთიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ასპექტების შემოღებას, რაც საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ჩამოყალიბების შედეგია. [1]
ჯ. ბეილისი და ს.სმიტი განასხვავებენ გლობალიზაციის ხუთ სხვადასხვა შინაარსობრივ დატვირთვას, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ გლობალიზაცია შესაძლოა არსებობდეს რომელიმე მათგანის გარეშეც. ესენია:
- ინტერნაციონალიზაცია – ადგილი აქვს სახელმწიფოთა შორის არსებული კავშირების გაძლიერებას, გააქტიურებას და საზღვრების როლის სულ უფრო მეტად შემცირებას;
- ლიბერალიზაცია – იგი გამოიხატება მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ღია ინტეგრირებულ ეკონომიკაში, ასევე ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტებაში;
- უნივერსალიზაცია – მატერიალური და სულიერი ღირებულებების გავრცელება მსოფლიოში;
- ვესტერნიზაცია – აქ იგულისხმება დასავლური ცივილიზაციის როლის გაძლიერება, მათი ფასეულობებისა და კულტურის გავრცელება.
- დეტერიტორიზაცია – სახელმწიფო საზღვრების როლის შემცირება. გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მანძილი, საზღვრები სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობის მატარებელია.[4]
გასაკვირი ნამდვილად არ არის ის, რომ გლობალიზაციას ყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები, რომლებიც საუბრობენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. გლობალიზაციის მომხრეები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პროცესების შედეგად თითოეულ ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა მათი წარმოება არ დამთავრდეს ქვეყნის საზღვრებთან, ე.ი თითოეულ მეწარმე შესაძლებლობებს (მაღალი მოგების მიღების მიზნით) იყენებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ადამიანები მოიხმარენ უფრო მრავალფეროვან საქონელსა და მომსახურებას. გარდა ამისა ისეთ გლობალურ პრობლემებთან ბრძოლა, როგორიცაა : სიღარიბე, სურსათით უზრუნველყოფა, ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფა, ეკოლოგიური და დემოოგრაფიული სტაბილურობა და ა.შ ბევრად მარტივია ქვეყნების ერთობლივი მოქმედებებით, ვიდრე აღნიშნული პრობლემების გადაჭრა ცალკეული სახელმწიფოს დონეზე, ვინაიდან ქვეყნებს (უმეტესობას მაინც) არ შესწევს უნარი ასეთ წინააღმეგობებს მხოლოდ საკუთარი ძალებითა და რესურსებით გაუმკლავდეს. [2]
პოზიტიურ მხარესთან ერთად, გამოიყოფა გლობალიზაციური პროცესების ნეგატიური მხარეც. ,,ანტიგლობალისტები“ აღნიშნავენ, რომ გლობალიზაციური პროცესების შედეგად ხდება შემოავლების არათანაბარი გადანაწილება , მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან და ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან. განვითარებული ქვეყნები განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე იყენებენ იაფ მუშა ხელსა და იაფ რესურსებს, იზიდავენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალას. გარდა ამისა გლობალიზაციის შედეგად შესაძლოა ეკონომიკური კრიზისის ერთი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებზე გავრცელება და ბუნებრივია ეს ისედაც სუსტ ქვეყნებს კიდევ უფრო დაასუსტებს და კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანს მათ. გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი ასევე საუბრობენ სახელმწიფო როლის შესუსტებაზე, გლობალიზაციასა და ეროვნული სახელმწიფოს სუვერენიტეტს შორის წინააღმდეგობებზე, არალეგალური ვაჭრობის გაძლიერებასა და სხვა ნეგატიურ შედეგებზე. [1]
გლობალიზაციის იდექსი
გლობალიზაციის ინდექსი გამოითვლება ისეთ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, როგორიცაა მაგალითად: პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, შემოსავალი, ვაჭრობა, ინვესტიცია. თუმცა ამასთან ერთად თანამედროვე დათვლის მეთოდებში ცდილობენ გაითვალისწინონ შემდეგი: პოლიტიკა, კულტურა, გარემოს დაცვის საკითხები და სოციალური მდგომარეობა. [1]
ერთ-ერთ ასეთი ინდექსია გლობალიზაციის KOF ინდექსი, რომელიც შეიქმნა 2002 წელს და ძირითადად ეყრდნობა მსოფლიო ბანკისა და გაეროს კონფერენციის წლიურ ანგარიშებს ვაჭრობასა და განვითარების შესახებ და გამოიყენება ქვეყნების მსოფლიო სივრცეში ინტეგრირების ხარისხის შესაფასებლად. აღნიშნული KOF ინდექსი ზომავს სამ ძირითად მაჩვენებელს: ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, პოლიტიკა. ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექს აქვს 36%-იანი წილი, სოციალურ გლობალიზაციის ინდექსს 37%-იანი წილი, ხოლო პოლიტიკური გლობალიზაციის ინდექსს 26%-იანი წილი. [5]
დიაგრამა 1: ტოპ 10 ქვეყანა გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით, 2020 წელი.
წყარო: https://www.statista.com/statistics/268168/globalization-index-by-country/
გლობალიზაციის KOF ინდექსის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, პირველ 10 ქვეყანაში მოწინავე ადგილს იკავებენ შვეიცარია(90,79), ნიდერლანდები (90,68) , ბელგია (90,46) . მე-10 ადგილზეა საფრანგეთი (87.69). [7]
ეკონომიკური განვითარების არსი
ეკონომიკური განვითარება გულისხმობს ეკონომიკის ახალ, სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლასა და მის თვისებრივ განვითარებას. ხშირად ეკონომიკური განვითარება გაიგივებულია ეკონომიკურ ზრდასთან, რაც არასწორია, მიუხედავად იმისა რომ ამ ორ ცნებას შორის მჭიდრო კავშირია. ზრდა გულისხმობს რაიმეს რაოდენობრივ გაზრდას და აქედან გამომდინარე ეკონომიკური ზრდაც არის ეკონომიკის მასშტაბების გაფართოება. [1]
როგორც უკვე აღვნიშნე, ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ეკონომიკური ზრდა განაპირობებს ეკონომიკის განვითარებას და პირიქით, ეკონომიკური განვითარება ხდება საფუძველი ეკონომიკის საზღვრების მორიგი გაფართოების. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ მოვლენას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი მეორეს გარეშე, ე.ი შესაძლებელია ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური განვითარების გარეშე (მაგალითად როდესაც წარმოების ფაქტორების ექსტენსიური ზრდა შეინიშნება) და ეკონომიკური განვითარება ეკონომიკური ზრდის გარეშე. უფრო მეტიც, ეკონომიკური დაქვეითების პირობებშიც კი.
ეკონომიკური განვითარების რაოდენობრივი გაზომვის მიზნით განასხვავებენ ეკონომიკური, სოციალური და თვისებრივი ცვლილებების მაჩვენებლებს. [1]
რა გავლენას ახდენს გლობალიზაცია ეკონომიკურ განვითარებაზე?
ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარე ფაქტორები. მაგალითისთვის რომ განვიხილოთ ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები და ქვეყნის ჩართვა საერთაშორისო ვაჭრობაში, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ვაჭრობის შედეგად ქვეყანას აქვს მეტი შესაძლებლობები და უფრო დიდი არჩევანი. აღნიშნული პროცესების შედეგად თითოოეულ ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა გამოიყენოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებული რესურსები, არამედ სხვა ქვეყნების რესურსებიც (რომლებთანაც მას აქვს სავაჭრო ურთიერთობა), მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა მოთხოვნა ჩამოაყალიბოს ბაზარზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი საქონლისა და მომსახურების შედეგად, ეს მრავალფეროვნება კი სწორედ იმითაა განპირობებული რომ ქვეყნის წარმოება არ მთავრდება მის საზღვრებთან, დანარჩენ მსოფლიოს კი ყოველთვის მეტის წარმოება შეუძლია.
ყველა ვთანხმდებით რომ კონკურენცია ბაზრისთვის კარგია. ის ხელს უწყობს საბაზრო მექანიზმს თავისი ფუნქციის შესრულებაში – მოიყვანოს ბაზარი წონასწორობაში. გარდა იმისა რომ კონკურენციის შედეგად ხდება მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება მათთვის მისაღებ ფასებში, საფუძველი ეყრება ინოვაციებსა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ასევე დადებით გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკაზე, ასევე მის განვითარებასა და ზრდაზე.
ახლა კი წარმოიდგინეთ რა მოხდება როდესაც დავიწყებთ კონკურენციის განხილვას არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ბუნებრივია ასეთ დროს უნდა ველოდეთ, რომ გაიზრდება ინოვაციებისა თუ ახალი ტექნოლოგიების, ამასთანავე წარმოებისათვის საჭირო რესურსების რიცხვი და ა.შ, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს იმაზე მეტად, ვიდრე ეს იქნებოდა შესძლებელი ქვეყნის საზღვრებს შიგნით.
თუმცა ზემოთქმულის მიუხედავად, ამასაც აქვს უარყოფითი მხარე და მასზე მიუთითებენ კიდეც ეკონომიკის გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი. საქმე ისაა, რომ ხშირად საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად ,,იჩაგრებიან“ ადგილობრივი მწარმოებლები და არ შესწევთ უნარი კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნის მწარმოებლებს. თუმცა ეს უნდა გავიგოთ არა როგორც უარყოფითი მხარე და დადასტურება იმისა რომ გლობალიზაცია უარყოფითი მოვლენაა, არამედ უნდა აღვიქვათ როგორც სტიმული, მოტივაცია იმისა, რომ ქვეყნებმა შეძლონ სწორი პოლიტიკის, შემზღუდველი თუ ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება საჭირო დროსა და ვითარებაში და გლობალიზაციური პროცესებიდან მიიღონ მაქსიმალური სარგებელი.
ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე ტექნოლოგიურ განვითარებას, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევებს, დაგროვილ გამოცდილებასა და ა.შ. ამ საკითხშიც შესაძლებელია დავინახოთ გლობალიზაციური პროცესების დადებითი ეფექტები. ამ დროს თითოეული ქვეყნისათვის ხელმისაწვდომია არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის შიგნით მიღწეული მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, ტექნოლოგიები ან დაგროვილი გამოცდილება, არამედ მათ წვდომა აქვთ მთელი მსოფლიოს ცოდნასა და გამოცდილებაზე. რაც ასევე ხდება საფუძველი იმისა, რომ ეროვნული ეკონომიკა მეტად განვითარდეს და გადავიდეს თვისებრივად ახალ, უფრო სრულყოფილლ მდგომარეობაში. [1] [6]
ხშირად საუბრობენ ,,ანტიგლობალისტები“ გლობალიზაციური პროცესების შედეგად სახელმწიფო როლის შეზღუდვაზე, თუმცა მოდით შევხედოთ ამ საკითხს მეორე მხრიდან. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გლობალიზაციის შედეგად თითოეული ქვეყნისათვის ხელმისაწვდომია დანარჩენი მსოფლიოს დაგროვილი გამოცდილება. ბუნებრივია ეს ამცირებს დაშვებული შეცდომების, არასწორი მოქმედებებისა და გატარებული ღონისძიებების რიცხვს სახელმწიფოს მხრიდან. ის რომ ქვეყნების სახელმწიფოებს ერთობლივი ძალებით შეუძლიათ მოქმედება და გარკვეულ წინააღმდეგობებთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა როგორც ეკონომიკისათვის, ვინაიდან იქმნება უკეთესი პირობები ბაზრისათვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან აღმოიფხვრება ისეთი პრობლემები, როგორიცაა სიღარიბე, ეკოლოგიური ან სამედიცინო პრობლემები და ა.შ, მართალია არასრულად , თუმცა იმაზე მეტად ვიდრე ეს ჩაკეტილ საზღვრებში და მხოლოდ ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით იქნებოდა შესაძლებელი.
გლობალიზაციური პროცესების შედეგად ასევე თითოეულ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა ამა თუ იმ სიტუაციაში მიიღოს ფინანსური დახმარებები სხვა ქვეყნებისგან, რაც ხელს უწყობს და ეხმარება ქვეყანას როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე კრიზისის დაძლევაში, ასევე საფუძველს უყრის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. [1] [6]
დღევანდელი მსოფლიო და COVID 19 -ის გამოწვევები
თანამედროვე მსოფლიო გარკვეული პრობლემებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა, რაც გამოიწვია ახალი ვირუსის, COVID 19-ის გლობალურმა გავრცელებამ. ვირუსის გავრცელება დაიწყო ჩინეთში 2019 წლის ბოლოს, ქალაქ უხანში და მალევე მსოფლიო პანდემიად იქცა. გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიო ამ ვირუსს საკმაოდ მოუმზადებელი შეხვდა, შედეგები იმაზე რთული და არასასურველი აღმოჩნდა, ვიდრე ამას დასაწყისში მოელოდნენ.
გარდა იმისა რომ საფრთხე შეექმნა ადამიანთა ჯანმრთელობას და ამ კუთხით მოსფლიომ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, პრობლემები შეექმნა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკასაც. არის დარგები რომლებმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს პანდემიის შედეგად : ტურიზმი, საცალო ვაჭრობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო სექტორი.
დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ გლობალიზაციას თან ახლავს უარყოფითი შედეგები (დადებით შედეგებთან ერთად), მათ შორისაა სავაჭრო კრიზისის ერთი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში გავრცელება. საინტერესოა, შეგვიძლია თუ არა რომ პანდემიით გამოწვეული კონკრეტული უარყოფითი შედეგები სწორედ ამ უკანასკნელის ნათელ მაგალითად წარმოვადგინოთ? ვფიქრობ, რომ კი. დავუბრუნდეთ გადამამუშავებელი მრეწველობის დარგს, რომელიც უკვე ვახსენეთ ამ ნაწილში.
დიაგრამა 2: ტოპ 10 ქვეყანა წარმოებული პროდუქციის წილის მიხედვით მსოფლიო გადამამუშავებელი მრეწველობის დარგში, 2018 წელი
წყარო: https://www.statista.com/chart/20858/top-10-countries-by-share-of-global-manufacturing-output/
როგორც ეს დიაგრამაზეა ნაჩვენები, 2018 წლის მონაცემებით მსოფლიო გადამამუშავებელი მრეწველობის დარგში წარმოებული პროდუქციის 28.4% მოდის ჩინეთზე. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. როდესაც პანდემიის შედეგად ჩინეთში საწარმოები დაიხურა და ჩინეთის შიდა ეკონომიკა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მნიშვნელოვნად შემცირდა მიწოდება გადამამუშავებელი მრეწველობის საერთაშორისო ბაზარზე. ამან კი უარყოფითი გავლენა იქონია ასევე ბაზრის მონაწილეებზე, ე.ი ქვეყნებზე რომლებიც ამ ბაზრებზე აყალიბებდნენ მოთხოვნას ან მიწოდებას. მსგავსი როლი ჰქონდა აშშ-საც , რომელზეც მოდის აღნიშნული ბაზრის მიწოდების 16.6%. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არა გლობალიზაციური პროცესები და ქვეყნების ამგვარი კავშირი და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ჩინეთის ან აშშ-ს მდგომარეობის გაუარესება ნაკლებად აისახებოდა სხვა ქვეყნებზე. [8]
პანდემიის შედეგი – დეგლობალიზაციის საწყისი?
როგორც წინა ნაწილში აღვნიშნე, არ იქნება გასაკვირი თუ ადამიანთა ნაწილი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, ან პანდემიის ასეთ სწრაფ გავრცელებას გლობალიზაციურ პროცესებს მიაწერს. აქედან გამომდინარე, რას უნდა ველოდოთ? ხომ არ იქნება ეს დეგლობალიზაციის დასაწყისი და ჭეშმარიტი გამოსავალი ეკონომიკის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისათვის?
მოსალოდნელი სცენარი ასეთია: პირველი, დაიწყება გლობალიზაციური პროცესების შეზღუდვა, ქვეყნები გაამკაცრებენ საზღვრებს და ეს იქნება ერთგვარი საწყისი დეგლობალიზაციისა და მეორე, ქვეყნები კვლავ განაგრძობენ გლობალიზაციის ხელშეწყობას და არსებულ პრობლემებთან ერთობლივი ძალებით გამკლავებას.
ერთი მხრივ, პირველი შემთხვევა საკმაოდ ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. თუ გვაქვს პრობლემა და მის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს გლობალიზაციის პროცესები, უნდა შევზღუდოთ ის და პრობლემაც აღმოიფხვრება, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მოდით ამ საკითხს ასე შევხედოთ. თუ პანდემიამ ზოგი ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა და გლობალურ ეკონომიკამ ამ კრიზისში სხვა ქვეყნებიც ჩაიყოლა, გვაქვს კი განა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვა და დეგლობალიზაციის პროცესები (მით უფრო რომ გლობალიზაცია რეალური პროცესია და მისი გაუქმება არც თუ ისე მარტივია) ამ პრობლემას მოაგვარებს? რეალურად ასეთ გლობალურ პრობლემებთან გამკლავება ცალკეული სახელმწიფოს (უმრავლესობის მაინც) შესაძლებლობებს აღემატება. პირიქით ასეთ დროს უფრო მეტად საჭიროებს ქვეყნების მიერ გატარებული ღონისძიებები ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას, ერთობლივ მოქმედებას და ისეთი მექანიზმების ამუშავებას, რომლებიც დაეხმარებათ არსებული პრობლემების აღმოფხვრაში. საჭიროა სამართლიანი გლობალიზაციის ხელშეწყობა, ლიდერი სახელმწიფოების მხრიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღება სხვა ქვეყნების ინტერესების დაცვით, ახალი ინსტიტუტების შექმნა, რომლებიც უფრო მეტად მობილიზებული, მომზადებული იქნება მსგავსი შემთხვევებისათვის და დაეხმარება ქვეყნებს ერთობლივი, ეფექტური ღონისძიებების გატარებაში და თუნდაც ისეთი წინააღმდეგობების დაძლევაში, როგორსაც კორონავირუსის პანდემიის შედეგები ჰქვია. სწორედ ეს უკანასკნელი იქნება სწორი გადაწყვეტილება ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისა და მისი განვითარების ხელშეწყობისათვის.
დასკვნა
საბოლოოდ განხილული თემების შეჯამებით შესაძლოა ერთიანი დასკვნა ჩამოვაყალიბოთ. გლობალიზაციურ პროცესებთან და უფრო კონკრეტულად მის შედეგებსა და გავლენასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს, მას ყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები, რომლებიც საუბრობენ გლობალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ანალოგიურად, გლობალიზაციას შეუძლია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ან უარყოფითი გავლენის მოხდენა თითოეული ქვეყნის ეკონომიკაზე.
გლობალიზაციური პროცესები ხელს უწყობს ადამიანთა ცხოვრების რეალური დონის ამაღლებას, წარმოების შესაძლებლობების გაზრდას, წარმოებული საქონლისა და მომსახურების მრავალფეროვნებას, ასევე ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს, რაც ასევე დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკასა და მის განვითარებაზე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაციის საერთო ეფექტი დადებითია, ამ ეფექტისგან სარგებელს ქვეყნები სხვადასხვანაირად იღებენ და სარგებლიანობის ხარისხის დონეები მათთვის განსხვავებულია. ყოველივე ამის გათვალისწინებით მაინც ვთვლი, რომ გლობალიზაციური პროცესების შედეგად ქვეყნების ეკონომიკები მეტად ვითარდება, ვიდრე ამ პროცესების არარსებობისას. უბრალოდ საჭიროა სამართლიანი გლობალიზაციის ხელშეწყობა, ლიდერი სახელმწიფოების მხრიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თითოეული სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინება და სიფრთხილე ამა თუ იმ ღონისძიების გატარებისას. შედეგად კი მივიღებთ ცხოვრების მაღალ დონეს, განვითარებულ ეკონომიკებს , საყოველთაო კეთილდღეობის ზრდას და მოკლედ რომ ითქვას თითოეული ქვეყნის არსებული ვითარების გაუმჯობესებას.
იგივე შეიძლება ითქვას პანდემიით შექმნილი ვითარების შემდგომ ცვლილებასა და მოვლენების სავარაუდო განვითარებაზე. COVID19-ის გავრცელების შედეგად ქვეყანათა ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენისა და მათი განვითარების შენელების მიუხედავად, აღნიშნული შემთხვევა უნდა გახდეს არა დეგლობალიზაციის საწყისი, არამედ სტიმული იმისა რომ გლობალიზაციური პროცესები, როგორც უკვე ვახსენე, უფრო მეტად გააქტიურდეს და წარიმართოს სამართლიანად. ეს იქნება სწორი გამოსავალი აღნიშნულ გლობალურ პრობლემებთან გასამკლავებლად, ვინაიდან ცალკე აღებულ ქვეყნებს ნაკლებსავარაუდოა რომ ამის შესაძლებლობა და საჭირო რესურსები გააჩნდეთ და ასევე იქნება სწორი გზა ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად.
გამოყენებული ლიტერატურა:
- რ.აბესაძე ,,ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თბ., ‘‘თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა“, 2015;
- პ.კრუგმანი, მ.ობსტფელდი, მ.მელიტცი ,,საერთაშორისო ეკონომიკა“;
- (,,გლობალიზაციის არსი“) https://globalizationdotcom.wordpress.com/2018/01/10/first-blog-post/
- (გლობალიზაცია) http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=3300
- (,,გლობალური ინდექსები – გლობალური სამყაროს საზომები’’, მ.ბლიაძე) http://mastsavlebeli.ge/uploads/Indeqsebi.pdf
- (,,The Role of Globalization in Economic Development” , by Brandon Levy) https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=2233648#:~:text=Globalization%20is%20the%20process%20of,overall%20improved%20quality%20of%20life.
- (Globalization index by country) https://www.statista.com/statistics/268168/globalization-index-by-country/
- (Top10 countries by share of global manufacturing output) https://www.statista.com/chart/20858/top-10-countries-by-share-of-global-manufacturing-output/