გლობალური ინოვაციის ინდექსი და საქართველო

ავტორის სტილი დაცულია

ქეთი ზაუტაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
zautashviliq@gmail.com

 ანოტაცია

ინოვაციების მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესში უფრო და უფრო იზრდება. ინოვაცია კომპანიას საშუალებას აძლევს მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა,  და სწრაფად დაიკავოს მოწინავე პოზიციები.  სწორედ ამიტომ, თანამედროვე მოწინავე კომპანიები არ იშურებენ დროსა და ფინანსებს, კვლევის და განვითარების კომპონენტის გაძლიერებისთვის. თუმცა ინოვაციები მნიშვნელოვანია არამხოლოდ კომპანიებისთვის, რათა გაზარდონ საკუთარი მოგება, არამედ საზოგადოებისთვისაც. ინოვაციების არსებობით საზოგადოება ვითარდება და აღწევს ცხოვრების უფრო მაღალ დონეს. ინოვაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვისაც, რადგან მეტი ინოვაცია ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

აღნიშნულ ნაშრომში, თავდაპირველად ინოვაციის არსს, მის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებს და ინოვაციური საქმიანობის ეტაპებს. შემდგომი ნაწილი, უკვე ეთმობა გლობალური ინოვაციების ინდექსის ზოგად მიმოხილვას და კონკრეტულად, საქართველოს მაჩვენებლების დეტალურ განხილვას. ასევე შევადარებ საქართველოს ინოვაციური ინდიკატორების მაჩვენებლებს, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს და დავასკვნი რა შედეგი გამოიღო პანდემიამ. ბოლოს, ჩამოვაყალიბებ კონკრეტულად, რა უშლის ხელს საქართველოს ინოვაციური ეკონომიკის განვითარების კუთხით.

Annotation

The importance of innovation in modern business is growing more and more. Innovation allows the company to gain a competitive advantage, and quickly occupy leading positions. That is why modern advanced companies do not spare time and money to strengthen the research and development component. However, innovations are important not only for companies, in order to increase their own profits, but also for the public. Through innovation, society develops and achieves a higher standard of living. Innovation is also important for the country’s economy, as more innovation contributes to economic growth.

In this paper, the essence of innovation, its main features and stages of innovative activities. The next part is devoted to a general overview of the Global Innovation Index and, in particular, a detailed review of Georgia’s performance. I will also compare the indicators of Georgia’s innovative indicators with similar indicators of last year and conclude what the result of the pandemic was. Finally, I will outline what hinders the development of Georgia’s innovative economy

ინოვაცის არსი და ძირითადი მახასიათებლები

ინოვაცია ზოგადი განმარტებით განიხილება, როგორც პროცესი, რომლის შედეგადაც იდეა გარდაიქმნება ისეთ პროდუქტად ან მომსახურებად, რომელიც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და მომხმარებელი მზად არის შეიძინოს ის. ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 2016 წელს შემუშავებულ იქნა კანონი ინოვაციების შესახებ, სადაც განმარტებულია:

„ინოვაცია – ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურებაა“

ზემოთ მოცემულ, განმარტებაში აღნიშნულია, რომ იდეა უნდა იყოს „ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების მქონე“ და „გამოყენებადი“, რაც  ხაზს უსვამს იმას, რომ იდეამ უნდა ჰპოვოს გამოყენება მომხმარებლისა და საზოგადოების მიერ. იდეა, რომელიც არ რეალიზდება არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ინოვაციურ იდეად. ინოვაციური მეწარმეობის განმარტებისას კი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია იდეის ეკონომიკური ღირებულება, რაც ნიშნავს, იმას რომ მას უნდა ჰქონდეს ბიზნესიდან მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის მიღების პოტენციალი.[1]

ინოვაცია არის მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილება პროდუქტის შეთავაზებაში, მომსახურებაში, ბიზნეს მოდელსა და მოქმედებაში. მარტივად, ინოვაცია არის რაიმე სიახლის, ან უკვე არსებულის ახლებურად გაკეთება. ეს სიტყვა გამოიყენება ძალიან დიდი ცვლილებების აღსაწერად, რომლებიც იწვევს ფირმის წარმატებულ განვითარებას.

შესაბამისად იმისთვის, რომ იდეას ინოვაცია ვუწოდოთ, აუცილებელია ბაზარზე არსებულ საჭიროებებს აკმაყოფილებდეს. ინოვაცია, შესაძლოა შემდეგი მახასიათებლების ერთობლიობად წარმოვაჩინოთ:

საჭიროება – ჩვენ ვთანხმდებით, რომ ბიზნესის მიერ შექმნილი ნებისმიერი პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებლების საჭიროებებს და შექმნილია რაიმე პრობლემის აღმოსაფხვრელად ან პრობლემის არსებული გადაჭრის გზის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, ის რაც არავის სჭირდება ეკონომიკური დოვლათის მომტანი არ არის და ვერც ინოვაციად ჩაითვლება.

შესაძლებლობა – ინოვაცია უნდა ქმნიდეს ახალ შესაძლებლობებს, ავითარებდეს ბაზარს და მომხმარებელს უმარტივებდეს გადაწყვეტილების მიღებას.

მომხმარებელი – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინოვაცია პროდუქტად ან მომსახურებად გარდაქმნილი იდეაა, შესაბამისად თუკი ფირმების მიერ შექმნილ პროდუქტს მომხმარებელი არ ეყოლება, ბიზნესის კეთება ასეთ შემთხვევაში წამგებიანი აღმოჩდება.

კრეტიულობა – შემოქმედებითობა და კრეატიულობა ინოვაციური იდეების დაბადების საწინდარია, ხოლო უკვე პროდუქტად გარდაქმნილი იდეები – ინოვაცია.

პროცესი და დისციპლინა – ინოვაციებზე მუშაობის ნებისმიერი პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული, დროში გაწერილი და ორგანიზებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტიანი შედეგი ვერ მიიღწევა.

ღირებულება – იგულისხმება ბიზნესის ან თქვენს მიერ შექმნილი ინოვაციის ღირებულება, როგორც ფულად ერთეულში ასევე ფასეულობა, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობთ.

იღბალი – შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული რაღაც ეტაპზე, თუმცა თუკი ყველაფერი არ სცადეთ თქვენი იდეის განსახორციელებლად, იღბალი წარმატებაში ყველაზე უმნიშვნელო როლის შემსრულებელი იქნება.

რისკი – განსაკუთრებით მაღალი დონით გამოირჩევა, რადგან ასეთი საქმიანობა ჯერ კიდევ შეუცნობელ სამყაროში ძიების პროცესთანაა დაკავშირებული.

აღნიშნული მახასიათებლები არ წარმოადგენს უნივერსალურ მახასიათებლებს, თუმცა კარგად გამოხატავს ინოვაციის არსს.

ბიზნესში თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის გამოყენების პროცესი ინოვაციის ცნებით გამოიხატება.[4]

ფირმის ინოვაციური საქმიანობა კი, გულისხმობს თვისებრივად ახალი სამეცნიერო ცოდნის გარდაქმნას უახლეს პროდუქტებად, ტექნიკად, ტექნოლოგიად, ბიზნესის და წარმოების მართვის მეთოდებად. ინოვაციური ბიზნესი  უახლესი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე დაფუძნებული საქმიანობაა, რასაც არამარტო მოგება მოაქვს, არამედ ეს ბაზარზე გადარჩენის ეფექტიანი საშუალებაცაა. [2]

იმის მიხედვით თუ რა ტიპის ინოვაციის ავტორია ესა თუ ის კომპანია, ან პიროვნება მარტივია შემდგომში განვითარების სწორი სტრატეგიის დასახვა. გამოიყოფა ინოვაციების ორი ძირითადი ტიპი:

1. Disruptive innovation /რევოლუციური ინოვაცია – ინოვაციის ეს ტიპი 1995 წელს ჰარვარდ ბიზნეს რევიუს გვერდებზე გამოჩნდა, როგორც მძლავრი გზა ინოვაციაზე მუშაობისა და კომპანიის ზრდის. ბევრი მცირე ბიზნესისა წარმომადგენლები ასახელებენ მას, როგორც – მათი მიმართულების მიმცემს, ისევე როგორც დიდი კომპანიის წარმომადგენლები (Intel, Salesforce.com etc.)

2. Sustaining innovation / მდგრადი ინოვაცია – ინოვაციის ტიპია, რომლის მთავარი მიზანიც ბაზარზე ცვლილებების დანერგვაა, ანუ გულისხმობს არსებული პროდუქტის ან გადაჭრის გზის გაუმჯობესებას და მის დანერგვას. თუმცა როგორც ხდება ხოლმე, რევოლუციური ინოვაცია, რიგ შემთხვევებში არასწორად ესმით და შესაძლოა, ყველაფერი მას მიაწერონ, მოარგონ ყველა სიტუაციას და ბაზარზე ნებისმიერი სახის ცვლილება Disruptive innovation-ად ჩათვალონ.[3]

ინოვაციური საქმიანობა შედგება რიგი ეტაპებისაგან: იდეის წარმოშობა, შემუშავება, საცდელი წარმოება, წარმოებაში დანერგვა, წარმოება და ბაზარზე გატანა. წაროშობილი იდეის რეალიზების შესაძლებლობების კვლევის საფუძველზე ხდება ახალი პროდუქტის (ტექნოლოგიის) შექმნის შესაძლებლობების შეფასება. თუ შედეგები დადებითია, მაშინ იწყება მისი მოდელის და შემდეგ საცდელი ნიმუშის შექმნა, რომელიც გაივლის ე.წ. ტესტირებას (გამოცდას) და წარმატების შემთხვევაში იწყება მისი წარმოება, რომლის დროსაც საჭიროა საწარმოო პროცესების ახალ მოთხოვნილებებთან ადაპტირება (ახალი მოწყობილობების, ტექნიკის, ტექნოლოგიების და ა.შ. დაუფლება). ახალი პროდუქტის წარმოების ეფექტიანობა განისაზღვრება მისი წარმოებაში დანერგვის პროცესის ეფექტიანობით. [3]

საქართველოში ინოვაციური გარემოს ანალიზი ინოვაციების გლობალურ ინდექსზე დაყრდნობით

უკანასკნელი 13 წელიწადია ინოვაციების დონეს მსოფლიო მასშტაბით ინოვაციის გლობალური ინდექსით (GII) ზომავენ.  აღნიშნულ კვლევას ყოველწლიურად ატარებს კორნელის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა (INSEAD) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO).

ინოვაციების გლობალური ინდექსის მიზანი ინოვაციის მრავალგანზომილებიანი მხარეების წარმოჩენაა, ასევე იმ ინსტრუმენტების ანალიზი, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრად განვითარებას და სამუშაო ადგილების ზრდას. ინოვაციის გლობალური ინდექსი შედგება 80 ინდიკატორისგან და ერთიანდება შვიდ ჯგუფში, ესენია:

  • ინსტიტუტები (პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს გარემო);
  • ადამიანური კაპიტალი და კვლევები (განათლება, კვლევა და განვითარება);
  • ინფრასტრუქტურა (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ზოგადი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგრადობა);
  • ბიზნეს გარემო (კრედიტები, ინვესტიციები, ვაჭრობა, კონკურენცია და ბაზრის მასშტაბი);
  • ბიზნესის განვითარების დონე (დასაქმებულთა ცოდნის დონე, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობა, ცოდნის მიღების შესაძლებლობა);
  • ცოდნა და ტექნოლოგიები (ცოდნის შექმნა, ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში, ცოდნის გავრცელება);
  • შემოქმედებითობა (არამატერიალური აქტივები, შემოქმედებითი პროდუქტი და მომსახურება, ელექტრონული შემოქმედებითობა).[5]

ინდექსით რიგითობის მიხედვით განსაზღვრულია 130-მდე ქვეყანა. ინდექსის ანგარიშში ქვეყნების შედეგები განხილულია, როგორც ეკონომიკური ჯგუფების (მაღალი შემოსავლის, ზედა-საშუალო, ქვედა-საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნები) ჭრილში, ასევე რეგიონულ ჭრილში.

ინოვაციების გლობალურ ინდექსის ათეულში შემავალი ქვეყნები გამოიყურება შემდეგნაირად, 2020 წლის რეიტინგით, ინოვაციების ყველაზე მაღალი დონით ვხვდებით შვეიცარიას, რომელსაც პირველი ადგილი უჭირავს 66.08 ქულით (100-დან). აღსანიშნავია, რომ შვეიცარია ბოლო 10 წელია წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. ხუთეულში მას მოსდევს შვედეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ნიდერლანდების სამეფო და დიდი ბრიტანეთი (იხ. ცხრილი 1). [5]

ცხრილი1. გლობალური ინოვაციის ინდექსი ქვეყნების მიხედვით რეიტინგი, 2020 წელი

წყარო:https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_gii_2020.pdf

GII-ის კვლევის ფარგლებში საქართველო განხილულია როგორც ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყანა. ამ თვალსაზრისით საქართველომ მაღალი შედეგები აჩვენა 7-იდან 3 კატეგორიაში, კერძოდ ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და საბაზრო გარემო შეფასდა ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ქულებით. თუმცა საქართველომ დანარჩენ 4 კატეგორიაში, ინფრასტრუქტურა, ბიზნეს განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები და შემოქმედებითობა, საშუალოზე დაბალი ქულებით შეფასდა.

დიაგრამა 1. საქართველოს რეიტინგი კატეგორიების მიხედვით

წყარო: https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_gii_2020.pdf

საქართველო საშუალოზე მაღალი ქულებით შეფასდა 7-იდან 2 კატეგორიაში, კერძოდ ინსტიტუტები და საბაზრო გარემო, ხოლო საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები გამოავლინა დანარჩენ 5 კატეგორიაში.

რაც შეეხება რეგიონულ ჭრილს. საქართველო მიკუთვნებულია დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ჯგუფს, ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები,სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ლიბანი, საუდის არაბეთი, იორდანია, ტუნისი და ა.შ. რეგიონულ ასპარეზზე საქართველო იკავებს 6-ე ადგილს 19 ქვეყნიდან.

აღსანიშნვია, რომ საქართველომ მოსალოდნელზე მაღალი შედეგი გამოავლინა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტისა და ინოვაციურობას შორის კავშირის თვალსაზრისით, რაც ნამდვილად დადებითი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

გასული წლის კვლევაში, საქართველო 36.98 ქულით, 48-ე ადგილს იკავებდა, რის შედეგადაც ინდექსის ისტორიაში პირველად ტოპ ორმოცდაათეულში მოხვდა. თუმცა, 2020 წლის მაჩვენებლებით, რეიტინგი 15 ადგილით გაუარესდა და საქართველო 63-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

დიაგრამა 2. საქართველოს რეიტინგი გლობალურ განვითარების ინდექსთან მიმართებაში 2014-2020 წწ.

წყარო: https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_gii_2020.pdf

გაუარესების მიზეზად მკვლევარები ქვეყნისგან დამოუკიდებელ მიზეზებს ასახელებენ, მათ შორის ახალი კოვიდ პანდემით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და ცვლილებები GII-ის მეთოდოლოგიაში.  გაუარესებულია საქართველოს რეიტინგი კონკრეტლ კატეგორიებში, კერძოდ ინდექსის 7 კატეგორიიდან 5-ში, ესენია: საბაზრო განვითარების კატეგორიაში 15-ე ადგილიდან 39-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ინფრასტრუქტურის კატეგორიაში 72-დან 81-ე ადგილზე, ბიზნესის განვითარების კატეგორიაში 70-დან 79-ე ადგილზე, შემოქმედებითობის კატეგორიაში 58-დან 68-ე ადგილზე, ხოლო ინფრასტრუქტურის კატეგორიაში 72-ე ადგილიდან 81-ეზე. მცირედით გაუარესებულია ცოდნა და ტექნოლოგიების მაჩვენებლები, ინსტიტუტების რეიტინგი კი შენარჩუნებულია შარშანდელ ნიშნულზე. [5]

მიუხედავად წლევანდელი გაუარესებისა, საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად უსწრებს რეიტინგში სამხრეთ მეზობლებს, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენებს. აღსანიშნავია რომ 2020 წლის მონაცემებით რუსეთი, უკრაინა და საქართველო რეიტინგში შესაბამისად, 46-ე, 37-ე და 63-ე ადგილს იკავებენ, ხოლო 2019 წლის მონაცემებით ისინი იკავებდნენ 46-ე, 47-ე და 48-ე ადგილებს. როგორც ვხედავთ დაწინაურდა 10 ქულით უკრაინა, ხოლო საქართველოს აღნიშნული მაჩვენებელი 15 წულით გაუარესდა.

დიაგრამა 3. საქართველოს რეიტინგი გლობალურ განვითარების ინდექსი პოსტ საბჭოთ ქვეყნებთან მიმართებაში 2020 წ.

წყარო: https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_gii_2020.pdf

ინდექსმა კონკრეტული ინდიკატორების მეშვეობით გამოყო საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეების ინოვაციური განვითარების მხრივ. ინსტიტუტების კატეგორიაში, ქვეყანას წამყვანი პოზიცია უკავია ბიზნესის დაწყების სიმარტივის თვალსაზრისით. თუმცა ბიზნეს განვითარების დონის თვალსაზრისით შეინიშნება უმაღლეს სასწავლებლებსა და კერძო სექტორს შორის კვლევითი თანამშრომლობის სიმწირე და კლასტერული განვითარების დაბალი დონე.[5]

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანამ უზრუნველყოს კვალიფიციური კადრებისა და სპეციალისტების მომზადება. როგორც წამყვანი ქვეყნების გამოცდილებამ გვიჩვენა, აუცილებელია ინოვაციების შემუშავებაში უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობის გაზრდა, მათში შექმნილი ჯგუფები დაეხმარება სამეურნეო სუბიექტებსა და სახელმწიფო ორგანოებს მათ წინაშე წარმოშობილი პრობლემების დაძლევაში ინოვაციების შემუშავების გზით. ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს სისტემურ მიდგომას, ამ მუშაობაში უნდა გაერთიანდნენ  სახელმწიფო, აკადემიური და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები. ამ მიმართებით აუცილებელია მათ შორის დამაკავშირებელი რგოლის შექმნა.[6]

საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ პრობლემებს მიეკუთვნება

  • ინოვაციურ პროდუქციაზე მოთხოვნის დაბალი დონე;
  • ფულადი სახსრების არასაკმარისი რაოდენობა;
  • კვალიფიციური პერსონალის უკმარისობა;
  • კომპანიების პერსონალის სიახლეებისადმი უნდობლობა;
  • ტექნოლოგიური ბაზრის განუვითარებლობა;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან  მეცნიერების დაფინანსების დაბალი დონე;
  • არაფორმალური ინვესტორების ქსელის განუვითარებლობა;
  • კრაუდფანდინგის, როგორც ფულადი სახსრების მოზიდვის ინსტრუმენტის, გავრცელების დაბალი დონე. 
  • გამოგონებების სიმცირე;

თანამედროვე პირობებში, როდესაც საქართველო მიეკუთვნება განვითარებადი ქვეყნების  რიცხვს, მისთვის ძნელია აღნიშნული პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა. ასევე სირთულეს წარმოადგენს მცირე და საშუალო კომპანიებისათვის ამ მოთხოვნების შესრულება, რადგან არ გააჩნიათ ახალი პროდუქციის შემუშავებისა და დანერგვისათვის უცილებელი კადრები, ტექნიკური და მატერიალური ბაზა. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, მათი უმრავლესი ნაწილი მუშაობს არა წარმოების სფეროში, არამედ ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებში.

ამრიგად, ქვეყნის საწარმოების ინოვაციური საქმიანობის დონის ამაღლება მოითხოვს ეკონომიკაში მსხვილი საწარმოო კომპლექსების წილის გაზრდას. უცხოეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსხვილ კომპანიებს გააჩნიათ უფრო ხელსაყრელი პირობები ინოვაციის დანერგვისათვის, ვინაიდან მათ აქვთ შესაძლებლობა, თავის სტრუქტურაში შექმნან მცირე ვენჩურული ფირმები ან პატარა კომპანიები ახალი პროდუქციის შესამუშავებლად, შემდგომ კი თვითონ უზრუნველყოფენ მათ მიერ შექმნილი ახალი პროდუქციის მასიურ წარმოებას და ეკონომისა წარმოების მასშტაბზე.[6]

დასკვნა

ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ ინოვაციების არსი და მნიშვნელობა ბიზნეს საქმიანობის პროცესში. მათი არსებითი გავლენა ბიზნესის მართვაზე და განსაკუთრებულ როლზე ეფექტიანი ბიზნესის ჩამოყალიბებაში. განვიხილეთ გლობალური ინოვაციების ინდექსის მაჩვენებლები საქართველოსთვის.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის GII კვლევამ საერთო ჯამში დადებითად შეაფასა საქართველოში ინოვაციური განვითარების ტენდენცია, თუმცა ასევე გამოიკვეთა პროგრესის შენელება. კერძოდ, გასულ წელთან შედარებით, 5 კატეგორიაში გაუარესდა შედეგები, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახა ქვეყნის საერთო რეიტინგზე.

ინოვაციის გლობალური ინდექსის 2020 წლის შედეგები თვალსაჩინოს ხდის კონკრეტულ სფეროებში ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით არსებულ სტაგნაციას. ინოვაციური შესაძლებლობები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში, შესაბამისად აუცილებელია ამ სექტორში არსებულ გამოწვევებისადმი კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომა და ხარვეზების აღმოფხვრა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. რ. გველესიანი, ე.მექვაბლიშვილი, ი.გაგნიძე, ე.ლეკაშვილი, მ.ნაცვალაძე. ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა – „მეწარმეობის თეორიული საფუძველი“ თბილისი 2009. https://mail.google.com/mail/u/2/#inbox?projector=1
  2. „მეწარმეობა“ – სსპ განათლების განვითარების ეროვნული ცენტრი ,2015 https://www.interbusiness.edu.ge/ebooks/07f46e80ead92bcc277071bf607cce24.pdf
  3. ნ.გალუმაშვილი, ნ.გოგოლაშვილი სამაგისტრო ნაშრომი – „ტექნოლოგიების მცირე და საშუალო ბიზნესში ინტეგრირების სტრატეგია – გამოწვევები და ეფექტიანობის შეფასება“ 2019. https://openscience.ge/bitstream/1/264/1/samagistro%20galumashvili%20gogolashvili.pdf
  4. BTU-„როგორ ხდება ინოვაცია ყოველდღიურობა“ https://btu.edu.ge/media/1001285/2020/03/15/1f40bae67610a6a2952b9fdb449ccb3d.pdf
  5. GLOBAL INNOVATION INDEX 2020 https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_gii_2020.pdf
  6. დუდაური თ. სტატია – ,, ინოვაციური სფეროს თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები“ თბილისი, 2019. http://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=&cat=pers1&leng=ge&adgi=1128&title=%E1%83%98%E1%83