საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა
ავტორის სტილი დაცულია
გიორგი აკობია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Giorgi.akobia473@eab.tsu.ge
ანოტაცია
მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს დამოუკიდებლად, ქვეყნის შიგნით არსებული რესურსებით, უზრუნველყოს მოსახლეობა. საქართველოც ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობები, რადგანაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში წმინდა ექსპორტს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ სტატიაში ვისაუბრებ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე მის სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან და კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სავაჭრო ურთიერთობები.
Annotation
International trade is important to many countries around the world, Since no country will be able to provide the population with resources within the country independently. Georgia is one of these countries. Trade relations are especially important for our country, because net exports have a special place in Georgia’s economic growth component. In this article, I will talk about Georgia’s trade relations with its three largest trading partners and I will focus once again on how important trade relations are to us.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებს უმეტესობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წევრია და მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები ძირითადად ,,უპირატესი ხელშეწყოის რეჟიმის“ საფუძველზე ხორციელდება.
დამოუკიდებელ სახელმწიფოათა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებთან(გამონაკლისია რუსეთის ფედერაცია), თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგულირდება ,,თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ დსთ-ს 1994 წლის მრავალმხრივი შეთანხმებით. ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ორმხრივი შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ორმხრივ ფორმატში რეგულირდება.
საქართველო ყოველწიურად ცდილობს გააფართოვოს თავისუფალი ვაჭრობის ,,საზღვრები“, რაც გულისხმობს იმას,რომ გაიზრდება, როგორც იმპორტირებული ასევე ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 228.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 546.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (34.0 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 10 682.4 მლნ. აშშ დოლარს (33.3 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვაროქტომბერში, 6 136.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია.[1]
გრაფიკი #1: საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2017-2022 წლებში
წყარო: https://www.geostat.ge/ka
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 295.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 946.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 528.4 მლნ. აშშ დოლარი). [1]
გრაფიკი #2: ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში
წყარო: https://www.geostat.ge/ka
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 842.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 661.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 447.7 მლნ. აშშ დოლარით (9.8 პროცენტი). [1]
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 222.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 136.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 623.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.8 პროცენტი). [1]
საქართველო–თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები
2007 წელს, თურქეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა. თურქეთთან თავსუფალი ვაჭრობის ინიციატორი ქართული მხარე იყო. მთავრობა ელოდა, რომ რუსული ემბარგოს შემდგომ ქართული ღვინო 70 მილიონიან ბაზარზე, თურქეთში გადამისამართდებოდა . ხოლო ქვეყანაში კი თურქული ინვესტიციების ,,ბუმი“ დაიწყებოდა. შეხვედრები ასევე გაიმართა 2017 წელს, სადაც ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებებს გაესვა ხაზი და გაფორმდა შეთანხმება 2017-2020 წლებისთვის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის თემაზე. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ,, 25 წლის განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა მიაღწიეს მეგობრულ, კეთილმეზობლურ და ძმურ ურთიერთობებს, რაც ნაკარნახევია გეოგრაფიით, სტრატეგიული თანამშრომლობის საჭიროებით და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას. ორივე მხარე მივიღებთ სარგებელს თანამშრომლობის ყველა მექანიზმიდან და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ერთმანეთს ჩვენი ურთიერთობების გაფართოებაში.“
2018 წელს ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის დელეგაციის შეხვედრა შედგა და შეთანხმდნენ თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე. შეთანხმების ფარგლებში კვოტები გაიზარდა თაფლზე (თურქეთში თაფლზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია), ცოცხალ ცხვარზე, თხასა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. აღნიშნული შეთანხმება საქართელოსთვის მომგებიანია, რადგანაც საქართველოს მიეცა საშუალება 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთში.
რაც შეეხება სტატისტიკას, როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. ამ წლის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ფეროშენადნობები,ტრიკოტაჟის ნაწარმი,შავი ლითონის ნარჩენები, ქსოვილები და ა.შ . ამ პერიოდში ექსპორტმა შეადგინა $379 176.9 ათასი, რაც მეტია გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტზე (ექსპორტირებული იყო $260 634.3 ათასი).
ცხრილი #1: საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
იმპორტის მხრივ, 2022 წლის იავარ-ოქტომბერში თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის აღსანიშნავია: ავტომობილები, შავი ლითონის მილები, სამკურნალო საშუალებები, ნავთობი და ნავთობპორუქტები და ა.შ. იმ დროისთვის იმპორტმა შეადგინა $1 916 409.5 რაც კვლავ მეტია გასული წლის ამ პერიოდთან (2020 წელს, სულ იმპორტირებული იყო $1 416 916.9 -ის პროდუქცია) შედარებით.
ცხრილი #2 თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
ამრიგად, თურქეთ-საქართველოს პარტნიორობა ორივე მხარისთვის მომგებიანია. ათეული წლებია საქართველო თურქეთისათვის მეტად მნიშვნელოვან პარტნიორად იქცა. თურქეთს სურს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს. ამისთვის მზად არის, გაზარდოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხადრაჭერა. ანკარა თბილისს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გასასვლელ ხიდად განიხილავს.
საქართველო-რუსეთი სავაჭრო ურთიერთობები
რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ამ დროის განმავლობაში იყო დროებითი ,,შეჩერება“ (ემბარგო), თუმცა დღეს მაინც რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები წარმატებით მიმდინარეობს. შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო ისტორია.
2006 წელს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დააწესა აკრძალვა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე. ემბარგო მოიხსნა 2013 წელს. იგი ძირითადად ეხებოდა ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტს.
2011 წლის 9 ნოემბერს საქართველომ და რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის
მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ. რომლის თანახმადაც, მათ უნდა შეექმნათ სავაჭრო დერეფნები საზღვრის აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და ზემო ლარსის მონაკვეთებზე, რომელთა დასაწყისში და ბოლოში მიმავალი ტვირთების მოძრაობას შვეიცარიული კომპანია გააკონტროლებდა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანზიაციაში (WTO) გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა.
როგორც ადრე, დღესაც რუსეთი ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება, რასაც ციფრებიც ადასტურებს. მაგალითად, ომიდან 10 წლის თავზე, 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ექსპორტის მიმართულებით რუსეთი 12.8%-ით პირველ ადგილზეა, იმპორტით კი 10.1%-ით მეორე ადგილზე.
რაც შეეხება პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტს, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, ფეროშენადნობები, სპირტიანი სასმელები, მსუბუქი ავტომობილები და სხვა. რუსეთიდან კი საქართველოში იმპორტირდება ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სატელეფონო აპარატები.
რაც შეეხება უახლოეს სტატისტიკას, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია : ყურძნის ნატურალური ღვინოები, ფეროშენადნობები, მინერალური და მტკნარი წყლები, სპირტიანი სასმელები, და ა.შ. ამ პერიოდში $530 304.8 ათასი პროდუქცია გაიტანა საქართველომ ექსპორტზე რუსეთში.
ცხრილი #3: საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
რაც შეეხება იმპორტს, ამ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციაა:ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი, კოქსი და ნახევარკოქსი და სხვა.ხოლო იმპორტირებული საქონლის სრული ღირებულება კი $1 415 967.0 -ს შეადგენს.
ცხრილი#4: რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირი მაინც გრძელდება, გაძლიერდა რუსული კაპიტალის აქტიურობა ქართულ ეკონომიკაში, ქართული სამუშაო ძალა კი რუსულ ეკონომიკაში გამოიყენება.
საქართველო–ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. ის იყო ერთერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და გახსნა საელჩო საქართველოში
ქართულ-ჩინური ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი დინამიკით ხასიათდება, ყოველწლიურად იზრდება ქართული პროდუქტის ექსპორტი ჩინეთში,რამაც განაპირობა 2017 წლის 13 მაისს პეკინში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც,რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურეობას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, სადაც დაახლოებით 1,4 მილიარდი მომხმარებელია და ამით ქართველ მწარმოებლებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.
რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, მათ შორისაა თაფლი, ღვინო, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ჩაი, ლუდი, თხილი, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, მარცვლეული,თევზი, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, ლოკომოტივები, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები და ა.შ.
2022 წლის იანვარ-ოქტომბრის სტატისტიკა: საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირდა 607 464.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. მათ შორის: ყურძნის ნატურალური ღვინოები,ძვირფასი ლითონის მადნები, მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და სხვა.
ცხრილი #5:საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
ამავე პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირდა $920 961.1 ათასი პროდუქცია-რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები და ა.შ.
ცხრილი #6: ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ამავდროულად დაამყარა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნა საელჩო თბილისში. ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,რადგანაც როგორც უკვე აღვნიშნე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ნიშნავს ქართული პროდუქციისა და მომსახურების წვდომას მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე. საქართველოსთვის ჩინეთთან დადებული შეთანხმება იქნება ორმხრივად მომგებიანი, როგორც ექსპორტის თვალსაზრისით ისე საინვესტიციო კუთხითაც, რადგანაც იგი უზრუნველყოფს უფრო მეტი ჩინური ინვესტიციის შემოდინებას საქართველოში და ამასთანავე მოიაზრებს საქართველოში ჩინური გამოცდილების გაზიარებას, ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნის ათვისებას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და მომგებიანია.
COVID-19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობის ტენდენციებზე
COVID-19-მა როგორც საქართველოს ,ისე მსოფლიო ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა,შესაბამისად ქვეყნის სავაჭრო ტენდენციები წინა წლებთან შედარებით საკმაოდ განსხვავებული იყო.სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით 2019 წელთან შედარებით 2020 წლის საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო შემცირდა,ვინადაინ პანდეემის გამო საზღვრები ჩაკეტილი იყო და შესაბამისად ვერ ხერხდებოდა დიდი რაოდენობით პროდუქტების როგორც იმპორტი,ასევე ექსპორტი,თუმცა 2021 წელს შედარებით გაუმჯობესდა პანდეემის პირობები და საზღვრებიც გაიხსნა,ამიტომ ქვეყანაში საკმაოდ დიდი რაოდენობით იმპორტი შემოვიდა რამაც უარყოფითი საგარეო ვაჭრობის სალდო ,კიდევ უფრო გაზარდა.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE-ს) მიერ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა კვლევა და მომზადდა ანგარიში „COVID -19-ის გავლენა ,,საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე.“ კვლევაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად განხორციელებული ღონისძიებები. [6]
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის, ხოლო შეფასებამ აჩვენა, რომ „მთავრობამ გადააჭარბა მოლოდინს მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ. მან მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო შეზღუდვები; სწრაფად გააფართოვა და ხელმისაწვდომი გახადა საწარმოებისთვის ვაჭრობის გამარტივებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი და შეიმუშავა დახმარების ზომები მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის, და ასევე მძიმედ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად“.
ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის. მასში ხაზგასმულია ვაჭრობის წვლილის გაზრდის მნიშვნელობა COVID-19 პანდემიის შემდეგ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობაში.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული მთავრობის მიერ გატარებულ შემდეგ ზომებზე:
- ვაჭრობაში გამჭვირვალობის ეფექტიანი უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი მარეგულირებელი და პროცედურული ზომების გამოქვეყნებით.
- სავაჭრო დოკუმენტების ონლაინ გაცემა;
- შესაბამისმა უწყებებმა გაზარდეს ძალისხმევა ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის სხვადასხვა სახის საჭირო დოკუმენტების დაჩქარებულ რეჟიმში გასაცემად;
- სასაზღვრო კონტროლი ხორციელდებოდა ეფექტიანი რისკზე დაფუძნებული ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემით.
- სასაზღვრო კონტროლის პუნქტების განტვირთვის მიზნით განხორციელდა ტვირთების ფიზიკური ინსპექტირების რეალოკაცია.
- საბაჟო და გადასახადების გადახდა გაგრძელდა ონლაინ რეჟიმში, რასაც დაემატა გადასახადის დაბრუნების გამარტივებული პროცედურა.
- ტრანზიტული მოძრაობა კვლავ ეფუძნებოდა რეგიონული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებს და მეზობელ ქვეყნებთან მონაცემთა ელექტრონულ მიმოცვლას.[6]
რუსეთ–უკრაინის ომის გავლენა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე
თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევა არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაზე და მათ შორის საქართველოზეც.
ბოლო ათწლეულია რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 2021 წელს 10.2%-იანი წილით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, თურქეთის შემდეგ. გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ „საქსტატის“ მონაცემებით, $610 მილიონს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 14.4% მოდის 2021 წლის მონაცემებით. საქართველოს ძირითად საექსპორტო პროდუქციის, კერძოდ ღვინის 59%, მტკნარი და მინერალური წყლების 43%, სპირტიანი სასმელების 26% და ფეროშენადნობების 35% სწორედ რუსეთში იყიდება.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით:
- 2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.3 პროცენტი შეადგინა; აქედან რუსეთი – 12.9% (თითქმის 42.7 მლნ აშშ დოლარი);
2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2% შეადგინა; აქედან რუსეთი – 11% (85.9 მლნ აშშ დოლარი);
- 2021 წლის იანვართან შედარებით, რუსეთთან ექსპორტი 88%-ით, ხოლო იმპორტი 54.3%-ით გაიზარდა. {1}
დასკვნა
ამრიგად, საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას,როგორც წმინდა ექსპორტს განსაკუთრებული ადგილი უკავია, რასაც ბოლო წლების ზრდის მოდელში მისი წვლილი მეტყველებს. ეს ყველაფერი ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელი. ეკონომიკური ზრდა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თუ სავაჭრო პარტნიორებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. საქართველოს სავაჭო პარტნიორები ძირითადად ცენტრალური აზრიისა და ევროპის ქვეყნებია (მათ შორის საერთო საზღვრის მქონე ქვეყნებიც), რომლებსაც საქართველოსთან საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვთ.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე,ვინაიდან რუსეთი ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია .ეს დაძაბული ვითარება 2022 წლის წინასწარ მონაცემებზე არის ასახული. შეგვიძლია დავასკვნათ,რომ 2022 იანვარ-ოქტომბრის წინასწარი მოანცემებით კვლავ ისევ უარყოფითი საგარეო ვაჭრობის სალდო გვაქვს და ექსპორტი კვლავ მეტია იმპორტზე.
შედეგად კი რეგიონში საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარება შეიქმნება,სწორედ ამიტომ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც მათ ეკონომიკურ სტაბულურობაში ისე მათსავე განვითარებაში.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://www.geostat.ge
- http://eugeorgia.info/ka/article/368/turqettan-tavisufal-vachrobas-evrokavshiri-dcfta-gamoacocxlebs/
- http://gov.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=462&info_id=61126
- http://www.economy.ge/?page=ecopolitic&s=12
- https://www.mof.ge/export_importis_informacia
- http://www.economy.ge/?page=news&nw=1580