საქართველოს ეკონომიკური აღორძინების გამოწვევები პოსტპანდემიურ პირობებში
ავტორის სტილი დაცული
ქეთი ზაუტაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
zautashviliq@gmail.com
ანოტაცია
2019 წლის ბოლოდან მიყოლებული მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც, უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. კორონავირუსის პანდემიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და, ამის გარდა, ქვეყნებს რიგი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. წარმოების მასობრივი შემცირება, ეკონომიკური ზრდის მკვეთრი ვარდნა, უმუშევრობისა და ინფლაციის ზრდა, ყოველივე ამან გამოიწვია დღევანდელი ეკონომიკური რეცესია. საინტერესოა, დღეს, პანდემიის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, იცვლება თუ არა სიტუაცია უკეთესობისკენ. მოცემულ ნაშრომში განვიხილავ COVID-19 პანდემიის ეფექტს საქართველოს ეკონომიკაზე და ვისაუბრებ მიმდინარე ტენდენციებზე. ემპირიული ანალიზის საშუალებით, შევეცდები აღვწერო ეკონომიკური ზრდის მოდელი და განვიხილავ მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებს.
Annotation
From the end of 2019, the whole world, including Georgia, is experiencing a severe economic crisis. The coronavirus pandemic has claimed many lives and, in addition, created a number of economic problems for countries. The massive decline in production, the sharp drop in economic growth, the rise in unemployment and inflation, all of which have led to today’s economic recession. I wonder today, 2 years after the start of the pandemic, whether the situation is changing for the better. In this article I will discuss the effects of the COVID-19 pandemic on the Georgian economy and talk about current trends. Through empirical analysis, I will try to describe the economic growth model and discuss possible development scenarios.
კორონავირუსი, ქვეყნის ეკონომიკის მტერი
მოგვეხსენება, რომ 2019 წლის მიწურულს მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა კორონავირუსის პანდემიის სახით. გარდა იმისა, რომ პანდემიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მან მთელ მსოფლიოს რიგი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.
ეკონომიკური საქმიანობის შემცირების კვალობაზე, საგანგაშო გახდა ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ტემპების შენელება მსოფლიო მასშტაბით. ქვეყნები დიდი სახელმწიფო ვალის აღების აუცილებლობის წინაშე დადგნენ, რათა ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის მინიმალური ღონისძიებები მაინც უზრუნველყონ. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ეკონომიკური გარემო და, შეიძლება ითქვას, სრული კოლაფსი გამოიწვია, როგორც რეალურ სექტორში, ასევე ფინანსურ ბაზრებზე.
პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ მაღალგანვითარებული ქვეყნებიც კი, არ იყვნენ მზად ასეთი მასშტაბის მქონე მოვლენისთვის. ისტორიას ახსოვს დიდი დეპრესია, ახსოვს სხვა მნიშვნელოვანი კრიზისები, როგორიცაა, მაგალითად, 2008-2009 წლის კრიზისი. თუმცა, კორონავისურის პანდემიამ ცხადყო, რომ საქმე გვაქვს კრიზისის სრულიად ახალ ტიპთან.
COVID-19-მა ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი შეცვალა. ცხადია, ეს დიდი ნეგატიური მოვლენაა მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით მძიმე ის არის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. მომდევნო თავებში, ნათლად დაგანახებთ, თუ რა შედეგები მოუტანა საქართველოს ეკონომიკას ქ.უჰანში დაწყებული, ერთი შეხედვით უწყინარი, გრიპის გავრცელებამ.
საქართველოს ეკონომიკის ანალიზი 2019-2021 წლებში
ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე „გავლენიანი“ ინდიკატორი გახლავთ ეკონომიკური ზრდის (რეალური მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდის) ტემპი. საქართველო, როგორც პოსტსაბჭოური ქვეყნების უმეტესობა, მიეკუთვნება გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მთავრობის და ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლების ყურადღება მიმართულია სწორედ ეკონომიკურ ზრდაზე. [1]
რასაკვირველია, რომ ჩემს ანალიზს დავიწყებ საქართველოს რეალური მსპ-ის ზრდის ტემპის განხილვით. როგორც გრაფიკ 1-ზე ჩანს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, იგრძნობოდა მეტ-ნაკლებად სტაციონალური პროცესის შთაბეჭდილება. ამ პერიოდის განმავლობაში ის უმეტესწილად ვარირებდა 3-5 %-ის ფარგლებში, თუმცა მკაფიოდ ვხედავთ, როგორ უეცრად ეცემა ის 2019 წლის შემდგომ. კორონავირუსის შედეგად საქართველოში 2020 წელს 7%-იანი კლება შეინიშნა, რამაც, ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებთან ერთად, ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია. ჩაკეტილი საზღვრები, გაზრდილი ფასები, სამუშაო ადგილების შემცირება, ეს იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც გამოიწვიეს ეკონომიკური ზრდის ტემპის ასეთი ნეგატიური შედეგი. [5]
გრაფიკი 1: რეალური მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, % (2011-2020 წლები)
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი 10 თვის საშუალო მაჩვენებელი 10,5%-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა: მრეწველობა, ტრანსპორტი, გართობა და დასვენება, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობა. [3]
საქართველოს ეკონომიკური გარემოს ანალიზისას, რთულია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის დონე. თუმცაღა, გრაფიკ 2-ზე ვხედავთ, რომ უმუშევრობის დონე კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. მაგრამ ამ, ერთი შეხედვით, პარადოქსულ სურათს თავისი მიზეზი გააჩნია. შეიძლება აღინიშნოს, რომ უმუშევრობის ეს კლების ტენდენცია გამოწვეულია არა უშუალოდ უმუშევრობის დაძლევითა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ მოსახლეობის მიგრაციით საზღვარგარეთ, რომლის შედეგად, მოსახლეობის შემცირების კვალობაზე, უმუშევრობის დონე ხელოვნურად მცირდება.
გრაფიკი 2: უმუშევრობის დონე საქართველოში, % (2010-2020 წლები)
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
ცალსახაა, რომ პანდემიის გამო, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. 2019 წლის ბოლოს უმუშევრობის დონე საქართველოში 17.6%-ს შეადგენდა, ხოლო უკვე 1 წლის შემდეგ, პანდემიის პიკზე, თითქმის 20%-ს ცდებოდა. არც 2021 წლის პირველი ორი კვარტალი გამოდგა საიმედო და უმუშევრობის დონემ, შესაბამისად შეადგინა 21.9% და 22.1%. უახლესი სტატისტიკით, 2021 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.5% შეადგინა, რაც მცირე იმედს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უმუშევრობის ტენდენცია კვლავ კლებად სახეს მიიღებს. [4]
საქართველო, როგორც თითქმის ყველა ქვეყანა, მძიმედ განიცდის სახელმწიფო ვალის წნეხს. როგორც აღვნიშნე, პანდემია მთავრობას აიძულებდა ვალის აღებას, რაც, ცხადია, ნეგატიურად აისახა ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, ცდილობენ ვალი აიღონ შესაძლო მინიმალური საპროცენტო განაკვეთით და ხანგრძლივი ვადით. განვითარებული ქვეყნები ვალს იღებენ იმისთვის, რომ განახორციელონ ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ღონისძიებები, განაპირობონ ეკონომიკური სტაბილიზაცია, დასაქმება და საზოგადოებრივი კეთილდღეობა. საქართველოს შემთხვევაში, ვალი აიღება მიმდინარე ვალდებულებების გასასტუმრებლად და არა გრძელვადიანი პოზიტიური ეკონომიკური ეფექტის მისაღებად.
2019 წლის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალი 21.3 მილიარდი ლარი იყო, რაც მსპ-თან 42,6% იყო. 2020 წლის იანვარ-თებერვალში ვალი 20.7 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, 2020 წლის მარტიდან ახალი სახელმწიფო ვალის აღების საჭიროება დადგა, რაც, გართულებული იყო აგრეთვე ლარის მკვეთრი გაუფასურებით. [6]
ცხრილი 1: სახელმწიფო ვალის მდგომარეობა, ათასი ლარი (2021 წლის ოქტომბერი)
ვალი | ნაშთი პერიოდის ბოლოს |
საგარეო | 25 273 146.1 |
საშინაო | 5 541 785.2 |
სულ | 30 814 931.3 |
წყარო: https://www.mof.ge/4410
როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს ვალის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესი ხდება. თუ ადრე მთავრობის პროგნოზებით, სახელმწიფო ვალის სრული დაფარვა 2050 წლისთვის იქნებოდა შესაძლებელი, ახლა, პანდემიის პირობებში, რთულია იმის თქმა თუ როდის დავფარავთ მას. მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს სახელმწიფო ვალი, იმის გარდა, რომ „აფუჭებს“ დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას, ტვირთად დააწვება მომავალ თაობებსაც.
როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ის იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. თუ გადავხედავთ ქვეყნის სტატისტიკას, შევნიშნავთ, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის სალდო პერმანენტულად უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტის მოცულობა აღემატება ექსპორტისას. საქსტატის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, იმპორტის წილი ფაქტობრივად ორჯერ მეტია ექსპორტის წილზე. [4]
ცხრილი 2: საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მაჩვენებლები (2021 წელი)
მაჩვენებელი | მლნ. აშშ დოლარი | ცვლილება % (წინა წლის შესაბამის პერიოდთან) |
საქონლის ექსპორტი | 3 392,5 | 24,9 |
საქონლის იმპორტი | 7 959,9 | 22,3 |
საგარეო სავაჭრო ბრუნვა | 11 352,4 | 23 |
წყარო: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, ოქტომბერი 2021. www.geostat.ge
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით შემცირდა, რაც გამოწვეული იყო პანდემიის შეზღუდვებით.
დიაგრამა 1: საქონლით საგარეო ვაჭრობა, მლნ. აშშ დოლარი (2021)
წყარო: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, ოქტომბერი 2021. www.geostat.ge
როგორც ვხედავთ, იმპორტის წილი მართლაც 2-ჯერ და 2-ზე მეტჯერაც აღემატება ექსპორტის წილს, რაც ცხადია, ეკონომიკისთვის კარგს არაფერს ნიშნავს.
ბოლოს, მინდა შევეხო საბანკო სექტორსაც. საბანკო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ეკონომიკის პირობებში. მისი სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის საწინდარია. ამიტომ საინტერესოა, როგორ გაუმკლავდნენ COVID-19-ს საქართველოს აქტიური ბანკები. თუ დეტალურად შევისწავლით ბანკების სტატისტიკას, შევნიშნავთ, რომ ქართულმა საბანკო სექტორმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, შეძლო ოპერატიული სტრატეგიის შემუშავება და მარტივად მოერგო იმდროინდელ ვითარებას.
2020 წლის პირველი ნახევარი ზარალისმომტანი აღმოჩნდა ბანკებისთვის. სტატისტიკური მონაცემებით ზარალმა 486 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საქმიანობა აღმოჩნდა გამოწვევების წინაშე, თუმცაღა მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, შეიცვალა სესხების დარეზერვების პოლიტიკა, შერბილდა მოთხოვნა ფინანსური უწყისების განახლებასთან დაკავშირებით, საფინანსო ორგანიზაციებისთვის ეროვნულ ბანკთან 400 მლნ აშშ დოლარის ლიმიტის სვოპ-ოპერაციები გახდა ხელმისაწვდომი, შემცირდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც დადებითად აისახა კომერციული ბანკების საქმიანობაზე. დამატებით, 600 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები განთავსდა კომერციულ ბანკებში გრძელვადიან დეპოზიტებზე. [7]
2020 წელს საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკების წმინდა მოგებამ დაახლოებით 100 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით დაახლოებით 10-ჯერ შემცირდა. თუმცა, როგორც ჩანს ცხრილ 3-ში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ზოგმა კომერციულმა ბანკმა შეძლო და დადებით წმინდა მოგებაზე გავიდა.
ცხრილი 3: საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება (ლარი) 2020 წელი
ბანკის დასახელება | წმინდა მოგება (ლარი) |
„თი ბი სი ბანკი“ | 123 180 649 |
„საქართველოს ბანკი“ | 57 108 880 |
„კრედო ბანკი“ | 13 950 614 |
„ბაზის ბანკი“ | 5 972 349 |
„პროკრედიტ ბანკი“ | 3 534 386 |
წყარო: https://bm.ge/ka/article/qartuli-bankebis-reitingi-2020-wlis-mogebazaralis-mixedvit/75249
აქვე, შეგვიძლია განვიხილოთ 2021 წლის სტატისტიკური მონაცემები, სადაც ნაჩვენებია საბანკო სფეროს გამოშვება.
დიაგრამა 2: საბანკო სფეროს მთლიანი გამოშვება, მლნ.ლარი (2021)
2021 წელს კორონავირუსის პანდემია კვლავ რჩება მწვავე პრობლემად და მთელი მსოფლიო ეკონომისტებისა თუ პოლიტიკოსების განხილვის საგნად. როგორც „თი ბი სი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აღნიშნავს პანდემიის მიერ გამოწვეული სიძნელეები გადაილახება საბანკო სექტორში, რასაც ადასტურებს 2021 წლის სტატისტიკაც. [8]
2021 წლის მონაცემებით საბანკო სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის მაღალ მაჩვენებლებს, რაც განაპირობებს როგორც მათი, ასევე ეკონომიკის მდგომარეობის სტაბილურობას. პროგნოზების მიხედვით საბანკო სექტორი 2021 წელს სოლიდური მოგებით დაასრულებს, რომლის უმთავრეს წინაპირობად მაღალი საკრედიტო აქტივობა და დარეზერვების შემცირება სახელდება.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოდელირება ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით
ნაშრომის ბოლო ნაწილს დავუთმობ ჩემ მიერ აგებულ მოდელს, სადაც შევეცდები ავხსნა ეკონომიკური ზრდის ტემპი, როგორც ცვლადი, რომელიც დამოკიდებულია უმუშევრობის დონეზე, სახელმწიფო ვალის ზრდის ტემპსა და წმინდა ექსპორტის ზრდის ტემპზე. ასევე, ფიქტიური ცვლადის სახით შევიყვან COVID-19-ის აღმნიშვნელი, რომელიც მიიღებს 2 მნიშვნელობას: 0-ს 2019 წლამდე და 1-ს 2019 წლიდან.
ჩემი მოდელი მიეკუთვნება ეკონომეტრიკულ მოდელთა კლასს და სიმარტივისთვის დავუშვებ, რომ ცვლადებს შორის წრფივი კავშირი არსებობს. ამ პირობებში, ჩემი მოდელი შეიძლება შემდეგი ფორმალიზებული სახით ჩაიწეროს:
გარკვეული დაშვებების პირობებში, აგრეთვე 95%-იანი სანდოობის დონით მოცემული ცვლადები წარმოადგენენ სტაციონალურ დროით მწკრივს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები, მეტ-ნაკლებად საიმედოა. [2]
შესაბამისად, საქსტატის მონაცემების საფუძველზე, მიღებულმა მოდელმა მიიღო შემდეგი სახე:
შევაჯამოთ მოდელით მიღებული შედეგები:
პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რომ უმუშევრობის დონე, სახელმწიფო ვალის ზრდის ტემპი და კორონავირუსის აღმნიშვნელი ფიქტიური ცვლადი უარყოფით დამოკიდებულებაში იმყოფება საშედეგო ცვლადთან (ეკონომიკური ზრდის ტემპთან), რაც გამართლებულია ეკონომიკური თეორიით.
უმუშევრობის დონის ზრდა, სხვა თანაბარ პირობებში ამცირებს მსპ-ის ზრდის ტემპებს და ეს ლოგიკურია, იმ თვალსაზრისით, რომ როცა უმუშევრობა იზრდება, მეტი ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე. ეკონომიკური თეორიიდან კი ვიცით, რომ შემოსავალი პირდაპირ გავლენას ახდენს მოხმარებაზე, რომელიც მთლიანი სამამულო პროდუქტის უდიდეს კომპონენტს წარმოადგენს (დაახლოებით 65-70%). შედეგად, შემცირებული შემოსავალი ამცირებს მოხმარებას, რაც საბოლოოდ აისახება შემცირებულ გამოშვებაში.
როდესაც მთავრობა ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე შემოსავლების სახით ღებულობს, წარმოიქმნება ბიუჯეტის დეფიციტი. დეფიციტის დაფარვის ერთ-ერთი გზა არის სახელმწიფო ვალის აღება. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახელმწიფო ვალის ზრდა, ნიშნავს, რომ მომავალში მთავრობამ უნდა გაზარდოს გადასახადი. გაზრდილი გადასახადი კი, ამცირებს მოხმარებას, რაც კვლავ ნეგატიურად აისახება მთლიან სამამულო პროდუქტზე და მის ზრდის ტემპებზე.
წმინდა ექსპორტი წარმოადგენს ექსპორტისა და იმპორტის სხვაობას. წმინდა ექსპორტი ამავდროულად, მთლიანი სამამულო პროდუქტის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის ზრდა, ზრდის მთლიანი სამამულო პროდუქტის მოცულობას.
რაც შეეხება კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას, ცალსახაა, რომ ის ამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს. იგი ზემოქმედებს ასევე დანარჩენ ფაქტორებზე და უფრო ამძაფრებს მათ უარყოფით გავლენას საშედეგო ცვლადზე. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ფიქტიური ცვლადის გამოყენებისას, შეგვიძლია ჩავწეროთ კერძო განტოლებები, რომელიც ცალკე აღწერს კორონამდელ პერიოდს და ცალკე პანდემიურ რეალობას. შედეგად, მიივიღებთ, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, კორონავირუსის პანდემია დაახლოებით 4-5%-ით ამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს.
დასკვნა
ამრიგად, ვხედავთ, რომ COVID-19 პანდემიამ ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, მთელი მსოფლიოს, ეკონომიკური სურათი შეცვალა. ის მოგვევლინა ახალ გამოწვევად, მორიგ კრიზისად, რომელსაც არც ეკონომიკური, არც სოციალური კუთხით კარგი არაფერი მოუტანია. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ვნახეთ, კონკრეტულად როგორ იმოქმედა აღნიშნულმა მოვლენამ ეკონომიკური ზრდის ტემპებზე და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა, აშკარად შეინიშნება დადებითი ძვრები ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მიმართულებით, რაც გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მომავალი 2022 წელი სულ მცირე, ოდნავ მაინც უკეთესი იქნება, ვიდრე 2021. არსებობს ბევრი პრობლემა, მაგრამ არსებობს ასევე ბევრი გზა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამიტომ, სწორად გატარებული პოლიტიკით და მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიით, შესაძლებელია, შევამსუბუქოთ პანდემიის ნეგატიური ეფექტები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.
გამოყენებული ლიტერატურა
- ეკონომიკური ზრდა (დ. უეილი, თსუ, 2016)
- ეკონომეტრიკა (ი. ანანიაშვილი, თსუ, 2012)
- ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, ოქტომბერი 2021. www.geostat.ge
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
- https://www.mof.ge/4410
- https://bm.ge/ka/article/qartuli-bankebis-pasuxi-koronaviruss—luka-miminoshvilis-blogi-/65944
- https://bm.ge/ka/article/qartuli-bankebis-reitingi-2020-wlis-mogebazaralis-mixedvit/75249