ბახუსი შეშფოთებულია!

ავტორის სტილი დაცულია
გიორგი საჩეჩელაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
 III კურსის სტუდენტი
giorgi.sachechelashvili784@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

 არ დავიწყებ იმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეღვინეობა–მევენახეობის ტრადიციას საქართველოს კულტურაში. ეს ისედაც ცხადია ყველასათვის და მრავალგზის განმეორებული და გამჯდარი ქვეცნობიერში, ისევე როგორც პაპა-ბებიებისგან ბავშვობაში გაგონილი ლექსი – ,,გიგლა სწავლობს ტიტინა.“ ამის შესახებ იმდენი რამ შეიძლება დავწერო და, ზოგადად, დაიწეროს, რომ ეკონომიკური მსჯელობის კალაპოტს გავცდები. ამიტომაც, ამ სტატიაში განხილული იქნება მეტწილად მევენახეობის თვალსაწიერიდან აღქმული ეკონომიკური მოვლენები, მათი გავლენა უშუალოდ ამ საქმიანობაზე. თანაც, ეს ყოველივე უფრო მეტად არის საინტერესო იმ მხრივ, რომ მევენახეების ოჯახში გაზრდილი ადამიანის სტატიას კითხულობთ ახლა. სწორედ საკუთარი გამოცდილებით გავამდიდრებ და უფრო თვალნათელს გავხდი ჩემს შემდგომ მსჯელობას.

Annotation

            I am not going to talk about the importance of the tradition of winemaking and viticulture in Georgia. Nothing is news here, this information is already clear and familiar to everyone. It is stuck in our subconscious as a memory of a great childhood fairy tale heard by our grandparents. The importance of winemaking and viticulture is something we can endlessly write about. That is why the article will discuss the economic developments perceived from the perspective of viticulture and their impact on this activity. What makes all this even more interesting is the fact that this article is written by a man who grew up in a family of viticulturists. This helped me to enrich the article with my knowledge and experience.

ვენახის მოვლის დანახარჯები და ერთეული კილოგრამი ყურძნის თვითღირებულება (რქაწითელის მაგალითზე)

 რომ დავფიქრდეთ და სტატისტიკური ინფორმაციაც მოვიშველიოთ, მევენახეობა სოფლად მცხოვრები შინამეურნეობების დიდი ნაწილის შემოსავლის მთავარი წყაროა, მით უფრო, თუ განვიხილავთ აღმოსავლეთ საქართველოს. ჩემი შემდგომი მსჯელობა განხილული იქნება რქაწითელის მაგალთზე, რადგან პროცენტულად ყველაზე მეტი წილი გადამუშავებული ყურძნისა მასზე მოდის. წყარო: (wine.gov.ge, wine.gov.ge, 2022)

ცხრილი 1. ყურძნის წარმოება რეგიონების მიხედვით (ათასი ტონა)      

ყურძნის წარმოება რეგიონების მიხედვით
(ათასი ტონა)
 2011201220132014201520162017201820192020
საქართველო159,6144,0222,8172,6214,5159,2180,8259,9293,8316,9
ქ. თბილისი1,21,31,30,51,2
აჭარის არ1,51,63,03,93,3
გურია2,01,92,32,42,4
იმერეთი26,336,236,611,728,621,720,931,532,232,1
კახეთი98,170,8129,5124,3150,3111,0134,8188,2223,7239,3
მცხეთა-მთიანეთი3,92,84,34,14,6
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი2,82,34,14,64,0
სამეგრელო-ზემო სვანეთი2,42,13,23,63,9
სამცხე-ჯავახეთი1,00,71,31,51,6
ქვემო ქართლი3,44,55,94,25,5
შიდა ქართლი10,213,618,716,415,18,48,014,813,018,9
დანარჩენი რეგიონები25,023,338,120,120,4xxxxx

წყარო: (geostat.ge, 2022)

როგორც ცხრილიდან ჩანს, კახეთი მოწინავე ადგილს იკავებს ყურძნის წარმოებაში. თუ დავაკვირდებით 2012 წლის მონაცემებს, ვნახავთ რომ მოყვანილი ყურძნის რაოდენობა, წინა და მომდევნო წლებთან შედარებით დაბალია, ეს კი განაპირობა სტიქიამ კახეთის რეგიონში ამავე წელს. ძლიერმა სეტყვამ დააზიანა მოსავლის დიდი ნაწილი, ამიტომაც ახლადარჩეულმა მთავრობამ გამოყო თანხები მევენახეების დასახმარებლად. გარკვეული შეღავათებიც დაწესდა მარნებზე ჩასაბარებელი ყურძნის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მთავრობის მხრიდან ეს ნაბიჯი ლოგიკური იყო, რადგან ახლამოსულები გახლდნენ ხელისუფლებაში და ეს ქმედება მათ პრესტიჟს აამაღლებდა მოსახლეობაში. ამგვარი სტიქია მომდევნო წლებშიც გადახდა კახეთის რეგიონს, მაგრამ 2012 წლის მსგავსი – მასშტაბური დახმარება, მე პირადად, არ მახსენდება.

 რაც შეეხება, უშუალოდ ვენახის მოვლის დანახარჯებს. მისი მოვლა-პატრონობა დიდ ძალისხმევასთან, შრომასთან და ნებისყოფასთან არის დაკავშირებული. გლეხი მთელი ერთი წლის განმავლობაში ელოლიავება თავის მთავარ მარჩენალს და საბოლოოდ გარკვეულ შედეგსაც იღებს, მაგრამ ეს შედეგი დამოკიდებულია ბუნებაზე, სამთავრობო პოლიტიკაზე და ეკონომიკაში მომდინარე მოვლენებსა და მდგომარეობაზე.

მოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ აღგიწერთ ვენახის მოვლისათვის საჭირო პროცედურებს:

  1. გასხვლა
  2. ნაკვეთის გასუფთავება მოჭრილი ლერწმებისგან
  3. შეყელვა
  4. მწვანე ოპერაციები:
  5. ზედმეტი ყლორტების გაცლა
  6.  ყლორტების ნამხრევების გაცლა
  7.  ცის გახსნა, ანუ თავის გადაჭრა.
  8. ყურძნის მოკრეფა.

ამ ყველაფრის თანხვედრილად კი საჭიროა ვენახის შეწამვლა. მოძიებულ წყაროში მითითებულია შეწამვლის 9 საფეხური, მაგრამ მქონია შემთხვევა, ეს რაოდენობა 15-მდე გაზრდილა. წყარო:  (agrokavkaz.ge, 2022)

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დანახარჯების ღირებულება შესაწამლ საშუალებებზე, ნომინალურ გამოხატულებაში, ერთ ჰექტარზე შეადგენს  დაახლოებით 3500 ლარს. ამ მონაცემების გარეშეც, ემპირიული მონაცემები ცხადჰყოფს შეწამვლის ხარჯების ოდენობის სიზუსტეს.

ერთი ჰექტარი რქაწითელის ვენახიდან, მოძიებულ წყაროზე დაყრდნობით, ყველაზე მეტი 10-12 ტონა ყურძნის მოკრეფაა შესაძლებელი, თუმცა ეს ძალიან დიდ იღბალთანაა დაკავშირებული, რადგან გარემო პირობები არ იძლევა ამდენის მოყვანის საშუალებას, ამიტომ ერთი კილოგრამი რქაწითელის თვითღირებულების დასათვლელად დავუშვებ, რომ ერთი ჰექტარი ვენახი, საშუალოდ 8 ტონა რქაწითელს იძლევა, ეს კი სინამდვილესთან ძალიან ახლოსაა. წყარო: (matsne.gov.ge, 2022)

რაც შეეხება სამუშაო ძალას. 2021 წლის მონაცემებით, ყურძნის მომკრეფის დღიური ანაზღაურება 40 ლარს შეადგენდა, ხოლო ყურძნის სათლებით გამომზიდავის 45 ლარს. ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურებისათვის მომუშავეები საჭირონი არიან შეყელვისთვის, მწვანე ოპერაციებისათვის და მოკრეფისათვის. აქედან გამომდინარე ერთი ჰექტარი ვენახის მოვლისათვის, ყველაზე მეტი, სამჯერ არის საჭირო მუშახელის დაქირავება. რაც შეეხება მათ რაოდენობას, ეს საშუალოდ 15 ადამიანს მოიცავს. მათი დღიური ანაზღაურება შეყელვისთვის და მწვანე პროცედურებისათვის 40 ლარია. აქედან გამომდინარე, რომ დავთვალოთ შრომის ანაზღაურების დანახარჯები, ეს დაახლოებით გამოვა 1815 ლარი (ყურძნის კრეფისას, სულ მცირე, 3 გამომზიდავია საჭირო). აქვე გასათვალისწინებელია სატვირთო მანქანის ღირებულება, რომელსაც ყურძენი გადააქვს მარნებამდე. ამის ფასი შემდეგნაირად განისაზღვრებოდა: სატვირთოზე დადებული ყოველი კილოგრამი ყურძენი 0,05 ლარით ემატებოდა ტანსპორტირების ხარჯს. ამიტომაც სატვირთოზე დადებული 8 ტონა ყურძნის ტრანსპორტირების ხარჯი 400 ლარს შეადგენდა.

აქ არ მთავრდება ყველაფერი. გასათვალისწინებელია ასევე მიწის დაუშავების ხარჯები, რაც მოიცავს ტრაქტორის მომსახურებას, რაშიდაც შედის საწვავის ღირებულება, ეს თანხა საწვავის ფასების ცვალებადობასთან ერთად მერყეობს. ერთი ჰექტარი ვენახი დაახლოებით არის ორმოცი 100 მეტრიანი ვაზის რიგი. ერთი ვაზის რიგის მოხვნის ფასი 3 ლარია. ამასთანავე სჭიროა მიწის კულტივაცია დაახლოებით 3-ჯერ. აქაც ფასები მოხვნისათვის განკუთვნილ ფასებს ემთხვევა. საბოლოოდ, მიწის დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯები შეადგენს 480 ლარს. და კიდევ, საჭიროა ტრაქტორის მომსახურება ვაზების შეწამვლისათვის, დავუშვათ, რომ საშუალოდ 10 ჯერ არის საჭირო ვენახის შეწამვლა, რაზედაც ზემოთაც მოგახსენეთ, მაშინ ამ მომსახურების საფასური იქნება 400 ლარი, ჯამურად.

რომ დავიანგარიშოთ, ჯამში ერთი ჰექტარი ვენახიდან ყურძნის მოყვანის ხარჯი 6595 ლარს შეადგენს. მთავრობის 2021 წლის დადგენილების შესაბამისად კი, ერთი კილოგრამი რქაწითელის ღირებულება 0,90 ლარის ტოლია. ჩემი ზედა მსჯელობიდან გამომდინარე, შემოსავალი ერთი ჰექტარი რქაწითელის ვენახიდან 7200 ლარია, ხოლო ცვალებადი დანახარჯები 6595 ლარი. აქედან გამომდინარე, ერთეული კილოგრამი რქაწითელის თვითღირებულება 0,92 ლარის ტოლია.   წყარო: (reginfo.ge, 2022)

სახელმწიფო პოლიტიკა

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სახელმწიფო პოლიტიკას დიდი ადგილი უკავია, ამ შემთხვევაში, მევენახეობის ირგვლივ არსებული გარემოს ჩამოყალიბებაში. რადგან უკვე დავიანგარიშე ერთი კილოგრამი რქაწითელის თვითღირებულება, ახლა განვიხილავ სახელმწიფო პოლიტიკას და შევადარებ მიღებულ მაჩვენებელს, სხელმწიფოს მხრიდან დაწესებულ მაჩვენებლებს. თავიდან უნდა აღვნიშნო ის, რომ მევენახეები მეტწილად ღვინის მარნებზე აბარებენ ყურძენს, რადგან კერძო მყიდველისთვის მიყიდვა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგან ასეთი მყიდველები მცირე ოდენობის ყურძენს, მაგალითად 2 ტონას ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის შესაძლებელია დაწესებულ ფასზე ოდნავ მაღალ ფასად მიყიდვა, ასე მცირე-მცირე პორციებად გაყიდვისთვის საჭიროა მუშახელის მეტჯერ დაქირავება, მეტი ენერგია და დარჩენილი ვენახების მოკრეფის გაჭიანურება. ამიტომაც მარნებზე ყურძნის ჩაბარებას ანიჭებენ მევენახეები უპირატესობას.

დიაგრამა 1: ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასების დინამიკა 2008-21 წლებში.

  წყარო: (მოდებაძე, 2022)

დიაგრამა 2: ერთი კილოგრამი რქაწითელისთვის განკუთვნილი სუბსიდიების დინამიკა 2008-21 წლებში.

წყარო: (wine.gov.ge, wine.gov.ge, 2022) (მაისაშვილი, 2022) (iset-pi.ge, 2022)

მოცემულ დიაგრამებზე დაყრდნობით, მსჯელობას დავიწყებ 2013 წლიდან. აღნიშნულ წელს ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასი სუბსიდიის გარეშე 0,60 ლარს უტოლდებოდა. ხოლო სუბსიდია ერთ კილოგრამ რქაწითელზე 0,40 ლარს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, რქაწითელის ფასი, ერთ კილოგრამზე, ერთ ლარის ტოლი იყო. 2014 წელს მდგომარეობა შეიცვალა და სუბსიდიის თანხა ერთ  კილოგრამ რქაწითელზე 0,35 ლარამდე შემცირდა, მაგრამ  რქაწითელის ფასი 1.05 ლარამდე გაიზარდა.   წყარო: (ჩაჩუა, 2022)

მთავრობის განკარგულებით, 2020 წლის რთველის ღონისძიების ხელშეწყობის შესახებ, სუბსიდია ერთ კილოგრამ რქაწითელზე 0,30 ლარს შეადგენდა და ამავე განკარგულებით, სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდა იმ ღვინის კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებდა აღნიშნული განკარგულების პირობებს, რომელთაგან ერთ-ერთი იყო შემდეგი, რომ ყურძნის ჩამბარებლებისათვის ერთ კილოგრამ რქაწითელში არანაკლებ 0,80 ლარი უნდა გადაეხადათ. ე.ი 2020 წელს ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასი 0,80 ლარი გახლდათ. რომ შევადაროთ ეს მაჩვენებელი ზემოთ გაანგარიშებულ მაჩვენებელს ვნახავთ, რომ 2020 წელს 1 კილოგრამი რქაწითელი სუბსიდიის გარეშე 0,50 ლარი ღირდა, ეს რომ შევადაროთ მიღებულ 0,92 თეთრს მარტივად დავინახავთ დიდ სხვაობას.    წყარო: (wine.gov.ge, wine.gov.ge, 2022)

რაც შეეხება განვლილ, 2021 წელს, აღნიშნული წლის ივლისში, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ 100 მილიონი ლარით გაიზრდებოდა რთველის სახელმწიფო დაფინანსება და ამ პროგრამის მოცულობა რეკორდულ 138.4 მილიონ ლარს მიაღწევდა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ვივარაუდეთ რომ ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასი 0,90 ლარამდე გაიზრდებოდა და ასედაც მოხდა.   წყარო: (ტყეშელაშვილი, 2022)

2021 წელს, სახელმწიფოს განკარგულების მიხედვით, ამა წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ, ერთ კილოგრამ რქაწითელზე გამოყოფილი სუბსიდია 0,35 ლარამდე გაიზარდა, 0,05 ლარით წინა, 2020 წელთან შედარებით. ხოლო განკარგულების მიხედვით, სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდა იმ ღვინის კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებდა აღნიშნული განკარგულების პირობებს, რომელთაგან ერთ-ერთი იყო შემდეგი, რომ ყურძნის ჩამბარებლებისათვის ერთ კილოგრამ რქაწითელში არანაკლებ 0,90 ლარი უნდა გადაეხადათ. 0,10 ლარით ძვირი, ვიდრე 2020 წელს.     წყარო: (wine.gov.ge, wine.gov.ge, 2022)

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე, ვხედავთ რომ 2013-14 წლებში, ერთი კილოგრამი რქაწითელი გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე 2020-21 წლებში. 2020 წლიდან, როგორც ვიცით, დაიწყო კოვიდ პანდემია, ჩაიკეტა ქვეყანა, გაჩერდა ეკონომიკა, გაიზარდა ფასების დონე, გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა. ამ ყველაფრის ფონზე კი მევენახეთა ნომინალური შემოსავალი წინა წლებთან შედარებით მცირე, ან უცვლელი დარჩა. 2021 წელს გამოქვეყნებული განკარგულება, რქაწითელის ფასის  და სუბსიდიისათვის გამოყოფილი თანხის გაზრდის შესახებ, ერთგვარი პოლიტიკური სვლა გახლდათ მთავრობის მხრიდან, რადგან მოგეხსენებათ, 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდა  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. ამ ,,გულისხმიერი“ სვლით, კი მთავრობამ სცადა ხალხის გულის მოგება, როგორც ეს 2012 წლის სტიქიას მოვაყოლე. მდგომარეობა განსხვავებულია ამ ორ მოვლენას შორის, მაგრამ მიზანი ერთი. თუ დიაგრამა 1 -ს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, იზრდებოდა ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასები წინა წლებთან შედარებით. შესაბამისად იზრდებოდა სუბსიდიისთვის განკუთვნილი თანხაც წინა პერიოდებთან შედარებით, რაც ასახულია დიაგრამა 2-ზე. აღნიშნულ დიაგრამაზე, თუ დავაკვირდებით, 2018-19 წლებში სახელმწიფომ უარი განაცხადა მევენახეთა პირდაპირ სუბსიდიაზე, ამიტომაცაა ამ წლების მაჩვენებლებში 0, მაგრამ არაპირდაპირი სუბსიდიის სახით მაინც გამოყო გარკვეული თანხები. წყარო: (iset-pi.ge, iset-pi.ge, 2022)

ამ წლების მანძილზე, როგორც აღვნიშნე, ნომინალური შემოსავალი შეუმცირდათ მევენახეებს, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში თითქმის უცვლელი დარჩა. ამ დროის განმავლობაში, ინფლაციის მზარდი ტემპის ფონზე, არათუ გაიზარდა რქაწითელის ფასი, არამედ შემცირდა. შესაბამისად მივიღეთ ჯერ შემცირებული, შემდეგ უცვლელი ნომინალური შემოსავალი და ამ ბოლოს მეოხებით, შემცირებული რეალური შემოსავალი.

რაც შეეხება, ჩემს ზემოთ მოყვანილ გამოთვლით მსჯელობას, 2021 წელს როგორც ვნახეთ, ერთი კილოგრამი რქაწითელი 0,90 ლარი ღირდა, ხოლო მისი თვითღირებულება სუბსიდიის გარეშე 0,92. სუბსიდიის გარეშე ფასი კი 0,55 ლარი. აქედან გამომდინარე აღნიშნული ფასი საკმარისად ვერ ანაზღაურებს ვენახის მოვლის ხარჯებს. დაწესებული ფასი და თვითღირებულება თითქმის ერთმანეთის ტოლია, მაგრამ ეს ასე ზედაპირულად, ერთი შეხედვით ჩანს ,,დამაკმაყოფილებლად.“ თუმცა თუ შევადარებთ ჩემ მიერ გამოთვლილ თვითღირებულებას და ფასს, სუბსიდიის გარეშე, საგრძნობ სხვაობას დავინახავთ. თანაც თუ გავითვალისწინებთ მევენახეების ფიქსირებულ დანახარჯებსაც, მაგალითად, მათ ვენახის მოვლისათვის კომერციული ბანკებიდან აღებული აქვთ სესხები, ამას ემატება გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საბოლოოდ ვასკვნით, რომ აღნიშნული ფასები, არათუ ვენახის, არამედ ოჯახის მოვლა-პატრონობისთვისაც არასაკმარისია.

საჭიროა გაიზარდოს აღნიშნული დასახელების ყურძნის ფასი და მის მაგალითზე ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ყურძნის ჯიშების ფასებიც. ეს სათქმელად და დასაწერად ძალიან მარტივია, მაგრამ მარტივი რადგანაცაა სწორედ ამიტომ ვწერ. სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ფასის დაწესება ან სუბსიდირების გაზრდა ერთ-ერთი გამოსავალია. რა თქმა უნდა, ყურძენზე ფასების მატება გაზრდის ქართული ღვინის ფასსაც, მაგრამ არ მგონია საერთაშორისო ბაზარზე იმაზე მეტად გაძვირდეს ქართული ღვინო, რომ კონკურენტუნარიანობა დაკარგოს.  2012–2014 წლებში ბოთლის ფასი $2.95 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა 2016-2020 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა და $2.2-2.4 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ერთი ბოთლი ღვინის საექსპორტო, საშუალო ფასი $2.59 დოლარია,  წელს კი ქართული ღვინო $2.38 დოლარად იყიდებოდა. ამასთანავე ღვინის ექსპორტში ზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ უხვად არსებობს: 2011-2019 წლებში, ღვინის ინდუსტრიის ჯამური ბრუნვა, გამოხატული ლარებში, გაოთხმაგდა. წყარო: (tabula.ge, 2022)

            როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მევენახეობა სოფლად მცხოვრები შინამეურნეობების დიდი ნაწილის მთავარი შემოსავლის წყაროა. მიმდინარე ინფლაციის ტემპის ზრდა კი მათ შემოსავალს ამცირებს, რეალურ გამოხატულებაში. მაგალითად, ზეთის ფასის მიხედვით რომ დავაკორექტიროთ მათი შემოსავალი, ვნახავთ რომ: 2019 წელს 1 ლიტრი ზეთი საშუალოდ 4 ლარი ღირდა, დღეის მონაცემებით კი დაახლოებით 8 ლარის ტოლია. ამის მიხედვით, ფაქტობრივად მათი რეალური შემოსავალი განახევრდა. იგივე მაჩვენებელი იქნება, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების საშუალო ფასით რომ დავაკორექტიროთ მათი შემოსავლები.

დასკვნა

ზემოთ მოყვანილი მსჯელობებიდან გამომდინარე, ერთი რამ თვალსაჩინოა, რომ მთავრობა არასათანადოდ ზრუნავს მევენახეებზე და მხოლოდ არჩევნების მოახლოებასთან ერთად იწყებს დაფაცურებას, მაგრამ ეგეც მოჩენებითი ნაბიჯებია. საბოლოოდ ასეთ რამეს ვასკვნი, რომ მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ რთველისთვის განკუთვნილი პოლიტიკის შემუშავებაში, ერთი წლის განმავლობაში, რთვლიდან-რთვლამდე, თუ ვამუშავებთ სრული დატვირთვით ვენახში, როგორც მუშაობენ მევენახე გლეხები, მაშინ შეიძლება უფრო მისაღები და დროისათვის შესაბამისი ფასები დაწესდეს.

სწორედ ამიტომაა ბახუსი შეშფოთებული, სწორედ ამიტომ და ისეც ნუ ვიზამთ, ისეც ნუ განვარისხებთ, რომ ნაბახუსევზე კიტრის მწნილმა და ბორჯომმაც ვეღარ გვიშველოს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. agrokavkaz.ge. (2022, იანვარი 11). agrokavkaz.ge. https://agrokavkaz.ge/dargebi/mevenakheoba/vazis-tsamlobatha-sqema-bio-organuli-meurneobisthvis.html
  2. geostat.ge. (2022, იანვარი 11). geostat.ge. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba
  3. iset-pi.ge. (2022, იანვარი 11). iset-pi.ge.  https://iset-pi.ge/ka/blog/80-unda-gagrdzeldes-tu-ara-kurdznis-subsidireba
  4. iset-pi.ge. (2022, იანვარი 11). iset-pi.ge. https://iset-pi.ge/ka/blog/80-unda-gagrdzeldes-tu-ara-kurdznis-subsidireba
  5. matsne.gov.ge. (2022, იანვარი 11). matsne.gov.ge. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2189695?publication=0
  6. reginfo.ge. (2022, იანვარი 11). reginfo.ge. https://reginfo.ge/economic/item/23107-mtavroba-rtvels-daasubsidirebs,-1-kg-rqaxitelis-pasi-90-tetri-iqneba-%E2%80%93-garibashvili
  7. tabula.ge. (2022, იანვარი 11). tabula.ge. https://tabula.ge/ge/news/670633-sad-ramdeni-ra-pasad-gadis-kartuli-ghvino
  8. wine.gov.ge. (2022, იანვარი 11). wine.gov.ge. https://wine.gov.ge/19/Files/Download/14151
  9. wine.gov.ge. (2022, იანვარი 11). wine.gov.ge. https://wine.gov.ge/Ge/Files/Download/14194
  10. wine.gov.ge. (2022, იანვარი 12). wine.gov.ge. https://wine.gov.ge/Ge/Statistic?harvestYearId=1008#section-tzoid-1
  11. wine.gov.ge. (2022, იანვარი 12). wine.gov.ge. https://wine.gov.ge/Ge/Harvest
  12. მაისაშვილი, ზ. (2022, იანვარი 12). factcheck.ge. https://factcheck.ge/ka/story/39842-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%
  13. მოდებაძე, თ. (2022, იანვარი 11). factcheck.ge.
  14. ტყეშელაშვილი, შ. (2022, იანვარი 11). bm.ge. https://bm.ge/ka/article/mtavroba-rtvelis-subsidirebis-biujets-rekordul-138-milion-laramde-zrdis/86636
  15. ჩაჩუა, მ. (2022, იანვარი 11). factcheck.ge.  https://factcheck.ge/ka/story/14762-mthavrobis-khelshetsqhobith-1-kilogrami-qhurdznis-minimaluri-phasi-1-laria-tsels-rogorts-rqatsithelze-ise-sapheravze-rekorduli-phasi-daphiqsirda