პანდემია – ტურიზმის სექტორის თანამედროვე გამოწვევა
ავტორის სტილი დაცულია
თიკო დალაქიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
tikodalaqishvili@gmail.com
ანოტაცია
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო, ყველა იმ სფეროს ჩათვლით, რომელიც ერთიანობაში ამ ინდუსტრიას ქმნის. ტურიზმი ეკონომიკური აქტიურობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-იანი წილი უჭირავს. იგი ითვლება მოწყვლად ეკონომიკურ სექტორად,რადგან შედარებით უფრო მგრძნობიარეა გარე შოკების მიმართ. ტურიზმი არის მოსახლეობის დასაქმების, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის, ქვეყანაში მრავალფეროვანი წარმოებისა თუ მომსახურების შექმნის მნიშვნელოვანი წყარო. შესაბამისად, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები პირდაპირ აისახა ქვეყნების შემოსავლებზე, რამაც საბოლოო ჯამში, პირდაპირ თუ ირიბად დიდ დანაკარგებთან მიიყვანა მსოფლიოს თითოეული ქვეყანა.[1]
Annotation
After the spread of the new type of coronavirus, one of the biggest blows was dealt to the tourism sector, including all the areas that make up this industry. Tourism is one of the main sources of growth in economic activity and accounts for 10% of world GDP. It is considered a vulnerable economic sector because it is relatively more sensitive to external shocks. Tourism is an important source of employment for the population, an inflow of foreign currency into the country, regional and infrastructural development, economic and social progress, and the creation of various products or services in the country. Consequently, recent developments have had a direct impact on countries’ incomes, which has ultimately led, directly or indirectly, to large losses in each country in the world.[1]
ტურიზმი და მისი გავლენა ეკონომიკაზე
ეტიმოლოგიურად სიტყვა ,,ტური“ (tour) წარმოშობილია ლათინური (tornare) და ბერძნული (tornos)-დან, რომელიც ნიშნავს ,,წრეს, მოძრაობას ღერძის ცენტრალური წერტილის გარშემო“. ეს მნიშვნელობა შეიცვალა თანამედროვე ინგლისურში ადამიანის წრიული მარშრუტით მოძრაობის აღსანიშნავად. სუფიქსი -ism განისაზღვრება, როგორც ,,მოძრაობა ან პროცესი“, ხოლო სუფიქსი -ist, როგორც სუბიექტი, რომელიც განახორციელებს ამ მოძრაობას.
საერთაშორისო დებატები ტურიზმის განსაზღვრებაზე დღემდე გრძელდება და ბევრი განსხვავებული ინტერპრეტაცია არსებობს. ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიკვეთა ორი მთავარი მიდგომა: ტურიზმი შეიძლება განისაზღვროს მოთხოვნის მხრიდან, ანუ ტურისტის მხრიდან. ამ მიდგომის მიხედვით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკის კომისია ამჟამად აღიარებს ტურიზმის შემდეგ განსაზღვრებას: ,,პირთა აქტივობები, რომლებიც მოგზაურობენ და იმყოფებიან თავიანთი ჩვეული გარემოს გარეთ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში დასვენების, საქმიანი ან სხვა მიზნებით“. ტურიზმის სექტორი, ასევე, შეიძლება განისაზღვროს მიწოდების მხრიდან. ამ შემთხვევაში სირთულე მდგომარეობს ტურიზმის ბიზნესისა და დასაქმების გამოცალკევებაში დანარჩენი ეკონომიკიდან. საერთოდ აღიარებულია, რომ არსებობს ტურიზმის განსაზღვრებების ორი განსხვავებული ტიპი: მეცნიერული და ტექნიკური.
ტურიზმის ინდუსტრიის პოზიტიური როლი ეკონომიკაში განსაკუთრებით უკავშირდება დასაქმებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ტურიზმი ერთ-ერთი მოწინავე ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად ქმნის სამუშაო ადგილებს. ტურიზმში დასაქმებულები შესაძლებელია დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად: პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებულებად. ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა. ვაჭრობა, მოგზაურობა და ინვესტიციები პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკურ აქტივობებზე. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთა შედეგად ხდება კაპიტალის, ტექნოლოგიების, ცოდნის შემოდინება.
მიუხედავად ამისა, მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რომელიც მალავს და შეუმჩნეველს ხდის მის ეკონომიკურ ზეგავლენას, წარმოადგენს ამ ინდუსტრიის მრავალფეროვნება და ფრაგმენტაცია. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია მოიცავს სასტუმროებს, მოტელებს, განთავსების სხვა საშუალებებს; რესტორნებს და კვების სხვა მომსახურებებს; სატრანსპორტო მომსახურებასა და სიმძლავრეებს; ატრაქციონებს, გართობისა და დასვენების
სიმძლავრეებს; სუვენირების მაღაზიებს და სხვა საწარმოთა დიდ რაოდენობას. იმის გამო, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბევრი მომსახურებით ადგილობრივი რეზიდენტებიც სარგებლობენ, ვიზიტორთა დანახარჯები შესაძლო ადვილად იქნეს შეფასებული გადაჭარბებულად.[2]
საერთაშორისო და შიდა ტურიზმი საქართველოში
პანდემიამდე პერიოდში, შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან ყოველწლიურად იზრდებოდა. 2019 წელს, საქართველომ ტურიზმიდან 3.2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით, 2019 წელს ტურიზმის დარგმა მშპ-ს 8.4% შეადგინა. შემოსავლები ტურიზმიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, რომელთაც განვითარებისთვის კაპიტალის დიდი ოდენობა ესაჭიროებათ. პანდემიამდე ტურიზმის სფეროდან მიღებული უცხოური ვალუტა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. 2020 წელს, პანდემიასთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს, საერთაშორისო ტურიზმის ფაქტობრივი პარალიზება, ხოლო შიდა ტურიზმის მკვეთრი შემცირება მოჰყვა.[3]
საერთაშორისო მოგზაურების შესახებ სტატისტიკას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის, ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით, გადაადგილდება. ტერმინი როგორც ტურისტებს, ასევე მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით) და იმ პირებს აერთიანებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს. საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურები, რომლებმაც ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს, ხოლო ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე საქართველოს ტერიტორიაზე გაათენა.[4]
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 81.3%-ით, 9.3 მლნ მოგზაურიდან 1.7 მლნ მოგზაურამდე შემცირდა, მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 80.4%-ით, 7.7 მლნ საერთაშორისო ვიზიტორიდან 1.5 მლნ მლნ ვიზიტორამდე შემცირდა. უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 2020 წელს 1 მლნ შეადგინა, როდესაც 2019 წელს, მონაცემი 5 მლნ ტურისტულ ვიზიტს აღწევდა. რაც შეეხება 2021 წელს, 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. კერძოდ, საერთაშორისო მოგზაურობის რაოდენობა გაზრდილია 7.7%-ით(1.7 მლნ მოგზაურიდან 1.8 მლნ მოგზაურამდე), მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.5 მლნ ვიზიტორიდან 1.7 მლნ ვიზიტორამდე, 13.7%-ით გაიზარდა. 2021 წელს ტურისტების რაოდენობა, ანუ იმ ვიზიტორების, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტხანს გაჩერდნენ, 45.1%-ით გაიზარდა და 1.6 მილიონი შეადგინა.(იხ.ცხრილი1.)[4]
ცხრილი1. საერთაშორისო მოგზაურობის კლასიფიკაცია 2019-2021 წლებში
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
2021 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან(326,494) შემოვიდა, მეორე ადგილზე რუსეთია 212,979 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 164,979 ვიზიტორით.(იხ.ცხრილი2.)[4]
ცხრილი2. 10 ქვეყანა, საიდანაც 2021 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველომ 2021 საერთაშორისო მოგზაურებიდან 1,244,941,717 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით შემდეგნაირად მიმდინარეობს – 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38% პროცენტი. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58% შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130 %-ს აღემატება.[5]
TBC Capital-მა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა[6]. კვლევის თანახმად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისთვის 2022 წელსაც უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს. ქვეყანაში 2021 წელს შიდა ტურიზმის წილი საგრძნობლად გაიზარდა. ამ მხრივ, საქართველო უფრო მეტად მსოფლიო ტრენდს მიჰყვება და მნიშვნელოვნად ზრდის შიდა ტურიზმზე დამოკიდებულებას მოკლევადიან პერსპექტივაში.შიდა ტურიზმის ანალიზის შედეგად მიღებული მიგნებები მიუთითებენ, რომ ადგილობრივი ტურიზმის მოთხოვნაზე ძლიერ გავლენას შედარებით კარგად განვითარებული დასასვენებელი ინფრასტრუქტურა და მცირე მანძილის გავლა ახდენს. აღნიშნული კვლევის მიხედვით, 2021 წელს თბილისს გარეთ არსებული სასტუმროების დაკავების მაჩვენებლის 70% სწორედ ადგილობრივ ტურიზმზე მოდიოდა. 2021 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივი ტურიზმის მაჩვენებელი 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 27.3%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ადგილობრივი ტურისტების მიერ სასტუმროებში გატარებული ღამეების საშუალო რაოდენობაც. 2021 წლის მეორე კვარტალში ამ რიცხვმა საშუალოდ 1.78 შეადგინა. უნდა აღინიშნოს,რომ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზე უმთავრესი გავლენა საერთაშორისო ფრენების შეზღუდვების გარდა, სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გამოყენებამაც იქონია.[7]
ტურიზმის აღდგენა – პროგნოზი და სამთავრობო ღონისძიებები
ეკონომიკისა და ტურიზმის ტრენდის ანალიზზე დაყრდნობით, კოლიერს საქართველომ[8] მოამზადა ტურიზმის სექტორის შემოსავლების აღდგენის პროგნოზი. აღნიშნული კვლევის მიხედვით, პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ნეგატიური ეფექტი გასტანს დაახლოებით 4-5 წელს, თუმცა აღდგენა ეტაპობრივად მოხდება და 2019 წლის შედეგები მიღწეული იქნება 2024 წლისთვის.
2022 წელს 2021 წელთან შედარებით მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვინაიდან ამ დროისთვის მეტი ადამიანი იქნება აცრილი და შესაბამისად, შემცირდება შეზღუდვებიც. პროგნოზის თანახმად, 2022 წელს საერთაშორისო ტურიზმი მიაღწევს 2019 წლის მაჩვენებლის 60%-ს, მაგრამ სრული აღდგენა ამ წელსაც არ იქნება შესაძლებელი, რადგან პანდემია კვლავ მიმდინარე ფაზაში იქნება. საერთაშორისო ტურიზმი 2019 წლის შედეგს მიუახლოვდება 2023 წელს და ამ მონაცემს გადააჭარბებს 2024 წელს. დიაგრამა1.-ის მიხედვით, ტურიზმის სექტორში შემოსავლები აღდგება შემდეგნაირად (2019 წელთან შედარებით): 2022 – 73%, 2023 – 93% და 2024 წელს გადააჭარბებს 2019 წლის მონაცემს.[9]
დიაგრამა1. ტურიზმის აღდგენის პროგნოზი (საქართველო)
წყარო: https://www.colliers.com/en-ge
როგორც უკვე აღვნიშნეთ,ტურიზმი და მომიჯნავე ინდუსტრიები არის ყველაზე დაზარალებული პანდემიის შედეგად. შესაბამისად, საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, იგეგმება შემდეგი ტიპის ღონისძიებები:
- ტურიზმის აღდგენისა და კრიზისების მართვის მიმართულებით სტრატეგიული გეგმის მომზადება და განხორციელება – დოკუმენტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს დახმარება ტურიზმის სტრატეგია 2025-ის ადაპტირებაში არსებული გამოწვევების შესაბამისად, რომელიც მოიცავს პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდებს, რათა მოხდეს ტურიზმის ეფექტიანი და დროული აღდგენა.
- სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ახალი ბაზრების (ჩინეთი, აშშ და სხვ.) საბაზრო წილის ზრდას.
- 2023 წელს, საქართველო, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, წარდგება მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე − ITB Berlin 2023.
- პანდემიის შემდგომ გარემოში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად და სექტორის გასაძლიერებლად შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდისათვის განხორციელდება მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობები.
- ევროპარლამენტის დირექტივასთან მიახლოებით, ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება.აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით დაინერგება მოგზაურობის უსაფრთხოებისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. ამასთან, საკანონმდებლო ბაზის ფორმირებით გაძლიერდება ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის კოორდინაცია.
- მოხდება „ღვინის გზის“ პროგრამის გაფართოება ახალი ხარისხის სტანდარტით. პროექტი მოიცავს ქვეყნის მასშტაბით არსებულ ღვინის იმ საოჯახო მარნებსა და საწარმოებს, რომლებიც ეწევიან მასპინძლობას ღვინის ტურიზმის ფარგლებში.
- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთის კურორტების განვითარებას.[10]
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი ეფექტური და მომგებიანი ინდუსტრიაა და მას ბევრი სარგებელი მოაქვს სახემწიფოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც წინ უდგებიან, ან დროებით აფერხებენ სექტორის განვითარებას. უახლესი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგას ტურიზმი, ეს არის კოვიდ-19, რომელმაც სრულიად ამოატრიალა ჩვენი ცხოვრების რიტმი და სტილი. არ არსებობს იდუსტრია ან ბიზნესი, რომელზეც გავლენა არ მოუხდენია კორონა ვირუსს. თუმცა, მაშინ, როდესაც სხვა სექტორებში კოვიდ-19-ის ეფექტი არათანაბრად არის გადანაწილებული, ტურიზმის სფერო ერთიანად დიდი დაბრკოლების წინაშე დგას. ამ კრიზისის საპასუხოდ საჭიროა საზოგადოებასთან ერთად ქვეყნის მთავრობის მიერ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რათა პროგნოზები გამართლდეს და ტურიზმის ინდუსტრია პოსტკრიზისულ პერიოდში მიუახლოვდეს მაინც პანდემიამდელი პერიოდის ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://sector3.ge/Libraries/Download/381
- ტურიზმის ეკონომიკა, ქართულენოვანი სალექციო კურსი,2019
- https://factcheck.ge/ka/story/39936-tourism-dynamic-in-the-first-eight-months-of-2021
- https://gnta.ge/ge/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90/
- https://gnta.ge/ge/2021-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90/
- https://admin.tbccapital.ge/uploads/files/TBCCapital_Tourism-FullReport-ENG.pdf
- https://forbes.ge/2021-tsels-thbiliss-gareth-sastumroebis-70-ith-adgilobrivi-turistebi-sargeblobdnen/?fbclid=IwAR3b7FKNB9qXnqrwImSKOiuBXVWcB2wjeZOXyxASW77x91JaXTLJxemTa8o
- https://www.colliers.com/en-ge