ფისკალური პოლიტიკა
ავტორის სტილი დაცულია
თორნიკე კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
III კურსის სტუდენტი
tornike.kokhreidze598@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
1929-1933 წლებში აშშ და შემდგომ მთელი მსოფლიო დიდ დეპრესიას ებრძოდა. სიტუაციის გამოსწორება შეძლო აშშ-ს პრეზიდენტის, ფრანკო დელანო რუზველტის, „ახალმა კურსმა“. რატომ აღმოჩნდა იგი ასეთი წარმატებული? შეიძლება ბევრი მიზეზი დავასახელოთ, მაგრამ აშკარაა, რომ მისი წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი მიზეზი სწორად გატარებული ფისკალური პოლიტიკა იყო. მოცემულ ნაშრომში, სწორედ, რომ ფისკალურ პოლიტიკას განვიხილავ, კერძოდ, მსჯელობას დავიწყებ მისი არსით, მიზნებითა და ინსტრუმენტებით, შემდგომ კი ავღვწერ მის თანამედროვე გამოწვევებს საქართველოში.
Annotation
From 1929 to 1933 the United States and beyond fought the Great Depression. The “new course” of the US President, Franco Delano Roosevelt, was able to rectify the situation. Why did he turn out to be so successful? We can name many reasons, but it is clear that one of the most important reasons for its success was the well-conducted fiscal policy. In this article, I will discuss fiscal policy, in particular, I will start discussing its essence, goals and tools, and then I will describe its current challenges in Georgia.
ფისაკლური პოლიტიკის მიმოხილვა
სახელმწიფო საბიუჯეტო პოლიტიკის ღონისძიებებს, რომელთა მიზანს წამოადგენს კონიუნქტურული მართვის მიზნით ერთობლივ მოთხოვნაზე ან მის ცალკეულ კომპონენტებზე გავლენის მოხდენა, ფისკალური პოლიტიკა ეწოდება. განასხვავებენ ფისკალური პოლიტიკის ორ სახეს: მასტიმულირებელ ფისკალურ პოლიტიკას, ანუ ფისკალურ ექსპანსიას და შემზღუდველ ფისკალურ პოლიტიკას, ანუ ფისკალურ რესტრიქციას. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.
ფისკალური ექსპანსია ხორციელდება სახელმწიფო დანახარჯეის ზრდით, გადასახადების შემცირებით ან მათი კომბინაციით. მოკლევადიან პერსპექტივაში იგი მიზნად ისახავს ეკონომიკური ციკლის ვარდნის დაძლევას, ხოლო გრძელვადიანში წარმოების ფაქტორთა მიწოდების გაფართოებასა და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო შესყიდვების (დანახარჯების) ზრდა უფრო ძლიერია, ვიდრე გადასახადების შემცირება, რაც ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების არჩევის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ფისკალური რესტრიქცია მიზნად ისახავს ციკლური აღმავლობის შეზღუდვას და გულისხმობს სახელმწიფო დანახარჯების შემცირებას, გადასახადების ზრდას ან მათ კომბინაციას. მოკლევადიან პერიოდში ეს ღონისძიებები საშუალებას იძლევა შემცირდეს მოთხოვნის ინფლაცია წარმოების ვარდნის და უმუშევრობის ზრდის ხარჯზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი მოსალოდნელია სტაგფლაცია (რაც ეკონომიკური რღვევის მიზეზია).
როგორც ყველაფერს, ფისკალურ პოლიტიკას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მის ღირსებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ე.წ მულტიპლიკატორის ეფექტი. მულტიპლიკატორი არსის გასაგებად, ვთქვათ, სახლემწიფო ხარჯები გაიზარდა. ეს გამოიწვევს შემოსავლების ზრდას, ამასთან ეს ზრდა გადააჭარბებს სახელმწიფო შესყიდვების ზრდას, ვინაიდან შემოსავლებთან ერთად გაიზრდება მოხმარებაც (მოხმარების ზრდა თავისთავად იწვევს შემოსავლების ზრდას). ფისკალური პოლირიკის კიდევ ერთი დადებითი მხარეა ჩაშენებული სტაბილიზატორების არსებობაა (ვინაიდან იგი ჩაშენებულია მთავრობას არ უწევს ეკონომიკური ციკლების რყევების უშუალო რეგულირება).[4]
რაც შეეხება ნაკლოვანობებს, აღსანიშნავია, გამოდევნის ეფექტი. ფისკალური ექსპანსიის დროს ერთობლივი შემოსავლები იზრდება მულტიპლიკატორის მეშვეობით, რაც ზრდის მოთხოვნას ფულზე და საპროცენტო განაკვეთს ზრდის. ამ უკანასკვნელის ზრდა განაპირობებს ინვესტიციებზე მოთხოვნის შემცირებას, რაც მთლიან გამოშვებაზე ნეგატიურად აისახება. კიდევ ერთი ნაკლია შინაგანი დროითი ლაგი. შინაგანი ლაგი არის დროის მონაკვეთი პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობის გაჩენიდან და მისი შეცვლის გადაწყვეტილების მიღებას შორის.{1}
ფისკალური პოლიტიკა საქართველოში
სწორი ფისკალური პოლიტიკა წარმოადგენს ეკონომიკის სტაბილურობის საფუძველს. ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი სახელმწიფოებისთვის ფისკალურ გადაწყვეტილებას განსხვავებულის მიზანი აქვს. კერძოდ, საქართველოს მსგავსი, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად იგი მოწოდებულია პასუხობდეს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისთვის მომზადებას.[2]
საქართველოში ფისკალური სფეროს გაჯანსაღების ერთ-ერთი წინაპირობაა საინვესტივიო გარემოს გაუმჯობესება. ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების შემცირების ტენდეციები შესაძლოა გამოსწორდეს რაციონალური პოლიტიკით, საინვესტიციო გარანტიებით, ქვეყანაში არსებული რისკების (იქნება ეს პოლიტიკური, მაკროეკონომიკური, სოციალური თუ სხვა) შემცირებით და სხვ. ფისკალურ სფეროში ნაკლოვანებების გამოსწორება შესაძლოა დაზოგვის საგადასახადო წახალისებითა და საინვესტიციო ბიუჯეტის დაგეგმვის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის ფისკალური პოლიტიკის ძირითადი ამოცანაა საბიუჯეტო სახსრების მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართვა და ბიუჯეტის დეფიციტის ნიშნულის ისეთი მოცულობის ფარგლებში შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას.
საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების რაციონალური ორგანიზაციის საფუძველზე ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება დასაშვებ ზღვრამდე. საბიუჯეტო დეფიციტის დაძლევისათვის მთავარ მიმართულებად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ფინანსური რესურსების მუდმივი ზრდა, რაც უნდა განხორციელდეს ეკონომიკის გაჯანსაღების, წარმოების გაფართოებისა და ეფექტიანობის ამაღლების საფუძველზე
საბიუჯეტო პოლიტიკის წარმატებით გატარებისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტის გრძელვადიანი სტრატეგიული პროგნოზირება. სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა და განხილვა ყოველწლიურად ხდება ხელისუფლების ყველა დონეზე ფინანსური გეგმის მონაცემების საფუძველზე, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მიღწეული იყოს სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობისა და სტრუქტურის შესაბამისობა საერთო-ეკონომიკურ მოთხოვნილებებთან. დაგეგმვის ასეთი პრინციპების საფუძველზე უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შემოსავლების დინამიკის შეფასება და აქედან გამომდინარე, მოხდეს სახელმწიფო ხარჯების დასაშვები მასშტაბების განსაზღვრა.{5]
ცხრილ 1-ზე წარმოდგენილია საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ცვლილება 2015-2021 წლებში. როგორც ვხედავთ, 2016, 2020 და 2021 წლებში სახელმწიფოს ბიუჯეტი დეფიციტური იყო. აქედან 2016 წელს უარყოფითი სალდო შედარებით მცირე იყო და შეადგენდა, შესაბამისად, -161,8 მლნ. ლარს. რაც შეეხება 2020 წლის დეფიციტს მან -2043,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც განპირობებულია კორონავირუსის პანდემიით (ამ დროს წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა სახელმწიფო შესყიდვები, რაც გასაკვირვი არაა). 2021 წელს კვლავ დაფიქსირდა ბიუჯეტის დეფიციტი (1683,02 მლნ ლარის ოდენობის). 2015, 2017, 2018 და 2019 წლებში შეინიშნება ბიუჯეტის დადებითი საოპერაციო სალდო (შესაბამისად, 12,5 მლნ. , 378,2 მლნ. , 1051,9 მლნ. და 699,5 მლნ. ლარი). პროფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს გონივრულად და ეფექტიანად გატარებული ფისკალური პოლიტიკა.
ცხრილი 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის (მლნ. ლარი) 2015-2021 წლებში
წყარო: https://www.geostat.ge
ასევე ხელმისაწვდომია 2022 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი, სადაც დაგეგმილი შემოსავლების სიდიდე 14,560,418 ათასი ლარია, ხოლო დანახარჯების – 14,415,261,9 ათასი ლარი. ანუ, ორი „დეფიციტური წლის“ შემდეგ, საოპერაციო სალდო კვლავ დადებითი იქნება. ყურადღებამისაქცევია, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება, საგადასახადო შემოსავლების ზრდის ხარჯზე (2021წელს 11,362,600 ათასი ლარი, 2022 წელს 13,423,650 ათასი ლარი)[7]
გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლი – ხარჯები 1 მლრდ ლარით მცირდება. კლება პანდემიასთან დაკავშირებული პროგრამების დასრულებითაა გამოწვეული. ძირითადად, ეს ეხება სუბსიდიებს და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც 2020 წლის ბიუჯეტში არის, მაგრამ 2021 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული.
გრაფიკ 1-ზე დეტალურად არის აღწერილი სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები.
გრაფიკი 1. სახელმწიფო ბიუჯეტის გადსახდელები ჩაშლილად, მლნ ლარი
წყარო: https://www.geostat.ge
საინტერესოდ მიმაჩნია სახელმწიფო შემოსავლების, ინფლაციისა და შინამეურნეობების შემოსავლებს შორის კავშირის ასახვა მოდელირების გზით. საშედეგო (ასახსნელ) ცვლადად ავიღე სახელმწიფო შემოსავლები (Goverment Income), ხოლო ამხსნელ ცვლადებად – ინფლაცია და შინამეურნეობების შემოსავლები (შესაბამისად, Inflation და Household Income), რისთვისაც გამოვიყენე 2003-2021 წლების შესაბამისი მონაცემები. [6] მივიღე შემდეგი მოდელი:
GI=0,184INF+1,073HI
ანუ ინფლაციის ერთპროცენტიან ზრდას, სხვა თანაბარ პირობებში, სახელმწიფო შემოსავლების 184 ათას ლარიანი ზრდა მოყვება. ხოლო შინამეურნეობების შემოსავლების 1 ლარით ზრდის კვალობაზე (როცა სხვა ცვლადები უცვლელია) GI 1073000 ლარით იზრდება. რას ნიშნავს ეს ფისკალური პოლიტიკის გამტარებლებისათვის? ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია გაზარდოს შინამეურნეობების შემოსავლები, რადგან ეს უკანაკსვნელი იწვევს ბიუჯეტის ზრდას, რაც გასაკვირვი არაა, ვინაიდან GI-ს უდიდესი ნაწილი საგადასახადო შემოსავლებია. რაც შეეხება ინფლაციას, მისი დადებითი კორელაცია სახელმწიფო შემოსავლებთან შეიძლება ასე ავხსნათ: როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება ხდება მონეტარული ემისიით (მონეტიზაციით), წარმოიქმნება სენიორაჟი, ეს კი გულისხმობს, რომ ყველა ეკონომიკური აგენტი სახელმწიფოს სასარგებლოდ თავისებურ ინფლაციურ გადასახდს იხდის გაზრდილი ფასების მეშვეობით.
ჩემი მოდელის რეალობასთან მორგების ხარისხი შეიძლება დაინახოთ ნახაზ 1-ზე წარმოდგენილ გრაფიკზე. მიაქციეთ ყურადაღება იმაზე, რომ მოდელით შეფასებული ცვლადები საკმაოდ ზუსტად ასახავენ რალურ მონაცემებს. თუმცა ვხედავთ, მცირეოდენ გადახრებს 2008 და 2019 წლებში. 2008 წლის გადახრის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ომი და მსოფლიო კრიზისი, ხოლო 2019 წლის – კორონავირუსის პანდემია.
ნახაზი 1. სახელმწიფო შემოსავლების დინამიკა 2003-2021 წლებში
ავტორისეული ნახაზი. მონაცემების წყარო: https://www.geostat.ge
დასკვნა
ამრიგად, ვისაუბრეთ ფისკალური პოლიტიკის ზოგად არსზე და მიზნებზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. შემდგომ, განვიხილეთ ფისკალური პოლიტიკა საქართველოში. როგორც გაირკვა, საქართველოს წინაშე აქტიურად გამოიკვეთა ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ფორმებისა და მისი დანახარჯების მიზნობრიობის პრობლემები. ერთის მხრივ, არ არის განვითარებული შიდა ბაზარი იმისათვის, რომ დეფიციტის დაფინასება მოხდეს საშინაო ვალის მეშვეობით, მეორეს მხრივ კი, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობა ზრდის საგარეო ვალის მომსახურების ტვირთს. ასევე, მაღალია სოციალური უზრუნველყოფის დანახარჯები.
მოდელირების გზით დავადგინეთ კავშირი სახელმწიფო შემოსავლებს, ინფლაციასა და შინამეურნეობების შემოსავლებს შორის.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად თავისი ნაკლოვანებებისა ფისკალური პოლიტიკა მძლავრ და ეფექტიან ინსტრუმენტად რჩება არამარტო ჩვეულებრივ სიტუაციებში, არამედ კრიზისების დროსაც. თუმცა ფაქტია, ფისკალური პოლიტიკის გამოყენებით მიღებული სარგებელი თუ ზარალი უმეტესწილად დამოკიდებულია მთავრობის გონიერ ქმედებებზე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ხადური ნ. „მაკროეკონომიკური პოლიტიკა“ ( ლექციების კურსი, თსუ, 2016)
- დეივიდ ნეილი. „ეკონომიკური ზრდა“ ( თსუ, 2016)
- რაინერ კლუმპი, „ ეკონომიკური პოლიტიკა“ (თსუ, 2015)
- ნ.ხადური, მ.ჩიქობავა, ნ.კაკულია, „ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ (თსუ)
- “საქართველოს ფისკალური პოლიტიკა და მართვა და მისი თავსებადობა ევროკავშირის პრაქტიკასთან; 2016”
- https://www.geostat.ge/ka
- https://www.mof.ge/5477