კოვიდ პანდემიის ეპოქა და საინვესტიციო პერსპექტივები საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ქეთი სიდამონიძე            
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
qsidamonidze@gmail.com

ანოტაცია

ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.მოცემული ნაშრომი ეხება ინვესტიციების არსს და ხელსაყრელ ფაქტორებს ,რომლებიც აყალიბებენ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს.მოცემული ნაშრომის მიზანია დაგვანახოს, თუ რა გავლენა მოახდინა კორონა ვირუსმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და როგორ შეიძლება ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება.

Annotation

Investments are one of the most important factors for the development of the country’s economy. The article deals with the essence of investments and the favorable factors that shape the investment environment in the country. The purpose of this article is to show how the Corona virus has directly affected foreign investment and how the investment climate in the country can be improved.

ინვესტიციების არსი და ხელსაყრელი გარემო ფაქტორები

ინვესტიციები წარმოადგენს ინვესტირებული სახსრების მეშვეობით დღევანდელი მოთხოვნილების დაკმაყოფილების გაცვლის აქტს მოთხოვნის სამომავლო დაკმაყოფილებაზე, ანუ ინვესტიცია ნიშნავს: დღეს გაიმეტო ფული იმისათვის, რომ მომავალში უფრო მეტი მიიღო.

თვალსაჩინოა,რომ ინვესტიციების უმარავი განმარტება არსებობს,თუმცა თითოეულს  საბოლოო ჯამში ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

1.ინვესტიციები, როგორც წესი, გულისხმობენ მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს;

2. უკუგება ინვესტიციისაგან შეიძლება მიღებულ იქნას რამდენიმე წლის შემდეგ;

3. ინვესტირებისას არსებობს  გაურკვევლობისა  და რისკის ელემენტები;

4.ინვესტიციები, რომლებიც განიხილება, როგორც კაპიტალური დაბანდებები, გულისხმობენ ძირითადი კაპიტალის შეძენას, საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას, ან ნებისმიერ სხვა დანარჩენს, რომლებიც მიმართულია ეფექტიანობის ზრდისაკენ. [1] , [2]

ხელსაყრელ საინვესტიციო გარემო მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული,უპირველეს ყოვლისა კი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე, ეკონომიკის ფუნქციონირების ხასიათზე, საბაზრო მექანიზმის განვითარების ხარისხზე, საკანონმდებლო ნორმებსა და სხვა პარამეტრებზე. მეორეს მხრივ, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ინვესტორის თავისებურებებს, ინვესტიციების განხორციელების ფორმებს და სფეროებს. მიმღებ ქვეყანაში ინვესტიციების გავლენა ვლინდება შემდეგში: ეკონომიკის ზრდის ტემპზე პოზიტიური გავლენა; ქვეყანაში საერთო ინვესტიციური აქტიურობის გაძლიერება; მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტექნოლოგიურ პროცესებში და ქვეყნის შრომითი და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენების ამაღლებაში; მიმღები  ქვეყნის მეურნეობის პროგრესულ ტერიტორიულ და დარგობრივი სტრუქტურიზაციის ხელის შეწყობა და ბოლოს უცხოური ინვესტიციები მოქმედებენ ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც ვლინდება მის საექსპორტო პოტენციალში, მოქმედებს სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსზე. ქვეყნის შიდა ინვესტიციური რესურსების ნაკლებობის შემთხვევაში მისი შევსების წყარო ხდება კაპიტალის იმპორტი. ამასთან, ინვესტირების დეფიციტი არის ფარდობითი, რადგან ინვესტიციებზე მოთხოვნებს განსაზღვრავს ეკონომიკური სისტემა და მისი განვითარების დონე. [3]

საქართველოს ინვესტიციების დინამიკა

ცხრილი 1 არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში 2017-2021*წლებში. მოცემული ცხრილიდან გამომადინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვესტიციების ყველაზე მაღალი ნიშნულს 2017 წელს მიაღწია,ხოლო 2018 და 2019 წლებში არსებული რიცხვი საკმაოდ არის შემცირებული,ხოლო 2020 წელს წინა წელთან შედარებით არის ძალიან შემცირებული,თითქმის განახევრებულიც კი არის.როგორც ჩანს,2020 წლისთვის საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგომარეობა ძალიან ცუდია,რადგან აღნიშნული რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაშიც არ დაფიქსირებულა.რაც შეეხება 2021 წელს,ჯერჯერობით მხოლოდ სამი კვარტლის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ ,ინვესტიციების რაოდენობის ზრდა შეინიშვნება 2020 წელთან შედარებით.

ცხრილი 1 -პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში 2017-2021* წლები (მილიონი აშშ დოლარი)

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/

ოფიციალური წყაროები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების შემდეგ მიზეზებს ასახელებენ: ინვესტორთა მფლობელობაში არსებული რამდენიმე მსხვილი საწარმო გადავიდა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორების მიმართ შემცირდა ვალდებულები (სასესხო დავალიანების დაფარვა) , თუმცა ამ მიზეზების გარდა, შემცირების მთავარი გამომწვევი იყო მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება. შაჰ-დენიზის პროექტის დასრულებამ აზერბაიჯანიდან მიღებული ინვესტიციების თითქმის განახევრება გამოიწვია. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ახალი დიდი საინვესტიციო პროექტები აღარ დაწყებულა და ვერც ეკონომიკა იზრდება იმ ტემპებით, რომ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა მოახდინოს, შედეგად მივიღეთ ინვესტიციების კლება. ამას ემატება დემოკრატიის, სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისა და ინვესტიციების დაცულობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები . ბოლო პერიოდში საქართველოს საინვესტიციო გარემოს განსაკუთრებული ზიანი საერთაშორისო არენაზე მიაყენა იმ ბუნდოვანებამ, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გარშემო განვითარდა. ანაკლიის პორტის მშენებლობის საინვესტიციო ვალდებულება ანაკლიის კონსორციუმმა აიღო და მისი მთავარი პარტნიორი და 42%- იანი წილის მფლობელი ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ იყო. ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოების და დასავლელ პარტნიორებთან გაღრმავებული ინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენდა, დღეს კი მისი ბედი კითხვის ქვეშ დგას. [3]

ინვესტიციები სექტორებისა და ქვეყნების მიხედვით

დიაგრამა 1 – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმსხვილესი ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წლის III კვარტალში * (%)

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/

დიაგრამა 1-ზე გამოსახულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმსხვილესი ეკონომიკის სექტორების მიხედვით.საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების სექტორული ანალიზის დროს აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტ ინვესტიციას საფინანსო სექტორი იზიდავს და ეს ტენდეცია 2021წელსაც არ არის განსხავებული ,რადგან ყველაზე მეტი პროცენტული წილი 29,1% საფინანსო სექტორს უკავია ,მეორე ადგი,ლზე უკვე არის ენერგეტიკა 23,2 % ,ხოლო მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობა 18,3 %.

დიაგრამა 2 -უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები 2021 წლის III კვარტალში (მილიონი აშშ დოლარი)

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/

დიაგრამა 2 -ზე გამოსახულია უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები 2021 წლის III კვარტალის მიხედვით.როგორც ჩანს პირველ ადგილზე გაერთინებული სამეფოა -60,9 %,მეორეზე ნიდერლანდები 59,8 % ,ხოლო მესამეზე ჩეხეთი -36 %

საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნების ანალიზის დროს აღსანიშნავია ოფშორიდან განხორიცელებული ინვესტიციები. ინვესტიციების ოფიციალური სტატისტიკიდან რთულია გაიმიჯნოს ზუსტად რა მოცულობის ინვესტიციები შემოდის ოფშორებიდან. მითუმეტეს, როცა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია აღრიცხული ქვეყნების მიხედვით და სხვა სახის ინვესტიციებზე მსგავსი ინფორმაცია არ მოიპოვება. ნიდერლანდებიდან, ირლანდიიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ინვესტიციები სრულად ოფშორული სტატუსის მქონე კომპანიებს არ მიეკუთვნება, თუმცა, რთულია გამიჯვნა, რამდენია არაოფშორული ინვესტიცია.

არსებობს მოსაზრება, რომ მთავარია ფული შემოვიდეს ქვეყანაში და მის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს საკმაოდ პრობლემური მიდგომაა, რადგან ხშირად, შესაძლოა, ოფშორიდან შემოსული ფულის უკან სხვადასხვა კორუფციული გარიგებები და კონკეტული პირების ბიზნეს ინტერესები იმალებოდეს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ყოველივე ზემოაღნიშნული, თუ ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორებს შორის ფიქსირდება ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები, რაც ამჟამინდელ საქართველოს საინვესტიციო რეალობას ასახავს.

ბოლო წლებში განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად განიხილავენ ოფშორებიდან მომავალი რისკების შემცირების შესაძლებლობებს და თანდათან მკვიდრდება ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნების მაღალი სტანდარტი, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება საქართველოსთვისაც მიზანშეწონილია და სასურველია შემუშავდეს გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით, განსაკუთრებით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საინვესტიცო პროექტების განხორციელების დროს. [3]

საქართველოს საინვესტიციო გარემოს გამოწვევები და უპირატესობები

ინვესტიციების მოზიდვით დაინტერესებული ნებისმიერი ქვეყანა უნდა სთავაზობდეს პოტენციურ ინვესტორს სხვა ქვეყნებზე მეტად მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი და სახელისუფლებო წრეები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ მაქსიმალურად გახსნილი და ლიბერალური ეკონომიკური გარემოს შექმნით.

ამ კუთხით ქვეყნების საინვესტიციო საქმიანობას რამდენიმე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია იკვლევს და, ინდექსებზე დაყრდნობით, შესაბამის რეიტინგებს აქვეყნებს. აღნიშნულ რეიტინგებს შორის აღსანიშნავია ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing business) და ეკონომიკური თავისუფლების (Heritage Foundation) რეიტინგები, რომელთა ჩამონათვალში საქართველოს საკმაოდ მაღალი სარეიტინგო შეფასება აქვს. პირველ რეიტინგში, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, 2020 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში (190 ქვეყანას შორის) მე-7 ადგილზეა (ერთი პოზიციით გაუარესდა 2019 წელთან შედარებით და მე-6 პოზიციიდან მე-7-ზე გადაინაცვლა), ხოლო მეორეში მსოფლიო მასშტაბით (180 ქვეყანას შორის) მე-12 ადგილზეა და რჩება უმეტესად თავისუფალ ქვეყანათა ჯგუფში.

როგორც ციფრებიდანაც ჩანს, ორივე რეიტინგის მიხედვით, საქართველო ძირითად ათეულსა და ოცეულში შედის, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს რეიტინგები არ ასახავს და შეფასების მიღმა ტოვებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობისა და მასთან დაკავშირებულ რიგ საფრთხეებს.

საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას ასევე ამცირებს ის გარემოება, რომ ქვეყანა ღარიბია ბუნებრივი რესურსებით. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ საქართველოს საკმაოდ ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი იყოს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. თუმცა, გაუმართავი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა აქაც შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. ამაზე საერთაშორისო რეიტინგებიც მეტყველებს, ინდექს მუნდის თანახმად ლოჯისტიკური წარმადობის კუთხით საქართველო 133-ე პოზიციაზეა, 2.35 ქულით, რაც საშუალოზე დაბალია (სარეიტინგო ქულა ერთიდან ხუთამდე ითვლება, სადაც 5 უმაღლესი შეფასებაა)

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე უარყოფითად მოქმედებს, არის კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტი.აღნიშნულ მოსაზრებას ასევე ამყარებს 2019 წლის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის რეიტინგი, რომლის თანახმად საქართველო საშუალო განათლების (სკოლის დამთავრება) დონის მიხედვით მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის მე-13 პოზიციაზეა, თუმცა კვალიფიციური სამუშაო ძალის, პროფესიული სწავლების, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ცოდნის, სამუშაო ძალაზე ხელმისაწვდომობის კუთხით 125-ე პოზიციას იკავებს. განსხვავება ამ ორ მონაცემს შორის იმდენად თვალსაჩინოა, რომ ის ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის თვალსაზრისითაც. [2]

საქართველოს საინვესტიციო უპირატესობას სძენს ლიბერალური საგარეო სავაჭრო და უცხოური კაპიტალის გადაადგილებაზე კონტროლის არარსებობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც დამატებით ღირებულებას სძენს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს. თუმცა, აქაც გარკვეულ წინაღობებს ვაწყდებით, რაც ნაკლებად განვითარებული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურით არის განპირობებული, რასაც ემატება საკვანძო სატრანსპორტო/ ტრანზიტული მნიშვნელობის პროექტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება.

ამასთან, გარდა ხსენებული ფაქტორებისა და სექტორული გამოწვევებისა, საერთაშორისო დონორები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, განსაკუთრებით კორონავირუსის ეპოქაში, ასახელებენ ორ ძირითად ფაქტორს: ინვესტორების დაცვა კანონმდებლობით და გამართული სასამართლო სისტემა

ეს ფაქტორები, რა თქმა უნდა არ წარმოადგენს სრულ ჩამონათვალს, თუმცა ასახავს ძირითად მიმართულებებს, რაც საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია და ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება. ამისთვის კი ყოველწლიურად უფრო მეტი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს, ვიდრე ბოლო წლებში შემოდიოდა და არსებულ გამოწვევებზე უნდა მოხდეს სწრაფი და მყისიერი რეაგირება, ინვესტორთათვის უფრო ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შეთავაზების თვალსაზრისით. [2] , [3]

კორონა ვირუსის გავლენა საინვესტიციო გარემოზე

2020 წელი მსოფლიოსთვის ახალი საყოველთაო გამოწვევით დაიწყო, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება და მთელი სამყარო მოიცვა. პანდემიის მასშტაბმა და ინფექციის გავრცელების სწრაფმა ტემპმა წლის დასაწყისშივე განაპირობა ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა, რამაც არნახული ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. იმის მიუხედავად, რომ პანდემიით მიყენებული ზუსტი ეკონომიკური ზარალი ჯერ დათვლილი არ არის და არც თვითონ ეპიდემიაა დამარცხებული, უდავოა, რომ 2020 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება ეკონომიკური ზრდის ტემპი მსოფლიოში. აღნიშნული კი განსაკუთრებით მტკივნეული იქნება განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის. ქვეყნების მიერ საზღვრების ჩაკეტვა, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება და მნიშვნელოვანი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ღონისძიებების ჩაშლა ან გადადება გარკვეულწილად შეამცირებს ეკონომიკის ზრდის ტემპს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეკონომიკური შედეგები უკვე გამოქვეყნდა განსაკუთრებით შემცირდა ინვესტიციები ტურიზმის სექტორში, სადაც წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, კლება 76%-ს შეადგენს. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში – 76%-ით, უმნიშვნელოდ, თუმცა ლოგიკურია, რომ გაიზარდა ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში (ზრდა 3%). ზემოაღნიშნული ორი სექტორი – ტურიზმი და ტრანსპორტი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე დარგებია, თუმცა პანდემიის ნეგატიურმა ეფექტმა ეს სექტორები ყველაზე მეტად დააზარალა.

საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლით, ზიანი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას კოვიდ პანდემიის გავრცელებამ მიაყენა, მძიმე ნეგატიურ გავლენას იქონიებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც. 2020 წლისთვის მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მინიმუმ 30%-ით შემცირებას პროგნოზირებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ინვესტიციები კიდევ უფრო მეტად შემცირდება განვითარებად ქვეყნებში. 2020 წლის პირველი ნახევრის ვარდნის შემდეგ, ყველაზე პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაშიც კი, 2021 წლამდე არსებული საინვესტიციო მოცულობა ვერ აღდგება. კიდევ უფრო მძიმე შედეგებს ვარაუდობს გაერო, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30-40% შემცირებას ელოდება. სექტორების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 208%-ით შემცირდება ენერგო და ნედლეულის მწარმოებელ სექტორში, 116%-ით ავიაციის სექტორში და 47%-ით ავტო ინდუსტრიაში. [3]

დასკვნა

საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები და ამ გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის სპეციფიკური და გამორჩეული მახასიათებელია ქვეყნის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა. აღნიშნული მოცემულობის მაქსიმალურად ხელსაყრელად უტილიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია გამართული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის არსებობა. ინვესტიციების მოზიდვის კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ძლიერი მცირე და საშუალო სექტორის არსებობა. ამ მიმართულებით საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი განავითაროს და გააძლიეროს ეს სექტორი.საბოლოოდ კი შეგვიძლია დავასკვნათ,რომ ინვესტიციები არის ის მთავარი მამოძრავებელი მექანიზმი,რომელიც ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის სტიმულირებას და მიუხედავად კორონა ვირუსისა,  არ უნდა შეჩერდეს რეფორმების გატარება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით.

გამოყენებული ლიტერატურა

1. არათაშვილი ევგენი, მაგრაქველიძე დალი: „საქართველოში საინვესტიციო გარემოს სრულყოფის პრინციპები“ 2009წ
2. უილიამ შარპი “ინვესტიციები“ აშშ 1989
3. https://www.kas.de/documents
4. https://www.geostat.ge/