დედამიწა პასიური მწეველია

ავტორის სტილი დაცულია
მარიამ საჩეჩელაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  IV კურსის სტუდენტი
mariam.sachechelashvili@gmail.com

ანოტაცია

21-ე საუკუნეში უფრო და უფრო ძლიერდება ადამიანების მხრიდან გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი მაჩვენებლები. ადამიანები ცდილობენ შეიქმნან ხელსაყრელი პირობები საცხოვრებლად, თუმცა უმეტესობა ვერ იაზრებს იმ უარყოფით ზემოქმედებაზე რასაც აყენებს გარემოს, შესაბამისად ვერც იმას იაზრებს რომ ისიც ამ გარემოს ნაწილია და საბოლოოდ ეს ყველაფერი მასზედაც უარყოფითად იმოქმედებს, როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ასევე ეკონომიკურადაც. მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ ერთობლივი ძალებით გაუმკლავდნენ, და შეამცირონ აღნიშნული ზემოქმედება, ამის დასტურია 2021 წელს ჩატარებული გლაზგოს კონფერენცია, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.

Annotation

Negative impact of human being is getting stronger on an environment during 21 century. People try to create favorable conditions for living, but most of people can’t imagine how devastating can be their actions for environment, in accordance they can’t even realize that they are a part of this environment and these action have a negative impact on them, not only because of health, also economic point of view. Governments of different countries try to solve these problems together and increase this impact. For example Glasgow conference, which was held in 2021. We will discuss about this conference in this article.  

გარემოს დაბინძურება, როგორც მსოფლიო პრობლემა

როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანი უმეტესი სამეურნეო საქმიანობის დროს უარყოფითად ზემოქმედებს გარემოზე. ამ ზემოქმედების თავიდან აცილება დანახარჯებთანაა დაკავშირებული. აქ ჩნდება პრობლემები: ვინ უნდა გასწიოს დანახარჯები, რა რაოდენობისაა მიყენებული ზარალი. მეწარმე დაინტერესებული იქნება თავიდან აიცილოს გარემოს დაბინძურება, თუ ეს უარყოფითად იმოქმედებს თავის სამეწარმეო საქმიანობაზე (ადგილი ექნება კადრების დენადობას, დასაქმებულების ავადობა იქნება მაღალი, დაზიანდება წარმოების შემადგენელი კომპონენტები). საბოლოოდ კი გარემოსადმი მიყენებული ზარალი იმოქმედებს საწარმოს ეკონომიკურ მდგომარეობაზედაც, რაც გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების ზრდას, მოგებას კი შეამცირებს.  (რამაზ, 2015)

ადამიანი თავისი ყოველდღიური საქმიანობით ზემოქმედებს ეკოლოგიურ ბიომრავალფეროვნებაზე, რაც როგორც უკვე აღვნიშნე, მოქმედებს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე. ანთროპოგენულ საქმიანობებს შედეგად მოჰყვება  ჰაერისა და მდინარის დაბინძურება, ნიადაგის ეროზია, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და სხვა. მომავალში მოსალოდნელია რომ ანთროპოგენური საქმიანობების შედეგად ჰაერში დაგროვდება დიდი რაოდენობით სათბური აირები რაც დააჩქარებს კლიმატის ცვლილებებს, ეს უკანასკნელი კი მძიმე შედეგების მომტანია.  (euneighbourseast.eu, 2020)

კლიმატის ცვლილებებზე მნიშვნელოვანად ზემოქმედებს ნახშირორჟანგის ემისია. ნახშირორჟანგი წარმოიქმნება წიაღისეულის წვის, მანქანებისა და ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვის შედეგად. განვიხილოთ ნახშირორჟანგის გლობალური ემისია, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკის სექტორთან და ასახულია დიაგრამა 1-ზე. ყველაზე მცირე რაოდენობით 1975 წელს  15,54 მილიარდი ტონა შეადგინა გამოყოფილი აირების რაოდენობამ. ყველაზე მეტი კი 2019 წელს დაფიქსირდა 33,4 მილიარდი ტონა. რაც შეეხება 2020 წელს, გამომდინარე იქიდან რომ ამ წელს დაიწყო კორონა ვირუსის პანდემია, შეიზღუდა გადაადგილება, ჩაიკეტა ქვეყნები, დაწესდა მკაცრი შეზღუდვები, შედეგად გამოიწვია ენერგეტიკულ საქონელზე მოთხოვნის კლება, შემცირდა ტრანსპორტითა და მანქანით გადაადგილება, ასევე შემცირდა ქვანახშირის გამოყენება მსოფლიო წარმოებაში, ამ ყველაფერმა კი ზეგავლენა იქონია ნახშირორჟანგის ემისიის მოცულობაზე, შეამცირა ის 31,5 მილიარდ ტონამდე. თუმცა 2021 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი გაიზარდა 33 მილიარდ ტონამდე, ამის მიზეზად კი შეგვიძლია მივიჩნიოთ ის რომ ადამიანებმა ისწავლეს პანდემიასთან ერთად ცხოვრება, შეზღუდვებიც ნელ-ნელა მცირდება. (Tiseo, 2021)

დიაგრამა 1. ნახშირორჟანგის ემისია 1975-2021 წლებში. (ენერგეტიკის სექტორში)

წყარო:https://www.statista.com/statistics/526002/energy-related-carbon-dioxide-emissions-worldwide/

ახლა კი განვიხილოთ გლობალური კლიმატის რისკის ინდექსი 2021. ამ ინდექსის საშუალებით ვიგებთ, თუ რამდენად დაზარალდნენ ქვეყნები თუ რეგიონები სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგად, როგორებიცაა ქარიშხალი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინდექსის გამოთვლა ხდება GermanWatch -ის მიერ, ხოლო მონაცემები 2019 წლისაა. ამ ინდექსის სათავეში არიან მოზამბიკი, ზიმბაბვე, ბაჰამის კუნძულები, იაპონია, მალავი, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, ნიგერია და ბოლივია. აქვე აღსანიშნია ისიც რომ 2021 წლის ინდექსის დათვლაში ამერიკის შეერთებულ შტატებს არ მიუღია მონაწილეობა. 2000 წლიდან 2019 წლამდე 475 000 მდე ადამიანი გარდაიცვალა, ამ წლებში 11 000 ექსტრემალური ბუნებრივი კატასტროფის დროს, რამაც საერთო ჯამში 2,56 ტრილიონი აშშ დოლარის ზარალი შეადგინა. (reliefweb.int, 2021)

გლაზგოს 2021 წლის კონფერენცია (COP26)

როგორც მრავალჯერ აღვნიშნე, გარემოს დაბინძურება გლობალური პრობლემაა, ხოლო მის აღმოსაფხვრელად მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ ერთიანი ძალისხმევით, შეთანხმებულად იმოქმედონ. 2021 წელს შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოში ჩატარდა კონფერენცია. 13 დღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ამ კონფერენციის  მონაწილე 200 ქვეყანა შეთანხმდა გლაზგოს კლიმატის პაქტზე. ამ შეთანხმების შედეგად დაჩქარდება კლიმატის დამცველობითი მოქმედება. როგორც COP26 ის პრეზიდენტი შარმა განმარტავს – იმ შემთხვევაში გადავრჩებით თუ ყველა ქვეყანა შეასრულებს თავის დანაპირებს.

გლაზგოს კლიმატის პაქტში ყურადღება გამახვილებულია 4 მნიშვნელოვან საკითხზე, ესენია:

  • შერბილებები – ემისიების შემცირება;
  • ადაპტაცია- კლიმატის ცვლილებების შედეგად უკვე დაზარალებულთა დახმარება;
  • ფინანსები – საშუალებას აძლევს ქვეყნებს მიაღწიონ თავიანთ კლიმატის მიზნებს
  • თანამშრომლობა – ერთობლივად მუშაობა, კიდევ უფრო უკეთესი მიზნის მისაღწევად.

ამ შეთანხმების თანახმად 2050 წლამდე დედამიწაზე გლობალური ტემპერატურის ნაზრდი არ გადააჭარბებს 1,5°C-ს. 2030 წლამდე კიდევ უნდა გაიზარდოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მექანიზმი, ხოლო  ისეთ მხარეებს რომლებსაც ჯერ არ წამოუდგენიათ ემისიების შემცირების გრძელვადიანი მიზნები ვალდებულნი არიან 2022 წლის COP27-ის ანგარიშის გამოცემამდე წარადგინონ გეგმები, სადაც დასაბუთებული იქნება 2050 წლისათვის ნულოვანი ემისიების მიღწევის გზები.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონფერენციაზე ქვეყნებს მოუწოდეს გააძლიერონ მუშაობა სუფთა ენერგიის გენერაციისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით, მაქსიმალურად შეამცირონ ქვანახშირის სადგურების რაოდენობა. თუმცა დასკვნით სხდომაზე ჩინეთმა და ინდოეთმა მოითხოვეს ხელმოსაწერ დოკუმენტში ქვანახშირის „ეტაპობრივი შეწყვეტა“ „ეტაპობრივი შემცირებით“ შეეცვალათ. გლაზგოს შეთანხმების გადარჩენის  მიზნით, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ქვეყნის უკმაყოფილება გამოიწვია, ამ ცვლილებას დათანხმდნენ.

ქვეყნებს მოუწოდეს 2030 წლისათვის მეთანის ემისიის შემცირებაზე, ამასთანავე დანიამ და კოსტა რიკამ დაარსეს ალიანსი „ გაზისა და ნავთობის მიღმა“, რითაც შეეცდებიან ცნობიერების ამაღლებას ნავთობის გარეშე ენერგიის წარმოების ნაკლებად დამაბინძურებელ გზებზე. პარიზის შეთანხმების მიხედვით ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 2020 წლამდე 100 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვის შესახებ, კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად, ეს ვალდებულება არ შესრულებულა, შესაბამისად COP26 ზე მოუწოდეს ქვეყნებს 2025 წლამდე აღნიშნული ვალდებულების შესრულების შესახებ. (მიქაძე, 2021)

განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდეს რომ გააძლიერონ ადაპტაციის დაფინანსება, 2025 წლისთვის სულ მცირე გააორმაგონ 2019 წლის დაფინანსების მაჩვენებელი. დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა UNFCCC ადაპტაციის ფონდში, რაც დაახლოებით სამჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს. COP26 ის ფარგლებში გამოიყო:

  • 274 მილიონი ფუნტი სტერლინგი  აზიისათვის, კლიმატის ცვლილებისა და ნახშირორჟანგის დონის შემცირებისათვის;
  • 27 მილიონი დოლარი გამოყო გაერთიანებულმა სამეფომ ინდოეთისა და ავსტრალიისათვის CDRI კოალიციისათვის, რომლის მიზანია ხალხის დაცვა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კატასტროფებისაგან;
  • 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი CLARE პროგრამის ფარგლებში, ამ პროგრამას აფინანსებს გაერთიანებული სამეფო და კანადა, მისი მიზანია 5 მილიონი, ყველაზე დაუცველი ადამიანისათვის დახმარება კლიმატის ცვლილებების ზემოქმედებიდან გამომდინარე;
  • 10 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაერთიანებული სამეფოდან, 3,5 მილიონი დოლარიი აშშ დან, ასევე მუდმივი დაფინანსება ირლანდიიდან მიმართულია ნაკლბად განვითარებული ქვეყნებისაკენ ადაპტაციისა და კლიმნატური ცვლილებების მიმართ მათი დაუცველობის შესამცირებლად;
  • 67 მილიონი აშშ დოლარი CRPP პროგრამისათვის.

2025 წლისათვის ფინანსური ჯგუფის გაერთიანება 12,7 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს ადაპტაციისათვის. (UKCOP26, 2021)

კონფერენციის დაწყებისთანავე საზოგადოების პროტესტი გამოიწვია რამოდენიმე ფაქტმა, მოსახლეობა პირველ რიგში მოუწოდებდა კონფერენციის მონაწილეებს მიეღოთ გლობალური ხასიათის ზომები. ასევე უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა,რომ Amazon -ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, სამიტზე საკუთარი კერძო თვითმფრინავით მივიდა, მასთან ერთად კერძო თვითმფრინავით სარგებლობდნენ ჯო ბაიდენი, კანადის, საფრანდეთის, ინდოეთის, ისრაელის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები. მიზეზი კი ის იყო, რომ თვითმფრინავებით ატმოსფეროს ნაზშირბადით დაბინძურების მაჩვენებელი 2%-ია. (გელაშვილი, 2021)

განვიხილოთ დიაგრამა 2, სადაც წარმოდგენილია ნახშირორჟანგის ემისიის მაჩვენებლები კომერციული თვითმფრინავებიდან 2021 წლის მონაცემების ჩათვლით

დიაგრამა 2. თვითმფრინავების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობა ჰაერში. მილიონ ტონებში

წყარო: statista.com

აღნიშნულ დიაგრამაზე, ვხედავთ რომ გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა 2004 წლიდან 2020 წლის დასაწყისამდე შესამჩნევად იზრდება, რაც დაკავშირებულია მოთხოვნის ზრდასთან, თუმცა 2020 წელს დაიწყო პანდემია, ქვეყნები ჩაიკეტა, შეწყდა საჰაერო მიმოსვლა, შედეგს კი დიაგრამაზე ვხედავთ 2020 წელს ყველზე მცირე 495 მილიონი ტონა ნახშირორჟანგია ჰაერში გამოყოფილი.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა რომ საქართველო 2030 წლისათვის იღებს ვალდებულებას სასათბურე აირების 50%-ით შემცირების თაობაზე, 1990 წლის მონაცემებთან შედარებით, ამას კი საქართველო მოახერხებს ენერგიის სექტორში ქარისა და მზის ენერგიის წილობრივი ზრდით ბაზარზე, კლიმატზე მორგებული ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებით. ღარიბაშვილი ასევე შეხვდა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, იმსჯელეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მხარდაჭერაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღარიბაშვილი შეხვდა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, სადაც მხარეებმა ორმხრივი ინტერესი გამოთქვეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისათვის. (civil.ge, 2021)

2022 წელს კლიმატის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება ეგვიპტეში, ხოლო შემდეგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისინი კლიმატის პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ქვეყნები არ არიან, რაც გამოიწვევს ნაკლებ კონტროლს აღნიშნულ შეთანხმებებზე, შესაბამისად უფრო დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო იმის დასადგენად თუ რამდენად პატიოსნად ასრულებენ ქვეყნები თავიანთ პირობებს.

რომ შევაჯამოთ, კონფერენციის მთავარი მიზანია გარემო დაბინძურების დონის შემცირება. კონფერენციის მიზანი რეალობაში მაშინ იქცევა თუ ამ შეთანხმების ყველა წევრი ქვეყანა პატიოსნად შეასრულებს თავის ვალდებულებებს, შეამცირებს, მინიმუმამდე დაიყვანს თუნდაც სათბური აირების გამოყოფას ჰაერში, თუმცა აქვე ჩნდება ალტერნატიული დანახარჯიც, ეს ყველაფერი დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი დამაბინძურებელი ქვეყანა უარს აცხადებს სათბური აირების ემისიის შემცირებაზე, ესენია ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი. (გლაზგოში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს ეძღვნება, 2021)

დასკვნა

პანდემიის პერიოდმა აჩვენა, რომ ადამიანები მართლაც ყველაზე მავნედ ზემოქმედებენ გარემოზე. როცა მსოფლიო გაჩერდა, ხალხი სახლებში გამოიკეტა, გარემომ „ამოისუნთქა“, შემცირდა ტყის ჩეხვა, რამაც ნახშირორჟანგის რაოდენობა შეამცირა ხოლო ჟანგბადისა გაზარდა, გაჩერდა ტრანსპორტი, ავტომანქანები, თვითმფრინავები, საზღვაო ტრანსპორტი, რამაც, რა თქმა უნდა, დაბინძურების მაჩვენებლები უკეთესობისაკენ შეცვალა. თუმცა 2021 წელს უკვე შეეჩვია მსოფლიო პანდემიას, ისწავლა მასთან ერთად ცხოვრება და დაიწყო ძველებურად „აქტიური“ მოქმედებები. ადამიანის მავნე ზემოქმედება საჭიროებს კონტროლს, ასევე საჭიროა გლობალური ზომების მიღება, რათა საბოლოოდ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი გარემო დაბინძურების მაჩვენებლები, ეს კი შეუძლებელია ერთიანი მოქმედების გარეშე.

გლაზგოს კონფერენცია მართლაც, რომ მნიშვნელოვანი რამაა ამ ყველაფერთან საბრძოლველად, თუმცა რთულია გააკონტროლო სხვადასხვა ქვეყნის არაკეთილსინდისიერი ზრახვა და ქმედებები, თუმცა იმედი მაქვს მომავალში სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება, იმედი მაქვს, ხალხი ისწავლის საკუთარი გარემოს დაფასებას.

და ბოლოს, ასე თუ გაგრძელდა გარემოს, კონკრეტულად ჰაერის, დაბინძურება, მწერლები და პოეტები ლაჟვარდოვან ცაზე ფიზიკურად ვეღარ დაწერენ, რადგან აღარც კი გამოჩნდება კვამლისფერ ჯანღში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. civil.ge. (2021). ღარიბაშვილმა გლაზგოში ვიზიტი დაასრულა. civil.ge. ბოლო ნახვა იანვარი 22, 2022,  https://civil.ge/ka/archives/452703
  2. euneighbourseast.eu. (2020, მაისი 29). www.euneighbourseast.eu. https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/facts/ratom-aris-garemos-datsva-mnishvnelovani-da-rogor-zrunavs-masze-evrokavshiri-aghmosavleth-partniorobis-khveqhnebshi/
  3. reliefweb.int. (2021, იანვარი 21). reliefweb.int. https://reliefweb.int/report/world/global-climate-risk-index-2021
  4. Tiseo, I. (2021, სექტემბერი 29). Global CO2 emissions related to energy 1975-2021. statista.com. ბოლო ნახვა იანვარი 22, 2022,  https://www.statista.com/statistics/526002/energy-related-carbon-dioxide-emissions-worldwide/
  5. UKCOP26. (2021). COP26 THE GLASFOW CLIMATE PACT. UN CLIMATE CHANGE CONFERENCE UK 2021.ბოლო ნახვა JANUARY 22, 2022,  https://ukcop26.org/wp-content/uploads/2021/11/COP26-Presidency-Outcomes-The-Climate-Pact.pdf?_x_tr_sl=en&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=ka&_x_tr_pto=sc
  6. გელაშვილი, ა. (2021, ნოემბერი 2). ბეზოსი გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატური ცვლილების კონფერენციაზე კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. www.entrepreneur.com. ბოლო ნახვა იანვარი 22, 2022,  https://www.entrepreneur.com/article/394768
  7. გლაზგოში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს ეძღვნება. (2021). რადიო თავისუფლება. ბოლო ნახვაიანვარი 22, 2022,  https://www.radiotavisupleba.ge/a/31539371.html
  8. მიქაძე, ე. (2021). რა მოხდა გლაზგოს კლიმატის სამიტზე — COP26-ის შედეგები. on.ge. ბოლო ნახვა იანვარი 22, 2022,  https://on.ge/story/93809-cop26-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A8%E1
  9. რამაზ, ა. (2015). ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი.  ა. რამაზ. “თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა”.