ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების სახელმწიფო ხელშეწყობა საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
სტეფანე ტაკაევი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
III კურსის სტუდენტი
stepan.takaev765@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის უზრუნველყოფა თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობებით. სწორედ ასეთი მიდგომა არის დამახასიათებელი განვითარებული, პროგრესული ქვეყნებისათვის. საქართველოში დღესდღეობით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, საკმაოდ ბევრი პრობლემა არსებობს ქალთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხში, მაგრამ დროთა განმავლობაში აღინიშნება პროგრესული ცვლილებები, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს გენდერული უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრას, რადგან სწორედ ეს პრობლემა ქმნის უამრავ სხვა ნეგატიურ მოვლენას სხვადასხვა სექტორში, მათ შორის დასაქმების სექტორში. საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ გააუმჯობესონ ეკონომიკური გაძლიერების მრავალი ისეთი ასპექტი, როგორიცაა ეკონომიკურ რესურსებზე წვდომა, მიწის და სხვა საკუთრების ფლობის უზრუნველყოფა, ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი ლიდერულ პოზიციებზე. მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესებმა ქალთა ეკონომიკური აქტიურობის საკითხი წინა პლანზე წამოსწია და დღის წესრიგში დააყენა. საკამათო არ არის, რომ გენდერული თანასწორობა ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობისა და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, ვინაიდან იგი დასაქმებისა, შემოსავლების ზრდისა და საყოველთაო კეთილდღეობის დამკვიდრების საფუძველს წარმოადგენს.
Annotation
It is extremely important for the social and economic development of the state to provide each member of the society with equal economic opportunities. Such an approach is typical of developed, progressive countries. Economic empowerment of women remains a significant challenge in Georgia today, there are many problems in promoting women’s employment, but over time there have been progressive changes, which, of course, have a positive impact on the country’s economy and society. In the modern world, many international organizations are trying to eliminate the problem of gender inequality, because it is this problem that creates many other negative events in various sectors, including the employment sector. International organizations seek to improve many aspects of economic empowerment, such as access to economic resources, ensuring land and other property ownership, and equal participation of women at all levels of decision-making, especially in leadership positions. The ongoing processes of globalization and democratization in the world have brought the issue of women’s economic activity to the forefront and put it on the agenda. There is no doubt that gender equality is a key factor in a country’s democratic construction and economic development, as it is the basis for employment, income growth and the establishment of universal well-being.
ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში
ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და კეთილდღეობის ამაღლებაზე ქალთა ეკონომიკური აქტიურობის გავლენის შესწავლა შეუძლებელია სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლებისა და მონაცემების გარეშე. ამისთვის საჭიროა განვიხილოთ ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში და გავაანალიზოთ სტატისტიკური მონაცემები.
შრომის ბაზარში ჩართულობა, რაც პირდაპირ გულისხმობს, რომ პირი არის დასაქმებული ან აქტიურად ეძებს სამუშაოს, წარმოადგენს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. შესაბამისი სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის სტატისტიკური მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში მამაკაცებისთვის შეადგენდა დაახლოებით 62-67 პროცენტს და ქალებისთვის 40-46 პროცენტს, რაც მიუთითებს შრომის ბაზარზე არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებაზე გენდერული მიმართულებით. ქალთა 16.2% უმუშევარია, ხოლო უმუშევართა კაცების მაჩვენებელი 20.2%-ია. [2]
გრაფიკი 1. უმუშევრობის დონე სქესობრივ ჭრილში, %
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოში ქალების უმუშევრობის ტრადიციულად დაბალი დონე, მამაკაცებთან შედარებით, შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს. თუმცა ამის ახსნა მარტივია: უმუშევრად ითვლება ის, ვინც აქტიურად ეძებს სამუშაოს და მზად არის თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ ქალები შრომის ბაზარზე ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან, უმუშევარი ქალების წილიც შესაბამისად დაბალი გამოდის.
2020 წლის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების და სქესის მიხედვით შემდეგნაირია: ქალი – 952.2 ლარი, კაცი – 1407.7 ლარი. [2]
გრაფიკი 2. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სქესის მიხედვით, ლარი
წყარო : https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi
ხელფასებში განსხვავება გენდერული მიმართულებით კვლავაც მნიშვნელოვანი რჩება, რადგან ქალები იღებენ მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასის ორ მესამედზე ნაკლებს. 2020 წელს ქალების ხელფასის თანაფარდობა მამაკაცების ხელფასთან 67.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 3.8 პროცენტული პუნქტით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. [3]
გრაფიკი 3. ქალის საშუალო თვიური ხელფასის თანაფარდობა კაცის საშუალო თვიურ ხელფასთან, %
წყარო : https://www.geostat.ge/ka/single-archive/3362#
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაბალი ეკონომიკური აქტიურობის მიზეზი საზოგადოებაში სამუშაოს გენდერული დაყოფა და ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომაა.
ქალებში ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელი 40.4%, ხოლო მამაკაცებში 62%-ია. ასევე დაბალია ქალთა დასაქმების მაჩვენებელი, რომელიც 33.9%-ს შეადგენს, ხოლო მამაკაცებში 49.5%-ს. [2]
საყურადღებოა 16-24 წლამდე დაქორწინებულთა სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ამ ასაკში დაქორწინებულ ქალთა რაოდენობა 5917 (36.2%) გახლავთ. [7]
ადრეულ ასაკში ქორწინება ზღუდავს განათლების მიღების საშუალებას, ქალის სამუშაო ძალაში ჩართვას, პროფესიულ განვითარებასა და, შესაბამისად, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას. მონაცემები სტუდენტთა რიცხოვნობის შესახებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამების მიხედვით (2018/2019 ს.წ), აღწერს ტენდენციას, რომ ქალი სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებზე, როგორებიცაა სამშენებლო მიმართულებები, ასევე, სოფლის მეურნეობა და მეცნიერება. ქალი სტუდენტები ძირითადად კონცენტრირებულები არიან დაბალანაზღაურებადი სექტორისათვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამებზე, შესაბამისად, გვაქვს საშუალო შემოსავლის, დასაქმების სფეროების მხრივ დიდი განსხვავება სქესის მიხედვით, რასაც საფუძვლად შეიძლება ედოს საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ნორმები და სტერეოტიპები. მიუხედავად გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით 2020 წელს კანონში შეტანილი ცვლილებებისა, ქალთა რაოდენობა საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 4%-ით გაიზარდა და 20%-ს შეადგენს. ზემოთ თქმულთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული უთანასწორობის ინდექსის 2019 წლის მაჩვენებლით საქართველო 74-ე ადგილზ იყო 149 ქვეყანას შორის, თუმცა 2018 წელთან შედარებით, გაუარესდა სამი ძირითადი ინდექსი:
1. სამუშაო ძალაში მონაწილეობა, 91-ე ადგილი 86-ე ადგილის ნაცვლად
2. იდენტური შრომისთვის ანაზღაურება, 73-ე 69-ე ადგილის ნაცვლად
3. საშუალო შემოსავალი 118-ე 110-ე ადგილის ნაცვლად.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გენდერული სხვაობის ინდექსის (GGI) 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული სხვაობა შეფასებულია 0,732 ქულით (1 საუკეთესო, 0-ძალიან ცუდი), რომლითაც 153 ქვეყანას შორის საქართველო 49-ე ადგილზეა. ქალთა ეკონომიკური და გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ არასახარბიელოა. ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი, სახელფასო სხვაობა, ქალების დაბალი წარმომადგენლობა მაღალანაზღაურებად სფეროებში და ა.შ პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ ქალების ეკონომიკური პოტენციალის სტიმულირება ჯერ კიდევ არ შესულა აქტიურ ფაზაში. [1]
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა
საკანონმდებლო ჩარჩო
2020 წელს საქართველოს შრომის კოდექსში შევიდა რიგი ცვლილებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. კერძოდ, დამსაქმებელი ვალდებულია ქალი და კაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურება. ცვლილება მოიცავს დეკრეტული შვებულების შემდგომ პროფესიულ გადამზადებას და სამსახურის შენარჩუნების გარანტიებსაც. ამასთან, ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღების უფლება კაცებსაც ექნებათ, რაც ქალთა აუნაზღაურებელი საოჯახო შრომის გადანაწილების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია და, საბოლოოდ, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე აისახება. თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება დეკრეტული შვებულების ღირსეული ანაზღაურება და ქალისა და კაცის თანაბარი ღირებულების შრომის გაზომვის მეთოდოლოგიის არარსებობა, რომელიც აუცილებელია კანონში არსებული ჩანაწერის აღსრულებისთვის. [4]
საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიებთან მიმართებით, სიტუაცია ასეთია: 6 რეგიონის სტრატეგია მოიცავს „გენდერული მაჩვენებლების“ ნაწილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რეგიონის ცხოვრებაში ქალების მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი პრობლემას წარმოადგენს. სტრატეგიები მოიცავს რეგიონების სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასებას. სუსტ მხარეებში დასახელებულია „გენდერული დისბალანსი საჯარო და კერძო სექტორში“. ამასთან, რეგიონების განვითარების სტრატეგიულ მიზნებს შორის დასახელებულია „მედიისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებისა და გენდერული უთანასწორობის შემცირების უზრუნველყოფა“, ხოლო მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია ამოცანა: „გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება“.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიაში, წინა დოკუმენტებისგან განსხვავებით, უფრო მკაფიოდაა ინტეგრირებული გენდერული საკითხები. გამახვილებულია ყურადღება გენდერული სტატისტიკის წარმოების აუცილებლობაზეც. გამოვლინდა, რომ ქალების წვდომა ისეთ რესურსებზე, როგორებიცაა მიწა და ფინანსები, შეზღუდულია, ისევე როგორც ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტრატეგიის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალთა, ახალგაზრდებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის სტიმულირებას [5]
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის. სტრატეგიის ერთ-ერთ მიმართულებაში „მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარება და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა“ ხაზგასმულია, რომ „ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ქალთა მეწარმეობის გაძლიერება და ხელშეწყობა. ქალები ნაკლებად არიან ჩართულები სამეწარმეო საქმიანობაში, ვიდრე მამაკაცები, ამრიგად, მნიშვნელოვანია მოხდეს კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება ქალ მეწარმეთა სტიმულირების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ქალების მონაწილეობის ზრდას ეკონომიკურ საქმიანობაში“. [6]
საგულისხმოა, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის 5 სტრატეგიული მიმართულებიდან მხოლოდ ერთ, ზემოთ ნახსენებ მიმართულებაშია გაწერილი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ღონისძიებების გატარების აუცილებლობა და არაფერია ნათქვამი „ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა“ და დანარჩენ მიმართულებებში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ხელი შეეწყობა ქალთა მონაწილეობას სახელმწიფო პროგრამებში, მათ შორის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების კომპონენტში და ინოვაციების ხელშეწყობის პროექტებში. ნიშანდობლივია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაში ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური ზომის მიღებამ პროგრამაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი გაზარდა, თუმცა საგულისხმოა, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ განხორციელებულ საგრანტო პროგრამებში ქალების მონაწილეობა მკვეთრად დაბალია.
საქართველოში, სახელმწიფო უწყებები და სააგენტოები ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მომუშავე სააგენტოებთან („აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სოფლის განვითარების სააგენტო) თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რომელმაც სააგენტოებში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგების საფუძველზე, 2020 წელს, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ სააგენტომ 2021 წელს დაიწყო სქესის ნიშნით სტატისტიკის წარმოება ინდუსტრიულ ნაწილში დაფინანსებული საწარმოების დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების შესახებ. სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროგრამების შეფასების მიზნით, იქმნება ინდიკატორები, რომლებიც შეფასების შედეგების სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების წარმოების საშუალებას იძლევა. 2022 წლისათვის სააგენტოში სრულყოფილად იქნება დანერგილი დაფინანსებული პროექტების ხანგრძლივვადიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემა.
2021 წელს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შესრულება დაიწყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომაც, რომლის სტრატეგიულ მიზნებს შორისაა სერვისებსა და პროგრამებში გენდერული თანასწორობის დანერგვა და ხელშეწყობა. ამასთან, სააგენტო გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხითაც გეგმავს მუშაობას.
მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია „სააგენტოს პროგრამებში ქალთა მონაწილეობით მათი ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა“. იგეგმება სპეციალური პროგრამის შემუშავებაც მხოლოდ ქალებისთვის. ამასთან, სააგენტოს დაგეგმილი აქვს გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში, გენდერის საკითხებში მრჩევლის თანამდებობაც გამოიყო. [1]
ქალთა მონაწილეობა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში
ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებაა, რაც გულისხმობს განაცხადის შეფასების ეტაპზე, მისთვის დამატებითი ქულის მინიჭებას. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, პროგრამის ფარგლებში, 699 გამარჯვებულს შორის 341 (48.8%) ქალია.
2016 წლიდან ხორციელდება ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“. აღნიშნული პროგრამა სამთავრობო ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი კომპონენტის „ეკონომიკური რეფორმის“ ნაწილია. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 7 სტარტაპიდან ქალები იყვნენ ორის დამფუძნებლები.
სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წელს განხორციელებული პროგრამებიდან, მხოლოდ „ახალგაზრდა მეწარმის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ქალების რაოდენობა აღემატებოდა კაცებისას (21 ქალი, 18 კაცი) აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ქალების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ქალი აპლიკანტებისთვის ასაკობრივი ჯგუფი 18-40 წელია, ხოლო კაცებისთვის 18-35 წელია განსაზღვრული.
სააგენტოს ერთ-ერთი პროგრამა, „დანერგე მომავალი“, მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ფიზიკური პირის ან კოოპერატივის 100%-იან დაფინანსებას ითვალისწინებდა. 2020 წელს, პროგრამის ბენეფიციარების 24.5%-ს წარმოადგენდნენ ქალები (676 კაცი, 219 ქალი) [5]
2014 წლიდან მოქმედებს აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებასა და რისკების შემცირებას. 2020 წელს პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა 21.5% ქალია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ქალები ყველაზე მეტად არიან ჩართულები აღნიშნულ პროგრამაში, რომელშიც თანადაფინანსების თანხობრივი ოდენობა ერთ ბენეფიციარზე სააგენტოს სხვა პროექტებთან შედარებით საგრძნობლად დაბალია. ხოლო სააგენტოს ყველაზე მაღალბიუჯეტიან შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში, რომელიც სააგენტოს მხრიდან, კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას ითვალისწინებს, 2020 წელს ბენეფიციართა 13.5%-ს წარმოადგენდნენ ქალები. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ქალების მიერ სარგებლობას ართულებს ის გარემოება, რომ ქალებს შეზღუდული წვდომა აქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, სხვა უძრავ ქონებასა და ფინანსებზე. რესურსებზე შეზღუდული წვდომა ქალებს, სააგენტოს პროექტებით სარგებლობის მიზნით, ბანკებიდან სესხის აღების დროსაც დაბრკოლებას უქმნის, რადგან ბანკების მხრიდან უმეტესად სესხის უძრავი ქონებით ან მიწის ნაკვეთით უზრუნველყოფაა მოთხოვნილი.
დასკვნა
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. იგი ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას ეკონომიკურად აქტიურს ხდის, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს უფრო მეტი სიმდიდრის და კეთილდღეობის შექმნას ქვეყანაში. იმისათვის, რომ ქალი ეკონომიკურად გაძლიერდეს, საჭიროა, მას ჰქონდეს ფინანსებსა და რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ზურგს უმაგრებდეს მყარი და ეფექტური ინსტიტუტები და, რაც მთავარია, გააჩნდეს არჩევანის საშუალება და კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალების დასაქმების მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ გაუთანაბრდა მამაკაცების დასაქმების მაჩვენებელს, შეინიშნება დადებითი ტენდენცია და ქალების როლი ეკონომიკის განვითარებაში იზრდება. საჭიროა უფრო აქტიური პოლიტიკის ჩატარება და ქალების აქტიური ჩართვა ეკონომიკურ პროცესებში. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკისა და მის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების ანალიზი ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ რიგი ღონისძიებები აქვს გასატარებელი.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ანი ნიქაბაძე, მარიამ მანაგაძე, გიორგი აბაშიძე, ნესტან ვარშანიძე, გვანცა შიშინაშვილი, ანა ცანავა, ქეთევან ნაკანი, ციცინო შენგელია, შორენა მამულაძე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა: შესაძლებლობები და გამოწვევები, 2021, თბილისი
2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
https://www.geostat.ge/ka/single-archive/3362#
4. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5003141?publication=0
5. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021–2027 წლების სტრატეგია
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/20395
6. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის
http://www.economy.ge/uploads/files/2017/ek__politika/sme_strategy/mcire_da_sashualo_mecarmeobis_ganvitarebis_strategia_2016_2020.pdf
7. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/323/kortsineba
8. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi