მოსახლეობის დაბერება – გლობალური პრობლემა

ავტორის სტილი დაცულია

სალომე შუკაკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
salome.shukakidze22@gmail.com

ანოტაცია

მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში. თუ დღემდე მოსახლეობის დაბერება ერთი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში, ამჟამად ეს პროცესი დაიწყო თვით ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიც. მოსახლეობის დაბერება, ერთის მხრივ, შეიძლება განვიხილოთ როგორც კაცობრიობის წარმატება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, მედიცინისა და ეკონომიკის განვითარებაში, მრავალი დაავადებების აღმოფხვრაში. მეორის მხრივ, ეს არის მსოფლიო მოვლენა რომელიც უქმნის მრავალ პრობლემას ქვეყნების ეროვნულ განვითარებას და ოჯახების მდგრადობას. მოცემულ სტატიაში განხილულია თუ რას გულისხმობს ზოგადად მოსახლეობის დაბერება და რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოსათვის.

Annotation

The demographic aging of the population is taking place all over the world. If until now the aging of the population has been going on for a century only in developed countries, now this process has started even in the least developed countries. The aging of the population, on the one hand, can be seen as the success of mankind in improving public health, in the development of medicine and the economy, in the eradication of many diseases. On the other hand, it is a world event that poses many problems for the national development of countries and the sustainability of families. This article discusses what the aging population in general means and how big a problem it is for the whole world.

რატომ ბერდება მოსახლეობა?

ადამიანთა უმეტესობა  ფიქრობს რომ ამის მიზეზია ცვლილებები რომელიც ხდება სიცოცხლის ხანგრძლივობაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, მოსახლეობის დაბერება ეს არის ადამიანთა ხანგრძლივი სიცოცხლის შედეგი. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დაბერების ყველაზე ცნობილი ისტორიული ფაქტორი არის შობადობის შემცირება. მოსახლეობის დაბერება ეს არის 65 წლის და ზედა ასაკის ადამიანთა ხვედრითი წილის ზრდა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. როდესაც ბავშვთა შობადობა მცირდება ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მოსახლეობის ხვედრითი წილი მცირდება მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. 2021 წლის მონაცემებით შობადობის ჯამობრივმა კოეფიციენტმა განვითარებულ ქვეყნებში შეადგინა 1.7 ბავშვი. შობადობის შემცირება განვითარებად სამყაროში ეს არის უკანასკნელი წლების მოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ შობადობის მაჩვენებლები უმეტეს განვითარებად რეგიონებში კლებულობს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი კვლავ  მაღალი რჩება აფრიკაში (5.0 ბავშვი), ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბევრ ქვეყანაში. მოსახლეობა დაბერებას იწყებს როდესაც შობადობა მცირდება და უფროს თაობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლები უმჯობესდება. [1]

მიგრაციაც ასევე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მოსახლეობის დაბერების ერთ-ერთი ფაქტორი. საერთაშორისო მიგრაცია ჩვეულებრივ მთავარ როლს არ თამაშობს დაბერების პროცესში, მაგრამ ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი იქ სადაც მოსახლეობის მცირე რაოდენობაა. მაგალითად, კარიბის აუზის ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდა ასაკის შრომისუნარიანი მოსახლეობის ემიგრაცია და უფროსი ასაკის ყოფილი მიგრანტებისა და პენსიონერების უკუ მიგრაცია იწვევს მოსახლეობის დაბერებას ამ ქვეყნებში. ბევრი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მიგრაციას შეუძლია განსაკუთრებულად დადებითი როლი შეასრულოს “მოხუც” ქვეყნებში, სადაც დაბალი შობადობის გამო მოსახლეობის რაოდენობა არის სტაბილური ან კლებადი. მოსახლეობის დაბერების პროცესი განსხვავებული ტემპით მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში და ქვეყნებში. მაგალითად საფრანგეთში  65 წლის და ზედა ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი 120 წლის განმავლობაში გაიზარდა 7%-დან 18%-მდე. ხოლო იაპონიაში იგივე ზრდა მოხდა მხოლოდ 26 წლის განმავლობაში. მოსახლეობის სწრაფი დაბერება მიმდინარეობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რისი მიზეზიც არის შობადობის დონის მკვეთრი შემცირება.  მოსახლეობის დაბერების გლობალური მოვლენა პირდაპირ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ფუნდამენტალურ ტრანსფორმაციასთან, რომელიც სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში.[1]

გენდერი და დაბერება

ქალები შეადგენენ უმრავლესობას თითქმის ყველა ქვეყნის მოხუც მოსახლეობაში და მათი უმრავლესობა იზრდება ასაკთან ერთად. გენდერულ დისბალანსს მოხუცებულობის ასაკში აქვს მრავალი შედეგი მოსახლეობისათვის, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდების ოჯახური მდგომარეობა. მთავარი მიზეზი ქალთა სიჭარბისა მოხუცებულ ასაკობრივ ჯგუფებში არის ის, რომ კაცების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა ასაკობრივ ჯგუფებში ჭარბობს ქალების სიკვდილიანობის მაჩვენებელს, თუმცა დაბადებისას ყოველ 100 გოგონაზე მოდის 105 ვაჟი. თუ რატომ ცოცხლობენ ქალები მეტ ხანს, ამას განაპირობებს ბიოლოგიურ, სოციალური და ქცევითი პირობების ურთიერქმედების მთელი კომპლექსი. მამაკაცების მაღალ სიკვდილიანობას განაპირობებს ისეთი რისკი ფაქტორები როგორიცაა თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და პროფესიული საქმიანობა. გენდერული განსხვავება იზრდება აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ხოლო ის მცირდება უმეტეს სხვა ქვეყნებში. მაგალითად, აშშ-ში 1980-2015 წლებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებში გაიზარდა 4,4 წლით, ხოლო ქალებში 2,3 წლით; სიცოცხლის ხანგრძლივობის გენდერული განსხვავება ამ პერიოდში შემცირდა 7,5-დან 4 წლამდე. მაგრამ ზოგიერთ ქვეყნებში, სადაც მაღალია საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა (მაგალითად იაპონიაში, საბერძნეთში და ისლანდიაში), ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის ტემპი ჭარბობს მამაკაცების ანალოგიურ მაჩვენებელს. [1]

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოსახლეობის უფროს ასაკობრივ ჯგუფებში ქალები ყველგან ჭარბობენ მამაკაცებს. მაგალითად რუსეთში 65 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში ყოველ 100 ქალზე მოდის 46 მამაკაცი. საერთოდ განვითარებული ქვეყნების მოხუცი მოსახლეობის სქესთა თანაფარდობაში უფრო დიდი განსხვავებაა, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის სქესობრივი თანაფარდობა.

მომავალში მოსალოდნელია, რომ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მოხუცი მოსახლეობის სქესთა თანაფარდობაში მოხდება ცვლილებები. კერძოდ განვითარებულ ქვეყნებში განსხვავება სქესთა თანაფარდობაში შემცირდება, რადგან აქ მცირდება განსხვავება სქესთა სიცოცხლის ხანგრძლივობაში, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მოხდება პირიქით, გაიზრდება განსხვავება სქესთა თანაფარდობაში, რადგან აქ იცვლება ისტორიული ტენდენციები ქალების მიმართ დამოკიდებულებაში. იზრდება ქალთა განათლების დონე და უმჯობესდება მათი ჯანმრთელობა. [2]

ცხრილი 1

წყარო: US Census Bureau, International Data Base (www.census.gov)

ცხრილი 1-ში მოცემულია მამაკაცთა რაოდენობა ყოველ 100 ქალზე, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. ამ ცხრილიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვითარებად ქვეყნებში მამაკაცთა რაოდენობა ყოველ 100 ქალზე საკმაოდ მეტია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

მოსახლეობის დაბერება მსოფლიოში

მოსახლეობის დაბერებას ჩვეულებრივ უკავშირებენ ევროპას. დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით ევროპა ყველაზე მეტად ბერდება. დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყნებში მოსახლეობის 17 პროცენტზე მეტი 65 წელს გადაცილებულია, ხოლო ზოგიერთ რეგიონებში ეს პროცენტული მაჩვენებელი უახლოვდება 25 პროცენტს.          დღეს ინდუსტრიულ ქვეყნებს აქვთ მოხუცებული მოსახლეობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. ამჟამად განვითარებულ ქვეყნებში მოხუცებული მოსახლეობის რაოდენობა აჭარბებს 18 წლამდე ასაკის მოსახლეობას.         

ამჟამად მსოფლიო მოხუცებული მოსახლეობის 60% ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში, რაც დაახლოებით 460 მილიონ ადამიანს შეადგენს. არის პროგნოზი, რომ 2030 წლისათვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება 71%-მდე. მოსახლეობის დაბერება ჩვეულებრივ განისაზღვრება მოცემულ მოსახლეობაში 65 წლის და უფრო ზედა ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილით. ზოგჯერ მოხუც მოსახლეობად მიიჩნევენ 60 წლის და მას ზედა ასაკის მოსახლეობას.

2021 წლის მონაცემებით ყველაზე მოხუცებული მოსახლეობა (65 წლის და მასზე უფროსი)  მსოფლიოში ჰყავს იაპონიას – 28%. იაპონიის შემდეგ მსოფლიოს მთავარი “მოხუცებული” ქვეყნებია: მონაკო – 26%, იტალია – 23%, გერმანია, პორტუგალია, საბერძნეთი, ფინეთი – 22%; ბულგარეთი, საფრანგეთი, ხორვატია, მალტა – 21%;                   უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ევროკავშირის ქვეყნებში ბავშვთა ხვედრითი წილი შემცირდა 3,8%-ით, ხოლო მოხუცებული მოსახლეობის ხვედრითი წილი იმავე პერიოდში გაიზარდა 3,7%-ით. თუ ეს არსებული ტენდენცია არ შეიცვლება, მაშინ 2050 წლისთვის ევროპის შრომისუნარიანი მოსახლეობის კონტინგენტი შემცირდება 40 მლნ. ადამიანით.

განვითარებულ მსოფლიოში დაბერებული მოსახლეობის პრობლემას ამწვავებს მსოფლიო ეკონომიკის ამჟამინდელი კრიზისული მდგომარეობა. კომპანიები, რომლებიც მასობრივად ათავისუფლებენ თავიანთ თანამშრომლებს, კომპენსაციის სახით სთავაზობენ სხვადასხვა საპენსიო სქემებს. შესაბამისად მცირდება საშემოსავლო გადასახადების რაოდენობა. ამდენად, გათავისუფლებული ადამიანების პენსიით უზრუნველყოფის მთელი ტვირთი აწვება მთავრობას.          განვითარებულ ქვეყნებზე უფრო სწრაფად “ბერდება” განვითარებადი ქვეყნები. ამავე დროს მათი ადაპტაცია ახალ რეალობასთან ბევრად უფრო რთულია, ვიდრე აშშ-ში და ევროპაში.

განვითარებად ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად “ბერდება” ჩინეთი, სადაც 2050 წლისთვის 65 წლის და ზედა ასაკში მყოფი მოსახლეობა შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს. თუ განვითარებად ქვეყნებში 60 წელზე ზედა ასაკში მყოფი მოსახლეობა გაიზარდა 3%-ით 65 წლის განმავლობაში (1950-2015წწ.), ჩინეთში ის გაიზარდა 4%-ზე მეტი მაჩვენებლით მხოლოდ 15 წლის პერიოდში (2000-2015წწ.). მიმდინარე საუკუნის შუა პერიოდისთვის ჩინეთში მოხუცებული მოსახლეობის რაოდენობა უკვე 500 მილიონს გადააჭარბებს. ექსპერტები უკვე ამ მოვლენას “შენელებული მოქმედების ბომბს” უწოდებენ.

მოსახლეობის დაბერების პრობლემა მწვავედ დგას რუსეთშიც, სადაც 60 წლის და ზედა ასაკში მყოფი მოსახლეობის ხვედრითმა წილმა შეადგინა 20% ქვეყნის მთელ მოსახლეობაში. მომავალში რუსეთის მოსახლეობის დაბერება უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. ოფიციალური დემოგრაფიული პროგნოზის მიხედვით აქ 2030 წლისთვის 65 წლის და მასზე ზედა ასაკში მყოფი მოსახლეობის ხვედრითი წილი 28%-ს გადააჭარბებს.

მოსალოდნელია აგრეთვე, რომ მოხუცებულთა ხვედრითი წილი გაორმაგდება 2030 წლამდე აზიაში, ლათინურ ამერიკაში და კარიბის აუზის რეგიონში. დაბერების პროცესი შედარებით დაბალი იქნება საჰარის სამხრეთ აფრიკის რეგიონში, სადაც შედარებით მაღალი შობადობა ხელს უწყობს რეგიონის “ახალგაზრდა” მოსახლეობის შენარჩუნებაში.

დაბერების მაჩვენებლები შედარებით ნაკლებად იზრდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2010-დან 2019 წლამდე მედიანური ასაკი გაიზარდა მხოლოდ 1 წლით და შეადგინა 38. 2 წელი. 2021 წელს აშშ-ში უხუცესი მოსახლეობის ხვედრითმა წილმა ქვეყნის მთელ დაბერებულ მოსახლეობაში შეადგინა 30%. უხუცესი მოსახლეობის ყველაზე სწრაფი ზრდა მოსალოდნელია იაპონიაში, სადაც 2030 წლისათვის უხუცესი მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელ დაბერებულ მოსახლეობაში იქნება 40%. [1]

მოსახლეობის დაბერება საქართველოში

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მონაცემებით, 2010 წელს 4.4 მილიონი ადამიანიდან 14%-ზე მეტი 65 წლის და მეტის იყო, ხოლო ერთი მესამედი – 50 წლის და მეტის. ფონდის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის მაჩვენებელი 21%-მდე გაიზარდოს, ხოლო 50 წლის და მეტის  დაახლოებით 40%-მდე. საქართველოში მოსახლეობის აქტიური დაბერება 1990-იანი წლებიდან მიმდინარეობს. ერის დაბერება, რა თქმა უნდა, ნეგატიური არ არის, რადგან ეს მიუთითებს იმაზე, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება. ძალიან კარგია, როცა ასაკის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, მაგრამ, თუ ამას არ მოჰყვა შობადობის ზრდა, ეს ქვეყნისთვის უკვე საგანგაშო ხდება, რადგან ქვეყანას მწარმოებელი ფენა აღარ ეყოლება და იქნება მხოლოდ შესანახი ფენა. [4]

ნახ. 1.

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba

ნახაზი 1-ში მოცემულია 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში, 2014 წლის მონაცემებით, 14.3%-ს შეადგენდა. სწორედ ეს არის ერთადერთი ძირითადი კატეგორია, რომლის მაჩვენებელიც 1989 წლის აღწერის შემდეგ გაიზარდა. მაშინ ხანდაზმულთა წილი საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8.8% იყო. 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ მიმართულებით არსებული მონაცემები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია. მაგალითად, აჭარაში ხანდაზმულთა წილი 11%-ს შეადგენს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ეს ჯგუფი მოსახლეობის 28.3%-ა. კავკასიონის ქედის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე მუნიციპალიტეტებში ხანდაზმულთა წილი ყველაზე მაღალია, ურბანულ დასახლებებში კი პირიქით – ყველაზე დაბალი. სავარაუდოდ, რეგიონებს შორის არსებული სხვაობის მიზეზი ასაკით განპირობებული მიგრაციაა. [3]

საქართველოში 65 წელს მიღწეული ადამიანის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა კაცებისთვის 13.0 წელია, ქალებისთვის კი – 16.4 წელი. ანალოგიური მაჩვენებელი ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანაში ქართულ რეალობას 5 წლით აღემატება. რადგანაც ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში კაცებისას აღემატება, 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა მამრობითისას საგრძნობლად აჭარბებს: ამ ასაკობრივ ჯგუფში ყოველ 100 ქალზე მხოლოდ 61 კაცი მოდის. [4]

დასკვნა

მაშასადამე, დღეს მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება მსოფლიო განვითარების გლობალური საკითხი გახდა. ასაკობრივ სტრუქტურებში მომხდარი ღრმა ცვლილებები ბევრი ქვეყნის ხელისუფლებას კარნახობს გადასინჯოს სტრატეგია და ეკონომიკური აზროვნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ. ქვეყნები, სადაც მოსახლეობა ნელა იზრდება, ან საერთოდ არ იზრდება, განიცდიან ახალგაზრდა მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას. ასეთ ქვეყნებში უკვე მწვავედ დგება შეიარაღებული ძალების შევსებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის პრობლემა. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც მაღალი შობადობაა, არის ახალგაზრდა მოსახლეობის სიჭარბე. ახალგაზრდა მოსახლეობა არის არა მარტო დასაქმების წყარო, არამედ იგი ქვეყნის ეროვნულ სიძლიერეს წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. თ. ზუბიაშვილი. მოსახლეობა და განვითარება. გამომცემლობა ,,უნივერსალი”,  თბილისი, 2009.
2. http://census.ge/
3. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba
4.https://old.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/saq%20demografia1.pdf?fbclid=IwAR2t8BdCUXDZjfVWBcF7Ud77ILhiue69nAzo-Z16xqwwczAJVTNooZh1aSo