გლობალური პანდემიის გავლენა საქართველოს განათლების სექტორზე
ავტორის სტილი დაცულია
ანასტასია შკამარიდინა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
anastasiashkamaridina@gmail.com
ანოტაცია
საქართველოს განათლების სექტორი COVID-19 პანდემიის შედეგად ახალი გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიამ განათლების სექტორი მკვეთრად შეცვალა, მსოფლიოს მასშტაბით დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები. შედეგად, ციფრულ პლატფორმებზე ელექტრონული სწავლება რჩება დღემდე ერთადერთ უსაფრთხო შესაძლებლობად სწავლის პროცესის გასაგრძელებლად. დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პირობების გათვალისწინებით, განვითარებადი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსწავლეებისა და სტუდენტების დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვა. მაშინ, როდესაც ქვეყანას დანაზოგების ნაკლებობა და მაღალი უმუშევრობა აქვს.
Annotation
Georgia’s education sector faces new challenges as a result of the COVID-19 pandemic. The pandemic has dramatically changed the education sector, closing schools and universities around the world. As a result, e-learning on digital platforms remains to this day the only reliable way to continue learning. Given the conditions required for distance learning, engaging pupils and students in distance learning is an important challenge for a developing country. While there is a shortage of savings and high unemployment in the country.
განათლების სექტორის სტრუქტურა
საქართველოს განათლების სისტემა შედგება შემდეგი ოთხი საფეხურისგან: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, ტექნიკური განათლება და უმაღლესი განათლება. განათლების მიღების უფლება საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული. დაახლოებით ერთი მილიონი ბავშვი, მოსწავლე და სტუდენტი არის დარეგისტრირებული განათლების სექტორში.
ადრეული და სკოლამდელი განათლება, ისევე როგორც სკოლის მოსამზადებელი პროგრამა, ნებაყოფილობითია. ამ საფეხურზე ბავშვების ასაკი 0-დან 5 წლამდეა. პროგრამის დასრულების შემდეგ ოფიციალური დოკუმენტი არ გაიცემა და არც სკოლაში შესასვლელად არის აუცილებელი პირობა. ამჟამად 158 ათასი ბავშვი დადის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში (ბაღი) საქართველოში.
საქართველოში ზოგადი განათლება კანონებით არის რეგულირებული: “ზოგად განათლებაზე” და “განათლების ხარისხის ამაღლებაზე”; კვლევა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ არის შექმნილი. სრული ზოგადი განათლება მოიცავს სამ საფეხურს და სწავლის ხანგრძლივობა 12 წელს შეადგენს.[1]
დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა საქართველოში. სრული ზოგადი განათლების დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი (ატესტატი), რომელიც იძლევა საშუალებას სწავლა გაგრძელდეს უმაღლეს სასწავლებელში ან პროფესიულ სასწავლებელში.
საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლება კანონებით არის რეგულირებული: “უმაღლეს განათლებაზე”, “ტექნიკურ განათლებაზე”, “განათლების ხარისხის ამაღლებაზე”, და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. საქართველოს აქვს უმაღლესი განათლების სამ საფეხურიანი სისტემა და შედგება ბაკალავრიატის (მოიცავს 4 წელს), მაგისტრატურის (მოიცავს 2 წელს), და დოქტორანტურის საფეხურებისგან (მოიცავს 3 წელს).
PISA-ს შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს განათლების სისტემას მნიშვნელოვანი ცვლილებები სჭირდება. PISA-ს 2018 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, საქართველო წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა, და მეცნიერებების დაჯამებული ქულის მიხედვით, 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს. ჩამოვრჩებით ყველა მეზობელ ქვეყანას და განვითარებულ ქვყნებს.[2]
გრაფიკი 1.PISA-ს 2018წლის შედეგები
წყარო: https://www.oecd.org/pisa/publications/pisa-2018
ჯამური დანახარჯი განათლებაზე საშუალო წლიურად 7.7%-ით იზრდებოდა ცხრა წლის განმავლობაში და 2 მლრდ. ლარს მიაღწია 2021 წელს. თუმცა, დანახარჯების წილი მშპ-ში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 4.1%-ს შეადგენდა 2021 წელს.
გრაფიკი 2. დანახარჯები განათლებაზე (მლნ. ლარი)
წყარო: https://www.mof.ge
საქართველოში დანახარჯი განათლებაზე მშპ-ს 4.1%-ს შეადგენდა 2021 წლის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც OECD და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 5% და 4.7% იყო. თუმცა, მშპ-თან მიმართებაში განათლებაზე უფრო მეტს ვხარჯავდით, მეზობელ სომხეთთან (2.7%) და აზერბაიჯანთან (2.5%) შედარებით.[3]
COVID-19 გავლენა განათლების სექტორზე
საქართველოს განათლების სექტორი COVID-19 პანდემიის შედეგად ახალი გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიამ განათლების სექტორი მკვეთრად შეცვალა, მსოფლიოს მასშტაბით დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები. შედეგად, ციფრულ პლატფორმებზე ელექტრონული სწავლება რჩება დღემდე ერთადერთ უსაფრთხო შესაძლებლობად სწავლის პროცესის გასაგრძელებლად.
მსოფლიოში ეკონომიკის გაციფრულების პროცესი დაწყებულია. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები სულ უფრო ფართოდ იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს მმართველობის ეფექტურობის გასაზრდელად. განათლების სექტორი ამ მხრივ არ წარმოადგენს გამონაკლისს, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის პირობებში. ტექნოლოგიასთან წვდომა აუცილებელია დისტანციური სწავლების პროცესში. საქართველოში გამოვლინდა მნიშვნელოვანი გამოწვევები ამ მიმართულებით:
- მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ტექნიკა;
- დედაქალაქის გარეთ სირთულეებია ხარისხიან ინტერნეტთან წვდომის კუთხით;
- სოფლად კარგი ხარისხის ინტერნეტი თითქმის არ არის;
- ეკონომიკური გამოწვევები და გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობის არ ქონა;
- არიან მოსწავლეები ვისაც არ გამოუყენებიათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროგრამა;
- მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ინტერაქციის სირთულეები.
სკოლების კომპიუტერებით აღჭურვა და შესაბამისი ტრეინინგის ჩატარება კვლავ გამოწვევად რჩება. უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, 2009/2010 სასწავლო წელს სკოლების 94% აღჭურვილი იყო კომპიუტერებით და ყოველ 20 ბავშვზე ერთი კომპიუტერი იყო სკოლაში. თუმცა, ძველი ტექნიკის რეგულარული განახლებისა და შესაბამისი ტრეინინგების ჩატარების შესახებ ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის, ინფორმაცია არ მოიპოვება.[1]
საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლება, პანდემიამდე არასდროს გამოუყენებიათ და შესაბამისად ქვეყანა მოუმზადებელი დახვდა ამ ახალ გამოწვევას. შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს კი ინტერნეტთან წვდომა. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის კვლევაზე დაყრდნობით: „სწავლის და შემოსავლის დანაკარგები COVID-19 პანდემიით გამოწვეული სკოლების დახურვისგან“, საქართველოში შინამეურნეობების ნახევარზე ნაკლებს აქვს წვდომა ინტერნეტზე და კომპიუტერზე, მაშინ, როდესაც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში და სომხეთში აღნიშნული მაჩვენებელი 60%-ზე მაღალია.
დისტანციური სწავლება უფრო რთულია სოფლებში და რეგიონებში, ქალაქებთან შედარებით. მაღალი უთანასწორობა ძირითადად ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით არის გამოწვეული. 2021 წელს სოფლად მცხოვრები ოჯახები 51%-ს არ ქონდა ინტერნეტი, როდესაც ეს რიცხვი ქალაქებში 26%-ია.
გრაფიკი 3.კომპიუტერით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი(%)
წყარო: https://www.geostat.ge/
თბილისში მცხოვრებ ოჯახებს ძირითადად აქვთ ინტერნეტთან წვდომა (91,4%), როცა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 78%-ს ქონდა ინტერნეტი 2021 წელს. ასევე, კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენებისთვის საჭირო ცოდნა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, მათ 31%-ს არასდროს უსარგებლია ინტერნეტით, როცა ეს რიცხვი ქალაქის მოსახლეობისთვის 15%-ია.
საქართველოში 35,000 ბავშვს არასდროს გამოუყენებია ინტერნეტი და არ ჰქონდა წვდომა დისტანციურ სწავლებაზე. ეს ციფრი 2021 წლის ივლისში, 5-დან 14 წლამდე ბავშვებში 6,9% იყო, მაშინ როცა უკვე განათლების სისტემა მთლიანად დისტანციურ სწავლაზე იყო გადასული.[4]
გრაფიკი 4. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი(%)
წყარო: https://www.geostat.ge/
მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენებით მიწოდებული ინტერნეტის დაბალი ხარისხი, მნიშვნელოვანი გამოწვევაა დისტანციური სწავლების პროცესისთვის. დისტანციურ სწავლისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტია საჭირო, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხდეს. ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების ნახევარზე მეტი თბილისში ცხოვრობს, როცა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მესამედია დედაქალაქის პოპულაცია, რაც ნიშნავს რომ მაღალი ხარისხის ინტერნეტი არათანაბრად არის გადანაწილებული ქვეყანაში. ოპტიკური ტექნოლოგია ასევე ხელმისაწვდომიას სხვა ქალაქებში, მაგრამ სოფლებში მეტწილად არ გვხვდება.
Unicef-ის კვლევის თანახმად, ბავშვების რაოდენობა ვინც ვერ შეძლო COVID-19 პანდემიით გამოწვეულ ელექტრონულ სწავლებაში ჩართვა, საკმაოდ მაღალი იყო. სკოლების დახურვა მსოფლიოს მასშტაბით 1.5 მლრდ ბავშვს შეეხო და საერთაშორისო დონეზე მინიმუმ 463 მილიონმა ბავშვმა ვერ მოახერხა დისტანციურ სწავლებაში ჩართულიყო.[5]
საქართველოს მოსახლეობისთვის დისტანციურ სწავლების პროცეში ჩართვა ასევე რთული იყო. სკოლები დისტანციურ გაკვეთილებისთვის პროგრამა TEAMS-ს იყენებდნენ. 2020/2021 სასწავლო წელს 65 ათასმა ბავშვმა და 7 ათასმა მასწავლებელმა დააფიქსირა, რომ TEAMS-ი არ გამოუყენებიათ. რაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაახ. 11%-ს შეადგენს. სოციალური უთანასწორობა განსაკუთრებით თვალშისაცემია რეგიონებში. იმ მოსწავლეებიდან და მასწავლებლებიდან, რომლებსაც არ გამოუყენებიათ პროგრამა TEAMS, რეგიონებზე მოდის ჯამური მაჩვენებლების 91% და 98%, შესაბამისად. თბილისში აღნიშნული პრობლემა ნაკლებად მწვავეა და მოსწავლეების და მასწავლებლების მხოლოდ 9% და 2% არ იყენებდა სასწავლო პროგრამას.[1]
საერთო ჯამში, COVID-19-მა გააუარესა საცხოვრებელი პირობები მოსახლეობისთვის და ყველაზე მეტად აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა. ქვეყანაში მაღალი სიღარიბის მაჩვენებელი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის, განათლების მიღების ერთადერთი საშუალება უფასო საჯარო სკოლებია. თუმცა, შეზღუდვების დროს ასეთ ოჯახებში მცხოვრები ბაშვებისთვის განათლება არ იყო ხელმისაწვდომი, ტექნოლოგიასთან წვდომის შეზღუდვის შედეგად.
სწავლებისა და სწავლის პროცესი ინტერაქტიულია და სტუდენტების ჩართულობა სასარგებლოა მათი სწავლის პროცესისთვის, რაც რთულად მიიღწევა დისტანციური სწავლების დროს, განვითარებული ქვეყნების განათლების სისტემისთვისაც კი. სწავლა კოლაბორაციული პროცესია და ეს განსაკუთრებით შეუთავსებელი ჩანს ვირტუალურ გარემოში, რადგან ეს უპირატესობები მარტივად ვერ მიიღწევა დისტანციურ პლატფორმებზე.
ბავშვებისთვის რთულია არსებული რეალობის გააზრება და COVID-19 პანდემიის შეზღუდვებთან შეგუება, რაც მათ უფრო მოწყვლადს ქმნის უფროს ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, სწორად ამიტომ მოსწავლეები კვლავ სწავლების ტრადიციულ ზომებს ირჩევენ, COVID-19 პანდემიის რისკების მიუხედავად. შეზღუდვების შემდეგ სკოლების კვლავ გაიხსნა და მოსწავლეების ნახევარზე მეტი საკლასო ოთახებში დაბრუნდა. [1]
დიაგრამა 5. მოსწავლეების წილი, რომლებიც სკოლების გახსნის მერე დაუბრუნდნენ საკლასო ოთახს(%)
წყარო: https://www.geostat.ge/
სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების 75% სკოლების გახსნის შემდეგ, საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ, ხოლო ქალაქებში ამ რიცხვმა მხოლოდ 46% შეადგინა. დისტანციური სწავლებისთვის აუცილებელი ტექნიკის არ ქონა და ინტერნეტთან დაბალი ხელმისაწვდომობა შეიძლება იყოს ის მიზეზები, რომლებიც სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს აიძულებს უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებული ტრადიციულ სწავლების მეთოდებზე.[4]
დასკვნა
კოვიდ პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა განათლების სისტემაზე მსოფლიოს მასშტაბით. დაახლოებით 77მლნ მოსწავლე გადავიდა დისტანციური სწავლის რეჟიმზე. გლობალური პანდემიის შოკური გავლენა განათლებაზე უპრეცენდენტოა. იგი უარყოფითად აისახა უფრო ღარიბ და ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე.
COVID-19-ის პირობებში, როდესაც პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული, დიდი მნიშვნელობა აქვს დისტანციური სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. საბოლოოდ კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა სასწავლო პროცესი და დისტანციური სწავლა იქცა ერთდროულად ახალ გამოწვევად და შესაძლებლობად.
გამოყენებული ლიტერატურა
- ადეიშვილი გ. ,,განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში’’
- https://www.oecd.org/pisa/publications/pisa-2018
- https://www.mof.ge
- https://www.geostat.ge/
- https://www.un.org/development/desa/dspd/wp-content/uploads/sites/22/2020/08/sg_policy_brief_covid-19_and_education_august_2020.pdf