პანდემიის გავლენის შედარება საქართველოს და გერმანიის ეკონომიკისთვის

ავტორის სტილი დაცულია
ქეთი ზაუტაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
zautashviliq@gmail.com

ანოტაცია

მოგვეხსენება, რომ 2019 წლის მიწურულს მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა კორონავირუსის პანდემიის სახით. გარდა იმისა, რომ პანდემიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მან მთელ მსოფლიოს რიგი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. ეკონომიკური საქმიანობის შემცირების კვალობაზე, საგანგაშო გახდა ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ტემპების შენელება მსოფლიო მასშტაბით. ქვეყნები დიდი სახელმწიფო ვალის აღების აუცილებლობის წინაშე დადგნენ, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეკონომიკური გარემო და, შეიძლება ითქვას, სრული კოლაფსი გამოიწვია. ჩემი თემის მიზანია, დაგანახოთ, კორონავირუსის შედეგები ქვეყნების ეკონომიკებისთვის.

Annotation

As we know by the end of 2019 the whole world was facing a new challenge in the form of the coronavirus pandemic. In addition to claiming millions of lives, the pandemic has created a number of economic problems around the world. Due to the slowdown in economic activity, the slowdown in economic growth and development worldwide has become alarming. Countries faced the need to take on large government debt, which further aggravated the economic environment and, arguably, led to a complete collapse. The purpose of my article is to show you the effects of coronavirus on the economies of countries.

პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ მაღალგანვითარებული ქვეყნებიც კი, როგორიცაა აშშ, იაპონია, ევროკავშირის ქვეყნები და ა.შ. არ იყვნენ მზად ასეთი მასშტაბის მქონე მოვლენისთვის.

ისტორიას ახსოვს დიდი დეპრესია, ახსოვს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიზისები, როგორიცაა, მაგალითად, 2008-2009 წლის კრიზისი. თუმცა, კორონავისურის პანდემიამ ცხადყო, რომ საქმე გვაქვს კრიზისის სრულიად ახალ ტიპთან.

COVID-19-მა ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი შეცვალა. ცხადია, ეს დიდი ნეგატიური მოვლენაა მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის, მაგრამ როგორც ვიცით, მედალს ორი მხარე აქვს. შესაბამისად, აუცილებელია გამოვყოთ ის დადებითი მხარეებიც, რაც ამ პანდემიას მოჰყვა.

კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია როგორც დემოგრაფიულ, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში. იმისათვის, რომ ნათლად დავინახოთ თუ რა გამოიწვია პანდემიამ, მიზანშეწონილია შევხედოთ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ინდიკატორებს. ასეთების როლში განვიხილოთ:

  • ეკონომიკური ზრდა –  მთლიანი შიდა პროდუქტი არის საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულება, რომელიც იწარმოება ქვეყნის შიგნით, დროის გარკვეულ პერიოდში. ეკონომიკური ზრდა შეგვიძლია გამოვსახოთ, როგორც რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი.
  • ინფლაციის დონე (%) – პირობითად, ინფლაცია შეიძლება ვუწოდოთ გარღვევას ფულად და რეალურ სექტორს შორის. ინფლაცია წარმოიქმნება როდესაც ფულის მასის ზრდა აღემატება რეალურ ზრდას, რასაც შედეგად ფასების საერთო დონის ზრდა მოჰყვება.
  • უმუშევრობის დონე (%) – უმუშევართა პროცენტული წილია ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში.
  • სახელმწიფო ვალი – წარმოადგენს დროის გარკვეული მომენტისთვის სახელმწიფო სექტორის მიერ გამოყენებულ, მაგრამ დაუფარავ სავალო ვალდებულებათა ჯამს.
  • სავაჭრო ბრუნვა – ეს მაჩვენებელი მოიცავს ექსპორტსა და იმპორტს. ჩვენ განხილული გვექნება ექსპორტისა და იმპორტის საერთო მოცულობა. შევეხებით აგრეთვე სავაჭრო სალდოსაც.

მოცემულ მაჩვენებლებს წამყვანი ადგილი უჭირავს ეკონომიკური პროცესების გაანალიზებაში. სწორედ ამიტომაც, გადავწყვიტე ჩემი ანალიზისთვის ამ ინდიკატორების გამოყენება. საქმე ისაა, რომ COVID-19-ის ზეგავლენის ილუსტრაციისთვის, უნდა დავაკვირდეთ სწორედ რომ ამ ინდიკატორთა ცვლილებას.

მაშასადამე, ანალიზს ჩავატარებ ორი ქვეყნის მაგალითზე: საქართველოს და გერმანიის. განვიხილავ თითოეული ქვეყნის ამ მაჩვენებელთა ნაკრების დინამიკას და ხაზს გავუსვამ პოსტპანდემიურ ტენდენციებს. [1] [2] [3]

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში, რეალური ზრდის კუთხით იგრძნობოდა მეტ-ნაკლებად სტაციონალური პროცესის შთაბეჭდილება. ამ პერიოდის განმავლობაში ის უმეტესწილად ვარირებდა 3-5 %-ის ფარგლებში, თუმცა მკაფიოდ ვხედავთ, როგორ უეცრად ეცემა ის 2019 წლის შემდგომ. კორონავირუსის შედეგად საქართველოში 2020 წელს 7%-იანი კლება შეინიშნა, რამაც, ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებთან ერთად, ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია. ჩაკეტილი საზღვრები, გაზრდილი ფასები, სამუშაო ადგილების შემცირება, ეს იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც გამოიწვიეს ეკონომიკური ზრდის ტემპის ასეთი ნეგატიური შედეგი.

გრაფიკი 1: საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა % (2011-2020 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp

მორიგი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გახლავთ ინფლაციის დონე. ინფლაცია – ეს არის ფულის გაუფასურება, მისი მსყიდველთუნარიანობის დაქვეითება. ინფლაცია არის დისბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის. პირდაპირ თარგმანში ინფლაცია ნიშნავს „გაბერვას“ ე.ი. მიმოქცევის არხების გადატვირთვას მოჭარბებული ქაღალდის ფულით, რომელიც არაა უზრუნველყოფილი შესაბამისი საქონლის მასის ზრდის ნორმით.

2020 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის, რაც, ერთი მხრივ, უშუალოდ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული, მსოფლიო დონეზე ინფლაციის ზრდის შედეგია, ხოლო მეორე მხრივ, ჩაკეტილი ეკონომიკის შედეგია. წლიური ინფლაციის დონემ 2020 წელს 6.4 % შეადგინა, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება, აგრეთვე 2-ჯერ აღემატებოდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს). [4]

ნათლად ჩანს, როგორ იზრდება ინფლაცია 2021 წლიდან. ყველაფერი ეს, ცხადია, კორონავირუსის „შოკის“ ეფექტით არის გამოწვეული და დღეისთვის ინფლაციის წლიური დონე 13.9%-ს შეადგენს, რაც 4-ზე მეტჯერ აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს.

გრაფიკი 2: ინფლაციის დონე საქართველოში (%) (2010-2022 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia

შემდგომი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია უმუშევრობის დონე. უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის თანხმლები სოციალურ-ეკონომიკური მოვლენაა. უმუშევრობის პირობებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილი ვერ იყენებს თავის სამუშაო ძალას. შრომის ბაზარზე დარღვეულია კონიუნქტურა, ანუ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შესაბამისობა.

საქართველოს უმუშევრობის დონე და მასშტაბები განპირობებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების თავისებურებებითა და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობით.

ცალსახაა, რომ პანდემიის გამო, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. 2019 წლის ბოლოს უმუშევრობის დონე საქართველოში 17.6%-ს შეადგენდა, ხოლო უკვე 1 წლის შემდეგ, პანდემიის პიკზე, თითქმის 20%-ს ცდებოდა. არც 2021 წლის პირველი ორი კვარტალი გამოდგა საიმედო და უმუშევრობის დონემ, შესაბამისად შეადგინა 21.9% და 22.1%. უახლესი სტატისტიკით, 2021 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.5% შეადგინა, რაც მცირე იმედს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უმუშევრობის ტენდენცია კვლავ კლებად სახეს მიიღებს. [5]

გრაფიკი 3: უმუშევრობის დონე (%) საქართველოში (2010-2020 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

საქართველო, როგორც თითქმის ყველა ქვეყანა, მძიმედ განიცდის სახელმწიფო ვალის წნეხს. პანდემია მთავრობას აიძულებდა ვალის აღებას, რაც, ცხადია, ნეგატიურად აისახა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, ცდილობენ ვალი აიღონ შესაძლო მინიმალური საპროცენტო განაკვეთით და ხანგრძლივი ვადით.

განვითარებული ქვეყნები ვალს იღებენ იმისთვის, რომ განახორციელონ ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ღონისძიებები, განაპირობონ ეკონომიკური სტაბილიზაცია, დასაქმება და საზოგადოებრივი კეთილდღეობა. საქართველოს შემთხვევაში, ვალი აიღება მიმდინარე ვალდებულებების გასასტუმრებლად და არა გრძელვადიანი პოზიტიური ეკონომიკური ეფექტის მისაღებად.

2019 წლის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალი 21.3 მილიარდი ლარი იყო, რაც მსპ-თან 42,6% იყო. 2020 წლის იანვარ-თებერვალში ვალი 20.7 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, 2020 წლის მარტიდან ახალი სახელმწიფო ვალის აღების საჭიროება დადგა, რაც, გართულებული იყო აგრეთვე ლარის მკვეთრი გაუფასურებით. [9]

როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს ვალის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესი ხდება. თუ ადრე მთავრობის პროგნოზებით, სახელმწიფო ვალის სრული დაფარვა 2050 წლისთვის იქნებოდა შესაძლებელი, ახლა, პანდემიის პირობებში, რთულია იმის თქმა, თუ როდის დავფარავთ მას. გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს სახელმწიფო ვალი, იმის გარდა, რომ „აფუჭებს“ დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას, ტვირთად დააწვება მომავალ თაობებსაც.

ცხრილი 1: სახელმწიფო ვალის მდგომარეობა საქართველოში (2021 წლის დეკემბერი)

ვალინაშთი პერიოდის ბოლოს, ათასი ლარი
საგარეო25 416 875.4
საშინაო5 798 800.0
სულ31 215 675.3

წყარო: https://www.mof.ge/saxelmwifo_valis_statistika

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ის იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. თუ გადავხედავთ ქვეყნის სტატისტიკას, შევნიშნავთ, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის სალდო პერმანენტულად უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტის მოცულობა აღემატება ექსპორტისას. საქსტატის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, იმპორტის წილი ფაქტობრივად ორჯერ მეტია ექსპორტის წილზე.

ცხრილი 2: საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მაჩვენებლები (2019-2021 წლები)

მაჩვენებელი (მლნ.აშშ დოლარი)201920202021
საქონლის ექსპორტი3 798.43 343.44 242.3
საქონლის იმპორტი9 361.88 052.910 073.3
საგარეო სავაჭრო ბრუნვა13 317.611 396.314 315.6

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba

ვხედავთ, რომ 2019 წელთან შედარებით 2020 წლის მონაცემები მცირდება, რაც გამოწვეულია კორონავირუსის გავლენით საგარეო ვაჭრობაზე. თუმცა, 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი გაიზარდა, რაც საკმაოდ ოპტიმისტურ სცენარის გვპირდება.

რაც შეეხება გერმანიას, გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვთ, კორონავირუსის პანდემიამ დააზარალა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 350 მილიარდი ევროთი. მნიშვნელოვანი წილი ამ დანაკარგების უჭირავს პირადი მოხმარების შემცირებას, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოწვეული იყო ლოქდაუნებით. [6]

საკმაოდ გამოკვეთილად ჩანს დაახლოებით 5%-იანი კლება 2020 წელს, რაც, ცხადია გამოწვეული იყო პანდემიის ნეგატიური ეფექტით. როგორც აქამდეც აღვნიშნეთ, პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ მაღალგანვითარებული ქვეყნებიც კი, არ იყვნენ მზად ასეთი მასშტაბის მქონე მოვლენისთვის.

გრაფიკი 4: გერმანიის რეალური ზრდა % (2010-2020 წლები)

წყარო: https://world-statistics.org/#indicators

რაც შეეხება ინფლაციას, როგორც კი კორონავირუსმა გერმანიაში შეაღწია, ინფლაციამ ბოლო რამდენიმე ათეული წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2.88% შეადგინა.

გრაფიკი 5: გერმანიის  წლიური ინფლაციის დონე % (2010-2021 წლები)

წყარო: https://www.statista.com/statistics/375207/inflation-rate-in-germany/

გერმანიისთვის უმუშევრობის დონე დიდად პრობლემას არ წარმოადგენდა, რაც გამოწვეულია არა მარტო ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ სოციალური ასპექტებითაც. 2005 წლიდან მოყოლებული ძირითადად უმუშევრობის დონე თითქმის ორჯერ შემცირდა და 2019 წელს 5% იყო. თუ დავაკვირდებით, 2020 წელს ის გაიზარდა 5.9%, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ზრდა.

გრაფიკი 6: უმუშევრობის დონე გერმანიაში, % (2005-2021 წლები)

წყარო: https://www.statista.com/statistics/227005/unemployment-rate-in-germany/

მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ მიუხედავად ეკონომიკური სიძლიერისა, გერმანია ასევე საკმაოდ დიდ პრობლემებს განიცდის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ პანდემიის დროს, ეკონომიკური საქმიანობა მცირდება, რაც ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ტემპების შენელებას ნიშნავს. სახელმწიფოები იძულებულნი ხდებიან ისესხონ, რათა განახორციელონ ეკონომიკური სტაბილიზაციის მინიმალური ღონისძიებები მაინც.

ამ მიზეზების გამო, სულაც არაა გასაკვირი რომ გერმანიასაც დიდი სახელმწიფო ვალი აქვს. ექსპერტთა შეფასებებით, გერმანიის სახელმწიფო ვალი კვლავ შეინარჩუნებს მაღალ მნიშვნელობებს და მშპ-სთან მიმართებით 60%-ს გადააჭარბებს. [12]

გრაფიკიზე შეგვიძლია განვიხილოთ ერთ-ერთი ასეთი პროგნოზი, რომელიც მოიცავს 2026 წლის ჩათვლით პერიოდს.

გრაფიკი 7: გერმანიის სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებით % (2016-2026 წლები)

წყარო: www.statista.com  

აღსანიშნავია, რომ როგორც მინიმუმ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გერმანიის სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საზღვარგარეთ მეტი გააქვს, ვიდრე საზღვარგარეთიდან იღებს. ეს, სხვა თანაბარ პირობებში, დადებითად მოქმედებს მთლიან შიდა პროდუქტზე, რადგანაც, როგორც მოგვეხსენება, წმინდა ექსპორტი (ექსპორტისა და იმპორტის სხვაობა) არის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

გრაფიკი 8: გერმანიის საგარეო ვაჭრობა, აშშ დოლარი (2010-2020 წლები)

წყარო: https://world-statistics.org/#indicators

როგორც სხვა მაჩვენებლების შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ექსპორტიც და იმპორტიც იკლებს 2020 წელს, რაც იყო გამოწვეული კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებით. ამრიგად, ვხედავთ, რომ გერმანია ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკური ქვეყანაა და მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა საკმაოდ სტაბილურად შეინარჩუნა ეკონომიკური მდგომარეობა.

დასკვნა

ამრიგად, შეგვიძლია შევაჯამოთ ნაშრომი. ვისაუბრე საქართველოს და  გერმანიის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. განვიხილე მნიშვნელოვანი ინდიკატორები, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა, ინფლაციისა და უმუშევრობის დონე, სახელმწიფო ვალის მოცულობა და საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები. დავინახეთ, როგორ შეიცვალა ეს მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბლანშარი ო., „მაკროეკონომიკა“, მე-5 გამოცემა, თბილისი, თსუ, 2010
  2. მენქიუ გ., „ეკონომიკის პრინციპები“, თბილისი, თსუ, 2007
  3. ჩიქობავა მ., კაკულია ნ., „ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“, თსუ, 2014
  4. www.nbg.gov.ge
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  6. https://www.dw.com/ru/pandemija-nanesla-ogromnyj-ushherb-jekonomike-germanii/a-60527997
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
  8. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia
  9. https://www.mof.ge/saxelmwifo_valis_statistika
  10. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba
  11. https://world-statistics.org/#indicators
  12. www.statista.com