გენდერული დისბალანსი საქართველოს შრომის ბაზარზე

ავტორის სტილი დაცულია
თამარ დოლიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
 IV კურსის სტუდენტი
Tamar.dolidze110@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია დღევანდელი მსოფლიოს ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, როგორიცაა გენდერული დისბალანსი. ქალები, უხსოვარი დროიდან იჩაგრებოდნენ სხვადასხვა კუთხით, იქნებოდა ეს განათლება, სამსახური და სხვა. განსაკუთრებით მწვავედ ეს იგრძნობა ეკონომიკის სფეროში. ხშირია გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევები დამქირავებლებისგან, რის გამოც, ქალების პიროვნული მოტივაცია ეცემა. მიზანშეწონილად ჩავთვალე, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე მეჩვენებინა, როგორია გენდერული დისბალანსი ჩვენს ქვეყენაში.

Annotation

The article discusses one of the most important problems in the world today, such as gender imbalance. Women, from time immemorial, have been oppressed in various ways, be it education, employment, and so on. This is especially acute in the field of economics. There are frequent cases of gender discrimination from employers, which causes women to lose their personal motivation. I considered it expedient to show the gender imbalance in our country based on Georgia’s economic indicators.

მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნებისა და, მათ შორის, საქართველოს შრომის ბაზარზე მეტად მწვავე პრობლემაა ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა და გენდერული თანასწორობის პრინციპების რეალიზება. ქალის როლის ამაღლება საზოგადოებაში არსებითად განაპირობებს ქალისა და მამაკაცის თანაბარ შესაძლებლობებს, უფლებებსა და პასუხისმგებლობას.

ქვეყნის განვითარების პროცესში ქალთა და მამაკაცთა სრულფასოვანი მონაწილეობისთვის აუცილებელია მათ თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი სოციალურ და ეკონომიკურ რესურსებზე, მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოს ქალთა შრომითი და ინტელექტურალი პოტენციალის რეალიზება აუცილებელია. პირველ რიგში, თვით ქალთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად, ვინაიდან თვითრეალიზაციისკენ, ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ და ბედნიერებისკენ სწრაფვა მათი უფლებაა. ამის გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალის მიერ ოჯახში და ოჯახის გარეთ გაწეული შრომა მნიშვნელოვნად განამტკიცებს სახელმწიფოს ძლიერებას. საქართველოში 1990 წლამდე მაღალი იყო ქალთა დასაქმების მასშტაბები და, აქედან გამომდინარე, მათი როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. [1]

დღევანდელი მდგომარეობით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქვეყანაში მაღალია, როგორც მთლიანად მოსახლეობის, ისე ქალების ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები. საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა, ბევრი ექსპერტის აზრით, თითქმის არ განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებლებისგან. [1]

შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოში მიმდინარე ტენდენციები დასაქმების კუთხით. მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, როგორიცაა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა, სამუშაო ძალა, დასაქმებულთა და უმუშევართა რიცხოვნობა, აგრეთვე დასაქმებისა და უმუშევრობის დონეები შეგვიძლია ვიხილოთ ცხრილში:

ცხრილი 1: საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტივობა 2018-2021 წლებში

მაჩვენებელი2018201920202021
15+ წლის მოსახლეობა (ათასი კაცი)1627.81625.11631.91609.3
სამუშაო ძალა (ათასი კაცი)719.8700.7652.7652.4
დასაქმებულები (ათასი კაცი)592.8588.8546.9536.4
უმუშევარი (ათასი კაცი)148.1137.5105.8116
სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა (ათასი კაცი)908924.4961.3956.9
უმუშევრობის დონე (%)17.61616.217.8
დასაქმების დონე (%)36.436.233.933.3
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (%)44.243.140.440.5

წყარო:  https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

ცხრილის მონაცემებიდან ვხედავთ, რომ 2018-2019 წლებში ქალთა დასაქმების დონე მეტნაკლებად სტაბილურია და 36%-ს აღემატება. წინა წლებთან შედარებით, 2018-2019 წლებში გაიზარდა სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა, რაც სავარაუდოდ, ხანდაზმულ ქალთა პენსიაზე გასვლით არის განპირობებული. პანდემიის შემდეგ მკვეთრად გაუარესებულ სიტუაციას ვხედავთ. გაიზარდა უმუშევრობის დონე ქალებში (2020 წელს 16.2% , ხოლო 2021 წელს 17.8%), დასაქმების დონე დაახლოებით 3-4 %-ით შემცირდა, შემცირდა ასევე სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონეც. [2]

შეგვიძლია ასევე ჩავატაროთ შედარებითი ანალიზი და ვნახოთ, რამხელა განსხვავებაა ქალების მაჩვენებლებსა და კაცების ანალოგიურ მაჩვენებლებს შორის.

გრაფიკი 1: უმუშევრობის დონე სქესობრივ ჭრილში. % 2010-2021 წლები

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

გრაფიკზე ჩანს, რომ უმუშევრობის დონის ტენდენცია, მეტ-ნაკლებად ერთნაირია. აქ აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის ზრდა კაცებზე უფრო აისახა, ვინაიდან, სტატისტიკურად ქალებს ისეთი თანამდებობები უკავიათ, როგორიცაა: მასწავლებელი, ექიმი, ხელოვნებისა და კულტურის დარგის მუშაკები, რომლებსაც ე.წ. „სამსახურიდან დათხოვნა“ ნაკლებად შეეხო. [1] [2]

ამის მიუხედავად, ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ ეკონომიკის კერძო სექტორებში კადრების დაქირავებისას უპირატესობა ენიჭება მამაკაცთა სამუშაო ძალას, რაც აძლიერებს ქალთა დისკრიმინაციას შრომის ბაზარზე. დისკრიმინაციის მსხვერპლები ასევე ფეხმძიმე ქალები არიან და ისინი, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.

მეტად მწვავეა ასევე უთანასწორობა თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურეობრივი დაწინაურებისას. ხშირია დასაოჯახებელ ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევებიც. სამუშაო ადგილებში შრომის პირობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ასევე გვევლინება ნეგატიურ ტენდენციად. [1]

საყურადღებოა დისბალანსი შრომის ანაზღაურებაშიც. შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს ბოლო 5-6 წლის მონაცემები და დავრწმუნდებით, რომ კაცების საშუალო ხელფასი ბევრად აღემატება ქალის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გრაფიკი 2: საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სქესის მიხედვით, ლარი

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რამხელა განსხვავებაა ხელფასებს შორის. უხეშად რომ ვთქვათ, ქალების მაქსიმალური ხელფასი ამ პერიოდში შეინიშნება 2021 წლის მე-3 კვარტალში და შეადგენს დაახლოებით 1106 ლარს, როცა ასეთი ხელფასი კაცებში ჯერ კიდევ 2014 წელს შეინიშნებოდა. 2021 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით კაცების საშუალო ხელფასი 1600 ლარს აღემატება, რაც კიდევ უფრო ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მწვავე პრობლემაა გენდერული დისბალანსი შრომის ბაზარზე.

შეგვიძლია განვიხილოთ ასევე, პროცენტულად რა წილი უკავია ქალის ხელფასს კაცის ხელფასში. ამისათვის განვიხილოთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები 2014-2021 წლებში.

გრაფიკიდან ჩანს, რომ ქალების საშუალო თვიური ხელფასი კაცების ანალოგიური მაჩვენებლის 60-70%-ს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში ეს წილი სულ უფრო იზრდება და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს წლებში ქალებისა და კაცების ხელფასები მიაღწევენ კონვერგენციას.

გრაფიკი 3: ქალების ხელფასის წილი კაცების ხელფასში (%) (2014-2021 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi

ცხადზე ცხადია, რომ გენდერული პრობლემების სწრაფად და ერთბაშად მოგვარება საკმაოდ რთულია. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან თანასწორობის იდეის პოპულარიზაცია სხვადასხვა ჯგუფის მიერ სისტემურ ხასიათს ატარებს. საინტერესოა ვიაზრებთ თუ არა პრობლემის  მნიშვნელობას ადეკვატურად და რა პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს გენდერული თანასწორობის ჭრილში.

ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, არაცალსახა დამოკიდებულებაა გენდერული დისბალანსის მიმართ. მაგალითად, საქართველოში 2010 წელს, პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მთავარი არსი სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაა. ქვეყანაში ასევე მოქმედებს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ქალსა და კაცს თანაბარ პირობებში აქცევს.

საქართველოში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ გენდერული დისბალანსი ყველა სფეროში და დონეზე გვხვდება. საჭიროა მრავალწლიანი ტრანსფორმაცია, რათა შეიქმნას გენდერული თანასწორობის მქონე კულტურა. [4]

ფრიად სასიხარულო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის თებერვლიდან საქსტატმა დაიწყო შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის გამოქვეყნება დაიწყო. აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშება განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში აღნიშნული მაჩვენებლის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით არ იწარმოება და საქართველომ ამ მიმართულებით პირველმა გადადგა ნაბიჯი.

შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის გაანგარიშება წარმოადგენს პროგრესს გენდერული სტატისტიკის განვითარების თვალსაზრისით და შრომის ბაზარზე არსებული გენდერული ბარიერების იდენტიფიცირებისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული უთანასწორობის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებას. [5]

დასკვნა

განვიხილეთ გენდერული დისბალანსის პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ მწვავე და მნიშვნელოვანია დღევანდელი ეკონომიკისთვის. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე განვიხილეთ ამ საკითხის თავისებურებები და მიმოვიხილეთ უახლესი ტენდენციები, რომელიც შეინიშნება საქართველოში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით.

დღის წესრიგში დგება საკითხი – რამდენად არსებობს ქალთა უფლებების დაცვის პროცესის  ხელშემწყობი ნება მოცემულ საზოგადოებაში. სტერეოტიპული აზროვნება, პატრიარქალურ-დომინანტური პრეფერენციები, რელიგია, კულტურია არის ის სფეროები, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს კონკრეტულ საკითხებზე, რომელსაც გენდერული იდენტობის ნიშნით განვსაზღვრავთ. ისინი ზღუდავენ ქალის თვითრეალიზაციის არეალს, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. „დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“ (მ.ცარციძე; 2017; თსუ; თბილისი)
  2. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  3. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi
  4. https://www.researchgate.net/publication/263297560_httpforbesgenews231_kalebis_roli_ekonomikashi_-_tanamedrove_tendentsiebi
  5. https://www.geostat.ge/ka/single-news/2459/sakstatma-genderuli-sakhelfaso-skhvaobis-machveneblis-gamokveqneba-daitsqo