მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს

ავტორის სტილი დაცულია

ზაურ კახნიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
II კურსის სტუდენტი
zauri.kakhniashvili841@eab.tsu.ge

ანოტაცია

რა იქნება მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევა 2022 წელს? შენარჩუნდება ინფლაციის ზრდის ტენდენცია? მსოფლიოს საზოგადოებას არაერთი კითხვა აქვს იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მსოფლიოს მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად კორონა ვირუსს აღიქვამს 2022 წელშიც. თუმცა, მართლა ვირუსია ყველაზე დიდი პრობლემა?! როგორც სტატიაში დავინახავთ, ყველაზე დიდი ხიფათი წელს კორონა ვირუსთან ერთად მსოფლიოს ეკონომიკისათვის არის, ისევ და ისევ, ინფლაცია და პოსტ-პანდემიური აღდგენის პერიოდის არასწორი გაგება და განსაზღვრა პოლიტიკოსების მიერ. 2022 იქნება ის წელი, როდესაც მსოფლიო დაინახავს, თუ რამდენად შეუძლია მსოფლიო ეკონომიკას გააგრძელოს განვითარება მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების ნაკლები დახმარებით. ამასთან, მსოფლიო დაინახავს, გაზრდილი ინფლაცია არის კორონა ვირუსის გავრცელების დროებითი შედეგი, თუ – მუდმივი პრობლემა, რომელიც გადაულახავია. სტატია მკითხველს აძლევს საშუალებას, რომ გაეცნოს მსოფლიოს ეკონომიკაში მიმდინარე უახლეს, მნიშვნელოვან და საინტერესო პროცესებს. სტატიის მიზანი არის ის, რომ დაანახვოს მკითხველს, თუ რა მდგომარეობაში არის და იქნება მსოფლიო ეკონომიკა მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით.

Annotation

What is the greatest challenge for the world in 2022? Will increasing tendency of inflation rate remains? World society has great deal of questions about what will happen in 2022 throughout the world. First of all, of course, world population expect that the coronavirus remains the very first and the biggest problem in 2022. However, is the coronavirus really the biggest problem? As we will see in the article, the biggest dangers this year except coronavirus will stem from inflation and the risk that policymakers will call the post-Covid recovery wrong. This is the year we’ll find out whether the global economy is robust enough to get by with less help from governments and central banks. And whether inflation is a temporary byproduct of Covid or a more persistent problem. The article gives readers opportunity to get to know about the most recent, important and interesting events of world economy. The goal of the article is to show readers in what condition is and will be global economy based on recent data.

რა არის ახალი?

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკონომიკასთან დაკავშირებული გაზეთი „ბლუმბერგის“ კვლევის თანახმად 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკის 4.4%-ანი ზრდა არის ნავარაუდევი. ხოლო შედარებისთვის ვახსენებ, რომ 2021 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 5.8% არის. რაც შეეხება 2023 წელს, როგორც ნავარაუდევია მსოფლიო ეკონომიკის ზრდა იქნება 3.5% და დაუბრუნდება იმ გრძელვადიან ნორმას, რომელიც პანდემიის არ არსებობის შემთხვევაში იქნებოდა.

თუმცა ციფრებმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. აქ არის ერთი პრობლემა. ექსპერტების ნაწილის აზრით, ყველაზე დაბალი დონიდან დაწყებული დღევანდელ ეკონომიკას არაფერი ეტყობა, რომ ნორმალურ მდგომარეობაშია.  ის უბრალოდ არ მუშაობს. მაგალითად, ავიღოთ შრომის ბაზარი. 2021 წლის მიწურულს სხვადასხვა სამსახურის 10 მილიონზე მეტი ვაკანსია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც რესტორნის მენეჯერები, ქარხნის მმართველები, აღმასრულებელი დირექტორები უჩივიან სამუშაო ადგილების შეუვსებლობას. მაგრამ, მეორე მხრივ, ციფრები საპირისპიროსაც გვიჩვენებს. დღეს 5 მილიონზე მეტი ზრდასრული ამერიკელი არის უმუშევარი, რომლებიც 2020 წელს დასაქმებულები იყვნენ. მსგავსი მდგომარეობა არის გაერთიანებულ სამეფოშიც. გასული წლის ნოემბერში დაახლოებით ერთი მილიონი შეუვსებელი სამუშაო ადგილი დაფიქსირდა მაშინ, როცა უმუშევართა რაოდენობა ყველაზე ცოტა 600 ათასით ბრიტანელით მეტია ვიდრე 2020 წლის დასაწყისში. ამრიგად, პრობლემა არის ცდომილება შრომის ბაზარზე არსებულ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. ეს არის მთავარი თემა პოსტ-პანდემიური აღდგენის პერიოდში. ბოლო დროის განმავლობაში კი განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკის პოლიტიკოსები თვლიდნენ, რომ სამუშაო ძალის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის არსებული ცდომილება უბრალოდ დროებითი მოვლენა იყო, რომელიც თავისით გაივლიდა. (1:2)

გასულ 2021 წელს ენერგიის ხარჯები გაიზარდა, რომელშიც იგულისხმება ელექტრო-ენერგიის, საწვავის, გათბობისა და სხვა ხარჯები. ამ გაზრდილ ენერგიის ხარჯებს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი უმოქმედოდ შეხვდა, რადგან, როგორც წესი, მაღალი საწვავის ფასი გზრდის ნელი ტემპით ხასიათდება. მაგრამ ამასობაში 2021 წლის მადლიერების დღისთვის, რომელიც ნოემბრის ბოლო კვირაშია, სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ 6.8%-ს მიაღწია, რომელიც უდიდესი მაჩვენებელია რონალდ რეიგანის მმართველობის შემდეგ და რომელიც 3-ჯერ აღემატება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელს. შესაბამისად, დეკემბერში პოლიტიკოსებმა დაიწყეს ფიქრი, რომ ეს პრობლემა არა გარდამავალია, არამედ მუდმივი და შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვს. მეორე მხრივ, ბრიტანეთის ცენტრალური ბანკიც ელოდება, რომე მომავალ თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი 6%-ს ასცდება. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ნაჩვენები არის მსოფლიოს დიდი ქვეყნების ინფლაციის პროცენტული მაჩვენებლები 2021 წლისა და 2022 წლის ბოლოსათვის. როგორც ჩანს, ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრ შემცირებას ელოდებიან წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები 2022 წლის მეოთხე კვარტალში 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.

გრაფიკი 1. 2022 წლის მეოთხე კვარტალის პროგნოზირებული ინფლაციის პროცენტული მაჩვენებლები 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ქვეყნების მიხედვით

წყარო: https://www.bloomberg.com/news/features/2022-01-12/central-banks-not-covid-will-drive-global-economies-in-2022

მეორე მხრივ, გარდა ინფლაციის პროცენტული მაჩვენებლისა სასარგებლო იქნება, თუ სხვა ეკონომიკურ მაჩვენებელსაც განვიხილავთ, როგორიც არის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP), რომ უკეთესად დავინახოთ მსოფლიო ეკონომიკის მომავალი მდგომარეობა. შემდეგ გრაფიკზე მოცემული არის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით 2021 და 2022 წლებში. როგორც ჩანს, ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი მთლიანი შიდა პროდუქტის მკვეთრ შემცირებას ელოდებიან.

გრაფიკი 2. მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზირებული ზრდა 2022 წელს 2021 წელთან შედარე

წყარო: https://www.bloomberg.com/news/features/2022-01-12/central-banks-not-covid-will-drive-global-economies-in-2022

მსოფლიო ეკონომიკა აღდგენის პერიოდში

მას შემდეგ რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინფლაციისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებს გავეცანით, სასარგებლო იქნება, თუ მსოფლიოს ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივას შევაჯამებთ და გლობალურ ეკონომიკას განვიხილავთ, როგორც ერთი მთლიანობა. მსოფლიოს ბანკის პროგნოზის მიხედვით განვითარებადი ქვეყნებისთვის (EMDEs) პოსტ-პანდემიური აღდგენის პერიოდი მცირე ზრდით ხასიათდება, ხოლო განვითარებული ქვეყნებისთვის (Advanced economies) – მკვეთრი ზრდით. გარდა ამისა, როგორც მომდევნო გრაფიკზე ჩანს, განვითარებადი ქვეყნები (EMDEs) 2023 წლის ბოლოსაც კი შორის იქნებიან 2019 წლის მდგომარეობისაგან, როცა პანდემია არი იყო. ხოლო განვითარებული ქვეყნები (Advanced economies) 2023 წლის ბოლოს 2019 წლის მდგომარეობას გააუმჯობესებენ. მაშასადამე, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით აღდგენის პერიოდი რადიკალურად განსხვავებული იქნება განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში მომავალი ორი წლის განმავლობაში. (4)

გრაფიკი 3. განვითარებადი და განვითარებული ეკონომიკების მდგომარეობა 2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით

წყარო: https://blogs.worldbank.org/voices/global-economic-outlook-five-charts-1

ჩვენ უკვე შევეხეთ სხვადასხვა ქვეყნის ინფლაციის პროცენტულ მაჩვენებლებს და დავინახეთ, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში დიდი, განვითარებული ქვეყნები ინფლაციის რადიკალურ შემცირებას ელოდებიან 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. ხოლო ახლა ვნახავთ, თუ როგორ გამოიყურება მსოფლიო ეკონომიკის საერთო სურათი ინფლაციასთან მიმართებაში. როგორც ჩანს მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წლის მოულოდნელი მკვეთრი ზრდის შემდეგ 2022 წელსაც მაღალ დონეზე დარჩება ინფლაცია, თუმცა მცირედი კლებაც იქნება. მოცემულ მომდევნო გრაფიკზე წითელი ფერი ასახავს 2021 წლის დეკემბრის კვლევას, ხოლო ლურჯი ფერი – 2021 წლის მაისის კვლევას. (4)

გრაფიკი 4. გლობალური ინფლაცია 2019-2022 წლებში

წყარო: https://blogs.worldbank.org/voices/global-economic-outlook-five-charts-1

ომიკრონი, როგორც საფრთხე

მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ კორონა ვირუსის ახალი შტამი სახელად „ომიკრონი“ უსწრაფესად გავრცელდა მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიო ბანკის მკვლევარების ყურადღების მიღმა არც ეს მოვლენა დარჩენილა. მათი აზრით, ომიკრონი ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება მოკლევადიან პერსპექტივაში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის. შემდეგი გრაფიკი გვიჩვენებს განვითარებადი (EMDEs) და განვითარებული (AEs) ქვეყნების და მთლიანი მსოფლიოს (World) ზრდას პროცენტებში ცალ-ცალკე მოკლევადიან პერიოდში ომიკრონის ზეგავლენით. გრაფიკზე ამ ზეგავლენით გამოწვეული ცვლილების შესაძლო შედეგს ასახავს ყვითელი ხაზები. (4)

გრაფიკი 5. ომიკრონის გავრცელებით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესაძლო დაღმასვლა

წყარო: https://blogs.worldbank.org/voices/global-economic-outlook-five-charts-1

დასკვნა

 საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ეკონომიკა არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია და კორონა ვირუსი ისევ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება მსოფლიოში. გასულ წელს მკვეთრად გაზრდილი ინფლაცია წელსაც პრობლემად დარჩება. კორონა ვირუსის ახალი ვარიანტი სახელად „ომიკრონი“ კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას და ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას. ზრდასრულ ადამიანებს აწუხებთ უმუშევრობის პრობლემა. პოსტ-პანდემიური აღდგენის პერიოდი რთულად მიმდინარეობს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

მეორე მხრივ, რაც შეეხება დადებით მხარეს, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 4.4%-ით არის ნავარაუდევი. დიდი ქვეყნები (როგორიცაა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვა) ინფლაციის შემცირებას და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ელოდებიან, რაც დადებითად აისახება მთლიანად მსოფლიოზე. კორონა ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია, თუმცა ნაკლებად საზიანო ჯანმრთელობისთვის. განვითარებული ქვეყნები 2022 წლის ბოლოს თითქმის პანდემიამდე არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას მიაღწევენ.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.bloomberg.com/news/features/2022-01-12/central-banks-not-covid-will-drive-global-economies-in-2022
  2. https://www.imf.org/en/Home
  3. https://www.theguardian.com/business/2022/jan/01/global-economy-growth-forecast-2022-inflation#:~:text=The%20world%20starts%20the%20year,Research%20(CEBR)%2C%20a%20UK
  4. https://blogs.worldbank.org/voices/global-economic-outlook-five-charts-1