2020-2022 წლების ინფლაციური პროცესები საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
თამარ დოლიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
Tamar.dolidze110@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აწყდება არის ფასების ზრდა. ინფლაცია, როგორც ასეთი, საქართველოს ეკონომიკის პერმანენტულ პრობლემას წარმოადგენდა. ნაშრომის მიზანია განვიხილოთ ინფლაციის დინამიკა ბოლო 3 წლის განმავლობაში და აღვნიშნოთ, რამდენად დამძიმდა მდგომარეობა 2019 წელს დაწყებული კორონავირუსის პანდემიის შემდეგ.
Annotation
One of the most important problems facing the population of Georgia today is rising prices. Inflation, as such, was a permanent problem of the Georgian economy. The aim of the paper is to review the inflation dynamics over the last 3 years and to note how much the situation has worsened since the coronavirus pandemic started in 2019.
ინფლაცია 2020-2021 წლებში
ინფლაცია შეიძლება ვუწოდოთ გარღვევას ფულად და რეალურ სექტორს შორის. ინფლაცია წარმოიქმნება როდესაც ფულის მასის ზრდა აღემატება რეალურ ზრდას, რასაც შედეგად ფასების საერთო დონის ზრდა მოჰყვება. [1]
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. როდესაც ქვეყანა საგანგებო რეჟიმში გადავიდა, ამან ცხადია, იმოქმედა ფასებზეც. ამიტომაც განვიხილოთ 2020 წლის ინფლაციის დინამიკა
გრაფიკი 1: ინფლაციის დინამიკა 2020 წელს (%)
წყარო: https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data
ვხედავთ, რომ ინფლაცია იზრდება აპრილის ჩათვლით, თუმცა შემდგომ, ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკით შესაძლებელი გახდა ინფლაციის მოთოკვა და მისი მიზნობრივ მაჩვენებლამდე მიყვანა. მაგალითად დეკემბერში ის 2.4%-ს შეადგენდა.
თუმცა, ყველაფერი ისე კარგად არ განვითარდა, როგორც ამას მოსახლეობა ელოდა. 2021 წელს ახალი შტამების გავრცელების კვალობაზე მეტად გართულდა ეკონომიკური მდგომარეობაც. ჩაკეტილმა ეკონომიკამ თავისი შედეგი გამოიღო და ქვეყნის მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა კატასტროფულად გაზრდილი ფასები.
აქამდე, საქართველოში 2000-იანი წლების შემდგომ პერიოდში ყველაზე მაღალი ინფლაცია 2011 წელს შეინიშნებოდა და ის 14.3 %-ს შეადგენდა. მთელი 2021 წლის განმავლობაში ინფლაცია საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა, რამაც, საბოლოო ჯამში მიგვიყვანა წლიურ 13.9%-მდე. [2] [3]
გრაფიკი 2: ინფლაციის დინამიკა 2021 წელს (%)
წყარო: https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data
თუ დავაკვირდებით, თებერვლიდან დაწყებული (3.6%) ინფლაციის ზრდის ტემპით თითქმის გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მარტში ინფლაცია 2-ჯერ გაიზარდა და 7.2% შეადგინა. მიუხედავად ეროვნული ბანკის მცდელობებისა, მთელი ზაფხულის განმავლობაში ის კვლავ იზრდებოდა და საბოლოოდ 12.8% შეადგინა 2021 წლის აგვისტოში. დეკემბერს, ინფლაციამ პიკს მიაღწია და 13.9% შეადგინა. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით 2011 წლის მონაცემს (14.3%), რაც იმას გულისხმობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი დიდი ზარალია საქართველოსთვის. [2] [3]
ეროვნული ბანკის განცხადებით, ქვეყანაში ნარჩუნდება მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რაც ინფლაციის მაღალი დონითაა განპირობებული. ინფლაციის დონე, ეროვნული ბანკის პროგნოზებით 2022 წლის გაზაფხულიდან დაბლა დაიწევს. [5]
2022 წლის იანვარში ინფლაციამ 13.9% შეადგინა, რაც საკმაოდ არასაიმედო ჩანდა. თუმცა, როგორც ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ შედეგი გამოიღო და უკვე 2022 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა. ეს გვაძლევს იმედს, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზი გამართლდება მომავალშიც და გაზაფხულიდან წლიური ინფლაციის დონე დაბლა ჩამოვა. [4]
ახლა კი, დაწვრილებით განვიხილოთ 2022 წლის ინფლაციის დინამიკა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილება ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ფასები გაიზრდა 2.1 %-ით, რაც თვიური ინფლაცია 0.67%-ით გაზარდა), ტრანსპორტი (ფასები გაიზარდა 1%-ით, რაც 0.12%-ით გაზარდა თვიური ინფლაციაც), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (ფასები გაიზარდა 1.3%-ით, რაც თვიური ინფლაცია 0.09%-ით გაზარდა) და ტანსაცმელი (ფასები გაიზარდა 4.1%-ით დაიკლო, რაც შეამცირა თვიური ინფლაცია 0.15%-ით). [4]
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილება სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (5.61%-იანი ზრდა), ასევე კომუნალური ხარჯებზე (3.72%-იანი ზრდა) და ტრანსპორტზე (1.88%-იანი ზრდა) [4]
შეგვიძლია განვიხილოთ საერთო დინამიკა 2020-2022 წლებში
გრაფიკი 3: ინფლაციის დინამიკა 2020-2022 წლებში (%)
წყარო: https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data
როგორც ვხედავთ, ინფლაცია 2020-2022 წლების განმავლობაში 2-ზე მეტჯერ არის გაზრდილი, რაც არც ქვეყნის ეკონომიკისთვის, არც მითუმეტეს მოსახლეობისთვის კარგს არაფერს ნიშნავს. დღესდღეობით ინფლაციის დონე 13.7%-ს წარმოადგენს და ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ რეალისტური სცენარით ინფლაცია 2022 წლის მე-3 კვარტლისთვის 4%-მდე დაეცემა, რაც მეტ-ნაკლებად დაასტაბილურებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას. [3]
დასკვნა
ამრიგად, ვხედავთ, როგორ შეიცვალა ინფლაციის მაჩვენებელი ამ ბოლო წლების განმავლობაში. განვიხილეთ მისი დინამიკა უშუალოდ კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას, ასევე მის პიკზე და ბოლოს, პოსტპანდემიურ პერიოდშიც. ვიმედოვნებთ, რომ ეროვნული ბანკი შეძლებს ინფლაციის მოთოკვას მიზნობრივ დონემდე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ჩიქობავა მ., კაკულია ნ., „ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“, თსუ, 2014
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia
- https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data
- https://www.geostat.ge/ka/single-news/2464/inflatsia-sakartveloshi-2022-tslis-tebervali
- https://civil.ge/ru/archives/460629