მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
თორნიკე კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
tornike.kokhreidze598@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, კერძოდ, ის უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდა-განვითარებას, მდგრადობას, მსხვილ ბიზნესთან ერთად, დასაქმებისა და სამუშაო ადგილების შექმნას. ძლიერი და კარგად განვითარებული სამეწარმეო სექტორი ხელს უწყობს ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას, ამავე დროს იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კერძო სექტორისათვის ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნა.
Annotation
The entrepreneurial sector, especially small and medium-sized businesses, plays an important role in economic development, in particular, it provides economic growth and development, sustainability, along with large businesses, employment and job creation. A strong and well-developed entrepreneurial sector promotes exports, innovations, the creation of a modern entrepreneurial culture, at the same time it plays an important role in enhancing the prosperity of the country. Given this, it is important to create a healthy, competitive environment for the private sector.
მცირე ბიზნესი
მცირე ბიზნესი არის მცირე საწარმოთა ერთობლიობა, რომელსაც მცირე კაპიტალდანაბანდების მიუხედავად, შეუძლია ოპტიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მრავალფეროვანი მოთხოვნები. სწორედ ამიტომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ყველაზე რეალური და ეფექტიანი საშუალება მცირე ბიზნესის ფართოდ გაშლა-განვითარება.
დღეს მცირედ ითვლება საწარმო, სადაც დასაქმებულია 50 ან ნაკლები ადამიანი და რომლის წლიური ბრუნვა 1,2 მლნ. ლარზე ნაკლებია.[1]
მცირე ბიზნესის ფუნქციებად გვევლინება:
- ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. განვითარებულ ქვეყნებში მცირე ბიზნესში დასაქმებულია კერძო სექტორის სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი და მასზე ახალი სამუშაო ადგილების 2/3-დან 3/4-მდე მოდის.
- მომხმარებლის მოთხოვნილებისადმი ოპერატიული რეაგირება. რაც გულისხმობს ეკონომიკური სტრუქტურის, ტექნოლოგიების, მართვის ფორმების გარდაქმნას, ანუ სამომხმარებლო ბაზრის სტაბილიზაციას.
- სიახლის გამოცდა და ახალი საქონლის გამოშვებაზე გადასვლა.
- ეკონომიკაში შეაქვს ფულის მნიშვნელოვანი მასა.
- ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის სამეურნეო საფუძვლების განმტკიცება. ხსენებული ფუნქცია გამოხატება იმაში,რომ მცირე ბიზნესი, უპირატესად, ადგილობრივი რესურსებით, ადგილობრივი ბაზრისთვის საქმიანობს.
- ქვეყანაში საშუალო კლასის ფორმირება. საშუალო კლასი კი არის ეკონომიკური უსაფრთხოების, სტაბილიზაციისა და სიღარიბის დაძლევის გარანტი.
როგორც ყველაფერს, მცირე ბიზნესსაც აქვს სუსტი მხარეები, ესენია:
- წარუმატებლობის მაღალი მაჩვენებელი. მცირე ფირმის შექმნა გაცილებით ადვილია, ვიდრე საშუალო ან მსხვილის, სწორედ, ეს სიმარტივე არის მათი წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი, ხოლო შედეგი – ცუდი მართვა. ასეთი მოვლენა არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან მცირე ბიზნესში ხშირად სათანადოდ მოუმზადებელი ადამიანები გვხდებიან.
- მმართველური გამოცდილების ნაკლებობა, უქონლობა. მცირე საწარმოებში ხშირია ისეთი შემთხვევა, რომ მათი ხელმძღვანელები ვერ ართმევენ თავს გაზრდილ მმართველურ მოთხოვნას, რის გამოც საწარმო კოტრდება.
- კაპიტალდანაბანდების დაკარგვის მაღალი შანსი. იმის გამო, რომ მცირე ფირმები სწრაფად კოტრდებიან, იზრდება ჩადებული ფულის ამოღების შეუძლებლობის რისკი.
- მცირე საწარმოში რესურსები შედარებით ძვირიად შეიძინება. რადგან ნედლეული შეისყიდება ცალობით ან შედარებით მცირე რაოდენობით.
მცირე საწარმო დიდადაა დამოკიდებული ბაზარზე ჩამოყალიბებულ სიტუაციაზე, ანუ, კონიუნქტურაზე. მას თითქმის არ ძალუძს მისი შეცვლა, რადგან თითოეულ მცირე ფირმას ამისათვის საკმარისი რესურსები, სახსრები, საშუალებები არ გააჩნიათ. ამავდროულად,მცირე ბიზნესი, როგორც აღვნიშნე, უზრუნველყოფს დასაქმების ზრდას, მგრძნობიარეა კონკურენციის მიმართ. რაც შეეხება პოლიტიკას მას არ შუეძლია საკუთარი ინტერესების ლობირება ისე, როგორც მსხვილ ფირმებს, ამიტომ მიღებულია, რომ მცირე ფირმების ლობირება დაბალეფექტიანია. აღნიშნულის გამო, ქვეყნების უმრავლესობა ეხმარება მცირე ბიზნესს ზრდა- განვითარებაში. მცირე ბიზნესს, მცირე კაპიტალის გამო, „პოლიტიკაში პატარა ხმა აქვს“
თანამედროვე ეკონომიკაში მსხვილი და მცირე ბიზნესის გარდა შენარჩუნებულია ისეთი ცნება, როგორიცაა საშუალო ბიზნესი.
საშუალო ეწოდება ისეთ ფირმას, რომელშიც მომუშავეთა რაოდენობა არ აღემატება 250 ადამიანს, ხოლო წლიური ბრუნვა – 60 მლნ. ლარს. ის მცირე ბიზნესის მსგავსად დასაქმებისა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს, ასევე, მის ფუნქციებად გვევლინება:
- ენერგიული, უნარიანი, გერგლიანი ადამიანების წარმოჩენა (რამე თუ ბიზნესი ცნობადობის ერთ-ერთი წყაროა), თვითრეალიზაცია;
- მესაკუთრეთა რიცხოვნობის ზრდის ხელშეწყობა, რაც საზოგადოებაში საშუალო კლასის ფორმირების საფუძველია;
- ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შედარებით დაბალი დანახარჯებით.
საშუალო ისევე, როგორც მსხვილ საწარმოს არ აქვს განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი. მას შეგვიძლია ვუწოდოთ ერთგვარ შუამავლად სხვადასხვა ეკონომიკურ პოლუსზე მყოფ მსხვილსა და მცირე ბიზნესებს შორის, აგრეთვე, მცირე ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის.[2]
აღსანიშნავია, რომ საშუალო ბიზნესში პროდუქტის წარმოება იგეგმება მარკეტინგული კვლევების გარეშე, ურთიერთობა პერსონალთან „დამქირავებელი – თანამშრომელთა კოლექტივი“ , ფინანსების ძირითადი წყაროებია ოჯახი და ბანკი, მენეჯმენტი წარმოდგენილია პირად მენეჯმენტად, კონსულტაციებად მთავარ პარტნიორებთან ან სპეციალისტებთან.
საშუალო ბიზნესის სუსტი მხარეები მცირე ბიზნესის ნაკლოვანებების მსგავსია (მმართველური გამოცდილების ნაკლებობა, მსხვილ ფირმებთან შედარებით კაპიტალდანაბანდების დაკარგვის უფრო დიდი მაჩვენებელი).
მსხვილი ბიზნესი, მცირესაგან განსხვავებით, არ ექვემდებარება მარტივ განსაზღვრებას. იგი გამოიყენება ისეთი გიგანტური, წარმატებული და ცნობილი ფირმების, კომპანიების მიმართ, როგორებიცაა კოკა-კოლა (აშშ); მაკდონალდსი (აშშ); ალი-ექსპრესი (ჩინეთი); ტოიტა (იაპონია); „დე ბირსი“ (ს. აფრიკა) და სხვ.
ზოგადად, საწარმო მოიაზრება მსხვილად, თუ კი მასში დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი, ხოლო წლიური ბრუნვა აღემატება 60 მლნ ლარს.
ახლა კი ვნახოთ მისი ფუნქციები (აღვნიშნავ, რომ აქ და ზემოთ ფუნქციებში ძლიერი მხარეებიც მოიაზრება):
- უნარი აქტიურად შეცვალოს გარე გარემო;
- უნარი შექმნას და დააგროვოს მეცნიერულ-ტექნკური პროგრესის მიღწევები და რაციონალური ბიზნესის პროცედურები;
- მდგრადობის უნარი;
- კაცობრიობის განვითარება;
- დახმარება მცირე საწარმოებისათვის ფრანჩაიზის სახით;
- დიდ ბიზნესში რესურსები შედარებით დაბალ ფასებში შეიძინება, რადგან ისინი ყიდულობენ საბითუმოდ და არა ცალობით (რაც დამახასიათებელია მცირე საწარმოებისათვის).
მსხვილ ბიზნეს აქვს რიგი უარყოფითი მხარე, კერძოდ:
- შესაძლებელია შეეზღუდოს სხვა ფირმებს მეცნიერ-ტექნიკური პროგრესისა და რაციონალური ბიზნესის მიღწევების გამოყენება;
- მართვის ეფექტიანობის დაცემა კომპანიის ზრდის კვალობაზე;
- მოუქნელობა, მომხმარებელთან კონტაქტების დაკარგვის შესაძლებლობა;
- სუსტი პიროვნული კავშირები. რაც იწვევს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციაზე კონტროლის გაძნელებას, გართულებას.
- იზრდება ინფორმაციის გადაცემისა და დამუშავების ხარჯები. რადგან იზრდება თავად ინფორმაციის მოცულობა.
მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი საქართველოში
როგორც ქვეყნების უმრავლესობაში, საქართველოშიც, ვითარდება ბიზნესის 3 სახეობა: მცირე, საშუალო და დიდი (მსხვილი). სამწუხარო, მაგრამ რეალობაა, რომ 2020 წლის მონაცემებით საქართველოში დარეგისტრირებულ იქნა 802 ათასი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელთაგან მხოლოდ 171 ათასი მოქმედებს, აგრეთვე, რეგისტრაცია აქვთ გავლილი 763 ათას ბიზნეს სუბიექტს, ფუნქციონირებს კი მხოლოდ 165 ათასი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში იოლია ბიზნესის დაწყება, რეგისტრაცია, ხოლო, მისი შენარჩუნება, გაძღოლა და გაშლა-განვითარება კი რთულია.[7]
აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორში დიდი ბიზნესი რაოდენობრივად მხოლოდ 5%-ს შეადგენს, მცირე და საშუალო კი 95%-ს. მაგრამ, თუ კი გადავხედავთ მათ ბრუნვებს, დავინახავთ, რომ მცირე და საშუალო საწარმოები ქვეყნის მშპ-ში (მთლიანი შიდა პროდუქტი) მხოლოდ 17%-იანი წილი უდევთ. თუ იმასაც გავითვალისცინებთ, რომ ამ ორ სექტორში დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 43% ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირედ მოგვეჩვენება. ხსენებული 17% მეტყველებს შემდეგზე: საქართველოში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი დაბალია და საწარმოები დაბალპროდუქტიულობით ხასიათდებიან. ეს მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში მშპ-ს ძირითად მასას სწორედ მცირე და საშუალო კომპანიები წარმოადგენენ და არა დიდი. ასე, მაგალითად, აშშ-ში მათი წილი 85%-ს შეადგენს, ევროპაში 70-75%, საქართველოში კი, როგორც ზემოთ ვახსენე, 17%-ს ვერ გასცდა.
2021 წლის მონაცემებით მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება შეადგენს 1322,9 ლარს (აქედან 1184,9 ლარი მოდის სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებზე, ხოლო 1352,5 ლარი არასახელმწიფოზე), საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ანაზღაურება 1419,6 ლარს (სახელმწიფო სექტორში 1060 ლარი, არასახელმწიფოში 1435,2 ლარი), ხოლო მცირე საწარმოებში 991,6 ლარი (სახელმწიფო სექტორში 663,4 ლარი, არასახელმწიფოში – 997 ლარი).[3]
2019 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის (Small and Medium sized enterprises ანუ SME) მწარმოებლურობამ 28,077ლარი შეადგინა, მათ შორის საშუალო ზომის საწარმოთა მწარმოებლურობამ 38,728 ლარი შეადგინა, ხოლო მცირე საწარმოთა მწარმოებლურობა 23,287 ლარს გაუტოლდა. მსხვილი ბიზნესის მწარმოებლურობამ კი 35,000 ლარს აღემატება და ჩამორჩება მხოლოდ მცირე ბიზნესს. დიაგრამიდან გამომდინარე საქართველოში საწარმოთა მწარმოებლურობის ზრდა შეინიშნება (რამდენიმე ჩავარდნის მიუხედავად, ამ მაჩვენებელს უპირატესად ზრდის ტენდეცია ახასიათებს), რაც უდავოდ კარგია. მაგრამ 2020 წელს გაჩახებულ პანდემიას მწარმოებლურობის ვარდნა მოჰყვა.[4]
დიაგრამა 1. მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოთა მწარმოებლურობა საქართველოში. 2010-2019 წლები.
კოვიდპანდემიამ ზარალი მიაყენა მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებს. კვლევაში – „ქართული კომპანიები Covid-19-ის პანდემიის გამოწვევის წინაშე“ გაანალიზებულია პანდემიის გავლენა საქართველოს ბიზნეს სექტორზე აქედან ჩვენთვის პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესი.
კვლევა ცხადყოფს, რომ მოთხოვნის შემცირება არის COVID-19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა. მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება. უკვე არსებული შემოსავლის შემცირებისგან განსხვავებით, შედარებით პოზიტიურია ბიზნესის მოლოდინები სამომავლო შემოსავლებთან დაკავშირებით – გამოკითხულთაგან დაახლოებით ნახევარი ელოდება წინა პერიოდთან შედარებით შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას. ამ შემთხვევაშიც ყველაზე ნეგატიური პროგნოზი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში იკვეთება. მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა (ფულადი მოთხოვნების შეგროვების პრობლემა) და ზოგადად მომხმარებელთა ქცევის შეცვლამ, კომპანიების ლიკვიდობის პრობლემა გამოიწვია. გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები არსებული ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ნახევარს აღნიშნული გამოწვევები 1-6 თვის განმავლობაში შეექმნება, ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 15% გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას. მოთხოვნის შემცირების და ლიკვიდობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუხდათ. გამოკითხული საწარმოების 50%-ზე მეტმა სხვადასხვა მასშტაბით უკვე შეამცირა დასაქმებულთა ოდენობა. მათ შორის ყველაზე დიდი შემცირებები სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში შეინიშნება – აღნიშნულ სექტორში კომპანიების 40%-ზე მეტმა გაათავისუფლა ყველა დასაქმებული. ამ თვალსაზრისით სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა. პანდემიის სამომავლო განვითარების გარშემო არსებული გაურკვევლობის გამო, ბიზნესის მოლოდინებიც ასევე ემთხვევა არსებული სიტუაციის შეფასებას. პანდემიის გავრცელებასთან ერთად კომპანიების უმეტესობა დამატებითი დაფინანსების მოძიების გამოწვევის წინაშე დადგა. გამოკითხულთა 79%-ს ესაჭიროება დამატებითი დაფინანსება, მაგრამ ამ ეტაპისთვის გამოკითხული კომპანიების 85%-ს ჯერ არ მიუმართავს ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად. ხოლო იმ სეგმენტისგან, რომელმაც უკვე მიმართა ფინანსურ ინსტიტუტებს დიდ ნაწილს უარი ეთქვა დაფინანსებაზე. ამ სეგმენტში გამონაკლისს წარმოადგენენ დიდი ზომის კომპანიები, რომელთა 42%-მა მიიღო დაფინანსება, 36% ელოდება პასუხს ბანკის მხრიდან, ხოლო 22%-ს ეთქვა უარი დაფინანსებაზე.
დასკვნა
ამრიგად, მცირე და საშუალო ბიზნესი დასაქმებისა და სამუშაო ადგილების შექმნის და ახალი საქონლის დანერგვის საუკეთესო საშუალებაა, დიდი საწარმოები კი უზრუნველყოფენ მეცნიერებატევად პროდუქციის წარმოებას, გაშლას და განვითარებას. სამივეს აქვთ ძლიერი და სუსუტი მხარეები.
საქართველოში აუციელებელია მცირე და საშუალო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდა, რადგან ეს ორი ქმნის განვითარებული ქვენების მშპ-ს უდიდეს ნაწილს, ამისათვის მთავრობამ უნდა დაეხმაროს მეწარმეებს სუბსიდიებისა და დარეგულირებული საგადასახადო სისტემით.
პანდემიამ და მისგან გამომდინარე შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბიზნესის განვითარებაზე. შედეგად, 2020 წელს მცირე და საშუალო საწარმოთა ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. კერძოდ, 2020 წელს მცირე და საშუალო საწარმოთა ბრუნვა 8%-ით, გამოშვება 9%-თ, ხოლო დასაქმება 22%-ით შემცირდა წინა წლის მცირე და საშუალო საწარმოთა ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. ამასთან, 2021 წლის კვარტალური მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ინდიკატორებს შორის ზრდა (2.9%), მხოლოდ პროდუქციის გამოშვების კუთხით და მხოლოდ 2021 წლის პირველი კვარტალში დაფიქსირდა.[4]
გამოყენებული ლიტერატურა:
- იოსეფ ჰასიდი. მეწარმეობის შესავალი, ნაწილი I-II. (მეწარმეობის თეორია); თსუ 2007.
- უშანგი სამადაშვილი. „ბიზნესის საფუძვლები“ 2016 (მეექვსე გამოცემა, გადამუშავებული, დამატებებით)
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ბიზნეს სექტორი საქართველოში 2021 წ
- საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის.
- https://atsu.edu.ge/en/images/pdf/disertaciebi/disertacia_gogiashvili.pdf
- http://gov.ge/files/439_54422_706524_100-1.pdf
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/64/biznes-registri
- http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Tamar_Khabelashvili_disertacia_.pdf