რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველოს ეკონომიკა
ავტორის სტილი დაცულია
ქრისტინა შაშიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
kristina.shashiashvili219@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
როგორც ყველასათვის ცნობილია, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ მოვლენამ გლობალურ ეკონომიკას, განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობასა და ინსვეტიციებს დიდი ზიანი მიაყენა. დიდი დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამაც და ეს ფაქტი არც თუ ისე მოულოდნელი იყო, ვინაიდან უკრაინა და რუსეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები არიან.
მოცემულ ნაშრომში განხილულია რუსეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, უკრაინის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები საქართველოში.
Annotation
As everyone knows, on February 24, 2022, Russia launched a large-scale war in Ukraine. This occasion has made incredible harm the worldwide economy, especially foreign trade and investment. The Georgian economy was likewise hit hard, and this reality was not all that surprising, as Ukraine and Russia are very important economic partners for Georgia.
This article discusses Russia’s impact on the Georgian economy, Ukraine’s influence on the Georgian economy and the problems arising in Georgia as a result of the Russian-Ukrainian war.
რუსეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა და $610 მილიონს მიაღწია. შედეგად, რუსეთმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვა და საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გახდა – მისი წილი მთლიან ექსპორტში 14.4%-ია. რუსეთში ამოქმედებულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს ბაზარი არასტაბილურია და უნდა ჩავანაცვლოთ. რუსეთის გავლენა საქართველოზე იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. გარდა ექსპორტ-იმპორტისა, რუსეთს დღესაც დიდი წილი აქვს ენერგოპროდუქტების იმპორტის ნაწილში, რაც დასაძლევია.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის პრობლემაა იმ რუსული კომპანიების წილები, რომლებიც შეიძლება სულ მალე დასანქცირდეს და ამას დიდი გავლენა ექნება საქართველოზე. ასევე ცალკე არის ენერგოთემები, ამ კუთხითაც ძალიან დიდია ენერგოპროდუქტების იმპორტის წილი რუსეთიდან. ასევე ის სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც გასხვისებულია რუსულ კომპანიებზე, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ჩვენს ეკონომიკაზე რუსეთის გავლენა სრულად დათვლილი არ არის. ჩვენ ვიცით, მხოლოდ სტატისტიკის სამსახური რასაც გვეუბნება – ეს რიცხვები არის იმპორტი, ექპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები, თუმცა რუსეთს კიდევ უფრო მეტი გავლენა აქვს საქართველოზე, რომელიც ყოველდღიურობაში არ ჩანს – აცხადებს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ანა კვარაცხელია. [1]
ქვეყნების მიხედვით, რუსეთი საქართველოს ექსპორტში მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩა 6 მლნ აშშ დოლარით. 2020 წელს პანდემიის გამო საქართველოს ექსპორტი რუსეთის მიმართულებით 11%-ით შემცირდა, თუმცა 2021 წელს პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს რუსეთში განხორციელებული ექსპორტი რეკორდულად მაღალი იყო. აქამდე, არც ერთ წელს საქართველოს რუსეთში 610 მლნ აშშ დოლარის ან მეტის საქონელი არ გაუტანია. თუმცა, რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2017 წელს უფრო მეტი (14.5%) იყო. ცნობისათვის, 2006 წლის ეკონომიკურ ემბარგომდე რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 18%-მდე იყო. [2]
ცხრილი 1. საქართველოს ექსპორტი რუსეთში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2021 წელს რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 172 მლნ აშშ დოლარით, რაც ქართული ფეროშენადნობების მთლიანი ექსპორტის 36% იყო. ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2021 წელს რუსეთში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 55% შევიდა. გასულ წელს ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტმა 131 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 9.4%-ით მეტია. რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მაღალი დამოკიდებულება პოლიტიკური რისკების მატარებელია. 2006 წელს რუსეთის მხრიდან ქართული პროდუქციის ბოიკოტირებამ, ასევე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო რუსეთის დუმაში ქართული ღვინის იმპორტის შეზღუდვის განხილვამ, ნათლად აჩვენა, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის სერიოზული და რეალური გამოწვევაა. [2]
საქართველოსთვის შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხებია. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. რუსეთის წილი მთლიან გზავნილებში 17.5% იყო. ფულის ეს ნაკადები ყველაზე რთულად ჩასაკეტი იქნება, რადგან რუსეთში მომუშავე ქართველებს ძირითადად რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ და მათი საქმიანობის შეზღუდვა ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები იქ დასაქმებულ ქართველებზეც მნიშვნელოვნად აისახება. თუ შევადარებთ 2015-2016 წლებში რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო შემცირებულ გზავნილებს, მოსალოდნელია ამ თანხის განახევრება.
ყველაზე მკაცრი სცენარის შემთხვევაში საქართველო რუსეთიდან მაქსიმუმ 1.3 მლრდ დოლარის წლიურ შემოსავალს დაკარგავს. თუმცა ასეთი სცენარი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულ შეწყვეტას ან რუსული ეკონომიკის სრულად განადგურებას გულისხმობს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია. უფრო რეალურია 2015-2016 წლების მსგავსი სცენარის განმეორება, როდესაც საქართველოს შემოსავალი რუსულ ბაზარზე ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან განახევრდა. იმ პერიოდში ტურიზმმა ზრდა ისევ განაგრძო, თუმცა ახლა პანდემიის გამო ისედაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. აღნიშნული რეალური სცენარის შემთხვევაში საქართველო წლიურად 500-600 მლნ დოლარის შემოსავალს დაკარგავს. ამას დაემატება რეგიონში არსებული ომის და მსოფლიო ეკონომიკის შენელების გავლენები, რისი მონეტიზებაც და რიცხვებში ზარალის გამოსახვა ამ ეტაპზე შეუძლებელია. [3]
უკრაინის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
რუსეთის ეკონომიკისგან განსხვავებით უკრაინის ეკონომიკაზე საქართველო ნაკლებადაა დამოკიდებული. უკრაინას საქართველოს ექსპორტში მე-5 ადგილი უჭირავს. 2021 წელს უკრაინაში 307 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ. 2021 წელს უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. იმპორტში კი უკრაინა მე-7 ადგილზეა. გასულ წელს 418 მლნ დოლარის საქონელი შემოვიტანეთ. უკრაინის მიმართულებით ექსპორტში პირველ ადგილზე 88 მლნ დოლარით მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია. შემდეგ მოდის სპირტი 43 მლნ დოლარით, სასუქები 38 მლნ დოლარით, მინერალური და მტკნარი წყლები 26 მლნ დოლარით და ღვინო 26 მლნ დოლარით. უკრაინიდან შემოტანილ პროდუქციაში სიგარეტია პირველ ადგილზე 78 მლნ დოლარით, შემდეგ მოდის ლითონები 23 მლნ დოლარით და სამკურნალო საშუალებები 21 მლნ დოლარით. [3]
ცხრილი 2. საქართველოს ექსპორტი უკრაინაში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველოში შემოსული ვიზიტორების მხრივ უკრაინა მე-4 ადგილზეა. 2021 წელს უკრაინიდან 145 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. უკრაინის წილი ვიზიტორებში 8%-მდეა. უკრაინული ტურიზმიდან შემოსავალი დაახლოებით 100 მლნ დოლარია. მაქსიმალური რაოდენობის – 208 ათასი ტურისტი – უკრაინიდან 2019 წელს შემოვიდა. უკრაინიდან ფულადმა გზავნილებმა 2021 წელს 93 მლნ დოლარი შეადგინა. მთლიან გზავნილებში უკრაინის წილი 4%-ია. ჯამში, უკრაინიდან ექსპორტით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით საქართველომ 2021 წელს 500 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. საქართველო-უკრაინის ეკონომიკურ ურთერთობებს საფრთხე არ ემუქრება (თუ რუსეთმა უკრაინის სრული ოკუპაცია არ მოახდინა), მაგრამ უკრაინის ეკონომიკა დიდ ზიანს მიიღებს და, შესაბამისად, საქართველოს უკრაინიდან შემოსავლები შეუმცირდება. რა თანხა დააკლდება საქართველოს, დამოკიდებულია უკრაინის ეკონომიკის ზიანზე, თუმცა ეს თანხა 500 მლნ დოლარზე მეტი ვერ იქნება.
ყველაზე მკაცრ სცენარში საქართველო რუსეთ-უკრაინის ომიდან 1.5 მლრდ დოლარის პირდაპირ შემოსავალს დაკარგავს, თუმცა უფრო რეალური 700-800 მლნ დოლარის დანაკლისია, რაც საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ დაახლოებით 4%-ია. ამას დაემატება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და მსოფლიოზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა. საბოლოო ჯამში, საქართველოს რეალური ეკონომიკის ზრდა შეიძლება 2-3%-მდე შემცირდეს, როგორც ეს 2015-2016 წლებში მოხდა. ამასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს ომის გამო გაუფასურებული ლარი, რაც, თავის მხრივ, ინფლაციას შეუწყობს ხელს. რუსეთი და უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტების მომწოდებლები არიან. მათგან იმპორტის შემცირება ქართულ ბაზარზე ფასებს გაზრდის. [3]
რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები საქართველოში
რუსეთ-უკრაინის ომის ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკისათვის მოსალოდნელი საფრთხეებია ვალუტის დევალვაცია და პროდუქტებზე ფასების ზრდა. ყველაზე დიდი ზრდა შესაძლოა შეეხოს პურის ფასს, რადგან ხორბლის 90% საქართველოში რუსეთიდან შემოდის და სხვა ქვეყნების ხორბლის შესყიდვა მნიშვნელოვნად გააძვირებს პურს, როგორც ეს ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ერთი ალტერნატივა ხორბლის შემოსატანად არის ყაზახეთი და ამ შემთხვევაში 1 კგ პურის ფასი შესაძლოა 1.5 ლარი გახდეს, რადგან რუსეთი უფრო ახლოსაა და ამიტომ შემოტანაც შედარებით იაფი ჯდება. ფასების მატებას ვიხილავთ ასევე უკრაინიდან შემოტანილ პროდუქციაში – ზეთზე, ცხიმებზე, კარაქზე და სხვა პროდუქტებზე. ეკონომისტის აზრით, აგრეთვე მოსალოდნელია სხვადასხვა საფრთხეები, როგორიცაა ინვესტორების მიერ უარის თქმა ინვესტიციების განხორციელებაზე ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ასევე ტურისტების ნაკადის შეწყვეტა, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველოს ეკონომიკაში უდიდესი წილი უჭირავს რუსეთიდან და უკრაინიდან ფულად გზავნილებს, რაც უახლოეს მომავალში საგრძნობლად შემცირდება სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო. [4]
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე შესაძლო გავლენა 7 პუნქტად ჩამოაყალიბა:
1. სანედლეულო საქონელზე ფასების ზრდა და ომის პირობებში კიდევ უფრო დაჩქარდება;
2. უცხოეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდება. უკრაინიდან და რუსეთიდან ამ კუთხით იქნება 70-80%-იანი დანაკლისი;
3. წელს დაგეგმილი იყო ტურიზმის და ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა. ცხადია, ამ მიმართულებითაც იქნება დანაკარგები და ეს იქნება არამხოლოდ რუსი და უკრაინელი ტურისტების ხარჯზე;
4. შემცირდება ექსპორტი. პირველ რიგში, ისევ და ისევ რუსეთსა და უკრაინაში საომარი მოქმედებების, ფინანსური და ეკონომიკური სანქციების და რუბლის დევალვაციის გამო;
5. არსებულ სიტუაციაში იქნება სერიოზული ზეწოლა ინფლაციასა და ლარის კურსზე;
6. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ომის პირობებში მკვეთრად გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, დაახლოებით, 20%-მდე. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა, 2018 წლიდან პირველად, ასევე გაზრდის განაკვეთს არსებული რისკებიდან ინფლაციის მოლოდინებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი რა, თქმა, უნდა იმოქმედებს ჩვენზე და სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკსაც მოუწევს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება;
7. რაც შეეხება საბიუჯეტო სფეროს, ბიუჯეტის შესრულების პრობლემა არ იქნება, თუმცა შესაძლებელია, რომ ისევე როგორც წინა წლებში, გარკვეული კორექტირებები იქნას საჭირო. [5]
დასკვნა
რუსეთ-უკრაინის ომმა საკმაოდ დიდი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე და კიდევ უფრო დიდი ზიანია მოსალოდნელი ახლო მომავალში, რაც მოიცავს უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებას, დანაკარგებს ტურიზმის სფეროში, ექსპორტის შემცირებას, ძალიან დიდ ზეწოლას ინფლაციასა და ლარის კურსზე. 21-ე საუკუნეში, როდესაც უკვე არსებობს კონფლიქტების გადაჭრის ცივილური გზები, არ უნდა ხდებოდეს მსგავსი მოვლენები. არ შეიძლება, რომ ეკონომიკურად დამოკიდებული ვიყოთ ქვეყანაზე, რომლის მმართველიც არის იმპულსური და ნებისმიერ დროს შეიძლება უდიდესი ზიანი მოგვაყენოს. სამწუხაროდ, ამ ქვეყნის გავლენა საქართველოზე იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ.
გამოყენებული ლიტერატურა
- ა. ჯოხაძე, საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის გავლენა სრულად დათვლილი არაა – ექსპორტის ასოციაცია, 2022, Business Media Georgia, https://bm.ge/ka/article/quotsaqartvelos-ekonomikaze-rusetis-gavlena-srulad-datvlili-araaquot—eqsportis-asociacia-/104405
- საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და რუსული კომპანიები საქართველოში, 2022, https://www.transparency.ge/ge/post/sakartvelos-ekonomikuri-damokidebuleba-rusetze-vachroba-turizmi-puladi-gzavnilebi-da-rusuli#_edn2
- ბ. ნამჩავაძე, რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკაზე, 2022, https://forbes.ge/ra-gavlenas-moakhdens-ruseth-ukrainis-omi-saqarthvelos-ekonomikaze/
- Kapitali.ge, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე, 2022, https://kapitali.ge/ruset-ukrainis-omis-gavlena-sakartveloze/
- თ. გელანტია, ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, 2022, Business Media Georgia, https://bm.ge/ka/article/omis-gavlena-saqartvelos-ekonomikaze-irakli-kovzanadze-7-faqtors-asaxelebs/104720