უმუშევრობა და ინფლაცია – ეკონომიკის სცილა და ქარიბდა
ავტორის სტილი დაცულია
ქეთი ზაუტაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
zautashviliq@gmail.com
ანოტაცია
უმუშევრობა გვევლინება სიღარიბისა და კრიმინალის ზრდის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად. ის ზრდის სოციალურ რისკებს, აფერხებს ეკონომიკურ ციკლებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ინფლაცია, თავის მხრივ, არის ფულის გაუფასურება, ანუ მსყიდველთუნარიანობის დაქვეითება. ეს ორი პრობლემა ეკონომისტებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, რადგანაც არ არსებობს მათი კონტროლის და გამოსწორების სრულყოფილი ბერკეტები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავრობა მუდამ ალტერნატივის წინაშე დგას: აირჩიოს დაბალი უმუშევრობა და მაღალი ინფლაცია, თუ პირიქით. სწორედ ამიტომაც, შეგვიძლია ვუწოდოთ მათ ეკონომიკის „სცილა და ქარიბდა“. სტატიაში განხილულია უმუშევრობისა და ინფლაციის ანალიზი საქართველოს უახლოეს მონაცემებზე დაყრდნობით.
Annotation
Unemployment is a major contributing factor to the rise of poverty and crime. It increases social risks, disrupts economic cycles and threatens the country’s future. Inflation, in turn, is the devaluation of money, or the decline of purchasing power. These two problems cause differences of opinion among economists because there are no perfect levers to control and correct them. It is also important that the government is always faced with an alternative: choose low unemployment and high inflation, or vice versa. That’s why we can call them the “Scylla and Charybdis” of the economy. The article discusses the analysis of unemployment and inflation based on the latest data from Georgia.
უმუშევრობა საქართველოში
რატომ აწუხებთ ეკონომისტებს უმუშევრობა? ამას 2 მიზეზი გააჩნია: პირველი, ეკონომისტებს უმუშევრობა აწუხებთ იმის გამო, რომ ის პირდაპირ გავლენას ახდენს უმუშევართა კეთილდღეობაზე და მეორე, უმუშევრობის დონე იძლევა სიგნალს, რომ ეკონომიკა შეიძლება ეფექტიანად არ იყენებს რესურსებს.
საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, უმუშევრობა „სოციალურ-ეკონომიკურ პარაზიტად“ გვევლინება. ზოგადად, უმუშევრობის პირობებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილი ვერ იყენებს თავის სამუშაო ძალას. შრომის ბაზარზე დარღვეულია კონიუნქტურა, ანუ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შესაბამისობა.
საქართველოში უმუშევრობის დონე ბოლო წლებში კლების ტენდენციით ხასიათდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კლების ტენდენცია არ არის გამოწვეული უშუალოდ უმუშევრობის დაძლევითა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით. პირველ რიგში, ეს უშუალოდ, მოსახლეობის შემცირებით არის გამოწვეული და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ბევრი მოქალაქე სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის, რის გამოც უმუშევრობის დონე ხელოვნურად მცირდება.
თუმცა 2020 წელს ისევ გაიზარდა, რაც, ცხადია, პანდემიით გამოწვეულ შედეგებს უკავშირდება.
გრაფიკი 1: უმუშევრობის დონე(%) საქართველოში (2010-2021 წლები)
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
2019 წლის ბოლოს უმუშევრობის დონე საქართველოში 17.6%-ს შეადგენდა, ხოლო უკვე 1 წლის შემდეგ, პანდემიის პიკზე, თითქმის 20%-ს ცდებოდა. 2021 წლის განახლებული მონაცემებით, უმუშევრობის დონემ 20.6% შეადგინა, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, თუმცა, მთავრობა ოპტიმისტურად უყურებს მომავალს და თვლის, რომ ახალი სამუშაო ადგილებითა და დასაქმების ხელშეწყობით, უმუშევრობის დონის დასტაბილურებას შეძლებს. [1]
უმუშევრობასთან ბრძოლის ერთ-ერთ გზას სახელმწიფო ხედავს მაღალპროდუქტიული სექტორების გამოცოცხლებაში და მათი ეკონომიკური აქტიურობის აღორძინებაში. ასეთი სექტორია, მაგალითად ტურიზმი, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.
ინფლაცია საქართველოში
პირობითად, ინფლაცია შეიძლება ვუწოდოთ გარღვევას ფულად და რეალურ სექტორს შორის. ინფლაცია წარმოიქმნება როდესაც ფულის მასის ზრდა აღემატება რეალურ ზრდას, რასაც შედეგად ფასების საერთო დონის ზრდა მოჰყვება.
აღსანიშნავია, რომ ინფლაცია თანამედროვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემაა.
ინფლაციის გამომწვევი მიზეზებია:
- დისპროპორციულობა – სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების არაბალანსირებულობა, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში იფარება სენიორაჟის გამოყენებით. სენიორაჟი არის შემოსავალი, რომელიც მიღებულია ფულის დაბეჭდვის შედეგად.
- ინფლაციურ-სახიფათო ინვესტიციები – ძირითადად ეკონომიკის მილიტარიზაციას გულისხმობს.
- თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის არარსებობა – თანამედროვე ბაზარი გარკვეულ დონეზე ოლიგოპოლიზირებულია. ოლიგოპოლისტი ისწრაფვის შეინარჩუნოს ფასების მაღალი დონე და დაინტერესებულია დეფიციტის შექმნით.
- იმპორტირებული ინფლაცია – მისი როლი ეკონომიკის ღიაობის ზრდასთან ერთად იზრდება, სახელმწიფოს ბრძოლის შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდული ხდება.
- ინფლაციური მოლოდინი – ამის მაგალითები ყოველდღიურ ცხოვრებაში შეინიშნება. თუ არსებობს ინფლაციის მოლოდინი, მაშინ ასეთი სიტუაცია იწვევს მოთხოვნის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკაში სირთულეებს წარმოშობს და საზოგადოების მოთხოვნის რეალურ სურათს ცვლის.
ინფლაცია იწვევის ისეთ უარყოფით მოვლენებს, როგორიცაა:
- შემოსავლისა და სიმდიდრის გადანაწილება
- ეკონომიკური ინფორმაციის არასტაბილურობა
- რეალური პროცენტის დაცემა
- ხარჯების ზრდა, რაც მთლიან საზოგადოებას ძლიერ დარტყმას აყენებს
- ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის კლება
- ეროვნული ვალუტის გაუფასურება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში
- რეალური მოგების კლება ბიზნესში
- ინვესტიციებზე ამონაგების შემცირება
- საპროცენტო განაკვეთის მატება, რაც აძვირებს კრედიტებს და ა.შ. [2] [3]
2020 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის, რაც, ერთი მხრივ, უშუალოდ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული, მსოფლიო დონეზე ინფლაციის ზრდის შედეგია, ხოლო მეორე მხრივ, ჩაკეტილი ეკონომიკის შედეგია. წლიური ინფლაციის დონემ 2020 წელს 6.4 % შეადგინა, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება, აგრეთვე 2-ჯერ აღემატებოდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს). [4]
ნათლად ჩანს, როგორ იზრდება ინფლაცია 2021 წლიდან. ყველაფერი ეს, ცხადია, კორონავირუსის „შოკის“ ეფექტით არის გამოწვეული და დღეისთვის ინფლაციის წლიური დონე 13.9%-ს შეადგენს, რაც 4-ზე მეტჯერ აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს.
გრაფიკი 2: ინფლაცის დონე (%) საქართველოში (2010-2022 წლები)
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2012 წელს ფიქსირდებოდა, ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში დეფლაციის – ფასების საერთო შემცირების ეტაპი იყო და -3,3%-ს შეადგენდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს შეინიშნებოდა და 14,3%-ს გაუტოლდა. 2022 წლის მონაცემი დღეს 13.9%-ს შეადგენს, რაც არცთუ ისე შორია 2011 წლის მაჩვენებლიდან. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კორონავირუსის პანდემიამ ფასები იმავე დონეს დაუბრუნა (ანუ ეკონომიკა უკან ჩამოაშორა) 10 წლით. [5]
კავშირი უმუშევრობასა და ინფლაციას შორის: ფილიფსის მოკლევადიანი მრუდი
1958 წელს ინგლისელმა ეკონომისტმა უილიამ ფილიფსმა შემოგვთავაზა დებულება იმის შესახებ, რომ უმუშევრობის დონესა და ხელფასის ზრდის ტემპებს შორის არსებობს მაღალი კორელაცია. საქმე ის იყო, რომ მაღალი უმუშევრობის დროს, შრომის ანაზღაურების ნაზრდი მცირდებოდა და პირიქით. შემდგომში, ეს მოდელი განაზოგადეს და ხელფასების ნაზრდის მაგივრად საერთო ფასების დონე განიხილეს. [6]
გრაფიკი 3: ფილიფსის მოკლევადიანი მრუდი (ზოგადი შემთხვევა)
წყარო: https://www.wallstreetmojo.com/phillips-curve/
ზოგად შემთხევავში მოიაზრება, რომ უმუშევრობის ზრდის კვალობაზე ინფლაციამ უნდა დაიწიოს და ნორმალური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ასეც ხდება. თუმცა, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო (და სხვა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები) შეინიშნება გარკვეული ცდომილება იმ შედეგისგან, რასაც ფილიფსის მრუდის პროგნოზი გვპირდება.
ავიღოთ მაგალითისთვის საქართველოს 1998-2020 წლების მონაცემები და განვიხილოთ გრაფიკზე მათი ურთიერთკავშირი. [1] [5]
გრაფიკი 4: ფილიფსის მოკლევადიანი მრუდი საქართველოსთვის
ავტორისეული გრაფიკი. მონაცემების წყარო: www.geostat.ge
აშკარაა, რომ საქართველოს შემთხვევაში ახლოსაც არაა ჰიპერბოლური დამოკიდებულება, რომელსაც გვიწინასწარმეტყველებს ფილიფსის მრუდი. ამის უმთავრესი მიზეზი, ცხადია საქართველოს გარდამავალი ეკონომიკაა. ამის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფით. ამისათვის კი, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებათა კომპლექსის შემუშავება.
დასკვნა
რა შეიძლება ითქვას საბოლოოდ? აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომიკა დიდი წნეხის ქვეშაა, ცალკე უმუშევრობის, ცალკე ინფლაციის პრობლემის გამო. ამას ემატება ისიც, რომ 2019 წლის ბოლოს დატრიალებულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც, გლობალური კრიზისის მსხვერპლი გახადა.
2022 წელს, როდესაც უკვე პანდემიის პიკი გადალახულია, გვრჩება საიმედო პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უმუშევრობა და ინფლაცია კიდევ დიდი ხანი იქნება საქართველოს ეკონომიკის „სცილა და ქარიბდა“.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
- ჩიქობავა მ., კაკულია ნ., „ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“, თსუ, 2014
- https://tass.ru/ekonomika/6778763?fbclid=IwAR2a8VACANuctgiaRx4zkYXMGHdllgBiSGmxrJJImHy8UwenQMzcGdSJAng
- www.nbg.gov.ge
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia
- https://en.wikipedia.org/wiki/Phillips_curve
- https://www.wallstreetmojo.com/phillips-curve/