საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები რუსეთზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე

ავტორის სტილი დაცულია

ანასტასია შკამარიდინა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
anastasiashkamaridina@gmail.com  

ანოტაცია

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. საპასუხოდ, აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. საქართველოსთვის რუსეთი ყველაზე მსხვილ სამ სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია, ამიტომ არსებული მოვლენები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.

საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შეფასება მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირების საშუალებას  იძლევა.  მოცემულ ნაშრომში განხილულია რუსეთზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ნაჩვენებია მოსალოდნელი ეკონომიკური დანაკარგები მოვლენების ორი სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებულია არსებული ვითარების გავლენა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაზე, ფულად გზავნილებზე, ტურიზმსა და ინვესტიციებზე.

Annotation

On February 24, 2022, Russia started a war in Ukraine. In response, the United States, the European Union, and other countries began imposing sanctions on Russia. Russia is one of the three largest trading partners for Georgia, so the current events have a significant impact on our economy.

Assessing Georgia’s economy depends on Russia to identify current challenges. This paper discusses the impact of international sanctions on Russia on the Georgian economy, shows the expected economic losses in the event of two different scenarios, and analyzes the impact of the current situation on Georgia’s international trade, remittances, tourism and investment.

მოსალოდნელი ეკონომიკური დანაკარგები

საქართველოს ეკონომიკური დანაკარგების განხილვა შესაძლებელია ორ შემთხვევაში. პირელი, როცა საქართველოს მთავრობა არ აწესებს დამატებით შეზღუდვებს, მეორე, როცა მთავრობა აწესებს სავიზო მიმოსვლას რუსეთთან, წყდება ვაჭრობა და ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი კაპიტალის თავისუფალ მოძრაობაზე.

2022 წელს, საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგი 114 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს პირველი სცენარით. დანაკარგს ძირითადად განაპირობებს ინვესტიციების, ექსპორტის და ფულადი გზავნილების მოსალოდნელი შემცირება. აღნიშნულს მცირედით აკომპენსირებს, სანქციების შედეგად, მოსაზღვრე ქვეყნიდან შემომავალი რუსეთის მოქალაქეების და მათი დანახარჯების მოსალოდნელი ზრდა, რომელიც აისახება ტურიზმის სექტორში და იმპორტის შემცირება. მოვლენების ასეთი სცენარით წარმართვის შემთხვევაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევიდან გამომდინარე ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგები შემდეგნაირია:

  • ტურიზმის სექტორი +456 მლნ. აშშ დოლარი;
  • იმპორტი -174 მლნ. აშშ დოლარი;
  • ექსპორტი -299 მლნ. აშშ დოლარი;
  • ფულადი გაზავნილები -89 მლნ. აშშ დოლარი;
  • ინვესტიციები -356 მლნ. აშშ დოლარი. [1]

მეორე სცენარით 2022 წელს, საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგი დაახლოებით 500 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. აქ გათვალისწინებულია, რომ სავიზო შეზღუდვები შეამცირებს შემოსავალს რუსეთის მოქალაქეებისგან, რუსეთიდან ფულადი გზავნილები აპრილის შემდეგ აღარ განხორციელდება და შეიზღუდება რუსეთთან ვაჭრობა, რაც შეამცირებს ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს. თუმცა, იმპორტის შემცირება და ახალი ბაზრების ათვისება გარკვეულწილად აკომპენსირებს დანაკარგებს.

ამ შემთხვევაში ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგები შემდეგნაირი იქნება:

  • ტურიზმის სექტორი +153 მლნ. აშშ დოლარი;
  • იმპორტი -449 მლნ. აშშ დოლარი;
  • ექსპორტი -525მლნ. აშშ დოლარი;
  • ფულადი გაზავნილები -116 მლნ. აშშ დოლარი;
  • ინვესტიციები -461 მლნ. აშშ დოლარი.[1]

რუსეთზე დაწესებული სანქციების გავლენა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაზე

ექსპორტის კონცენტრაციის ინდექსის მიხედვით საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება მკვეთრად გაზრდილია 2012 წლიდან. დიაგრამა 1-ზე ნაჩვენებია საქართველოს ექსპორტის კონცენტრაციის ინდექსის 2011-დან 2021წლამდე. მოცემული გრაფიკიდან გამომდინარე ექსპორტის კონცენტრაცია ევროკავშირში მცირდება, ძირითადად რუსეთში და ჩინეთში ექსპორტის ზრდის ხარჯზე. საერთო ჯამში, საქართველოს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა ბოლო წლებში. თუმცა, რუსეთზე მაღალი დამოკიდებულებით ჩვენი ექსპორტიორები აშკარა საფრთხის წინაშე დგანან, რომ გაუჭირდებათ ახალი ბაზრის ათვისება მოკლევადიან პერიოდში.

დიაგრამა 1: ექსპორტის კონცენტრაციის ინდექსი 2011-2021

წყარო: https://www.geostat.ge/

დიაგრამა 2-ზე გამოსახულია საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2011-დან 2022* წლამდე. მოცემული მონაცემების მიხედვით 2011 წელს ექსპორტმა შეადგინა 36 610,4 ათასი აშშ დოლარი და 2011 წლიდან მოყოლებული ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა 2015 წლამდე, როცა ექსპორტის მოცულობა 40%-ით შემცირდა წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ეს გამოწვეული იყო რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისით. თუმცა 2016 წლიდან ისევ სწრაფი ზრდა დაიწყო და 2019 წელს ქართულ ექსპორტში რუსეთის წილმა 13.2% შეადგინა. 2019 წელს საქართველომ რუსეთში 497 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ 2.8%-მდეა.

დიაგრამა 2. საქართველოს ექსპორტი რუსეთში ათასი აშშ დოლარი

წყარო: https://www.geostat.ge/

2020 წლის პირველ კვარტალში „კოვიდ 19”-ის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია, მათ შორის ვაჭრობაშიც. საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2021წელს ექსპორტის მოცულობამ მკვეთრი ზრდა განიცადა და 610 026,7 ათას აშშ დოლარს გაუტოლდა. მოსალოდნელია, რომ 2022წელს ექსპორტის მოცულობა შემცირდება 7%-ით.

დიაგრამა 3. იმპორტი დსთ-ს ქვეყნებთან

წყარო: https://www.geostat.ge/

დიაგრამა 3-ზე გამოსახულია იმპორტი დსთ-ს ქვეყნებთან და რუსეთის წილი ამ მონაცემებში. საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს,ანუ უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. 2021 წელს რუსეთიდან იმპორტმა 1022 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი იმპორტის 10%-ია. რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი 20% ბენზინს უჭირავს, შემდეგ კი მოდის ხორბალი. 2021 წელს 87 მლნ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა ხორბალი შემოვიტანეთ, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94%-ია. ხოლო ხორბლის ფქვილის იმპორტში რუსეთს 96%-იანი წილი უჭირავს.

რა ზიანი მიადგება საქართველოს რუსეთიდან საგარეო ვაჭრობის გავლით, ეს სანქციების რუსეთის ეკონომიკაზე ასახვის დონეზეა დამოკიდებული. ექსპორტის სრული შეწყვეტა გამორიცხულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მაქსიმალური ზარალი 600 მლნ დოლარამდე იქნება. გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია ქართული ღვინის ექსპორტი, რადგან ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ის რუსეთის მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციების თემაც არის. საქართველო ყველაზე მწვავედ სწორედ ღვინის ექსპორტის შესაძლო შეზღუდვაზე რეაგირებს.[3]

ფულადი გზავნილები

ქვეყნის გარეთ ემიგრანტების მიერ გამომუშავებული ფული საქართველოში ძირითადად ფულადი გზავნილების სახით შემოდის. ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია აქვს. 

დიაგრამა 4. ფულადი გზავნილები 2011-2022*

წყარო: https://www.geostat.ge/

დიაგრამა 4-ზე ნაჩვენებია საქართველოში ფულადი გზავნილები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მოცემული მონაცემებიდან ჩანს რომ 2008 წლის შემდგომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების პროცენტული წილი კლების ტენდენციით ხასიათდება. იგი 65%-დან 16%-მდე შემცირდა და მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო მკვეთრი შემცირება 2022წელს.

მიმდინარე წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების თითქმის განულების შემთხვევაშიც კი საქართველოს ეკონომიკას 89 მლნ. აშშ დოლარზე მეტი არ დააკლდება და ჯამში ფულადი გზავნილები 4%-ზე მეტად არ შემცირდება საშუალო სცენარით.[1]

ტურიზმი

ვაჭრობით რუსეთზე დამოკიდებულება საქართველოსთვის ახალი არ არის, მაგრამ ტურიზმით რუსეთზე დამოკიდებულება ნამდვილად ბოლო ათწლეულმა მოიტანა. უფრო მეტიც, მიღებული შემოსავლის მხრივ თუ შევადარებთ, რუსი ტურისტებისგან მეტი ფული შემოდის საქართველოში, ვიდრე რუსეთში საქონლის ექსპორტიდან.  თუმცა პანდემიამ რუს ტურისტებზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა. 2019 წელს რუსმა ტურისტებმა საქართველოში დაახლოებით 700 მლნ დოლარი დახარჯეს, 2021 წელს კი 65%-ით ნაკლები, დაახლოებით 240 მლნ დოლარი. 2019 წელს საქართველოში 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, 2021 წელს კი 213 ათასი. 2021 წელს რუსი ვიზიტორების წილი ვიზიტორების მთლიან რაოდენობაში 11.3% იყო.[2]

დიაგრამა 5. შემოსავლები ტურიზმიდან (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: https://www.geostat.ge/

დიაგრამა 5-ზე ასახულია შემოსავლები ტურიზმიდან 2016-2022* წლებში. მოცემული მონაცემებიდან ჩანს, რომ რუსი ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი იზრდებოდა 2019წლამდე, თუმცა კოვიდ პანდემიის შედეგად მოცემული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა და 2021 წლისთვის 12% გაუტოლდა.

ტურიზმის სექტორის შემოსავლები მოსალოდნელია 456 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდოს 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით და 1.7 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინოს. სანქციების შედეგად, მოსაზღვრე ქვეყნიდან შემომავალი რუსეთის მოქალაქეების დანახარჯებმა მოსალოდნელია 450 მლნ. აშშ დოლარი შეადგინოს, რაც მთლიანი ტურისტული დანახარჯების 27%-ია. რუსეთის მოქალაქეების დანახარჯების ზრდა გამოწვეულია შემოსვლების რაოდენობის და დარჩენის ხანგრძლივობის ზრდით. პარალელურად, კოვიდ პანდემიის დასრულებასთან ერთად გაიზრდება ტურიზმის შემოსავლები  1.2 მლრდ. აშშ დოლარამდე.[2]

ინვესტიციებ

რეგიონში გაზრდილი რისკების შედეგად მოსალოდნელია მიმდინარე წელს ინვესტიციების შემცირება -30%-ით, რის შედეგადაც ეკონომიკას დაახ. 350 მლნ. აშშ დოლარი დააკლდება. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რუსეთის წილი ბოლო წლებში უმნიშვნელოა და საშუალოდ 5%-ია. შესაბამისად, მიმდინარე წელს რუსეთიდან ინვესტიციების განულება ეკონომიკას დიდად ვერ დააზარალებს. თუმცა, სხვა ქვეყნებიდან ინვესტიციების მოსალოდნელი შემცირება მნიშვნელოვანია.

მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია რუსული ინვესტიციების სხვადასხვა ოფშორული ქვეყნებიდან შემოდინებაც. დღეის მდგომარეობით, რთულია ოფშორული ზონებიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზი სხვადასხვა ინვესტორი ქვეყნის მიხედვით. თუმცა, 2020 და 2021 წლის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ინვესტიციები ოფშორული ზონებიდან მკვეთრად შემცირდა და -320 და -44 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. გარკვეული ქვეყნებიდან უარყოფითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სურათი 2020 და 2021 წლებში შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც ფინანსური რესურსების გადინებით საქართველოდან აღნიშნულ ქვეყნებში, ასევე, ინვესტიციების განმახორციელებელი საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა. აღნიშნულის შემდეგ ინვესტიცია აღარ ჩაითვლება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად.[1]

საერთო ჯამში, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, საქართველოში ფულის გათეთრების რისკები გაზრდილია. ევროკავშირმა, გაერთაინებულმა სამეფომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ აკრძალეს ყველანაირი ტრანზაქციები რუსეთთან. აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ, სანქციები შეეხო რუსეთის ბანკებს, რომლებიც გამოეთიშნენ SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან. ასევე, იაპონიამ განაცხადა, რომ დაუწესებს შეზღუდვებს ტრანზაქციებზე რუსეთის ცენტრალურ ბანკს. [1]

დასკვნა

რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა დიდი გავლენა იქონიეს საქართველოს ეკონომიკაზე და მოსალოდნელია უფრო დიდი ეკონომიკური დანაკარგები. ყველაზე მკაცრი სცენარის შემთხვევაში საქართველო რუსეთიდან 500 მლნ. აშშ-ს დოლარის წლიურ შემოსავალს დაკარგავს. თუმცა ასეთი სცენარი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულ შეწყვეტას ან რუსული ეკონომიკის სრულად განადგურებას გულისხმობს.  

მეორე სცენარის მიხედვით, რომელ არ მოიაზრებს რუსეთისათვის, როგორც აგრესორი ქვეყნისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას საქართველოს მხრიდან და განხილულია ეკონომიკური ზეგავლენა არსებული სანქციების პირობებში, მოსალოდნელია 114 მლნ. აშშ-ს დოლარის ეკონომიკური დანაკარგი. ამ შემთხვევაში ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ინვესტიციების კლებას აკომპენსირებს ფულადი შემოდინებების ზრდა ტურიზმის სექტორში და იმპორტის შემცირება, რომელიც ამცირებს ფულად გადინებას ქვეყნიდან.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ადეიშვილი გ. ,,საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები რუსეთზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე’’
  2. https://forbes.ge/ra-gavlenas-moakhdens-ruseth-ukrainis-omi-saqarthvelos-ekonomikaze/
  3. https://transparency.ge/ge/blog/sakartvelos-ekonomikuri-damokidebuleba-rusetze-tendenciebi-da-saprtxeebi
  4. https://www.geostat.ge/