ციფრული ეკონომიკა

ავტორის სტილი დაცულია
თორნიკე კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
tornike.kokhreidze598@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ თითქმის ყველა სფეროს ტრანსფორმაცია გამოიწვია. ახალი შესაძლებლობების წარმოქმნამ ზოგიერთი დარგის არსებობა ციფრული ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელიც გახადა. თუმცა, შესაძლებლობებთან ერთად გაჩნდა ახალი გამოწვევებიც. მოცემულ ნაშრომში განვიხილავ ეკონომიკის ე.წ „გაციფრულების“ (digitalization) პროცესს, კერძოდ შევეხები ციფრულ მარკეტინგს, ხაზს გავუსვამ ციფრული ეკონომიკის განვითარების ტენდეციებს, აღვნიშნავ პანდემიის გავლენას ციფრულ სამყაროზე და ბოლოს ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში.

Annotation

The rapid development of information and communication technologies has led to the transformation of almost every field. The emergence of new opportunities has made the existence of some fields without digital technologies already unthinkable. However, with the opportunities came new challenges. In this paper I will discuss the economics of the so-called “digitalization” processes, in particular I will touch on digital marketing, highlight the above-mentioned trend of digital development economics, note the pandemic impact of the digital world economy and finally talk about the factors in this situation in Georgia.

გაციფრულების ეპოქა

გაციფრულება, შეუქცევადი პროცესია ეკონომიკაში. თავად ტერმინი, ციფრული ეკონომიკა, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ეკონომიკას გულისხმობს. პროდუქციისა და მომსახურების გაციფრულება მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური ზრდისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნისთვის, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის განვითარებისთვის.

ციფრული ეკონომიკის განვითარება განსაკუთრებით თვალსაჩინოა განვითარებულ ქვეყნებში. 2021 წლის ევროკომისიის მონაცემებით, ყოველდღიურად 315 მილიონი ევროპელი მოიხმარს ინტერნეტს. დღეს, ევროპის ციფრული ბაზრის 42% ეროვნულ ონლაინ სერვისებს უკავია, 54% – აშშ-ში დაფუძნებულ ონლაინ სერვისებს, ხოლო ევროკავშირის საზღვართშორისი (Cross-border e-Commerce) ონლაინ სერვისების წილი ამ ბაზარზე მხოლოდ 4%-ს შეადგენს. ელექტრონული კომერციის სფეროში გაერთიანებული სამეფო, გერმანია და საფრანგეთი ლიდერობენ, ყოველწლიური ბრუნვის 67% სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.[1]

ციფრული ეკონომიკის განვითარებამ გაამარტივა დასაქმების პროცედურა, მაგალითად HR მენეჯერს შეუძლია განათავსოს განცხადება დასაქმების საიტზე, სამუშაო ადგილის მაძიებელს კი შეუძლია ელ ფოსტის საშუალებით გამოაგზავნოს CV ამა თუ იმ ვაკანსიაზე.

ასევე, გაციფრულებამ გავლენა მოახდინა ტურიზმზე. ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტურიზმის სექტორი 3.9%-ით გაიზარდა და მისი მოცულობა გლობალურ ეკონიმიკაში 8.8 ტრილიონი დოლარით განისაზღვრა.[2]

ციფრული ეკონომიკა მოიცავს: სოციალური მედიას, ინტერნეტ ვაჭრობას, კომპიუტერულ ქლაუდ სისტემებს, მობილური ვებ-სერვისებს და სხვა მრავალს. დღეს – დღეისობით ამ სფეროში დაახლოებით 300 მილიონი ადამიანია დასაქმებული, აქედან 25 მილიონი პროგრამისტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა ტემპით მიიწევს წინ აღნიშნული დარგი, რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება. აქედან გამომდინარე სულ უფრო დიდ მნიშნველობას იძენს ციფრული მარკეტინგი.[3]

ციფრული მარკეტინგი

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ XXI საუკუნე ციფრული მარკეტინგის საუკუნეა, რადგან დედამიწის მოსახლეობის უმეტესეობა ჩართულია სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში. ციფრულ მარკეტინგს გააჩნია რიგი უპირატესობები, კერძოდ:

  • დაბალი დანახარჯები;
  • გაზომვადობა;
  • განთავსების ფორმატების მრავალფეროვნება;
  • სისწრაფე;

და სხვ.

ციფრული მარკეტინგის განვითარებას ხელი შეუწყო სოცუალური ქსელების პოპულირიზაციამაც. არსებობს სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმა: Facebook, Instagram, LinkedIn, Twitter, Pinterest, Youtube და Wikis. ფირმებისთვის, რომლებიც სოციალურ მედიას იყენებენ ყველაზე პოპულარულია: Facebook, Twitter, LinkedIn და ბლოგები, რაც აქტიურად გამოიყენება ციფრულ მარკეტინგში. Facebook – არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სოციალური ქსელი. ბევრი ბიზნესი დღეს Facebook-ზე რეკლამას საკმაოდ მომგებიან საქმედ თვლის.

სოციალურ მედია არის დიდი გავლენის მატარებელი და იგი უზრუნველყოფს მეტ ინფორმაციას მომხმარებლისათვის. PWC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 78% ერთხელ მაინც მოქცეულა სოციალური მედიის გავლენის ქვეშ, 43% აღნიშნავს, რომ კომუნიკაცია დადებითად აისახა ბრენდისადმი დამოკიდებულებაში. 68%-ის აზრით, რომ ორმხრივმა კომუნიკაციამ ბრენდისადმი მათი მეტი პატივისცემა და ლოიალურობა გამოიწვია. როგორც კვლევა აჩვენებს, ციფრული მარკეტინგი ბევრ სარგებელს გვთავაზობს და რაც ყველაზე მთავარია, მინიმალური დანახარჯებით. დღეს, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა ჩაბმულია სოციალურ მედიაში და ინტერნეტს იყენებს ყოველდღიურად, ციფრული მარკეტინგის როლიც მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ ფაქტორის გამო.[4]

პანდემია და ციფრული ეკონომიკა

ცნობილია, რომ თანამედროვე პრობლემები მოითხოვს თანამედროვე გადაწყვეტილებებს, ამიტომ როდესაც მსოფლიოში პანდემია გაჩახდა უამრავი ფირმა თუ სასწავლო დაწესებულება ე.წ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამან გამოიწვია ციფრული ეკონომიკის განვითარების უსწრაფესი ზრდა და ამასთან გადაარჩინა ისეთი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი და კინოინდუსტრია.

2020 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ოფიციალურად გამოცხადებულმა კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სექტორს დიდი დარტყმა მიაყენა. რეაბილიტაციის ყველაზე ეფექტიანი გზა კი ისევ და ისევ ტურიზმის სექტორის ციფრულ სამყაროსთან ინტეგრაცია აღმოჩნდა. შეიქმნა Online Travel Agency (OTA) პლატფორმა, სადაც მომხარებელს ინტერნეტის გამოყენებით მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისის დაჯავშნა და შეძენა შეუძლია. OTA-ს შექმნასა და პოპულარიზაციას ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ და მანამდე მსგავსი „ონლაინ“ პლატფორმის არ არსებობამ შეუწყო ხელი. ფაქტობრივად, OTA სასტუმროებსა და მომხმარებლებს შორის შუამავალია, ინდუსტრიასა და პოტენციურ კლიენტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ასევე, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაიხურა კინოთეატრები, გადაიდო ფილმების გამოსვლის თარიღი, გაიწელა გადაღებების პერიოდი, რაც ზედმეტი დანახარჯების მიზეზი გახდა. ამ დროს ასპარესზე გამოვიდნენ ე.წ „Svod” (Subscription video on demand) კომპანიები, როგორიცაა ნეტფლიქსი, ჰულუ, ამაზონ პრაიმი, დისნეი პლუსი და ა.შ.

საქართველო და ციფრული ეკონომიკა

საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყანას, რომელიც ჩართულია ციფრული ბაზრების ჰარმონიზების პროექტში, ახორციელებს ამ პროექტის პრიორიტეტულად განსაზღვრულ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ჩვენს ქვეყანას ციფრული ეკონომიკისა და ციფრული ბაზრების ჰარმონიზების თვალსაზრისით გარკვეული მიღწევები უკვე გააჩნია. კერძოდ, ქსელების, საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოების კუთხით, საქართველოს გარკვეული წინსვლა აქვს რეგიონის მასშტაბით.

2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა“. სტრატეგია ევროკავშირის „ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის“ პროექტის HDM/EU4Digital-ის ფარგლებში მომზადდა, მსოფლიო ბანკის საექპერტო დახმარებით. სტრატეგიის მიზანია არსებული ციფრული უთანასწორობის დაძლევის და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიზნით, ევროკავშირის და საერთაშორისო  საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი პოლიტიკის და რეგულირების გატარება. 2025 წლისთვის სტრატეგიის სამიზნე მაჩვენებლებია: 4G კავშირით საქართველოს ტერიტორიის 99%-ის დაფარდა და შემდეგ 5G-ს პილოტირება სულ მცირე სამ რეგიონში. ყველა შინამეურნეობისთვის მაღალსიხშირიან ფართოზოლოვან ქსელზე წვდომის შესაძლებლობის შექმნა და ყველა ინსტიტუციური სუბიექტისთვის 1 გბ. წმ კავშირზე წვდომა.[5]

თუმცა საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებში შეინიშნება გარკვეული პრობმლემები. კერძოდ, საქართველოში 2021 წლის მონაცემებით დარეგისტრირებულია 847 ათასზე მეტი საწარმო[6], მაგრამ საქსტატის გამოკვლევის მიხედვით („საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში“) საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 13.4 %-ით, რაც საკმაოდ მცირე მაჩვენებელია. ამავე კვლევით დადგინდა, რომ საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 31.1%, ხოლო საწარმოთა 67.9 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.[7]

საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებისათვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს ამ მიმართებით კვალიფიციური კადრების სიმცირე. მაგალითად აშშ-ში IT სპეციალისტების რაოდენობა შეადგენს მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის 2,4%-ს, ხოლო გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში 4,3%-ს. ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ დიდი ჩამორჩენა გვაქვს. აუცილებელია ქვეყანაში გაიზარდოს მაღალკვალიფიციური IT სპეციალისტების რაოდენობა, მაგრამ ამის გაკეთება მექანიკურად შეუძლებელია, აუცილებელია განვითარდეს ამ მიმართულებით განათლების სისტემის ინფრასტრუქტურა, მომზადდეს ახალი პედაგოგები და სხვა.

დასკვნა

ამრიგად, ციფრული ეკონომიკა მზარდი სფეროა. უდიდეს პოტენციალთან ერთად, ციფრული ეკონომიკა მნიშვნელოვნად ამცირებს ახალი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განვითარების შანსებს და ამავდროულად უამრავ ახალგაზრდას სთავაზობს სტაბილურ სამსახურს, რადგან სწორედ მათთვისაა კომპიუტერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ციფრული ტექნოლოგიები შეგვიძლია მოვისაზროთ როგორც მსოფლიო ეკონომიკის ზრდის კატალიზატორი.

გაციფრულების ფონზე პოპულარული გახდა ციფრული მარკეტინგი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა უკავია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (ვინაიდან დანახარჯები უმნიშვნელოა). აქედან გამომდინარე, თანამედროვე ფირმებისთვის აუცილებელია ციფრულ მარკეტინგს დაუთმონ დიდი ყურადღება და გამოიყენონ ის, როგორც მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი.

პანდემიის პერიოდში განვითარდა უამრავი ონლაინ პლატფორმა, ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ციფრული სამყაროსთვის პანდემია ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის წყარო გახდა.

რაც შეეხება საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, კერძოდ, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს როგორც კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ისე საჭირო ინფრასტრუქტურის გამართვა, რათა ის პოტენციური სარგებელი, რაც ციფრული ბაზრების ჰარმონიზებასა და ზოგადად, ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, მაქსიმალურად იქნას ათვისებული.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ფირმის ეკონომიკა, (ლექციების კურსი), შემდგენლები: ლობჟანიძე ნ., გიგაური ე., შარაშენიძე ა., რედ. ხარაიშვილი ე.; თბ., 2021
  2. https://wttc.org/
  3. https://www.isoconsulting.ge/single-post
  4. https://www.pwc.com/
  5. https://pmcg-i.com/publications_file/1337611a5be288455.pdf
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/64/biznes-registri
  7. https://www.geostat.ge/media/45522/ICT–2021.pdf