უმუშევრობის ანალიზი მაკროეკონომიკურ ჭრილში

ავტორის სტილი დაცულია

თორნიკე კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის II კურსის სტუდენტი
tornike.kokhreidze598@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უმუშევრობით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შედეგები განიხილება ისეთ მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემებთან ერთად, როგორიცაა სიღარიბე და სოციალური სტაბილურობა. უმუშევრობა გვევლინება ქვეყნებში სიღარიბისა და კრიმინალის ზრდის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად. ის ზრდის სოციალურ რისკებს, აფერხებს ეკონომიკურ ციკლებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. მაგრამ მაინც, რატომ აწუხებთ ეკონომისტებს უმუშევრობა? ამას 2 მიზეზი გააჩნია: პირველი, ეკონომისტებს უმუშევრობა აწუხებთ იმის გამო, რომ ის პირდაპირ გავლენას ახდენს უმუშევართა კეთილდღეობაზე და მეორე, უმუშევრობის დონე იძლევა სიგნალს, რომ ეკონომიკა შეიძლება ეფექტიანად არ იყენებს რესურსებს.

Annotation

The social and economic consequences of unemployment in any country of the world are considered in conjunction with important global problem such as poverty and social stability. Unemployment is a major factor in the growth of poverty and crime in countries. It increases social risks, disrupts economic cycles and threatens the country’s future. The article discusses the essence, types and causes of unemployment. I will also talk about the socio-economic consequences of unemployment and discuss the example of Georgia in detail. Still, why are economists worried about unemployment? There are two reasons for this: first, economists worry about unemployment because it directly affects the well-being of the unemployed, and second, the level of unemployment signals that the economy may not be using resources efficiently.

უმუშევრობის არსი და სახეები

უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის თანხმლები სოციალურ-ეკონომიკური მოვლენაა. უმუშევრობის პირობებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილი ვერ იყენებს თავის სამუშაო ძალას. შრომის ბაზარზე დარღვეულია მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შესაბამისობა. სწორედ ამიტომ, სამუშაო ძალის მიწოდება აღემატება მასზე მოთხოვნას. მოთხოვნა-მიწოდებას შორის შეუსაბამობა შეიძლება არსებობდეს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით.

უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის განუყოფელი მოვლენაა, რაც იმით აიხსნება, რომ დინამიკურ საზოგადოებას ესაჭიროება სივრცე შრომის ბაზარზე. ასეთ სივრცედ ეკონომისტები მიიჩნევდნენ სამუშაო ძალის სიჭარბეს და მიუთითებდნენ, რომ მისი გარკვეული დონით არსებობოა სრულიად დასაშვებია სრული დასაქმების პირობებში.ამდენად, უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გარდაუვალ თვისებას წარმოადგენს.

უმუშევრობა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა ახასიათებს იმ დაუსაქმებელ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც შრომის ბაზარზე წონასწორობის მუდმივი რყევის შედეგად, მოკლებულნი არიან მუშაობის შესაძლებლობებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებიდან გამომდინარე, ადამიანი უმუშევრად რომ ჩაითვალოს უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას:

  1. იყოს „სამუშაოს გარეშე“ ე. ი. არ გააჩნდეს ანაზღაურებად სამუშაო გარკვეული დროის განმავლობაში;
  2. „მზად იყოს მოცემულ მომენტში მუშაობისათვის“ ე. ი. მზად იყოს იმუშაოს დაქირავებით ან თვითონ დასაქმდეს;

„ეძებდეს სამუშაოს“ ე. ი. კონკურენტულ ღონისძიებებს ახორციელებდეს ანაზღაურებადი სამუშაოს მოსაძებნად.გამოყოფენ უმუშევრობის შემდეგ ძირითად სახეებს ესენია: ფრიქციული, სტრუქტურული და ციკლური იმუშევრობა, განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ფრიქციული უმუშევრობა – ესაა მოკლევადიანი უმუშევრობა, რომელიც წარმოიშობა მომუშავის ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადასვლისას, როცა იგი „ორ სამუშაოს“ შორის მდგომარეობაში იმყოფება.

სტრუქტურული უმუშევრობა – ესაა დროში უფრო მეტ ხანს გაწელილი პროცესი, რომელიც განპირობებულია სამუშაო ადგილებისა და მომუშავეთა პროფესიულ-კვალიფიციურ სტრუქტურაში არსებული განსხვავებით. სტრუქტურული უმუშევრობის ძირითადი მიზეზი ეკონომიკაში არის მიმდინარე სტრუქტურული ძვრები.

ციკლური უმუშევრობა – გამოწვეულია ეკონომიკური ციკლის იმ სტადიით, რომელიც ხასიათდება ერთობლივი დანახარჯების დაბალი დონით, როცა საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა მცირდება, მნიშვნელოვნად ეცემა წარმოების და დასაქმების დონე, იზრდება მომუშავეების გამოთავისუფლების მასშტაბები, შესაბამისად უმუშევრობის დონე მკვეთრად იზრდება.

მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში განასხვავებენ უმუშევრობის 2 ძირითად სახეს:

კლასიკური უმუშევრობა წარმოიქმნება მოქმედი მინიმალური ფასის შედეგად.

ნახაზი 1: კლასიკური (სტრუქტურული) უმუშევრობის წარმოშობა და მასთან ბრძოლა

ნახაზიდან ჩანს, რომ რეალური ხელფასი W/P1, რომელიც წონასწორულ ხელფასს W/P0 – ს აღემატება, იწვევს ბაზარზე წონასწორობის დარღვევას. შესაბამისად, შიდა მეურნეობის მხრიდან შრომის მიწოდებასთან შედარებით, მეწარმეების მოთხოვნა დასაქმებაზე მცირდება. უმუშევრობის დონე შეადგენს N2-N1.

კლასიკური უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რეალური ხელფასის შემცირება, რომელიც შრომის ბაზარზე არსებულ წონასწორობასთან შედარებით, მეტისმეტად მაღალია. აგრეთვე კლასიკური უმუშევრობის დაძლევა შესაძლებელია მუდმივი ნომინალური ხელფასის დროს ფასების დონის ზრდით ან ღონისძიებებით, რომელთა შედეგადაც მოხდება შრომის მოთხოვნის მრუდის გადაადგილება.

კეინზიანური უმუშევრობის მიზეზს ერთობლივი მოთხოვნის სიმცირე წარმოადგენს.

ნახაზი 2: კეინზიანური უმუშევრობის წარმოშობა

კეინზიანური უმუშევრობა წარმოიქმნება, როდესაც შრომის მოთხოვნა შეზღუდულია საქონელზე მოთხოვნის დონით. რეალური ხელფასის დონის მიუხედავად, შრომის მოთხოვნა მდებარეობს N3-თან და უმუშევრობა შეადგენს N0-N3-ს. მეწარმეები თავიანთ წარმოებას მიუსადაგებენ შემცირებულ მოთხოვნას.

კეინზიანური უმუშევრობის დაძლევა შესაძლებელია არა რეალური ხელფასის ცვლილებით, არამედ მხოლოდ ერთობლივი მოთხოვნის ზრდით.

უმუშევრობა და ხელფასები

შრომის ბაზრის პირობები გავლენას ახდენს ხელფასზე. უმუშევრობის დაბალი დონე დაქირავებული მუშაკებისთვის სამუშაოდან წასვლას უფრო მისაღებს ხდის: როდესაც უმუშევრობა დაბალია, სხვა სამუშაოს პოვნა იოლია. ანუ, როდესაც უმუშევრობა მცირდება, ფირმამ, რომელსაც სურს მუშაკთა განთავისუფლების ზრდას თვი აარიდოს, უნდა გაზარდოს ხელფასები, რათა მუშაკების ფირმაში დარჩენის სურვილი აღუძრას. როდესაც ეს მოხდება, დაბალი უმუშევრობა ხელფასების ზრდას გამოიწვევს, ხოლო მაღალი უმუშევრობა – ხელფასების შემცირებას.

უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები

ცხრილი 1: უმუშევრობის დადებითი და უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები

წყარო: „დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“ (მ.ცარციძე; თსუ; 2017)

უმუშევრობა საქართველოში

საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, უმუშევრობა „სოციალურ-ეკონომიკურ პარაზიტად“ გვევლინება. საქართველოში სიღარიბის გამომწვევი ძირითადი მიზეზი სწორედ უმუშევრობაა.

საქართველოში უმუშევრობის დონე ბოლო წლებში კლების ტენდენციით ხასიათდება. თუმცა 2020 წელს ისევ აღმავლობა დაიწყო, რაც კორონა ვირუსის პრევენციას უკავშირდება.

ნახაზი 3: უმუშევრობის დონე საქართველოში, %, 2010-2020 წლები

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

უნდა აღინიშნოს, რომ ეს კლების ტენდენცია არ არის გამოწვეული უშუალოდ უმუშევრობის დაძლევითა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით. პირველ რიგში, ეს უშუალოდ, მოსახლეობის შემცირებით არის გამოწვეული და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ბევრი მოქალაქე სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის, რის გამოც უმუშევრობის დონე ხელოვნურად მცირდება.

საქართველოს უმუშევრობის დონე და მასშტაბები განპირობებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების თავისებურებებითა და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობით.

2020 წელს უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტით გაიზარდა და 18.5 პროცენტი შეადგინა, რაც კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის შედეგია.

საქართველოში უმუშევრობის მთავარ მიზეზად, როგორც წესი, მიიჩნევენ ინვესტიციების სიმცირეს, არაკვალიფიცურ მუშა-ხელს და არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს. თუმცა, ამ მიზეზებს ახლა დაემატა კიდევ ერთი – ესაა პანდემია.

მოგვეხსენება, რომ დღეს მთელი მსოფლიო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას კორონავირუსის პანდემიის სახით. უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა, შიმშილობს და უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდა. მრავალი აქტივობა და ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო ან გაუქმდა. გართობა, პარკებში სეირნობა და გარეთ ფეხბურთის თამაში იშვიათი მოვლენა გახდა და ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი შეწყდა. გარდა იმისა, რომ პანდემიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ის მთელ მსოფლიოს რიგი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.

ცალსახაა, რომ პანდემიის გამო, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. საქართველოში დასაქმების პრობლემა კორონავირუსამდეც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მცირე პროგრესი იგრძნობოდა დასაქმების კუთხით.

ბევრი ეკონომისტი ვერ თანხმდება იმაზე, თუ ვინ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები ქვეყანაში პოსტპანდემიურ პერიოდში. ერთი ნაწილი თვლის, რომ სამუშაო ადგილების შექმნა და ხელფასების ზრდა სწორედ სახელმწიფოს მოვალეობაა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს საერთოდ არ ევალება სამუშაო ადგილების შექმნა და, მითუმეტეს, ხელფასების ზრდა. ერთადერთი რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დასაქმებისთვის ამ პერიოდში, ეს ისეთი ინსტიტუციების შექმნაა, რომლებიც უცხოელ და ადგილობრივ მეწარმეებს შეუქმნიან  სანდო გარემოს, რათა მათ სურვილი გაუჩნდეთ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა სწორედ ჩვენ ქვეყანაში დაიწყონ.

ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ქმედებებს ახორციელებს სახელმწიფო. ძირითადად სახელმწიფო განაგრძობს სუბსიდირებების გაცემას სხვადასხვა აქტივობებზე, რაც დასაქმებას ხელს შეუწყობს ან უკვე დასაქმებულ ადამიანებს ხელოვნურად შეუნარჩუნებს სამუშაო ადგილებს. შეიძლება ითქვას, რომ მოცემული ქმედება ნაკლებ ეფექტურია, თუმცა, სახელმწიფო მაინც აქტიურად ცდილობს მოსახლეობას სხვადასხვა სოციალური პაკეტების შეთავაზებას, რათა მათ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ ან დარჩნენ იმ სექტორში, რომელიც ისედაც არაეფექტურია (შეღავათიანი აგროკრედიტები, ხვნა-თესვის ვაუჩერები და სხვა).

სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ მაღალპროდუქტიული სექტორები კვლავ გამოაცოცხლოს და კვლავ ეკონომიკურ აქტიურობას დააბრუნოს. ასეთი სექტორია, მაგალითად ტურიზმი, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.

საინტერესოდ მიმაჩნია მსპ-ის, უმუშევრობისა და დროითი ტრენდის დამოკიდებულების ასახვა საქართველოს მაგალითზე. არსებული მონაცემების საფუძველზე მივიღე შემდეგი მოდელი: y=1.854+2.315×1-0.391×2, დეტერმინაციის კოეფიციენტი კი 0,9719 შეადგენს. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე დროითი ტრენდის (x1) 1 წლიანი ცვლილება გამოიწვევს მსპ-ს 2.315 მილიარდით ზრდას, ხოლო უმუშევრობის (x2) 1%-ით ზრდას მსპ-ს 0.391 მილიარდით შემცირება მოყვება.

უმუშევრობის შემცირების ძირითადი მიმართულებები საქართველოში

საქართველოს მთავრობის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფორმირება და შრომის ბაზრის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აგრეთვე, მონაცემთა შეგროვების მეთოდიკის შემუშავება და დანერგვა, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სხვ. ყოველივე ეს ამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას ვინაიდან უმუშევარი და ვაკანტური სამუშაო ადგილის მქონე კომპანია, უმოკლეს დროში იპოვიან ერთმანეთს.

ტრენინგების კურსის მომზადებითა და განხორციელებით მთავრობა იბრძვის სტრუქტურულ უმუშევრობას. აღნიშნული ხელს შეუწყობს უმუშევართა კვალიფიკაციის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

რაც შეეხება ციკლურ უმუშევრობას, მასთან ბრძოლას აუცილებელია ჰქონდეს კომპლექსური ხასიათი. უპირველესად კი, მისი დაძლევა შეიძლება ქვეყნის მშპ-ის გაზრდის უზრუნველყოფით. დღეს-დღეობით ქვეყნების უმეტესობა, სწორედ ამ გზით ცდილობს ციკლური უმუშევრობის შერბილებას. ქვეყნის მშპ-ის გაზრდისა და ციკლური უმუშევრობის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოავანი და კარგი გზა არის მცირე ბიზნესის განვითარება.

ზოგადად, უმუშევრობასთან ბრძოლა უნდა იწარმოებდეს კომპლექსურად. ამისათვის საჭიროა რიგი ღონისძიებების გატარება:

  • მოთხოვნის სტიმულირება სამუშაო ძალაზე – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა დარგში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე კერძო სექტორის წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდას.
  • კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მიწოდების ხელშეწყობა – სახელმწიფომ უნდა გაზარდოს განათლების ხარისხის შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალაგაზრდების დასაქმებაში.
  • შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის სისტემის სრულყოფა
  • და სხვ.

დასკვნა

ამრიგად, განვიხილეთ უმუშევრობის არსი, მისი სახეები და წარმოქმნის მიზეზები. მიუხედავად იმისა, ხანმოკლე თუ ხანგრძლივია უმუშევრობა, მას სერიოზული ზიანი მოაქვს, როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობის სოციალურ ცხოვრებისთვის.

განვიხილე თუ რა უარყოფითი შედეგები მოსდევს უმუშევრობას, სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმუშევრობა, მიუხედავად თავისი ნეგატიური ზეგავლენისა, პოტენციალს აძლევს ქვეყანას და მას გააჩნია რიგი დადებითი თვისებებიც.

ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, მაგალითზე განვიხილეთ უმუშევრობის მდგომარეობა, ვისაუბრეთ გამომწვევ მიზეზებზე და მსოფლიოს უახლეს მთავარ გამოწვევაზე – კორონავირუსის პანდემიაზე. აღვნიშნე სახელმწიფომ რა პასუხი გასცა პანდემიას უმუშევრობის აღმოფხვრისა და დასაქმების სტაბილიზაციის კუთხით. აგრეთვე, შევნიშნე, რომ ხანგრძლივი „შეღავათები“ როგორც ხალხის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმუშევრობა კვლავაც რჩება  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს პრობლემად, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. „მაკროეკონომიკა“ (ოლივიერ ბლანშარი)
  2. „დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“ (მ.ცარციძე; თსუ; 2017)
  3. „ეკონომიკური პოლიტიკა“ (რ.კლუმპი; 2015; თსუ)
  4. https://forbes.ge/blogs/umushevroba-saqarthvelos-d/?fbclid=IwAR32QcwcpB8oTzhqRqL8m7bcMY-3rucOq8xyk_IJAx7AMhBzi6xj5AmrIdE 
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba 
  6. https://www.mof.ge/ 
  7. https://openscience.ge/bitstream/1/917/1/samagistro%20ebilashvili%20daviti.pdf#page=72&zoom=100,224,156