ცხოვრების დონის ცვლილება საქართველოში 2022 წელს

ავტორისტილი დაცულია
ზაურ კახნიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
zauri.kakhniashvili841@eab.tsu.ge

ანოტაცია

 ცხოვრების დონე ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობასა და საზოგადების კეთილდღეობას გამოხატავს. ნებისმიერი სახელმწიფოს ცხოვრების დონე დამოკიდებულია მრავალ რთულ და განსხვავებულ გარემოებაზე: ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, ისტორიულ, ეროვნულ თავისებურებებზე, ბუნებრივ პირობებზე. მათ შორის მთავარ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური ფაქტორები, ანუ მოსახლეობის შემოსავლები, დანახარჯები, ინფლაციის ზრდის ტემპი და ასე შემდეგ. მოცემული სტატიის მიზანია, რომ განიხილოს ცხოვრების დონის ცვლილება საქართველოში გასული 2022 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენებისა და განვითარებული პროცესების საფუძველზე. სტატია მკითხველს სთავაზობს უახლეს მიმდინარე ინფორმაციას, მის ანალიზსა და ავტორისეულ დასკვნებს.

Annotation

The standard of living expresses the general situation in the country and the well-being of the society. The standard of living of any country depends on many complex and different circumstances: economic, political, social, historical, national characteristics, natural conditions. Among them, economic factors can be considered as the main factors, i.e. incomes of the population, expenses, rate of growth of inflation and so on. The purpose of this article is to discuss the change in the standard of living in Georgia based on the events and developed processes during the last year 2022. The article offers the reader the latest current information, its analysis and author’s conclusions.

ცხოვრების დონე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია

ცხოვრების დონე არის უმნიშვნელოვანესი სოციალური-ეკონომიკური კატეგორია, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის უზრუნველყოფას მატერიალური, სულიერი, სოციალური დოვლათითა და საცხოვრებელი პირობებით, ანუ იგივეა, რაც მოხმარების მიღწეული დონე და ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხი. ცხოვრების დონე დამოკიდებულია მრავალ რთულ და განსხვავებულ გარემოებაზე: ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, ისტორიულ, ეროვნულ თავისებურებებზე, ბუნებრივ პირობებზე. მათ შორის მთავარ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური პირობები, ანუ მოსახლეობის შემოსავლები, დანახარჯები, ინფლაციის ტემპი და ასე შემდეგ. (1)

          მეცნიერები ერთმანეთისაგან განასხვავებენ ცხოვრების ოთხ დონეს. ესენია:

  • კეთილდღეობა ანუ უზრუნველყოფილი დონე, რომლის პირობებშიც შესაძლებელია ადამიანის ყოველმხრივი განვითარება.
  • ნორმალური დონე, რომელიც ითვალისწინებს რაციონალურ მოხმარებას მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების მიხედვით და შესაძლებელს ხდის ადამიანის ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღდგენას.
  • სიღარიბე, რომლის პირობებშიც შესაძლებელია მხოლოდ შრომისუნარიანობის შენარჩუნება და იგი წარმოადგენს სამუშაო ძალის კვლავწარმოების ქვედა ზღვარს.
  • სიღატაკე, მასში იგულისხმება საქონლის და მომსახურების ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ადამიანის სიცოცხლის უნარიანობა.

          ამრიგად, ცხოვრების დონე სტატისტიკური მეცნიერების უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა. მასზე ბევრად არის დამოკიდებული საზოგადოების საერთო განვითარების დონე. (2)

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ცხოვრების დონე მრავლისმომცველი და საკმაოდ ფართო ცნებაა. მის შესაფასებლად და გასაანალიზებლად ბევრი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის გამოყენებაა საჭირო, როგორებიცაა: დასაქმება-უმუშევრობა, შემოსავლებისა და დანახრჯების დონე და მათი ბალანსი, განათლების დონე, მინიმალური სასურსათო კალათა და სხვა.

დასაქმება და უმუშევრობა

მანამ სანამ კონკრეტული სტატისტიკური მონაცემებისა და მაჩვენებლების განხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია, რომ გავერკვეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ტერმინებში, როგორებიც არის: სამუშაო ძალა, დასაქმებული და უმუშევარი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დასაქმებულად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც პირად და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით ეწევა საქმიანობას, რომელიც კანონით აკრძალული არ არის, და ანაზღაურებას იღებს ფულადი ან ნატურალური ფორმით. მეორე მხრივ, უმუშევრად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად. ხოლო სამუშაო ძალა აერთიანებს როგორც დასაქმებულებს, ისე უმუშევრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამუშაო ძალა არის  მინიმუმ 15 წლის ასაკის მქონე შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებიც ან დასაქმებულები არიან, ან აქტიურად ეძებენ სამსახურს და მზად არიან მუშაობის დასაწყებად. ქვეყანაში რაც მეტი ადამიანი ხვდება სამუშაო ძალაში, მით უკეთესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ეს არის იმ ადამიანების ერთობა, ვინც საქონელი და მომსახურება უნდა აწარმოოს, ქვეყნის ეკონომიკა შექმნას. ქვეყნის მოსახლეობაში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეს აქტიურობის დონეს უწოდებენ. (3)

გრაფიკი 1. დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

ზემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს საქართველოში სამუშაო ძალის, დასაქმების და უმუშევრობის მაჩვენებლებს 2014 წლიდან მოყოლებული გასული 2022 წლის მესამე კვარტალის ჩათვლით. უმუშევრობის დონე არის უმუშევართა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში. მეორე მხრივ, დასაქმების დონე გულისხმობს დასაქმებულთა პროცენტულ წილ შესაბამისი ასაკის მოსახლეობაში. (4)

აშკარა არის, რომ გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა, რამეთუ გაიზარდა სამუშაო ძალისა და დასაქმებულთა აბსოლუტური მოცულობა, ხოლო უმუშევრობის დონე 2021 წელთან შედარებით 5 ერთეულით შემცირდა 15.6 პროცენტამდე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში 2022 წლის განმავლობაში  ცხოვრების დონე ამაღლდა. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ უმუშევრობის დონის ასეთი დაბალი მაჩვენებელი კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ პანდემიამდეც არ ყოფილა. (5)

ხელფასების დონე

გარდა ზემოთ ხსენებულისა, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ხელფასებისა და შინამეურნეობების შემოსავლების დონეზე საქართველოში. დასაქმების დონის ზრდა აშკარაა, თუმცა ცხოვრების დონის ასამაღლებლად ამას თან უნდა სდევდეს ანაზღაურების მატება თითოეული მაცხოვრებლისათვის. ამასთან, ხელფასების სტაბილურად ზრდა აუცილებელია ინფლაციის მუდმივად მზარდი მაჩვენებლის გათვალისწინებით, რათა არ შემცირდეს მყიდველობითი უნარი.

გასული 2022 წლის განმავლობაში ხელფასების საშუალო დონის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც 2015 წლიდან მოყოლებული გრძელდება. 2022 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით ნომინალური საშუალო ხელფასი 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 22 პროცენტით გაიზარდა. (6)

გრაფიკი 2.

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi

საარსებო მინიმუმი

საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. (7;8)

რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებს, შემდეგ გრაფიკზე მოცემულია საარსებო მინიმუმის მაჩვენებლები გამოხატული ლარში გასული 2022 წლის თვეების მიხედვით. წლის დასაწყისთან შედარებით მინიმალური საარსებო კალათის ღირებულება 226.2 ლარიდან თითქმის 13 პროცენტით გაიზარდა 255.1 ლარამდე. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ 2021 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 223.5 ლარი იყო. (9)

გრაფიკი 3. შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ლარში

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/49/saarsebo-minimumi

ჰუმანური განვითარების ინდექსი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ნათლად გამოხატავს ქვეყანაში არსებულ ცხოვრების დონეს, არის ჰუმანური განვითარების ინდექსი. ჰუმანური განვითარების ინდექსს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) ყოველწლიურად აქვეყნებს. 2010 წლიდან ინდექსი განახლებული მეთოდოლოგიით ქვეყნდება. ინდექსის ბოლო ანგარიში გასული 2022 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნდა და 191 ქვეყანა მოიცვა. ინდექსში ქვეყნებს ქულები 0-დან 1-მდე ენიჭება და რაც უფრო ახლოს არის ქვეყნის ქულა 1-თან, ეს ნიშნავს, რომ ჰუმანური განვითარების დონე უფრო მაღალია. ჰუმანური განვითარების დონე რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით იზომება, ესენია: ჯანდაცვის დონე, განათლების დონე, მოსახლეობის შემოსავლების დონე და სხვა. ჯანდაცვის დონე სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლით ფასდება. განათლების დონე მოსახლეობის მიერ სკოლასა და უნივერსიტეტში გატარებული წლების მიხედვით, ხოლო მოსახლეობის შემოსავალი ერთ მოსახლეზე – საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლით. 2022 წლის ჰუმანური განვითარების ინდექსში ასევე გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ინდექსისა და სიღარიბის ინდექსის შედეგებიც. ინდექსი დამატებით მოიცავს უმუშევრობის დონის, გარემოს დაცვის, დემოგრაფიისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის კრიტერიუმებს. (10)

2022 წლის ჰუმანური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 63-ე ადგილზეა 0.802 ქულით. რეიტინგში საქართველოს მეზობლები პანამა და სერბია არიან.

გრაფიკი 4. საქართველოს ქულა ჰუმანური განვითარების ინდექსში

წყარო: https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-humanuri-ganvitharebis-reitingshi-63-e-adgilzea/

2021 წელს ახალი ინდექსი არ გამოქვეყნებულა, 2020 წლის ინდექსში კი საქართველო 0.810 ქულით 61-ე ადგილზე იყო. ბოლო 2 წელიწადში საქართველოს ქულა 0.008-ით გაუარესდა. ბოლო 22 წელიწადში მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ქულა მცირდება. პირველად 2008 წელს შემცირდა. სხვა წლებში საქართველოს ქულა სულ იზრდებოდა და ბოლო 10 წელიწადში 0.029-ით გაუმჯობესდა. ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 71.7 წელია. ერთი ადამიანი საშუალოდ 15.6 წელს ატარებს სწავლაში – სკოლასა და უნივერსიტეტში. ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი (GNI) 14,664 PPP დოლარია. ზრდასრულ მოსახლეობაში დასაქმების დონე 59%-ია. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგის სათავეში მყოფი შვეიცარიის ჰუმანური განვითარების ინდექსის მაჩვენებელი 0.962 ქულას უტოლდება, ხოლო მას მოსდევს ნორვეგია 0.961 ქულით. (10)

ეკონომიკური ზრდის ტემპი

ქვეყანაში არსებული ცხოვრების დონის კარგი მაჩვენებელია ეკონომიკური ზრდის ტემპი. ეკონომიკური ზრდა ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთი წლის განმავლობაში ზრდას ნიშნავს. მთლიანი შიდა პროდუქტი ეკონომიკის სიდიდის საზომია. ის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას აჯამებს. ეკონომიკის ზრდაზე ინფლაციის ეფექტის გამოსარიცხად, წლების მაჩვენებლები ერთმანეთს ერთი საბაზისო წლის ფასებში დარდება. მაგალითად, თუ 2021 წლის და 2022 წლის მშპ-ს, ორივეს 2021 წლის ფასებით დავითვლით, მათ შორის სხვაობა გამოშვებულ საქონელსა და მომსახურებას შორის ცვლილებას გვაჩვენებს. სწორედ ამ ცვლილებას ჰქვია ეკონომიკური (ეკონომიკის) ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდს ბოლო პროგნოზები მიმდინარე  წლის აპრილში ჰქონდა გამოქვეყნებული. პანდემიის შემდგომმა პერიოდმა და უკრაინა-რუსეთის ომმა ეკონომიკური პროგნოზირება გაართულა. (11)

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი ინფორმაციით 2022 წლის საქართველოს ეკონომიკა 9%-ით იზრდება. სწორედ 9%-იანი ზრდით იკავებს საქართველო მე-9 ადგილს მსოფლიოში. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკაზე სწრაფად მხოლოდ 8 ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა. ფონდის მიერ აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით უნდა გაზრდილიყო. ეკონომიკის ზრდის პროგნოზის ამაღლება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულმა 10.3%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად სწრაფად ზრდა ტურიზმის მნიშვნელოვნად მატებამ და რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდამ განაპირობა. 2022 წელს მაღალი ზრდა ძირითადად ტურიზმზე მაღალი დამოკიდებულების ქვეყნებს აქვთ.  ეს ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და ტურიზმის აღდგენა პოზიტიური კუთხით გამორჩეულად დაეტყოთ. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა და სავალუტო ფონდის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის რეიტინგში 21-ე ადგილზე გავიდა. 2020 წელს კი საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. საქართველოს ეკონომიკაზე მეტად მხოლოდ 55 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა. 35-მა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდითაც კი დაასრულა 2020 წელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლისთვის სავალუტო  ფონდი საქართველოს ეკონომიკის 4%-ით ზრდას პროგნოზირებს და ამ მაჩვენებლით ეკონომიკის ზრდის რეიტინგში საქართველო 69-ე ადგილზე იქნება. (11)

გრაფიკი 5. საქართველოს ეკონომიკური ზრდა და პოზიცია ეკონომიკური ზრდის მსოფლიო რეიტინგში

წყარო: https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-humanuri-ganvitharebis-reitingshi-63-e-adgilzea/

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს ყველაზე მეტად გაიანის ეკონომიკა გაიზარდა – 58%-ით. ბოლო წლებში გაიანის ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდა ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენით არის განპირობებული. რეიტინგში მეორე ადგილზე ფიჯია 12.5%-ით, ხოლო მას მოსდევს სეიშელის ეკონომიკა თითქმის 11%-ანი ზრდით.

დასკვნა

საბოლოო ჯამში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასულ 2022 წელს საქართველოში ცხოვრების დონე გაუმჯობესდა წინა პერიოდთან შედარებით. ეს შეინიშნება როგორც დასაქმებისა და ხელფასების საშუალო დონის ზრდაში, ისე ეკონომიკურ წინსვლაში. ამას ემატება გასულ წელს პანდემიის შემდგომ ცხოვრების ჩვეული რეჟიმის დაბრუნება, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი საზოგადოების ბედნიერების ზრდას. თუმცა, მეორე მხრივ, თუ სტატისტიკურ მონაცემებს ზოგადი სურათიდან დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ყველა ზემოთ განხილული ფაქტორი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობას აფიქსირებს. საარსებო მინიმუმი გამოხატული ლარებში ძალიან მცირეა, ხოლო ხელფასებისა და დასაქმების დონე უკმაყოფილებას იწვევს. საქმე ისაა, რომ 2022 წელს მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით კი გაუმჯობესდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და არ ნიშნავს სასურველი საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევას. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ზრდის ტემპები და გააგრძელოს წინსვლა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურათაშორისი კომუნიკაციები. №1, თბილისი, 2007, http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=576
  2. http://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=0&cat=arq&leng=ge&adgi=933&title=%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D
  3. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/15664?publication=6
  4. https://www.geostat.ge/media/39891/0908_160821_GE.pdf
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi
  7. https://matsne.gov.ge/ka/document/download/29824/7/ge/pdf
  8. https://www.geostat.ge/media/20614/mamakacis-saarsebo-minimumi-%28geo%29.pdf
  9. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/49/saarsebo-minimumi
  10. https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-humanuri-ganvitharebis-reitingshi-63-e-adgilzea/
  11. https://forbes.ge/blogs/ekonomikis-zrdis-tempith-saqarthvelo-msophlioshi-me-9-adgilzea/