სამკურნალო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში – ”ლუგელას წყლები”

ხვიჩა კვარაცხელია

ტურიზმი თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი, მაღალშემოსავლიანი და ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგია. საქართველოს მართლაც დიდი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის განვითარების მხრივ. მისი კლიმატი და რელიეფის მრავალფეროვნება საქართველოს ამ დარგში გარკვეულ პერსპექტივებს აძლევს. ქვეყანაში ტურიზმის განვითარება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ამ პერიოდში დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი ბორჯომსა და აბასთუმანში, ხოლო მოგვიანებით, XIX საუკუნის ბოლოს, შავი ზღვის სანაპიროზე.

ბოლო წლების მანძილზე აქტიური პროპაგანდა გაუწიეს საქართველოს მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე და შედეგებმაც არ დააყოვნა. წინა წლებთან შედარებით საქართველოში ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა. 2010 წელს მათი რაოდენობა 2,031,717-ს შეადგენდა ხოლო 2012 წლის მონაცემებით მათი რიცხვი 4,389,256-ს აღწევს, 2013 წლის 4 თვის მონაცემებით კი საქართველოში 1,291,593 ტურისტია ჩამოსული. თუმცა პრობლემები, რომელიც ამ დარგში გვხვდება, ჯერაც არ არის აღმოფხვრილი. ამასთან აქცენტი კეთდება მხოლოდ დასასვენებელ და გასართობ ტურიზმზე, რაც კარგია, მაგრამ არა – საკმარისი. საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს სამკურნალო ტურიზმში განვითარებაში.

საბჭოთა პერიოდში საქართველოს კურორტები აღიარებული იყო როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო დანიშნულების ადგილები. საქართველოში სამკურნალო დანიშნულების უნიკალური რესურსები თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქშიც არსებობს. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქებს შორის, ბალნეოლოგიური ცენტრი მხოლოდ თბილისსა და ბუდაპეშტშია.
საქართველოში დაახლოებით 2000 მინერალური წყაროა. მინერალური წყლების სიმდიდრე და მრავალფეროვნება პაციენტებს საშუალებას აძლევს მრავალი დაავადებისგან განიკურნონ, მათ შორის როგორიცაა ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული სისტემის მოშლილობა, გინეკოლოგიური და სხვა სნეულებები. გაზიანი მინერალური წყლები ყველაზე გავრცელებულია საქართველოში. ასეთი წყლები საჭმლის მონელების სისტემის სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ცხელი წყალი აღმოჩენილია ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღის ტერიტორიაზე, სადაც მიწის ბურღვის დროს ჭაბურღილიდან ამოხეთქილი თერმული წყლის ტემპერატურა 104 გრადუსია. წყალი 3580 მ. სიღრმიდან ამოჩქებს. წარსულში მსოფლიოში ყველაზე ცხელ წყლად ითვლებოდა კამჩატკის გეიზერები, რომელთა ტემპერატურა 99,8 გრადუსია.

აღსანიშნავია სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებული სამკურნალო მინერალური წყალი, რომელიც ურთულესი ქიმიური შემადგენლობისაა. იგი მიეკუთვნება ქლორიდული წყლების ჯგუფს, თვითონ ქმნის მინერალური წყლების ტიპს და ჰიდროქიმიურ ლიტერატურაში ”ლუგელას” სახელწოდებითაა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, ქართული ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს არ სთავაზობს. ექსპერტების თქმით, ცუდი ინფრასტრუქტურა და რეკლამის არარსებობა არის მთავარი პრობლემები, რაც აფერხებს საქართველოში სამკურნალო ტურიზმის განვითარებას. ტურისტები არ ჩამოვლენ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია სამკურნალო ტურიზმის განვითარების მიზნით. ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც მიღებულია საერთაშორისო ბაზრის ამ კონკრეტულ სეგმენტზე, როგორიცაა გზების, კავშირგაბმულობისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა შეიქმნას ტურისტებისათვის მიმზიდველი გარემო, რადგან ვიცით, რომ მათთვის კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია.

საკურორტო მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისათვის რაიონში არსებობს სათანადო ბაზა, რომელსაც დახვეწა და გაფართოვება სჭირდება. სოფელ მუხურში მდებარე ჯანმრთელობის გაუმჯობესების ცენტრის ”ლუგელას” დირექტორის, თემურ თორდავას თქმით, კომპლექსი ერთდროულად 100 დამსვენებელს ემსახურება, აქ დასვენება დღე-ღამეში სამჯერადი კვებით 30-დან 35 ლარამდე ღირს. ქირავდება ასევე კერძო ბინებიც, სადაც ფასი ოდნავ დაბალია. შესაფერისი ინფრასტრუქტურის არ არსებობა ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას ამ სექტორში. ბოლო წლებში გაიზარდა ამ კურორტზე უცხოელი დამსვენებლების ოდენობა. სვანეთში ასვლამდე ისინი რამდენიმე დღით ლუგელაში რჩებიან, თუმცა შეზღუდული დასაბინავებელი ადგილების გამო მათ კურორტის დატოვება უწევთ, რაც ამცირებს, როგორც ადგილობრივი დამსაქმებლების შემოსავლებს, ასევე სამკურნალო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს. ”ლუგელას” სამკურნალო ჩვენებებით იკურნება ტუბერკულიოზი, ლულოვანი ძვლების მოტეხილობა, რაქიტი, ალერგიული დაავადებები, სისხლის შედედების დაქვეითება და სხვა. არსებული კურორტის გაფართოვებისას სწორედ ეს სეგმენტია გასათვალისწინებელი, რადგან ამ კურორტის ძირითადი დამსვენებლები სწორედ ამ სნეულებებით დაავადებულნი არიან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩამოსხმული ლუგელას წყალი დიდხანს ინახება და არ საჭიროებს ნახშიროჟანგით გაჯერებას და თუკი ახალი პროდუქტი გამოჩნდებოდა ბაზარზე „ლუგელას წყლების” სახელწოდებით, ეს, რა თქმა უნდა, დადებითად აისახებოდა კურორტის განვითარებაზე. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, სათანადო ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. მინიმალური დანახარჯებით შესაძლებელია დროებით უკვე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, აუცილებელია კურორტზე დამსვენებლების რიცხვი იზრდებოდეს, ამისათვის უნდა აშენდეს ახალი კომპლექსები ან განახლდეს უკვე არსებული. საბედნიეროდ ტრანსპორტირების პრობლემა არ რეგიონში არ არსებობს, თუმცა კარგი იქნებოდა თუკი პასიური ტურიზმის გარდა, რეგიონში სამთო ტურიზმიც განვითარდებოდა, რადგან დიდია სპორტსმენების რიცხვი დამსვენებლებთა შორის, სამთო ტურიზმი კი მათთვის საინტერესო შეთავაზება იქნება. ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო იგი ახლოა ისეთ კურორტებთან, როგორიცაა სქური, სვანეთი, შავი ზღვის სანაპირო კურორტები და სხვა. ამის განსახორციელებლად აუცილებელია მოვიზიდოთ ინვესტორები, რომლებიც თავიანთ კაპიტალდაბანდებებს სწორედ ამ კურორტში ჩადებენ. ამისათვის საჭიროა კარგი რეკლამა და ინფორმაციის მიწოდება ყველა შესაძლო ხერხებით, იქნება ეს ტელევიზია, პრესა თუ სხვა კომუნიკაციის საშუალებები. გასათვალისწინებელია ის პერსპექტივები, თუ რისი მოცემა შეუძლია ამ კურორტის განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, გაზრდის ტურისტების რაოდენობას საქართველოში, კერძოდ კი, ამ სეგმენტში (სამკურნალო ტურიზმში), რასაც თან სდევს საკმაოდ სოლიდური შემოსავლები და უმთავრესი, გამოჯანმრთელებული დამსვენებლები.

საჭიროა მოიძებნოს ახალი ბაზრები ან გაფართოვდეს უკვე არსებული. აუცილებელია შემუშავდეს ახალი მარკეტინგული სტრატეგიები. განხორციელდეს სამკურნალო ტურიზმის როგორ ახალი, დამოუკიდებელი და განვითარებადი დარგის პოზიციონირება და გაეწიოს სათანადო რეკლამირება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. რა თქმა უნდა, ასეთი გარემოს შექმნა დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა აუცილებელია დარგის განვითარებისათვის. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ხელი შევუწყოთ მინერალური წყლისა და ბუნებრივი პირობების სარგებლიანობის პოპულარიზაციას.

სამწუხაროა, როდესაც ქვეყანა ვერ იყენებს საკუთარ უნიკალურ რესურსებს უსახსრობისა თუ სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის შეუფასებლობის გამო. არადა მისი განვითარებით ბევრად მეტი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი, როგორც ტურისტების მოზიდვისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდის, ისე ადგილობრივი ადამიანური რესურსების (სამედიცინო და მომსახურების სექტორის მომუშავეთა სახით) განვითარება-გამოყენების თვალსაზრისით. ის უდიდესი პოტენციალი, რომელიც საქართველოს სამკურნალო ტურიზმის განვითარებით გააჩნია, სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვპირდება და ამ შესაძლებლობების გამოყენება სათანადო ყურადღებას ითხოვს ხელისუფლებისა და ბიზნესმენების მხრიდან.