საქართველოს ტურიზმის ასპექტები პანდემიის პირობებში

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ ამირიძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
IV კურსი
amiridzemariam@gmail.com

ანოტაცია

2020 წლის პანდემიამ ტურიზმის დარგში ბევრი რამ შეცვალა. კორონავირუსის გამო, საქართველოში დღევანდელი, 2020 წლის მოცემულობით  ზარალი 30 მლნ ლარია, თუმცა მისი მასშტაბები ცხადია მზარდია. უმუშევრობის გარდაუვალი ზრდა, გაზრდილი მოთხოვნა პროდუქტზე, სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე, მოგზაურობის შიში, ჩაკეტილი საზღვრები ყველაზე ნეგატიურად აისახა  ტურიზმზე. სტატიაში განხილულია საქართველოს ტურიზმის გარკვეული ასპექტები Covid-19 პერიოდში და მისი სამომავლო ტენდენციები.

Annotation

The 2020 pandemic has changed a lot in the field of tourism. Due to the coronavirus, the damage in Georgia today in 2020 is 30 million GEL, although its scale is clearly growing. The inevitable rise in unemployment, the increased demand for the product, the pressure of various factors on the national currency, the fear of travel, the closed borders have had the most negative impact on tourism. The article discusses certain aspects of Georgian tourism in the Covid-19 period and its future trends.

ტურიზმი – ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ყველაზე მეტად დინამიური დარგია. მასზე მოდის მსოფლიო ექსპორტის 7%. დარგში კი იქმნება მშპ დაახლოებით 11%. საქართველოში 2019 წელს ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 9 357 964-ს მიაღწია, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 7.8%-ით მეტია ასევე თითქმის 3.5 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოიტანა.  მსოფლიო ტურისტულმა ორგანიზაციამ (UNWTO) 2019 წელს, მსოფლიო მასშტაბით დაარეგისტრირა 1,5 მლრდ. საერთაშორისო ტურისტული მგზავრობა. [1] [4]

ეს ყველაფერი კი რადიკალურად შეცვალა 2020 წლის პანდემიამ. კორონავირუსის გამო, საქართველოში 2020 წლის მოცემულობით  ზარალი 30 მლნ ლარია, თუმცა მისი მასშტაბები ცხადია მზარდია. უმუშევრობის გარდაუვალი ზრდა, გაზრდილი მოთხოვნა პროდუქტზე, სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე, მოგზაურობის შიში, ჩაკეტილი საზღვრები ყველაზე ნეგატიურად აისახა  ტურიზმზე.

2020 წლის მარტის პირველ ორ კვირაში თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი TAV Georgia-ის ინფორმაციით თითქმის 50 % – ით შემცირდა, ხოლო ფრენების რაოდენობა 21%-ით .  რაც შეეხება მსოფლიოს UNCTAD-ის (გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ) მონაცემებით, ამ პერიოდში წარმოებასა და საექსპორტო მოწოდებებზე დანაკარგებმა მაგ. ჩინეთში  – 2%, აშშ–ში 5,8 მლრდ, იაპონიაში კი-5,2 მლრდს მიაღწია. [2]

მსოფლიო ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია საჰაერო მიმოსვლა.  სხვადასხვა ავიახაზები წელიწადში საშუალოდ 2,5 მილიარდზე მეტ მგზავრს ემსახურება და 50 მილიონი ტონა ტვირთი გადააქვს. აღსანიშნავია ასევე, რომ საავიაციო ინდუსტრიის წილი მშპ-ში ბევრად მეტია ვიდრე საავტომობილო ინდუსტრიისა. მგზავრების რაოდენობის ზრდას განსაკუთრებით ხელს უწყობს დაბალბიუჯეტიანი ავიაგადაზიდვების პოლიტიკა, მაგალითად როგორიცაა:

  • ბიუჯეტურ სეგმენტზე მუშაობა
  • მეორადი პრიორიტეტის აეროპორტებით სარგებლობა
  • სწრაფი რეისები აეროპორტებში
  • ერთდროულად პერსონალის მიერ მრავალი ფუნქციის შეთავსება

ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზრდის ტემპით გამოირჩეოდა საქართველოს საავიაციო ბაზარი. აქ სულ სამი საერთაშორისო და ორი შიდა აეროპორტი ფუნქციონირებს. 2019 წლის მონაცემებით საქართველოს სამივე აეროპორტში მოქმედმა ავიაკომპანიებმა წლის პირველ ნახევარში 2.5 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. პირველ ადგილას კი ყველასთვის კარგად ცნობილი უნგრული კომპანია Wizz Air იკავებს (ბაზრის წილი 14%). 2020 წელს კი მგზავრთა საშუალო წლიური რაოდენობამ 1,7 მილიონს მიაღწია.[3]

ასევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ისე საქართველოსთვისაც სამდინარო და საზღვაო ტრანსპორტი მნიშვნელოვანი, წამყვანი და ტრადიციული დარგია. დღეისათვის საერთაშორისო ტვირთბრუნვის 80%–ზე მეტი დაკავშირებულია სწორედ საზღვაო ტრანსპორტთან. საქართველოში საზღვაო ტრანსპორტის განვითარებისა და ზოგადად ტრანსპორტის განვითარება უკავშირდება დიდი აბრეშუმის გზის ჩამოყალიბებას.

დღეისათვის საქართველოში სამი პორტი მოქმედებს ბათუმის, ფოთისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთის. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ანაკლიის პორტის მშენებლობაზეც. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. [5]

ასე რომ, ტრანსპორტის როლი და მნიშვნელობა უაღრესად დიდია ტურიზმის განვითარებაში. ტურიზმის როლი კი განსაკუთრებით დაგვანახა დღევანდელმა COVID-19 – ის პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ. ის ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორად ჩამოყალიბდა. 2019 წელს ვიზიტორთა რაოდენობა 9,4 მილიონამდე იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით დაახლოებით 8%ით მეტი იყო. COVID-19-ის შედეგად გამოწვეულმა მოგზაურობის შიშმა და ჩაკეტილმა საზღვრებმა ყველაზე მეტად ნეგატიურად სწორედ ტურიზმის ინდუსტრიაზე იმოქმედა.

არსებული რთული რეალობიდან გამომდინარე, დღესდღეობით, ცხადია,  ძნელია ზუსტი პროგნოზების გაკეთება იმ ეკონომიკურ გავლენებზე რომელსაც პანდემია გამოიწვევს. COVID-19 პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკური განვითარების და, მათ შორის, ტურიზმის პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუარესდა.  საქართველოს მთავრობა გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს COVID-19-ის პანდემიისა და ეკონომიკაზე მისი უარყოფითი გავლენის შესაკავებლად. მან ეკონომიკურ გუნდთან ერთად 2020 წლის 7 მაისს წარადგინა ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც პირველ კონკრეტულ სექტორზე მორგებული ეკონომიკური სტრატეგიაა და რომლის თანახმადაც, ქვეყანა 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მიღებას ფიქრობდა (ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნა და სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად და ფრენების ეტაპობრივი აღდგენა. საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის წარმართვა სლოგანით „საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“ და სხვა). [2]

ფაქტია, 2021 წლის ზაფხული ტურისტებით დატვირთული ვერ იქნება და ქვეყანამ დღეს აქტიურად  უნდა იმუშაოს, რომ მოგზაურთა სასურველმა ტურისტულმა მიმართულებებმა ახალ გამოწვევებს გაუძლოს და არ გაქრეს მომდევნო წლებში, ამისთვის კი სექტორში დასაქმებულებს მოუწევთ მძიმე ფინანსურ გამოწვევებთან  გამკლავება საკუთარი თავის და ბიზნესის გადასარჩენად. მთავრობამ გასულ წელს ტურიზმის სტიმულირებისთვის 200 მილიონი ლარი გამოყო, რომელიც ასე ნაწილდება:

  • ტურისტული ინდუსტრიისთვის 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება – 45 მილიონი ლარი (ეს არის თანხა, რომელიც უნდა გადაეხადათ და არ გადაიხდიან ბიზნესები);
  • ტურისტული ინდუსტრიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (და გადავადება) – 90 მილიონი ლარი (ესეც ბიზნესის გადასახდელი თანხაა, რომლისგანაც გათავისუფლდნენ);
  • სასტუმროების სესხების სუბსიდირება – 60 მილიონი ლარი (განკუთვნილია 3000 სასტუმროსთვის);
  • ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა – 5 მილიონი ლარი;

როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემიის დასრულების შემდგომ მსოფლიო ძველებურად ვეღარ იცხოვრებს,  ადამიანები დაიწყებენ ისეთი ადგილების მოძიებას, სადაც თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ და გადატვირთული ადგილების ნაცვლად უპირატესობას მიანიჭებენ ისეთი ადგილების მონახულებას და დასვენებას, სადაც სოციალური დისტანცირების დაცვის საშუალება ექნებათ, თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ და დაცულად. საქართველოს ტურიზმის სექტორმა პირველ ეტაპზე 2020 წლის 15 ივნისს დაგეგმა შიდა ტურიზმის ამოქმედება და უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნა, აქ კი  უფრო აქტიურად მოხდა ეკო, აგრო, მთის, სათავგადასავლო, გამაჯანსაღებელი და სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რაც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სინერგიას და ბუნებრივი რესურსების დაცვას გულისხმობს. ამასთან ერთად, შეიძლება  გვქონდეს იმის იმედიც, რომ გამსვლელი ტურისტები (რომლებიც ასობით მილიონ აშშ დოლარს ხარჯავენ ყოველწლიურად) ვერსად გავლენ, ანუ ფული არ გავა ქვეყნიდან (არ ითვლება სოფლებში მოსახლეობის უბრალოდ მასიური გასვლა). აღნიშნული ტიპის ტურიზმის განვითარებით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა, ტურიზმის მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი აქციოს დამატებით შემოსავლად, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება გახდეს მათი შემოსავლის ძირითადი წყარო. [2] საჭიროა სოფლის მეურნეობის მეტად დაფასება, რომ ადგილობრივი და არა იმპორტული ნაწარმი გახდეს პრიორიტეტი (ჩვენი სასურსათო კალათის 80% იმპორტულია), რადგან სწორედ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას შეუძლია მოხსნას  ელემენტარული მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; დოვლათი დატოვოს ქვეყანაში (და არ გაუშვას საზღვარს მიღმა), შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები ქვეყნის შიგნით, რაც მიიღწევა ცოდნაზე და ინტელექტზე დამყარებული ინდუსტრიული წარმოების განვითარების ხელშეწყობის ფონზე.

პანდემიის შემდგომი პერიოდის  ეკონომიკური  პრობლემების დასაძლევად  გადამწყვეტი როლი გლობალურად სახელმწიფოს ენიჭება, რომელმაც, პირველ რიგში, უნდა დაეხმაროს  მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ვერ გააგრძელებენ არსებობას. ასევე  უნდა მოხდეს შიდა ტურიზმის განვითარების სტიმულირება სავალდებულო უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომ ავიცილოთ კორონავირუსის თავიდან გავრცელება. ამ მიზნების გადასაჭრელად მიზანშეწონილია საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია, იქნება ეს გადასახადების შემცირება თუ გადავადება, ზოგიერთ შემთხვევაში მოხსნაც კი, ასევე საბანკო სესხებზე ხელმისაწვდომობა. მეწარმეებისათვის პირდაპირი დახმარების (ფინანსური) გაწევის შემთხვევაში კი აუცილებელია პირდაპირი და არაპირდაპირი ბიზნესსუბიექტების ნუსხის გათვალისწინება, იქნება ეს სასტუმროები, ტურისტული ობიექტები, სატრანპორტო საშუალებები, გიდები, ტუროპერატორები, ციფრული ტექნოლოგიის მიმწოდებლები, კვების ობიექტები და ა.შ.. ასევე საყურადღებოა, სწორად შეირჩეს ის ტურისტული დესტინაციები, სადაც ინფრასტრუქტურული  პრობლემების მოგვარების გზით,  მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი  ტურისტული ობიექტების გადატვირთვის აღმოფხვრა, რითაც მოხერხდება მისი ავთენტურობისა და გამტარუნარიონობის პრინციპის აღდგენა, მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვა, რაც საშუალებას მოგვცემს, ზუსტად შესრულდეს სახელმწიფო სანიტარულ-ჰიგიენური უსაფრთხოების დაცვის ნორმების რეკომენდაციები. [2]

დიაგრამა 1: 15 წლისა და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საშუალო თვიური რაოდენობა (ათასი) 2017-2020 წლები

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/100/turizmis-statistika

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2020 წელს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორცუელებული  ვიზიტების საშუალო წლიურმა რაოდენობამ კი შეადგინა 1 261 000. [6]

დასკვნა

ადრე თუ გვიან, პანდემია დასრულდება და, რა თქმა უნდა, ეკონომიკა ისევ აღმასვლას დაიწყებს, როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც ტურიზმი სწრაფად გამოვა იძულებითი „ძილიდან“  ვთვლი,  ეს ჩვენნაირი სუსტი ეკონომიკის ქვეყნისთვის მრავალ წელს მოითხოვს, ოპტიმისტების ვარაუდით კი 2021 წლის ბოლოსთვის მოხდება. თუმცა სრულიად გასაგებია, რომ ყველა ქვეყანამ კრიზისიდან გამოსვლის თავისი საკუთარი გზა უნდა იპოვოს. პანდემიის დასრულების შემდეგ ტურისტული ბაზარი დარჩება მათ ხელში, ვისაც ეყოფა ძალა, თავი შეინარჩუნოს და კრიზისიდან არათუ ნაკლები დანახარჯებით გამოვიდეს არამედ გახდეს უფრო კონკურენტული.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. „ლექციის მოკლე კურსი ტურიზმის შესავალში“ – ნანა კაციტაძე
  2. პანდემიის თანამედროვე გამოწვევები ტურიზმის სექტორში
  3. საავიაციო ინდუსტრიის როლი მსოფლიოში
  4. ტურიზმის ისტორია
  5. ტრანსპორტი
  6. ტურიზმის სტატისტიკა