შრომითი მიგრაცია საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
სალომე შუკაკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
salome.shukakidze22@gmail.com
ანოტაცია
შრომითი მიგრაცია მეტად მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისათვის, იგი წარმოადგენს გლობალურ ფენომენს, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ზოგადად, შრომითი მიგრაცია არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დასაქმების მიზნით ხალხთა გადაადგილება. დღეს, მილიონობით ადამიანი მუშაობს საკუთარი სამშობლოს გარეთ, გამონაკლისი არც საქართველოს მოსახლეობაა. შრომითი მიგრაცია ის პრობლემაა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოპოვებული დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან თან სდევს საქართველოს. მოცემულ სტატიაში განხილულია თუ რა გავლენა აქვს შრომით მიგრაციას საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირებასა და ფუნქციონირებაზე და რა არის ძირითადი მიზეზი მასიური ემიგრაციისა.
Annotation
Labor migration is very important for the world economy, it is a global phenomenon that affects the socio-economic development of countries. In general, labor migration is the movement of people from one country to another for employment. Today millions of people work outside their homeland and the population of Georgia is no exception. Labor migration is a problem that has plagued Georgia since the first years of independence in the 1990s. This article discusses the impact of labor migration on the formation and functioning of the Georgian labor market and what is the main reason for mass emigration.
რა არის მოსახლეობის მიგრაცია?
უპირველეს ყოვლისა განვიხილოთ თუ რა არის, ზოგადად, შრომითი მიგრაცია. მოსახლეობის ტერიტორიული მობილობა, მოსახლეობის მოძრაობა საზოგადოების არსებობის აუცილებელი ელემენტია. იგი სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში სხვადასხვა სახეს იძენს, სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, მაგრამ როგორც განვითარების აუცილებელი მომენტი, ყოველთვის იყო და დარჩება მომავალშიც.
შეგვიძლია მოსახლეობის ტერიტორიული გადაადგილება განვიხილოთ უხსოვარი დროიდან. თვით ადამიანის წარმოშობა და გავრცელება თანამედროვე ცივილიზებულ ტერიტორიაზე მჭიდროდაა დაკავშირებული მათ სივრცობრივ გადაადგილებასთან. მაგალითისთვის, თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე ადამიანები მიგრირებულნი არიან და არა ადგილზე წარმოშობილნი. მოსახლეობის დიდი მასების გადანაწილება მოიწვია დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, კერძოდ, ამერიკის კონტინენტის აღმოჩენამ. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ე.წ შრომით მიგრაციის განმავლობაში არის ბევრი პირობითობა. ესაა მიგრაციის სახე, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო ძალის გადაადგილებასთან ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში, ანუ დასაახლებული პუნქტის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას. მეორე არსებითი ნიშანი, რომელიც შრომით მიგრაციას ახლავს არის გადაადგილების მიზანი. ესაა გადაადგილება დასაქმებისა და შემოსავლის მიღების მიზნით. ხოლო, მესამე არსებითი ნიშანიც პირობითია,ეს არის გადაადგილების მნიშვნელობა.
არა მარტო ზოგადად გადასახლებებს, არამედ უშუალოდ შრომით მიგრაციას ამა თუ იმ სახითა და მასშტაბით ადგილი ჰქონდა ყველა ეპოქაში. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ისტორიაში არაერთი კარგი მაგალითია. ფეოდალური ხანის ისტორიულ წყაროებში შემონახულია მრავალი ცნობა, რომელიც აღწერს ქართველების სხვა ქვეყანაში სამუშაოდ გადაადგილებას. [1]
უმუშევრობა – შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზი
ცნობილია, რომ შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზი არის უმუშევრობა, რომელიც საქართველოში დღემდე სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. განსაკუთრებით მწვავედ უმუშევრობა რეცესიის დროს ვლინდება, ანუ მაშინ, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი იკლებს. სამწუხაროდ, რეცესიის ტიპის მოკლევადიანი ეკონომიკური რყევა საქართველოსათვის გრძელვადიან მოვლენად იქცა.
ზოგადად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია უმუშევრობის ტერმინს ასე განსაზღვრავს: 15 წელზე უფროსი ასაკის პირები, რომელთაც შეეძლოთ მუშაობა, სცადეს მუშაობის დაწყება გასული 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ სამსახური ვერ იშოვეს. ამავე კატეგორიას განეკუთვნებიან დროებით დათხოვილი და სამსახურის დაწყების მოლოდინში მყოფებიც. საქართველოს სინამდვილეში კი სიტყვა უმუშევარი განსხვავებული კრიტერიუმით ფასდება. თავს უმუშევარს უწოდებენ ისინიც, ვინც არათუ 4 კვირის, არამედ გასულ 4 თვეზე მეტ პერიოდშიც ვაკანსიების შესახებ მონაცემებით არც კი დაინტერესებულან, ანუ ესენი არიან ადამიანები,რომელთაც სურთ მუშაობა, მაგრამ ხელი ჩაიქნიეს სამუშაოს ძებნაზე. მსგავსი ადამიანები საქართველოში მრავლადააა, ყოველივე ამის შემდეგ სამუშაო ადგილებს საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ეძებენ, რადგან საკუთარ ქვეყანაში სამუშაო სახსრები ნაკლებადაა. თუმცა, გასულ წლებთან შედარებით მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.
ნახ.1
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/ddu
ნახაზი 1 მოცემულია უმუშევრობის დონე საქართველოში 2010 წლიდან 2019 წლამდე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წელს უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში, წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, სადაც უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 6.7%-ია, ორჯერ მაღალია. 2019 წელს, საქართველოში ეკონომიკურად აქტიური იყო 1.911.2 მილიონი ადამიანი, მათგან 1.690.2 მილიონი დასაქმებული, ხოლო 221.0 ათასი დაუსაქმებელი. სწორედ ესაა მიზეზი საქართველოში მასობრივი შრომითი ემიგრაციისა. [2]
საქართველოდან შრომითი მიგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები
საქართველოში შრომითი მიგრაცია მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. 1991-1995 წლები საქართველოში გამოირჩეოდა უდიდესი ემიგრაციული ტალღით. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა ფიზიკური გადარჩენისათვის გამოსავალი საზღვარგარეთ დასაქმებაში ეძებნა. დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდულობა, სამუშაო ძალის დაბალი ფასი, შრომის ბაზრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის პირობების არარსებობა და არასტაბილური ვითარება იყო ის მიზეზები, რამაც უბიძგა საქართველოს მოსახლეობის ყველაზე აქტიურ ნაწილს სამუშაო მოეძებნა საზღვარგარეთ. საქართველოში შრომითი მიგრაცია წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პრობლემებს და გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე, მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. მას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგი ქვეყნისათვის. ერთის მხრივ, შრომითი მიგრაცია განიხილება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორი, ვინაიდან ქვეყნიდან გადის მნიშვნელოვანი სამუშაო ძალა, თუმცა ამ პროცესს დადებითი ეფექტიც აქვს, მას განიხილავენ, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის სტრატეგიას, რაზედაც მეტყველებს ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულადი გზავნილები. აღნიშნული ფულადი დახმარებები საქართველოში ბევრი ოჯახის არსებობის წყარო და საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ასევე ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებით გავლენას ახდენს.[3] 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.9%-ით მეტია 2019 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილები უმეტესად იგზავნება იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სხვ. (წყარო: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=728 )
საქართველოში შრომით მიგრაციას აქვს უამრავი უარყოფითი მხარე. მიგრაციის უარყოფითი სალდოს პირობებში ის აუარესებს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას.
ნახ. 2
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia
ზოგადად, მიგრაციის სალდო ეწოდება ქვეყნიდან გასული და შემოსული ადამიანების რაოდენობის შეფარდებას. თუ ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი აღემატება ქვეყანაში შემოსულთა რიცხვს, მიგრაციის სალდო უარყოფითია, ხოლო თუ შემოსული ადამიანების რიცხვი აღემატება ქვეყანაში გასულთა რიცხვს, მიგრაციის სალდო დადებითია. როგორც ნახაზზე ვხედავთ, 1994 წლიდან საქართველოს მიგრაციის სალდო უარყოფითია. მხოლოდ ბოლო წლებში მიუხლოვდა ნულს.
შრომითი მიგრაციის პოლიტიკა საქართველოში
შრომითი მიგრაციის გამართული პოლიტიკა და მისი სწორი რეგულირება ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. როგორც უკვე აღვნიშნე,საქართველოში შრომითი მიგრაციის პრობლემა დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან არსებობს და ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარაობის,მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით დღემდე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნისათვის. ბოლო წლებში საქართველოს ჩართულობა გლობალურ მიგრაციულ პროცესებში საგრძნობლად გაიზარდა. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მიგრაციის როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ჭრილში. მიგრაციის ეფექტიანი მართვა ქვეყნის უსაფრთხოების და გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი წინაპირობაა, იგი ასევე წარმოადგენს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მიგრაციის პოტენციალის გამოყენებას. სწორედ ამიტომ, მიგრაციის პოლიტიკის სწორი დაგეგმვა და მისი მართვის ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2016-2020წლების მიგრაციის სტრატეგია მიგრაციის პოლიტიკის განმსაზღვრელი რიგით მესამე სტრატეგიული დოკუმენტია საქართველოსათვის. მსგავსი მიზნების მქონე პირველი დოკუმენტი 1997წელს შეიქმნა, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიტებული საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის კონცეფცია, რომელშიც წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს ხედვა იმიგრაციული პროცესების რეგულირების, საერთაშორისო დაცვის და შიდა მიგრაციის შესახებ.
მიგრაციის მართვისას მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის გატარება,რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორისა და ზოგადად მიგრანტების პოტენციალის გამოყენებას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხეკსეწყობისათვის ასევე მნიშვნელოვანია იმიგრანტთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია და დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაცია.
მიგრაციის პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვის კოორდინაციისა და განხორციელების ერთ-ერთი ქვაკუთხედი შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის რეგულარული კვლევების განხორციელება და მათი შედეგების გათვალისწინება პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემაში. უკანასკნელ ათწლეულში ქვეყანაში გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, პოლიტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ხელი შეუწყო იმიგრაციული ნაკადების ზრდასაც. თუმცა, ემიგრაციის მასშტაბები ამით მაინც არ შემცირებულა,რადგან ქართველი მიგრანტების ძირითადი დანიშნულების ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს ეკონომიკა შედარებით შეზღუდული დასაქმების შესაძლებლობებს, შრომის ანაზღაურებას, სოციალურ დახმარებასა თუ ცხოვრების ხარისხს სთვაზობს საქართველოს მოქალაქეებს. [4]
დასკვნა
მაშასადამე, შრომითი მიგრაცია ის პრობლემაა, რომელიც საქართველოს გასული საუკუნის 90-იან წლებში მოპოვებული დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან თანსდევს. ქართველების პირველი ნაკადი სამუშაოდ მეზობელ, მათთვის ნაცნობ რუსეთში, თურქეთსა და საბერძნეთში წავიდა. მცირე პერიოდში პატარა საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის შრომის ბაზარზე გამოჩნდნენ. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, საქართველოდან ემიგრაციის ნაკადები მასიურია, ხოლო იმიგრაციისა კი, ბევრად ჩამორჩება ემიგრაციას. შრომითი მიგრაცია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რადგანაც უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები მკვეთრად ზრდის საქართველოს ბიუჯეტს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. რიდერი ,,შრომითი მიგრაცია“ , თსუ, მიგრაციის კვლევის ცენტრი, 2017.
2. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia
3. გუგუშვილი თ. საქართველოს გარე მიგრაციულ-დემოგრაფიული პრობლემები.
(1990-1998). თბ, ოფის-პრესი. 1998წ.
4. http://migration.commission.ge/files/saqartvelos_2016-2020_ww._migraciis_strategia.pdf