რატომ ვაწარმოოთ ეკომეგობრულად?

ვტორის სტილი დაცულია

ნინო გოგუაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და  ბიზნესის ფაკულტეტი
ბაკალავრიატის სტუდენტი
Nino.Goguadze607@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ოცდამეერთე საუკუნეში წარმოებისადმი ეკომეგობრული მიდგომა იმის ნიშანია, რომ კომპანია თავის საქმიანობას პასუხისმგებლობით ეკიდება. მას, ამასთან, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული სარგებელიც მოაქვს. უპირველეს ყოვლისა, ის წარმოების საერთო ხარჯებს  ამცირებს, ლოგისტიკას და ენერგომოხმარებას კი მეტად ეფექტიანს ხდის. გარდა ამისა, ის კომპანიებს საშუალებას აძლევს, წარმოება გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით გააფართოონ. ეკოლოგიური სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების დაცვა კი მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.                                                                                                                                                                                     

მთლიანობაში კი ყველა ეს სარგებელი კომპანიებს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც მეტად კონკურენტუნარიანს ხდის.

 Annotation


In the twenty-first century the eco-friendly approach is  when the company is taking responsibility for its activities. It also brings significant practical benefits to the business. First of all, it reduces the total production costs, while making the logistics and energy consumption more efficient. In addition, it allows companies to expand production with minimal impact on the environment. Adherence to environmental standards and market requirements also helps to establish good relationships with customers and partners. All in all, these benefits make companies more competitive not only in the national but also in the international markets.

ყველაფერი იწყება ეფექტიანი და სუფთა წარმოების პრაქტიკით, ტექნოლოგიები და ინდუსტრიული სიმბიოზი (როცა ერთი საწარმოს ნარჩენები მეორის რესურსი ხდება) ეკომეგობრული საქმიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია.

2016 წლიდან მოყოლებული დღემდე –ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 357 მცირე და საშუალო საწარმოსა და ორგანიზაციისთვის რესურსეფექტური და  სუფთა წარმოების 2000-მდე ღონისძიებაა გატარებული. მიღებულ ზომათა  უკუგების პერიოდი 5 წელზე ნაკლებია. ეს კომპანიებს წლიურად 10 მილიონამდე ევროს დაზოგვაში დაეხმარება.

ასევე შეიძლება დაიზოგოს: 158 გიგავატ/საათი ენერგია — ეს ენერგიის ის რაოდენობაა, რამდენსაც ევროკავშირის საშუალო ზომის, 2-3-წევრისგან შემდგარი 43,000 ოჯახი მოიხმარს და 1,394,490 კუბური მეტრი წყალი — ეს წყლის ის რაოდენობაა, რამდენსაც ევროკავშირის საშუალო ზომის 12,563 ოჯახი მოიხმარს;

ეს ღონისძიებები ასევე ხელს უწყობს CO2-ის ემისიის წელიწადში 81,115 ტონით შემცირებას (რაც, დაახლოებით, 17,644 საშუალო ზომის ავტომანქანის გამონაბოლქვის ტოლფასია) და  მყარი ნარჩენების 22,694 ტონით შემცირებას (რაც, დაახლოებით, ევროკავშირის 4,364 მოქალაქის მიერ წარმოებული ნარჩენების ტოლფასია). (1)

   ამგვარად, რესურსეფექტიანობა აჩქარებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, აწვდის მომხმარებლებს მეტად ეკომეგობრულ პროდუქტებს, ხსნის ახალ საექსპორტო ბაზრებს და აჩენს ბიზნესის ახალ პერსპექტივებს ადგილობრივი კომპანიებისთვის.

COVID-19-ის პანდემიამ ბევრი ბიზნესი დააზარალა. რამდენიმე სექტორის საქმიანობა შეჩერდა კიდეც, რამაც უპრეცედენტო მასშტაბის გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე. ამ კონტექსტში უმიზნო დანახარჯები ბიზნესისთვის ერთიორად სახიფათოა. სწორედ ამიტომ ხარჯების შემცირებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შრომითი პროცესების, ნედლეულის, ენერგიის და წყლის დანახარჯის ოპტიმიზაცია მრეწველობის სხვადასხვა დარგის სწრაფად აღდგენისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ამ პროცესის განუყრელი ნაწილია, რადგან ის წარმოებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების გზად შეზღუდული რესურსების გააზრებულად გამოყენებას სახავს. პროცესების უკეთესი კონტროლი, გაუმჯობესებული სამუშაო პირობები, ქიმიკატების უსაფრთხო მართვა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, ენერგოეფექტიანობა, ნარჩენების შემცირება და ხელახალი გამოყენება, ეკომეგობრული პროდუქტების ინოვაციური გზებით შექმნა და სხვა მსგავსი პროცესები რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ის სტრატეგიებია, რომლებიც ბიზნესებს ძალების აღდგენაში ეხმარება.  (2)

რატომ უნდა დავნერგო რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები?

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდოლოგია მრავალგვარი მიზნით გამოიყენება: მისი მეშვეობით შესაძლებელია თავად პროდუქტის განახლება ან თუნდაც  წარმოების პროცესების მართვის და ტექნოლოგიის გაუმჯობესება. ყველა ეს ნაბიჯი ურთიერთდაკავშირებულია, მთლიანი პროცესი კომპანიებს საშუალებას აძლევს, ნარჩენები გადაამუშაონ და რესურსები ხელმეორედ გამოიყენონ.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების საფუძველზე შესრულებული ანალიზი საწარმოს ეხმარება, განსაზღვროს ის ნაბიჯები, რომლებიც მისი საქმიანობის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. ამაში შედის: ნედლეულის და ენერგიის წყაროების საგულდაგულოდ შერჩევა (განახლებადი ენერგიისთვის პრიორიტეტის მინიჭებით); საწარმოო პროცესების გაუმჯობესება პასუხისმგებლიანი მართვის, ეფექტიანი ოპერაციების და ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების საშუალებით;ტოქსიკური და სახიფათო მასალათა მოსპობა ან შემცირება; ნარჩენების, ჩამდინარე წყლების და ემისიის შემცირება; ნარჩენების შეფასება და მათი გამოყენების მიზნით კომპანიებს შორის თანამშრომლობა.

გამოცდილებით მტკიცდება, რომ რესურსეფექტური და  სუფთა წარმოების მეთოდების 60%-ზე მეტის დანერგვა საჭიროებს მცირე ხარჯებს ან უკუგების შედარებით მოკლე პერიოდს (რამდენიმე თვიდან სამ წლამდე). ამ მეთოდთა დახმარებით კომპანიები დამატებითი ხარჯების გარეშე ახერხებენ მოგების სწრაფად მიღებას და დანაზოგის დაგროვებას. (3)

როგორ ამცირებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ხარჯებს?

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საერთაშორისოდაა აღიარებული რესურსების ოპტიმიზაციის საშუალებად  ყველა ტიპის საქმიანობისას:

საწარმოო პროცესებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების გამოყენება, ერთი მხრივ, ნედლეულის, წყლის და ენერგიის დაზოგვას უდრის. მეორე მხრივ კი, მისი მეშვეობით ისპობა ტოქსიკური და სახიფათო მასალები, ხოლო ემისია და ნარჩენები უშუალოდ მათი წარმოქმნის ადგილას მცირდება.

პროდუქტების წარმოებისას რესურსეფექტური და სუფთა წარმოება იმ რესურსებზე მოთხოვნას აანალიზებს, რომლებიც ღირებულებათა ჯაჭვის შექმნისას და ნაწარმის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაშია საჭირო. ის ხელს უწყობს ეკო-დიზაინის იმ პრინციპების დამკვიდრებას, რომლებიც ზრდის პროდუქტის გამოყენების ხანგრძლივობას და აუმჯობესებს მის გამძლეობას და/ან განახლების უნარს. ეს კი, თავის მხრივ, პროდუქტის გარემოზე უარყოფით გავლენას ამცირებს.

სამომხმარებლო სექტორში რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ნერგავს მართვის იმ პრაქტიკასა და ტექნოლოგიებს, რომლებიც შენობებსა და სატრანსპორტო საშუალებებში ენერგიაზე მოთხოვნას ამცირებს. ამის შედეგად, კომპანია შესყიდვებს მეტი პასუხისმგებლობით წარმართავს, ნარჩენებს მინიმუმამდე ამცირებს და გადამუშავების პროგრამებს ნერგავს. მართვის, ტექნოლოგიის და ლოგისტიკის ამ მეთოდებით გაუმჯობესება ის გზაა, რომელიც სამომხმარებლო ბიზნესებს ეკომეგობრულ საქმიანობაში რთავს და უნარჩენო წარმოების პრაქტიკას ამკვიდრებინებს. (2)

რა სახის მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ კომპანიებს?

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეკოლოგიურად უფრო დაბალანსებულ, ეფექტიან და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში ეხმარება. ამასთან, ევროკავშირი გარემო პირობებისა და მოქალაქეთა ეკოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზეც ზრუნავს, რაც ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიიღწევა.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება პროგრამის, EU4Environment, ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. პროგრამის ფარგლებში და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ტექნიკური მხარდაჭერით, ეროვნული პარტნიორები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების დანერგვაში დღეს აქტიურად ეხმარებიან. ეროვნული პარტნიორები საწარმოებს სთავაზობენ საკონსულტაციო სერვისებს, ატარებენ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების აუდიტებს და მართავენ ექსპერტების ტრენინგებს. გარდა ამისა, ისინი კომპანიებს „მწვანე“ დაფინანსების მოპოვებაშიც ეხმარებიან.

ევროკავშირი, ამასთან, „მწვანე“ ინვესტიციებისთვის დაფინანსებას ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად უზრუნველყოფს, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და გერმანიის განვითარების ბანკი KfW. ეს მხარდაჭერა EU4Business-ის, მწვანე ზრდის ფონდის და EU4Climate-ის ფარგლებში მოქმედი FINTECC-ის ინიციატივით ხორციელდება. 2020 წელს ევროკავშირმა 100 მილიონ ევრომდე ოდენობის გარანტია გასცა, რათა მხარი დაეჭირა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაახლოებით 300 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან გაღებული დამატებითი, 500 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის სესხებისთვის. სხვა პრობლემების გადაჭრასთან ერთად, ეს მხარდაჭერა მიმართული იქნება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისიდან „მწვანე“ ინვესტიციების საშუალებით გამოსვლისკენ — მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიც. (4)

 დასკვნა

როგორც დავინახეთ, ეკონომიკური სარგებლის გარდა, ეკომეგობრული მიდგომა  კომპანიების საქმიანობის ეკოლოგიურ და სოციალურ მაჩვენებლებს ზრდის, რაც, თავის მხრივ, ბაზარზე მათ იმიჯს აუმჯობესებს. მისი მეშვეობით კომპანიებს ეროვნული და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეთავაზებულ იმ „მწვანე“ კრედიტებზე წვდომაც უადვილდებათ, რომლებსაც მაღალხარჯიანი სამეწარმეო მეთოდების დასანერგად გასცემენ. ამასთან, რესურსეფექტური და სუფთა წარმოება კომპანიებს იმ ფინანსურ მექანიზმებთან აკავშირებს, რომელთა მიზანიც სათბური აირების ემისიის შემცირებაა. ეს კი, თავის მხრივ, საწარმოებს ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების და განახლებად ენერგიაზე გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.

გამოყენებული ლიტერატურა

     1. https://www.eu4environment.org/

2. https://forbes.ge/

3. https://www.unido.org/

4. http://www.green-economies-eap.org/