საქართველოს საგადასახდელო ბალანსის ანალიზი COVID-19-ის პირობებში
ავტორის სტილი დაცულია
ზაირა კუნდუხაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
Zairakundukhashvili28@gmail.com
ანოტაცია
საგადასახდელო ბალანსი წარმოადგენს სისტემურ ანგარიშს, სადაც ასახულია განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მოცემული ქვეყნის მიერ განხორციელებული ეკონომიკური ოპერაციები სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და გამოიყენება საერთაშორისო დონეზე ქვეყნების შედარებისათვის. საქართველოში საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის წარმოება 1995 წლიდან დაიწყო. 2007 წლიდან დღემდე საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის წარმოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს.
წინამდებარე სტატიაში განხილულია ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოღებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საგადასახდელო ბალანსის ისეთ კომპონენტებზე, როგორებიცაა: ექსპორტი და იმპორტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები.
Annotation
The balance of payments is a systematic report that reflects the economic operations performed by a given country in relation to other countries over a specified period and is used to compare countries at the international level. The production of balance of payments statistics in Georgia started in 1995. The National Bank of Georgia has been the body responsible for maintaining balance of payments statistics since 2007.
This article discusses the negative effects of restrictions imposed worldwide to stop the spread of the new coronavirus. The main focus is on the components of the balance of payments, such as exports and imports, foreign direct investment and remittances.
საგადასახდელო ბალანსის არსი და წარმოშობის ისტორია
საგადასახდელო ბალანსი წარმოადგენს განსაზღვრულ პერიოდში (თვე, კვარტალი, წელი) მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ერთეულების მიერ სხვა ქვეყნების ანალოგიურ წარმომადგენლებთან განხორციელებული ეკონომიკური ოპერაციების კრებსით ბალანსს. იგი ახასიათებს ქვეყნის სავაჭრო და ფინანსურ ურთიერთობებს საზღვარგარეთთან და ასახავს შესაბამისი ოპერაციების მიხედვით სავალუტო შემოსავალ- გასავალს შორის თანაფარდობას. საგადასახდელო ბალანსი ამავე დროს, მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიცაა. მისი საშუალებით ხდება საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შესწავლა, რაც უშუალო კავშირშია სავალუტო კურსთან, წარმოების დონესთან, დასაქმებასთან და მოხმარებასთან. საგადასახდელო ბალანსი ასახავს კაპიტალის ნაკადების მიმართულებებს, ფორმებსა და მოცულობას, აგრეთვე საგარეო ვალდებულებების სფეროში განვითარებულ მოვლენებს. იგი აქტიურად გამოიყენება ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაში, შიდა სავალუტო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული პროცესების მართვისას.
საგადასახდელო ბალანსი, როგორც ტერმინი პირველად გამოიყენა გვიანი მერკანტილისტური თეორიის წარმომადგენელმა, ჯეიმს სტიუარტმა თავის ნაშრომში ‘’ გამოკვლევები პოლიტიკური ეკონომიის თაობაზე’’ 1767 წელს. იგი სიმდიდრის წყაროდ საგარეო ვაჭრობის ბალანსს მიიჩნევდა და მას საგადასახდელო ბალანსთან აიგივებდა.
საგადასახდელო ბალანსის პირველი ოფიციალური პუბლიკაცია ამერიკის შეერთებულ შტატების ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნდა 1922 წლის მონაცემებით 1923 წელს. ამ ბალანსში ეკონომიკური ოპერაციები კლასიფიცირებული იყო მიმდინარე, კაპიტალურ და ოქროსა და ვერცხლთან დაკავშირებულ ოპერაციებად. ერთა ლიგის დამსახურებაა საგადასახდელო ბალანსის მეთოდოლოგიის სტანდარტიზაცია და გაანგარიშებების რეკომენდაციების საფუძვლების შემუშავება. აგრეთვე წვლილი მიძღვის გაეროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს. (ასლამაზიშვილი, 2009).
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის წარმოების დაწყება საქართველოში
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 29 მარტის 252-ე დადგენილების მიხედვით, საქართველოში საგადასახდელო ბალანსის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი და საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული სტატისტიკის განყოფილების უფროსი, ნანა ასლამაზიშვილი მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი განაპირობა შემდეგმა მიზეზებმა:
1. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და პოლიტიკური არასტაბილურობა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ისე როგოეც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ეროვნულ ბანკს დაეწყო საგადასახდელო ბალანსის წარმოება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, საადასხდელო ბალანსის სტატისტიკის წარმოების პრივილეგია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მიენიჭა, რადგან მას სტატისტიკის წარმოების მხრივ გამოცდილება გააჩნდა.
2. საქართველოში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ფინანსური სექტორი თითქმის განადგურებული იყო და, ბუნებრივია, არ იყო მზად საგადასახდელო ბალანსის შედგენის სამუშაოებში ჩართულიყო
3. საქართველოსათვის, როგორც ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დონეზე აღიარება, ამისათვის კი აუცილებელი გახლდათ საგადასახადო ბალანსის სტატისტიკის წარმოება. (ასლამაზიშვილი, 2009).
2007 წლიდან, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე, საგადასახდელო ბალანსის შედგენის პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისრა.
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია და საგარეო ვალი დგება კვარტალური და წლიური პერიოდულობით და მას ეროვნული ბანკი გამოსცემს ყოველწლიურად. დოკუმენტები არ მოიცავს ინფორმაციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული საგარეო ეკონომიკური ოპერაციების შესახებ, რადგან აღნიშნული რეგიონები მიმდინარე ეტაპზე არ არის საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. საქართველოს საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისა და საგარეო ვალის გადახედვა რეგულარულად წარმოებს და შეიძლება შეეხოს ნებისმიერ პერიოდს. (ბანკი, კვლევები და გამოცემები, საქართველოს საგადსახდელო ბალანსი, 2020).
ინფორმაციის კლასიფიკაცია და კომპილაცია ხდება საერთაშორისო სტანდარტების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგადასახდელო ბალანსისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სახელმძღვანელოს (მეექვსე რედაქციის) შესაბამისად. (ბანკი, საქართველოს საგადასახდელო ბალანსი, 2018)
COVID-19-ის გავლენა საქართველოს საგადასახდელო ბალანსის კომპონენტებზე
COVID-19 გავლენას იქონიებს საგადასახდელო ბალანსის ყველა კომპონენტზე. გასაკუთრებით კი საინტერესოა მისი გავლენა საგადასახდელო ბალანსის ისეთ მსხვილ კომპონენტებზე, როგორიცაა: საქონლით ვაჭრობა, მომსახურებით ვაჭრობა, ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. (ცენტრი(GPRC), 2020).
2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 337.1 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის ანგარიშსა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 97.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა – 3.9 პროცენტიდან -9.4 პროცენტამდე.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 39.8 პროცენტით შემცირდა და 530.1 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 30.3 პროცენტით შემცირდა. (ბანკი, საქართველოს საგადსახდელო ბალანსი, 2020)
COVID-19-ის უარყოფითი ეფექტები გადასახდელო ბალანსის ზოგიერთ კომპონენტზე
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 2020 წლის მეორე კვარტალში წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 148.9 მლნ აშშ დოლარი (467.2 მლნ. ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.2%-ია. (ბანკი, საქართველოს საგადსახდელო ბალანსი, 2020).
ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2017 წლის გარდა, როცა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა) სტაბილური კლებით ხასიათდება. მაგალითად, 2018 და 2019 წლებში დაახლოებით 1/3-ით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა 2014 წელთან შედარებით. ცხადია, მსოფლიოში შექმნილი ვითარება ზოგად საინვესტიციო კლიმატზე აისახება. საქსტატის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით (2019 წელი) საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ევროკავშირზე მოდის. ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციები სრული ინვისტეციების 47.2%-ს უტოლდებოდა. ამერიკიდან შემოსული ინვესტიციები სრული ინვესტიციების 7.8%-ია, ხოლო ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები – 3.2%. 2019 წლის მონაცემებით 15 ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორებს შორის არიან აშშ, ჩინეთი და იაპონია. არსებულ ქვეყნებში ვირუსული აფეთქების ეკონომიკური ეფექტი შეიძლება პირდაპირ გავრცელდეს საქართველოზეც. ინვესტიციების შემცირების ტენდენცია უკანასკნელი წლების მანძილზე ისედაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისათვის. ახლა ეს რისკები კიდევ უფრო აქტუალურია. (ცენტრი(EPRC), 2020)
საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში ექსპორტმა შეადგინა 994,6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მეორე კვარტალში ექსპორტის მოცულობა შემცირდა და შეადგინა 912.8 მლნ აშშ დოლარი. კლება მეორე კვარტალში პირველთან შედარებით 81.8 მლნ აშშ დოლარია, რაც პირველ კვარტალთან შედარებით 8.2%-ით ნაკლებია.
იმპორტი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში იმპორტმა შეადგინა 1.9 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რაც 21%-ით შემცირებას ნიშნავს პირველ კვარტალთან შედარებით. (ბანკი, საგადასახდელო ბალანსი, 2020).
COVID-19-ის ეკონომიური ეფექტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საერთაშორისო ვაჭრობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო საერთაშორისო ვაჭრობაზე, ძირითადად, შეზღუდვები არ დაწესებულა, დიდი ალბათობით, მაღალი რისკის ქვეყნებში განვითარებული ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ იქონიებს ზეგავლენას მათ პარტნიორებზეც. საქართველოს ახლო ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს ევროკავშირთან, რომელიც საექსპორტო ბაზრის 1/3-ს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ექსპორტში აზერბაიჯანის წილი, რომელთანაც გადაადგილება შეიზღუდა, თუმცა სასაქონლო სავაჭრო ბრუნვა არ შეწყვეტილა (2020 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტის 17,2%), ჩინეთის წილი ექსპორტში, იმის მიუხედავად, რომ იანვარ-თებერვალში ამ ქვეყანაში უკვე დაწყებული იყო კორონავირუსის აფეთქება, ასევე დიდია და 12,4%-ს შეადგენს, მესამე ადგილზეა რუსეთი, რომლის წილიც ექსპორტში, დროის იგივე მონაკვეთში, 11,5%-ს შეადგენდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოს ექსპორტი იმავე პერიოდის წინა წლის მონაცემებთან შედარებით შემცირდა. იანვარში სხვაობა მხოლოდ 0.46% იყო, მაგრამ უკვე თებერვლის თვეში საქართველოს ექსპორტმა საგრძნობლად – 17.9%- ით დაიკლო. თებერვალში, COVID-19 ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოში. ქართული ექსპორტის შემცირებაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, ნაწილობრივ მაინც, მსოფლიო ვაჭრობის შემცირებით იყო განპირობებული. იმპორტის შემთხვევაში იანვარშიც და თებერვალშიც წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით მატება შეინიშნება. იანვარში იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა წინა წლის იმავე თვეში იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით 5.03%-ით გაიზარდა. თებერვალში ზრდა შედარებით მცირე, მხოლოდ 1.11%-ი იყო. მარტის თვეში, სავარაუდოდ, უარყოფითი ტენდენცია გაგრძლედება, როგორც ექსპორტის ისე იმპორტის მხრივ. ორივე მიმართულებით კლება არის მოსალოდნელი, თუმცა დღევანდელი მონაცემებით კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი თითქმის შეუძლებელია. ცალკე განხილვის თემაა რუსეთის ბაზარი. აქ არსებულმა სავალუტო კრიზისმაც (რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პირველ რიგში დაკავშირებულია ნავთობის ფასის ვარდნასთან) ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ქართული ვალუტის კურსზე. რადგან საქართველოს ექსპორტში რუსეთის წილი ბოლო წლებია მნიშვნელოვნად იმატებდა და მაგალითად 2020 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მთლიანი ექსპორტის 11,5%-ს შეადგენს. რუსული რუბლის კურსის ვარდნა განსაკუთრებით აისახება ისეთ სფეროებზე, რომლის ექსპორტშიც რუსეთის წილი განსაკუთრებით მაღალია – პირველ რიგში, ეს ღვინის ექსპორტია: ღვინის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვლის და 2019 წლის ჯამური მონაცემებით რუსეთი ქართული ღვინის ექსპორტში პირველ ადგილზეა.
ფულადი გზავნილები. ფულადი გზავნილები მნიშვნელოვანი ინდიკატორია საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის შეფასებისას. საქართველო მოწყვლადია იმ ქვეყნების ეკონომიკური კრიზისებისადმი, რომლებიდანაც მიღებული ფინანსური გზავნილები ყველაზე მაღალია. ფულადი გზავნილების წილი საქართველოს მშპ-ში 13.5 %-ს შეადგენს (2019 წლის წინასწარი, საქსტატი). საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 137.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.5%-ით მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იანვრის თვეში ზრდის ტემპი 8.6%-ს უტოლდებოდა. ევროკავშირიდან მიღებული ფულადი გზავნილები, მთლიანი ფულადი გზავნილების 41.7%-ია. ყველაზე მეტ ფულად გზავნილს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველო იტალიიდან (15.8%) და საბერძნეთიდან (12%) იღებს. მნიშვნელოვანი, 10.4%-იანი წილი მოდის აშშ-ზე. რუსეთიდან (20.9%) და ისრაელიდან (10.5%) მიღებული გზავნილები დაახლოებით მთლიანი გზავნილების 1/3-ს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გზავნილების მოცულობა არ შემცირებულა, პანდემიის გავრცელებას ევროპასა და ამერიკაში, სავარუდოდ, მძიმე ნეგატიური გავლენა ექნება ფულადი გზავნილების მოცულობაზეც. გზავნილების ზომის შემცირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და ეკონომიკური ზარალების შემაკავებელი პრაქტიკების ეფექტურობაზე. (ცენტრი(EPRC), 2020)
დასკვნა. ამგვარად, COVID-19-მა უარყოფითი გავლენა იქონია საერთაშორისო ვაჭრობაზე და, შესაბამისად, მისი უარყოფითი შედეგები აისახა საგადასახდელო ბალანსის ყველა კომპონენტზე და ეკონომიკისათვის სერიოზულ პრობლემად იქცა. საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები შემცირდა 2020 წლის პირველ და მეორე კვარტალში. კერძოდ, 2020 წლის მეორე კვარტალში ექსპორტი პირველ კვარტალთან შედარებით, 8.2%-ით შემცირდა. იმპორტის მოცულობა 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში 21%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ კვარტალში ფულადი გზავნილები ჯერ არ შემცირებულა, თუმცა, ეკონომისტების ვარაუდით, კლების ტენდენციას ექნება ადგილი, რადგან ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მძიმე პანდემიური მდგომარეობაა.
გამოყენებული ლიტერატურა
ასლამაზიშვილი, ნ. (2009). საერთაშორისო სტატისტიკა: თეორიისა და პრაქტიკის საკითხები. -264გვ. თბილისი.
ბანკი, ს. ე. (2018). საქართველოს საგადასახდელო ბალანსი. Retrieved from https://www.nbg.gov.ge/uploads/bop/bop_2018_geo_publish.pdf
ბანკი, ს. ე. (2020). კვლევები და გამოცემები, საქართველოს საგადსახდელო ბალანსი. Retrieved from https://www.nbg.gov.ge/index.php?m=353
ბანკი, ს. ე. (2020, სექტემბერი 28). საგადასახდელო ბალანსი. Retrieved from https://www.nbg.gov.ge/uploads/banalceofpayments/bop_bpm5_geo.xlsx
ბანკი, ს. ე. (2020, სექტემბერი, მეორე კვარტალი 28). საქართველოს საგადსახდელო ბალანსი. Retrieved from https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=4045
ცენტრი(EPRC), ე. პ. (2020, მარტი). COVID-19 ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და საქართველოსთვის. Retrieved from https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.pdf
ცენტრი(GPRC), ს. პ. (2020, მაისი 4). Retrieved from http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/136520/08_Viewpoint_2020-05-04_Covid_19_and_Georgian_economy