ქალთა დასაქმება და მასზე მოქმედი ფაქტორები

ავტორის სტილი დაცულია

ანა მიყორაშვილი

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
ana.mikorashvili805@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ქალების როლი ეკონომიკის განვითარებაში. გასული საუკუნის დასაწყისიდან გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციამ სისტემური ხასიათი მიიღო. ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეფექტური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შედეგების მისაღწევად. სტატიაში განხილული იქნება, თუ რა როლს არსულებენ ქალები ეკონომიკური განვითარების კუთხით და რა პრობლემებთან უწევთ მათ გამკლავება შრომის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად. ასევე განვიხილავთ, თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში და როგორ იმოქმედა ქალთა დასაქმებაზე კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ.

Annotation

The role of women in economic development is growing day by day in the modern world. Since the beginning of the last century, the promotion of the idea of gender equality has been systemic. Women’s empowerment and gender equality play an important role in achieving effective and sustainable economic development outcomes. The article will discuss what role women play in economic development and what problems they have to deal with to establish themselves in the labor market. We will also discuss the situation in Georgia and how women’s employment has been affected by the pandemic caused by Covid-19.

ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობები

ქალთა გაძლიერება თითქმის ყველა ქვეყნის დღის წესრიგში დგას. ზოგიერთ ქვეყანაში ამ მიმართულების განახლება და შემდგომი განვითარება ხდება, სხვა ქვეყნებში კი ეს თემა სრულიად ახალია და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამენ. ქალის როლი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რასაც მივყავართ დასკვნამდე, რომ ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს და, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანაში იმართება სხვადასხვა სახის კონფერენციები და ღია დისკუსიები. თუმცა, ამ გამოწვევებზე მომდევნო ქვეთავებში ვისაუბრებთ. [2]

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, წლიდან წლამდე იზრდება ქალების ეკონომიკური აქტივობა, თუმცა, ამის მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული დისბალანსის 2020 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, ეკონომიკაში მონაწილეობისა და შესაძლებლობების ნაწილში ქალების ბიზნეს საქმიანობა მრავალი პარამეტრით ჩამორჩება მამაკაცების მონაცემებს. [3]

კვლევებსა და დაკვირვებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ქალთა უდიდესი ნაწილი დასაქმებულია მენეჯმენტისა და პროფესიულ საქმიანობაში, მას მოსდევს ვაჭრობა და ოფისის თანამდებობები, მომსახურების სფერო, წარმოება და ტრანსპორტი. ყურადღება გავამახვილოთ ქალების როლზე მეწარმეობაში. შედარებით განვითარებულ ეკონომიკურ სისტემებში ქალთა დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობა იზრდება სწრაფად და უფრო მეტი სიჩქარით, ვიდრე მამაკაცთა თვითდასაქმება. ფიქრობენ, რომ ამან უნდა მოახდინოს ქალთა სოციალურ აგენტებად განსაზღვრა. ამას, როგორც ეკონომიკურ სისტემაზე მოქმედ ფაქტს, აქვს ტენდენცია ყურადღება გაამახვილოს მომსახურების სექტორში საქმიანობაზე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ქალთა მეწარმეობა მაღალია მომსახურების სექტორის ფარგლებში, ამიტომ წარმოებიდან მომსახურებაში გადასვლის ზოგადი ტენდენცია, ასევე ზრდის ქალთა სამეწარმეო პოტენციალის ასპარეზს.

მნიშვნელოვანია, ასევე ხაზი გავუსვათ, იმასაც, რომ მოვახდინოთ დიფერენცირება თვითდასაქმებულ ქალთა რეალურ და ფიქტიურ შემთხვევებს შორის. ფიქტიური ეწოდება ფაქტს, როდესაც მამაკაცი მართავს ბიზნესს, თუმცა ოფიციალურად მფლობელი ქალბატონია. ეს ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორიცაა გადასახადები, იურიდიული ასპექტები და სარგებელი სოციალური უზრუნველყოფიდან. [1]

არაერთი კვლევით დადგენილია, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა შრომის ბაზარზე, მათი ინტელექტუალური და ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზაცია, დადებითად აისახება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, განსაკუთრებით, მშპ-სა და ეკონომიკურ ზრდაზე. [4]

ქალთა დასაქმების პრობლემები საქართველოში

ქალთა ჩართულობის გააქტიურება ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, აქტუალურია ყველა ქვეყნისათვის, განსაკუთრებით პრობლემურია მდგომარეობა განვითარებად ქვეყნებში.  ქართულ სინამდვილეში ეს პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ერთის მხრივ, შესაძლოა საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს გენდერული თანასწორობის იდეას, მაგრამ მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერება ხშირად მოიცავს სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და დისკრიმინაციის ფაქტებს. ასევე ხშირია პრაქტიკული მაგალითები, როდესაც ირღვევა ქალთა უფლებები და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკა კარგავს შემოსავლის სოლიდურ ნაწილს, როცა ვერ ან არ იყენებს ქალთა უდიდეს ინელექტუალურ პოტენციალს. [4]

ქალები, ჩვენს ქვეყანაში ხშირად დგებიან გამოწვევების წინაშე და ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი მხოლოდ და მხოლოდ სქესობრივი ნიშნით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არ არის ქალის როლი დისკრიმინირებული, (მაგალითად, არ არსებობს სამუშაო ადგილი, რომელიც კანონით მხოლოდ მამაკაცს შეუძლია დაიკავოს ან ოფიცალური შიდა რეგულაციებით ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფი ქალი და მამაკაცი განსხვავებულ ანაზღაურებას იღებდეს) პრაქტიკაში საერთო სურათი საკმაოდ განსხვავებულია. ქალები, ძირითადად, იღებენ მამაკაცებზე ნაკლებ ანაზღაურებას, რაც იმით აიხსნება, რომ მმართველ და შესაბამისად უფრო მაღალ ანაზღაურებად პოზიციებს უმეტესად კაცები იკავებენ. ასევე აღსანიშნავია, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფაქტორი. ძირითადად, სწორედ აღნიშნული კომპონენტია სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისა და განვითარების წინაპირობა. შესაბამისად, ხშირად სწორედ ის უშლის ხელს ქალებს ბიზნესში ჩაბმაში. რაც შეეხება ბიზნეს-გარემოს, იგი საქართველოში საკმაოდ ხელსაყრელია ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის და არ არსებობს  რაიმე დისკრიმინაციული ნორმები ქალებთან მიმართებაში. თუმცა, ხშირად შეზღუდულია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით ბარიერს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ქალი მეწარმეებისთვის ბიზნეს კონსულტაციების გაწევა და შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. [3]

ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრისას, შეგვიძლია თავი მოვუყაროთ ძირითად პრობლემებს, რომლებსაც ქალები  ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობისას აწყდებიან:

  • დისკრიმინაცია;
  • დროის მოქნილობა (ბავშვების მოვლა, საოჯახო საქმეები და ა.შ.);
  • პარტნიორის საოჯახო შენატანები;
  • განათლების პოტენციალი და განათლების ბარიერები;
  • ბაზარზე მამაკაც მომუშავეებზე მოთხოვნა და შეფარდებითი შემოსავალი;
  • თვითდასაქმების პირობებში მამაკაც კოლეგებთან შედარებით ნაკლები შემოსავალი; [1]

საქსტატის 2020 წლის  მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ქალების 20,2% უმუშევარია, რაც წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია ( 2010-2011 წლებში ქალების უმუშევრობის დონე 28,9-29,1 %-ია).  [5]

უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულია ეკონომიკაში ქალების ჩართულობა ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. ქალაქში მცხოვრებ ქალებთან შედარებით, სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს  აქვთ ნაკლები შესაძლებლობა გაეცნონ სიახლეებს და ფეხი აუწყონ ცხოვრების ახალ რიტმს. მათთვის მეტად ძნელია გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ან გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები.

განათლების გავლენა ქალთა სამუშაო ძალაში მონაწილეობაზე

განათლება და მასზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც  ეკონომიკური შესაძლებლობების იდენტიფიკაციასა და რეალიზაციაზე ჰპოვებს ასახვას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან დისკრიმინაციას გენდერულ ჭრილში ადგილი არ აქვს. ამასთან, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ განათლების უფლების შეფასებისას საქართველოში საზოგადოება უფრო მეტად თანასწორობის მომხრეა. გამოკითხულთა უმრავლესობა (72%) არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „საუნივერსიტეტო განათლება უფრო მნიშვნელოვანია ბიჭისთვის, ვიდრე გოგოსთვის”. თუმცა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მამაკაცს უფრო მეტად სჭირდება უმაღლესი განათლება. რაც შეეხება საშუალო განათლებას, მოსახლეობის უმრავლესობა (79%) თვლის, რომ იგი  სჭირდება როგორც გოგონას, ისე ბიჭს. შესაბამისად, უფრო მცირე რაოდენობა ფიქრობს, რომ ბიჭისთვის საშუალო განათლების მიღება მეტად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც დასახელდა ბიჭისთვის განათლების მიღების უფრო მეტი საჭიროების ასახსნელად, კაცის მარჩენალის როლს უკავშირდება. ხალხის ნაწილი თვლის, რომ ზრდასრულმა მამაკაცმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფის ფუნქცია, განათლება კი მისთვის  სამსახურის პოვნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. [6]

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული  განათლების მქონე პირებს შორის ქალები ჭარბობენ (უმაღლესი – ქალები: 55%, მამაკაცები: 45%, პროფესიული – ქალები: 57%, მამაკაცები: 43%). ამის მიუხედავად, საქართველოში ქალთა 43% ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას განეკუთვნება, მათი მესამედზე მეტი დიასახლისია. ეს კატეგორია რეალურად არის ქვეყნის ფარული რესურსი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში. აღნიშნული ჯგუფის ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზაციისა და საკუთარი სამეწარმეო საქმნიანობის დაწყების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია პროფესიულ განათლებასა და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს. [3]

განსაკუთრებით აქტუალურია აღნიშნული საკითხი, როდესაც საქმე ეხება სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ განვითარებას. რეალურად მათი დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობების შესაძლებლობების განვითარებისა და დივერსიფიკაციის „გასაღები” უფრო მეტად პროფესიულ განათლებაში დევს. ამისათვის საჭიროა,  პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგოს სწორედ ისეთი მიმართულებები, რომლებიც  ქალებს მისცემს დასაქმებისა და საკუთარი საქმიანობების დაწყების შესაძლებლობას. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სოფლად მცხოვრები გოგონებისათვის შესაძლოა გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული დიდ ქალაქებში გადასვლა თუნდაც მოკლევადიანი სასწავლო კურსების მისაღებად. ამ თვალსაზრისით, ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. ეფექტიანი იქნებოდა გარკვეული სასწავლო კურსების ადგილზე მიწოდების ორგანიზება, რაც გაზრდიდა სოფლად მცხოვრები ქალების ხელმისაწვდომობას პროფესიულ სწავლებაზე. ამ გზით შესაძლებელი გახდება ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტული პროფესიების მიღება და შესაბამისად, ქალებისათვის გაიზრდება დასაქმების პერსპექტივა. [6]

გოგონათა განათლება ეროვნული ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცნობილია, რომ 1 %-ით საშუალო განათლებულ ქალთა რაოდენობის ზრდა იწვევს მშპ-ს 0.2 პროცენტით ზრდას. ამასთან,  ზოგიერთი ქვეყანა კარგავს ერთ მილიარდზე მეტ დოლარს, რადგან გოგონებსა და ბიჭებს არ აძლევს თანაბარი განათლების მიღების შესაძლებლობას.

დღეს უკვე არავინ დაობს განათლების მნიშვნელობაზე, ვინაიდან კაცობრიობის ისტორიის ანალიზმა ცხადყო, რომ განათლება სახელმწიფოსა და ზოგადად მსოფლიოს მთავარი მამოძრავებელი ძალაა. რა თქმა უნდა,  არც საქართველოა გამონაკლისი. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ასეთი სწრაფვა, გავაუმჯობესოთ და უფრო მრავალმხრივი, ეფექტური გავხადოთ განათლების სისტემა, განსაკუთრებით, გოგონებისთვის, რომლებსაც ექმნებათ გარკვეული ბარიერები სწავლის გასაგრძელებლად (მაგ: ნაადრევი ქორწინება). [4]

კოვიდ-19-ის გავლენა ეკონომიკაში ქალების ჩართულობაზე

პანდემიის პერიოდში, საქართველოში უმუშევარი გაცილებით მეტი ქალი დარჩა, ვიდრე მამაკაცი. ამის შესახებ საუბარია კვლევითი ინსტიტუტი ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

ორგანიზაციამ მიმოიხილა კოვიდ-19-ის გავლენები საქართველოში დასაქმების სტატისტიკაზე. ცენტრის შეფასებით, როდესაც 2020 წლის მე-2 კვარტლის უმუშევრობის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, არავის გაჰკვირვებია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე, რომელიც წინა წლებში სტაბილურად მცირდებოდა, მოულოდნელად 2019 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მონაცემების თანახმად, 2020 წელს თვითდასაქმებულთა რიგები ძირითადად ქალებით შეივსო (9,600 დამატებითი თვითდასაქმებულიდან 9,100 (95%) ქალი იყო). კიდევ უფრო საგულისხმოა ის, რომ 43,800 უმუშევრად დარჩენილი დაქირავებულიდან 99% ქალია.

ვარაუდობენ რომ, პანდემიის შედეგად დაზარალდნენ ის სექტორები, სადაც უმეტესად ქალები იყვნენ დასაქმებულნი. ჯერ კიდევ ძნელია, ზუსტად შევაფასოთ ეკონომიკური აქტივობების შეჩერების გავლენა ეკონომიკაზე, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიამ სწორედ იმ სექტორებზე იქონია გავლენა, სადაც ძირითადად ქალები არიან დასაქმებულნი. მაგალითად: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (54% ქალი, 46% მამაკაცი), ხელოვნება, გართობა, დასვენება და სხვა. ამას გარდა, ვირუსის გავრცელების შედეგად, შემცირდა მოთხოვნა შინამოსამსახურეებზე, რომელთა უდიდეს ნაწილს სწორედ ქალბატონები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ პანდემიამ ასევე უმუშევრად დატოვა დამლაგებლები, მზარეულები და ძიძებიც, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ „ახალ“ უმუშევრებს შორის 89% სწორედ ქალია. [7]

დასკვნა

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალების როლი ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ დიდია.  ვფიქრობ, ქალები თანამედროვე საზოგადოებაში თავისუფალი და საუკეთესო ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ისინი აქტიურად ჩაებმებიან ახალ ცხოვრებაში, ეზიარებიან და გაითავისებენ ახალ ღირებულებებს, თუ მოხდება მათი რეალური ემანსიპაცია. ამ ამოცანის გადასაჭრელად და იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლის წინაშეც ქალბატონები ხშირად დგებიან, მნიშვნელოვანი როლი სწორედ სახელმწიფო პოლიტიკას ეკისრება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ძირითადად მხოლოდ შრომით საქმიანობას და სოციალურ სფეროებს ეხება, და არ ითვალისწინებს  ქალების საზოგადოებრივი სტატუსისა და გავლენის ამაღლებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

შრომის ბაზარზე ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა ხელს შეუწყობს გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა გენდერული თანასწორობის კუთხით. ვიმედოვნებ, ეს პროცესი წარმატებულად  გაგრძელდება და საბოლოოდ სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მეწარმეობის თეორიული საფუძვლები – ჯოზეფ ჰასიდი, ალექსის-სტეფანოს კომსელისი (პირეუსის უნივერსიტეტი, საბერძნეთი) 
  2. https://forbes.ge/gaadzliere-qalebi/
  3. https://womenpower.ge/article/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98/
  4. https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_8320_1.pdf
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  6. http://www.economists.ge/storage/uploads/publication/141222051546a791.pdf
  7. http://ginsc.net/home.php?id=2968&cat=2&sub=1&mode=11&lang=ge