სოციალური პოლიტიკა და კოვიდ-19-ის გავლენა ეკონომიკაზე
ავტორის სტილი დაცულია
ილია ბედინაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
ilia.bedinashvili186@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
სტატია შეეხება საკმაოდ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა სოციალური პოლიტიკა და კოვიდ-19-ის პანდემია. დღესდღეობით ორივე გლობალური მნიშვნელობის საკითხებია და მათი არჩევის საფუძველიც სწორედ ეს გახდა. ნაშრომი იწყება სოციალური პოლიტიკის არსის, მიზნისა და ამოცანების განხილვით, მას მოჰყვება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ეტაპების განსაზღვრებები. ასევე ვისაუბრე ადამიანთა ჩართულობის აუცილებლობაზეც. ვფიქრობ, მსოფლიოში არსებულმა ეპიდემიურმა ვითარებამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა სოციალური პოლიტიკის მნიშვნელობა.
Annotation
The article is about quite actual issues such as social policy and pandemic of covid-19. The main reason to choose these issues was their global topicality. The paper begins with a discussion, purpose and objectives of social policy, followed by the definitions of stages of the anti-crisis plan developed by the government of Georgia. I also talk about the need for people’s involvement in the above mentioned process. In my opinion, the world epidemic situation has made the importance of social policy even more obvious.
სოციალური პოლიტიკის არსი, მიზანი, ამოცანები
თანამედროვე მსოფლიოში სოციალური პრობლემატიკა მზარდი აქტუალურობით გამოირჩევა. სოციალური პოლიტიკა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს განსაკუთრებით ითქმის სოციალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, სადაც სოციალური განზომილება ყველაზე მაღალ რეგისტრშია აყვანილი და სადღეისოდ ამ სფეროს განვითარება განახლებისა და აღორძინების ცნებებთან ასოცირდება.
ზოგადად, სოციალური პოლიტიკა არის ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია ადამიანთა კეთილდღეობაზე. ფართო გაგებით კი მაში იგულისხმება საზოგადოების ფენებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობისა და ურთიერთქმედების სისტემა, რომლის ცენტრშიც არის ადამიანი, მისი კეთილდღეობა, სოციალური დაცვა, სოციალური განვითარება, მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ადამიანის კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის შექმნის, რესურსების სამართლიანი გადანაწილების პრინციპების დამკვიდრებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობისათვის საჭიროა სოციალური უფლებების დაცვის სისტემის განვითარება, სოციალური პოლიტიკის საკითხების აქტუალიზება და გაძლიერება.
სოციალური პოლიტიკა სტრუქტურულად ძალიან რთული მოვლენაა. ერთის მხრივ, იგი მოიცავს განსხვავებულ, თუმცა მეორეს მხრივ, ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტებს, როგორებიცაა: განათლება; ჯანდაცვა; შრომის ბაზარი, დასაქმება, უმუშევრობა; სოციალური პარტნიორობა; შრომის ანაზღაურება, შრომის უსაფრთხო პირობები; სოციალური დაცვა; უმუშევრობისა და საპენსიო დაზღვევის სისტემა; სოციალური უსაფრთხოება და სხვა. სოციალური პოლიტიკა როგორც ვხედავთ მრავალმხრივ პროცესებს უკავშირდება, ამიტომაც მისი შეფასება თუნდაც რამდენიმე მაჩვენებლით ან კრიტერიუმით შეუძლებელია.
სოციალური პოლიტიკის არსიდან გამომდინარე, მისი ობიექტია ქვეყნის მოსახლეობა და ცალკეული სოციალური ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მხარდაჭერას სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან. ადამიანთა კეთილდღეობის გაუმჯობესების ღონისძიებები შეიძლება განახორციელოს როგორც ხელისუფლებამ, ისე ცალკეულმა ორგანიზაციამ, საზოგადოებრივმა ჯგუფმა, არასამთავრობო სტრუქტურებმა თუ ცალკეულმა პირებმა. მთავარია საზოგადოებამ და სოციალურმა ჯგუფებმა გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა, ჩართულობა ამ პროცესში, რათა ხელი შევუწყოთ მდგრადი განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბებას, რომელიც ცალკეული ინდივიდისა და მთელი საზოგადოების, სახელმწიფოს სოციალური ინსტიტუტების ძალისხმევის წარმართვას გულისხმობს ქვეყნის განვითარებაზე. პასიური დამოკიდებულების შემთხვევაში, ხშირია მოლოდინი სასწაულის ან რომელიმე „კეთილი“ სუბიექტის იმედად დარჩენის, რასაც საბოლოო ჯამში სოციალური უკმაყოფილების ზრდამდე მივყავართ. [1]
სოციალური პოლიტიკის პროგრამის მიზანია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შექმნის ხელშეწყობა.
ამ მრავალწახნაგიანი მიზნის მისაღწევად სახელმწიფოს სოციალურმა პოლიტიკამ უნდა შეძლოს და უზრუნველყოს მის წინაშე დასმული შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:
● ეკონომიკური რესურსებისა და შემოსავლების სამართლიანი განაწილებისათვის პირობების შექმნა;
● მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების შექმნა და ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა; მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა;
● ხარისხიანი განათლების მიღებაზე მოქალაქეთა უფლებების რეალიზაციისათვის პირობების შექმნა; ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა;
● მოსახლეობის დასაქმების ხელმისაწვდომობა და შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარება;
● შრომის სამართლიანი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა;
● მოსახლეობის სოციალური დაცვის ეფექტიანი სისტემის ფორმირება;
● საპენსიო სისტემის განვითარება;
● უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის გარემო პირობების შექმნა.
ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვნახოთ, თუ რამდენია საქართველოში სოციალური პაკეტების მიმღებთა რაოდენობა.
ნახაზი 1. საქართველოში სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობა, 2018-2020წწ.
წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს მხრიდან ყოველწლიურად იზრდება სოციალური პაკეტების მიმღებთა ოდენობა, რაც თავის მხრივ პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება. [2]
კოვიდ-19-ის ანტიკრიზისული გეგმა საქართველოში
კორონარული ვირუსი (COVID-19) რთული გამოწვევა და საფრთხეა არამხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც. ეპიდემიური ვითარების ფონზე სოციალური პოლიტიკის მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. გლობალურ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვაგვარად უპასუხა. იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს უმუშევრობის შემწეობა ან უმუშევრობის დაზღვევა, კრიზისული დატვირთვა მათზე გადანაწილდა, ხოლო საქართველოში მოსახლეობის ნაწილი საგანგებო სოციალური ტრანსფერების ბენეფიციარი გახდა. კოვიდ-19-ის პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა პირველადი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მიმდინარე წლისთვის 3.5 მლრდ. ლარით განისაზღვრა და მთლიანი შიდა პროდუქტის 7.2% შეადგინა.
გამოვყოთ პანდემიასთან ბრძოლის რამდენიმე ეტაპი:
● პირველი ეტაპი – ვირუსის გავრცელების „შეკავება“;
● მეორე ეტაპი – ვირუსის გავრცელების „შენელება“;
● მესამე ეტაპი – ვირუსის გავრცელების „მართვა“;
● მეოთხე ეტაპი – ეტაპოვრივი შემსუბუქება და ადაპტაცია.
ვაქცინის არარსებობის ფონზე ერთმანეთის ვირუსისგან დაცვა მხოლოდ სოციალური დისტანციით მიიღწეოდა, ამიტომაც პირველ ეტაპზე საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების დაწესება დაიწყო, ეს კი მოიცავდა საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლის შეზღუდვას; სასწავლო პროცესის შეჩერებას და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას; ავტომობილით გადაადგილების აკრძალვას; მკაცრ კარანტინს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში; საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვას; კომენდანტის საათს; 10/3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის შეზღუდვას; დიდ ქალაქებში შესვლა-გასვლის შეზღუდვას; ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას. საწყის ეტაპზე შეზღუდვებმა დაასტაბილურა სიტუაცია, რამაც თავის მხრივ პროცესების შენელებას შეუწყო ხელი. ამასთან ერთად საჭირო გახდა საგანგებო მდგომარეობის მართვა, რაც გულისხმობდა ოპერატიული შტაბისა და მთავრობის ცხელი ხაზის 144-ის შექმნას; ასევე ჯანდაცვის სისტემის, საკარანტინო ზონების თუ სასურსათო მარაგების მართვას; უსაფრთხოების კონტროლს; საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების დახმარებას და სამშობლოში დაბრუნებას; ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხცოვრებ პირთა ხელშეწყობას. რაც შეეხება ადაპტაციის ეტაპს იგი მოიცავდა დისტანციურ სწავლებას; პენიტენციური დაწესებულებების ადაპტირებას; ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების მონიტორინგს; პირბადეებისა და სადენზიფექციო ხსნარების წარმოებას; სახელმწიფო სერვისების უწყვეტ მიწოდებას; STOPCOV ფონდს. [3]
მთავრობის ანტიკრიზისული პოლიტიკა მოიცავდა საყოველთაო და მიზნობრივი დახმარებების არაერთ კომპონენტს, რომლებიც ორ ძირითად ნაწილად დაიყო, კერძოდ, ზრუნვა მოქალაქეებზე და ზრუნვა ბიზნესზე. ყურადღება გამახვილდა ასევე შემდეგ სექტორებზე: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და დეველოპერული სექტორი. მნიშვნელოვანია, რომ გეგმაში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა დახმარების პროგრამა ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა, თვითდასაქმებულთა და სოციალურად დაუცველთათვის. შეღავათები მიიღეს სტუდენტებმა; ელექტროენერგიასთან და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული კომუნალური გადასახადებისგან განთავისუფლდა მილიონზე მეტი ოჯახი; კერძო სექტორთან ერთად შეიქმნა იპოთეკური და სხვა სესხების გადავადების ან ნაწილობრივი სუბსიდირების პროგრამები; მუნიციპალიტეტთა ნაწილმა გასცა დახმარება საკვების სახითაც. [4]
პანდემიისას დაგეგმილი სოციალური ტრანსფერების ძირითადი ნაწილი სამი ანტიკრიზისული პროგრამის გავლით განხორციელდა, ესენია:
● 1,200 ლარი დაქირავებით დასაქმებულთათვის, თვეში 200 ლარის ოდენობით;
● 300 ლარი შემოსავლის გარეშე დარჩენილ თვითდასაქმებულთათვის და არაფორმალურად დასაქმებულთათვის;
● ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება 18 წლამდე ასაკის თითოეული მოქალაქისათვის.
ამ ყველაფრის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს საზოგადოების ჩართულობაც. ამ დროის მანძილზე ხშირად შეხვდებოდით ადამიანების წამოწყებებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში, სადაც ისინი ინიციატივას გამოთქვამდნენ ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ ერთმანეთს ან მოეძიებინათ რესურსები არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
ეკონომიკური შედეგები
COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიერ ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების კეთილდღეობაზე მიყენებული ზიანი ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი და მზარდია.
გაზრდილი მოთხოვნა პროდუქტზე, უმუშევრობის (დროებითი მაინც) გარდაუვალი ზრდა, სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება – ეს ის ხილული ეკონომიკური ეფექტებია, რომელთა გამოცდა საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ თავზე უკვე დაიწყო. [5]
იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს არ ჰქონია აქტიური და პასიური შრომის ბაზრის ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენების გამოცდილება, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ არსებული პროცესების განხორციელებას თან ახლდა სირთულეები, უზუსტობები, სხვადასხვა პროგრამაზე ბიუჯეტური გადაჭარბებები, თანხის არასწორი მოცულობების გამოყოფა და კიდევ სხვა მრავალი დეტალი. [6] შეზღუდული რესურსების ფონზე აღნიშნულმა შეცდომებმა, გამოუცდელობამ, ამ პროცესებთან პირველადმა შემხებლობამ საბოლოო ჯამში ეკონომიკური პროცესების შეჩერების ტენდენციამდეც მიგვიყვანა. ადამიანთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ერთი მხრივ, სოციალურ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას და მეორე მხრივ, სამიზნე ჯგუფების გაძლიერებას, ახალი ცოდნით აღჭურვას, თვითორგანიზებას, კოორდინაციასა და მათი წარმომადგენლობის გაზრდას საჯარო პოლიტიკურ პროცესებში. [7]
დასკვნა
შევაჯამოთ ნაშრომის ძირითადი საკითხები. სულ უფრო იზრდება სოციალური პოლიტიკის როლი ეკონომიკური ზრდის პრობლემების გადაწყვეტაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმების ხელშეწყობა, სოციალური სამართლიანობა, მოქალაქეთა სოციალური დაცვის მაღალი დონე და სოციალური სტაბილურობა ქმნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარების წინაპირობებს. მასზე უზარმაზარ გავლენას ახდენს იმ საზოგადოების ფუძემდებლური ნორმები და ღირებულებები, სადაც ფუნქციონირებს ეს სისტემა. სოციალურ პოლიტიკაში, როგორც სარკეში, აისახება მოსახლეობის სოციალური მოლოდინები და ხელისუფლების მიერ ამ მოლოდინების გადადგმული ნაბიჯები. რაც შეეხება ეპიდემიურ ვითარებას, მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ იგი უდაოდ ურთულეს პროცესებთანაა დაკავშირებული და გამანადგურებელი ეფექტით ხასიათდება ეკონომიკისთვის. ჯერ კიდევ ბრძოლის პროცესშია კაცობრიობა, ჯერ კიდევ ვაქცინის მოლოდინშია ყველა ერი.
სოციალური პასუხისმგებლობა ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის საწინდარია. თუ საზოგადოება აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას; კარგად აქვს გააზრებული მისი ცვლილების შესაძლებლობები, გზები; აქტიურად ერთვება სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის ფორმირების პროცესებში და გავლენას ახდენს სახელმწიფოს სოციალურ პოლიტიკაში, მაშინ ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/shrom%20ekon.pdf
- https://idfi.ge/ge/overview_of_the_anti-crisis_plan
- https://osgf.ge/wp-content/uploads/2020/12/Labor-Relations_geo_10_12_2020.pdf
- http://gov.ge/files/76338_76338_444796_COVID-19angarishi…pdf
- https://emc.org.ge/ka/programs/sotsialuri-uflebebi
- https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.pdf
- https://emc.org.ge/ka/products/ekonomikuri-politika-krizisis-dros-interviuebi-ekonomikis-mkvlevrebtan