შრომის ბაზარი საქართველოში და COVID-19-ის გამოწვევები

ავტორის სტილი დაცულია
ლიკა სარაჯიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
Lika.sarajishvili106@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

მას შემდეგ რაც 2019 წელს დაიწყო ახალი ვირუსის, COVID-19-ის გავრცელება, დაზარალდა არაერთი დარგი თუ სექტორი, თითოეული ქვეყანა და ინდივიდი, ფაქტორბივად მთელს მსოფლიოში ყველაფერმა დაიწყო სვლა უკუმიმართულებით – უარესობისაკენ. გამონაკლისი არც შრომის ბაზარი ყოფილა.  ფაქტი სახეზეა, უმუშევართა რიგები პანდემიის პირობებში შესამჩნევად გაიზარდა, მაგრამ არის კიდევ სხვა არასასურველი შედეგებიც,  რომელთა შემჩნევაც ერთი შეხედვით თითქოს ვერ მოხერხდა, თუმცა  მათი ცვლილება არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომის ბაზრისთვის, ჩვენი და მთლიანად ქვეყნის მდგომარეობისთვის.  სწორედ ამ საკითხების განხილვასა და შეფასებას შევეცდები მოცემული ნაშრომით, რაც ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო იქნება.

Annotation

Since the new virus, COVID-19, began to spread in 2019, many industries have been affected, each country and each of us, virtually all over the world, has started to move in the opposite direction – for the worse. The fact is that the number of unemployed has increased significantly in the pandemic, but there are other unintended consequences that are difficult to notice at first glance, although their change is also quite important for the labor market, for us and for the whole country. I will try to discuss and evaluate these issues in this paper which I think will be really interesting.

შრომის ბაზარი საქართველოში – 1998 წლიდან დღემდე

საჭირო არ არის ეკონომიკას სიღრმისეულად იცნობდეთ, რომ მოთხოვნა-მიწოდების პრინციპის ახსნა შეძლოთ. ასეა თუ ისე, ეკონომიკაში ზოგადად ,,ბაზრის“ ხსენებისას პირველი მოთხოვნა და მიწოდება გვახსენდება და ვიცით, რომ სწორედ მათი შესაბამისობა/შეუსაბამობა იწვევს სხვადასხვაგვარ შედეგებს. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს შრომის ბაზარზეც.

ვინ ქმნის შრომის ბაზარს?

შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას აყალიბებენ ერთი მხრივ სამუშაოს მაძიებლები და მეორე მხრივ დამსაქმებლები, იქნება ეს სხვადასხვა ფირმა თუ კომპანია, ან რაიმე დაწესებულება, რომელსაც სურს სამუშაო ძალის დაქირავება. მარტივად რომ ითქვას, შრომის ბაზარზე ყალიბდება შრომითი ურთიერთობები. ეს უკანასკნელი კი, საქართველოს კოდექსს თუ მოვიშველიებთ, გულისხმობს შემდეგს, რომ შრომითი ურთიერთობა ეს გახლავთ დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს შესრულება დამსაქმებელისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში. მისი წარმოშობისათვის საჭიროა მხარეთა თანასწორუფლებიანობა და მათი ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება სუბიექტებს, შრომითი ურთიერთობების სუბიექტები შეიძლება იყვნენ დასაქმებული/დასაქმებულთა გაერთიანება და დამსაქმებელი/დამსაქმებელთა გაერთიანება. [2] [3]

რა ხდება მაშინ როდესაც შრომის ბაზარზე წარმოქმნილი მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს ვერ აწონასწორებს?

სწორედ აქ ვიაზრებთ სამწუხარო, თუმცა ამასთანავე ლოგიკურ რეალობას, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას ვერასდროს ათანაბრებს, ე.ი ვერასდროს მიიღწევა 100%-იანი დასაქმება, სრული დასაქმების პირობებშიც კი, რომელსაც შეიძლება ითქვას შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობებიდან ყველაზე მისაღების, უკეთესის აღსაწერად ვიყენებთ, უფრო კონკრეტულად მდგომარეობის , როდესაც წარმოდგენილ მიზანშეწონილ სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა კმაყოფილდება შესაბამისი კვალიფიციური სამუშაო ძალით, თუმცა ადგილი აქვს უმუშევრობის ბუნებრივ დონეს. ასეთ შემთხვევებში შრომის ბაზარსა და მისივე სუბიექტებს უწევთ  დასაქმების პრობლემის, უმუშევრობის პირისპირ დარჩენა და მასთან გამკლავება. სწორედ ეს პრობლემაა საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავი წლების მანძილზე. [1] [2]

გრაფიკი 1. უმუშევრობის დონე საქართველოში (%), 1998-2021 წლები.

ავტორისეული გრაფიკი. წყარო: www.geostat.ge

გრაფიკზე შეგვიძლია დავინახოთ უმუშევრობის დონის პროცენტული ცვლილება 1998 წლიდან 2021 წლამდე, შევნიშნოთ რომ ყველაზე შესამჩნევი ამ უკანასკნელის ზრდა არის 2009 წლიდან, რაც შეგვიძლია დავუკავშიროთ როგორც მსოფლიო ფინანსურ კრიზისს (2007-2008 წწ), ასევე საქართველოს შემთხვევაში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას. 2019 წლიდან კი უკვე გვაქვს Covid 19-ის გავრცელების ზეგავლენა, რომელსაც ახლდა იმაზე მეტი პრობლემა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება დავინახოთ. [5]

როგორ აისახა პანდემიის გავლენა შრომის ბაზარზე?

სანამ უშუალოდ პანდემიის გავლენის შეფასებას შევეცდებოდე საქართველოს შრომის ბაზარზე, ვფიქრობ საინტერესო იქნება ვნახოთ როგორ შეიცვალა უმუშევრობის დონე 2018 წლიდან საქართველოში (კვარტალური მონაცემები) ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში. [5]

გრაფიკი 2. უმუშევრობის დონე საქართველოში სქესის მიხედვით, 2018-2021 წლები (კვარტალური)

ავტორისეული გრაფიკი. მონაცემების წყარო: www.geostat.ge

პირველი მარტივი დასკვნა რაც უნდა გავაკეთოთ მოცემული გრაფიკის მიხედვით არის ის, რომ პანდემიის უარყოფითი ზეგავლენა უფრო მეტად აისახა კაცებზე, ქალებთან შედარებით. თუმცა ეს საკმაოდ ნაჩქარევი დასკვნაა, ვინაიდან სიტუაციას შეფასებას ვცდილობთ მხოლოდ ერთი მხრიდან. თუ გავითვალისწინებთ დასაქმების დონესაც სქესობრივ ჭრილში, ვნახავთ რომ მამაკაცების დასაქმების დონე აღემატება ქალთა დასაქმების დონეს (იხ.გრაფიკი 3).

გრაფიკი 3. დასაქმების დონე საქართველოში სქესის მიხედვით, 2018-2021 წლები (კვარტალური)

ავტორისეული გრაფიკი. მონაცემების წყარო: www.geostat.ge

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მამაკაცებსა და ქალებს შორის უმუშევრობის დონის ამგვარი სხვაობა შეგვიძლია ავხსნათ საწყისი მონაცემებითა და დასაქმების დონის გათვალისწინებით. ე.ი დასაქმებულებს შორის ჭარბობდნენ მამაკაცები და შესაბამისად უმუშევართა რიგების ზრდასთან ერთად მათი პროცენტული წილიც აჭარბებდა ქალების ანალოგიურ მაჩვენებელს.

თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემიის გავლენა მხოლოდ უმუშევართა რიგების ზრდაში არ გამოიხატა, შეინიშნებოდა სხვა არასასურველი ტენდენციებიც, რომელთა განხილვასაც უფრო დეტალურად შევეცდები.

მომუშავეთა უფლებები უხეშად დაირღვა

ვიცით რომ პანდემიის გავრცელება მოულოდნელად დაიწყო, აქედან გამომდინარე თითოეული ქვეყნის და მათ შორის საქართველოს მოუმზადებლობა და პრობლემების პირისპირ დარჩენა, გარკვეულწილად გასაგებია, თუმცა ის პრობლემები და ის დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა შრომით ურთიერთობებში, ვფიქრობ ძნელად ასახსნელი და გასამართლებელია, ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად.

მას შემდეგ რაც დაიწყო პანდემია და უამრავ ბიზნესს შეექმნა საფრთხე, ვინაიდან უმრავლესობას დისტანციურ რეჟიმზე მოუწია გადასვლა, ასევე საქმიანობის მასშტაბების შემცირება, ან უარეს შემთხვევაში საერთოდ მისი შეწყვეტაც კი, გასაკვირი არ არის რომ ამას მოჰყვა მომუშავეთა სამუშაო ადგილებიდან გამოთავისუფლება, თუმცა როგორც ამას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მომზადებულ 2021 წლის ივლისის ანგარიშში ვკითხულობთ, ეს ყოველივე ბევრ შემთხვევაში მოხდა დასაქმებულთა უფლებების დარღვევით:

  • მომუშავეებს მოუწიათ დაეტოვებინათ სამუშაო ადგილები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე;
  • ადგილი ჰქონდა დისკრმინაციას;
  • მოხდა არაერთი ხელშეკრულების ცალმხრივი ცვლილება (დამსაქმებელთა მხრიდან);
  • მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო დასაქმებულს ემუშავა დისტანციურად, მაინც მოხდა ამ უკანასკნელზე უარის თქმა და ნაცვლად ამისა მათი განთავისუფლება სამსახურიდან;
  • დამსაქმებელთა მხრიდან ითქვა უარი ნამუშევარი ხელფასებისა და კომპენსაციების გაცემაზე;
  • დასაქმებულებს მოუწიათ იძულებით დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ;
  • სამუშაო ადგილებზე არ იყო შრომის უსაფრთხოების სტანდარტები პანდემიის შესაბამისად დაცული;
  • მაშინ როდესაც გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დამსაქმებელთა ნაწილმა განაცხადა უარი სატრანსპორტო ხარჯების დაფინანსებაზე;
  • თვითიზოლაციაში მყოფი თანამშრომლებისათვის ხელფასის მიცემაზე ითქვა არაერთი უარი და ა.შ.

ვფიქრობ ეს ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ მდგომარეობას. [7] [8]

ზემოთქმულის გასამართლებელ მიზეზად არაერთხელ დასახელდა  ,,ფორსმაჟორული“ სიტუაცია, რომელიც გულისხმობს და აღწერს გარემოებას, რომლის წინასწარი გათვალისწინებაც შეუძლებელია. თუმცა საქართველოს კანონმდებლობა ამ უკანასკნელს ამგვარ დეფინიციას არ ცნობს. სანამ მიიღება გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობების ასეთი უხეში შეწყვეტის/დარღვევის შესახებ, საჭიროა მოხდეს მისი სრულყოფილი კვლევა. ასეთ შემთხვევაში პანდემია და მისი გავლენაც ცალსახად არ აღიქმება დაუძლეველ ძალად და ,,ფორსმაჟორულ“ სიტუაციად, რაც თავის მხრივ მაძლევს საშუალებას გავაკეთო დასკვნა, რომ შრომითი ხელშეკრულების უცაბედი შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ პანდემიის გავრცელების საფუძველზე, იყო კანონისა და დასაქმებულთა უფლებების უხეში დარღვევა.

არაფორმალური დასაქმების სექტორი კვლავ ყურადღების მიღმაა

ვფიქრობ ასევე უნდა ვახსენო არაფორმალური დასაქმების სექტორი, რომლის წილი მთლიან დასაქმებაში უკვე 34.7%-ს გაუტოლდა, რაც ნამდვილად არ არის დაბალი მაჩვენებელი. არაფორმალური სექტორის არსებობას ისედაც ახლდა დანაკარგები, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის თვალსაზრისით (ვინაიდან ამ სექტორში დასაქმებულები არ იხდიან გადასახადებს), ასევე თავად დასაქმებულთა შრომითი უფლებების გათვალისწინებით. ლოგიკურია თუ არ ატარებს კონკრეტული საქმიანობა ფორმალურ ხასიათის, ვერ ვრცელდება მასზე ვერც კანონები, ასევე სოციალური დაცვის გარანტიები და ა.შ. პანდემიის დროს კი კიდევ უფრო გამოიკვეთა ამ სექტორის პრობლემები. მაგალითად თუ დაქირავებით მომუშავეებს 6 თვის ვადით დაენიშნათ კომპენსაცია, თვითდასაქმებულებისთვის ამ ყოველივეს ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო არასასურველ სახეს მიიღებს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დასაქმებულთა რაოდენობის თითქმის ნახევარს სწორედ თვითდასაქმებულები წარმოადგენენ (იხ. გრაფიკი 4). [5]

გრაფიკი 4. დასაქმებულთა რაოდენობა და მისი განაწილება, 2018-2021 წლები (კვარტალური)

ავტორისეული გრაფიკი. მონაცემების წყარო: www.geostat.ge

ბუნებრივია ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ პრობლემებიდან, რომლებსაც ამ სექტორში დასაქმებულები აწყდებიან ყოველდღიურად. რეალურად კი ეს ჩამონათვალი ბევრად უფრო ვრცელია.

პანდემია და დაზარალებული ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა მრავალმხრივ აისახა. გამომდინარე იქიდან რომ ეკონომიკა მჭიდროდ უკავშირდება სხვადასხვა დარგისა თუ სექტორის ფუნქციონირებას, ეს უკანასკნელი კი პანდემიის პირობებში საკმაოდ გართულდა, ეკონომიკამაც მრავალმხრივი დარტყმა განიცადა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისაუბრებ მთლიანი სამამულო პროდუქტის შემცირებაზე, რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი სწორედ შრომის ბაზარზე არსებულმა პრობლემებმა და უმუშევართა რიგების ზრდამ ითამაშა.

სიტუაციის უკეთ აღსაქმელად მოვიშველიებ ოუკენის კანონს, რათა საქართველოს მაგალითზე, შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით შევაფასო მთლიანი სამამულო პროდუქტის დანაკარგები უმუშევრობის დონის ზრდის გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ COVID-19-ის გავრცელებით იქნა გამოწვეული.

ოუკენის კანონი საშუალებას იძლევა უმუშევორბით გამოწვეული პროდუქციის აბსოლუტური დანაკარგები შეფასდეს. მიღებულია რომ უმუშევრობის ბუნებრივ დონესთან შედარებით ფაქტობრივი უმუშევრობის 1 %-ით ზრდა პოტენციურ მსპ-ს ამცირებს 2.0-2.5-ჯერ. უფრო კონკრეტულად კი ოუკენის კანონი გამოიყურება შემდეგნაირად:

სადაც Y*- მთლიანი სამამულო პროდუქტის მოცულობაა სრული დასაქმების პირობებში; Y-ნომინალური მსპ-ის მოცულობა საანგარიშო პერიოდში; U -უმუშევრობის ფაქტიური დონე საანგარიშო პერიოდში; U*-უმუშევრობის ბუნებრივი დონე საანგარიშო პერიოდში. [1] [2]

ავიღოთ შესაბამისი მონაცემები საქართველოს მაგალითზე (ამ შემთხვევაში გამოვიყენებ უახლეს, 2021 წლის მონაცემებს კვატრლების მიხედვით) და შევიყვანოთ მოცემულ (1) ფორმულაში. მივიღებთ შემდეგს:

2021 წლის პირველ კვარტალში Y*= 16.37, უმუშევრობით გამოწვეული პროდუქციის აბსოლუტური დანაკარგი – 4.87 მლრდ ლარი;

მეორე კვარტალში Y*= 22.22, დანაკარგი – 6.72 მლრდ ლარი;

მესამე კვარტალში Y*= 20.98, დანაკარგი – 4.98 მლრდ ლარი.

შესაბამისად თუ დავაჯამებთ 2021 წლის მოცემული 3 კვარტლის მონაცემებს, მივიღებთ შემდეგს, რომ უმუშევრობის დონის გათვალისწინებით მთლიანი სამამულო პროდუქტის დანაკარგებმა შეადგინა 16.58 მლრდ ლარი. რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დარჩება ყურადღების მიღმა. ეს არის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. [5][6]

სახელმწიფოს მხარდაჭერა პანდემიის ფონზე

არასწორი იქნება თუ პანდემიის გამოწვეულ პრობლემებთან ერთად არ ვახსენებთ იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გატარდა და რომელმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა უარყოფითი ზეგავლენის შემცირების თვალსაზრისით.

არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს ჩარევა ამა თუ იმ პროცესში არა გამართლებული, არამედ აუცილებელიც კი არის. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც პანდემიასა და მის შედეგებზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ სწორედ სახელმწიფოა ის, ვისაც აქვს საშუალება და შესაძლებლობა არსებული რესურსები მაქსიმალურად რაციონალურად მიმართოს პრობლემების მოგვარებისაკენ. ასეც მოიქცა საქართველოს მთავრობა და გაატარა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორიცაა: ბანკებთან შეთანხმების დადება (რასაც მოჰყვა სესხებზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის ამოქმედება); ტურიზმის წახალისებისათვის ამ სფეროსთან დაკავშირებული ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადება; ბიზნესებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის ორმაგად დაბრუნება; კომუნალური გადასახადების დაფინანსება მოსახლეობისათვის; პენსიის წინასწარი გაცემა; ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე (9 პროდუქტი) ფასების დაზღვევა და ა.შ. [4]

ასევე შეგვიძლია უფრო ვრცლად ვისაუბროთ იმ შემთხვევებზე, რომელთაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს პანდეემით გამოწვეულ უმძიმეს სიტუაციაში. მინდა ვახსენო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ,,SPAR საქართველოს“ თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ევროპის 20 მდე ქვეყანაში მყოფ განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭათ SPAR-ის სავაჭრო ქსელში სპეციალური სასურსათო ვაუჩერებით სარგებლობის უფლება. დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია იზრუნო შენი ქვეყნის მოქალაქეებზე ასეთ რთულ პერიოდში, მით უფრო მაშინ თუ ისინი ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან, საქართველოს სახელმწიფომ კი შეძლო ამ მხრივაც ებრძოლა წარმოქმნილ პრობლემებთან და შეემსუბუქებინა COVID-19-ის უარყოფითი გავლენა მაქსიმალურად. [9]

ვინაიდან პანდემიის გავრცელების გამო მოგვიწია დისტანციურ რეჟიმს მოვრგებოდით, რაც ბუნებრივია ჩვენივე უსაფრთხოების დაცვას ემსახურებოდა, პრობლემები წარმოიქმნა განათლების კუთხითაც. ვგულისხმობ იმას, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყეს მეცადინეობების ონლაინ ჩატარება, რაც არც თუ ისე მარტივი იყო. ვფიქრობ, ყველაზე რთული ეს ნაწილი მაინც სკოლის და განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა, აქ კი ასევე დიდი როლი ითამაშა ,,ტელესკოლის“ პროგრამამ, რომელიც ისევ და ისევ სახელმწიფო დონეზე გატარებული ღონისძიება გახლდათ. ამ უკანასკნელმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისაგან, რაც დამეთანხმებით საამაყო ფაქტია. გასაკვირი ნამდვილად არ არის ის, რომ პროექტმა მალევე გამოიწვია ინტერესი საზოგადოებაში, ვინაიდან მისი დახმარებით შესაძლებელი გახდა მოსწავლეებს მიეღოთ ცოდნა მრავალი მიმართულებით, ვგულისხმობ როგორც სასკოლო პროგრამას, ასევე ვარჯიშის პროგრამებს, ხელოვნებისა თუ მუსიკის ისტორიებს, ჟესტური ენის შემსწავლელ პროგრამას, იყო ასევე გამოყოფილი აბიტურიენტის საათი და სხვა.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გატარდა და რომელთაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამ უმძიმეს პერიოდში. თითოეული ღონისძიება სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას ემსახურებოდა, თუმცა ვინაიდან ეს პრობლემები ჯაჭვურად იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, შედეგიც საერთო მივიღეთ – პანდემიის უარყოფითი გავლენა მაქსიმალურად შევასუსტეთ.

დასკვნა

საბოლოოდ ზემოთ განხილული საკითხების შეჯამებით, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგი მარტივი დასკვნა, რომ პანდემიამ საქართველოში არსებული ის პრობლემები, რომლებიც არსებობდა შრომის ბაზარზე, კიდევ უფრო გაართულა და გაამწვავა. აქვე თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ნაშრომში განხილული საკითხები მხოლოდ მცირე ნაწილია და არა სრული ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელიც ამ კუთხით გვაქვს საქართველოში, სიტუაცია კიდევ უფრო არასასურველ სახეს მიიღებს.

თუ ჩვენ გვსურს COVID-19-ის მიერ შექმნილ პრობლემებს შრომის ბაზარზე და არა მარტო შრომის ბაზარზე, რაც შეიძლება მალე დავაღწიოთ თავი, უნდა ვიაზრებდეთ რომ დაგვჭირდება კიდევ უფრო მეტი მობილიზება, სიტუაციის სწორი აღქმა და ანალიზი, რა თქმა უნდა სახელმწიფოს ჩარევაც ამ პრობლემების მოგვარებაში და მისი მხრიდან კიდევ უფრო მეტი შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება/გატარება. ამგვარ ღონისძიებებს, არსებული პრობლემებიდან გამომდინარე (რომელზეც მე ვისაუბრე თემაში), შეიძლება მივაკუთვნოთ მაგალითად ახალი კანონების შემოღება შრომით ურთიერთობებში, რომელიც ახლა უკვე დისტანციურ საქმიანობებსაც შეეხება და გარკვეულწილად დაარეგულირებს მას, ასევე უნდა მიექცეს ყურადღება სოციალური დიალოგის გაძლიერებას, რათა აღმოიფხვრას სოციალური დისბალანსი, მეტი ყურადღება დაეთმოს არაფორმალური დასაქმების სექტორს და შეძლებისგვარად მოხდეს მისი ფორმალიზაცია. ამ და სხვა ღონისძიებებითა თუ გატარებული პოლიტიკით, ვფიქრობ ნამდვილად შევქმნით იმის წინაპირობას, რომ გავაუმჯობესოთ როგორც შრომის ბაზარზე არსებული, ასევე მთლიანად ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის მდგომარეობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბლანშარი ო., ,,მაკროეკონომიკა“, მე-5 გამოცემა, თბილისი, თსუ, 2010;
  2. ,,დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“, მურმან ცარციძე;
  3. საქართველოს ორგანული კანონი №4113-რს. საქართველოს შრომის კოდექსი. თბილისი, 2010 წლის 17 დეკემბერი. გვ–2;
  4. დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის წინასწარი გეგმა (SEP) საქართველო – COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტი , 19 აპრილი, 2020 (https://www.mof.ge/images/File/Covid-19/draft-SEP-COVID-19-GEO.pdf )
  5. სტატისტიკური მონაცემები : (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba)
  6. სტატისტიკური მონაცემები: (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp)
  7. ,,პანდემია და შრომის ბაზარი“ (https://www.marketer.ge/hiring-during-covid-is-different/)
  8. ,,პანდემიის გავლენა შრომის ბაზარზე და დასაქმებულთა მდგომარეობაზე“, გიორგი ჭანტურიძე, თამარ სურმავა (http://ewmi-prolog.org/images/files/8832GTUCReportGEO.pdf#page=6&zoom=100,92,112 )
  9. ,,სახელმწიფო და კერძო სექტორი COVID-19ის პანდემიის შედეგების დასაძლევად გაერთიანდნენ“ (https://mfa.gov.ge/News/sakhelmcifo-da-kerdzo-seqtori-COVID-19-is-pandemii.aspx )