აგრარული პოლიტიკა საქართველოში და COVID-19-ის გავლენა აღნიშნულ სექტორზე
ავტორის სტილი დაცულია
მარიამ ამირიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
amiridzemariam@gmail.com
ანოტაცია: მსოფლიოს 2020 წლის კრიზისმა არაერთ სექტორში მნიშვნელოვანი შესაძლებლობების სარკმელი გახსნა. მათ შორის, ჩემი აზრით, ყურადღება მისაქცევია აგრარული სექტორი. ნაშრომში განხილულია სოფლის მეურნეობის ბაზრის მდგომარეობა უკანასკნელ წლებში და დღევანდელი ვითარების მოსალოდნელი და სასურველი გავლენა ამ სექტორის განვითარებაზე.
Annotation: The global crisis of 2020 has opened the window of significant opportunities in many sectors. Among them, in my opinion, is the agricultural sector. The paper discusses the state of the agricultural market in recent years and the expected and desired impact of the current situation on the development of this sector.
შესავალი
საქართველო სოფლის მეურნეობის სპეციფიკის თავალსაზრისით მსოფლიო მნიშვნელობის რეგიონია და მეურნეობის მდიდარი ტრადიციები გააჩნია. დარგი არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციის მატარებელია და დაკავშირებულია საქართველოში არსებულ 3500-ზე მეტ სოფელთან (ქებაძე, 2019).
მსოფლიოს 2020 წლის კრიზისმა არაერთ სექტორში მნიშვნელოვანი შესაძლებლობების სარკმელი გახსნა. მათ შორის, ჩემი აზრით, ყურადღება მისაქცევია აგრარული სექტორი. ნაშრომში განხილულია სოფლის მეურნეობის ბაზრის მდგომარეობა უკანასკნელ წლებში და დღევანდელი ვითარების მოსალოდნელი და სასურველი გავლენა ამ სექტორის განვითარებაზე.
აგრარული პოლიტიკის როლი და მნიშვენლობა
საქართველოს რეალობაში ერთგვაროვანია აზრი იმის შესახებ, რომ სწორი აგრარული პოლიტიკის ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომელთა ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციაშიც, სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარების აქტიური ხელშეწყობა და რიგი ღონისძიებების გატარება დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, პროფესორ პაატა კოღუაშვილის მოსაზრებით აგრარული სექტორის აღორძინება პრაქტიკულად შეუძლებელია აგროკრედიტის სისტემის ფორმირების, საჯარო მომსახურების სტრუქტურების შექმნის, ეროვნული ბაზრის დაუცველობის, აგროწარმოების მომსახურე დარგების მონოპოლიური მდგომარეობისა და მთავრობის მხრიდან არასათანადო მხარდაჭერის და რეგულაციების პირობებში, ასევე ეფექტიანი საგადასახადო, სადაზღვევო, საფინანსო, საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების გარეშე (ქებაძე, 2019).
ყურადღება უნდა გავამახვილოთ აგრარული სექტორის როლზე, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გატარებული პოლიტიკის შედეგიანობას. სექტორს შეიძლება ჰქონდეს პასიური და აქტიური როლი. პასიური როლი გულისხმობს აგრარული სექტორის განვითარებას მხოლოდ სოციალური მიზნებიდან გამომდინარე, ანუ სიღარიბის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკა. სექტორისთვის აქტიური როლის მინიჭების შემთხვევაში მასში აქტიურად იზრდება ინფრასტრუქტურა, ინვესტიციები და დარგი კომერციულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს მაგალითზე კი მრავალი პროგრამის მიუხედავად, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად არიან ჩართული, ვერ ხერხდება დარგის კომერციალიზაცია და წარმოების დონე ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებს. სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე არსებობს სკეპტიციზმი იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია სახელმწიფოს ითამაშოს დიდი როლი დარგის კრიზისიდან გამოყვანაში და თუ გადააჭარბებებს სექტორიდან მიღებული სარგებელი იმ დიდი რაოდენობით დანახარჯებს, რომელსაც იგი მოითხოვს.
აგრარული სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში
საქართველოს აგრარული სექტორის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. ძირითადი გამოწვევები კი საქართველოს აგრარულ სექტორში შემდეგია:
- დაბალი მწარმოებლურობა;
- ინფორმაციისა და ცოდნის ნაკლებობა;
- ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მცირე რაოდენობით წარმოება;
- აგრარული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება;
სექტორის გამოწვევებიდან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მწარმოებლურობისა და გამოშვების დაბალი დონე. რომელთა ზრდას დანაწევრებულ მიწებთან ერთად ხელს უშლის აუთვისებელი მიწის რესურსი, ამასთან ერთად მიწის გადასახადი და ჯერ კიდევ დაუსრულებელი მიწის რეგისტრაციის რეფორმა. დარგი, რომლის წილიც მთლიან შიდა პროდუქტში 9%-ს არ აღემატება, იმ პირობებში, როდესაც მასში მოსახლეობის თითქმის ნახევარია დასაქმებული, რა თქმა უნდა არაეფექტიანი და დაბალმწარმოებლურია. სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება განსაკუთრებით 2017 წელს შემცირდა. შემცირებულია, ხორბლის სიმინდის, ხილის, ბოსტნეულის, თხილის და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება (ქებაძე, 2019).
წარმოების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი ინვესტიციებია, რომლის სახარბიელო მდგომარეობაც საქართველოში ნამდვილად არაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2017 წელთან შედარებით 2018 წელს აგრარულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა გაიზარდა 3 მილიონით და 15 მილიონი ლარი შეადგინა.
მონაცემების მიხედვით 2016 წლის შემდეგ აგრარულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები იზრდება. 2018 წელს განხორციელებულია 1,2 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, აქედან აგრარულ სექტორში განხორციელებულია მხოლოდ 15 მლნ დოლარის ინვესტიცია. 2017 წელთან შედარებით ინვესტიციათა მოცულობა დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა აგრარულ სექტორში მობილიზებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი რაოდენობის უმნიშვნელო თანხა, რომელიც 2018 წლისთვის 1%-ს შეადგენს.
საქართველოს აგრარულ სექტორში მწვავედ დგას ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა, რომელიც სექტორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საქართველოს სოფლის მეურნეობაში კვლავაც აქტიურად გამოიყენება მოძველებული მიდგომები და წინაპართა ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, ამიტომაც მუნიციპალიტეტებში შეიქმნა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები (ქებაძე, 2019).
საქართველოს აგრარული სექტორში არსებული რთული ვითარება მოითხოვს ქვეყანაში რესურსების რაციონალურ გამოყენებას, რომელიც მისი ოპტიმალური შეფასების გზით მიიღწევა. პროცესის სრულყოფილ ორგანიზაციას კი მივყავართ ეკონომიკურ აღმავლობამდე და საერთო კეთილდღეობის დონის ზრდამდე (ბერიძე, 2011).
COVID-19 და აგრარული პოლიტიკა
COVID-19-ის საქართველოს სოფლის მეურნეობაზე გავლენის შესაფასებლად საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კვლევა ჩაატარა. გამოკითხული ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენელთა 60% თანხმდება იმაზე, რომ ისინი ვერ შეძლებენ პროდუქტების გაყიდვას, რადგან სასტუმრო-კაფე-რესტორნები დაიხურა. ფერმერების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია გართულებულია. გარდა ამისა, რესპონდენტების 35% ამბობს, რომ ახალი სესხის აღება გაძნელდება.
„COVID-19 ის გავლენა ფერმერებსა და სოფლის მეურნეობაზე“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გამოკვლევა საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ. კვლევაში მთელი საქართველოდან 175-მა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 45 კახეთიდან არის.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე და კვლევის თანაავტორი რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა აგროსაშუალებებზე ხელმიუწვდომლობაა. კოჭლამაზაშვილის თანახმად, შხამქიმიკატების უმეტესობა იმპორტირებულია, არსებული შეზღუდვების ფონზე მათი შემოტანა გაძნელდა და, ამავდროულად, გაიზარდა ფასები, რადგან გაუფასურდა ეროვნული ვალუტა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გამოკვლევაში COVID-19-ის პანდემიით შექმნილ კიდევ რამდენიმე პრობლემაზე წერს. გამოკვლევის თანაავტორ რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, ბანკების მიერ სესხების გაცემა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ამიტომ ფერმერების ნაწილს არა აქვს თანხა საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა წარმოშვა, ადგილობრივი ბოსტნეულის რეალიზაციაა.
ფერმერთა ასოციაცია, რომელმაც ფერმერებსა და სოფლის მეურნეობაზე COVID-19-ის გავლენის შესახებ პირველი გამოკვლევა მოამზადა, მთავრობას რეკომენდაციებითაც მიმართავს, კერძოდ: ფერმერებზე გაიცეს იაფი ან უპროცენტო სესხები; უზრუნველყოფილ იქნეს სასოფლო-სამეურნეო სერვისებზე წვდომა, მათ შორის, სათესლე მასალასა და მცენარეთა დაცვის საშუალებებზე; დაინერგოს საგრანტო პროექტები მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის; დაწესდეს საგადასახადო შეღავათები და ასე შემდეგ (ალადაშვილი, 2020).
საქართველოს სოფლის დასახმარებლად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, იწყებენ 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას, რომელიც სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის ცვლილების შერბილებას შეუწყობს ხელს.
საგრანტო პროგრამა განხორციელდება რვა მუნიციპალიტეტში – ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში, სადაც ევროკავშირი და UNDP მხარს უჭერენ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. განაცხადები ასევე მიიღება სხვა მუნიციპალიტეტებიდან იმ შემთხვევაში, თუ პროექტების განხორციელება სამიზნე მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.
საგრანტო პროგრამა არაფერმერულ სტარტაპ ბიზნესებსა და მზარდ საწარმოებს დაეხმარება. თითოეულ ბიზნეს პროექტზე გაიცემა 170 000 ლარამდე ოდენობის გრანტი. ბიზნესები ასევე მიიღებენ 30 000 ლარამდე ოდენობის გრანტს, რომელიც მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ბიზნესის მდგრადობისთვის გრანტის ყველა მიმღებმა უნდა უზრუნველყოს წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების 20%-იანი თანადაფინანსება (www.ge.undp.org, 2020).
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს (179.5 მილიონ ევროს) შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე არაფერმერული ეკონომიკური საქმიანობის სფეროში.
ENPARD პროგრამის განხორციელებაში ჩართულია რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო (FAO), რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორცილებს საგრანტო პროგრამას სოფლად ფერმერული ბიზნესისა და სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად (www.ge.undp.org, 2020).
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მთავრობამ გადაწყვიტა, ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე ზრუნვას დაეთმოს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
სოფლის მეურნეობის აღორძინება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმის პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უკვე არსებულ სახელმწიფო პროგრამებსა და შეღავათებს დაფინანსება დაემატა და პროექტში ჩართვის წესებიც გამარტივდა.
დასკვნა
კვლევამ აჩვენა, რომ აგრარული სექტორი ოდითგანვე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაში. კრიზისის პერიოდში მსოფლიოს განსაკუთრებული სიმწვავით შეახსენა თავი ეკოლოგიურმა პრობლემებმა. არაერთ ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2020 წლის პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა და საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, შეიძლება ითქვას, დიდი ზიანი მიაყენა აგრარულ სექტორსაც. სხვადასხვა პერიოდში კი სექტორის მიმართ გამოჩენილმა უყურადღებობამ და არასწორმა პოლიტიკამ, ის სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო და შეაფერხა მისი გამართული ფუნქციონირება.
საქართველოს აგრარული სექტორში არსებული რთული ვითარება მოითხოვს ქვეყანაში რესურსების რაციონალურ გამოყენებას, რომელიც მისი ოპტიმალური შეფასების გზით მიიღწევა. ჩვენს ქვეყანაში არსებული პირობებში საჭიროა რესურსების მაქსიმალური მობილიზება და მათი ეფექტიანად გამოყენება. პროცესის სრულყოფილ ორგანიზაციას კი მივყავართ ეკონომიკურ აღმავლობამდე და საერთო კეთილდღეობის დონის ზრდამდე. აგრარული სექტორის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია სიღარიბის აღმოსაფხვრელად, რომელიც, სამწუხაროდ, მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გამოკვლევების მიხედვით 2050 წლისთვის მოსალოდნელია მსოფლიო მოსახლეობის 9.7 მილიარდამდე ზრდა.
საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების დიდი შესაძლებლობები აქვს. მით უფრო დღეს, როცა ევროპის ბაზრის კარი ასე ფართოდ იღება საქართველოსთვის. მსოფლიო ორგანიზაციები მუშაობენ ქვეყნებთან, ინოვაციების ინფრასტრუქტურისა და რესურსების უზრუნველყოფის საკითხებში სასოფლო-სამეურნეო სექტორში. ამიტომაც აუცილებელია არსებული სისტემის სრულყოფილად შესწავლა, მდგომარეობის ანალიზი და დარგის აღმავლობისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, რაც დიდ ძალისხმევას, დროს, ცოდნასა და ტექნოლოგიებს საჭიროებს.
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც, ვფიქრობთ, სასურველია:
- საარსებო საშუალებების გაუმჯობესება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა ქალებისა და ახალგაზრდებისთვის;
- აგრარული სექტორის თანამედროვე გამოწვევების მიხედვით განვითარება და სექტორში არსებული ღირებულების ჯაჭვის ჩამოყალიბება;
- სურსათის უსაფრთხოება, საკმარისად უსაფრთხო და შესაბამისი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტის წარმოება ყველგან და ყველასთვის;
- კლიმატის ცვლილების და მისი გავლენის შემცირება აგრარულ სექტორზე.
გამოყენებული ლიტერატურა
- ალადაშვილი, გ. (2020). რა გავლენას ახდენს COVID-19 სოფლის მეურნეობაზე. მოპოვებული www.radiotavisupleba.ge: https://www.radiotavisupleba.ge/a/30551321.html -დან
- ბერიძე, ზ. (2011). ეკონომიკური რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების გზები საქართველოს აგრარულ სექტორში.
- ერქომაიშვილი, გ. (2016). საქართველოს განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული წინამძღვრები. თბილისი.
- რუხაია-მოსემღვდლიშვილი, ნ. (2015). ექსპორტის მასტიმულირებელი აგრარული პოლიტიკა საქართველოში. თბილისი.
- საქართველოს მთავრობა. (2012). საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2012-2022 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური . (2019). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური . მოპოვებული geostat.ge: geostat.ge -დან
- ქებაძე, ნ. (2019). სახელმწიფო რეგულირებისა და მხარდაჭერის მექანიზმი აგრარულ სექტორში საქართველოში. თბილისი.
- kvira.ge. (2020). კორონავირუსი და სოფლის მეურნეობა – გზამკვლევი აგროსფეროში მთავრობისგან დახმარების მისაღებად. მოპოვებული kvira.ge: http://kvira.ge/562274 -დან
- www.ge.undp.org. (2020). COVID-19 კრიზისის საპასუხოდ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოს სოფლის განვითარებას. მოპოვებული www.ge.undp.org: https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/presscenter/pressreleases/2020/enpard-grant-programme.html?fbclid=IwAR3X68n0KOSE36PnAsUluJ5aYvg6pa2bfu44XM8nITe4_tkWGVu_usNCWdU -დან