მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში და მათი ხელშეწყობის პროგრამები

ავტორის სტილი დაცულია

ქრისტინე გიორგაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  IV კურსის სტუდენტი
qristgiorgadze@gmail.com

ანოტაცია

სტატიის შესავალში საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესზე და მათ როლზე ქვეყნის ეკონომიკაში. ასევე განხილულია სტატისტიკური მონაცემები მსოფლიო პრაქტიკიდან.  სტატიის შემდეგი ნაწილი ეთმობა მცირე და საშუალო საწარმოთა სტატისტიკურ მაჩვენებელთა დინამიკურ ანალიზს საქართველოში.  სტატიის ძირითადი ნაწილი ეთმობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს, მათ შორის პროექტს-„მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და პროგრამას-„აწარმოე საქართველოში“. შემდგომ განხილულია დაფინანსების და ხელშეწყობის პრიორიტეტული მიმართულებები. გვერდს ვერ ავუვლიდი  კოვიდპანდემიის გავლენას ბიზნეს სექტორზე, სწორედ ამიტომ, სტატიის ბოლო ნაწილი ეთმობა პანდემიით განპირობებულ გამოწვევებს და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფოს დახმარების პროგრამებს მეწარმეებისთვის. დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია სტატიის მიზანი და ავტორისეული დასკვნა.

Annotation

The introduction of the article talks about small and medium businesses and their role in the country’s economy. Statistical data from world practice are also discussed. The next part of the article is devoted to the dynamic analysis of statistical indicators of small and medium enterprises in Georgia. The main part of the article is devoted to small and medium business development support programs, including the project – “Small and Medium Entrepreneurship Development and DCFTA in Georgia” and the program – “Produce in Georgia”. Priority areas for funding and promotion are discussed below. I could not ignore the impact of the co-epidemic on the business sector, which is why the last part of the article is devoted to the challenges posed by the pantheon and the state aid programs for entrepreneurs under the anti-crisis plan. The concluding section presents the purpose of the article and the author’s conclusion.

შესავალი

სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ზრდეში.

განვითარებულ ქვეყნებში (მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში), მცირე და საშუალო საწარმოებს მოქმედ საწარმოებში დიდი წილი უკავია, ქმნის სამეწარმეო სექტორის მთლიანი ბრუნვის 50%-ზე მეტს და ყოველი სამი სამუშაო ადგილიდან ორს კერძო სექტორში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში, კომპანიების 99%-ზე მეტს მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენენ და საშუალოდ ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2/3-ს. განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მცირე და საშუალო საწარმოები საწარმოების მთლიანი რაოდენობის 90%-ზე მეტს წარმოადგენენ, თუმცა მათი წილი მშპ-ში ზოგადად საკმაოდ დაბალია – ხშირ შემთხვევაში 20%-ზე ნაკლებია. [1]

საქართველოში მცირე ბიზნესის წინსვლამ შექმნა ეკონომიკის ეფექტიანი განვითარების წინაპირობები და მიგვიყვანა საკუთრების ახალი ფორმების შექმნამდე. საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარება თავიდანვე სტიქიურად დაიწყო და ყოველგვარი რეალური და სახელმწიფოებრივი რეგულირებისა და მხარდაჭერის ქმედითი სისტემის გარეშე მიმდინარეობდა. ამის გამო, მცირე ბიზნესის უდიდესი ნაწილი „ჩრდილოვან ეკონომიკაში“ ფუნქციონირებდა. თანაც ძირითადად მოკლევადიან საქმიანობაზე, სავაჭრო-საშუამავლო სპეკულაციურ ოპერაციებზე იყო ორიენტირებული თითქმის ჩამკვდარი მატერიალური წარმოების ფონზე.

ზოგადი ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში იგივე გამოწვევები დგას, რაც მრავალ განვითარებად ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის მოქმედი საწარმოების უდიდესი ნაწილი, მათი წვლილი მშპ-ში კვლავ ძალიან დაბალია. [1]

საწარმოთა სტატისტიკურ მაჩვენებელთა დინამიკური ანალიზი საქართველოში

მცირე და საშუალოს საწარმოს განმარტება ასე გამოიყურება- საშუალოა საწარმო, რომელშიც წლიურად დასაქმებულია რაოდენობა მერყეობს 20-დან 100 დასაქმებულამდე და რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 1,5 მლნ. ლარს.

მცირეა საწარმო, რომელშიც წლიურად დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 20-მდე დასაქმებულს და რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს. [1]

დღევანდელი მონაცემებით, ბიზნეს სექტორის როგორც ბრუნვაში, ისე გამოშვებაში ყველაზე მაღალი წილი მსხვილ წარმოებებს უკავიათ (ბრუნვაში – 58.8%, გამოშვებაში – 43.7%), თუმცა, საბედნიეროდ, მიმდინარე მონაცემები გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, რომ საშუალო და მცირე ბიზნესის უფრო დინამიური, სწრაფი განვითარების ხარჯზე მსხვილი ბიზნესის წილი თანდათან კლებულობს და შესაბამისად, იზრდება როგორ მცირე, ასევ საშუალო ბიზნესის წილი. კერძოდ, პროდუქციის მთლიან გამოშვებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილად მოვიდა მთელი მატების 82.2%, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის მატების ტემპი 3.5-ჯერ აღემატებოდა მსხვილი ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის მატების ტემპს, მათ შორის კი მხოლოდ მცირე ბიზნესისა (16.7%)– ანუ 4.5-ჯერ. ამასთანავე, შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელი (პროდუქციის გამოშვება ერთ დასაქმებულზე) მსხვილ წარმოებაში 1.4-ჯერ აღემატება მცირე და საშუალო საწარმოების ანალოგიურ მაჩვენებელს. [2]

გრაფიკი1: ბიზნეს სექტორის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი საწარმოთა ზომების მიხედვით.

წყარო:https://www.geostat.ge/media/33307/საწარმოთა-საქმიანობის-შედეგები-%282020-წლის-II-კვარტალი%29.pdf

როგორც გრაფიკიდან ჩანს 2020 წლის მეორე კვარტალში მსხვილი ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო და მცირე ბიზნესის ბრუნვებს ერთად, რაც შეეხება მათი პროდუქციის გამოშვებებს, აქ სხვაობა საგრძნობლად დიდი არ არის.

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტის მიზანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური და მარეგულირებელი გარემოს რეფორმების მხარდაჭერა, კერძოდ,  მცირე და საშუალო მეწარმეობის შესაძლებლობათა გაძლიერების კუთხით, რათა გაიზარდოს ამ სექტორის კონკურენტუნარიანობა და უზრუნველყოფილ იქნას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან მისი ადაპტირება. პროექტი მოამზადებს ნიადაგს მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერებისთვის საქართველოში ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. პროექტი მოიცავს ოთხ კომპონენტს:

კომპონენტი 1: მეწარმეობის განვითარების ჩარჩო პირობების გაუმჯობესება და მცირე და საშუალო მეწარმეების მონაწილეობა პოლიტიკურ დიალოგში.

კომპონენტი 2: მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარება.

კომპონენტი 3: მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ეროვნულ, სექტორულ და ადგილობრივ დონეზე ბიზნესკლასტერების განვითარებისა და ბიზნექსელების მხარდაჭერის გზით.

კომპონენტი 4: ბიზნესკლასტერების და ქსელების ინტეგრირება ევროკავშირში მოქმედ შესაბამის ქსელებში, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარებაზე, ინვესტირებასა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე.

პროექტი ხელს უწყობს ბიზნეს საზოგადოების, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების, ინფორმირებულობის გაზრდას DCFTA-ს შესახებ. მისი მხარდაჭერით შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს DCFTA.gov.ge ვებგვერდი და დაარსდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრები. [3]

მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის, განვითარების და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდის მხარდაჭერისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში, 2014 წლის თებერვალში შეიქმნა ორი უწყება – მეწარმეობის განვითარების სააგენტო და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.  მეწარმეობის განვითარების სააგენტო: წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების ერთადერთ მაკოორდინირებელ სტრუქტურას საქართველოში.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო: წარმოადგენს ცოდნასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერ ძირითად უწყებას. სააგენტოს მთავარი მიზნებია: ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია; ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, კვლევისა და განვითარების (R&D) სტიმულირება, მათი კომერციალიზაციის და გამოყენების ხელშეწყობა.

საქართველოში მოქმედებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერის რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია.

მეწარმეთა მხარდამჭერი პროგრამებიდან გამორჩეულია ყველასთვის კარგად ცნობილი პროგრამა- „აწარმოე საქართველოში“: პროგრამა ითვალისწინებს ინდუსტრიული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას, ახალი საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების ხელშეწყობას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას ფინანსებზე, უძრავ ქონებასა დატექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით. 2015 წელს, „აწარმოე საქართველოში“ დაემატა ორი ახალი მიმართულება: ა) სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ფრანჩაიზის ხარჯების დაფინანსებას და ბ) კინო-ინდუსტრიის ხელშეწყობა. 2015 წლიდან დაიწყო „აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულება, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულება ითვალისწინებს ორ კომპონენტს: ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. [4]

პროგრამის ფარგლებში ბევრმა დამწყებმა მეწარმემ მიიღო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, კარგ მაგალითად გამოდგება  Gulfood 2021 გამოფენაში ქართული ფირმების მონაწილეობა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით,  2021 წლის 21-25 თებერვალს, ქართული კომპანიები – Gulfood 2021 გამოფენაში იღებენ მონაწილეობას.

პანდემიით გამოწვეული ერთ წლიანი პაუზის შემდეგ გამოფენა – Gulfood 2021 არის პირველი საერთაშორისო ფიზიკური ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იღებს მონაწილეობას.

ასევე აღსანიშნავია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური დახმარებით შემუშავდა ქართული აგროსასურსათო ვიზუალური იდენტიფიკაცია – ლოგო, რომელიც პირველად არის წარმოდგენილი აღნიშნულ გამოფენაზე.

გამოფენა ტრადიციულად ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.

“აწარმოე საქართველოში” სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას იღებს 14 ქართული კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდა სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.

ქართულ დელეგაციას მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს წარდგენილი. კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის) და ჩაის პროდუქტები. [5]

ხელშეწყობისთვის პრიორიტეტული სექტორების განსაზღვრა

სექტორული პრიორიტეტების მართებულად განსაზღვრა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.  გავაანალიზოთ  საქართველოს რვა უმსხვილეს სექტორი: სოფლის მეურნეობა, წარმოება, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, განთავსება/კვება, ფინანსები და უძრავი ქონება. პირველ რიგში გავეცნოთ სექტორების პროდუქტიულობას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შექმნისა და დასაქმებულთა რაოდენობის ჭრილში. ყველაზე მეტი ღირებულების მშპ იქმნება ვაჭრობის სექტორში, ხოლო ყველაზე ცოტა – განთავსება/კვების სექტორში. დასაქმების კუთხით ყველაზე ბევრი ადამიანი დასაქმებულია სოფლის მეურნეობის სექტორში, ხოლო ყველაზე ცოტა  დასაქმებულია უძრავი ქონების სექტორში. რათა გავიგოთ თუ რომელი სექტორი უნდა იყოს ჩვენთვის პრიორიტეტული. ამისთვის ჩვენ შევიმუშავეთ სექტორული ეფექტიანობის ინდექსი. ჩვენი ინდექსი ითვალისწინებს თუ  რამდენად დიდი წვლილი შეაქვს ამა თუ იმ სექტორს ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობაში ამჟამად და თუ რა პოტენციალი გააჩნია მას სამომავლოდ.

სექტორული ეფექტიანობის ინდექსი ზომავს მაკრო და მიკრო ფაქტორების კომბინაციას შემდეგი პროპორციით:

ა) სექტორში შექმნილი მშპ-ს რაოდენობა – წონა 20%;

ა) სექტორში შექმნილი მშპ-ს რაოდენობა – წონა 20%;

ბ) სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა – წონა 20%;

გ) სექტორში საქონლის/მომსახურების მოხმარება სხვა სექტორებიდან – წონა 20%;

დ) სექტორიდან საქონლის/მომსახურების მიწოდება სხვა სექტორებზე – წონა 20%;

ე) სექტორში მოქმედი კომპანიების ეფექტიანობის ხარისხი – წონა 20%:

ე.ა) სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ გამომუშავებული წმინდა მოგება – წონა 5%;

ე.ბ) სექტორში მოქმედი კომპანიების საშუალო ზომა – წონა 5%;

ე.გ) სექტორში მოქმედი კომპანიების მომგებიანობა აქტივებზე ამონაგების კუთხით – წონა 5%;

ე.დ) სექტორში მოქმედი კომპანიების მომგებიანობა კაპიტალზე ამონაგების კუთხით – წონა 5%.

საქართველოსთვის პრიორიტეტული და ნომერ პირველი დარგი წარმოების სექტორი უნდა იყოს. [6]

პანდემიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე

კოვიდპანდემიამ მეტ-ნაკლები ზარალი მიაყენა მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებს. კვლევაში – „ქართული კომპანიები Covid-19-ის პანდემიის გამოწვევის წინაშე“ გაანალიზებულია პანდემიის გავლენა საქართველოს ბიზნეს სექტორზე აქედან ჩვენთვის პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესი.

კვლევა ცხადყოფს, რომ მოთხოვნის შემცირება არის COVID-19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა. მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება. უკვე არსებული შემოსავლის შემცირებისგან განსხვავებით, შედარებით პოზიტიურია ბიზნესის მოლოდინები სამომავლო შემოსავლებთან დაკავშირებით – გამოკითხულთაგან დაახლოებით ნახევარი ელოდება წინა პერიოდთან შედარებით შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას. ამ შემთხვევაშიც ყველაზე ნეგატიური პროგნოზი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში იკვეთება. მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა (ფულადი მოთხოვნების შეგროვების პრობლემა) და ზოგადად მომხმარებელთა ქცევის შეცვლამ, კომპანიების ლიკვიდობის პრობლემა გამოიწვია. გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები არსებული ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ნახევარს აღნიშნული გამოწვევები 1-6 თვის განმავლობაში შეექმნება, ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 15% გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას. მოთხოვნის შემცირების და ლიკვიდობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუხდათ. გამოკითხული საწარმოების 50%-ზე მეტმა სხვადასხვა მასშტაბით უკვე შეამცირა დასაქმებულთა ოდენობა. მათ შორის ყველაზე დიდი შემცირებები სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში შეინიშნება – აღნიშნულ სექტორში კომპანიების 40%-ზე მეტმა გაათავისუფლა ყველა დასაქმებული. ამ თვალსაზრისით სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა. პანდემიის სამომავლო განვითარების გარშემო არსებული გაურკვევლობის გამო, ბიზნესის მოლოდინებიც ასევე ემთხვევა არსებული სიტუაციის შეფასებას. პანდემიის გავრცელებასთან ერთად კომპანიების უმეტესობა დამატებითი დაფინანსების მოძიების გამოწვევის წინაშე დადგა. გამოკითხულთა 79%-ს ესაჭიროება დამატებითი დაფინანსება, მაგრამ ამ ეტაპისთვის გამოკითხული კომპანიების 85%-ს ჯერ არ მიუმართავს ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად. ხოლო იმ სეგმენტისგან, რომელმაც უკვე მიმართა ფინანსურ ინსტიტუტებს დიდ ნაწილს უარი ეთქვა დაფინანსებაზე. ამ სეგმენტში გამონაკლისს წარმოადგენენ დიდი ზომის კომპანიები, რომელთა 42%-მა მიიღო დაფინანსება, 36% ელოდება პასუხს ბანკის მხრიდან, ხოლო 22%-ს ეთქვა უარი დაფინანსებაზე. [7]

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა პოსტკოვიდური კრიზისის შესარბილებლად

როგორც უკვე აღვნიშნე კოვიდპანდემიამ უამრავი მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარა. სახელმწიფომ მათ დასახმარებლად ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიმუშავა ბიზნესისი მხარდაჭერის პაკეტი, რომლისთვისაც გამოყო 515 მლნ ლარი. პროგრამა მოიცავს შემდეგ დახმარებებს:

  • საშემოსავლო გადასახადის შეღავათი – 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა: 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი – 260 მლნ ლარი.
  • ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის – ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი – 45 მლნ ლარი;
  • 2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა – განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი – 20 მლნ ლარი;
  • გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 3700 კომპანია;
  • მიკრო გრანტების პროგრამა – მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნესპროექტს დააფინანსებს (2020 წლის პროგრამა). ბიუჯეტი – 40 მლნ ლარი;
  • საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი – 100 მლნ ლარი;
  • საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში. [8]

დასკვნა

სტატიის მიზანს წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის როლის შეფასება ქვეყნის ეკონომიკაში და მათი მხარდამჭერი პროგრამების განსაზღვრა. თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოვიდპანდემიის პირობებში, რადგან პანდემიამ ძალიან ბევრი მცირე და საშუალო მეწარმე დააზარალა ფინანსურად.  დავდექით იმ მოცემულობის წინაშე, რომ მცირე და საშუალო მეწარმეები  იძულებულნი გახდნენ  დაეთხოვათ თანამშრომელთა ნაწილი ან შეემცირებინათ ხელფასები, ნაწილმა კი არსებული რეგულაციების პირობებში დროებით შეაჩერა საქმიანობა.

ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ უამრავი რეფორმა  განახორციელა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშესაწყობად. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა არის „აწარმოე საქართველოში“, რომელიც უამრავ დამწყები მეწარმისთვის აღმოჩნდა შანსი ხორცი შეესხა  თავიანთი ბიზნეს იდეებისთვის.

ზოგადი ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში იგივე გამოწვევები დგას, რაც მრავალ განვითარებად ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის მოქმედი საწარმოების უდიდესი ნაწილი, მათი წვლილი მშპ-ში კვლავ ძალიან დაბალია. საქართველოს მთავრობა ეკონომიკური განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე და საშუალო მეწარმეობას და მიზნად ისახავს სამეწარმეო გარემოს შემდგომ სრულყოფას, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების ზრდას და განვითარებას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. http://gov.ge/files/439_54422_706524_100-1.pdf
  2. https://openscience.ge/bitstream/1/798/1/samagistro%20pataraidze%20salome.pdf
  3. http://www.dcfta.gov.ge/ge/international
  4. http://gov.ge/files/439_54422_706524_100-1.pdf?fbclid=IwAR0FsVL3b5ndzSYw1WT1bB2jZWdygQqolDfaX92hj3KFCh7Cb-2NDAjSL-I
  5. http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/სიახლეები/აწარმოე-საქართველოში-მხარდაჭერ-7
  6. https://forbes.ge/news/8595/romeli-seqtori-unda-iyos-saqarTveloSi-prioriteti?
  7. https://www.pwc.com/ge/en/assets/pdf/may-2020/Georgia_Covid-19_survey_Report_Final_Georgian_21.05.20.pdf
  8. https://stopcov.ge/ka/daxmarebebi