ეკონომიკური რყევები
ავტორის სტილი დაცულია
ჩაჩუა ნინო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
nino.chachua857@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
მაკროეკონომიკაში გაუთავებელი დავაა იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია მთავრობას ეკონომიკის სტაბილიზაცია. ცხადია, მას არ შეუძლია, სრულად გააკონტოლოს ეკონომიკა, ამიტომაც ხშირია მკაცრი რეცესიები და ინფლაცია, მაგრამ, რადგან მთავრობა აკონტროლებს მთლიანი დანახარჯების დიდ ნაწილს და მიმოქცევაში დაბანდებული ფულის რაოდენობას, მან უნდა გაითავისოს ეკონომიკურ ციკლზე საკუთარი გავლენის შესაძლებლობა. ის ამ შეგნებით ატარებს კიდევაც გარკვეულ ღონისძიებებს, როდესაც ეკონომიკა რეცესიის საფრთხის ქვეშ დგება.
მოცემულ სტატიაში საუბარია ეკონომიკური რყევების გამომწვევ მიზეზებზე; ასევე განხილულია ეკონომიკური რყევების კატეგორიები; მოყვანილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ამ საკითხთან დაკავშირებით, ფაქტები განხილულია აშშ-ს მაგალითზე თანდართული ეკონომიკური კრიზისის ფონზე; სტატიაში ასევე განხილულია ეკონომიკური ციკლის ფაზები, დიდი ყურადღება ეთმობა ასევე კრიზისისგან თავის დაღწევის მექანიზმების განხილვას. შექმნილი პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებლის ცვლილება და მოცემულია მოსალოდნელი პროგნოზები; სტატიის ბოლო ნაწილი ეთმობა საქართველოში დაფიქსირებულ ტენდენციებს და მოსალოდნელ პროგნოზებს.
Annotation
There is an endless debate in macroeconomics about whether the government will be able to stabilize the economy. Clearly, it cannot fully control the economy, so strict prescriptions and inflation are common, but because the government controls a large portion of total spending and reviews contaminated money if it is possible to influence it. He conducts even some activities with this collection when the economy is in danger of recession.
This article discusses the causes of economic fluctuations; Categories of economic fluctuations are also discussed; Given some important facts about economic fluctuations, the facts discuss the US difficulties in the context of the accompanying economic crisis; The article also discusses the phases of the economic cycle, with great emphasis also on the mechanisms for escaping the crisis. A pandemic experience has been established as several important indicators change and the expected predictions are given; The last part of the article is dedicated to the observed trends and expected forecasts in Georgia.
ეკონომიკური რყევების არსი და გამომწვევი მიზეზები
ეკონომიკაში საქმიანი ციკლი შეიძლება აიხსნას, როგორც ეკონომიკური აქტივობის პერიოდული რყევები, ანუ ეკონომიკის აღმავლობის, გაფართოების, ვარდნის და გამოცოცხლების პროცესების თანმიმდევრული განმეორებადობა, თანმიმდევრული ცვლა.
მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში შეიმჩნევა ეკონომიკის საგრძნობი ზრდა, ცხოვრების დონის ამაღლება. მაგრამ გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას პერიოდულად თან ახლდა და ახლავს ეკონომიკური არასტაბილურობა, რაც გამოიხატება წარმოების მკვეთრი დაქვეითებით. ეკონომიკურმა აღმავლობამ შეიძლება განაპირობოს ეკონომიკური დაქვეითება, ანუ ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც მოჰყვება მშპ-ს, დასაქმებისა და მოსახლეობის რეალური შემოსავლის შემცირება; შესაძლებელია ამ პროცესების პერიოდული განმეორება. მაკროეკონომიკა მთელ ეროვნულ ეკონომიკას მოიცავს და მაკროეკონომიკური განვითარება ტალღისებური რყევების სახით ხორციელდება. ეკონომიკური მერყეობა წარმოადგენს მაკროეკონომიკის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელთა გადახრას მათი მდგრადი მდგომარეობიდან (მოძრაობის ტრაექტორიიდან), ამგვარ გადახრებს ადგილი ჰქონდა წარსულში და მომავალშიც ექნება. მათი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს საერთაშორისო მოვლენები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ეკონომიკური პირობების ცვლილებები, ომები, ტექნოლოგიური ცვლილებები.
ეკონომიკური რყევების კატეგორიები
ეკონომიკური რყევები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი მასშტაბებითა და ვადიანობით; ამ ნიშნით ისინი შეიძლება დავყოთ შემდეგ კატეგორიებად [1]:
1. მოკლევადიანი;
2. საშუალოვადიანი;
3. გრძელვადიანი.
მოკლევადიანი ეკონომიკური რყევები ასახავს ეროვნული წარმოების მოცულობის, სამუშაო ძალის დასაქმებისა და ფასების დონის შედარებით მცირე მასშტაბისა და ხანგრძლივობის ცვლილებებს. ასეთი მერყეობები გამოწვეულია მაგ., სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრის კონიუნქტურის სეზონური ცვალებადობით.
საშუალოვადიანი ეკონომიკური რყევები ნიშნავს მნიშვნელოვან გადახრებს წონასწორობის მდგომარეობიდან ეროვნულ მეურნეობაში, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნულ ეკონომიკურ უსაფრთხოებას.
გრძელვადიანი ეკონომიკური რყევები ხასიათდება წარმოების ძალიან დიდი აღმავლობებითა და დაცემებით. მეცნიერული დაკვირვების თანახმად, ასეთი რყევა მეორდება, დაახლოებით, ყოველი ორმოცდაათი წლის შემდეგ. ტალღისებურ რყევებს ექვემდებარება ეროვნულ მეურნეობაში გადამწყვეტი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების მახასიათებელი შემდეგი ძირითადი მაჩვენებლები: წარმოებისა და შემოსავლის მოცულობა მთლიანად ქვეყანაში (მშპ და ეროვნული შემოსავალი); ფასების დონე ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბით; სამუშაო ძალის დასაქმება. ამ ძირითად მაჩვენებლებზე დიდად არის დამოკიდებული შემდეგი წარმოებული ცვალებადი სიდიდეები: მთლიანი მოგების მოცულობა ეროვნულ მეურნეობაში (დამოკიდებულია წარმოების მოცულობასა და ფასების დონეზე), სასესხო სარგებლის ნორმა (დამოკიდებული მოგების ნორმასა და ფასების დონეზე).
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ეკონომიკური რყევების შესახებ
იმის გასაგებად, თუ რა გავლენას ახდენს ეკონომიკური რყევები სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, შეგვიძლია განვიხილოთ მათი ზოგიერთი მნიშვნელოვანი თვისება. ეკონომიკური რყევების შესახებ გამოვყოთ სამი ძირითადი ფაქტი [2] (განახლებულია 26 ივნისს, 2020 (გამოქვეყნებულია 14 დეკემბერს, 2019)):
1) ეკონომიკური რყევები არარეგულარული და არაპროგნოზირებადია;
ეკონომიკური რყევები აღწერს ეკონომიკის აღზევებასა და ვარდნას. როდესაც ეკონომიკა იზრდება, ბიზნესიც შეიძლება გაიზარდოს და უფრო მეტი მოგების მომტანი გახდეს. ამის საპირისპიროდ, როდესაც ეკონომიკის ზრდა ნელდება, ფირმები ნაკლებ შემოსავალს იღებენ და მოგება იკლებს. ამ რყევებს ხშირად ბიზნეს ციკლებს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი გარკვეულწილად რეგულარული და პროგნოზირებადი შინაარსის მატარებელია, სინამდვილეში, არავინ იცის როდის და რამდენად შეიცვლება ეკონომიკური მდგომარეობა. მაგალითად, როდესაც აშშ-ს მშპ-ს მდგომარეობას 1960-დან 2019 წლამდე პერიოდში ვაანალიზებთ, ვხედავთ, რომ ის წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება (დიაგრამა 1). ამასთან, თუ კარგად დავაკვირდებით, ასევე შეგვიძლია დავინახოთ, რომ საერთო ზრდის მიუხედავად, მოკლევადიან პერიოდში რამდენიმე რეცესია დაფიქსირდა. როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე რეცესია (ანუ დეპრესია) იყო 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი.
დიაგრამა 1. აშშ-ს მშპ 1960-2019 წლებში
წყარო: https://quickonomics.com/three-key-facts-about-economic-fluctuations/
ამასთან, ბოლო 60 წლის განმავლობაში, ფინანსური კრიზისის გარდა, ადგილი ჰქონდა კიდევ რამდენიმე რეცესიას: ნავთობის კრიზისი 1973 წელს, ენერგეტიკული კრიზისი 1981 წელს, ნავთობის ფასების შოკი 1990 წელს. როგორც ვხედავთ, რეცესიებს შორის დროის შუალედი და მათი სიდიდე საკმაოდ განსხვავებულია. ამრიგად, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის მოხდება შემდეგი რეცესია.
2) მაკროეკონომიკური ღონისძიებების უმეტესობა ერთად იცვლება;
უმეტეს შემთხვევაში, ეკონომისტები რეალურ მშპ-ს იყენებენ ეკონომიკური ცვლილებების გასაზომად. ამის მიზეზი არის ის, რომ ეს მაჩვენებელი ეკონომიკური საქმიანობის ყველაზე სრულყოფილი საზომია. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, მაკროეკონომიკური ინდიკატორების უმეტესობა, რომლებიც ზომავს შემოსავალს, ხარჯვას ან წარმოებას, მჭიდრო კორელაციაშია ერთმანეთთან. განვიხილოთ ისევ აშშ-ს მაგალითი დიაგრამა 2-ის მეშვეობით, სადაც მოცემულია აშშ-ს მიერ დადგენილი კორექტირებული წმინდა ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 1970 წლიდან 2019 წლამდე.
დიაგრამა 2. აშშ-ს მიერ დადგენილი კორექტირებული წმინდა ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, 1970-2019
წყარო: https://quickonomics.com/three-key-facts-about-economic-fluctuations/
როგორც ხედავთ, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა მჭიდრო კორელაციაშია ს მშპ-ს განვითარებასთან. როდესაც ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, ფირმებს საბოლოოდ უწევთ მუშათა დათხოვნა. შედეგად, უფრო მეტი ადამიანი რჩება სამუშაოს გარეშე და იზრდება უმუშევრობის დონე.
3) გამოშვების შემცირებისთანავე იზრდება უმუშევრობა.
უმუშევრობა მჭიდრო კავშირშია ეკონომიკაში წარმოებულ პროდუქტსა და მომსახურებასთან. მარტივად რომ ვთქვათ, ფირმა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ასეულ ერთეულს აწარმოებს, ჩვეულებრივ, უფრო მეტ მუშაკს დაიქირავებს, ვიდრე ფირმა, რომელიც რამდენიმე ათას ერთეულს აწარმოებს. ამრიგად, სხვა მაკროეკონომიკური საზომებისგან განსხვავებით, უმუშევრობის დონე უარყოფით კორელაციაშია (დამოკიდებულებაშია) მშპ-სთან. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ქვეყნის მშპ მცირდება, იზრდება უმუშევრობის დონე და პირიქით.
დიაგრამა 3. უმუშევრობის დონე (%) და მშპ
წყარო: https://quickonomics.com/three-key-facts-about-economic-fluctuations/
ეკონომიკური ციკლის ფაზები და ეკონომიკური არასტაბილურობის კონტროლის მექანიზმები
ეკონომიკური აღმავლობისა და დაქვეითების მონაცვლეობას ეკონომიკურ ციკლს უწოდებენ. ეკონომიკური ციკლები პერიოდულად მეორდება დროითი მომენტის გათვალისწინებით. მიუხედავად ცალკეული ეკონომიკური ცილკების განსხვავებული ხანგრძლივობისა და ინტენსიურობისა, არც ერთი ციკლი ზუსტად არ იმეორებს მეორეს; იგი წარმოადგენს მაკროეკონომიკის წრიულ მოძრაობას, რომელშიც თანმიმდევრულად მეორდება შემდეგი ოთხი ფაზა[1]:
1. კრიზისი (დაქვეითება),
2. დეპრესია (ფსკერი),
3. აღმავლობა (გამოცოცხლება),
4. ბუმი (პიკი).
ამრიგად, ეკონომიკური ციკლი არის პერიოდი ერთი კრიზისიდან მეორემდე ან ერთიდან – შემდგომ ბუმამდე. საშუალოდ, დაახლოებით, ხუთი წელი გადის ერთი კრიზისის დაწყებიდან მეორემდე ან ერთიდან – შემდგომ ბუმამდე.
ეკონომიკური არასტაბილურობის, უფრო კონკრეტულად, ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის რამდენიმე გზა არსებობს [3] :
- ფისკალური პოლიტიკა – როდესაც მთავრობა გავლენას ახდენს მოთხოვნაზე ხარჯების ან გადასახადების შეცვლით.
- მთავრობის ინვესტიციები ახალ ინფრასტრუქტურაში (მაგ. New Deal 1930-იან წლებში) ხელს უწყობს მოთხოვნის სტიმულირებას და ქმნის სამუშაო ადგილებს.
- საშემოსავლო გადასახადის შემცირება – მუშების განკარგვადი შემოსავლის გაზრდა, დახარჯვის სტიმულირება.
- მონეტარული პოლიტიკა – როდესაც ცენტრალური ბანკი ახდენს გავლენას ფულის მოთხოვნასა და მიწოდებაზე.
- საპროცენტო განაკვეთების შემცირება – აადვილებს სესხებას და ზრდის ფირმებისა და შინამეურნეობების განკარგვად შემოსავალს – რაც უფრო მაღალ ხარჯვას იწვევს.
- რაოდენობრივი შემსუბუქება – როდესაც ცენტრალური ბანკი ქმნის ფულს და ყიდულობს ობლიგაციებს ობლიგაციების მოსავლიანობის შესამცირებლად;
- ვერტმფრენის ფული (Helicopter money) – როდესაც ცენტრალური ბანკი ქმნის (ბეჭდავს) ფულს და ყველას აძლევს ეკონომიკაში.
- მიწოდების მხარის პოლიტიკა (Supply-side policies)– გრძელვადიანი პოლიტიკა ეკონომიკაში პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
- თავისუფალი ბაზრის მიწოდებასთან დაკავშირებული პოლიტიკა – მთავრობის ინტერვენციის შემცირება ეკონომიკაში, მაგ. უფრო დაბალი გადასახადები;
- ინტერვენციონისტული პოლიტიკა – მთავრობის ხარჯები განათლებასა და ტრენინგებზე.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების პროგრამა – IMF იძლევა ფულს ნდობის დაკარგვის შესაჩერებლად და სტრუქტურული კორექტირების პოლიტიკის განსახორციელებლად, მაგ. გადასახადების უკეთ შეგროვება, პრივატიზაცია, ფასების ლიბერალიზაცია.
- ინდუსტრიების / ბანკების მთავრობის დახმარება. ფინანსური სექტორების ნდობის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.
დაქვეითება (კრიზისი) მთავრდება მეორე ფაზით _ დეპრესიით . დეპრესიის პერიოდში ეკონომიკა ციკლის ყველაზე დაბალ წერტილს (ფსკერს) აღწევს, სადაც იქმნება პირობები კრიზისიდან გამოსასვლელად; საწარმოთა უმრავლესობა არასრული სიმძლავრით მუშაობს ან საერთოდ გაჩერებულია; უმუშევრობა მაღალ დონეზეა; უმნიშვნელო მოთხოვნის გამო იზრდება თავისუფალი ფულადი კაპიტალის მოცულობა და მინიმუმამდე მცირდება საბანკო სარგებლის განაკვეთი. საქონლისა და მომსახურების მიწოდება წყვეტს მოთხოვნაზე გადაჭარბებას; საქონლის გამოშვების შეწყვეტა კი ამცირებს მათ მიწოდებას მოთხოვნის დონემდე; ეკონომიკის მომგებიანობა რჩება დაბალ დონეზე; მცირდება ფასები წარმოების საშუალებებზე და იაფდება კრედიტი, რაც ხელს უწყობს გაფართოებული კვლავწარმოების აღდგენას ახალ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საფუძველზე.
გარკვეული დროის შემდეგ ეკონომიკა იწყებს გაჯანსაღებას და შედის საქმიანი აქტივობის ციკლის რიგით მესამე აღმავლობის (გამოცოცხლების) ფაზაში. აღმავლობის პერიოდში წარმოება და, შესაბამისად, მიწოდება ფართოვდება კრიზისამდელ დონემდე; სასაქონლო მარაგების მოცულობა დგინდება ბაზრის შეუფერხებელი მომარაგებისთვის აუცილებელ დონეზე; იწყება საბაზრო ფასების ამაღლება, რაც გამოწვეულია სყიდვისუნარიანი მოთხოვნის გადიდებით; იზრდება სამუშაო ძალის დასაქმება, იზრდება მოთხოვნა ფულად კაპიტალზე და საბანკო სარგებლის განაკვეთი, რასაც თან მოჰყვება კაპიტალის მომგებიანობის დონის ამაღლება. აღმავლობის ფაზა, ჩვეულებრივ, სულ ცოტა, სამ წელს გრძელდება ხოლმე; თუმცა ყველაზე ხანგრძლივი აღმავლობა აშშ-ს ისტორიაში 1921 წელს დაიწყო და 2000 წლის ბოლომდე გაგრძელდა.
ბოლოს დგება მეოთხე _ ბუმის (პიკის) ფაზა. ამ პერიოდში ეკონომიკა ყვავის. საქონლის გამოშვება აჭარბებს კრიზისამდელ დონეს და სამუშაო ძალის დასაქმება სწრაფად იზრდება; სყიდვისუნარიანი მოთხოვნის გაფართოებას მოსდევს საქონელზე ფასების სპეკულაციური ზრდა. დიდდება მოთხოვნა საკრედიტო საშუალებებზე და, შესაბამისად, იზრდება საბანკო სარგებლის განაკვეთი, საგრძნობლად მაღლდება წარმოების მომგებიანობა. ამრიგად, ბუმის დროს საწარმოთა ინვესტიციებისა და მომხმარებელთა ხარჯების დონე ყველაზე მაღალია, მიუხედავად ამისა, ვინაიდან ეკონომიკა სრული ან თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს და საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა დიდდება, იზრდება ფასებიც და, შესაბამისად, მომგებიანობაც [1].
პანდემიის გავლენა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე; მომდევნო 10 წლის პროგნოზი
კონგრესის საბიუჯეტო ოფისის (CBO) უახლესი მონაცემების თანახმად, შრომის ბაზარზე კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან მიყენებული ზარალის აღდგენას (განახლებას) მინიმუმ ათწლეული სჭირდება.
CBO-ს განახლებული შეფასება ამერიკის ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ 2020-დან 2030 წლამდე ითვალისწინებს პანდემიის შედეგებს და ხაზს უსვამს მის მიერ გამოწვეულ მძიმე ეკონომიკურ ზიანს. CBO ელოდება, რომ უმუშევრობის დონე 2030 წლისთვის დარჩება წინა წლის მაჩვენებლის დონეზე.
CBO– ს შეფასებით, უმუშევრობის დონე 2020 წლის მესამე კვარტალში 14.1 პროცენტს მიაღწევს და 2028 წლამდე სტაბილურად შემცირდება. დიაგრამა 4-ის მიხედვით პროგნოზის ბოლოს, უმუშევრობა სტაბილური იქნება 4.4 პროცენტულ დონეზე, ანუ 0.7 პროცენტული პუნქტით მეტი, ვიდრე 2019 წელს [4].
დიაგრამა 4. უმუშევრობის დონე, პროგნოზი 2020-2030; 2020, ივლისი
CBO ელის, რომ 2020 წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გაძლიერდება წლის ბოლოს და გააგრძელებს სტაბილურ ზრდას 2021 წლის განმავლობაში. რეალური მშპ (ინფლაციაზე მორგებული) 4,0 პროცენტით გაიზრდება 2021 წელს. 2023-დან 2030 წლამდე CBO-ს პროექტირების თანახმად, ეკონომიკა კიდევ უფრო აღდგება და მდგრადი, მაგრამ დაბალი ზრდა იქნება, ყოველწლიურად 2,1 პროცენტით (დიაგრამა 5).
დიაგრამა 5. რეალური მშპ-ს ზრდა, პროგნოზი 2020-2030; 2020, ივლისი
ინფლაცია, რომელიც იზომება სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით ქალაქის ყველა მომხმარებელზე, მოსალოდნელია, რომ თანდათან გაიზარდოს 2020 წლის 0.9 პროცენტიდან 2025 წელს 2.3 პროცენტამდე (დიაგრამა 6). საპროგნოზო პერიოდისთვის ის 2.2 პროცენტზე შენარჩუნდება. CBO ელოდება, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა შეინარჩუნებს სამიზნე მაჩვენებელს სტაბილურად მთელი პერიოდის განმავლობაში.
დიაგრამა 6. ინფლაციის დონე, პროგნოზი 2020-2030; 2020, ივლისი
ეკონომიკური ტენდენციები და პროგნოზები საქართველოში
ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების გაგრძელებისა და კოვიდ-19-ის შედეგების ფონზე, 2020 წელს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნულს შეადგენს. გაუმჯობესებას ადგილი ექნება 2021 წელს, მოთხოვნისა და უცხოური ინვესტიციების ზრდის შედეგად. 2019 წელს შემცირების შემდეგ, 2021 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმპორტის შემცირების გაგრძელების ფონზე. ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა ბიძგს მისცემს ბიზნესის განვითარებას[5].
პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდეგ საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება (დიაგრამა 7), მოსალოდნელია აღმასვლა ტურიზმში, კერძო მოხმარებაში, ინვესტიციებსა და ექსპორტში [აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიში].
კოვიდ-19-ის შესაკავებლად გატარებულმა შეზღუდვებმა კერძო ინვესტიციები 1.9%-ით შეამცირა. საჯარო მოხმარების მცირედი, 0.9%, ხოლო სახელმწიფო ინვესტიციების 0.8%-ით კლება შეინიშნა. ასევე მოსალოდნელია კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების მატება ფისკალური მასტიმულირებელი პაკეტის კვალდაკვალ, რაც მშპ-ს 7.5%-ს შეადგენს.
დიაგრამა 7. მშპ-ს ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის; (2020, აპრილი)
წყარო: https://www.adb.org/ka/news/georgias-economy-recover-covid-19-impact-2021-45-growth-adb
2020 წლის პირველ ნახევარში, ინფლაცია გასული წლის 3.6%-თან შედარებით გაიზარდა და 6.4% შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა ფასების ინდექსი: 13.6%-ით კვების პროდუქტებზე, 4.3%-ით სხვა საქონელსა და 2.2%-ით მომსახურებაზე. საბაზო ინფლაციამ 6.6%-ს მიაღწია და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10.1%-ით გაიზარდა. შემომავალი ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირების გამო ლარი გასულ წელთან შედარებით 4.4%-ით გაუფასურდა, თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩაერია და ვარდნის შესარბილებელი ოპერაციები განახორციელა[აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიში, მონაცემები განახლებულია სექტემბრის თვის მონაცემების მიხედვით].
საქართველოს საგარეო პერსპექტივები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის სავაჭრო პარტნიორებთან განვითარებულ მოვლენებზე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020 წელს კიდევ უფრო შემცირდება და მშპ-ის 4.4.%-ს შეადგენს, ხოლო 2021 წელს 4.2%-ს, რადგან იმპორტის უწყვეტი კლება და ნავთობზე ფასების ვარდნა სავაჭრო დეფიციტის შემცირებას გამოიწვევს [6].
ექსპორტის ზრდა 2021 წელს 11.9%-ითაა ნავარაუდევი, ხოლო მოკრძალებული შიდა ექსპანსია და შედარებით მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იმპორტს 2021 წელს 7.0%-ით გაზრდის.
ეკონომიკური ზრდის რისკებს წარმოადგენს სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკების მოსალოდნელზე მეტად შენელება, სუსტი შიდა მოთხოვნა, ტურიზმის სფეროს ზრდის შეფერხება და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე გამკაცრებული ლიკვიდურობა, რაც ნაწილობრივ კოვიდ-19-ის გავლენის შედეგია.
დასკვნა
ეკონომიკური აქტივობა დროთა განმავლობაში იცვლება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის უმეტესი ნაწილი გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდას განიცდის, შეიძლება არსებობდეს წლები, როდესაც ეს ზრდა შენელდება ან საერთოდ არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობები მაქსიმალურად ცდილობენ თავიდან აიცილონ ეკონომიკური ვარდნა, ამ რყევების თავიდან აცილება შეუძლებელია. ისინი გვხვდება ყველა ქვეყანაში და მეორდება მთელი ისტორიის განმავლობაში.
საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზარალი განიცადა მსოფლიო ეკონომიკამ პანდემიის პირობებში. მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანამ ინოვაციური ციფრული სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა მთავრობას შეუძლია მეტად სანდო და ეფექტიანი გახადოს ელექტრონული კომერცია შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების გატარებით.
მთავრობამ ასევე უნდა განაგრძოს განათლების რეფორმა და გააუმჯობესოს ციფრული ტექნოლოგიების სწავლება, განსაკუთრებით სოფლად, ეკონომიკის განვითარებაში მეტი ჩართულობის გასაძლიერებლად.
გამოყენებული ლიტერატურა:
- თეთრაული ც. ეკონომიკური განვითარების ზოგადი ტენდენციები. ინსტიტუტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. ინოვაციური ეკონომიკა და მისი ფორმირების პრობლემები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2016.
- www.quickonomics.com/
- www.economicshelp.org
- www.pgpf.org
- https://www.adb.org/sites/default/files/related/175076/GEO%20Chapter.0326.2224%20GEO-UPDATED.pdf
- www.adb.org