წრიული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის უპირატესობები
თამარ დოლიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
tamar.dolidze110@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა წარმოადგენს საკმაოდ რთულ, მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ერთეულების სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ სწორხაზოვანი ეკონომიკური მოდელით ხელმძღვანელობს. სწორხაზოვანი ეკონომიკა მარტივ, თუმცა არაპრაქტიკულ პრინციპს ეფუძნება: „მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე“, სწორედ ამის გამოა, რომ დღევანდელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას – არაგანახლებადი რესურსების მსოფლიო მარაგები ნელ-ნელა იწურება და აუცილებელია მათი, რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნება, სანამ ალტერნატიული რესურსების მიღების პრობლემა არ გადაწყდება. ასევე არანაკლებ საყურაღებოა ის ფაქტი, რომ მომავალში რესურსების მოთხოვნა გაიზრდება, მოპოვება კი თანდათანობით გაძნელდება, შედეგად კი გაძვირდება რესურსები და ბუნებისდაცვითი ღონისძებები.
აღნიშნულ პრობლემაზე ფიქრს მსოფლიო XX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან იწყებს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა წრიული ეკონომიკის ფორმირება გახლავთ. წრიული ეკონომიკა აღდგენადი სისტემაა, რომელშიც როგორც რესურსები, ისე ნარჩენები მინიმიზებულია. წრიული ეკონომიკის მთავარი კონცეფცია მიმართულია ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე. წრიული ეკონომიკის ძირითადი პრინციპია რესურსების მაქსიმალური გამოყენება, გარემოსადმი მინიმალური დაბინძურების მიყენების პირობებში. ეს მიიღწევა განახლებადი რესურსების გამოყენებისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავების შედეგად. წრიული ეკონომიკის სქემაა: რესურსები – პროდუქცია – ნარჩენები – რესურსები. შესაძლებელია უკვე გამოყენებული პროდუქტების ხელახალი გამოყენება, ხოლო ის პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც უკვე აღარ შეიძლება გადამუშავდება ქიმიურად ან სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით. წრიულმა ეკონომიკამ უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა და პოლიტიკოსების დღის წესრიგშიც გამოჩნდა.
ნაშრომში მიმოვიხილავ როგორც წრიულიეკონომიკის არსსა და პრინციპებს, ისე წრიული ეკონომიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის შესახებ კვლევის შედეგებს. ჩავატარე გამოკითხვა და გავაანალიზე შედეგები, რომელიც წარმოდგენილი მაქვს დიაგრამების სახით.
Anotation
The modern world economy is a rather complex, tightly interconnected system of entities still governed by a linear economic model. A linear economy is based on the simple but impractical principle of “earn, produce, consume and throw away”, this is why the world faces the greatest challenge today – the world reserves of non-renewable resources are slowly running out and must be maintained for as long as possible. The problem of obtaining alternative resources will not be solved. No less striking is the fact that the demand for resources will increase in the future, and extraction will gradually become more difficult, resulting in higher prices for resources and nature conservation measures.
The world started thinking about this problem in the 60s and 70s of the XX century. One of the most effective ways is to form a circular economy. A circular economy is a renewable system in which both resources and waste are minimized. The main concept of the circular economy is focused on the rational use of natural resources. The basic principle of the circular economy is the maximum use of resources in the conditions of minimal pollution to the environment. This is achieved through the use of renewable resources and the processing of secondary raw materials. The scheme of the circular economy is: resources – products – waste – resources. It is possible to reuse already used products, and those products that can no longer be used can be processed chemically or through special equipment. The circular economy has acquired particular importance in recent years and has also appeared on the agenda of politicians.
The paper reviews both the essence and principles of circular economics and the results of a public awareness survey on circular economics. I conducted a survey and analyzed the results, which I have presented in the form of diagrams.
წრიული ეკონომიკის არსი
წრიული ეკონომიკა – ეს არის ეკონომიკური სისტემა, რომელიც ეფუძნება პრინციპებს: ნარჩენებისა და დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა და აღმოფხვრა („ნულოვანი ნარჩენები“), პროდუქტებისა და მასალების უწყვეტად გამოყენებას და ბუნებრივი სისტემების აღდგენას. [1] ცირკულარული სისტემის მთავარი „იარაღებია“ : ხელახალი მოხმარება, გადამუშავება, შეკეთება, რეაბილიტაცია და სხვა ისეთი ხერხები, რითაც კონკრეტული ნივთი და მასალა ვარგისი იქნება კვლავ გამოსაყენებლად. წრიული ეკონომიკა აქტიურად ცდილობს, დანერგოს საზოგადოებაში, რომ “ნარჩენი არ არის ნაგავი” და ნებისმიერი ნედლეული კონკრეტული საქმიანობისთვის გამოსადეგია.
განახლებადი ენერგიის გამოყენების, შემცირებული გამონაბოლქვისა და ნარჩენების შემცირების ალტერნატივების ფონზე წრიული ეკონომიკა საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ იმ შესაძლებლობების და რესურსების საზღვრებში, რომელიც დედამიწას აქვს. [3] წრიული ეკონომიკის მოდელი გვაძლევს ინოვაციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობას ბუნებრივ ეკოსისტემებს, ბიზნესებს, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ნარჩენების მენეჯმენტს შორის. მსოფლიომ მრავალგზის გამოსცადა უპრეცენდენტო და დაუჯერებელი ეკონომიკური ზრდა. 1990 წლიდან მშპ საგრძნობლად გაიზარდა მრავალ ქვეყანაში, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ საგრძნობლად შემცირდა, წიგნიერება გაიზარდა, სიკვდილიანობამ იკლო, სუფთა წყალზე წვდომა ახლა უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია შესაძლებელი და სხვა. მიმდინარე პერიოდში მსოფლიოში მოწინავე და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში მოსახლეობა ისეთი პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობს, რაზეც რამდენიმე ათასი წლის წინ მეფეები და იმპერატორები ვერც კი იოცნებებდნენ. სწორედ ასეთი შთამბეჭდავი ზრდა, ეკონომიკისა და კაცობრიობის ამგვარი განვითარება განპირობებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენების ზრდით. არსებული წინსვლა უმეტესწილად გამოწვეულია ბუნებრივი კაპიტალის ტრანსფორმაციით სხვადასხვა სახის კაპიტალად ინდუსტრიული რევოლუციის პირველივე დღეებიდან. მაგალითად მადნისა და ქვანახშირისგან იღებენ ლითონებს, შემდეგ კი სხვადასხვა ტიპის მასალებს, ასევე , კირქვისაგან ცემენტს ვიღებთ, შემდეგ კი ვაშენებთ შენობებს, ხიდებსა და სხვადასხვა ტიპის ნაგებობებს.. ამ დროის მანძილზე ადამიანებმა ისწავლეს, თუ როგორ მიიღონ უფრო და უფრო მეტი სარგებელი ბუნებრივი კაპიტალისაგან და ასევე როგორ მიიღონ მისგან უფრო მეტად სრულყოფლი და დახვეწილი პროდუქტი. 1684 წელს ტომას სევერიმ გამოიგონა ორთქლმავალი, რამაც ყველაფერი შეცვალა. ამ გამოგონებამ საფუძველი დაუდო ინდუსტრიულ რევოლუციას, გარდაქმნა და სხვა ეტაპზე გადაიყვანა ჩვენი შემოქმედებითი უნარი. ნედლეული და ენერგია ერთი შეხედვით უსასრულო იყო, შრომა კი მარტივი.
ისტორიაში პირველად მოხდა პროდუქტების მასობრივი წარმოება. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ტექნოლოგიური პოგრესი სწრაფი ტემპით გრძელდება. არსებული ინოვაციები გამოიხატება იმაში, რომ ახლა თითქმის ყველას აქვს წვდომა უმეტეს პროდუქტებზე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხელმისაწვდომ ფასად. ამ ყველაფერმა კი საგრძობლად გაამარტივა და კომფორტული გახადა ადამიანთა ყოფა. მაგრამ დღეს, ჩვენს რეალობაში არსებული სისტება აღარ მუშაობს ეფექტიანად ბიზნესების, ხალხისა თუ გარემოსათვის. დღეს არსებული სწორხაზოვანი ეკონომიკის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს – „მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე“ , რომლის შედეგადაც რესურსების 95% იკარგება. [1] ჩვენ გვავიწყდება ყველაზე მთავარი – როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ეკონომიკური ზრდის მოდელი მეტწილად მიღწეულია ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული და ინტენსიურო გამოყენებით, ეს კი ძალიან საყურადღებოა, თუ ჩვენ არ გავითავისებთ რაოდენ გადამწყვეტი როლი აქვს ბუნებრივ კაპიტალს ჩვენი ეკონომიკის წარმატებაში, ცუდ შედეგებამდე მივალთ. თუკი ჩვენ უგულებევყოფთ ყოველივეს და განვაგრძობთ უწინდებურად ცხოვრებას ჩვენი პლანეტა ვეღარ შეძლებს აღიდგინოს ძალები და კვლავ მოგვამარაგოს ბუნებრივი კაპიტალით, რაც შესაბამისად გამოიწვევს მომავალი ეკონომიკური ზრდისკენ მიმავალი გზიდან გადახვევასა და კაცობრიობის ყოფა და არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. [5]
სწორედ ამიტომ საჭიროა ცვლილებები. აუცილებელია სწორხაზოვანი ეკონომიკის ყველა ელემენტი („მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე“) გარდავქმნათ – გავარკვიოთ თუ როგორ ვმართოთ რესურსები უკეთესად, როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ ესა თუ ის პროდუქტი და ყველაზე მთავარი – რა მოვუხერხოთ ნარჩენებს?! მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია შევქმნათ ეკონომიკა, რომელიც ყველას მოუტანს სარგებელს ჩვენი პლანეტის შესაძლებლობების საზღვრებში და რაც მთავარია არ დააზიანებს მას.
დასავლეთ ევროპის ქვეყნები აქტიურად არიან გადასული წრიული ეკონომიკის დანერგვაზე. ცირკულარული ეკონომიკის მომხრეები ვარაუდობენ, რომ მსგავსი მოდელით ცხოვრება საზოგადოების ცხოვრების დონეს არც ერთ შემთხვევაში არ შეამცირებს. პირიქით, ის უფრო ეკონომიური იქნება როგორც ხარჯის, ისე რესურსების კუთხითაც. წრიული ბიზნეს მოდელები ისევე სასარგებლო შეიძლება იყვნენ, როგორებიც სწორხაზოვანი ბიზნეს მოდელებია – მათ შეუძლიათ, შექმნან იმგვარი პროდუქტები და სერვისები, როგორებსაც ზოგადად ვართ მიჩვეულნი. აუცილებელია, სამყარო წრიული ეკონომიკის მოდელზე გადაეწყოს. ეს სწორედ ის სისტემაა, რომელსაც შეუძლია, მომავალი შეგვინარჩუნოს. რასაკვირველია, ამგვარ ეკონომიკურ მოდელზე მუშაობას ძალიან დიდი დრო და ბევრი დაბრკოლების გადალახვა სჭირდება, ვინაიდან ცვლილებები ნამდვილად არ იქნება მარტივი. [3]
წრიული ეკონომიკის პრინციპები აღიარებულია უამრავ ქვეყანაში, ევროკავშირი ამ მხრივ ლიდერობს. კერძოდ, 2015 წელს ევროკომისიამ მიიღო „ამბიციური ახალი წრიული ეკონომიკის პაკეტი“ ევროკავშირისთვის (An Ambitious New Circular Economy Package for EU). მათ ასევე შექმნეს პლატფორმა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობისთვის (European Circular Economy Stakeholders Platform), რომელიც ღია ვირტუალური სივრცეა და მიზნად ისახავს ევროპის წრიულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობას. ევროკავშირი ცდილობს, მისი ეკონომიკა უფრო მდგრადი გახდეს და ამ მიზნით 2018 წლის იანვარში ევროკომისიამ მიიღო წრიული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს:
- ევროკავშირის სტრატეგიას პლასტმასის ნაწარმზე წრიულ ეკონომიკაში. 2030 წლისთვის, ყველა პლასტმასის შეფუთვა გადამუშავებადი უნდა იყოს ევროკავშირის მასშტაბით. სტრატეგიაში დასაბუთებულია სპეციფიკური ზომების მიღების საჭიროება, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ინსტრუმენტს, რომელიც შეამცირებს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტის გავლენას გარემოზე, განსაკუთრებით ზღვებსა და ოკეანეებზე.
- კანონმდებლობას, რომელიც განსაზღვრავს ნარჩენების, პროდუქტებისა და ქიმიკატების ერთმანეთთან კავშირს;
- წრიული ეკონომიკის პროგრესის მონიტორინგის ჩარჩოს შექმნას ევროკავშირში ეროვნულ დონეზე, რომელიც მოიცავს 10 ინდიკატორს. ეს ინდიკატორები ფარავს ყველა ფაზას: წარმოებას, მოხმარებას, ნარჩენების მართვასა და მეორადი ნედლეულის შექმნას. ასევე გათვალისწინებულია ეკონომიკური ასპექტები, ინვესტიციები, სამუშაო ადგილები და ინოვაცია;
- ამოწურვად ნედლეულსა და წრიულ ეკონომიკაზე მომზადებულ ანგარიშს.
ამგვარად, ევროკავშირი მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის წრიულ ეკონომიკაზე გადასვლას დიდ ყურადღებას უთმობს. გარემოსდაცვითი საკითხები, რომელებიც წრიულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის აუცილებელია, გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაშიც. მის ფარგლებში, გარემოსდაცვით საკითხებზე შემდეგი პუნქტების შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება უნდა მოხდეს: გარემოსდაცვითი მმართველობა; ჰაერის ხარისხი; წყლის ხარისხი და რესურსების მართვა, საზღვაო გარემოს ჩათვლით; ნარჩენების მართვა; ბუნების დაცვა; სამრეწველო დაბინძურება და სამრეწველო საფრთხეები; ქიმიური ნივთიერებების მართვა; კლიმატის ქმედება. [12]
ევროსტატზე დაყრდნობით, წარმოქმნილი მუნუციპალური ნარჩენების მაჩვენებელი 2005 წლიდან 2019 წლამდე 7.5%-ით შემცირდა, ხოლო მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავების მაჩვენებელი 2005-2019 წლებში 32.5%-დან 47.7%-მდე გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში. [16,17]
ახლა კი განვიხილოთ რამოდენიმე ფაქტი, ნარჩენებთან დაკავშირებით:
- თითოეულ ადამიანს ყოველდღიურად საშუალოდ 2 კილოგრამამდე ნარჩენი რჩება, რაც წელიწადში 1.5 ტონანარჩენს უდრის.
- EPA– ს შეფასებით, ამერიკაში ნარჩენების 75% გადამუშავებადია, მაგრამ ადამიანები მხოლოდ 30% გადაამუშავებენ.
- ყოველწლიურად სურსათის ნარჩენების რაოდენობა 21.5 მლნ. ტონას შეადგენს. თუ ამ ნარჩენებს მცენარეული სასუქის საწარმოებლად გამოვიყენებთ სათბური გაზების გამოყოფა საგრძნობლად შემცირდება.
- ერთი ალუმინის გადამუშავება დაზოგავს საკმარის ენერგიას iPod– ით სრული ალბომის მოსასმენად. 100 ქილის გადამუშავებამ შეიძლება გაანათოს ჩვენი საძინებელი მთელი ორი კვირის განმავლობაში.
- კონტეინერების გადამამუშავებელი ინსტიტუტის (CRI) შეფასებით, შარშან ნაგავსაყრელზე არსებული 36 მილიარდი ალუმინის ქილის ღირებულებამ $600 მლნ-ს გადააჭარბა.
- 1990-2010 წლების განმავლობაში ქაღალდის გადამუშავება 89%-ით გაიზარდა. [18]
ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, გახლავთ „EU4Enironment“ და მას ახორციელებს ხუთი პარტნიორი: ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), და მსოფლიო ბანკი (World Bank).
EU4Environment-ის ქმედებები მიმართულია ხუთ პრიორიტეტული შედეგის მიღწევისკენ:
- მწვანე გადაწყვეტილებების მიღება
- ცირკულარული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები
- სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები გარემოსდაცვით სფეროში
- ეკოსისტემური სერვისები და საარსებო წყაროები
- ცოდნის გაზიარება და კოორდინაცია [19]
წრიული ეკონომიკის პრინციპები
ცირკულარული ეკონომიკა არის სისტემური მიდგომა ეკონომიკური განვითარებისკენ, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის, საზოგადოებისა და გარემოს სარგებელს. როგორც უკვე აღვნიშნე იგი ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:
ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნება და გაუმჯობესება. ცირკულარული ეკონომიკა ავლენს და ადგენს ეკონომიკური საქმიანობის უარყოფით გავლენას, რაც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და ბუნებრივ სისტემებს. ეს მოიცავს სათბურის გაზების და სახიფათო ნივთიერებების გამოყოფას, ჰაერის, მიწის და წყლის დაბინძურებას, აგრეთვე სტრუქტურულ ნარჩენებს.
ცირკულარული ეკონომიკის პირველი პრინციპი გვეხმარება იმის გაგებაში, რომ ნარჩენები და დაბინძურება სწორედ ჩვენი ქმედებების შედეგია, ის ეძებს ახალ და ინოვაციურ გზებს, რათა თავიდან ავიცილოთ უარყოფითი შედეგები. გარემოზე ზემოქმედების დაახლოებით 80 პროცენტი გამოწვეულია პროდუქტების შექმნის ეტაპზევე, თუკი ჩვენს ძალებს მივმართავთ „წრიულობისაკენ“ ეს ძალიან დიდ ზეგავლენას იქონიებს მთლიანად ბუნებაში არსებულ სასიცოცხლო ციკლებზე. ასევე თუ ჩვენს ხედვას შევიცვლით და ნარჩენებს შევხედავთ, როგორც რაღაც „ნაკლს“,რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია, გავაკონტროლებთ და გამოვიყენებთ მასალებსა და ტექნოლოგიებს, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ნარჩენებისა და დაბინძურების პრობლემა არც ისე მწვავეა.
ამგვარი ცირკულარული აზროვნების თვალსაჩინო მაგალითად შესაძლოა მივიჩნიოთ ერთჯერადი გამოყენების ნივთების, როგორიც არის ყავის ჭიქები, წყლის ბოთლები, პლასტმასის საწრუპები და დანა-ჩანგალი , მრავალჯერადად გამოყენებადი ნივთებით ჩანაცვლება. ადვილად ტრანსპორტირებადი, მრავალჯერადი გამოყენების ალტერნატივების შექმნით ჩვენ ვამცირებთ ერთჯერადი ნივთების მოხმარებას, რაც ყველაზე დიდი და მწვავე პრობლემაა სწორხაზოვან ეკონომიკაში.
პროდუქტებისა და მასალების უწყვეტად გამოყენება. ცირკულარული ეკონომიკა ისეთი აქტივობების მომხრეა, რომელიც ენერგიას, მასალებს, ბუნებრივ რესურსებს უნარჩუნებს თავის ღირებულებას. ეს ნიშნავს გამძლეობის გამომუშავებას, სხვანაირად რომ ვთქვათ უნდა შევძლოთ მათი ხელახალი წარმოება და გადამუშავება, რათა უზრუნველვყოთ პროდუქტების, კომპონენტებისა და სხვადასხვა მასალების წრებრუნვა ეკონომიკაში. წრიული სისტემები ეფექტურად იყენებენ ბიოლოგიურ მასალებს, რაც ხელს უწყობს მათ მრავალფეროვან გამოყენებას.
ცირკულარული ეკონომიკის მეორე პრინციპი ემყარება მარტივ წინაპირობას: ჩვენ ვერ გავაგრძელებთ რესურსების გაფლანგვას. ჩვენს პლანეტაზე რესურსები ამოწურვდია, ბუნებრივ რესურსებს ვიყენებთ სხვადასხვა პროდუქტებისა და მასალების საწარმოებლად, ეს კი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ და გამოვიყენოთ ეკონომიკაში. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი პროდუქტები და კომპონენტები, რომელთა ხელახლა გამოყენება, გადამუშავება ან თავიდან წარმოება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. თუმცა ეს პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ნაწილია, ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც დაუბრუნდება ეკოსისტემებს, იქნებიან ბიოდეგრადირებადი პროდუქტები და საბოლოოდ არ აღმოჩნდება ნაგავსაყრელზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მოკლევადიანი სიცოცხლის მქონე რესურსებისა და პროდუქტების შემთხვევა, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ბუნების უკიდურესად დაბინძურება, ხოლო ჩვენ კი შეიძლება ამ რესურსების აღდგენის საშუალება აღარ მოგვეცეს.
ამ კონკრეტული პრინციპის მაგალითად მოვიყვან ავსტრალიას, რომლისთვისაც უცხო არ გახლავთ რესურსების აღდგენასა და გადამუშავებაზე ზრუნვა. ეს კონკრეტული მაჩვენებელი 1996 წლიდან 2016/2017 წლებამდე 7%-დან 58%- მდე გაიზარდა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ნარჩენების უახლესი ეროვნული ანგარიშის თანახმად (2016-2017 წწ) ნაგავსაყრელებზე ნარჩენების 40 პროცენტი კვლავ რჩება, რაც 21,7 მეგატონს უდრის. ამის აღმოსაფხვრელად ჩვენ უნდა შევიმუშავოთ ისეთი სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ არსებული ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას. მაგალითად „კონტეინერების ანაბრის სქემა“ (container deposit schemes), გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ფოკუსირებულია პრინციპზე „დამბინძურებელი იხდის“, სასმელების მომწოდებელი კომპანიები ვალდებულნი არიან პროდუქტის შეძენაზე დახარჯული თანხის ნაწილი დაუბრუნონ იმ მომხმარებლებს, რომლებიც უკან დაუბრუნებენ კომპანიას გამოყენებულ კონტეინერებს, თუ არა და მათ მოუწევთ ზედმეტის გადახდა.
სასმლის მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ მათი ცარიელი კონტეინერების აღდგენისა და გადამუშავების სისტემა. [9]
ბუნებრივი სისტემების აღდგენა. წრიული ეკონომიკა თავს არიდებს არაგანახლებადი რესურსების გამოყენებას და უპირატესობას ანიჭებს განახლებად ენერგიის წყაროებს, მაგალითად ძვირფასი საკვები ნივთიერებების ნიადაგში დაბრუნებით რეგენერაციის ხელშეწყობა, ან განახლებადი ენერგიის გამოყენება.
სწორხაზოვან ეკონომიკაში, გარემოს დაცვა განპირობებულია ნაკლები ზიანის მიყენების მცდელობით . მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო პრინციპია, რომელიც თავისთავად უნდა დავიცვათ, ცირკულარულ ეკონომიკა ცდილობს არათუ ზიანი აარიდოს გარემოს, არამედ რაც შეიძლება მეტი კარგი რამ გააკეთოს მისთვის.
ბუნებაში არ არსებობს ნარჩენების ცნება – ყველაფერი გადამუშავებადია. ყველა დიდი ბუნებრივი ციკლი, როგორებიცაა – ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი, წყალი და ა.შ. – მუშაობს დახურულ მარყუჟებში, მათი ციკლის განმავლობაში რესურსების მცირედი დანაკარგებით, ან დანაკარგების გარეშე. ცირკულარული ეკონომიკა მიზნად ისახავს მიბაძოს ამ ბუნებრივ ციკლებს, შექმნას ეკონომიკური მოდელი, რომელიც იცავს, მხარს უჭერს და აქტიურად აუმჯობესებს ჩვენს გარემოს.
ეს განსაკუთრებით ეხება ორგანულ მასალებს, რომლებიც ჩვენი სწორხაზოვანი ეკონომიკის მანძილზე დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ნარჩენები და იყრებოდა ნაგავსაყრელზე. პროდუქციის დასამზადებლად არამარტო ენერგია და წყალი იხარჯება, არამედ ამ ორგანული მასალების დაშლას ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყვება. როდესაც ორგანული ნივთიერებები ლპობას იწყებს ანაერობულ გარემოში, როგორიცაა ნაგავსაყრელი, წარმოიქმნება მეთანი, როგორც სუბპროდუქტი. ღირებული საკვები ნივთიერებების ნაგავსაყრელზე გაგზავნის ნაცვლად, ნიადაგსა და სხვა ეკოსისტემებში დაბრუნების გზით ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსები.[8]
წრიული ეკონომიკის შესახებ ინფორმირებულობის დონის ანალიზი
წრიული ეკონომიკის მოდელის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ცნობილი და დიდ დაინტერესებასაც იწვევს საზოგადოებაში. ყველა ადამიანი, რომლისთვისაც როგორც საკუთარი მომავალი, ისე მომავალი თაობების კეთილდღეობა სულერთი არ არის, იაზრებს დღესდღეობით მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას: ეკონომიკურმა საქმიანობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ხდება დედამიწის თითოეული უჯრედის წარმოების პროცესში ჩართვა, რაც დაკავშირებულია გარემოს მდგომარეობის გაუარესებასა და ბუნებრივი კაპიტალის ამოწურვასთან სულ უფრო და უფრო დიდი მასშტაბებით [Усенко И.Б. 2018]. ბუნებისადმი უყურადღებო დამოკიდებულება, ადამიანთა ბუნებრივ კაპიტალზე ნეგატიური ზემოქმედება გამოიწვევს რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების შემცირებას, გარემოს დაბინძურებას, კლიმატის ცვლილებას, საერთოდ, აქტივების უკმარისობას (2025 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობა შეიძლება დაიტანჯოს წყლის ნაკლებობისაგან, 2030 წლისათვის შეიძლება დაიკარგოს ბიომრავალფეროვნების 10% [Towards…2011] და ა. შ.). ასეთ პირობებში მცირდება ბუნებრივი კაპიტალის მიერ მოწოდებული მომსახურების დონე, რასაც მოჰყვება ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ცხოვრების დონის შემცირება. [11]
მაშინ როდესაც დღის წესრიგში ამგვარი პრობლემები დგას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ათასობით ადამიანია ჩართული წრიული ეკონომიკის დანერგვაში. ორგანიზაციები მთელს მსოფლიოში ქმნიან ახალ პლატფორმებს წრიული ინოვაციების მხარდასაჭერად. მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „Scale360 ° Playbook“ ინიციატივა აერთიანებს ტექნოლოგებს, მკვლევარებს, მეწარმეებსა და მთავრობებს პროდუქტების განვითარებისათვის და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად, ასევე რესურსების მაქსიმალურად გასაზრდელად. გარდა ამისა, ინოვატორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საშუალება აქვთ ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ითანამშრომლონ, გაცვალონ იდეები და გაუზიარონ ერთმანეთს გადაწყვეტილებები „UpLink“- ის , ფორუმის ღია ინოვაციური პლატფორმის საშუალებით. იქმნება უამრავი ახალი ბიზნესი, რომლებიც აქტიურად იყენებენ წრიული ეკონომიკის პრინციპებს, ამასთან უკვე არსებული მსოფლიო ბრენდებიც ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ მსოფლიოს გადარჩენაში. მაგალითად კომპანია „Thousand Fell“ – ის აწარმოებს ფეხსაცმელებს მდგრადი მასალებისაგან, როგორიცაა ქოქოსის ქერქი, შაქრის ლერწამი და გადამუშავებული პლასტმასის ბოთლები. ახლახანს კი ამ კომპანიამ დაიწყო გადამუშავების წახალისება. თუკი მომხმარებლები უკვე გამოყენებულ ფეხსაცმელს დააბრუნებენ, სანაცვლოდ ისინი მიირებენ $20-ს, კომპანია კი დაბრუნებულ ფეხსაცმელს გადაამუშავებს და მასალებს გამოიყენებს ახალი ფეხსაცმელების საწარმოებლად.
ასევე, ავეჯის შვედურმა კომპანიამ „IKEA“ გადადგა გარკვეული ნაბიჯები იმისათვის, რომ მდგრადობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. „IKEA“-მ განაცხადა, რომ 2030 წლისათვის პროდუქციის წარმოებას აპირებს განახლებადი და გადამუშავებადი მასალების გამოყენებით. ამასთან, კომპანიამ ახლახანს დაიწყო „Buy-back” სქემის გამოყენება, რაც ნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლებს აძლევს ვაუჩერებს არასასურველი ავეჯისა და სხვა ნივთების დაბრუნების სანაცვლოდ.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ამსტერდამში დაფუძნდა და ცდილობს პლასტმასის ნარჩენების შემცირებას, გახლავთ „WaterUp“. ისინი თვლიან , რომ ადამიანები არ უნდა იყენებდნენ პლასტმასის წყლის ბოთლებს, მაშინ, როდესაც ნიდერლანდებში ონკანის წყალი საკმაოდ მაღალხარისხიანი და სუფთაა. მათი მისიაა შექმნან რაც შეიძლება მეტი ონკანის წყლის სადგური, რათა ნაკლებად გამოყენებადი გახდეს პლასტმასის წყლის ერთჯერადი ბოთლები და პლასტმასის ნარჩენებთან დაკავშირებული მწვავე პრობლემების შესახებ ინფორმირებულობა გაიზარდოს საზოგადოებაში. [6]
იტალიაში, პრატოში მეორადი ტექსტილი ახალი სამოსის შესაქმნელად გამოიყენება, რაც წრიული ეკონომიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
წრიული ეკონომიკის დანერგვის პრაქტიკა საქართველოშიც ვითარდება ნელნელა. ინტერნეტში იძებნება ათეულობით ისეთი საწარმო, რომელიც გადაამუშავებს ქაღალდს, მუყაოს, პლატმასას, შუშას, სხვადასხვა ლითონებსა და საბურავებს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კომპანია გახლავთ შპს „პოლივიმი“, რომელიც ნედლეულის სახით იყენებს პოლიეთილენის ტერეფტალატის( PET) მეორად ბოთლს, გადაამუშავებს მას, რეგენერირებული ბოჭკო გარდაიქმნება ნართად და იქმნება ქსოვილი, რომელიც საბოლოო დონეზე დაიჭრება და შეიკერება საფეიქრო ნაწარმად. სინთეზური ბოჭკო გამოიყენება ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის წარმოებაში და წარმოადგენს ნედლეულს ამ და სხვა მონათესავე დარგებისათვის. [13]
საქართველოში ე.წ. უდანაკარგო წარმოების კარგი მაგალითია „შატო ზეგაანი“ კახეთში. კომპანია ვენახის მოვლისას დამზოგველ და წრიული ეკონომიკის პრინციპებთან შესაბამის მეთოდებს იყენებს. მაგალითად, ვენახების საყრდენებად გამოყენებულია გამძლე და ამასთანავე ბიოდეგრადირებადი აკაციისა და მუხის მასალა. ვაზის ტოტების გასხლვა, ფოთლების გამეჩხერება და მოსავლის დაკრეფა მხოლოდ ხელით მიმდინარეობს. ვაზის მისამაგრებლად გამოიყენება სიმინდის ფოთლის ბოჭკოები. მიწის გასანაყოფიერებლად შეაქვთ მხოლოდ ორგანული სასუქი („შატო ზეგაანი“, 2020). ბიოწარმოების ამ პრინციპების დაცვის გარდა, „შატო ზეგაანი“ ყურძნის ნარჩენი წიპწისგან ამზადებს წიპწის ზეთს, რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკური და ბავშვთა დერმატოლოგიური საშუალებების დასამზადებლად (gurjaani.gov.ge, 2020). ზეთისთვის დაპრესილი წიპწის კანისგან „შატო ზეგაანი“ ფქვილს ამზადებს, პურის გამოსაცხობად, საფერავის კანისგან — ჩაის, ვენახის გასხვლის შემდეგ დაგროვილი ნარჩენისგან კი სასუქი მზადდება და კვლავ ვენახებში გამოიყენება მიწის განოყიერებისთვის.. [20]
საზოგადოებაში წრიული ეკონომიკის შესახებ ინფორმირებულობის შესასწავლად 27-30 აპრილს ჩავატარეთ კვლევა Google Forms-ის მეშვეობით, რომელშიც 85 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა, აქედან, რესპოდენტთა 20% მამრობითი სქესისაა, ხოლო 80% – მდედრობითი. რაც შეეხება გამოკითხულთა ასაკს, პროცენტულდ ასე ნაწილდება: 20 წლამდე ასაკის ადამიანები – 12,9% ; 20-40 წლამდე ასაკის – 84,7%, 41-64 წლამდე ასაკის – 2,4%. მონაცემები წარმოდგენილია დიაგრამების სახით.
დიაგრამა 1.1 წრიული ეკონომიკის შესახებ ინფორმირებულობის დონის ანალიზი
წყარო: 2021 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები. გამოკითხვის შედეგები შეგიძლიათ იხილოთბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1ICUlzfoAMatO4ztctH-eHBsxcz0QbLTVTVv1BS0kQNw/edit#responses
დიაგრამა 1.2
გამოკითხვის შედეგად გვექმნება გარკვეული წარმოდგენა საზოგადოების ცნობიერებაზე, იმის შესახებ იციან თუ არა წრიული ეკონომიკის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვაში ადამიანთა არც ისე დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, ეს მაინც გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას. გამოკითხულთა ნახევარი ფლობს ინფორმაცი3ას წრიულ ეკონომიკაზე, ხოლო მეორე ნახევარმა არ იცის არსებული კონცეფციის შესახებ. იხილეთ დიაგრამა 1.3 .
დიაგრამა 1.3
ვეცადეთ ასევე გაგვერკვია საზოგადოების დამოკიდებულება იმის თაობაზე, თუ როგორ მიაჩნიათ – აუცილებელია თუ არა წრიული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა მსოფლიოს მასშტაბით. შედეგი კი ასეთია: თითქმის 90 პროცენტს მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია, გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი კი თვლის რომ ეს სულაც არაა საჭირო, ან პასუხისაგან თავს იკავებენ (იხ. დიაგრამა 1.4). გვინდა ასევე პარალელი გავავლოთ წრიული ეკონომიკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების კვლევის შედეგებთან, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდა. არსებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რესპოდენტთა 68.4% გარკვეულწილად ფლობს წრიული ეკონომიკის შესახებ ინფორმაციას, რაც ჩვენი კვლევის შედეგად მიღებულ მაჩვენებელს 16.6 პროცენტული მაჩვენებლით აღემატება.
დიაგრამა 1.4
წრიული ეკონომიკა მდგრადი განვითარების მოდელია. აღნიშნული თეორია ფაქტობრივად ახალი, 21-ე საუკუნის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების თეორიაა, რომლის მიზანი საზოგადოებრივი განვითარების ისეთი სისტემის შექმნაა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. როგორც გამოირკვა რესპოდენტთა ნახევარს არც ამის შესახებ აქვს ინფორმაცია, ზოგიერთი მათგანი კი მიიჩნევს, რომ ამ ორის შორის არანაირი კავშრი არ არსებობს (იხ. დიაგრამა 1.5).
ამ კონკრეტული კითხვის შემთხვევაში, შედეგებს შორის განსხვავება არ გვაქვს, წინა წლის მაჩვენებელი ზუსტად ემთხვევა წლევანდელი კვლევის შედეგს.
დიაგრამა 1.5
არსებული შედეგების გათვალისწინებით ვფიქრობ, აუცილებელია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კუთხით. გამოკითხულთა 98,4%-ის შეფასებითაც ზემოთხსენებული საჭიროა, ამისათვის კი აუცილებელია სხვადასხვა აქტივობებისა თუ ღონისძიებების ჩატარება. ზოგისათვის მეტად კომფორტულია ინფორმაცია ნაშრომებისა და სტატიების სახით მიიღონ, ზოგს კი ურჩევნია ტრენინგებს დაეწროს ან სოციალურ ქსელებში იხილოს ტუტორიალები და პატარა ვიდეორგოლები (იხ. დიაგრამა 1.6).
წინა წლის კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტთა 8.4%-ს არ სურს წრიული ეკონომიკის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის გაგება, წელს კი ესმაჩვენებელი 2.4%-მდე შემცირდა.
დიაგრამა 1.6
ასევე გამოკითხვის მეშვეობით შევეცადე გამერკვია საქართველოს ან მსოფლიოს ბაზარზე არსებული ბიზნესების შესახებ, რომლებიც აქტიურად იყენებენ და ცდილობენ დანერგონ წრიული ეკონომიკის პრინციპები. კომპანიების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება : Zero effect, Phubber, Ecoalf. Green Circle Salons, H&M, Tesla. Inc, ბიოდიზელ ჯორჯია, შატო ზეგაანი (იხ. დიაგრამები 1.7 და 1.8).
დიაგრამა 1.7
დიაგრამა 1.8
საბოლოოდ, კვლევის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ რესპოდენტთა ნახევარი არ ფლობს ინფორმაციას წრიული ეკონომიკის შესახებ. სწორედ ამიტომ აუცილებელია საზოგადოებაში ისეთი ტიპის ღონისძიებებისა თუ აქტივობების ჩატარება, რომლის მეშვეობითაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს წრიული ეკონომიკის შესახებ. სასიცოცხლოდ საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ჩართულობა გარემოს გადარჩენისათვის ბრძოლაში. [14,15]
დასკვნა
თანამედროვე მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობამ 7 მილიარდს გადააჭარბა და ტენდენცია კვლავ ზრდადია (კვლევა, 2018). შესაბამისად იზრდება მოსახლეობის მოთხოვნა საკვებზე, წყალზე ენერგიაზე, ნედლეულსა და სხვადასხვა სახეობის რესურსზე. მკვლევარების მიერ რთული შესაფასებელია ეკონომიკური განვითარებისა და ფუნქციონირების მოსალოდნელი ცვლილებები მოსახლეობის მხრიდან სერიოზულ რესურსებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მოხმარების ფონზე. თეორეტიკოსები აღიარებენ, რომ ადამიანები გადაჭარბებულად იყენებენ, როგორც კერძო, ისე ინდივიდთან ჯგუფის მფლობელობისა და საერთო საეგებლობის რესურსებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის ზრდასა და რესურსების მოხმარებას შორის დისბალანსი ღრმავდება და ეკონომიკური ზარალი გარდაუვალი იქნება. ადამიანები განსაკუთრებით არაეფექტიანად იყენებენ საერთო განახლებად რესურსებს. საკმაოდ ხშირია თავისუფლად ხელმისაწვდომი განახლებადი რესურსების უფასოდ ან მცირე საფასურის სანაცვლოდ გამოყენების შემთხვევები (სუფთა ჰაერი, მიწისქვეშა წყლები, ოკეანე, ოკეანის პროდუქტები და სხვა) აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად სხვადასხვა შესაძლებლობა განიხილება, მათ შორის მნიშვნელოვანია საერთო სარგებლობაში არსებულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის რეგულირება როგორც სახელმწიფოს შიგნით არსებული მექანიზმებით, ასევე სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებებით. ასევე აღნიშნულის დაძლევის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ გზად მსოფლიო წრიული ეკონომიკის მოდელზე გადასვლას მიიჩნევს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბიზნესების, მთავრობებისა თუ ცალკეული ინდივიდების ჩართულობას. ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებითა და გაუმჯობესებით, პროდუქტებისა და მასალების უწყვეტად გამოყენებითა და ბუნებრივი სისტემების რეგენერაციით შეგვიძლია შევქმნათ ახალი სისტემა, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს, ბუნებრივი სისტემების დაზიანების გარეშე. ასევე ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ვხვდებით, რომ აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წრიული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კუთხთ, საჭიროა ყველამ გაიაზროს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა და თუნდაც მცირედი წვლილი შეტანა გარემოზე ზრუნვის საკითხში. არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მთავარი გზა მოსახლეობისათვის წრიული ეკონომიკის მნიშვნელობისა და ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. მსოფლიოს ქვეყნებში ბოლო რამდენიმე ათეული წელია უკვე არსებული გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომი გამოცდილების მიღების მიზნით იქმნება სხვადასხვა ეკომეგობრული, წრიული ეკონომიკის პრინციპებით მოქმედი ორგანიზაციები, პლატფორმები, ტარდება სხვადასხვა აქტივობები. საქართველოც თანდათან წინ მიიწევს ამ მხრივ, ნაშრომში განვიხილე რამოდენიმე კომპანია, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს გარემოზე ზრუნვა, თუმცა ეს მხოლოდ მცირედია ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებით მოქმედ ბიზნესებს შორის.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://www.ellenmacarthurfoundation.org/circular-economy/what-is-the-circular-economy
- https://www.ellenmacarthurfoundation.org/explore/the-circular-economy-in-detail
- https://www.marketer.ge/what-is-circular-economy/
- https://www.youtube.com/watch?v=uT66CRYkSM8
- https://medium.com/@we_share_ventures/5-dutch-companies-offering-solutions-to-plastic-waste-part-ii-df11a6293d25
- https://www.ecowatch.com/circular-economy-adidas-ikea-2649689207.html#toggle-gdpr
- https://kenniskaarten.hetgroenebrein.nl/en/knowledge-map-circular-economy/ce-benefits-for-businesses/
- https://planetark.org/newsroom/news/three-core-principles-of-the-circular-economy
- https://recyclingnearyou.com.au/containerdeposit/
- https://www.ellenmacarthurfoundation.org/circular-economy/what-is-the-circular-economy
- https://www.pgie.tsu.ge/contentimage/konferenciebi/conf.kreb.2019.pdf
- http://eugeorgia.info/ka/article/701/wriuli-ekonomika-alternatiuli-koncefcia-mdgradi-ekonomikuri-ganvitarebistvis/
- https://polyvim.ge/?lang=pl&fbclid=IwAR0or881m_ZsGpyrWLeKteXOXTmrR2UetCTVkR2kTS6o0n57sOZU72yZvCU
- https://docs.google.com/forms/d/1ICUlzfoAMatO4ztctH-eHBsxcz0QbLTVTVv1BS0kQNw/edit#responses
- https://www.researchgate.net/publication/346445548_tsriuli_ekonomikis_shesakheb_sazogadoebis_tsnobierebis_kvleva
- https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Municipal_waste_statistics#Municipal_waste_generation
- https://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/t2020_rt120/default/table?lang=en
- https://www.dosomething.org/us/facts/11-facts-about-recycling
- http://recp.ge/?lang=ge
- https://www.researchgate.net/publication/346445439_tsriuli_ekonomikis_biznesmodelebis_danergvis_shesadzleblobebi_sakartveloshi