2022 წლის მსოფლიო ეკონომიკის შეფასება

ავტორის სტილი დაცულია
ზაურ კახნიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი

zauri.kakhniashvili841@eab.tsu.ge

ანოტაცია

მას შემდეგ რაც 2020-21 წლების განმავლობაში მსოფლიო კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ მოიცვა, გასულ 2022 წელს მსოფლიო მოსახლეობას მიეცა შანსი და შესაძლებლობა, რომ გაეუმჯობესებინა არსებული მდგომარეობა და დაბრუნებოდა ჩვეული ცხოვრების რიტმს. საზოგადოების ფართო ფენები მოელოდნენ საკმაოდ დიდ ეკონომიკურ ზრდას, ინფლაციის დარეგულირებას და პანდემიით გამოწვეული არასასურველი და საზიანო შედეგების მალე დავიწყებას, თუმცა მოვლენები და პროცესები ისე არ განვითარდა, როგორც ამას საზოგადოება მოელოდა. ალბათ, პირველ რიგში, ისევ და ისევ ინფლაცია უნდა აღინიშნოს, რომელიც მუდამ მთავარი მაკროეკონომიკური საკითხია, რომელიც იწვევს სადარდებელს მოსახლეობისთვის, დავასა და შეუთანხმებლობას სახელმწიფო მოხელეებს შორის, ფინანსურ პრობლემებს მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისთვის და ასე შემდეგ. საერთო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით არსებული ეკონომიკური მდგომარეობა არ არის მაინცდამაინც სახარბიელო. ასევე ზოგად მუდმივ საკითხებს დაემატა აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც რუსეთის ინტერვენციის შემდეგ დაიწყო გასული წლის თებერვალში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი 2022 წლის ყველაზე ხმაურიანი მოვლენაა. მოცემული სტატიის დანიშნულება და მიზანია, რომ მკითხველს გააცნოს გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლები და მონაცემები, მათი ანალიზი და საბოლოო დასკვნა უახლეს და მიმდინარე ინფორმაციაზე დაყრდნობით.

Annotation

After 2020-21 heavy pandemic period as coronavirus has spread all over the whole world, 2022 was a year when countries and societies were given a chance and opportunity to make progress and come back to old usual life. Frankly speaking, the vast majority of society expected big economic growth and stabilization of inflation, forgetting of heavy and suffering consequences of pandemic period. First of all, perhaps again and again the most commonly-discussed topic of macroeconomy is inflation, which causes anxiety in the broad masses of society, debates and disagreement between policymakers and politicians, financial concerns and problems for small and medium enterprises (SME) and so on. According to a general statistic data and results, the last year economical state has not appeared to be very desirable. In addition to this, the war between Ukraine and Russia was added to common usual problems. This war, which started on February of 2022 by intervention and the aggressive policy of Russia, turned out to be the noisiest event of the year. The purpose and goal of the given article is to acknowledge readers economic statistics, indexes, analysis and final conclusion of the last year based on the latest and current information.

საერთო მსოფლიო ეკონომიკის ზრდა

მსოფლიო ეკონომიკური პროგრესი ნავარაუდევზე მეტად არის შენელებული. მიუხედავად კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის საგრძნობლად შესუსტებისა, 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდა შეფასდა 3.2%-ით მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2021 წელს 6%-ს გაუტოლდა. შესაბამისად, სახეზეა ზრდის ტენდენციის აშკარა შემცირება. ხოლო აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ 2023 წლისათვის ნავარაუდევი ეკონომიკური ზრდა კლებადი ტენდენციისა და წინასწარი პროგნოზით 2.7%-ს გაუტოლდება. თუ არ ჩავთვლით გლობალურ ფინანსურ კრიზისსა და პანდემიის მძიმე პერიოდს, ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით 2001 წლის შემდეგ დღესდღეობით არსებული ეკონომიკური ზრდა ყველაზე დაბალია. (1)

ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის კოეფიციენტის მაჩვენებელს 2014 წლიდან მოყოლებული, რომელზეც ასახულია გასული 2022 წლის მაჩვენებელიც, რომელიც საშუალო მონაცემზე ნაკლებია. არსებული პროცენტული მაჩვენებლები გაანგარიშებულია მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემის საფუძველზე. ამასთან, დამატებითი ინფორმაციისთვის ჩანართზე წარმოდგენილია მომავალი წლების ნავარაუდევი მდგომარეობის ამსახველი მაჩვენებლებიც, რაც ლურჯი ფერით არის ნაჩვენები.(2)

გრაფიკი 1. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის კოეფიციენტი წინა წელთან შედარებით

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2022-12-30/ten-charts-that-show-world-economy-s-turbulent-course-over-2022?leadSource=uverify%20wall

გარდა ზემოთ ხსენებული ინფორმაციისა, მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზე საუბრისას სასარგებლო იქნება, თუ უფრო ჩავეძიებით სტატისტიკურ მონაცემებს და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებს ცალკეული ქვეყნების მიხედვითაც განვიხილავთ. შემდეგ გრაფიკზე მოცემული არის გასული 2022 წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით და 2023 წლის პროგნოზი. მსოფლიოს წამყვანი განვითარებული და, ეგრეთ წოდებული, ჯი-20-ის წევრი ქვეყნები სტაბილურობით გამოირჩნენ, რაც არ არის გასაკვირი, ხოლო საუდის არაბეთმა და ინდოეთმა ნავარაუდევზე მაღალი ზრდის პროცენტული მაჩვნებელი დააფიქსირეს. ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის რუსეთის სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი უკრაინასთან წამოწყებულია ომია, რა თქმა უნდა. (3)

გრაფიკი 2. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით

წყარო: https://www.oecd.org/economic-outlook/september-2022/

მსოფლიო ინფლაცია

რაც შეეხება ინფლაციას, ის მუდმივად რჩება მთავარ განხილვის საგნად მაკროეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებზე დაკვირვებისას. ინფლაციური წნეხი გაუჩერებლად ვრცელდება საკვებ-პროდუქტებსა და ენერგო-რესურსებზე, ასევე ბიზნესებზე, რომლებისთვისაც უფრო და უფრო ხარჯიანი ხდება სხვადასხვა სახის რესურსების აკუმულირების, სატრანსპორტო ქსელებისა და შრომის ბაზარზე არსებული ფასების შესაბამისი ბიუჯეტის დაგეგმა, მოზიდვა და განკარგვა. 2022 წლის დასაწყისში მწვავე და არასასურველი ინფლაციური წნეხი ამერიკის შეერთებულ შტატებს დააწვა, რაც შემდეგ ევროპის კონტინენტზეც გავრცელდა. მეორე მხრივ, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მდგომარეობა ამ მხრივ უფრო მისაღებია. ფასების საერთო დონის ზრდის მაჩვნებელი ასევე მაღალი იყო სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში, განსაკუთრებით არგენტინაში, სადაც ამ უარყოფითი ტენდენციის შენარჩუნებას შემდეგ 2023 წელსაც ვარაუდობენ. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის ნავარაუდევზე მაღალ ზრდის ტენდენციას ღირსეულად პასუხობს ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა დასაქმებულთა თვიური ანაზღაურების ზრდის ხარჯზე, რასაც ვერ ვიტყვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, 2022 წლის ინფლაციის მაჩვენებლები ისტორიულად არასასურველ მაჩვენებლებს აღწევს და საერთო 8.9%-ს უტოლდება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში დაფიქსირდა 8.0%-ანი ინფლაცია, ხოლო განვითარებად ქვეყნებში – 10.4%-ანი, რაც 3.3 ერთეულით უარესი მაჩვენებელია განვითარებული ქვეყნების მონაცემებთან შედარებით. გარდა ამისა, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჩინეთი, რომელიც ნამდვილად გამოირჩა შთამბეჭდავი შედეგით დანარჩენ მსოფლიოსაგან განსხვავებით, რამეთუ ინფლაციის 2.5 პროცენტიანი ზრდა დააფიქსირა. ზემოთ ხსენებული ინფორმაცია სისტემურად წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე. (4)

გრაფიკი 3. მსოფლიო ინფლაცია ცალკეული ჯგუფების მიხედვით

წყარო: https://www.euromonitor.com/article/global-inflation-tracker-q4-2022-inflation-forecast-to-stabilise-in-2023-although-key-risks-remain#:~:text=Under%20the%20baseline%20scenario%2C%20global,fall%20to%206.2%25%20in%202023.

ექსპერტების შეფასებით, სამწუხაროდ, ინფლაციის უკონტროლოდ ზრდადი ტენდენცია მომავალი რამდენიმე წელიც გაგრძელდება, სანამ საბოლოოდ დასტაბილურდება ფასების საერთო დონე. ამ ტენდენციას თან ახლავს სარგებლის განაკვეთის მაღალი დონის შენარჩუნებაც. ექსპერტების შეფასებით ზემოთ განხილული მაღალი ინფლაციის გამოწვევი ორი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი არის პანდემიის პერიოდის შედეგად არსებული მრავალი შეზღუდვის შემდეგ მიწოდების ქსელისა და ფასეულობათა ჯაჭვის სისტემების ცვლილების პროცესი მთელი წლის განმავლობაში, რამეთუ ბიზნესებისთვის გარდამავალი პერიოდი ნავარაუდევზე რთული აღმოჩნდა. მეორე მიზეზად კი ექსპერტები წლის დასაწყისში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და ინტერვენციის შედეგად წამოწყებულ უკრაინა-რუსეთის ომს ასახელებენ. (5)

შემოსავლების ცვლილება

ზემოთ მოტანილი ინფორმაციის საფუძველზე დავადგინეთ, რომ 2022 წელი მძიმე აღმოჩნდა ინფლაციის ისტორიულად მაღალი მაჩვენებლის არსებობის გამო, რამაც სხვადასხვა ეკონომიკურ პროცესსა თუ მოვლენას შეუშალა ხელი. ინფლაციის ზრდის საპასუხოდ ქვეყნის მთავრობების უპირველესი სამოქმედო გზა არის შემოსავლების ზრდა, რაც სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ჯეროვნად პასუხობს ინფლაციის უარყოფით ზეგავლენას. თუმცა 2021 წლისაგან განსხვავებით 2022 წელს მსოფლიო სახელმწიფოების მესვეურებმა ამ საკითხს თავი მაინცდამაინც კარგად ვერ გაართვეს. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა დაფიქსირდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე უარყოფითია, რაც რეალურად შემოსავლის მოცულობის შემცირებას ნიშნავს. მეორე მხრივ, ისევ დადებით კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, რომლებიც 4%-ან ზრდას აფიქსირებენ, რაც ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით მყიდველობითი უნარის ზრდაზე მიუთითებს. შემდეგი ჩანართი ასახავს შემოსავლების ზრდას ერთ სულ მოსახლეზე. (4)

გრაფიკი 4. შემოსავლის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე

წყარო: https://www.euromonitor.com/article/global-inflation-tracker-q4-2022-inflation-forecast-to-stabilise-in-2023-although-key-risks-remain#:~:text=Under%20the%20baseline%20scenario%2C%20global,fall%20to%206.2%25%20in%202023.

უკრაინა-რუსეთის ომის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

უკრაინა-რუსეთის ომის გავლენა გასულ 2022 წელს ძალიან დიდი, სერიოზული ზარალისა და არასასურველი შედეგების მომტანი იყო მსოფლიო ეკონომიკისათვის. გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლებადი ტენდენცია არის ნავარაუდევი მომავალი პერიოდის განმავლობაშიც, რაზეც დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის აგრესიულ მოქმედებას უკრაინის წინააღმდეგ. აღმოსავლეთ ევროპაში არსებული სამხედრო კონფლიქტი და მუდმივი დაძაბულობა, რომელიც მთელი წელი გრძელდებოდა, საბოლოო შედეგში ისახება ინფლაციის წნეხის, ფინანსური ბაზრის არასტაბილურობის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების წარმოების შეფერხების, ზრდადი რისკების და სხვა პროცესების გავრცელებაში. პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ევროპის მასშტაბით საცხოვრებელი ფართის ღირებულების საგრძნობლად ინტენსიური მატების ტენდენცია, რომელიც ხელს უწყობს ინფლაციის არასტაბილურობის არსებობას გრძელვადიან პერიოდში, რასაც თან სდევს უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდის პროცესი. ასევე ისეთი ეკონომიკური სექტორები, როგორებიცაა სატრანსპორტო, სამედიცინო და სხვა განიცდიან ბაზარზე არსებული გაუთვალისწინებელი ფაქტორებით გამოწვეული მიწოდება-მოთხოვნის ცვალებადობას. ამასთან, რუსეთში ღრმა რეცესია ფიქსირდება 7.5%-ანი მაჩვენებლით. არ შეიძლება არ ვახსენოთ ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგო-რესურსებზე, რაც ომის დაწყების დღიდან ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და პრობლემური საკითხია. ომის შედეგად გართულებული და გაძვირებული ენერგო-რესურსების მიწოდება რუსეთის მხრიდან ევროპისთვის აღმოჩნდა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ამ საკითხის გადაწყვეტაზე ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა რეალური შედეგები ჯერ არ ჩანს. (7)

დასკვნა

გასულ 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვნებელი 3.2%-ს გაუტოლდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია, თუმცა წინასწარი პროგნოზებს ჩამორჩება. მსოფლიო მასშტაბის ინფლაცია ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა საზოგადოებისათვის და ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს 8.9%-ს გაუტოლდა, რომელიც 2007-08 წლების ფინანსური კრიზისის დროს არსებულ მონაცემსაც აჭარბებს (6.3%). ფასების საერთო დონის ზრდას კი თან სდევს მაღალი სარგებლის განაკვეთების არსებობა, რაც განსაკუთრებით ხელის შემშლელი ფაქტორი არის მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისათვის, რომ არაფერი ვთქვათ მოსახლეობის ფართო ფენებზე. ამასთან საპასუხოდ სახელმწიფოების მთვარობების უმოქმედობისა და პასიურობის შედეგად ინფლაციის ზრდას სათანადო შემოსავლების მატებით ვერ უპასუხეს ევროკავშირის წევრ, სამხრეთ ამერიკის და სხვა მსოფლიოს ძირითად ქვეყნებში, გარდა აღმოსავლეთ აზიისა. ინფლაციისა მაჩვენებლის და შემოსავლების ზემოთ ხსენებული შეუსაბამო და დაუბალანსებელი ზრდა ყველაზე მძიმე ზეგავლენას ახდენს საზოგადოების საშუალო ფართო ფენებზე. ამასთან, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისთვის გადაუჭრელ და ძალიან შემაფერხებელ პრობლემას წარმოადგენს რუსეთზე დამოკიდებულება ენერგორესურსების მიწოდება-მოხმარების მხრივ, რაც ფასების საერთო დონის ზრდით, არასტაბილურობით, მიწოდების სხვადასხვა ხელოვნურად შექმნილი შემაფერხებელი ფაქტორით ხასიათდება. ამას ემატება მასიური და ისტორიულად მაღალი მიგრაციის დონე უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიებიდან ევროპისაკენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ევროპის ქვეყნების ეკონომიკას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.imf.org/en/Publications/WEO#:~:text=Global%20growth%20is%20forecast%20to,and%202.7%20percent%20in%202023.
  2. https://www.bloomberg.com/news/articles/2022-12-30/ten-charts-that-show-world-economy-s-turbulent-course-over-2022?leadSource=uverify%20wall
  3. https://www.oecd.org/economic-outlook/september-2022/
  4. https://www.euromonitor.com/article/global-inflation-tracker-q4-2022-inflation-forecast-to-stabilise-in-2023-although-key-risks-remain#:~:text=Under%20the%20baseline%20scenario%2C%20global,fall%20to%206.2%25%20in%202023.
  5. https://time.com/nextadvisor/investing/expert-say-how-long-will-take-inflation-to-come-down/
  6. https://www.oecd.org/newsroom/russia-s-war-of-aggression-against-ukraine-continues-to-create-serious-headwinds-for-global-economy.htm#:~:text=The%20global%20economy%20is%20expected,according%20to%20the%20OECD’s%20latest
  7. https://www.coface.com/News-Publications/News/Economic-consequences-of-the-Russia-Ukraine-conflict-Stagflation-ahead
  8. https://www.statista.com/statistics/256598/global-inflation-rate-compared-to-previous-year/
  9. https://www.oecd.org/economic-outlook/-2022/
  10. https://www.imf.org/en/Blogs/Articles/2022/12/16/the-global-economy-turbulent-year-in-five-charts