სატყეო რესურსების მდგრადი მართვა

ავტორის სტილი დაცულია

ნანუკა ნოზაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მესამე კურსის სტუდენტი
Nanukan89@gmail.com

ანოტაცია

ტყე ბუნებრივი გარემოს უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ის მსოფლიოსთვის წარმოადგენს განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივ რესურსს, რომელიც ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საფუძველია. ტყე ეკოლოგიური წონასწორობის ფაქტორია, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბიოსფეროსთვის, კერძოდ: ის ახდენს გავლენას ჟანგბადისა და ნახშირბადის ბალანსზე, წარმოადგენს მზის ენერგიის უდიდეს დამგროვებელს, დადებითად მოქმედებს ჰაერის მასების მოძრაობაზე და ასუფთავებს მას, არეგულირებს წყლის ნაკადებს და წარმოადგენს ხალხის ჯანმრთელობის მთავარ წყაროს.

სატყეო რესურსების მდგრადი მართვის ცნება სხვადასხვა ხალხისთვის სხვადასხვანაირად ჟღერს. ამ უკანასკნელის მონიტორინგი, შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ტყის ტენდენციების შეფასება, საერთო კონცეფციის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური გზაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღნიშნული პრატიკაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება , როგორც განვითარებული ასევე განვითარებადი ქვეყნებისთვის. ამ ყოველივეს მიზეზი, ისეთი ბარიერების არსებობაა, როგორიცაა: ფინანსური საკითხები, ბალანსირება ხარჯებსა და შემოსავლებს შორის, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივების დაპირისპირება და საეჭვო „ტყის ფლობის“ საკითხები (განსაკუთრებით ტროპიკულ ქვეყნებში). გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ წარმოებული დოკუმენტი – ტყის პრინციპები ამბობს „სატყეო რესურსები და ტყის მიწები მდგრადად უნდა იმართოს, რათა დაკმაყოფილდეს სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, კულტურული და სულიერი მოთხოვნილებები, როგორც აწმყო ასევე მომავალი თაობებისათვის“.

მიუხედავად, მსოფლიოს უდიდეს ორგანიზაციების მხარდაჭერისა, ყოველწლიურად ცამეტი მილიონი ჰექტარი ტყე იკარგება. უკანონო ჭრა, ხანძარი, კლიმატური ცვლილებები, მიწის დეგრადაციით გამოწვეული გაუდაბნოება, სატყეო დარგის არასრულყოფილი სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზა იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სატყეო რესურსების მდგრადი განვითარებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

2015 წლის სექტემბერში, მსოფლიოს ლიდერები შეთანხმდნენ მსოფლიოს განვითარების ახალი დღის წესრიგის – 17 მდგრადი განვითარების მიზნის შესახებ, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტები 15 წლის მანძილზე.  2030 წლის დღის წესრიგს ამომავალი წერტილია  განვითარდეს მსოფლიო პოლიტიკა, რომლის მიზანია აღმოიფხვრას სიღარიბე და შიმშილი, მდგრადი ხელშეწყობა, ინკლუზიური და მდგრადი ზრდა, უთანასწორობის შემცირება, ბრძოლა კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დეგრადაციის წინააღმდეგ და ჩვენი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა.

Annotation:

The forest is a crucial element of the natural environment. It represents a natural resource with special values for the world, which is the basis of ecological, economic and social development. The forest is an environmental equilibrium factor that is vital for the biosphere, namely: it affects the balance of oxygen and carbon, is the largest collector of solar energy, has a positive effect on the movement of air masses and cleans it, regulates water flows and is the main source of people’s health. The notion of sustainable management of Forestry Resources sounds different for different people.

Monitoring the latter, taking appropriate measures, assessing Forest Trends, is one of the effective ways to improve the overall concept. However, it should be noted that the above mentioned pratics still remain a challenge for both developed and developing countries. The reason for all this is the existence of barriers such as: financial issues, balancing between costs and income, confronting short-term and long-term prospects, and questionable “Forest possession” issues (especially in tropical countries). A document produced by the United Nations – forest principles say “forestry resources and forest lands must be managed sustainably to meet social, economic, ecological, cultural and spiritual needs for both present and future generations.”

Despite the support of the world’s largest organizations, thirteen million hectares of forest are lost each year. Illegal cutting, fires, climatic changes, desertification caused by land degradation, imperfect legal, normative-methodical and economic base of Forestry are a small list of problems that pose a huge challenge for sustainable development of Forestry Resources.

In September 2015, world leaders agreed on a new world development agenda – 17 Sustainable Development Goals that should define the world’s development priorities for 15 years. The 2030 Agenda is a rising point to develop world policy aiming to eradicate poverty and hunger, promote sustainable, inclusive and sustainable growth, reduce inequality, fight against climate change and environmental degradation, and sustainable management of our natural resources.

ტყის რესურსები დღევანდელ რეალობაში

ტყე 2030 წლის დღის წესრიგის გულია. როგორც უკვე აღვნიშნე მისი მნიშვნელობა მსოფლიოსთვის ძალზედ დიდია. ის არის საკვების, მედიკამენტების და ბიოსაწვავის რესურსი ერთ მილიარდზე მეტი ადამიანისთვის. ის იცავს ნიადაგს და წყალს, დიდი როლი აქვს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დაძლევაში. სწორედ ტყე უზრუნველყოფს მრავალ პროდუქტს და მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და შემოსავალს ათობით მილიონი ადამიანისთვის.

ტყეებს დიდი პოტენციალი და ერთ-ერთი მთავარი როლი აქვთ მდგრადი განვითარების გზების მხარდაჭერაში. ზუსტი ინფორმაცია ტყის რესურსების შესახებ, კი ასევე ძალზედ საჭიროა. ეს ყოველივე ამარტივებს პროგრესის მონიტორინგს, როგორც ეროვნულ ასევე მსოფლიო დონეზე. სწორედ ამიტომ გლობალური ტყის მიზნები ბიომრავალფეროვნების ჩარჩოს შენარჩუნებას და ეკოსისტემის აღდგენას მოიცავს.

„გლობალური ტყის რესურსების შეფასება 2020”, რომელიც შექმნილია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ, ნათლად გვიჩვენებს ტყის რესურსების რაოდენობრივ მხარეს დღევანდელ რეალობაში. ეს უკანასკნელი გვაძლევს ინფორმაციას ტყის ფართობის შესახებ, რომელშიც გაერთიანებულია 236 ქვეყნის ტერიტორიული შეფასება,

მსოფლიოში ტყის ფართობი 4,06 მილიარდ ჰექტარს შეადგენს, რაც მთლიანად ხმელეთის 31%-ია. აღნიშნული ტერიტორია,  ერთ სულ მოსახლეზე 0,52 ჰექტარს უდრის. მიუხედავად ამისა ტყეების განაწილება გეოგრაფიულად და მსოფლიოს ხალხისთვის არათანაბარია. მსოფლიო ტყის 45% ტროპიკულ არეზე ვრცელდება, შემდეგ მოდის ჩრდილოეთ რეგიონი (27%), ზომიერი (16%) და სუბტროპიკული(11%) ზონები. ცხრილი 1 გვიჩვენებს ტყის ფართობის განაწილებას რეგიონალურ ჭრილში. ამ შემთხვევაში მსოფლიო ტყის ფართობის 25% ევროპის ნაწილშია, შემდეგ მოდის სამხრეთ ამერიკა (21%), ჩრდილო და ცენტრალური ამერიკა (19%), აფრიკა (16 პროცენტი), აზია (15%) და ავსტრალია-ოკეანეთი (5%).

მსოფლიო ტყის ფართობის ნახევარზე მეტი (54%) ხუთ ქვეყანაზე მოდის, ესენია: რუსეთის ფედერაცია (20%), ბრაზილია (12%), კანადა (9%), აშშ (8%) და ჩინეთი (5%).

ცხრილი 1. ტყის ფართობი რეგიონალურ და სუბრეგიონალურ ჭრილში, 2020  

რეგიონი/სუბრეგიონიტყის ფართობი
 1000 ჰაპროცენტულობა(%)
აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკა295 778    7
ჩრდილოეთ აფრიკა35 1511
ცენტრალური და დასავლეთ აფრიკა305 7108
სულ აფრიკა636 639      16
აღმოსავლეთ აზია271 4037
სამხრეთ აზია296 0477
ცენტრალური და დასავლეთ აზია55 2371
სულ აზია622 687     15
ევროპა (გარდა რუსეთის ფედერაციისა)202 1505
სულ ევროპა1 017 461                    25
კარიბები7 8890
ცენტრალური ამერიკა22 4041
ჩრდილოეთ ამერიკა722 417      18
სულ ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკა752 710       19
სულ ავსტრალია – ოკეანეთი185 248      5
სულ სამხრეთ ამერიკა844 186        21
მსოფლიო4 058 931       100

წყარო: Global Forest Resources Assessment 2020, Main report [1]

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მსოფლიო ტყის ფართობის კვლევა 236 ქვეყანას მოიცავს. მონაცემები გაანალიზებულია 30 წლის განმავლობაში და მოიცავს სამ ათწლეულს: 1990-2000, 2000-2010 და 2010-2020. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანას და ტერიტორიას საიმედო მონაცემები აქვს, საერთო შედეგი არც ისე სახარბიელოა. სწორედ ამიტომ აუცილებელია ტენდენციები სიფრთხილით იყოს განხილული.

გლობალური ტყის ფართობი ოცდაათი წლის განმავლობაში (1990-დან 2020 წლის ჩათვლით) შემცირდა დაახლოებით 178 მილიონი ჰექტარით. ვინაიდან აღნიშნული შემცირება 1990 წლიდან დაიწყო, ზოგიერთ ქვეყანას აქვს მიღწევები, შედეგად შემცირდა თავდაპირველ მაჩვენებელთან შედარებით ტყეების გაჩეხვა. წლიური წმინდა ტყის დანაკარგი ათწლეულების განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება. 7,84 მლნ. ჰა 1990-2000, 5,18 მლნ. ჰა 2000-2010 და 4,74 მლნ. ჰა 2010-2020 წლებში. 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე დაახლოებით 420 მლნ ჰექტარის ფართობის ტყის განადგურება მისი გაჩეხვის შედეგია. დღევანდელ რეალობაში ტყის ფართობის ყველაზე დიდი დანაკარგი აფრიკის კონტინენტზეა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში წელიწადში დაახლოებით 1,91 მლნ. ჰექტარის ტყე ნადგურდება.

გარდა გაჩეხვისა, ტყის რესურსების წინაშე ბევრი დარღვევაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ხის სიცოცხლისუნარიანობაზე. 2015 წელს დაახლოებით 98 მილიონი ჰექტარის ფართობის მიწა ხანძრის შედეგად დაზიანდა. არეალი ძირითადად ტროპიკულ რეგიონს ეხება სადაც ცეცხლმა გაანადგურა საერთო ტყის ფართობის დაახლოებით 4%. აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში კი საერთო ტყის ფართობის ორ მესამედზე მეტი ანალოგიური მიზეზის გამო განადგურდა. გარდა ამისა არც ისე ცოტაა  მწერების, სხვადასხვა დაავადებებისა და მძიმე ამინდის მოვლენების შედეგად გამოწვეული ტყის რესურსის დანაკარგი, რომელიც 2015 წლის მონაცემებით 40 მილიონი ჰექტარია და მოიცავს უმეტესაც ზომიერ და ჩრდილოეთის რეგიონებს.

ასევე ტყის რესურსის გარკვეული ნაწილი იხარჯება წარმოებასა და სოციალურ მომსახურებაში. დაახლოებით 1,15 მილიარდი ჰექტარი ტყე ხის პროდუქტის წარმოებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება სოციალურ მომსახურებას,  მსოფლიოს მასშტაბით 180 მილიონზე მეტი ჰექტარი ტყე გამოყოფილია დასვენების, ტურიზმის, განათლებისა და კულტურული ძეგლებისათვის[1].

მდგრადი მიდგომები ტყის რესურსების მართვაში განვითარებული ქვეყნების მაგალითზე

ტყის რესურსების მდგრადი მართვა არ არის ტექნიკური საკითხი, რომლის მოგვარებაც მხოლოდ მეტყევეებს შეუძლიათ. მას სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი დაფინანსება, როგორიცაა  თანამშრომლობა საჯარო ორგანიზაციებთან და ეკონომიკურ სექტორებთან, რომელშიც მოიაზრება სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, მეთევზეობის, გარემოსდაცვითი დაწესებულებები.

კონსერვაციონისტების მიერ შემოთავაზებული ორი სტრატეგია, რომელიც  გლობალური საკითხების მხარდასაჭერად იქნე შემოღებული მდგრადი მიდგომების მაგალითს წამოადგენს. პირველი მიმართულია მთავრობებისა და დიდი კორპორაციებისკენ, რათა მიიღონ გლობალური ზომები ტყის გაჩეხვის და ტყის რესურსების მდგრადი მართვის სასარგებლოდ. მთავრობებს აქვთ გავლენა, ლობირებასა და წარმოების ანგარიშებზე, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო განვითარების დახმარებას. გარდა ამისა, დიდ კორპორაციებს ძალუძთ მოახდინონ შესყიდვების პოლიტიკაზე სამომხმარებლო ზეწოლა, რათა თავიდან ავიცილოთ პროდუქცია, რომელიც ხელს უწყობს ტყის გაჩეხვას და დეგრადაციას.  აქტივისტი ჯგუფების მეორე სტრატეგია არის ითანამშრომლონ საჯაროდ და ზემოქმედება მოახდინონ ინდივიდუალურ ქცევებზე. ეს ყოველივე გულისხმობს, ხალხის დარწმუნებას შეცვალონ ცხოვრების წესი ისეთი პროდუქტების მოხმარების შემცირებით, რომელთა გამოც მილიარდობით ხე ნადგურდება. სწორედ ამ ორი მიდგომის  მაგალითია The Great Bear Rainforest – კამპანია. ამ უკანასკნელის მთავარი მიზანი იყო ხელი შეეშლა, ხეების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანაში, რაც აზიანებდა ადგილობრივ კულტურულ ძეგლებს და სიცოცხლისუნარიანობას ართმევდა იქ მცხოვრებ ბინადართ. თავდაპირველად მათი მცდელობა შეეცვალათ მსგავსი კომპანიების ქმედებები, ნაწილობრივ წარუმატებელი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც კამპანიამ აქტიურად დაიწყო, აქციონერთა შეხვედრების ჩაშლა, საჯარო მედია შეხვედრებში მონაწილეობა, ბრიტანეთის კოლუმბიის მთავრობა ჩაერთო მსგავსი საქმიანობების შესახებ მოლაპარაკებაში. დასაწყისისთვის შეთანხმება დროებით ზღუდავდა ხეების გადაადგილების პროცედურას, საბოლოოდ კი 2016 წელს აღსრულდა კანონი, რომელიც ამ უკანასკნელს არალეგალურ საქმიანობად თვლიდა. ეს ნამდვილად დიდი ბრძოლაა, რომელიც  ნათლად აჩვენებს, მდგარდი აქტივიზმის როლს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში[2].

გარდა ამისა კანადაში, ონტარიოს პროვინციას აქვს საკუთარი ტყის რესურსების მდგრადი მართვის კამპანია. ონტარიოს ტყის დაახლოებით 90% საჯარო საკუთრებაა. აქ მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები იმართება იმ კომპანიების მიერ, რომელთაც გააჩნიათ 20 წლიანი  მდგრადი ტყის ლიცენზიები. ონტარიოს ტყის რესურსების მდგრადი მართვის მთავარი მიზანია უზრუნველყოს ტყის სიჯანსაღე და პროდუქტიულობა და  შეუნარჩუნოს მას ბიომრავალფეროვნება. ყოველი ღონისძიება 10 წლის განმავლობაში გრძელდება, მკაცრად კონტროლდება და ზედმიწევნით მიყვება ტყის მართვის პრინციპებს. გარდა საჯარო ტყის მართვისა, ონტარიოს მთავრობა ხელს უწყობს კერძო ტყეების მდგრადი განვითარების წახალისებას[3].

     ხეების გადატანის საკითხი ასევე აქტუალური აღმოჩნდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისთვის, კერძოდ კამერუნისთვის. 2020 წელს ადგილობრივმა მოსახელობამ და ტყის რესურსების მდგარდი მართვის მხარდამჭერებმა შეაჩერეს მთავრობის მიერ დაგეგმილი 141 706 ჰექტარზე გაშლილი ტყის „გადატანა“. პრემიერ მინისტრის განკარგულებით ნახევარი ტყე მთავრობის კერძო საკუთრებაში გადადიოდა, რაც ცხადია მათ ავტონომიურ უფლებას აძლევდათ გაეყიდათ ხეები. რა საკვირველია აღნიშნული ქმედებების განხორციელება გაამწვავებდა გლობალურ კლიმატურ მდგომარეობას და გამოიწვევდა ბიმრავალფეროვნების კრიზის[4].

მდგრადი მიდგომების როლს ნათელყოფს 2019 წლის აგვისტოში ინდონეზიის სასამართლოს მიერ შეჩერებული უდიდესი კაშხლის მშენებლობა, რომელსაც შეეძლო მძიმედ დაეზარალებინა როგორც ტყე და მისი ბინადრები ასევე სოფლის მოსახლეობაც. 3 მილიარდი დოლარის ღირებულების კაშხალი 4 407 ჰექტარზე გაშენებული ტყის განადგურებას იწვევდა. კომპანიას არასწორად ჰქონდა რისკები შესწავლილი, ვინაიდან ადგილზე მისული სპეციალისტების დასკვნით, მდებარეობა არ იყო ხელსაყრელი მშენებლობისთვის. ნალექების წლიური რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა დასაშვებ რაოდენობას, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ველური ბუნების და გარემოს დაცვით ანალიზს. რომლის მიხედვითაც კაშხლის ადგილმდებარეობა უდიდეს ზიანს აყენებდა ეკოსისტემას. ნადგურდებოდა უამრავი სახეობის ხე, გადაშენების პირად მყოფი ცხოველთა ჯიშები, როგორებიცაა, სუმატრანიის ვეფხვი, მარტორქები , ორანგუტანგები და სპილოები[5].

ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს მსგავს საკითხებში გლობალური ჩარევის საჭიროებას, ვინაიდან ტყის რესურსებს უდიდესი როლი აქვს ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, მიწის დეგრადაცია, ბიომრავალფეროვნების განადგურება და მრავალი სხვა.

გაეროს როლი ტყის რესურსების მდგრად მართვაში

გარდა ქვეყნებისა ტყის რესურსების მდგრადი განვითარების საკითხში უდიდეს როლს ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მათი საერთო ხედვა არის სამყარო, რომელშიც ყველა სახის ტყე და ცალკეული ხეები მდგრადად იმართება, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და კულტურულ სარგებელს აწმყო და მომავალი თაობებისათვის. მათი მთავარი მისიაა ხელი შეუწყოს „მდგრადი განვითარება 2030“- ის დღის წესრიგს, უზრუნველყოს გლობალური ტყის მიზნების ინტეგრირება ფართო მასშტაბით, გააღრმავოს ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორც რეგიონალურ ასევე სუბრეგიონალურ ჭრილში.

    ამ ყოველივეს მისაღწევად გაერთიანებული ერების სტრატეგიული გეგმა ტყის მდგრადი მართვისთვის  მოიცავს 6 მთავარ მიზანს და ქვეჯგუფებს, კერძოდ:

  1. ტყის მდგრადი მართვის მეშვეობით მაქსიმალურად აღადგინოს და დაიცვას ტყის საფარი მსოფლიოში, აღკვეთოს ტყის დეგრადაცია.
  2. ტყის ფართობის 3 პროცენტით გაზრდა მსოფლიოს მასშტაბით
  3. 2020 წლისთვის ხელის შემწყობი ღონისძიებების ჩატარება ტყის გაჩეხვის წინააღმდეგ
  4. გაზარდოს ტყის საფუძვლად მიღებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი სარგებელი, ტყეში მცხოვრები ხალხის საარსებო მინიმუმის გაზრდის ჩათვლით
  5. აღმოიფხვრას „ტყეზე დამოკიდებული“ ადამიანების უკიდურესი სიღარიბე.
  6. წვლილი შეიტანოს ტყის მრეწველობის, სოციალური ეკოსისტემის სერვისების და სხვა ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი საკითხების განვითარების გაზრდაში.
  7. მნიშვნელოვნად გაიზარდოს დაცული ტყეების ფართობი მსოფლიოში
  8. დაცული ტერიტორიების კონსერვაცია ეფექტური გზებით
  9. ტყის რესურსების მდგრადი მართვისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერება
  10. ყველა მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზება, ადეკვატური წახალისება მსგავსი საქმიანობის წინსვლისთვის
  11. ქვეყნების რაოდენობის გაზრდა, რომელთაც აქვთ განვითარებული დაფინანსების სტრატეგიები და ხელმისაწვდომობა.
  12. ტყის მდგრადი მართვის დანერგვა
  13. გაუმჯობესდეს ტყის სამართალდამცავი ორგანოების მმართველობა
  14. სრულად ინტეგრირდეს ტყესთან დაკავშირებული საკითხები და ტყის სექტორი.
  15. სექტორებსა და შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შორის.

      აღნიშნული სტრატეგიის მიზნების განხორციელება 2030 წლის დღის წესრიგს წარმოადგენს. თითოეული მათგანი, მყარი საფუძველია მთავარი მიზნის მისაღწევად. ამჟამად წარმატებით ხორციელდება მათი მოქმედებაში მოყვანა[6].

ტყის რესურსები საქართველოში. არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები

საქართველოში არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეებში ტყეს განსაკურებული ადგილი უკავია. ტყის ფონდის საერთო ფართობი 2 967,2 ათასი ჰექტარია, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 43,2%. აღნიშნული მაჩვენებლიდან საკუთრივ ტყეს 40,6% უკავია. ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოსთვის 27%-ია, ხოლო მეზობელი ქვეყნებისთვის 15%-ს არ აღემატება, რაც ადასტურებს, რომ საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა.  რეგიონების მიხედვით ტყის ფონდის ფართობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ნაწილდება: იმერეთზე – 312,1 ათასი ჰექტარი, კახეთზე – 288,3 ათასი ჰექტარი და რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე – 281,6 ათასი ჰექტარი[7].

სატყეო ურთიერთობები საქართველოში რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ტყის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით. კანონმდებლობის თანახმად საქართველოს ტყის ფონდი არის სახელმწიფო საკუთრება, რომელშიც ერთიანდება სამეურნეო მიზნების, ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური მნიშვნელობის და სხვა  მახასიათებლების მიხედვით დაყოფილი 2 ძირითადი კატეგორია:

ტყის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს ტყის კოდექსი აწესრიგებს. მისი მთავარი მიზნები უკავშირდება საქართველოს ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნებას და მათ მიზნობრივ და რაციონალურ გამოყენებას,  ასევეა ტყის მართვის იმ ძირითადი პრინციპების განსაზღვრას, რომლებიც ეფუძნება მდგრად მართვას.  გარდა ამისა, აღნიშნულ კოდექსში ყურადღება გამახვილებულია უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებზე. ტყის დაცვის ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია უკანონო ტყითსარგებლობისა და ტყის რესურსების დატაცების პრევენცია და აღკვეთა (საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 71, პუნქტი „ვ“). 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ტყის უკანონო

ჭრის მაჩვენებლები 2015-2019 ჭრილში შემდეგნაირად გამოიყურება. (იხ. დიაგრამა 1.)

 დიაგრამა 1. ტყის უკანონო ჭრა 2019 წლის მონაცემების მიხედვით.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გარემოს სტატისტიკა[7].

უკანასკნელი მონაცემები ტყის უკანონო ჭრის შესახებ ნათლად გვიჩვენებს, რომ 2016 წლიდან უკანონო ტყითსარგებლობა მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. ამასთან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ტყის ჭრით მიღებული ხე-ტყის მოცულობა იმავე წლების განმავლობაში დაახლოებით 6%-ით შემცირდა. 2019 წელს მოჭრილი ტყეთა მოცულობის 7% ტყის რესურსების არალეგალური გამოყენების შედეგია.

დიაგრამა 2. ტყისა და ველის ხანძრის შემთხვევათა რაოდენობა (ერთეული)

წყარო: საქსტატი, გარემოს სტატისტიკა[7].           

71 მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით ტყის დაცვის ღონისძიებებში მისი ხანძრისგან დაცვა მოიაზრება. ტყის ხანძრები უდიდესი საფრთხეა ბუნებისთვის, რომელიც ნელ-ნელა სულ უფრო ინტენსიური ხდება. მის გავრცელებაში დიდი წვლილი სწორედ ადამიანს მიუძღვის, არსებული დანაკარგი კი მასშტაბებიდან გამომდინარე, შეუფასებელია.

ამ შემთხვევაშიც საქმე მზარდ ტენდენციასთან გვაქვს. ბოლო მონაცემების თანახმად,

ხანძრის 120 შემთხვევის გამო 3 713 ჰექტარი ტყის ფართობი განადგურდა. უახლოეს ინფორმაციას 2021 წლის შესახებ  სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მათ მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში დაფიქსირდა 34-მდე შემთხვევა, რომელთაგან არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა მიყენებული ზიანი მასშტაბური. პირიქით ხანძრის ტიპი დაბლითი ხანძრის ხარისხით შეფასდა, რაც გამორიცხავს ხე-მცენარეების დაზიანებას.

სატყეო სექტორში არსებული პრობლემები, რომლებიც პირდაპირ აისახება ტყის

მდგომარეობაზე, არა მხოლოდ, ტყის ხანძართან ან უკანონო ტყითსარგებლობასთან, არამედ მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული. საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია, რამდენიმე ძირითად პრობლემას გამოყოფს, რომლებიც ტყეზე განსაკუთრებით ახდენენ უარყოფით ზემოქმედებას.

აღნიშნული პრობლემების სიმწვავე, დღევანდელი რეალობის ანარეკლია, რომელთა გამოსწორებაც უდიდეს ძალისხმევას საჭიროებს. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ჩატარდეს ტყის ინვენტარიზაცია ქვეყნის მასშტაბით. ვინაიდან ინფორმაციის არარსებობის პირობებში ტყის მართვის გრძელვადიანი გეგმების შემუშავება შეუძლებელია. გარდა ამისა, ეს ყოველივე მოგვცემს საშუალებას დროულად გამოვლინდეს გადაუდებელი გამოწვევები და განხორციელდეს საჭირო ღონისძიებები. ამასთანავე, საჭიროა მოძველებული კანონმდებლობის თანმიმდევრული გადაწყობა, რომელიც სრულად მოერგება მდგრადი განვითარების პრინციპებს, და უპირველეს ყოვლისა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების მოთხოვნებს. უმნიშვნელოვანესია განათლების სისტემის მხარდაჭერაც. ვინაიდან მეტყევეობის მიმართ ინტერესი წლების განმავლობაში კლებულობდა, ამის გამო სატყეო სექტორი კვალიფიციური კადრის გარეშე დარჩა. ტყის მართვა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც უმაღლეს ცოდნას მოითხოვს ყველა დონეზე.

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა (2017-2021), ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადა, რომლისთვისაც გამოიყო 100 000 ევროს ოდენობის ბიუჯეტი. რასაკვირველია, შეთანხმება ითვალისწინებს ორიენტირებას საქართველოს გარემოსდაცვით პრიორიტეტებზე, პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინტეგრირებასა და მის ოპტიმიზაციას. ასევე აღსანიშნავია, გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით შემდგარი პროექტი, რომლის მიზანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ტყის მდგრადი მართვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება. გარდა ამისა, 2020-2027 წლებში იგეგმება პროქტის განხორცილება, რომლის დონორ ორგანიზაციებს, მწვანე კლიმატის ფონდი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო წარმოადგენს. ამ შემთხვევაში პროექტი მიზნად ისახავს ტყეების დეგრადაციით გამოწვეული ემისიების შემცირებას ტყეების მდგრადი მართვის გზით. ასევე ენერგო ეფექტური და ალტერნატიული საწვავის პოპულიზაციას[10].

დასკვნა

მაშასადამე, ტყეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც მოსახლეობის უსაფრთოხებისა და კეთილდღეობისთვის, ისე ქვეყნების ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებისთვისაც. დასაწყისში აღნიშნული ტყის დადებითი თვისებების „ნუსხა“ ის მწირი ჩამონათვალია, რომელიც გვეხმარება გავიაზროთ ტყის და მისი რესურსების საჭიროება ჩვენს ცხოვრებაში. გაეროს კვლევების შედეგად დადგინდა, რომ თითქმის 1,6 მილიარდი ადამიანი საკვების, სამსახურის და თავშესაფრის მხრივ სრულად არის დამოკიდებული ტყეზე. ხილის 50% რომელსაც მივირთმევთ სწორედ ხეებიდან მოდის,  კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველი მედიკამენტების 2/3 სწორედ ტროპიკული ხეებისა და მცენარეებისგან მზადდება, რომელთა წლიური ბრუნვა 108 მილიარდ ამერიკულ დოლარს უდრის. გარდა ამისა, გლობალური ტურიზმის 20% „ბუნებაზე დამყარებული“ ტურიზმია. ყოველივე ეს ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, ყველა პრობლემა, რომელიც აფერხებს სატყეო რესურსების მდგრად მართვას. ეს არ არის, რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ეროვნული პრობლემა, ეს გაცილებით მეტია – გლობალური საკითხი, რომლის სრულყოფისთვისაც უნდა იბრძოდეს, მთავრობები, ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები და თუნდაც უბრალოდ ტყით დაინტერესებული ხალხი.

ამრიგად, დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე რეგიონის დადებითი შედეგების მიუხედავად ტყის ფართობის საერთო დანაკარგი წლიურად 4,75 მლნ. ჰექტარს უდრის. აღნიშნული მაჩვენებელი მეტად მძიმე რეალობას დაგვანახებს თუ გავითვალისწინებთ, რომ ტყის ბუნებრივი გამრავლება ბოლო ათწლეულების განმავლობაში 0,21%-ით მცირდებოდა. გარდა ამისა, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, კარგად ასახავს პრობლემის სიმწვავეს. ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს მაგალითიც, სადაც არასათანადო ნორმატიული აქტების, ღონისძიებებისა და ფინანსების გარეშე ისეთმა პრობლემებმა, როგორებიცაა ხანძარი, უკანონო ტყითსარგებლობა მზარდი ტენდენციის სახე მიიღო. 

 კვლევები ადასტურებს საშიშროებას, რომლის წინაშეც, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მომავალი თაობებიც შეიძლება დადგნენ. ხანძრები, არალეგალური საქმიანობები, ტყის რესურსების არამდგრადი გამოყენება, არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა ნელ-ნელა ასუსტებს იმ საფუძველს, რომელზეც მთლიანად ტყის ბედია დამოკიდებული. გამოსავალი კი ერთობასა და თანამშრომლობაში უნდა ვეძიოთ. განხილული მაგალითები ნათელყოფს, რამდენად ეფექტურია გლობალურ საკითხებზე გლობალური ბრძოლა. საერთაშორისო ხელშეკრულებები, დადებული შეთანხმებები, არ წყვეტს მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის ბედს, ეს მსოფლიო საკითხებია, რომელთა ირგვლივ მსჯელობა, სტრატეგიული გეგმების მოფიქრება უზრუნველყოფს შედეგს, რომელიც სრულად ემყარება მდგრადი განვითარების პრინციპებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. FAO. (2020). Global Forest Resources Assessment: Main Report. Rome: FAO.
  2. Fraser, A. (2019). Achieving the Sustainable Management of Forests. Springer.
  3. Ontario, G. o. (2020 წლის 3 march). Sustainable forest management. Ontario. ca., Canada.
  4. Frost, R. (2020). Camerron halts plans for logging in biodiversity hotspot. San Diego: Euronews.
  5. Hanafiah, J. (2019 წლის 9 september). Indonesian count Cancels dam project in last strongjold of tiger, rhinos. mongabay.
  6. Nations, U. (2019). Global Forest Goals and Targets. New York: United Nations .
  7. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2019). გარემოს სტატისტიკა. მოპოვებული საქსტატი: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/73/garemos-statistika-დან
  8. სააგენგო, ე. ს. (თ. გ.). საქართველოს ტყე. თბილისი.
  9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. (2018). საქართველოსგარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2020. თბილისი: საქართველოს მთავრობა.
  10. ეროვნული სატყეო სააგენტო. (2020 წლის 7 მაისი). საერთაშორისო პროექტები. მოპოვებული National Foresty Agency: https://forestry.gov.ge/Ge/InternationalProjects-დან