პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საქართველო

ავტორის სტილი დაცულია

თიკო დალაქიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
tikodalaqishvili@gmail.com

ანოტაცია

თითოეული ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია ეკონომიკური განვითარება და ეფექტიანობის მიღწევა. ისინი ქმნიან ახალ საწარმოებსა და დამატებით სამუშაო ადგილებს, საშუალებას იძლევიან დაიხვეწოს თანამედროვე ტექნოლოგიები და განახლდეს საწყისი კაპიტალი. ამასთან ერთად,ხელს უწყობენ ინტენსიურ წარმოებას და მათი მეშვეობით ხდება ბაზარზე ახალი საქონლის და მომსახურების მიწოდება. ეს ხელსაყრელია, როგორც მომხმარებლისთვის და მიმწოდებლისთვის, ასევე ინვესტორებისთვის და სამთავრობო მიზნებისთვის. საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობა. კაპიტალის კვლავწარმოებისა და ინვესტიციური პროცესების აქტივობა არსებითად განსაზღვრავს ეროვნული წარმოების განვითარებას.

Annotation

The economy of each country needs to attract foreign direct investment because through them it is possible to develop economically and achieve efficiency. They create new enterprises and additional jobs, allow to refine modern technologies, and upgrade start-up capital. In addition, they promote intensive production and supply new goods and services to the market. This is beneficial for both the customer and the supplier, as well as for investors and government purposes. An important part of a market economy is an effective investment. The activity of capital reproduction and investment processes essentially determines the development of national production.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი და მასზე მოქმედი ფაქტორები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) ითვლება გლობალიზაციის, ეკონომიკური ზრდის და ინდუსტრიალიზაციის მთავარ მასტიმულირებელ ძალად. უცხოური კაპიტალის მოზიდვა და საგარეო წყაროებზე ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ როდესაც ქვეყანა ძირითადად დამოკიდებულია საგარეო ინვესტიციებზე და გრძელვადიან პერიოდში გააჩნია მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ეს ფაქტი სხვადასხვა დადებით ეფექტებთან ერთად მნიშვნელოვანი რისკის მატარებელია. შესაძლებელია გარკვეული გარემოებების გამო პრობლემები გაჩნდეს დაფინანსების კუთხით და ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად შემცირდეს ინვესტიციების შემოდინება. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ე.წ. „უეცარ შეჩერებას“. ეს კი, შეამცირებს რა ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებს, შეამცირებს გამოშვებას და გაზრდის უმუშევრობას.

FDI-ს როლი კიდევ უფრო გაიზარდა 1990-იანი წლებიდან, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. FDI-ს განსაკუთრებით დადებითი ეფექტი შესაძლოა ჰქონდეს ინდუსტრიულ სექტორში, კერძოდ კი ტექნოლოგიურ განვითარებაში, მუშახელის პროდუქტიულობის გაზრდასა და ახალი ცოდნის თუ უნარების შეძენა-გაუმჯობესებაში. საერთაშორისო კვლევებითა და პრაქტიკული გამოცდილებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველია ქვეყნის კარგი საინვესტიციო კლიმატი და პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური გარემო.

ზოგადად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არ არსებობს ყოვლისმომცველი ინდიკატორების სია, რომლებიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას განაპირობებს, ისევე, როგორც არ არსებობს მისი ხელის შემშლელი ფაქტორების ზუსტად განსაზღვრული ჩამონათვალი. სხვადასხვა ფაქტორმა სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლებელია სხვადასხვაგვარი ეფექტი მოგვცეს. ან წარმოიქმნას ისეთი ფაქტორის ან ფაქტორთა ერთობლიობა, რომელთა ზეგავლენაც საინვესტიციო გარემოზე პრაქტიკულად შეუსწავლელია. აღნიშნულ მდგომარეობას განეკუთვნება თანამედროვე მსოფლიოში განვითარებული მოვლენები. პანდემიამ, რომელმაც პრაქტიკულად გააჩერა მსოფლიო, წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოახდინა ყველა ქვეყანაზე. ამ შემთხვევაში, გავლენის ზრდის  დამაჩქარებელი აღმოჩნდა გლობალიზაცია. [1]

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველა განვითარებადი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია და ცხადია ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. საქართველოს სურს, თავი დააღწიოს სიღარიბეს და დაეწიოს მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონებს. ამისათვის საჭიროა გარე რესურსები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადგილობრივი დანაზოგები ძალინ მცირეა.  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გულისხმობს არა მხოლოდ ეკონომიკისათვის ხელმისაწვდომ კაპიტალს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს ეკონომიკისათვის გამოცხადებულ ნდობას.[2]

დიაგრამა1.პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2019-2021 წლებში

*წინასწარი მონაცემები

წყარო: www.geostat.ge

დიაგრამა1.-ზე ნაჩვენებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები საქართველოში 2019-2021 წლებში. როგორც ხედავთ, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,რაც 2020 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3 პროცენტით ნაკლებია. საქსტატში შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში[3]. ცხადია, ამ კლებას სხვადასხვა გავლენა ექნება. მაგალითად, ლარის კურსის ვარდნა, რაც, მოსალოდნელია იმის გამო, რომ ინვესტიციები შემცირდა და მოთხოვნა დოლარზე უნდა გაიზარდოს.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პრობლემის აქტუალურობას ზრდის საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობა მათ შორის საგულისხმოა საგარეო ვალი:საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით 20.6 მლრდ აშშ დოლარი (70.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 132.9 პროცენტია[4].მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების ვალის მიმართება მშპ-თან 40-50%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების მიმართ ქვეყანას უფრო მოწყვლადს ხდის[5].ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 467.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 15.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების გამო – 332.8 და 127.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.3 მლრდ აშშ დოლარი (42.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 79.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ აშშ დოლარია (19.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 37.3 პროცენტია[4]. მართალია, საგარეო ვალი განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკას კრიზისის რისკის ქვეშ აყენებს, თუმცა მისი არსებობა სავალდებულოც კია იმისთვის, რომ ქვეყანამ განვითარების მაღალ საფეხურებს მიაღწიოს.[2]

საინტერესოა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იზიდავენ ყველაზე მეტად. დიაგრამა2.-ის მიხედვით, 2021 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 35.5 მლნ. აშშ დოლარით (28.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ. აშშ დოლარით (22.2 პროცენტი). [3]

დიაგრამა2.პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმსხვილესი ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წლის I კვარტალში

*წინასწარი მონაცემები

წყარო: www.geostat.ge

თუ ვიმსჯელებთ 2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა(იხ.დიაგრამა3): პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 88.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი – 31.9 მლნ. აშშ დოლარით (25.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი – 24.5 აშშ დოლარით (19.5 პროცენტი).

დიაგრამა3.უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები 2021 წლის I კვარტალში

*წინასწარი მონაცემები

წყარო: www.geostat.ge

თუკი აღნიშნულ მაჩვენებელს წინა, 2020 წლის იმავე კვარტალის მონაცემებს შევადარებთ,შევამჩნევთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წელს გაზრდილია სამივე უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის მხრიდან. კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან 15.2 მლნ.აშშ დოლარით, რუსეთიდან 20.8 მლნ.აშშ დოლარით და თურქეთიდან 11.9 მლნ.აშშ დოლარით. რაც შეეხება შემცირებას,ნიდერლანდი,რომელიც 2020 წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების მეორე ადგილს იკავებდა, 2021 წლის მონაცემებით, ამ ქვეყნიდან 8.6 მლნ.აშშ დოლარის კლება შეინიშნება.[3]

აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ინვესტიციების შემცირებას არა მარტო ეკონომიკურ ზრდაზე, ლარის კურსზეც აქვს ნეგატიური გავლენა. თუმცა ეს უკანასკნელი საბოლოო ჯამში ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და აქედან გამომდინარე მისი პროგნოზირება რთულია. მხოლოდ ერთი რამის თქმაა შესაძლებელი, საქართველო უკვე არის იმ ეტაპზე, როცა უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის ბიზნესგარემოს თვისებრივი ცვლილებები სჭირდება.[2]

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით -23.9 მლრდ აშშ დოლარი (-81.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -150.5 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.0 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა. 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.2 მლრდ აშშ დოლარია (38.1 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 59.0 მლნ აშშ დოლარით აღემატება. მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 35.1 მლრდ აშშ დოლარი (119.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 958.7 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.[6]

გარკვეულწილად, ინვესტიციების კლება ორი მიზეზით არის გამოწვეული. ერთი მხრივ, ეს გლობალური ეკონომიკურ კრიზისს ბრალდება, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული. პირველი მიზეზი – საერთაშორისო საინვესტიციო რესურსების ბაზრებზე პოსტკრიზისული პერიოდები ყოველთვის ხასიათდება საინვესტიციო აქტივობის დაცემით და ინვესტორები, გარკვეულწილად, მოლოდინის და ბაზრების ანალიზით არიან დაკავებული. გარდა ამისა, თავისუფალი კაპიტალის ხელმისაწვდომობამ იკლო იმის გამო, რომ განვითარებული კაპიტალის ბაზრის მქონე ქვეყნებს დიდი ვალები დაედოთ. მეორე მიზეზი – საქართველოში ინვესტიციების შემცირების შიგა ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური არასტაბილურობა.[2]

საქართველოს საინვესტიციო გარემოს გამოწვევები და უპირატესობები

როგორც წესი, ინვესტიციების მოზიდვით დაინტერესებული ნებისმიერი ქვეყანა უნდა სთავაზობდეს პოტენციურ ინვესტორს სხვა ქვეყნებზე მეტად მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი და სახელისუფლებო წრეები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ მაქსიმალურად გახსნილი და ლიბერალური ეკონომიკური გარემოს შექმნით. ამ კუთხით ქვეყნების საინვესტიციო საქმიანობას რამდენიმე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია იკვლევს და, ინდექსებზე დაყრდნობით, შესაბამის რეიტინგებს აქვეყნებს. აღნიშნულ რეიტინგებს შორის აღსანიშნავია ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing business) და ეკონომიკური თავისუფლების (Heritage Foundation) რეიტინგები, რომელთა ჩამონათვალში საქართველოს საკმაოდ მაღალი სარეიტინგო შეფასება აქვს. პირველ რეიტინგში, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, 2020 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში (190 ქვეყანას შორის) მე-7 ადგილზეა[7], ხოლო მეორეში 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით (184 ქვეყანას შორის) მე-12 ადგილზეა და რჩება უმეტესად თავისუფალ ქვეყანათა ჯგუფში.[8]

როგორც ციფრებიდანაც ჩანს, ორივე რეიტინგის მიხედვით, საქართველო ძირითად ათეულსა და ოცეულში შედის, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს რეიტინგები არ ასახავს და შეფასების მიღმა ტოვებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობისა და მასთან დაკავშირებულ რიგ საფრთხეებს. ასევე, რეიტინგებში ასახული არ არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, 13 წლის წინ ქვეყანას ომი ჰქონდა რუსეთთან და მას შემდეგ ფაქტობრივად უწყვეტი აგრესიის ქვეშაა.[7]

აუცილებელია განვიხილოთ დემოკრატიის მაჩვენებლები და ამ მხრივ არსებული პრობლემები ქვეყანაში. დემოკრატიის ინდექსს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა, პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო თავისუფლების  მიხედვით არის განსაზღვრული. 2021 წლის 2 თებერვალს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით საქართველოს ქულა 5.42-დან 5.31-მდე შემცირდა და შესაბამისად, საქართველო 89-ე ადგილიდან 91-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. საქართველო ისევ ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყანად რჩება, ოღონდ ახლა უფრო მეტად არის დაშორებული დემოკრატიულ ქვეყნებს. ბოლო წელს პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო თავისუფლების ქულები შემცირდა, რამაც საქართველოს ჯამური ქულა შეამცირა და 91-ე ადგილზე ჩამოაქვეითა, ლიბერიასა და ნეპალს შორის[9]. აღნიშნული მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ საქართველოს საკმაოდ ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი იყოს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. თუმცა, გაუმართავი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა აქაც შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე უარყოფითად მოქმედებს, არის კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტი.

საქართველოს გააჩნია პოტენციალი კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად იქცეს, რაც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ ძირითად და აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალი ამ ეტაპზე სრულად ათვისებული არ არის, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით კი ამ ორ ფაქტორს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.ის ქვეყნები, რომლებიც ქმნიან ხელსაყრელ პირობებსა და ეფექტურ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას, ახერხებენ მოიზიდონ კომპანიები, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად აუწყოს ფეხი მსოფლიო ტენდენციებს და საკუთარი ნიშა დაიკავოს მსოფლიო სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ რუკაზე, რითაც დამატებით საინვესტიციო მიმზიდველობას შესძენს ქვეყანას. ამასთან ერთად , გარდა ხსენებული ფაქტორებისა და სექტორული გამოწვევებისა, საერთაშორისო დონორები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, განსაკუთრებით კორონავირუსის ეპოქაში, ასახელებენ ორ ძირითად ფაქტორს: ინვესტორების დაცვა კანონმდებლობით და გამართული სასამართლო სისტემა[7]. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს,რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ერთ-ერთი ინდიკატორი – სასამართლოს ეფექტიანობა 2021 წელს საქართველოში 1.4 პუნქტით გაუმჯობესდა(59.3ქულა) და 48-ე ადგილი დაიკავა. [8]

ეს ფაქტორები, რა თქმა უნდა არ წარმოადგენს სრულ ჩამონათვალს, თუმცა ასახავს ძირითად მიმართულებებს, რაც საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია და ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება. ამისთვის კი ყოველწლიურად უფრო მეტი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს, ვიდრე ბოლო წლებში შემოდიოდა და არსებულ გამოწვევებზე უნდა მოხდეს სწრაფი და მყისიერი რეაგირება, ინვესტორთათვის უფრო ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შეთავაზების თვალსაზრისით.[7]

საინვესტიციო საქმიანობის რეგულირება საქართველოში

საქართველოში საინვესტიციოო საქმინობა რეგულირდება კანონით “ინვესტიციების შესახებ“ ასევე საგადასახადო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ინვესტიციების ხელშეწყობა საკანონმდებლო დონეზე ხორციელდება ისეთი დოკუმენტებს საფუზველზე როგორებიცაა:

  • საქართველოს კანონი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ;
  • საქართველოს კანონი ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ;
  • საქართველოს კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ;
  • საქართველოს კანონი თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ.

მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური, შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით.  მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს.  მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5%-ით. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60%-ის ოდენობის ხარჯის (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები  მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, ამ სტატუსის მქონე პირები თავისუფლდებიან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.

საქართველოში მოქმედებს უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციების ხელშემწყობი რეჟიმი, არსებობს კანონი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს უცხოურ ინვესტიციას. საქართველოს მთავრობა აღარ არჩევს, ეს არის ოფშორიდან თუ უცხოური კანონიერი წყაროდან შემოსული ფული. თუ კომპანია მოახდენს მიღებული მოგების რეინვესტირებას თავის ბიზნესში, მაშინ ის თავისუფლდება მოგების გადასახადისგან.[2]

დასკვნა

ამრიგად, ჩვენს ქვეყანას აქვს რეალური პოტენციალი მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, და ამ გზით ხელი შეუწყოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები. ამასთან, ინვესტორებს სჭირდებათ მყარი გარანტიები, რათა მოახდინონ გრძელვადიანი ინვესტირება ქვეყანაში და ეს გარანტიები თავის მხრივ, მოიცავს საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის მოწესრიგებას, სახელმწიფო რეგულაციების შერბილებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდას, სამუშაო ძალის ხარისხის გაუმჯობესებას, და ფინანსური ბაზრების განვითარებას.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია, მიზანმიმართული და გააზრებული საინვესტიციო ნაბიჯების გადადგმა. მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის შერწყმა და მათი ეფექტიანი განთავსების ორგანიზაცია, რაც დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების დაბალანსებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ ზრდას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. http://conferenceconomics.tsu.ge/ „Covid-19-ის გავლენა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე“
  2. https://openscience.ge/bitstream/1/652/1/samagistro%20jajaia%20tia.pdf
  3. https://www.geostat.ge/media 
  4. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=4259
  5. https://forbes.ge/saqarthvelos-sagareo-vali-2/
  6. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=4260
  7. https://www.kas.de/documents „კოვიდ19-ის ეპოქა და საინვესტიციო პერსპექტივები“
  8. http://www.economy.ge/uploads/files/2017/reitingebi/2021/heritage_2021_geo.pdf
  9. https://forbes.ge/demokratiis-indeqsshi-saqarthvelos-91-e-adgilze-chamoqveithda/