უმუშევრობა საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
მარიამ თოფჩიევა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
topchieva888@gmail.com
ანოტაცია
უმუშევრობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. უმუშევრობის დონის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ეფექტიანად და რაციონალურად ვერ იყენებს თავის ადამიანურ რესურსებს. ადამიანებს შრომა სურთ, მაგრამ ვერ საქმდებიან უამრავი გარე და პირადი ფაქტორის გამო, შედეგად მათ არ შეაქვთ თავიანთი წვლილი საქონლისა და მომსახურების წარმოებაში, საკუთარი ოჯახის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მართალია, დღევანდელი ეკონომიკის პირობებში უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა გარდაუვალია, (უმუშევრობის ბუნებრივი დონე), რადგან ზოგ ადამიანს უბრალოდ არ სურს/არ სჭირდება შრომა, საქართველოს შემთხვევაში უმუშევრობა ბუნებრივიდან პრობლემატურში გადასული საკითხია. მოცემულ სტატიაში განხილულია უმუშევრობის არსი და მათი სახეები, უმუშევრობის მაჩვენებლები, უმუშევრობის მაღალი დონის მიზეზები და ბოლოს უმუშევრობის შემცირების ღონისძიებები.
Annotation
Unemployment is one of the biggest problems in any country, including Georgia. High unemployment rate indicates that the country is not able to use its human resources efficiently and rationally. People want to work, but can not do so due to many external and personal factors,as a result, they do not contribute to the production of goods and services, in developing your own family and country economy. It is true that in today’s economy, a certain level of unemployment is inevitable. (Natural level of unemployment), because some people just do not want / do not need work. In the case of Georgia, unemployment is a problematic issue. This article discusses the essence of unemployment and their types, unemployment rates, causes of high unemployment and finally measures to reduce unemployment.
უმუშევრობის არსი და სახეები
უმუშევრობა არის სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა, როდესაც მოსახლეობის ცალკეული ნაწილი ვერ შოულობს სამუშაოს. [2]
საქართველოში „მკაცრი კრიტერიუმით“ უმუშევარი არის 15 და მეტი წლის პირი, რომელსაც გამოკითხვის მომენტის წინა ერტი კვირის განმავლობასი არ უმუშავია ერთი საათიც კი, მზად იყო მუშაობისთვის და ეძებდა სამუშაოს გამოკითხვამდე 4 კვირის განმავლობაში. თუმცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებით შრომის ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნებისათვის რეკომენდირებულია უმუშევრობის მონაცემები გამოქვეყნდეს „შერბილებული კრიტერიუმებითაც“. შერბილებული კრიტერიუმით უმუშევრად ითვლებიან ის პირებიც ,რომლებიც არ მუშაობენ, მზად არიან მუშაობისთვის და სურთ მუშაობა, მაგრამ აღარ ეძებენ მას.[3] ასეთ ინდივიდებს ეწოდება „იმედდაკარგული მუშახელი“.
აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად გამოკითხულთა 70% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. კითხვაზე – «მიიჩნევთ თუ არა თავს დასაქმებულად?» – დადებითი პასუხი რესპონდენტთა მხოლოდ 30%-მა გასცა. ჩამონათვალიდან «რომელი უფრო შეესაბამება თქვენს მდომარეობას» 45%-მა უპასუხა «უმუშევარი-ვეძებ სამსახურს»; 23%-მა – «პენსიონერი-დაინტერესებული ვარ სამსახურის პოვნით»; 10%-მა – «დიასახლისი». უმუშევარია, მაგრამ ამ დროისთვის სამსახურს არ ეძებს 8%; უმუშევარია, მაგრამ არ არის სამსახურის პოვნით დაინტერესებული – 4% და სხვა.
ყველაზე მტკივნეული ამ გამოკითხვიდან არის ის რომ მოსახლეობის 12 % მდე არც კი ეძებს სამსახურს მრავალჯერ წარუმატებლობას შესკდომის გამო.
უმუშევრობა შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის:
- ციკლური უმუშევრობა – რომელიც ნიშნავს უმუშევრობის გადახრას მისი ბუნებრივი დონიდან. ციკლური უმუშევრობის დროს მნიშვნელოვნად ეცემა წარმოებისა და დასაქმების დონე, მცირდება მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე და იზრდება დასაქმებულების გამოთავისუფლების მასშტაბები. [4] (საქართველოში გავრცელებული უმუშევრობის სახეა)
- ფრიქციული უმუშევრობა – არის უმუშევრობა, რომელიც წარმოიქმნება იმის გამო, რომ ადამიანები ეძებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ უნარსა და გემოვნებას. ფრიქციული უმუშევრობა შედარებით მოკლევადიანი უმუშევრობაა. (საქართველოს შემთხვევაში იშვიათი უმუშევრობის სახე რადგან ადამიანები მზად არიან უარი თქვან საკუთარ შეხედულებებზე და სამსახურს ხშირად მიღებული განათლების საპირისპირო სფეროში იწყებენ)
- სტრუქტურული უმუშევრობა – ეს არის უმუშევრობა, რომელსაც ზოგიერთ ბაზარზე წარმოშობს სამუშაო ადგილების სიმცირე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობასთან შედარებით. სტრუქტურული უმუშევრობა გამოიყენება გრძელვადიანი უმუშევრობის ასახსნელად. ასეთი უმუშევრობა ჩნდება მაშინ, როცა ხელფასი მოთხოვნა-მიწოდების წონასწორულ წერტილზე უფრო მაღალია.[1] (ასევე გავრცელებული უმუშევრობის სახე ჩვენს ქვეყანაში. ხშირად ანაზღაურება იმდენად მცირეა რომ სამსახურის მაძიებელს არ უღირს შრომა დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ ანაზღაურებაზე)
- ტექნოლოგიური უმუშევრობა, რომლის წარმოშობის მიზეზს წარმოადგენს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი. (ამ შემთხვევაში განათლების სისტემამ უნდა აუბას მხარი მსოფლიო ტენდენციებს რაც საქართველოს შემთხვევაში ნელი ტემპებით ხდება)
- სეზონური უმუშევრობა ,რომელიც დამახასიათებელია ცალკეული დარგებისათვის ,მაგალილითად სოფლის მეურნეობისათვის, საკურორტო ზონების თვითდასაქმებული მოსახლეობისთვის და ა.შ
- ნაწილობრივი უმუშევრობა და სხვ.
უმუშევრობის მაჩვენებლები საქართველოში
უმუშევრობა საქართველოს მოსახლეობის მიერ უკვე არაერთი წელია მთავარ ეკონომიკურ პრობლემად სახელდება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. ადრე საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური რიცხვები რეალობას იყო მოწყვეტილი, რასაც მისი დათვლის მოძველებული მეთოდოლოგია განაპირობებდა. 2020 წლის დეკემბერში დაინერგა ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ავტომატურად თვითდასაქმებულებად აღარ აღრიცხავს იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და პროდუქტები მხოლოდ საკუთარი თავის რჩენისთვის მოჰყავთ. ამ ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, 2019 წლის უმუშევრობის დონე, რაც იქამდე 11.6% იყო, 17.6% გახდა. გადაითვალა წინა წლების შედეგებიც და გაირკვა, რომ 2012 წელს უმუშევრობა, 17.2%-ის ნაცვლად, სინამდვილეში 26.7% [6] (იხ. ნახაზი №1) უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია. საქსტატის მონაცემებით 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 18.5% შეადგინა.15- 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობა 27.8%-ია, 25-34 წლების ჯგუფში კი 21.3%. 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით უმუშევრობის დონე არის 21.9%, უმუშევართა რაოდენობა კი 317.5 ათასი კაცი.
ნახაზი #1: უმუშევრობის მაჩვენებლები საქართველოში
წყარო : https://forbes.ge/umushevrobith-msophlioshi-gamorcheuli-qveqhana/
უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია ვიდრე ქალბატონებში. 2020 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონე მამრობითი სქესის წარმომადგენლებში იყო 20.2% ,ქალებში კი 16.2%, (იხ. ნახაზი №2). ბოლო მონაცემებით საქართველოში 105,8 ათასი უმუშევარი ქალია და 176,1 ათასი უმუშევარი კაცი. ნახაზიდან და არსებული ეკონომიკის მდგომარეობიდან შეგვიძლია ვთქვათ ,რომ უმუშევართა რაოდენობა მომავალში შეიძლება უფრო გაიზარდოს. ზოგადად კაცებში უფრო მაღალია უმუშევრობა , ამის მიზეზი ჩემი აზრით არის ის ,რომ კაცების უმეტესობა პირობით 300-400 ლარიან სამსახურზე უარს ამბობს ქალებისგან განსხვავებით. ანუ ქალები უფრო თანხმდებიან დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, მაგალითად, როგორიცაა კონსულტაციის გაწევა მაღაზიებში.ასევე ბევრი ქალი უბრალოდ დიასახლისია, რომლებიც არ შედიან სამუშაო ძალაში.
ნახაზი #2: უმუშევრობის დონე სქესობრივ ჭრილში
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
ახალგაზრდებში ასეთი მაღალი უმუშევრობის დონე ჩემი აზრით განპირობებულია (15-24 ასაკის ადამიანებში საშუალოდ 41.1 %) განპირობებულია დაბალი ხელფასით, საგრძნობლად აცილებული იმ გათვლებს, რომლებსაც ახალ სწავლადამთავრებული სამსახურის მაძიებელი სტუდენტი ისახავს. შედეგად ასაკის მატებასთან და სამსახურის ქონის აუცილებლობასთან ერთად უმუშევრობის დონე შედარებით იკლებს. (იხ. ნახაზი №3)
ნახაზი #3 : უმუშევრობის დონე ასაკობრივ ჭრილში
წყარო : https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
საქართველოში სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს უმუშევრად თვლის. ადამიანები უფრო მარტივად თვლიან თავს უმუშევრად, ვიდრე საქსტატის ოფიციალური მეთოდოლოგია, ამიტომ არის ასეთი დიდი აცდენა საქსტატის ოფიციალურ მაჩვენებელსა და სოციოლოგიური გამოკითხვით დაფიქსირებულს შორის. 2020 წელს COVID-19’ით გამოწვეულმა პანდემიამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა და მთლიანი შიდა პროდუქტი 6.2%-ით შემცირდა. ეკონომიკის შემცირებას სამუშაო ადგილების კლება მოჰყვა. დასაქმებულების რაოდენობა 54 ათასით შემცირდა, თუმცა 2020 წლის განმავლობაში გაცილებით დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩნენ უმუშევრად.
2020 წელს უმუშევრობის მაჩვენებელზე განსაკუთრებით იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ და უმუშევრობის დათვლის ახალმა მეთოდოლოგიამ , რის შედეგადაც ბევრი ისეთი ადამიანი ჩაითვალა უმუშევრად, რომლებიც მანამდე ძირითადად თვითდასაქმებულად ითვლებოდნენ.
საქართველო სამწუხაროდ ემიგრანტების გადმორიცხულ თანხაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეუძლია, არ იმუშაოს და მაინც ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეს.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2016 წლიდან მუდმივად იზრდება. 2018 წელს მშპ-ში ფულადი გზავნილების წილი 9.7% იყო, ხოლო 2019 წელს 13.5%-მდე გაიზარდა (გზავნილების მოცულობამ 2019 წელს $1.7 მილიარდი შეადგინა). ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის 13,5%-ს უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები ამუშავებს. ამ მაჩვენებლით ფულადი გზავნილების წილი მშპ-ში უცხოურ ინვესტიციებსაც აჭარბებს. მაგალითად, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშპ-ის 7.6% იყო. 2020 წელს სულ საქართველოში $1.886 მილიარდი გადმოირიცხა (2019 წელთან შედარებით, 11%-ით მეტი). დადებითი ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში უცხოეთიდან სულ $149.7 მილიონი გადმოირიცხა – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,1%-ით მეტი.
ამ ციფრებიდან გამომდინარე სულაც არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ის დარჩენილი ადამიანები, ვისაც ამ თანხებს ურიცხავენ დაბალანაზღაურებიან სამსახურს არ თანხმდებიან და უკეთეს სამუშაო ადგილებს ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულები ოფიციალურად დასაქმებულად ითვლებიან, რეალურად მათი დიდი ნაწილიც ეძებს სამსახურს. შესაბამისად, როდესაც საქართველოში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები (ე.წ. ხელფასიანი სამსახური), არ ნიშნავს, რომ ამ ადგილებს აუცილებლად ოფიციალური გაგებით უმუშევრები დაიკავებენ. თეორიულად შესაძლოა, ახალი სამუშაო ადგილები თვითდასაქმებულებმა სრულად შეავსონ და უმუშევართა რაოდენობა არ შემცირდეს.
მაღალი უმუშევრობის მიზეზები
უმუშევრობის გამომწვევი ძირითად მიზეზები ესენია:
- შეზღუდული მოთხოვნა სამუშაო ძალაზე;
- სპეციალობით სამუშაოს შოვნის სირთულე;
- შრომის დისკრიმინაციული პირობები;
- შრომის დაბალი ანაზღაურება;
- პროფესიული მომზადების დაბალი ხარისხი;
- სამუშაო ძალის დაბალი პროფესიული მობილობა;
- სამუშაოს მოძიებისა და თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევების ნაკლებობა;
- სამუშაოს მაძიებელთა პასიურობა (ე.წ. „იმედგაცრუებულები“);
- დასაქმების სფეროში საშუამავლო სერვისის განუვითარებლობა/ ხელმიუწვდომლობა
უმუშევრობის სხვა მიზეზებია:
- წარმოების მრავალი სექტორი სეზონური ხასიათისაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ა.შ., ეს იწვევს პროდუქციის შესაბამის დაქვეითებას და ამ სექტორებში დასაქმების შემცირებას.
- ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებები-ახალი ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის დანერგვა იწვევს სამუშაო ძალის წარმოების საჭიროების შემცირებას.
- ეკონომიკური რეცესია / დეპრესია, რაც აიძულებს დამსაქმებელს შეამციროს ყველა რესურსის, მათ შორის შრომის ჩათვლით საჭიროება.
- აბსოლუტური დასაქმება შეუძლებელია ინდივიდუალური საწარმოების და მრეწველობების განვითარების დისბალანსის გამო. ამასთან დაკავშირებით, საბაზრო ეკონომიკა ვითარდება არათანაბრად, რაც იწვევს დისბალანსს სამუშაოს მიღების მსურველ პირთა რაოდენობასა და შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ადგილების არსებობას შორის.
- ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ნებაყოფლობით ტოვებს ამ საწარმოს და ეძებს სამუშაოს სხვა რეგიონებში არსებულ სხვა საწარმოებში.
- ნებისმიერ ქვეყანაში ყოველთვის არის სამუშაო ასაკის პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთაც არ სურთ მუშაობა.[8]
აღნიშნული მიზეზებიდან ნაწილი ობიექტურია, ნაწილი სუბიექტური. შედეგად კი, საქართველოში სამუშაო ადგილის მოძიება და დასაქმება ძალიან რთულია, ხოლო დასაქმებიდან მიღებული შემოსავლები ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად.
საქართველოში უმუშევრობას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის არასასურველი კვალიფიკაცია. დღეისათვის ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენი მუშაობის მსურველიც არის გარკვეული ხელფასის სანაცვლოდ. საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი ხარისხის გამო საქართველოში პრობლემაა საშუალო და მაღალკვალიფიციური კადრების მოძიებაც. ასიათასობით უმუშევარს არა აქვს ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც ხშირად ამა თუ იმ ვაკანსიის დასაკავებლადაა საჭირო. შესაბამისად, საქართველოში არის დღევანდელ მოთხოვნებთან მიმართებით იმ არაკვალიფიციური კადრების სიჭარბე, რომლებიც ემიგრირებაზე არიან ორიენტირებული და რადგან განვითარებულ ქვეყნებში იაფ, არაკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნაა, იქ დაიწყონ მუშაობა. ემიგრანტები ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებისთვის იაფი სამუშაო ძალაა, მაგრამ ქართველებისთვის იქ მიღებული შრომის ანაზღაურება იმდენად მაღალია, რომ არა მარტო საკუთარი თავის, საქართველოში დარჩენილი ოჯახის შენახვაც შეუძლიათ.
საქართველოზე ღარიბ ბევრ ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაცილებით უფრო დაბალია. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:
1. ემიგრაციიდან შემოსულ თანხებზე მაღალი დამოკიდებულება, რასაც თან ერთვის მჭიდრო ნათესაური კავშირების კულტურა. ემიგრანტი ან საქართველოში დასაქმებული არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის შრომისუნარიან წევრებს, არამედ შესაძლოა, ნათესავის ოჯახსაც არჩენდეს;
2. უმუშევრობის დათვლის ახალი მეთოდოლოგია. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი ჩაითვალა უმუშევრად
3. არაფორმალური დასაქმების (ნაწილი აღრიცხულია თვითდასაქმებულად) მაღალი დონე, რომლის აღრიცხვა რთულია.
უმუშევრობის შემცირების ღონისძიებები.
უმუშევრობა დიდ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების ყველა ნაწილისთვის, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ მის ბუნებრივ დონემდე შემცირებისთვის გაატაროს რიგი ღონისძიებები. უმუშევრობასთან ბრძოლას ართულებს ისიც, რომ ხშირად მისი გამომწვევი არის არა ერთი, არამედ რამდენიმე ფაქტორი. თუმცა, უმუშევრობასთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ, პირველ რიგში, მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზით.
- ფრიქციულ უმუშევრობას სახელმწიფომ უნდა ებრძოლოს, ეფექტიანი საინფორმაციო სისტემების შექმნით. სრულყოფილი საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ უმუშევარი რაც შეიძლება მალე მონახავს მისთვის სასურველ ვაკანსიას და დაიწყებს მუშაობას.
- სტრუქტურულ უმუშევრობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტიანი გზა არის სახელმწიფოს მხრიდან ტრენინგების კურსის მომზადება და განხორციელება. აღნიშნული ხელს შეუწყობს უმუშევართა კვალიფიკაციის ამაღლებას და მაღალ კონკურენტუნარიანობას. ამ გზით მიიღწევა სამუშაო ძალის პროფესიულკვალიფიციური მომზადების დონის შესაბამისობა სამუშაო ადგილის მოთხოვნებთან.
- ციკლურ უმუშევრობასთან ბრძოლას აუცილებელია ჰქონდეს კომპლექსური ხასიათი. უპირველესად კი, მისი დაძლევა შეიძლება „ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდის უზრუნველყოფით. დღეს-დღეობით ქვეყნების უმეტესობა, სწორედ ამ გზით ცდილობს ციკლური უმუშევრობის შერბილებას.მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდისა და, შესაბამისად, ციკლური უმუშევრობის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი გზა არის მცირე ბიზნესის განვითარება.
იმისთვის, რომ საქართველოში შემცირდეს უმუშევრობის დონე, მნიშვნელოვანია რიგი ღონისძიებების გატარება: მოთხოვნის სტიმულირება სამუშაო ძალაზე; კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მიწოდების ხელშეწყობა; შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერება; მიზნობრივი სოციალური და ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკით შრომის ბაზარზე ქალების და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა და სხვა.
ამიმისათვის, რომ უმუშევრობის დონე არ გაიზარდოს, ასევე მნიშვნელოვანია რიგი ღონისძიებების გატარება: მართვის გაუმჯობესება; დასაქმებულთათვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვა; ანტიდემპინგური კანონის შემუშავება(დემპინგი ემსახურება ადგილობრივ მწარმოებელთა ჩაძირვას, ამიტომ იგი მკვეთრად აზარალებს მცირე ბიზნესს და შესაბამისად ზრდის უმუშევრობის დონეს); შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის სისტემის სრულყოფა; შრომითი მიგრაციის მოწესრიგება და სხვა.[9]
ჩემი აზრით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განათლების გაუმჯობესებაც. მაგალითად სახელმწიფოს შეუძლია პროფესიული გადამზადების ცენტრების შექმნა რეგიონებში, რომლებმაც ბიზნესის და დასაქმების მსურველების ინტერესები და უნარჩვევები ერთმანეთს უნდა დაუახლოოს. ასევე სკოლებში ახალი საგნის დამატებაც კარგი მაგალითია. ეს ახალი საგანი უნდა ეხებოდეს ეკონომიკას, მეწარმეობას და ა.შ. ქვეყნის განვითარებისათვის საჭიროა ერის განვითარება,ერის განვითარება კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სრულფასოვანი განათლების მიღებით.
დასკვნა
ამრიგად, უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა, რომელიც იწვევს მაგალითად: მატერიალური დოვლათის დანაკარგებს;შემოსავლების დანაკარგებს; მასობრივი სიღარიბეს; გარე შრომით მიგრაციას; შრომისუნარიანი მოსახლეობის დეკვალიფიკაციას; ადამიანის ფსიქიკის შერყევას და სხვა. მოცემულ სტატიაში განვიხილე უმუშევრობის მაჩვენებლები საქართველოში ; უმუშევრობის შესაძლო მიზეზები და მათი შემცირების გზები.მიმაჩნია რომ, სახელმწიფო ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას მართლაც უნდა ცდილობდეს არა ერთი რომელიმე კონკრეტული მეთოდით, არამედ კომპლექსური ნაბიჯებით. ყველაზე ეფექტური მეთოდი კი ჩემი აზრით არის სწორედ განათლების გაუმჯობესება ქვეყანაში.
გამოყენებული ლიტერატურა
- „ეკონომიკის პრინციპები“ (2007) -გრეგორი მენქიუ
- http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=14705
- „სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის 2“ (2017)
- „შრომის ეკონომიკა“ (2016) -მ.ცარციძე
- https://forbes.ge/umushevrobith-msophlioshi-gamorcheuli-qveqhana/
- https://forbes.ge/rva-tseli-da-saqarthvelos-ekonomika/
- „უმუშევრობის ტენდენციები საქართველოში“-ქეთევან ჩიტალაძე
- https://dutyfree58.ru/ka/bezrabotica-i-ee-prichiny-vidy-bezraboticy/
- „უმუშევრობა და მისი დაძლევის გზები საქართველოში“ (2019)- დავით ებილაშვილი