პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

თაკო ყოჩაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, III კურსი
tako.kochashvili13@gmail.com

ანოტაცია

ღესდღეობით, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის უზრუნველყოფა უნივერსალური ჯანდაცვით, რომელიც ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემას ეფუძნება. პირველადი ჯანდაცვა არის პაციენტის პირველადი კონტაქტი ორგანიზებულ სამედიცინო მომსახურებასთან. პირველადი ჯანდაცვის ექიმი ახდენს დაავადების პირველად შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში მას მიმართავს ექიმ-სპეციალისტთან. პირველადი ჯანდაცვა უნდა ეფუძნებოდეს პრაქტიკულ, მეცნიერულად დასაბუთებულ, სოციალურად მისაღებ მეთოდებსა და ტექნოლოგიას. იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოების ყველა წევრისა და ოჯახისთვის, ითვალისწინებდეს მათ სრულ თანამონაწილეობას ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში და  ქვეყნის ნებისმიერი განვითარების ეტაპზე ეტეოდეს მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში.

Annotation

Nowadays, the main priority  of many countries around the world is providing the population with universal health care, which is based on a strong primary health care system. Primary health care is a patient’s primary contact with organized medical service. Doctor of primary health care makes the first assessment of a disease and if necessary,  she’ll appeal him to a specialist doctor.  Primary health care should be based on practical, scientifically sound and socially acceptable methods and technology, be universally accessible to individuals and families in the community, provides their full participation in health care and at any stage of the country’s development within the available resources.

შესავალი

პირველადი ჯანდაცვის კონცეფციას საფუძველი ჩაეყარა 1978 წელს, ალმა-ატაში ჩატარებულ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციაზე, სადაც წარმოდგენილი იყო 150 ქვეყნის მთავრობა. აღნიშნულ კონფერენციაზე პირველადი ჯანდაცვის არსი განიმარტა. პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის საფუძველს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, პირველადი ჯანდაცვა არის პაციენტის პირველი კონტაქტი ორგანიზებულ სამედიცინო მომსახურებასთან. იგი მიეწოდება ოჯახის ექიმის მიერ, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს და მოიცავს პირველადი კონტაქტის დროს ავადმყოფის მდგომარეობის შეფასებას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას და ჯანმრთელობის პრობლემების მართვას, პრევენციასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობას. სხვადასხვა დაკვირვებების მიხედვით პირველადი ჯანდაცვა შეადგენს სამედიცინო პერსონალთან ვიზიტების 80-90%-ს.[1]

საქართველოში პირველადმა ჯანდაცვამ საკმაოდ რთული გზა განვლო და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მის განვითარებაზე ზრუნვა. სისტემაში ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს. მაგალითად, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ნაკლებად განვითარებაზე მიუთითებს ფაქტი, რომ ოჯახის ექიმთან მიმართვათა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 2,3-ს შეადგენს, ევროპის ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 7,5-ს აღწევს. მოსახლეობას არ გააჩნია სწორი ინფორმაცია და შესაბამისად, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გვერდის ავლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ყიდულობენ მედიკამენტებს და ეწევიან თვითმკურნალობას. ასევე, ჯერ კიდევ არსებობს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისადმი დაბალი ნდობა.  აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა საკითხის სიღრმისეულად შესწავლა. აღნიშნული სტატია მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდასა და პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობის წარმოჩენას, ასევე პრობლემების განხილვას და გადაჭრის გზების ძიებას.

პირველადი ჯანდაცვის ძირითადი მახასიათებლები

პირველადი ჯანდაცვის საქმიანობა ეხება დაავადებათა პროფილაქტიკას, დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას, მისი გართულებების მართვას, აქტიური მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციას და სხვა.

1993 წელს სტარფილდის მიერ განისაზღვრა პირველადი ჯანდაცვის 4 ძირითადი მახასიათებელი. ესენია: პირველი დონის კონტაქტი ორგანიზებულ სამედიცინო მომსახურებასთან, მიმდინარე და უწყვეტი მეთვალყურეობა, ყოვლისმომცველობა და კოორდინირება. განვიხილოთ თითოეული:

პირველი დონის კონტაქტი – როგორც უკვე ვთქვით, პირველადი ჯანდაცვა მოიცავს პირველად კონტაქტს სამედიცინო მომსახურებასთან. მას მოიხსენიებენ, როგორც ერთგვარ „მეკარიბჭეს“ ჯანდაცვის სისტემაში.

უწყვეტობა – პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ექიმისთვის პაციენტთან ურთიერთობა არის უწყვეტი პროცესი, ხოლო დაავადება კი ეპიზოდია.

ყოვლისმომცველობა – პირველადი ჯანდაცვის განსაკუთრებული ნიშანია ყოვლისმომცველობა. ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმი ზრუნავს პაციენტის არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ და სოციალურ კეთილდღეობაზეც. სწორედ ამით განსხვავდება იგი ექიმ-სპეციალისტებისაგან, რომლებიც მხოლოდ ცალკეულ დაავადებათა მკურნალობას ახდენენ.

კოორდინირება – ხშირ შემთხვევაში პაციენტმა არ იცის, თუ რა სახის სამედიცინო პროცედურები ჩაიტაროს. სწორედ ამიტომ აქვს პირველად ჯანდაცვას მაკოორდინირებელი ფუნქცია.

პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო 2000 წლიდან. იგი ეხებოდა პირველადი ჯანდაცვის ქსელის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას და სერვისების გაუმჯობესებას. პირველადი ჯანდაცვის განვითარების შემდგომი ეტაპი დაიწყო 2007 წლიდან, როდესაც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მატერიალური და ტექნიკური დახმარებით სოფლებში მიმდინარეობდა ახალი ამბულატორიების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი. აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო ოჯახის ექიმებისა და ექთნების გადამზადება. 2007-2011 წლებში რეაბილიტირდა და აღიჭურვა  178 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება.

2013 წლიდან საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მთავარი მიზანიც არის მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვაზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღნიშნული პროგრამის ამოქმედების შედეგად 2014 წლისთვის ამბულატორიებში პაციენტთა მიმართვიანობის საერთო მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა. [2]

პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტად არის გამოცხადებული 2014 წელს მიღებული მთავრობის დადგენილების მიხედვით, რომლის სახელია „საყოველთაო ჯანდაცვა და ხარისხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად“. აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულია, რომ პირველადი ჯანდაცვისა და სხვადასხვა პრევენციული მომსახურების მიმართულებით განხორციელდება მეტი ფინანსური რესურსების ინვესტირება, რათა გაძლიერდეს ავადობისა და სიკვდილობის კუთხით ყველაზე მძიმე ტვირთის მქონე დაავადებების პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია. შესაბამისად, ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის დაცვა ჯანდაცვის კატასტროფული დანახარჯებისაგან.[3]

საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა. საქართველოში, დსთ-ისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ამბულატორიული ვიზიტების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ჯანდაცვის მთელ დანახარჯებში მედიკამენტების წილად საქართველოში 40-45% მოდის, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 15%-ს არ აღემატება. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა ვერ ასრულებს კარიბჭის როლს და აქედან მეორეულ დონეზე რეფერალი ნაკლებად ხორციელდება. ოჯახის ექიმის ინსტიტუტმა და, საზოგადოდ, პირველადმა ჯანდაცვამ ვერ მიაღწია იმ სტანდარტს, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია არსებობს განვითარებულ ქვეყნებში.

პირველადი ჯანდაცვის განვითარება არის საავადმყოფოებზე ზეწოლის შემცირების, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენცია/მართვისა და გართულებული შემთხვევების წილის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა. აქედან გამომდინარე, ბოლო ათწლეულში პრევენციული და პირველადი ჯანდაცვა პრიორიტეტულია საქართველოსთვის. 2019 წლის მონაცემებით, ამბულატორული დაწესებულებების რაოდენობამ 2,3 ათასს, მიმართვების რაოდენობამ კი 13,5 მლნ-ს მიაღწია.

Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, და მათ შორის საქართველოც, უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენა. პანდემიამ, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე, მრავალი პრობლემა შექმნა. კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა 2020 წლის 27 თებერვალს. მიუხედევად არც თუ ისე გამართული ჯანდაცვის სისტემისა, სახელმწიფომ თავი გაართვა და აქტიურად ახორციელებდა: ჩამოსულთა სკრინინგს, ტესტირებას, დაინფიცირებულის გამოვლენისას კონტაქტების მოძიებას, კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების შემოღებას. მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი ჯანდაცვის, კერძოდ კი ოჯახის ექიმის როლი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ მათ უკავშირდებოდა და იღებდა რეკომენდაციებს ჯერ კიდევ უცნობი ვირუსის შესახებ. [5]

2021 წლის 16 მარტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. „პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავა. პროცესში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული. რეფორმა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ექთნების გადამზადებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებისთვის 1 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი“-განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

  აღსანიშნავია, რომ რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს. ასევე, ფუნდამენტური რეფორმა მედიკამენტების ფასების რეგულაციასა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამის გაფართოებას გულისხმობს.

პირველადი ჯანდაცვის განახლებული სერვის პაკეტის ძირითადი მიზნებია: ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა, ინდივიდუალური რისკის შეფასება და ქრონიკული დაავადებების მართვა. კერძოდ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების დანერგვა პაციენტის უკეთესი თვით მართვის მიზნით.[6]

დასკვნა

   დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარების გარეშე ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა გამორიცხულია. ვინაიდან მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების გრძელვადიან, მდგრად უზრუნველყოფაში. საქართველოში ჯანდაცვის სისტემის აქცენტები ძირითადად გადატანილია სტაციონარულ სექტორზე, რომელიც თითქმის მთლიანად განკერძოებულია და მოგებაზეა ორიენტირებული. ჯანდაცვის სისტემის კომერციალიზაცია კი საფრთხის ქვეშ აყენებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და თანასწორობას.

    პირველადი ჯანდაცვის როლი უმნიშვნელოვანესია Covid-19-ის მართვის პროცესებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის მობილიზება, ინფიცირებულთა სწორი კოორდინაცია და მენეჯმენტი ადგილობრივ დონეზე, ასევე დროული რეფერალური მომსახურება. ვირუსის შეკავება ეპიდემიოლოგებისა და პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ ჯანდაცვის სექტორს დამატებით დროს აძლევს ტესტებითა და სასუნთქი მოწყობილობებით საავადმყოფოების მოსამარაგებლად.

    საბოლოოდ, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის განვითარებისთვის აუცილებელია:

  • პირველადი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ადამიანური რესურსების განვითარება;
  • პირველადი ჯანდაცვის ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
  • პირველადი ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარება
  •  პერსონალის  შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება.

გამოყენებული მასალები:

  1. დალი ბერუაშვილი, თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია 2019; 5(1), Health Policy, Economics & Sociology 2019; 5(1)
  2. ნინო მირზიკაშვილი, ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები საქართველოში მუნიციპალურ დონეზე Covid-19-ის პანდემიის დროს.
  3. საქართველოს მთავრობის დადგენილება #724, 2014 წლის 26 დეკემბერი
  4. Primary health care
  5. Fact Sheet: Primary Health Care
  6. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა