უმუშევრობის ანალიზი საქართველოს მაგალითზე
ავტორის სტილი დაცულია
თამარ დოლიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
Tamar.dolidze110@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
უმუშევრობა გვევლინება ქვეყნებში სიღარიბისა და კრიმინალის ზრდის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად. ის ზრდის სოციალურ რისკებს, აფერხებს ეკონომიკურ ციკლებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. სტატიაში განხილულია უმუშევრობია საქართველოში და მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზები და შედეგები. დიდი ყურადღება ეთმობა სტატისტიკის გაანალიზებას, რაც რეალისტურ სურათს გვიხატავს და გვაძლევს დასკვნის გამოტანის საშუალებას.
Annotation
Unemployment is a major factor in the growth of poverty and crime in countries. It increases social risks, disrupts economic cycles and threatens the country’s future. The article discusses unemployment in Georgia and its main causes and consequences. Much attention is paid to the analysis of statistics, which paints a realistic picture and allows us to draw conclusions.
უმუშევრობის არსი
უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის თანხმლები სოციალურ-ეკონომიკური მოვლენაა. უმუშევრობის პირობებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილი ვერ იყენებს თავის სამუშაო ძალას. შრომის ბაზარზე დარღვეულია მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შესაბამისობა. სწორედ ამიტომ, სამუშაო ძალის მიწოდება აღემატება მასზე მოთხოვნას. მოთხოვნა-მიწოდებას შორის შეუსაბამობა შეიძლება არსებობდეს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. [1]
უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის განუყოფელი მოვლენაა, რაც იმით აიხსნება, რომ დინამიკურ საზოგადოებას ესაჭიროება სივრცე შრომის ბაზარზე. ასეთ სივრცედ ეკონომისტები მიიჩნევდნენ სამუშაო ძალის სიჭარბეს და მიუთითებდნენ, რომ მისი გარკვეული დონით არსებობა სრულიად დასაშვებია სრული დასაქმების პირობებში. ამდენად, უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გარდაუვალ თვისებას წარმოადგენს.
უმუშევრობა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა ახასიათებს იმ დაუსაქმებელ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც შრომის ბაზარზე წონასწორობის მუდმივი რყევის შედეგად, მოკლებულნი არიან მუშაობის შესაძლებლობებს.
უმუშევრობა მთელ მსოფლიოში განიხილება, როგორც უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა და ფენომენი, რომელიც ნათლად ასახავს ცალკეული ქვეყნის განვითარების სპეციფიკას.
უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები აშკარად თვალშისაცემია და სპეციალისტების მიერ უარყოფითად ფასდება, მაგრამ, როგორც ყველა მოვლენას, უმუშევრობასაც შრომის ბაზარზე ზემოქმედების თვალსაზრისით, გარკვეული დადებითი ასპექტებიც აქვს. უმუშევრობის უარყოფითი და დადებითი მხარეები შეიძლება შემდეგნაირად წამოვადგინოთ:
ცხრილი 1: უმუშევრობის დადებითი და უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები
ეკონომიკური შედეგები | სოციალური შედეგები | |
დადებითი | სამუშაო ძალის რეზერვის შექმნა ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნებისთვის კონკურენცია მომუშავეებს შორის, როგორც შრომის სტიმულის, უნარის გაუმჯობესების საშუალება შრომის მწარმოებლურობისა და ინტენსივობის ზრდის სტიმულირება | სამუშაო ადგილის სოციალური სტატუსის და დატვირთვის ამაღლება სამუშაო ადგილის არჩევანის თავისუფლება შრომის სოციალური მნიშვნელობისა და როლის ამაღლება |
უარყოფითი | მთლიანი სამამულო პროდუქტის დანაკარგებიწარმოების მასშტაბების შემცირება მომზადებაზე გაწეული ხარჯების არაეფექტიანობაუმუშევრებზე გაწეული შემწეობების ხარჯების ზრდა კვალიფიკაციის დაქვეითებასაგადასახადი შემოსავლების შემცირება | საზოგადოების მთავარი მწარმოებლური ძალის ფუნქციონირების ეფექტიანობის შემცირებამოსახლეობის ძირითადი ფენების ცხოვრების დონის დაქვეითება კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებაშრომითი აქტივობის დაქვეითება ფიზიკური და სულიერი დაავადებების ზრდა |
წყარო: „დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“ (მ.ცარციძე; თსუ; 2017)
უმუშევრობა საქართველოში
საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, უმუშევრობა „სოციალურ-ეკონომიკურ პარაზიტად“ გვევლინება. საქართველოში სიღარიბის გამომწვევი ძირითადი მიზეზი სწორედ უმუშევრობაა.
საქართველოში უმუშევრობის დონე ბოლო წლებში კლების ტენდენციით ხასიათდება.
ნახაზი 1: უმუშევრობის დონე საქართველოში, %, 2010-2020 წლები
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
უნდა აღინიშნოს, რომ ეს კლების ტენდენცია არ არის გამოწვეული უშუალოდ უმუშევრობის დაძლევითა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით. პირველ რიგში, ეს უშუალოდ, მოსახლეობის შემცირებით არის გამოწვეული და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ბევრი მოქალაქე სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის, რის გამოც უმუშევრობის დონე ხელოვნურად მცირდება.
საქართველოს უმუშევრობის დონე და მასშტაბები განპირობებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების თავისებურებებითა და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში 17.6% იყო, რაც წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, სადაც უმშევრობის საშუალო მაჩვენებელი 6.7%-ია, თითქმის სამჯერ მაღალია. 2019 წელს, საქართველში 1.573 მილიონი ადამიანი იყო ეკონომიკურად აქტიური, მათგან 1.296 მილიონი დასაქმებული, ხოლო 277 ათასი უმუშევარი. [2] ყოველწლიურად დაუსაქმებელი ადამიანების რაოდენობა მცირდებოდა და ასე უნდა მომხდარიყო 2020 წელსაც, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სულ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა. საქსტატის მონაცემებით. 2020 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და 18.3 პროცენტი შეადგინა. [2]
საქართველოში უმუშევრობის მთავარ მიზეზად, როგორც წესი, მიიჩნევენ ინვესტიციების სიმცირეს, არაკვალიფიცურ მუშახელს და არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს. თუმცა, ამ მიზეზებს ახლა დაემატა კიდევ ერთი – ესაა პანდემია.
მოგვეხსენება, რომ დღეს მთელი მსოფლიო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას კორონავირუსის პანდემიის სახით. უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა, შიმშილობს და უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ პანდემიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ის მთელ მსოფლიოს რიგი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. ცალსახაა, რომ პანდემიის გამო, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. საქართველოში დასაქმების პრობლემა კორონავირუსამდეც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მცირე პროგრესი იგრძნობოდა დასაქმების კუთხით.
ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ქმედებებს ახორციელებს სახელმწიფო. ძირითადად სახელმწიფო განაგრძობს სუბსიდირებების გაცემას სხვადასხვა აქტივობებზე, რაც დასაქმებას ხელს შეუწყობს ან უკვე დასაქმებულ ადამიანებს ხელოვნურად შეუნარჩუნებს სამუშაო ადგილებს. შეიძლება ითქვას, რომ მოცემული ქმედება ნაკლებ ეფექტურია, თუმცა, სახელმწიფო მაინც აქტიურად ცდილობს მოსახლეობას სხვადასხვა სოციალური პაკეტების შეთავაზებას, რათა მათ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ ან დარჩნენ იმ სექტორში, რომელიც ისედაც არაეფექტურია (შეღავათიანი აგროკრედიტები, ხვნა-თესვის ვაუჩერები და სხვა).
სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ მაღალპროდუქტიული სექტორები კვლავ გამოაცოცხლოს და კვლავ ეკონომიკურ აქტიურობას დააბრუნოს. ასეთი სექტორია, მაგალითად ტურიზმი, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.
ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარება 200 ლარით 6 თვის განმავლობაში, რაზეც 450 მილიონია გამოყოფილი, ასევე თვითდასაქმებულების ერთჯერადად 300 ლარით დახმარება, რაზეც დაიხარჯება 75 მილიონი ლარი, საშემოსავლო შეღავათები დამსაქმებლებისთვის 250 მილიონია გამოყოფილი. [3]
მართალია, რომ მსგავსი დახმარებები მოკლევადიან პერიოდში ზრდის ადამიანების მოტივაციას ეკონომიკურად აქტიურნი გახდნენ, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში მსგავსი პოლიტიკა ხალხს და მთლიანად სახელმწიფოს, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს.
2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 21.9%-ს შეადგენს, რაც, კიდევ ერთხელ, გვიდასტურებს იმას, რომ საქართველოში საკმაოდ მწვავე პრობლემაა უმუშევრობა.
გარდა ამისა, ვთვლი, რომ ყურადღებამისაქცევია უმუშევრობის განხილვა ქალაქსა და სოფლად.
ნახაზი 2: უმუშევრობის დონე საქართველოში, ქალაქ-სოფლის ჭრილში (%) (2010-2020 წლები)
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
ნათლად ჩანს, რომ სოფელში უმუშევრობის დონე, მიუხედავად პანდემიისა კლებულობს, როცა ქალაქში იზრდება. ამის გამომწვევი, ჩემი აზრით, არის, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ როცა პანდემიის პრევენციის მიზნით დაიკეტა ბევრი საწარმო, გაწყდა ბევრი აქტივობა, რომელთა უმეტესობა სწორედ ქალაქში იმართებოდა, მოსახლეობის დასაქმებულთა ნაწილი გადაინაცვლა სოფლებში, სადაც ისინი მიწათმოქმედებით დაიწყეს თავის გადარჩენა. მეორე მიზეზი, როგორც უკვე ვახსენე, არის სოფლის მეურნეობებზე გაცემული აგროკრედიტები სახელმწიფოს მხრიდან. ყოველივე ამან, განაპირობა ის, რომ უმუშევრობა სოფლებში შემცირდა. [3]
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ბევრს უკვე ბანალურად ეჩვენება, უმუშევრობის ანალიზი და მასზე დაფუძნებული კვლევები, ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანია.
დასკვნა
ამრიგად, მიუხედავად იმისა, ხანმოკლე თუ ხანგრძლივია უმუშევრობა, მას სერიოზული ზიანი მოაქვს, როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობის სოციალურ ცხოვრებისთვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმუშევრობა, მიუხედავად თავისი ნეგატიური ზეგავლენისა, პოტენციალს აძლევს ქვეყანას და მას გააჩნია რიგი დადებითი თვისებებიც.
ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, მაგალითზე განვიხილეთ უმუშევრობის მდგომარეობა, ვისაუბრეთ გამომწვევ მიზეზებზე და მსოფლიოს უახლეს მთავარ გამოწვევაზე – კორონავირუსის პანდემიაზე. აღვნიშნე სახელმწიფომ რა პასუხი გასცა პანდემიას უმუშევრობის აღმოფხვრისა და დასაქმების სტაბილიზაციის კუთხით. აგრეთვე, შევნიშნე, რომ ხანგრძლივი „შეღავათები“ როგორც ხალხის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. პარალელი გავავლე საქართველოს ქალაქის უმუშევრობის დონესა და სოფლის უმუშევრობის დონეს შორის. მათი ტენდენციების შესაბამისად, ლოგიკურია, რომ საქართველო ჯერ კიდევ აგრარული ქვეყანაა. შესაბამისად, სახელმწიფოს ფუნქცია ისაა, რომ უზრუნველყოს ამ დარგში უმუშევრობის დონის დაწევა.
შემიძლია ვთქვა, რომ უმუშევრობა კვლავაც რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს პრობლემად, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
- „დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“ (მ.ცარციძე; თსუ; 2017)
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
- https://www.mof.ge/