ტურიზმი როგორც პრიორიტეტული დარგი და გლობალური გამოწვევები

ავტორის სტილი დაცულია

ნანუკა ნოზაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მეოთხე კურსის სტუდენტი

Nanukan89@gmail.com

ანოტაცია:

უძველესი დროიდან, ადამიანები ცდილობდნენ მოეძებნათ შორეული ადგილები, ეწარმოებინათ და გაეცვალათ პროდუქტი, გაეუმჯობესებინათ ტექნოლოგიები და სატრანსპორტო საშუალებები. მიუხედავად ამისა, გლობალური ინტეგრაცია მჭიდრო დასაბამს 19 საუკუნიდან იღებს. ტერმინი „გლობალიზაციის“ წარმოშობა ამერიკელი მეცნიერ ეკონომისტის სახელს ტ.ლევიტს უკავშირდება, რომელმაც ეს უკანასკნელი მეოცე საუკუნის 80-იან წლებში გამოქვეყნებულ სტატიაში, მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების სხვადასხვა პროდუქციის ბაზრების შერწყმის მნიშვნელობით გამოიყენა.

   ნაშრომში ნათლად არის ნაჩვენები გლობალიზაციის როლი მსოფლიო განვითარების გზაზე, მისი გლობალური პოზიტიური თუ ნეგატიური ეფექტი და ტურიზმი, როგორც პრიორიტეტული დარგი დღევანდელი პოსტპანდემიური კრიზისის ფონზე.

Annotation:

Since ancient times, people have tried to find distant places, produce and exchange products, improve technologies and means of transport. Nevertheless, global integration closely dates back to the 19th century. The origin of the term “globalization” came from the name of the American scientist economist t.It is connected with Levitt, who used the latter in an article published in the 80s of the twentieth century, the meaning of combining markets for various products of large transnational corporations.

The paper clearly shows the role of globalization on the world development path, its global positive and negative effects and tourism as a priority field in the current post-pandemic crisis.

     გლობალიზაცია აერთიანებს ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს. ის მეტად რთულ და მრავალფეროვან ჯაჭვს წარმადგენს, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა ურთიერთდაბალანსებული ინსტიტუციური სტრუქტურებით ინტეგრირებული მსოფლიოს არსებობა. გლობალიზაცია ძირითადად ხუთი პარალელური პროცესისგან შედგება, რომელშიც მოიაზრება:

  • ინტერნაციონალიზაცია;
  •  უნივერსალიზაცია;
  • ლიბერალიზაცია – ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტება;
  • ვესტერნიზაცია – მთელ მსოფლიოში დასავლური ფასეულობებისა და კულტურის გავრცელება/აღიარება;
  • დეტერიტორიალიზაცია – სახელმწიფო საზღვრების როლის შემცირება[1].

   როგორც ზემოთ აღვნიშნე, გლობალიზაციის პროცესი, სირთულეებთანაა დაკავშირებული, რაც რა საკვირველია მსოფლიოში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ხაზი გავუსვათ მის, როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს. გლობალიზაციის დახმარებით ქვეყნებს შორის კავშირი გამარტივდა, ვაჭრობა გახდა თავისუფალი, გაიზარდა უცხოური ინვესტიციები, ადამიანებს გაუჩნდათ დასაქმების მეტი პოტენციალი და შესაძლებლობა მოიხმარონ უფრო მრავალფეროვანი საქონელი და მომსახურება. გარდა ამისა, მსოფლიოს მსგავსმა გაერთიანებამ, მრავალი სახელმწიფოსთვის გაადვილა გლობალურ პრობლემებთან ბრძოლა[2]. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ნეგატიური შედეგები, რომელიც მას მოჰყვება. ის ასუსტებს სახელმწიფოების თვითმყოფადობას და ეროვნულობას, შედეგად ცხოვრება ხდება ერთგვაროვანი, არათანაბრად ნაწილდება შემოსავლები და განვითარებული ქვეყნები განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე იყენებენ იაფ მუშა ხელსა და იაფ რესურსებს[3]. მის ყველაზე მწვავე შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ერთი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის სწრაფი გავრცელება, მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე.

   საერთაშორისო განმარტებით ეკონომიკური კრიზისი კვლავწარმოების ციკლის ფაზაა, რომლის დროსაც უარესდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მკვეთრად ეცემა წარმოება, სწრაფად იზრდება უმუშევრობა, ირღვევა მანამდე არსებული საწარმოო კავშირები, მცირდება უცხოური ინვესტიციები, საბოლოოდ კი ეცემა მოსახლეობის ცხოვრების დონე. ისტორიაში არაერთი ეკონომიკური კრიზისი გვხვდება, რომელთაგან აღსანიშნავია პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდგომი კრიზისები. ყველაზე ღრმა და ხანგრძლივი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი 1929-1933 წლებს უკავშირდება, რომელმაც კაპიტალიზმის მსოფლიო ეკონომიკური სისტემა ძლიერად შეარყია. სამრეწველო წარმოება 32-46%-ით შემცირდა, კომპანიების აქციების კურსი 48-87%-ით შემცირდა, გაიზარდა უმუშევრობა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი განმეორდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ 1957-1958 და 1974-1975 წლებში, რომელიც ნაკლები სიმწვავით გამოირჩეოდა. აქ ცალსახად დადებითი გავლენა იქონია ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანმა სახელმწიფო პროგრამირებამ და კეინზის მიერ შემუშავებულმა ეკონომიკური კრიზისის რეგულირების თეორიამ, რომელთა საფუძველზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მასტაბილიზებელი გავლენა მოახდინა დასავლური ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. ასევე აღსანიშნავია 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომელიც აშშ-ში წარმოიშვა და თანდათანობით მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკურ კრიზისად გარდაიქმნა.  მთელი მსოფლიო 2008–2010 წლების განმავლობაში წარმოების შემცირების, უმუშევრობის ზრდის, მოხმარების შეკვეცის, ინფლაციის ზრდის მომსწრე გახდა. მიმდინარე კრიზისი იმდენად ღრმა და მასშტაბური აღმოჩნდა, რომ მან ეჭვქვეშ დააყენა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობის საკითხი[4].

   დღეს მსოფლიო კიდევ ერთი უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. Covid-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიერ ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების კეთილდღეობაზე მიყენებული ზიანი ჯერ კიდევ შეუქცევადი და მზარდია. პანდემიის გავრცელების პრევენციისა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით გატარებულმა ზომებმა, კერძოდ: საერთაშორისო და ეროვნული საზღვრების ჩაკეტვამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, ვირუსის ხელყოფის მოტივით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკებს. ეს საკითხი კი მკვეთრად შეეხო გლობალიზაციაზე დამოკიდებულ ქვეყნებსა და სექტორებს, განსაკუთრებით კი ტურიზმს. საზღვრების „გაქრობა“, თავისუფალი მიმოსვლა, რასებს შორის უთანასწორობის მეტნაკლებად აღმოფხვრა და ახალი აღმოჩენებისთვის მრავალი „კარის გაღებამ“ ტურიზმი ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ სექტორად აქცია რომელიც მესამე უმსხვილესი საექსპორტო კატეგორიაა (საწვავისა და ქიმიური ნივთიერებების შემდეგ). ის უზარმაზარ შემოსავალს ქმნის და ხელს უწყობს საერთო ეკონომიკის განვითარებას, განსაკუთრებით ტურიზმზე დამოკიდებული სახელმწიფოებისთვის. სხვა სიტყვებით, ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არსებობს ძლიერი კავშირი, რომელიც ასტიმულირებს სხვა ქვეყნებში სხვა ბიზნესების განვითარებასაც კი[5].

   გლობალური პანდემიის პირველმა ტალღამ ახალი ეპოქა დაიწყო ტურიზმის ირგვლივ. გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით ვირუსის გავრცელებამ 100 მილიონამდე სამუშაო ადგილი დააყენა რისკის ქვეშ, ასევე ბევრი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობა, რომელთა უდიდესი ნაწილი ტურიზმის სამუშაო ძალას წარმოადგენს.  COVID-19 პანდემიამდე, ტურიზმი მსოფლიო მშპ-ს 10.4%-ს (9,2 ტრილიონი) შეადგენდა და შექმნილი ქონდა მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილების 10,6% (334 მილიონი). ნებისმიერი 10 ადამიანიდან ერთი სწორედ ამ უკანასკნელშია დასაქმებული. მეტიც, საერთაშორისო ტურისტთა მიერ გაწეული ხარჯები 2019 წელს 1,7 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი ექსპორტის 6,8% და გლობალური მომსახურების ექსპორტის 27,4%-ია[6]. უკანასკნელი მონაცემებით ანალოგიური მაჩვენებელი 644,5 მილიონამდეა დასული, რაც მთლიანი ექსპორტის 2,9%-ს და გლობალური მომსახურების ექსპორტის 12,9%-ს შეადგენს. ასევე შემცირებულია ტურიზმის წილი მსოფლიო მშპ-ში და 5,5% შეადგენს.[7].

     ტურიზმსა და სტუმართმოყვარეობასთან დაკავშირებული მომსახურების შეჩერებამ და გაუქმებამ, მკვეთრად შეკუმშა ტურიზმის სექტორი, რამაც მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რთულია საერთაშორისო ტურიზმზე კორონავირუსის გავლენის შეფასება, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უკანასკნელი შეფასებით, საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლის მაჩვენებელი 76%-ით შემცირდა, რამაც 2020 წლის პირველ ხუთ თვეში 320 მილიარდი დოლარის დაკარგვა გამოიწვია, რაც სამჯერ აღემატება 2008 წელს მომხდარი გლობალური კრიზისის დროს გამოწვეულ დანაკარგებს. აღნიშნული მაჩვენებელი საერთაშორისო მასშტაბით, კონტინენტებზე შემდეგნაირად არის გადანაწილებული (დიაგრამა 1).

დიაგრამა 1. საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლები

წყარო: UNWTO. TOURISM GROWS 4% IN 2021 BUT REMAINS FAR BELOW PRE-PANDEMIC LEVELS. [8].

მონაცემების მიხედვით, 2021 წელს COVID-19-ისგან ყველაზე მეტად დაზარალდა აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი, სადაც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 95%-ით არის შემცირებული. აღნიშნული მდგომარეობა უპირველესად გამოწვეული იყო პანდემიის გავრცელების მიმართულებით, რომლის კერად სწორედ აღმოსავლეთ აზია, კერძოდ ჩინეთი, ითვლება.  2022 წლის უახლესი მონაცემებით კონტინენტებზე, აღნიშნული მონაცემები სტაბილურ ფაზაში გადადის. გარდა ამისა, შეინიშნება ტურისტული მიმოსვლების აღმავალი ტენდენცია, რაც უმთავრესად გამოწვეულია ვაქცინაციის მზარდი ხასიათით და რეგულაციების შესუსტებით.

   ცალსახაა, მოგზაურობებისა და ტურისტული ვიზიტების მსგავსმა ვარდნამ უდიდესი ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. 2020 წლის მონაცემებით, ექსპორტის შემოსავლები ტურიზმიდან 1.2 ტრილიონი დოლარით შემცირდა. ამ ყოველივემ ფართო გავლენა მოახდინა გლობალურ მშპ-ს ზრდის მაჩვენებელზე, რომელიც -3,363 გაუტოლდა[9]. UNWTO-ს უახლესი კვლევებით 2021 წელს ტურიზმის ეკონომიკური წვლილი 1,9 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც უპირველესად გამოწვეულია ტურისტული მიმოსვლების მაჩვენებლის 4%-იანი ზრდით და ვაქცინაციით [8]. გარდა ამისა მსოფლიო ბანკის შეფასებით 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 5,5%-ს შედგენს, თუმცა ნავარაუდებია, რომ აღნიშნული ზრდა 2022 წელს 4,1% მდე ხოლო 2023 წელს 2,3%-მდე შენელდება. აღნიშნულს უპირველესად გამოიწვევს პანდემიის დაძლევის მიზნით უმეტესი ქვეყნების მიერ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის უპროცედენტო გამოყენება[10].

  აღსანიშნავია  პანდემიის გავლენა ტურიზმში ჩართულ მხარეებზეც. მძიმე მოცემულობამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომლებიც ტურიზმის სექტორის 80%-ზე მეტს შეადგენენ. განსაკუთრებით იზარალეს მოწყვლადმა ჯგუფებმა, ტურ ოპერატორებმა, სასტუმროებმა, რესტორნებმა, სატრანსპორტო თუ საექსკურსიო კომპანიებმა, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უცხოელ ვიზიტორებზე, და საკუთარ რეგიონში ქმნიან განვითარებად და ინკლუზიურ ეკონომიკას.

  ტურიზმის სექტორში გამოწვეულმა კრიზისმა, მსოფლიოს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური ზარალიც მიაყენა. აღნიშნულმა მსოფლიოს მასშტაბით ძლიერ იმოქმედა რელიგიურ ტურიზმზე.  იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი, ფაქტობრივად ცარიელ ტაძარში გაიმართა, ხოლო 2021 წლისთვის პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენლები აღდგომის ტაძარში შესვლის ნებართვას მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს რთავდნენ, ხოლო მათ ვისაც არ ჰქონდა გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, მონასტრის ტერიტორიაზე დარჩნენ.

   პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი პოტენციურად დადებითი თვისებების მატარებელიც არის. პანდემიურმა სიტუაციამ მკვეთრად შეამცირა დაბინძურების მაჩვენებელი ისეთ ბუნებრივ ტურისტულ დესტინაციებში, როგორიცაა ტყეები, პლაჟები, მთის გორაკები და წლის ობიექტები. შესაბამისად შესაძლოა ითქვას, რომ Covid-19 გარემოს კეთილდღეობაზე გარკვეულწილად პოზიტიურად ზემოქმედებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური კრიზისი განვითარების გარკვეული ეტაპისთვის არა მხოლოდ კრიტიკული წერტილი, არამედ ახალი, უფრო მეტად მაღალი ეტაპის საწყისია. ამ მხრივ, ტურისტულ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან გარღვევას წარმოადგენს ვირტუალური ტურები. ტექნოლოგიურმა პროგრესმა უდიდესი შეღავათი გამოიწვია. გაიზარდა მოთხოვნა Google Earth VR -სა და Google Street View-ზე, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ ვირტუალურად დაათვალიერონ ნებისმიერი ქალაქის ქუჩები და ღირსშესანიშნაობები მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, ტურისტულმა კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს ინდივიდუალური ვირტუალური ტურების პლატფორმების შექმნა, რომლებიც მოიცავს პარკებს, მუზეუმებსა და სხვა მრავალ ატრაქციებს. უფრო მეტიც, აღინიშნა, რომ ვირტუალური ვიზიტები პოზიტიურ განზრახვებს იწვევს ტურისტებში, რათა მომავალში ნახონ ადგილები ფიზიკურადაც[11].

პანდემიის გავლენა ქართულ ტურიზმზე

   საქართველოს ეკონომიკა ტურიზმის შემოსავლებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აღნიშნული სექტორია რეგიონებში მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო.

    ტურიზმის სექტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის, რომლის 10-12%-ს ეს უკანასკნელი იკავებს. პანდემიის გამო 2020 წლის მარტის თვიდან ტურისტული მიმოსვლა თითქმის 100%-ით შემცირდა. საქართველომ შეაჩერა ფრენები ჩინეთთან, ირანსა და იტალიასთან. თავდაპირველად, კოვიდ რეგულაციების ფონზე ეკონომიკურმა ზრდამ -4,5% შეადგინა. მიუხედავად ამისა, 2021 წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან ეკონომიკამ სწრაფი აღდგენა დაიწყო. შესაბამისად ყოველივე ამან ეკონომიკის 29%-ით ზრდა გამოიწვია. მაჩვენებლები 2019 წლის მონაცემებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა და 12,8%-ით აღემატებოდა მას. ამავე პერიოდში სწრაფად აღდგა ექსპორტი, და მისი მაჩვენებელი გაიზარდა 19,3%-ით და 27,3 პროცენტი გახდა. გარდა ამისა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბოლოო მონაცემებით რელური მშპ-ს ზრდამ 2021 წლის მესამე კვარტალში 9,1%-ს მიაღწია[13].

   მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის აღდგენა დიდ დროსთან და სხვა მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული, 2021 წელს იანვარ-აგვისტოდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2020 წლის იმავე მაჩვენებელს 45,6 პროცენტით. თუმცა მიღებული შემოსავლის დონე შეადგენს 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 31,1 პროცენტს. გარდა ამისა პანდემიის ახალმა ტალღამ და ვაქცინაციის ტემპის შენელებამ მკვეთრად შეაფერხა ტურიზმის სექტორის აღდგენის პერსპექტივები. უფრო მძიმე ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში, საჭირო გახდება მკაცრი რეჟიმის შენარჩუნება ან შემდგომ გამკაცრება რაც  ტურიზმზე მოთხოვნას მომდევნო წლებშიც შეამცირებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტურიზმის მიმართულებით გამოყოფს სამ ძირითად რისკ-ფაქტორს:

  1. საშუალო ვადიან პერიოდში გლობალურ ეკონომიკურ კლებას ყველაზე ნეგატიური გავლენა ტურიზმზე ექნება;
  2. შესაძლო დეგლობალიზაციური ტენდენციები აისახება გლობალურ ტურისტულ სექტორზე;
  3. არსებობს მოსაზრებები, რომ ტურისტული ტენდენციები გადაიხრება ტრადიციული ტურისტული დანიშნულებებისკენ. რაც საქართველოსთვის ნიშნავს ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზე დამოკიდებულების ზრდას და სხვა არაძირითადი ტურისტული ქვეყნებიდან ზრდის შეზღუდვას[12].

 დასკვნა

   კორონავირუსის გავრცელებამ გლობალური დღის წესრიგი საგრძნობლად შეცვალა. აღსანიშნავია, ტურიზმის სექტორის მოულოდნელ მოვლენებთან ადაპტაციის უნარი, რომელიც დადებითი ტენდენციით ხასიათდება. ცალსახაა, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის როლი, რომელიც ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყნებს სთავაზობს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას იმ ღონისძიებებისათვის, რაც ტურიზმის სექტორის სტაბილურობას ხელს შეუწყობს. UNWTO დაეხმარება ქვეყნებს საერთაშორისო განვითარებასა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და კოორდინაციაში. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ცალკეულმა ტურისტულმა კომპანიებმა უზრუნველყონ მდგრადი პროფილი, რომელიც ადვილად მოახდენს ახალი გამოწვევების შედეგად წარმოქმნილი დაბრკოლებების გადალახვას. შესაბამისად არ არის გამორიცხული ტურისტულმა კომპანიებმა უფრო მგრძნობიარე გახადონ თავიანთი პროდუქტები.

      იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება, ამ ეტაპისთვის რთულია სიღრმისეულად განისაზღვროს აღნიშნული ეკონომიკური კრიზისის გავლენის მასშტაბები. თუმცა ცალსახაა, რომ კორონავირუსის პანდემიის აღმოფხვრის შემდეგ მსოფლიო ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ტურისტული კრიზისის დაძლევა გახდება, კერძოდ ნორმალურ პოზიციაზე დაბრუნებისთვის საჭირო იქნება ტურიზმის ინდუსტრიის საოპერაციო საქმიანობის აღდგენა და მთავრობების მიერ ტურისტული ფირმების ტურისტულ ინდუსტრიაში რეინვესტირების უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიმართული უნდა იყოს ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მაქსიმალურად გაითვალისწინოს ტურიზმის სექტორთან თანმდევი პროცესების ხელშეწყობა. ერთობლივი ძალისხმევით კი არა მარტო ტურიზმის სექტორი, არამედ მსოფლიოს ეკონომიკები შეძლებენ ძლიერი კრიზისიდან გამოსვლას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ვიკიპედია. (2021 წლის 20 იანვარი). გლობალიზაცია. მოპოვებული ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედია: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-დან
  2. რ.აბესაძე. (2015). ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თბილისი: თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა.
  3. პ.კრუგმანი, მ. მ. (თ. გ.). საერთაშორისო ეკონომიკა.
  4. ვიკიპედია. (2022 წლის 1 იანვარი). ეკონომიკური კრიზისი. მოპოვებული ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედია: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-დან
  5. Haryanto, T. (2020). COVID-19 pandemic and international tourism demand.
  6. Council, W. T. (2021, June). Global Economic Impact and Trends 2021. მოპოვებული WTTC: https://wttc.org/Portals/0/Documents/Reports/2021/Global%20Economic%20Impact%20and%20Trends%202021.pdf-დან
  7. Organisation, W. T. (2022, 18 1). UNWTO GLOBAL TOURISM DASHBOARD. Retrieved from UNWTO: https://www.unwto.org/country-profile-inbound-tourism
  8. UNWTO. (2022, Jan 18). TOURISM GROWS 4% IN 2021 BUT REMAINS FAR BELOW PRE-PANDEMIC LEVELS. Retrieved from World Tourism Organisation: https://www.unwto.org/news/tourism-grows-4-in-2021-but-remains-far-below-pre-pandemic-levels
  9. The World Bank. (2020). GDP growth (annual %). Retrieved from https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.KD.ZG?end=2020&start=1961&view=chart
  10. CNBC.(2022, Jan 11). World Bank slashes global growth forecast and warns about growing inequality. Saheli Roy Choudhury. Retrieved from

https://www.cnbc.com/2022/01/12/world-bank-slashes-2022-global-growth-forecast.html

  1. Anastasia Nanni, Aulona Ulqinaku. (2020). Mortality Threats and Technology effects on tourism. Retrieved from Science Direct: https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0160738320300864?via%3Dihub
  2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. (2021). Retrieved from file:///C:/Users/user/Downloads/scenarebis-analizi.pdf
  3. საქართველოს სტატისიკის ეროვნული სამსახური. (2021) მთლიანი შიდა პროდუქტი(მშპ)

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp