კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა
ავტორის სტილი დაცულია
ზაურ კახნიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
zauri.kakhniashvili841@eab.tsu.ge
ანოტაცია
თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების წინაშე არაერთი გლობალური პრობლემა და გამოწვევა დგას. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური არის კლიმატის ცვლილება. სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილება გლობალურ დონეზე მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანია. კონკრეტულად, მისი არასასურველი ზეგავლენა ყველაზე დამანგრეველი სოფლის მეურნეობის დარგშია, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია ბუნებრივ გარემოებებსა და მოცემულობებზე და რომელიც ძალიან მგრძნობიარეა ყველა სახის ბუნებრივი ცვლილების მიმართ. სამწუხაროდ, როგორც მოცემულ სტატიაში აღმოვაჩენთ, კლიმატის ცვლილების გამომწვევი მთავარი ფაქტორი ადამიანი და, შესაბამისად, მისი საქმიანობაა. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს საკითხის გადაჭრის გზები, რომლებზეც საზოგადოებამ მუდმივად უნდა იმუშაოს. არსებული სტატიის დანიშნულება და მიზანი არის, რომ მკითხველს გააცნოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორi მდგომარეობა არის მსოფლიოში კლიმატის ცვლილების მხრივ და რა გავლენას ახდენს ეს მოვლენა სოფლის მეურნეობაზე. სტატია მოიცავს მიმდინარე და უახლეს მონაცემებს, ინფორმაციას, ექსპერტთა შეფასებებსა და დასკვნებს და ასევე ავტორის ანალიზს.
Annotation
A number of global problems and challenges are facing the modern world society. One of the most important and large-scale among them is climate change. Unfortunately, climate change has only negative consequences at the global level. Specifically, its adverse impact is most devastating on the agricultural sector, which is completely dependent on natural conditions and environment and which is extremely sensitive to all kinds of natural changes. Unfortunately, as we will find out in this article, the main factor causing climate change is man and, therefore, his activities. However, on the other hand, there are ways to solve the problem, which society should constantly work on. The purpose and goal of this article is to inform the reader about the current state of the world in terms of climate change and the impact of this phenomenon on agriculture. The article includes the latest and current data, information, expert assessments and conclusions, as well as the author’s analysis.
კლიმატის ცვლილების გამომწვევი ფაქტორები
პირველ რიგში, მანამ სანამ კლიმატის გამომწვევ მიზეზებზე, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ვისაუბრებდეთ, აუცილებელი და სასარგებლო იქნება მისი გაგება და შესაბამისი განმარტების მოყვანა. კლიმატი არის ერთსა და იმავე ტერიტორიულ არეალზე წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპი, რომელსაც ჰავასაც უწოდებენ. კლიმატწარმომქმნელი გარემოებები არის მზის რადიაცია, ატმოსფეროს ცირკულაცია, არსებული ზედაპირის ხასიათი, მათ შორის ხმელეთისა და წყლის თანაფარდობა და ასე შემდეგ. კლიმატი, როგორც ყველა მეტეოელემენტი, ზონალურია, თითოეულ ნახევარსფეროში გამოყოფენ 8 კლიმატურ სარტყელს: ეკვატორული კლიმატური, სუბეკვატორული კლიმატური, ტროპიკული კლიმატური, სუბტროპიკული კლიმატური, ზომიერი კლიმატური, სუბარქტიკული კლიმატური, სუბანტარქტიკული კლიმატური და არქტიკული კლიმატური სარტყელები. (1)
კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები ორ ჯგუფად იყოფა. პირველი ჯგუფი აერთიანებს ბუნებრივ ფაქტორებს, ხოლო მეორე ჯგუფი დაკავშირებული არის ადამიანების ხელოვნურ ზემოქმედებასთან. სწორედ ეს უკანასკნელი არის მთავარი პრობლემა. კლიმატის ცვლილების გამომწვევი ბუნებრივი ფაქტორებს წილი მცირეა მთლიან სურათში, თუმცა ამავდროულად – საყურადღებო და გასათვალისწინებელი. ბუნებრივი ფაქტორებია ვულკანური ამოფრქვევები, მზის რადიაციული ცვლილებები, ზედაპირის სტრუქტურული ცვლილებები და ასე შემდეგ, რომელთაც დაკვირვებადი ზეგავლენა აქვს. მეორე მხრივ, მეცნიერები და ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან იმ ფაქტზე, რომ კლიმატის ცვლილებაში მონაწილე მთავარი დამნაშავე არის ადამიანი და, შესაბამისად, მისი საქმიანობა. კლიმატურ ცვლილებებს ხშირად ანთროპოგენულს უწოდებენ, რაც ადამიანის მიერ ხელოვნურად გამოწვეულს ნიშნავს. აქ მოქმედი მთავარი ფაქტორები არის 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკონტროლო საწვავის მოხმარების პროცესი, სათბურის ეფექტის შექმნა, ტყის ჩეხვა და წყლის მცენარეების განადგურება მასიურად, წიაღისეულის არაზომიერი მოპოვება და სხვა. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ნახშირორჟანგის საზიანო დონის შექმნას იწვევს ატმოსფეროში, რაც, თავის მხრივ, გლობალური დათბობის საწყისი მიზეზია. (2)
თვალსაჩინოებისათვის სასარგებლო იქნება, თუ დედამიწაზე ტემპერატურის ცვლილების გამომწვევი ფაქტორების ამსახველ გრაფიკს წარმოვადგენთ, რომელიც აჩვენებს ადამიანისა და ბუნების გავლენის სიძლიერეს კლიმატის ცვლილებებზე. ქვემოთ მოცემულ ჩანართზე ცხადად ჩანს, რომ გასული მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ადამიანის ხელოვნურად გამოწვეული ზემოქმედების წვლილი ბევრად აღემატება ბუნებრივი ფაქტორების წვლილს. გრაფიკი მოიცავს პერიოდს 1880 წლიდან 2020 წლის ჩათვლით. ლურჯი ფერი ასახავს ბუნებრივ ფაქტორებს, ხოლო წითელი ფერი – ადამიანურს. (3)
გრაფიკი 1. დედამიწის ტემპერატურის ცვლილებაზე მოქმედი ფაქტორები
წყარო: https://www.epa.gov/climatechange-science/causes-climate-change
კლიმატის ცვლილების შედეგები
ჩვენ უკვე ვიცით, თუ რა იწვევს კლიმატის ცვლილებას. დავინახეთ, რომ ამაში უდიდესი წვლილი ჩვენ, ადამიანებს მიგვიძღვის. გამომწვევ ფაქტორებზე საუბრის შემდეგ უნდა განვიხილოთ ის გარემოებები, რომლებიც კლიმატის ცვლილების შედეგია. პირველი და ყველაზე საზიანო შედეგი არის ტემპერატურის მუდმივი მატება გლობალურ დონეზე, რასაც გლობალური დათბობის სახელით იცნობს საზოგადოება. ტემპერატურის მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან მოყოლებული საშუალო დონეზე დაბალი იყო, თუმცა გასულ საუკუნეში მომხდარი მეორე მსოფლიო ომის შემეგ ტემპერატურამ დაიწყო მატება და, საბოლოო ჯამში, დღემდე ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ტენდენციის დაწყება ემთხვევა მოხმარებისა და მოსახლეობის დონის მატებას გლობალურ დონეზე. დათბობა ნიშნავს მეტი ისეთი ატმოსფერული ენერგიის არსებობას, როგორიც ამინდის საზიანო ცვლილებებისა და ინტენსივობის მატების საფუძველია. შემდეგ გრაფიკზე ნაჩვენებია ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურის ცვლილების ყოველწლიური მაჩვენებელი და საშუალო დონე მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული 2022 წლის ჩათვლით. (4)
გრაფიკი 2. დედამიწაზე ტემპერატურის ცვლილება 1880-2022 წლებში
წყარო: https://www.ncdc.noaa.gov/sotc/global/202211
მეორე მხრივ, კლიმატის ცვლილების კიდევ ერთი საყურადღებო შედეგი არის ზღვის დონის მუდმივი მატება, რაც ყინულის მასების დნობის გამო ხდება და, შესაბამისად, თბილი წყლის მასა ოკეანეებში გროვდება. თუ ტემპერატურა 2 ცელსიუსით ასცდება საშუალო მაჩვენებელს გლობალურ დონეზე, მაშინ მსოფლიო მოსახლეობის ერთი მეხუთედი თავის საცხოვრებელ ქალაქს წყალში ჩაძირულს აღმოაჩენს ნიუ იურკიდან და ლონდონიდან დაწყებული შანხაის ჩათვლით. ამრიგად, ეს მოვლენა ძალიან დამანგრეველი და მასშტაბური შეიძლება აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ ზღვის დონეს ზრდადი ტენდენცია ახასიათებს ბოლო ერთ საუკუნეზე მეტის ხნის განმავლობაში და ყოველწლიურად საშუალოდ 3.5 მილიმეტრით მაღლა იწევს. (5)
გრაფიკი 3. ზღვის დონის ცვლილება (1880-2022)
წყარო: https://www.epa.gov/climate-indicators/climate-change-indicators-sea-level
კლიმატის ცვლილების გავლენა სოფლის მეურნეობაზე
კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე მსოფლიო მასშტაბით როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. კლიმატის მუდმივი ცვლილება სოფლის მეურნეობისთვის არის რისკი, რომლისგანაც საზოგადოება, როგორც წესი, მოელის უარყოფით ზეგავლენას, ვიდრე – დადებითს. სოფლის მეურნეობა ალბათ ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რამეთუ იგი კაცობრიობას უზრუნველყოფს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით. ზოგადად, ეს სფერო ძალიან მგძნობიარე არის ჰავისა და ამინდის მიმართ და თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ბუნებრივ რესურსებსა და მოცემულობებს. შესაბამისად, ყოველგვარი კლიმატის ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებს სოფლის მეურნეობასა და საკვებ-პროდუქტების წარმოებაზე. (6)
შემდეგ გრაფიკზე ნათლადაა ასახული კლიმატის ცვლილების გავლენის პროგნოზი სახნავ-სათესი მიწების მოსავლიანობაზე. ექსპერტების დაკვირვებით მომავალ რამდენიმე დეკადაში რადიკალურად შემცირდება მოსავლიანობის მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით მაშინ, როცა 2010 წლისათვის ეს მაჩვენებელი დაბალანსებული იყო. (7)
გრაფიკი 4. სახნავ-სათესი მიწების მოსავლიანობის პროგნოზი
წყარო: https://www.futurelearn.com/info/courses/climate-smart-agriculture/0/steps/26565
მეტი კონკრეტულობისთვის ცალ-ცალკე აღსანიშნავია ყველა ის ძირითადი საფრთხის შემცველი მოვლენა და პროცესი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დარგში ვითარდება კლიმატის ცვლილების გამო:
- სახნავ-სათესი მიწების სიმცირე და ათვისების პრობლემა. დღესდღეობით ათვისებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორია ტემპერატურის მატებასთან ერთად ნელ-ნელა ნაკლებად ნაყოფიერი და არასტაბილური წყარო ხდება მოსავლის მიღებისთვის. მაგალითად, ევროპის კონტინენტზე სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობა თანდათან ჩრდილოეთით გადაინაცვლებს. სამხრეთ ნაწილში არსებული სახნავ-სათესი მიწები ჰავის ცვლილების, ტენიანობის შემცირების, ნიადაგის გამოშრობის და სხვა მიზეზების გამო გამოუსადეგარი ხდება. ამიტომ ფერმერებს უწევთ წინაპრების ხელით მოვლილი ტერიტორიების დატოვება. სამწუხაროდ, ეს ფაქტი ხდება ფერმერების მიერ დამატებითი ტყეების ჩეხვის და ნაყოფიერი სახნავ-სათესი მიწების საბაზრო ფასის რადიკალური ზრდის მიზეზი.
- შემცირებული კვებითი ღირებულება და საკვები-პროდუქტების ხარისხი. კლიმატის ცვლილება უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერებასა და ხარისხზე, რაც, თავის მხრივ, ასევე უარყოფითად ზემოქმედებს საკვები-პროდუქტების კვებით ღირებულებაზე. კვლევების შედეგად მცენარეებში აღმოჩენილია ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მაღალი დონე, რაც მარცვლის სარგებლიანობას ამცირებს.
- გაუარესებული სამუშაო მდგომარეობა ფერმებში. გლობალური დათბობა და ტემპერატურის მატება აუარესებს სამუშაო პირობებს, რაც, საბოლოო ჯამში, ამცირებს შრომის პროდუქტიულობას. ასევე გაუარესებული სამუშაო პირობები არის დანახარჯების ზრდის საფუძველი, რამეთუ იზრდება სამუშაოს შესრულებისა და მარცვლეულის ფასი.
- გაზრდილი წნეხი შეზღუდულ რესურსებზე. მსოფლიო მოსახლეობის მუდმივ ზრდასთან ერთად განსახლების მენეჯმენტი უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, შესაბამისად, ახალი ადგილების ათვისების საფუძველზე უარესდება წყლის, ნიადაგის, ჰაერის ბუნებრივი თვისებები.
სოფლის მეურნეობის ადაპტაცია კლიმატის ცვლილებებისადმი
მაშინ როცა სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის, განვითარების შესაძლებლობებს საფრთხე ექმნება და რისკები იზრდება, საჭიროა ეფექტური ანუ სწორი და ეფექტიანი ანუ ყაირათიანი მენეჯმენტის განხორციელება მასშტაბურ დონეზე. პრობლემის მოგვარების გზების შემუშავებაში მსოფლიო ჩართული უნდა იყოს ერთსულოვნად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ვებრძოლოთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, და არა – თვითონ პრობლემას. მოცემული საკითხის გადაწყვეტის 3 ძირითადი გზა არსებობს:
- ფერმერთა მხარდაჭერა. ძლიერი საფუძველი გადამწყვეტია წარმატების მიღწევისთვის. მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სისტემების ჩამოყალიბება გაზრდის სოფლის მეურნეობის ადაპტაციის შესაძლებლობებს კლიმატის ცვლილებებისადმი. ასევე ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა საგანმანათლებლო სფეროს ჩართულობა. განათლების დონის ამაღლება და სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების შესახებ აუცილებელია. გარდა ამისა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორიდან დაფინანსების წყაროების მოძიება, რამეთუ ფინანსური უზრუნველყოფა ნებისმიერი საქმიანობის განხორციელების მამოძრავებელი წყაროა.
- გაზრდილი მოქნილობა. ადაპტაციის სტრატეგიები ექსპერტების შეფასებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომელიც სოფლის მეურნეობას ახალი კლიმატური მდგომარებისადმი ადაპტირებაში ეხმარება. ამრიგად, აუცილებელია ეფექტიანი და ეფექტური სტრატეგიების შემუშავება. ძველი კონსერვატული სასოფლო-სამეურნეო მიდგომები, თავის მხრივ, აზიანებს გარემოს. ამიტომ საჭიროა ინოვაციური მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება, რომლების უარყოფითი გავლენა ბუნებაზე არის მინიმალური. მნიშვნელოვანია ინოვაციური სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა, რადგან ტექნოლოგიების განვითარება მნიშნელოვან როლს თამაშობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგისა და კონტროლის პროცესში.
- გამონაბოლქვის შემცირება. ყველა ზემოთ განხილული პრობლემის მოგვარების გზა უსარგებლო იქნება, თუ გაგრძელდება გარემოს დაბინძურება სხვადასხვა სახის გამონაბოლქვის ხარჯზე. გამონაბოლქვის შემცირება არის კლიმატის ცვლილების საპასუხოდ არსებული საუკეთესო გამოსავალი. ამდენად, როგორც ზემოთ ვახსენე, პირველ რიგში, აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, ვიდრე – პრობლემაზე. (6)
დასკვნა
კლიმატის ცვლილება დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა საერთაშორისო მასშტაბით, რადგან მისი ზეგავლენა მთელ ჩვენს პლანეტაზე ვრცელდება. სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილებებში მთავარი დამნაშავე ადამიანია, რომელიც ჰაერის უკონტროლო დაბინძურებით და შეზღუდულ ბუნებრივ რესურსებზე მუდმივი ზემოქმედებით იწვევს პრობლემებს. ყველაზე საზიანო და მასშტაბური ორი შედეგი არის გლობალური დათბობა, რაც გამოიხატება ტემპერატურის მუდმივი ზრდით დედამიწაზე, და წყლის დონის მატება. თავის მხრივ, კლიმატის ცვლილება ზემოქმედებს ადამიანის ცხოვრებასა და მის თითქმის ყველა საქმიანობაზე. მისი ზეგავლენა განსაკუთრებით დიდია სოფლის მეურნეობაზე. ზემოთ განხილული ფაქტებისა და ექსპერტების მოსაზრებების საფუძველზე შეგვიძლია დავსკვნათ, რომ სოფლის მეურნეობა დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, რაც ოდესმე ყოფილა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მკვლევარები მომავალი ათწლეულების განმავლობაში მდგომარეობის კიდევ მკვეთრად გაუარესებას ელიან, რაც გამოიხატება ნიადაგის ნაყოფიერების გაუარესებასა და მოსავლიანობის შემცირებაში. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს პრობლემის მოგვარების თანამედროვე საშუალებები, რომლებიც საზოგადოების მთლიან ჩართულობას საჭიროებს. ამ საშუალებებიდან ყველაზე მთავარი არის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://education.nationalgeographic.org/resource/all-about-climate
- https://www.nrdc.org/stories/what-are-causes-climate-change
- https://www.epa.gov/climatechange-science/causes-climate-change
- https://www.theguardian.com/environment/2022/nov/04/the-climate-crisis-explained-in-10-charts
- https://www.epa.gov/climate-indicators/climate-change-indicators-sea-level
- https://eagronom.com/en/blog/climate-change-agriculture-impacts/
- https://www.futurelearn.com/info/courses/climate-smart-agriculture/0/steps/26565