მიგრაციის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორები

ავტორის სტილი დაცულია
თინათინ გოლეთიანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი
tikogoletiani24@gmail.com

ანოტაცია

მიგრაცია-ადამიანის გადაადგილება ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ.

მოსახლეობის ტერიტორიული მობილობა საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი ელემენტია. მიგრაცია, ალბათ, ზუსტად იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც კაცობრიობა. მიუხედავად ამისა, ის არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღეს. წლებთან ერთად ქვეყნებს შორის საზღვრები თითქმის ქრება და მიგრაციაც მარტივდება, ამიტომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მთელს მსოფლიოში საგრძნობლად იმატა მიგრაციის მაჩვენებელმა. რა თქმა უნდა, მიგრაციას კიდევ  მრავალი მიზეზი განაპირობებს და  სწორედ ამ ფაქტორებს მიმოვიხილავთ მოცემულ სტატიაში.

Annotation

 Migration — the movement of a person within or outside a country.

Territorial mobility of the population is an essential element for the development of society. Migration probably counts exactly as many years as humanity. Yet it has never been as relevant as it is today. Over the years, borders between countries have almost disappeared and migration has become easier, so the rate of migration around the world has increased significantly in recent times. Of course, there are many other reasons for migration, and these factors will be discussed in this article.

მიგრაციის განმაპირობებელი ფაქტორები

სამეცნიერო ლიტერატურაში აქსიომადაა მიჩნეული, რომ  ემიგრაციის ინტენსიურობის ზრდას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე განსაზღვრავს. უფრო კონკრეტულად  ეს ფაქტორებია: უმუშევრობა და არასრული დასაქმება, მცირე შემოსავალი, ქვეყნებს შორის შრომის ანაზღაურებაში დიდი განსხვავება, სულ უფრო მზარდი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები,  გაუმჯობესებული კომუნიკაციები და სატრანსპორტო მომსახურების ფინანსურად ხელმისაწვდომობა,  აგენტების, დამქირავებლებისა და ადვოკატების ინსტიტუციონალიზებული და კომერციალიზებული ქსელების აქტივიზაცია, სოფლად გაჩენილი ჭარბმოსახლეობა,  უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა ზეჭარბწარმოება და თანამედროვე ტექნოლოგიებთან პროფესიული მომზადების შეუსაბამობა, ქვეყნის მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, დემოგრაფიულად დაბერებულ ქვეყნებში მუშახელზე მოთხოვნის ზრდა. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ რამდენიმეს, რომლებიც მთვარი გამოწვევაა საქართველოსთვის. (1)

  საქართველოში ამ ფაქტორებიდან რამდენიმე ძალიან აქტუალურია, სწორედ ამიტომ, ძნელად მოგვეპოვება ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, რომლის ოჯახის თუნდაც ერთი წევრი მაინც არ იყოს სამუშაოდ საზღვარგარეთ გადახვეწილი. საქართველოში ემიგრაციის პრობლემა ყოველთვის არსებობდა, განსაკუთრებით კი გასული საუკუნის 90-იან წლებში- მოპოვებული დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან გამწვავდა. ქართველები თავდაპირველად სამუშაოდ მეზობელ, მათთვის ნაცნობ რუსეთში, თურქეთსა და საბერძნეთში წავიდნენ, თუმცა მალევე მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის შრომის ბაზარზე გამოჩნდნენ. უცხოეთში სამუშაოდ წასვლის მიზეზი, როგორც წესი, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და პოლიტიკური არასტაბილურობა იყო, რაც ხელს უწყობდა უმუშევრთა რაოდენობის ზრდას.

  მიგრაციის სალდო – ეწოდება სახელმწიფოდან გასული და შემოსული ადამიანების შეფარდებას. სალდო ნიშნავს ნაშთის მაჩვენებელს. თუ ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი აღემატება ქვეყანაში შემოსულთა რიცხვს, მიგრაციის სალდო უარყოფითია, ხოლო თუ შემოსული ადამიანების რიცხვი აჭარბებს გასულების რაოდენობას, სალდო დადებითია. (2)

ცხრილი #1-საქართველოს მიგრაციული სალდო 2012-2020 წლებში:

 201220132014201520162017201820192020
მიგრაციული სალდო, კაცი-21 521-2 606-6 543-3 408-8 060-2 212-10 783-8 24315 732
მიგრაციული სალდო, 1 000 კაცზე-5.8-0.7-1.8-0.9-2.2-0.6-2.9-2.24.2

წყარო:. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური(3)

   განვიხილოთ საქართველოს მიგრაციულ სალდო:  თუ დავაკვირდებით, (იხილეთ ცხრ. #1) 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ის უარყოფითია და შეუძლებელია ვერ შევამჩნიოთ მიგრაციული სალდოს დინამიკის უცაბედი დადებითი ცვლილება 2020 წელს. ეს შეიძლება დავუკავშიროთ Covid19-ის გავლენას მსოფლიოში. როგორც მოგვეხსენება, კოვიდმა მსოფლიოში საოცარი გავლენა იქონია და უმუშევარი დატოვა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რაც თავისთავად შეეხო მიგრანტებსაც და სამუშაოდ თუ სასწავლებლად წასული მიგრანტებიც სახლში  დარჩნენ. ალბათ ამიტომ,  მათ არჩიეს საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება, რამაც გამოიწვია სალდოს ასეთი ცვლილება. -2.2-დან – 4.2-მდე

უმუშევრობა და არაეფექტიანი დასაქმება-შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზი საქართველოში

   უმუშევარი-შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია უმუშევრობის ტერმინს ასე განსაზღვრავს: 15 წელზე მეტი ასაკის პირები, რომელთაც შეეძლოთ მუშაობა, სცადეს მუშაობის დაწყება გასული 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ სამსახური ვერ იშოვეს. ამავე კატეგორიას განეკუთვნებიან დროებით დათხოვნილი და სამსახურის დაწყების მოლოდინში მყოფებიც.

      უმუშევრობა ქვეყნის მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება და ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დანაკარგს იწვევს. ეკონომიკური თვალთახედვით, უმუშევრობის სახით ეგრეთწოდებულ გამოუყენებელი საწარმოო შესაძლებლობების ხარჯს ვღებულობთ, რომელიც გამოუყენებელი სამუშაო ძალის გამო იკარგება, ანუ, იმ პროდუქციას, რომლის წარმოებაც შესაძლებელი იქნებოდა უმუშევრების დასაქმების შემთხვევაში. ოუკენის კანონის თანახმად, უმუშევრობის დონის ყოველი 1%-იანი ზრდა მშპ-ის დაახლოებით 2%-იან კლებას იწვევს. გარდა ამისა, ხელისუფლება შემოსავალს კარგავს გადასახადის გადამხდელთა რიცხვის შემცირების შედეგად. განვითარებულ ქვეყნებში, და ზოგ განვითარებად ქვეყანაშიც, ხარჯი კიდევ უფრო იზრდება, ვინაიდან ხელისუფლებას მეტი უმუშევრობის კომპენსაციის გადახდა უწევს. სხვაგავარდაა საქართველოში, ვინაიდან ხელისუფლება არანაირ უმუშევრობის კომპენსაციას არ იხდის და უმუშევრობის ტვირთი მხოლოდ უმუშევრებს აწვება. მათი შემოსავალი იკლებს, ხოლო უნარ-ჩვევები გამოუყენებლობის გამო, რეგრესირებს. საქართველოში უმუშევრობა მთავარი გამოწვევაა.

  ცხრილი #2-ზე მოცემულია უმუშევრობის დონე საქართველოში 2014 -2021 წლებში. საქსტატის მონაცემებით ბოლო წლებში უმუშევრობის დონე კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა, მაგრამ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 0.9%-ით გაიზარდა და განაგრძო ზრდა 2021 წელსაც. დღესდღეისობით საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1.447.2 მილიონი კაცია, მათ შორის დასაქმებულია 1.129.7 მილიონი, ხოლო 317.5 ათასი უმუშევარია. სწორედ ასეთი მაჩვენებლების გამო ხდება მასობრივი ემიგრაცია საქართველოდან.

 ცხრილი #2 -უმუშევრობის დონე საქართველოში- 2014 -2021 წლები

                წელი                                          20142015201620172018201920202021 I2021 II2021 III
უმუშევრობის დონე, პროცენტი23.021.921.721.619.217.618.521.922.119.5

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (4)

   ადამიანის მიერ საკუთარი უმუშევრობის აღქმა ხშირად არ ემთხვევა ოფიციალური სტატისტიკური მეთოდოლოგიით განსაზღვრულ უმუშევრობას. მაგალითად, ბევრი, ვისაც სასურველი სამსახური არა აქვს, მაგრამ მუშაობს, თვლის, რომ უმუშევარია. ასევე მიაჩნია, თუკი უმაღლესი განათლება აქვს და შესაფერის ადგილზე არ მუშაობს. ხშირად ადამიანი თავს მხოლოდ მაშინ აღიქვამს დასაქმებულად, თუ ხელფასი აქვს დანიშნული (დაქირავებულია). ასე გაჩნდნენ „უმუშევარი“ ტაქსის მძღოლები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები, სოფლის მეურნეობაში საკუთარ მიწაზე დასაქმებულები და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკით კი ისინი უმუშევრებად არ ითვლებიან.

  შრომითი მიგრაციის პრობლემებისა და მისი გამომწვევი მიზეზების, ასევე მის შედეგებთან დაკავშირებით საყურადღებო დასკვნებია მოცემული შესაბამის სამთავრობო დოკუმენტებში. კერძოდ, „დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდულობა, განვითარებული ქვეყნების ბაზრებთან შედარებით, შრომის ანაზღაურების დაბალი დონე უბიძგებს საქართველოს მოსახლეობის ყველაზე აქტიურ ნაწილს, დატოვონ ქვეყანა და არსებობის წყარო საზღვარგარეთ ეძებონ. სპეციალური კვლევები ადასტურებს, რომ შრომით მიგრანტთა 80-85% ქვეყანას ეკონომიკური მიზეზებით (უმუშევრობა, დაბალი ხელფასი) ტოვებს“ (5)

   საქართველო უკვე წლებია ,,ემიგრანტების მხრებზე დგას’’ .  უმუშევრობა რომ ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ამას საქართველოში გადმორიცხული თანხებიც მოწმობენ, რადგან ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი ოჯახი მხოლოდ ემიგრანტის კმაყოფაზე ცხოვრობს. ალბათ, ძნელი სათქმელია ის, თუ რა გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკისთვის ფულადი გზავნილები, თუმცა ფაქტია, რომ ცალკეული ოჯახებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკეთესი ცხოვრების პირობებისათვის, განათლებისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. (იხილეთ დიაგრამა#1)

დიაგრამა #1-ფულადი გზავნილების  ჩარიცხვა და გადარიცხვა 2021 წლის დეკემბერში.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი (711.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.9%-ით (29.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.7% მოდიოდა.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.9 მლნ აშშ დოლარი (77.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მაისის (13.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5%-ით მეტია.  (6)

განათლება და შრომის შეუსაბამო ანაზღაურება

შრომითი მიგრაციის ანალიზის პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია ემიგრაციაში წასული მოსახლეობის შესწავლა განათლების დონის მიხედვით, რადგან მათ შემადგენლობაში აშკარად იკვეთება უმაღლესი განათლების მქონე პირთა მაღალი წილი. ეს შეიძლება იყოს ორი მიზეზით განპირობებული:

  1. ხშირად ადამიანებს უწევთ ისეთ პოზიციებზე მუშაობა, რომელიც თვლიან, რომ საერთოდ არ შეეფერება მათ ცოდნას და გამოცდილებას, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. სწორედ ამის გამო, ადამიანები ამჯობინებენ , რომ დატოვონ საკუთარი ქვეყანა, რადგან მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი. ანაზღაურება კი არის ფასი, რომელსაც ადამიანის უნარებში იხდიან და რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. მაღალი უნარების მქონე პიროვნებები ისეთ ქვეყანაში წასვლას ამჯობინებენ, სადაც მათი უნარების შესაბამისი ფასი უფრო მაღალია.  ეს განაპირობებს ქვეყaნაში უნარების დეფიციტს და შესაბამისად, წარმოშობის ქვეყანაში მცირდება მაღალი უნარების მიწოდება , რაც ფასს უფრო დაბალი უნარების მქონე პიროვნებებისთვის მაღლა წევს. დაბალი უნარების მქონე პიროვნებების  მწარმოებლურობა კი დაბალია, რის გამოც ფერხდება ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ქვეყნისთვის სავალალოა, როდესაც მას მაღალ უნარიანი მოქალაქეები ტოვებენ.
  2. ემიგრანტთა დიდი ნაწილი (70.0% და მეტი) 20-39 წლის ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება და ბუნებრივია, აღნიშნული კონტიგენტის უმრავლების მიზანი საზღვარგარეთ განათლების, უპირატესად კი უმაღლესი განათლების მიღების მიზნით წასვლაა.

საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით: ემიგრანტების საერთო რაოდენობიდან, 26.5%-ი მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მფლობელია. მათ შორის მამაკაცების წილი 14.1%-ი, ხოლო ქალების – 12.4%-ია. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მფლობელია მამაკაცების 20.5% და ქალების 19.7%. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიურ ხარისხს კი ფლობს ემიგრანტი ქალებისა და მამაკაცების თანაბარი წილი 0.6%. მთლიანობაში უმაღლესი განათლების მქონე ემიგრანტი მამაკაცების წილი-35.2%, გაცილებით მეტია ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობაში 10 წელზე უფროსი ასაკის პირებში განათლების შესაბამისი ხარისხის მქონე, როგორც მამაკაცების (26.9%), ასევე ქალების წილთან (29.9%) შედარებით. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოდან ემიგრირებული პირების პროცენტული წილი, დანიშნულების ქვეყნების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ცხრილი #3-ში.

  კიდევ უფრო მაღალია სამშობლოში დაბრუნებული უმაღლესი განათლების მქონე მიგრანტი მამაკაცებისა და ქალების წილი, შესაბამისად 38.6% და 44.8%. აღნიშნული ტენდენცია მასობრივი შრომითი ემიგრაციის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს.  (7) მეორე მხრივ აღსანიშნავია, რომ მათ შემადგენლობაში მაღალია მაღალკვალიფიციური, მაღალინტელექტუალური პირების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ელიტური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა წილიც, რომელიც ბოლო პერიოდში ზრდის ტენდენციით ხასიათდება და სავსებით შესაძლებელია რომ „სავარაუდოდ, ახალგაზრდობის ძლიერი ემიგრაციული განწყობა მომავალში საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის შემცირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება“(8).

ცხრილი#3-განათლების მიღების მიზნით საქართველოდან ემიგრირებული პირების პროცენტული წილი, დანიშნულების ქვეყნების მიხედვით

ქვეყანაპროცენტი
გერმანია32.85%
სხვა ქვეყნები30.02%
აშშ10.59%
რუსეთი6.88%
საფრანგეთი4.91%
უკრაინა3.79%
იტალია3.17%
თურქეთი2.63%
ესპანეთი2.37%
საბერძნეთი1.66%
აზერბაიჯანი0.51%
არარის მითითებული0.62%
სულ რაოდენობა-7122100.0%

წყარო: საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა.

დასკვნა

  საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან და ეკონომიკური განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე,  ჩემი აზრით, ქვეყნის მოსახლეობის შრომით ემიგრაციზე უდიდეს ზემოქმედებას შემდეგი ძირითადი ფაქტორები ახდენენ: ქვეყანაში არსებული უმუშევრობის მაღალი დონე და მასშტაბები, არაეფექტიანი დასაქმება, შრომის ანაზღაურებისა და საერთოდ შემოსავლების დაბალი დონე, შრომის არასათანადო პირობები და მაღალი დონის განათლების ხელმიუწვდომლობა.

 იმისათვის , რომ ქვეყანამ დაძლიოს შრომითი მიგრაციის გამოწვევა აუცილებელია, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად სათანადო ყურადღება სოციალურ უსაფრთხოებას, შრომის მინიმალურ ანაზღაურებას , შრომის პირობებს,  ეფექტიან დასაქმებასა და სოციალურ სამართლიანობას მიექცეს. ხელმისაწვდომი გახდეს განათლება და ჯანდაცვა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მიგრაციული ნაკადების ნორმალიზებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/m-i-g-r-a-ts-i-a/migratsia-sakartveloshi/shromiti-migratsia
2.https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
3..https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia
4. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
5.საქართველოს მთავრობის დადგენილება №199 „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, 02.08.2013წ. ქ. თბილისი.
6.https://nbg.gov.ge/page/%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
7.უმუშევრობა და სიღარიბე საქართველოში. ავტორი: მ. ცარციძე
8.შელია მ.- საქართველოს ქალთა შრომითი ემიგრაციის თავისებურებანი. მოსახლეობის მიგრაციის აქტუალური პრობლემები საქართველოში.