სანქციები, რუსული აქციების ფასების დაცემა და რუბლის გაუფასურება-რუსეთ უკრაინის დაპირისპირება
ავტორის სტილი დაცულია
ნიკა მელიქიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
nika.meliqishvili.98@mail.ru
ანოტაცია
21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ. მოცემულ სტატიაში იხილავთ რა ეკონომიკური შედეგები მოჰყვა ამ ყველაფერს და რა სანქციები დაუწესეს რუსეთს.
Annotation
On February 21, the President of the Russian Federation, Vladimir Putin, recognized the so-called occupation of the occupied territories of Ukraine. Independence of the Donetsk and Luhansk People’s Republics. Later, Putin called on the Russian armed forces to occupy the so-called occupied territories of Ukraine. Gave orders to ensure peace in the Donetsk and Luhansk People’s Republics. The order stems from the agreements signed with the occupied territories, according to which the Russian armed forces must ensure peace in the Donbas. In this article you will see what the economic consequences of all this were and what sanctions were imposed on Russia.
რუსული აქციების ფასი 2014 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაეცა
დღეს (21 თებერვალს) რუსული აქციების ფასი ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაეცა. აქციების ვარდნა ვლადიმერ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების დაანონსებას მოჰყვა.
მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) საორიენტაციო ინდექსი 11%-ით დაეცა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესება და სანქციები მოჰყვა. დღის განმავლობაში ინდექსი 14%-ზე მეტით დაეცა, რაც ყველაზე მეტია 2008 წლის ნოემბრის შემდეგ.
რუსულ აქციებს და რუბლს გლობალურად ყველაზე ცუდი პერფორმანსი ჰქონდათ. ფინანსთა მინისტრმა სამშაბათს (22 თებერვალს) დაგეგმილი ობლიგაციების გაყიდვა გააუქმა, მიზეზად ფინანსურ ბაზრებზე გაზრდილი არასტაბილურობა სახელდება.
სავარაუდოა, რომ სეპარატისტების აღიარების ნაბიჯი დაარღვევს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომლებიც იმართებოდა ევროპის შუამავლობით და კიდევ უფრო გამწვავდება დაძაბულობა დასავლეთთან. მოსკოვი ჯერ კიდევ უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს, მაგრამ აშშ და მისი მოკავშირეები ამას საკამათოდ მიიჩნევენ
21 თებერვალს 19:21 საათისთვის რუბლი მოსკოვში 2,2%-ით გაუფასურდა და დოლარზე 79.05 შეადგინა, ხოლო რუსეთის ვალის დაზღვევის ღირებულება 2016 წლის შემდეგ უმაღლეს დონემდე გაიზარდა.
დასავლელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ უკრაინის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში ევროკავშირი მას სავარაუდოდ, სანქციებს დაუწესებს.
რუსეთის საფონდო ბირჟა უკვე 20%-ით დაეცა. ქვეყნის მთავარი ინდექსი MOEX RTS ინდექსი ამჟამად 1,100 პუნქტზეა, როდესაც გუშინ (21 თებერვალს) ამავე დროს ინდექსი 1,391 პუნქტზე იყო, რაც 24-საათიან ჭრილში 20%-იან ვარდნას ნიშნავს. ეცემა ყველა წამყვანი რუსული კომპანიის აქციები, უშუალოდ დღეს ვაჭრობის გახსნის შემდეგ AFK Sistema-ს აქციები 11%-ით; VK-ის 14%-ით, Sberbank-ის 7%-ით, Lukoil-ის 2%-ით, Yandex-ის კი 3%-ით შემცირდა.[7][9]
შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური პერსონალი უკრაინიდან პოლონეთში გადაიყვანა
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ვითარების გაუარესების მოლოდინის გამო, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს თანამშრომლები უკრაინიდან პოლონეთში გადაიყვანეს. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუსეთმა სეპარატისტულ რეგიონებში ე.წ. სამშვიდობო ძალების შეყვანა დაიწყო.
“უსაფრთხოების მიზნით, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად ლვოვში არიან, ღამეს პოლონეთში გაატარებენ”,- ნათქვამია განცხადებაში. Bloomberg-ის ინფორმაციით, პერსონალი უკრაინაში შესაძლოა დღეს დაბრუნდეს, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი ჩათვლის, რომ ვითარება სტაბილურია. საელჩოსა და საკონსულო საქმიანობის დროებით პოლონეთიდან გაგრძელება არ ნიშნავს რაიმე ცვლილებას აშშ-ს მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ. შეერთებულმა შტატებმა საელჩოს თანამშრომლების
გაყვანამდე და კონსულტაციები გაიარა მოკავშირეებთან, რომლებსაც ასევე აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობები უკრაინაში.
დიპლომატების მცირე კონტინგენტის გადაადგილება ხდება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადაიტანა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა იერიში კიევზე მიიტანოს. სახელმწიფო დეპარტამენტი კვირების განმავლობაში მოუწოდებდა ამერიკის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყანა საომარი მოქმედებების დაწყებამდე.[8]
ყველაზე მდიდარი რუსების ქონება ერთ ღამეში ასობით მილიონით შემცირდა
Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 23 რუსი მილიარდერი შედის. მათგან 22-ის ქონება გასულ 24 საათში (21-22 თებერვალი) ასობით და ათობით მილიონით შემცირდა. სიის მიხედვით, ყველაზე დიდ ქონებას რუსებიდან ვლადიმერ პოტანინი, ალექსეი მორდაშოვი, ლეონიდ მიხელსონი, ვლადიმერ ლისინი, ვაგიტ ალეკპეროვი ფლობენ.
- Norilsk Nickel-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პოტანინი ამჟამად $30.2 მილიარდით სიის 46-ე ადგილს იკავებს. გასული ერთი დღის განმავლობაში მისი ქონება ყველაზე დიდი თანხით $471 მილიონით შემცირდა.
- $110 მილიონით შემცირდა ალექსი მორდაშოვის ქონება. ის ამ დროისთვის $28.5 მილიარდს ფლობს. მორდაშოვი რუსეთის მეოთხე უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, Severstal-ის აქციონერია. ის ასევე ფლობს წილებს ოქროს მწარმოებელ Nordgold-ში, ელექტროენერგიის გამომუშავების აღჭურვილობის მწარმოებელ Power Machines-სა და TUI-ში, ევროპულ ტუროპერატორში. მას ინვესტიციები აქვს National Media Group-ში, Bank Rossiya-სა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორ Rostelecom-ში.
- Bloomberg-ის მილიარდერების სიის მიხედვით, მე-3 ყველაზე მდიდარი რუსი ლეონიდ მიხელსონია. ის $28.5 მილიარდს ფლობს. მისი ქონება ერთ დღეში $766 მილიონით შემცირდა. Novatek-ის აღმასრულებელი დირექტორი რუსეთში ბუნებრივი გაზის უმსხვილესი არასახელმწიფო პროვაიდერია. მილიარდერი კომპანიის დაახლოებით მეოთხედს, ასევე, ნავთობქიმიური კომპანია Sibur-ის 30,6%-იან წილს ფლობს.
- $232 მილიონით შემცირდა ვლადიმერ ლისინის ქონება. ის ამჟამად $27.8 მილიარდით 55-ე ადგილს იკავებს. ლისინი არის რუსეთის უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, Novolipetsk Steel-ის თავმჯდომარე. ის ასევე ფლობს სარკინიგზო ტვირთების ოპერატორს Freight One-ს, პორტის ობიექტების ოპერატორს UCL Port-ს და გადამზიდავ კომპანია VBTH-ს.
- Lukoil-ის თავმჯდომარე და მოსკოვის სპარტაკის საფეხბურთო გუნდის თანამფლობელი ვაგიტ ალეკპეროვის ქონება ერთ დღეში $913 მილიონით შემცირდა და ამჟამად $21.4 მილიარდს შეადგენს. [4]
რუსული რუბლი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ვალუტად იქცა
რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის დაძაბვას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. 22 თებერვალს რუსული რუბლი 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მეტად გაუფასურდა. პუტინის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ 1 დოლარის ღირებულებამ 80 რუბლს გადააჭარბა და ამ დროისთვის bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 80.3 რუბლი ღირს. შემცირდა რუსული კომპანიების აქციების ფასიც. საღამოს ვაჭრობაში აქციები 18%-ით გაუფასურდა. უფრო ადრე მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) საორიენტაციო ინდექსმა ძირითადი სავაჭრო სესია 11%-იანი ვარდნით დახურა, რაც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა. Forbes-ის შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში რუბლი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ვალუტად იქცა და მოკლე დროში მერყეობის მაჩვენებლით ის თურქულ ლირასაც კი დაეწია. აღსანიშნავია, რომ პუტინის განცხადებას საერთაშორისო ბირჟებზე მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახის აქციის და ინდექსის გაუფასურება მოჰყვა, მათ შორის ამერიკული კომპანიების აქციების და კრიპტოაქტივებისაც.რუსულ აქციებს და რუბლს ორშაბათს გლობალურად ყველაზე ცუდი პერფორმანსი ჰქონდათ. ჯერჯერობით ნათელი არ არის, რას ნიშნავს პუტინის გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკის კონტექსტში. რუსეთმა არაერთხელ უარყო მსგავსი გეგმები. პუტინის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დასავლელი ლიდერების გაფრთხილება, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში სანქციებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ აშშ-მა პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს სანქციები დაუწესა. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს აშშ-ს მიერ ინვესტიციების განხორციელებას და ფინანსურ საქმიანობას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში.[6][7]
სანქციები რუსეთს მწარედ დაარტყამს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას მწვავე სანქციებით უპასუხებს.
“ეჭვგარეშეა, რომ თუ რუსულ კომპანიებს დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ბაზრებზე კაპიტალის მოზიდვაში ხელი შეეშლებათ, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ რუსი მესაკუთრეების კომპანიებს და ქონებას ნიღაბს ჩამოვხსნით, ეს მტკივნეული იქნება”,- თქვა ჯონსონმა.
ჯონსონის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა თავი უნდა აარიდოს რუსულ ნავთობსა და გაზს, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ევროპაში გაზის ფასების მერყეობა წარუმატებლობის შედეგია, რომელიც ევროპამ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს განიცადა. “ჩვენ შევძელით არსებითად შეგვემცირებინა რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ახლა ჩვენი გაზის მხოლოდ 3% მოდის რუსეთიდან”,- თქვა ჯონსონმა. მისივე თქმით გაერთიანებული სამეფო გეგმავს გაზის რეზერვების ლიცენზიების გაცემას, მაგრამ ასევე დაბალი შემცველობის ნახშირბადის ენერგიაზე, მათ შორის ბირთვულ ენერგიაზე გადასვლას. ”რაც უფრო სწრაფად იქნება ქვეყანა საკუთარ ენერგიაზე უფრო მეტად დამოკიდებული, მით უფრო აყვავებულები ვიქნებით, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, უფრო მდგრადი იქნება ჩვენი ენერგიის ფასი და ეს სარგებელს მოუტანს გაერთიანებული სამეფოს მომხმარებელს”,- თქვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა.
ამასთანავე გაერთიანებულმა სამეფომ ხუთ რუსულ ბანკს: Rossiya-ს, IS Bank-ს, General Bank-ს, Promsvyazbank-სა და Black Sea Bank-ს, ასევე სამ პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს სანქციები დაუწესა.
“ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი დიდ ბრიტანეთში ფლობენ, გაიყინება. დაინტერესებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა და ავუკრძალავთ გაერთიანებული სამეფოს ყველა ფიზიკურ პირს და სუბიექტს მათთან რაიმე სახის ურთიერთობას”,- თქვა ჯონსონმა, მისი თქმით ეს მხოლოდ დასაწყისია იმ სანქციებისა, რომელსაც ბრიტანეთი რუსეთს უწესებს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის ბრიტანეთის “ურყევი მხარდაჭერის” გარანტიები მისცა. ჯონსონმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: “რაც არ უნდა მოხდეს, ბრიტანეთი გადაწყვეტილებაზე უარს არ იტყვის.” დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გამო გერმანია Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცესს აჩერებს.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის წინსვლა უკრაინის კრიზისის ფონზე ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, გაზსადენის დამტკიცების პროცესი დროებით შეჩერებულია. შოლცმა თქვა, რომ გერმანიამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა გაზსადენი სერტიფიკაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. “ეს ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯი, რომლითაც არ მოხდება გაზსადენის სერტიფიკაცია და ამ სერტიფიკიაციის გარეშე, ჩრდილოეთის ნაკადი-2 მუშაობას ვერ დაიწყებს”, – თქვა შოლცმა.
გასულ თვეებში საერთაშორისო საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანი იყო თუ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ქმედებების შემთხვევაში რა ბედი ელოდა ჩრდილოეთის ნაკად 2-ს. აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რუსეთს აფრთხილებდა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გაზსადენი არ ამუშავდებოდა. ამერიკული მხარე ამბობდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობასთან კონსულტაციას გადიოდნენ.
ბალტიის ზღვაში გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეჩერებულია.
პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. ამას გარდა, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი აჩენს შიშებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და განსაკუთრებით გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები გახდებიან.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი გერმანიის მიერ გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერებას გამოეხმაურა. მედვედევის თქმით, მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ. “გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერების ორდერი გამოსცა. რას ვიზამთ. მოგესალმებით ახალ მსოფლიოში, რომელშიც მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ”. – წერს მედვედევი Twitter-ზე.
რა სანქციებს განიხილავს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ:
22 თებერვალს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი და საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის დასაწესებელ სანქციებს განიხილავენ.
“რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილების დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ და იქ ჩარები გაეგზავნათ, უკანონო და მიუღებელია. ის არღვევს საერთაშორისო სამართალს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კრიზისის უფრო მეტად აღვივებს” – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურუსლა ფონ დერ ლეიენის და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივ განცხადებაში განცხადებაში.
სანქციების შესაძლო პაკეტი მოიცავს:
- უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პირების მიზანში ამოღებას
- იმ ბანკების მიზანში ამოღებას, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის არმიას და სხვა ოპერაციებს ამ ტერიტორიებზე
- ევროკავშირის კაპიტალის და ფინანსურ ბაზრებზე რუსეთის სახელმწიფოს და მთავრობის წვდომის მიზანში ამოღებას, რათა შეიზღუდოს ესკალაციის გამომწვევი და აგრესიული მოქმედებები
- სეპარატისტული რეგიონებიდან ევროკავშირთან ვაჭრობის მიზანში ამოღებას, რათა უკანონო და აგრესიულ ქმედებებზე პასუხისმგებელმა პირებმა საკუთარი მოქმედების ეკონომიკური შედეგები იგრძნონ
“კავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ერთიანი მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ მისი და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
2021 წელს რუსეთმა $119 მილიარდის ნავთობი და გაზი გაყიდა
რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვები 2021 წლისთვის თავდაპირველ პროგნოზს ბევრად აღემატება. ფასების მკვეთრი ზრდის შედეგად გაყიდვები ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 36%-ს შეადგენს. უკრაინაში დაძაბულობის ფონზე რუსული საქონლის გაყიდვები ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა. რუსეთს ძლიერი გავლენა აქვს ევროპის გაზის ბაზრებზე, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებისთვისაც ის პირველადი მიმწოდებელი არ არის. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მიხედვით, რუსული ნავთობისა და გაზის შემოსავლები 2021 წლის გეგმას 51.3%-ით აჭარბებს და $119 მილიარდს შეადგენს. მხოლოდ ოქტომბერში შემოსავლებმა დღიურად $500 მილიონი შეადგინა. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთის მთლიანმა ექსპორტმა $489,8 მილიარდს მიაღწია. აქედან ნედლი ნავთობის ექსპორტმა $110,2 მილიარდი შეადგინა, ნავთობპროდუქტებმა $68,7 მილიარდი, მილსადენის ბუნებრივმა აირმა $54,2, ხოლო თხევადმა ბუნებრივმა აირმა $7,6 მილიარდი.
ანალიტიკოსების თქმით, რუბლი ევროპაში ბუნებრივი აირის რეკორდულად მაღალი ფასებით ისარგებლებს. თუმცა, ანალიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება ჯერ კიდევ გადაწონოს ეს უპირატესობა.[1][2][3]
უკრაინაში დაძაბულობის ფონზე ბიტკოინი $30,000-იან დონეს უახლოვდება
ბიტკოინის ფასი ორ კვირიან მინიმუმამდე დაეცა. უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გამო დაძაბულობის ფონზე, ზოგიერთი ანალიტიკოსი უმსხვილესი კრიპტოვალუტისთვის $30,000-იან საკვანძო დონეს პროგნოზირებს.
ბიტკოინის ფასი მეექვსე დღეა იკლებს. ციფრული ვალუტა $36,372-იან დონემდე ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ორ თვითგამოცხადებულ სეპარატისტულ რესპუბლიკას აღიარებს. შემცირდა სხვა კრიპტოვალუტების ფასებიც. ეთერიუმის ფასი 2,9%-ით შემცირდა, ხოლო XRP 6,7%-ით.
ბიტკოინის ფასი შაბათ-კვირას (19-20 თებერვალი) $40,000 დოლარზე დაბლა დაეცა და უკრაინის კრიზისის გაღრმავებასთან ერთად შესუსტება განაგრძო. განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არგუმენტს, რომ კრიპტოვალუტა გეოპოლიტიკური არეულობის დროს უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენს. პარალელურად, ოქროს ფასმა ივნისის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია.
ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ ოქროსთან ერთად გაიზარდა ნავთობის ფასიც.გამწვავებული დაპირისპირებას და რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე აშშ-სა და ევროპის რეაქციას ნედლეულის ბაზრებზე უარყოფითი ზემოქმედების პოტენციალი აქვს. რუსეთი ნავთობის, გაზის, ალუმინისა და ხორბლის მთავარი მწარმოებელია. გაზის ბაზრებზე განსაკუთრებული დაძაბულობაა, რასაც ევროპის რუსულ საწვავზე დამოკიდებულება იწვევს, რომლის მესამედიც უკრაინის სატრანზიტო მილსადენებით მიედინება.[5]
რა ზიანს მიიღებს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები, უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში?
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ ის, თუ რა სახის ხარისხის პრობლემა შეექმნება უკრაინასთან და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, დამოკიდებულია აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო აქტივობის მასშტაბზე.
საკითხზე მან „საქმის კურსში“ სტუმრობისას ისაუბრა. ჩეჩელაშვილის თქმით, თუ რუსეთი შეტევაზე გადავა, ეს ძალიან მძიმედ აისახება ორივე ქვეყანასთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
ჩეჩელაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ე.წ. გამყოფ ხაზზე რუსეთის საჯარისო ნაწილების მოქმედებები არ იყოს ინტენსიური, რაც სიტუაციის დასტაბილურებას გამოიწვევს და ამ შემთხვევაში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვან ზიანს არ მიიღებს.
ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებითვე, უკრაინასთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გართულება, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლოგისტიკურ საკითხებთან.
„მთავარი დამაკავშირებელი ჩვენი და უკრაინის ექსპორტ-იმპორტის, არის საბორნე გადასასვლელი, ილიჩევსკი-ბათუმი, ილიჩევსკი-ფოთი, რაც დამატებით საფრთხეებს ქმნის“, – აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი.
როგორ გამოიყურებოდა საქართველო უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობები: 2021 წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და $307 მილიონი დოლარი გახდა, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელია. ასევე 15.6%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 451 მილიონი დოლარი გახდა. უკრაინიდან იმპორტი მაქსიმალური 2013 წელს იყო და $600 მილიონს შეადგენდა. მთლიანობაში უკრაინა საქართველოს რიგით მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. რაც შეეხება უკრაინასთან სხვა ეკონომიკურ კავშირებს, ფულადი გზავნილების სახით 2021 წელს $92.7 მილიონი გადმოირიცხა, რითიც უკრაინამ რიგით მერვე ადგილი დაიკავა. 2021 წლის 9 თვეში საქართველოში უკრაინიდან $6.4 მილიონის FDI შემოვიდა, რითიც ტოპათეულს მიღმა იყო, ხოლო ვიზიტორების რაოდენობით, უკრაინამ გასულ წელს მეხუთე ადგილი დაიკავა, რადგანაც ქვეყანას 144,900 უკრაინელი ვიზიტორი სტუმრობდა. ეს მთლიანად ვიზიტორთა ნაკადის 8.4% იყო.[10]
დასკვნა
ჩემი აზრით ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება მიუღებელია და არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს. მინსკის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ღია დარღვევას. აშშ-ს ოფიციალური პირების უმეტესობა, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნაბიჯს გადადგამს, ეს არ იქნება კრიზისის დასასრული. რუსეთი უბრალოდ გააძლიერებს თავის მიღწევებს, მსოფლიო კი ცხოვრებას გააგრძელებს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში 2008 წელს და ყირიმის შემთხვევაში 2014 წელს მოხდა.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://www.bloomberg.com/news/articles/2022-02-22/west-pushes-on-russia-sanctions-after-putin-move-ukraine-update?utm_content=bloomberguk&utm_source=facebook&utm_medium=social&utm_campaign=socialflow-organic&fbclid=IwAR1C7uBoc0R8ktH3ZtWdK0OEzFug1btqidb55Y8niEeuIeBrY6e7c6fXX4s
- https://www.bloomberg.com/news/articles/2022-02-22/west-pushes-on-russia-sanctions-after-putin-move-ukraine-update?srnd=premium-europe
- https://twitter.com/MedvedevRussiaE/status/1496112456858574849?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1496112456858574849%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Ftabula.ge%2Fge%2Fnews%2F680587-medvedevi-male-evropelebs-atasi-kuburi-metri
- https://businessformula.ge/Tag/Bloomberg%20Billionaires%20Index
- https://www.bloomberg.com/news/articles/2022-02-22/bitcoin-extends-dip-below-40-000-as-ukraine-tensions-boost-gold?srnd=premium-europe&fbclid=IwAR2iZ58jp1ch2DSZthuftTZmXVK6v0kI1pM5Qk_jtYfgq3ple1WZokhu8Qg
- https://www.bloomberg.com/news/articles/2022-02-21/russian-assets-tumble-as-military-aid-report-spooks-traders?fbclid=IwAR2NLPGdw0A760ai6IKjbnHhWu6gbeBnpZMGDdLWXsuTVn430XAeX9X1fIM
- https://www.forbes.com/sites/zacharysmith/2022/02/21/ruble-plunges-to-80-against-the-dollar-as-putin-recognizes-breakaway-republics/
- https://www.bloomberg.com/news/articles/2022-02-21/u-s-discussing-moving-its-embassy-out-of-ukraine-people-say?srnd=politics-vp
- https://www.bloomberg.com/news/articles/2022-02-21/russian-assets-tumble-as-military-aid-report-spooks-traders?srnd=premium-europe&fbclid=IwAR1c4gXjqMiz4XJFG5YWMO63_mcSgoExXIYI4t-hF5GyuAq1CCPlVwRuQ-A
- https://bm.ge/ka/article/ra-zians-miigebs-saqartvelos-savachro-urtiertobebi-ukrainashi-rusuli-samxedro-intervenciis-shemtxvevashi/102309/