ეთნიკური უმცირესობებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ხელმისაწვდომობა განათლებაზე

ავტორის სტილი დაცულია
ანასტასია შკამარიდინა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
anastasiashkamaridina@gmail.com

ანოტაცია

განათლება არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.  მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას განათლების მიღების თანაბარი პირობები შეუქმნას, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა თუ სოციალური ჯგუფისა. აღნიშნული, ქვეყანას დაეხმარება განავითაროს კვალიფიციური ადამიანური კაპიტალი და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინტეგრაციას შრომით ბაზარზე.

მოცემულ ნაშრომში განხილულია ინკლუზიური განათლება, მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ეთნიკური უმცირესობებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ასევე სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებულია ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, რომელთა გადაჭრა აუცილებელია ქვეყანაში განათლების სისტემის სრულყოფისთვისა და მაღალი ხარისხის ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებისათვის.

Annotation

Education is the most important factor of economic development of the country. It is important for the state to create equal conditions for receiving education for the population living in the country, regardless of ethnic origin or social group. This will help the country to develop qualified human capital and promote the integration of the population in the labor market.

This paper discusses inclusive education, challenges related to it, access to education of ethnic minorities and socially vulnerable groups, and based on statistical data, the current situation and challenges in this direction are analyzed, the solutions of which are necessary to improve the education system in the country and to build high-quality human capital.

ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება არის საგანმანათლებლო მიდგომა და იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას ყველასთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანატოლებთან ერთად, იმის იუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური თუ სხვა მახასიათებლები გააჩნიათ.[3]

დეკლარაცია, რომელიც ინკლუზიური განათლების საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის საფუძველს ქმნის, 1994 წლის ივნისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო კონფერენციაზე დამტკიცდა. სალამანკას დეკლარაცია ეყრდნობა შემდეგ ძირითად დებულებებს: ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ მიიღოს განათლება, შესაბამისად, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ განათლებულობის გარკვეულ დონეს. ყველა ბავშვს აქვს უნიკალური პიროვნული ნიშნები, ინტერესები და უნარები. შესაბამისად, განათლების სისტემა მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებდეს აღნიშნულ ფართო განსხვავებებს ინდივიდებს შორის. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებს აქვთ უფლება იარონ საჯარო სკოლებში, სადაც პედაგოგიკა არის მოსწავლეზე ცენტრირებული და ითვალისწინებს მის საჭიროებებს. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ საჯარო სკოლები ინკლუზიური ორიენტაციით არის ყველაზე ეფექტური გზა დისკრიმინაციული ატიტუდების შესამცირებლად, ხელს უწყობს ტოლერანტული საზოგადოების ფორმირებას. ასეთი სკოლები უზრუნველყოფს ბავშვების უმრავლსობისათვის ეფექტური განათლების გადაცემას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე.

ინკლუზიური განათლების ცნება საკმაოდ კომპლექსურ საკითხებს მოიცავს და ეფუძნება ისეთ პრინციპებს, რომლის პრაქტიკაში დანერგვაც, ხშირ შემთხვევაში, მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული: როგორ უნდა იყოს ორგანიზებული საკლასო ოთახები, რამდენი მოსწავლე უნდა იყოს კლასში, რა პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს პედაგოგი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომლებზე პასუხიც ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტების ამოცანაა.

პირველი და ყველაზე უფრო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე გამოწვევა, რომელიც ბარიერს უქმნის ინკლუზიური განათლების განვითარებას საქართველოში არის აღნიშნულ თემაზე კვლევათა სიმცირე.

ინკლუზიურ განათლებას სირთულეებს უქმნის საკანონმდებლო ბაზაში არსებული ხარვეზებიც. მართალია, საქართველოში მოქმედი კანონები არადისკრიმინაციულია, მაგრამ მაინც აწყდება სხვადასხვა პრობლემებს. კერძოდ, არ არის რატიფიცირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია. ასევე, ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით, სსსმ მოსწავლეებისათვის აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმმის შემუშავება, თუმცა რეალურად ამ მოსწავლეთა მხოლოდ ნაწილისათვის არის შემუშავებული აღნიშნული გეგმა.

პრობლემას ქმნის ადამიანური რესურსებიც, კერძოდ ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობა, ხოლო ერთ-ერთი ფუნდამენტური გამოწვევა მასწავლებლების კომპეტენტურობას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ტარდება ტრენინგები მასწავლებელთა უნარების გასაუმჯობესებლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მასწავლებლად მუშაობის უფლება მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგებს აქვთ, მაინც არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებელთა საერთო დონე დამაკმაყოფილებელია.[2]

ბოლო წლებში განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა რეფორმა განხორციელდა. მათ შორის: ინსტიტუციური სტრუქტურის შეცვლა, კორუფციის აღმოფხვრა, უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის მინიჭება და ევროპული სტანდარტების შემოღება. თუმცა, საქართველოს განათლების სისტემა კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშეა.

დიაგრამა 1. დანახარჯები განათლებაში და წილი მშპ-ში

წყარო: https://www.geostat.ge/ka  

დიაგრამა 1-ზე გამოსახულია დანახარჯები განათლებაში მლრდ. ლარში, ინფლაციის შედეგად კორექტირებული მაჩვენებელი და წილი მშპ-ში. მოცემული მონაცემების მიხედვით განათლებაზე გაწეული დანახარჯების მოცულობა 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. ჯამური დანახარჯი განათლებაზე საშუალო წლიურად 7.9%-ით იზრდებოდა ათი წლის განმავლობაში (6.9% ინფლაციით დაკორექტირებული) და დაახლოებით 2.2 მლრდ. ლარს მიაღწია 2021 წელს. თუმცა, იმავე პერიოდში დანახარჯების წილი მშპ-ში შემცირდა და 3.6% შეადგინა, რაც ბოლო ათი წლის მინიმალური მაჩვენებელია.

საქართველოში უმუშევრობის დონე უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაში ბევრად მაღალია ვიდრე სხვა ქვეყნებში, რაც განპირობებულია იმით, რომ უმაღლესი განათლების სისტემა აწვდის ეკონომიკას კურსდამთავრებულებს, რომლებიც არ არიან მზად თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებს უპასუხონ. ზოგადი განათლების რეფორმებს, მაგალითად, სკოლის დამთავრების კრიტერიუმის გაუმჯობესებას შეუძლია შეცვალოს სტუდენტების გადანაწილება პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში. ეს კი ქვეყანას დაეხმარება განავითაროს კვალიფიციური ადამიანური კაპიტალი და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინტეგრაციას შრომით ბაზარზე.[1]

განათლება ეთნიკური უმცირესობებისთვის

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის ცოდნა არის ის მნიშვნელოვანი პირობა, რაც ხელს უწყობს ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 13.2% ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი (6.3%), სომეხი (4.5%) და რუსი (0.7%) ეროვნების წარმომადგენელია.

საქართველოში ზოგადი განათლების მიღება ქართულენოვანი სკოლების გარდა შესაძლებელია სომხურენოვან, აზერბაიჯანულენოვან და რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებში. 2021-2022 წელს, არაქართულენოვანი სკოლები საქართველოს საჯარო სკოლების 10%-ს შეადგენს (207 მთელი საქართველოს მასშტაბით). საქართველოში ფუნქციონირებს 117 სომხურენოვანი, 79 აზერბაიჯანულენოვანი, და 11 რუსულენოვანი სკოლა, რაც არაქართულენოვანი სკოლების 57%-ს, 38%-ს და 5%-ს შეადგენს, შესაბამისად. ამავე წელს, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეების რაოდენობა 54,325 იყო, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 9%-ს შეადგეს. მათი უმრავლესობა (47.7%) აზერბაიჯანულენოვანია, 26.5% რუსულენოვანი, ხოლო 24.5% კი სომხურენოვანია.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, 2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული სისტემა, ე. წ. „1+4“ პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. აბიტურიენტები 1 წლის განმავლობაში შეისწავლიან ქართულ ენას და 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.

შედეგად, 2010 წლიდან 2018 წლამდე 5-ჯერ გაიზარდა ეთნიკურ უმცირესობათა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების რაოდენობა საშუალო წლიურად 22%-ით იზრდებოდა ცხრა წლის განმავლობაში. ასევე „1+4“ პროგრამა აძლევს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას სხვადასხვა საჯარო სამსახურებში, თუმცა არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები შემდგომ თუ ხორციელდება ამ პირების დასაქმება. ასე, რომ აუცილებელია დასაქმების მაჩვენებლის წარმოება, რათა სწორად შეფასდეს პროგრამის წარმატება/წარუმატებლობა.

დიაგრამა 2. არაქართულენოვან უნარებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტები და მათი წილი აბიტურიენტებში წლების მიხედვით

წყარო: https://idfi.ge/ 

დიაგრამა 2-ზე გამოსახულია არაქართულენოვან უნარებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტები და მათი წილი აბიტურიენტებში წლების მიხედვით. თუ შევხედავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემებს, ვნახავთ, რომ დარეგისტრირებული 38,415 აბიტურიენტიდან 2,665 დარეგისტრირდა არაქართულენოვან უნარების გამოცდაზე 2021 წელს, რაც აბიტურიენტების 7%-ს შეადგენს +3 პ.პ.-ით მეტი ვიდრე 2010 წელს. 2010 წელს, 253 აბიტურიენტი დარეგისტრირდა სომხურენოვან ზოგად უნარების გამოცდაზე, რაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტთა 18%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2021 წლისთვის 21%-მდე გაიზარდა (565 აბიტურიენტი). რაც შეეხება აზერბაიჯანულენოვან უნარების გამოცდას, 2010 წელს დარეგისტრირდა 335 აბიტურიენტი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტთა მხოლოდ 24%, რაც 2021 წელს 78%-მდე გაიზარდა (2,076 აბიტურიენტი). რუსულენოვანი ზოგადი უნარების ჩაბარების მსურველთა რაოდენობა კი იმავე პერიოდში 58%-იდან 1%-მდე შემცირდა (610-იდან 17 აბიტურიენტამდე).

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდა არსებული კოლეჯების რეაბილიტაცია და ტექნიკური აღჭურვა. შედეგად სხვადასხვა რეგიონში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ პროფესიული განათლება. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს 2016 წლიდან აქვთ შესაძლებლობა სომხურ, რუსულ ან აზერბაიჯანულ ენაზე ჩააბარონ პროფესიული ტესტირება და სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხონ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ამასთანავე გაიარონ ქართული ენის შემსწავლელი კურსი. აღნიშნული ღონისძიებების გატარების შემდეგ, ყოველწლიურად იზრდება იმ აპლიკანტთა რაოდენობა, რომლებიც არაქართულენოვან ტესტს აბარებენ. 2021 წელს, არაქართულენოვანი ტესტირების საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 250 აპლიკანტი, აღნიშნული 17-ჯერ აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

პანდემიამ ეთნიკური უმცირესობების პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა. პანდემიამდე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელების რაოდენობა ნელი ტემპებით იზრდებოდა. თუმცა, COVID-19 პანდემიამ მსურველთა მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

ქართული ენის შესწავლის ყველაზე მაღალი ინტერესით გამოირჩევა ახალქალაქის, მარნეულისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები, ხოლო ყველაზე დაბლით ახმეტისა და წალკის მუნიციპალიტეტები.

გამოწვევად რჩება საზოგადოებასთან ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის დაბალი ხარისხი. ამასთან, ენობრივი ბარიერის შედეგად კვლავ გამოწვევად რჩება ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნულს სახელმძღვანელოების თარგმნის დაბალი ხარისხიც იწვევს. ეთნიკური უმცირესობებისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობა. საქართველოს მასშტაბით, 2018-2022 წლებში 309 მასწავლებელზე გამოცხადებული ვაკანსია დარჩა შეუვსებელი. ეს გამოწვევა განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 პანდემიის დაწყებისას, როდესაც 160 გამოცხადებული ვაკანსიის დაკმაყოფილება ვერ მოხდა.

ეთნიკური უმცირესობებისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა მასწავლებლების კვალიფიკაციის საკითხი. საქართველოს მასშტაბით ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადამზადებული მასწავლებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა 2021 წლისთვის მასწავლებელთა მხოლოდ 27% იყო გადამზადებული, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ამ პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს.

მასწავლებლების დაბალ ენობრივ კომპეტენციას ემატება სახელმძღვანელოების პრობლემა.სკოლებში არსებობს სახელმძღვანელოების დეფიციტი. სახელმძღვანელოების დეფიციტის გარდა, არსებობს მათი თარგმნის ხარისხის პრობლემაც. მაგალითად, მათემატიკაში სახელმძღვანელოები ისეა ნათარგმნი, რომ მოსწავლეებისთვის სრულიად გაუგებარია ამოცანის პირობები. [1]

განათლება სსსმ პირებისთვის

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს ფიზიკური შეზღუდვა, ინტელექტუალური განვითარების დარღვევა, სენსორული განვითარების დარღვევა, მეტყველების განვითარების დარღვევა, ქცევითი და ემოციური დარღვევა, გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ან სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

სსსმ მოსწავლეებს თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და მათთვის აუცილებელია ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაცია და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2015-2020 წ.წ. სამოქმედო გეგმის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის და სსსმ პირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი განათლება ყველა დონეზე. UNICEF-ის და საქსტატის კვლევის თანახმად, სსსმ ბავშვების უმეტესობას (36,400 ბავშვს) აღენიშნება შფოთვა და დეპრესია. სასწავლო სირთულეები კი 8,400 ბავშვს აღენიშნება, რაც 5-დან 17 წლამდე ბავშვების 1.5%-ს შეადგენს.

დიაგრამა 3. საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლეების რაოდენობა და მათი წილი მოსწავლეებში წლების მიხედვით

წყარო: https://idfi.ge/

 დიაგრამა 3-ზე გამოსახულია საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლეების რაოდენობა და მათი წილი მოსწავლეებში წლების მიხედვით. ყოველწლიურად იზრდება საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლეების რაოდენობა. 2021 წელს, სსსმ მოსწავლეების რაოდენობამ 10,500-ს გადააჭარბა, რაც 21-ჯერ აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. ეს კი იწვევს სპეციალურ მასწავლებლებზე მოთხოვნის გაზრდას, რათა მოხდეს ყველა მოსწავლისთვის თანაბარი ხარისხის განათლების მიწოდების უზრუნველყოფა.

პროფესიული განათლებით დაინტერესებული არიან არა მარტო ეთნიკური უმცირესობები, არამედ სსსმ პირები. 2021 წელს, 201 სსსმ პირი სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პროფესიულ სასწავლებლებში სსსმ პირების რაოდენობა იზრდებოდა 2016 წლამდე, შემდეგ კი ეს ტენდენცია შეიცვალა. 2020 წელს, სსსმ სტუდენტების რაოდენობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მინიმალურ მაჩვენებელზე ჩამოვიდა (164 სსსმ სტუდენტი), რაც COVID-19 პანდემიის უარყოფით გავლენაზე მიუთითებს.

სსსმ პირების წილი იმ სტუდენტებს შორის, რომელთაც შეიჩერეს ან შეუჩერდათ სტატუსი, ყოველწლიურად იზრდება. 2021 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული სტუდენტების 37%-მა შეიჩერა სტატუსი, რაც 23 პ.პ.-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. სსსმ სტუდენტების წილი სტატუს შეჩერებულ სტუდენტებში აღმავალი ტენდენციით ხასიათდება და 2021 წლისთვის 2.5 % შეადგინა, რაც ბოლო ცხრა წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.[1]

დასკვნა

განათლების სექტორში ეთნიკური უმცირესობების გამოწვევების თაობაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა, რომ ენობრივი ბარიერი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში და მაღალი უმუშევრობიდან გამომდინარე ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის მიგრაციას იწვევს უცხო ქვეყნებში. ასევე, გამოწვევას წარმოადგენს სახელმძღვანელოების თარგმნის დაბალი ხარისხი, მასწავლებლების კვალიფიკაცია, და მრავალენოვანი სწავლების დაბალი ეფექტურობა.განათლების სექტორის დაფინანსება არ არის საკმარისი და წილი მშპ-ში მცირეა. მოსწავლეების რაოდენობის ზრდასთან ერთად სკოლებისა და მასწავლებლების რაოდენობა მცირდება, რაც ზრდის როგორც სკოლების, ისე მასწავლებლების დატვირთვას.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ადაპტაცია სსსმ და შშმ პირების საჭიროებების მიხედვით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია რესურს ოთახების თანამედროვე რესურსებითა და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა. სწავლების პროცესში აუცილებელია გამართულად ფუნქციონირებდეს მშობელს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული სამკუთხედი. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სსსმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში. მშობლის ჩართულობა დაეხმარება სკოლას ინკლუზიური განათლების მიცემის პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. გ.ადეიშვილი, მ.საღარეიშვილი, ,,განათლების სექტორის მიმოხილვა’’
  2. http://education.ge/index.php?do=definition/view&id=2138
  3. https://gtu.ge/inclus-edu/raing/
  4. https://idfi.ge/