საქართველოს საგარეო ვაჭრობა და მიმდინარე ტენდენციები
ავტორის სტილი დაცულია
ანი ოთარაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპებმა და განსაკუთრებით ეროვნული ეკონომიკების გლობალიზაციისაკენ აქტიურმა სწრაფვამ, რომელიც აძლიერებს ქვეყნების ეკონომიკის ურთიერთკავშირს, აჩქარებს გლობალური სასაქონლო და საფინანსო ბაზრების ფორმირებას, გამოიწვია განსაკუთრებული ინტერესი საგარეო ვაჭრობისადმი. დღესდღეობით, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულია მსოფლიოს ყველა ქვეყანა, ვინაიდან ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს მხოლოდ თავისი წარმოების პროდუქციით უზრუნველყოს საკუთარი წარმოება და მოსახლეობა. არც ჩვენი ქვეყანა არ არის ამ მხრივ გამონაკლისი, და შესაბამისად საქართველო ჩართულია მსოფლიო სავაჭრო ქსელში. მოცემულ სტატიაში განხილულია საქართველოს საგარეო ვაჭრობა და ქვეყანაში არსებული მიმდინარე ტენდენციები.
Resume
The pace of development of the world economy and especially the active pursuit of globalization of national economies, which strengthens the interconnectedness of the economies of countries, accelerates the formation of global commodity and financial markets, has aroused particular interest in foreign trade. Today, all countries of the world are involved in international trade, as none of them will be able to provide its own production and population only with its own products. Our country is no exception in this regard, and therefore Georgia is involved in the world trade network. This article discusses Georgia’s foreign trade and current trends in the country.
საგარეო ვაჭრობის არსი
დღესდღეობით, როდესაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მეტად ღრმავდება საქართველოს ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი, საგარეო სავაჭრო ურთიერთობების არსისა და თავისებურებების შესწავლა განსაკუთრებული მნიშვნელოვანია საგარეო სავაჭრო მოვლენებისა და პროცესების დონის, დინამიკისა და განვითარების ტენდენციების დადგენაში, ასევე არსებული მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების საკითხებში.
ვაჭრობა შეიძლება შედარდეს ქუჩას – ქუჩას ორმხრივი მოძრაობით, იმპორტის გადახდისათვის ქვეყნებს არ შეუძლიათ უსასრულოდ აიღონ სესხი ან გაყიდონ თავისი აქტივები. შესაბამისად, იმისათვის, რომ გვქონდეს იმპორტირების შესაძლებლობა, ქვეყანამ უნდა განახორციელოს ექსპორტი.
საგარეო ვაჭრობა, ესაა ექსპორტ-იმპორტის წესით ქვეყნებს შორის საქონლის გაცვლა, ურთიერთხელსაყრელ პირობებში ყიდვა-გაყიდვის გზით. საგარეო ვაჭრობა სპეციფიკური სფეროა, რომლის მიმდინარეობა და განვითარების პერსპექტივები დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ასევე მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკურ კურსზე და აქედან გამომდინარე, მიღებულ გადაწყვეტილებებზე. [1]
აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობა ხასიათდება მნიშვნელოვანი თავისებურებებით, მათ შორის უნდა გამოვყოთ:
- განსხვავება მობილურობაში. ქვეყნებს შორის რესურსების გადაადგილება უფრო რთულია, ვიდრე ქვეყნის შიგნით;
- თითოეული ქვეყანა განსხვავებულ ვალუტას იყენებს და იმისათვის, რომ სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული საქონლისთვის ანგარიშსწორება მოახდინოს, ამ ქვეყნის ვალუტა უნდა შეიძინოს. ე.ი. თავისი ვალუტა სხვა ქვეყნის ვალუტაზე უნდა გაცვალოს;
- საგარეო ვაჭრობა ისეთ პოლიტიკურ ჩარევასა და კონტროლს ექვემდებარება, რომელიც თავისი ხარისხითა და ხასიათით მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც საშინაო ვაჭრობაში იყენებენ და სხვა.
საგარეო ვაჭრობის ანალიზის საგანი არის იმ საქონლის მოცულობა და სახეები, რომლებიც კვეთენ საზღვარს, ასევე, ვაჭრობის ზოგიერთი პირობები, მაგალითად ფასები.
აღსანიშნავია, რომ საზღვარზე საქონლის მოძრაობა აუცილებლად არ გულისხმობს სავაჭრო გარიგების არსებობას. საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში არ აისახება მომსახურების ყიდვა – გაყიდვა, შემოსავლები კაპიტალიდან და კაპიტალის ბრუნვა, მაგრამ მასში ჩაირთვება საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა (მაგალითად, გრანტები, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარება). საგარეო ვაჭრობის შესწავლისას საქმე გვაქვს საქონლის ისეთ მახასიათებლებთან, როგორებიცაა: ღირებულება, რაოდენობა, ფასი.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი
საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოსთვის, საგარეო ვაჭრობის დადებით სალდოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური დისბალანსის აღმოფხვრისა და ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის. აღნიშნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საექსპორტო პოტენციალის ზრდა და ზოგადად ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარების სტიმულირება.
ეკონომიკური პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით, საქართველოსთვის საერთაშორისო ბიზნესში ჩაბმა უდიდესი შესაძლებლობაა, რაც ქვეყნისათვის ქმნის დინამიურად განვითარებადი, სწრაფად მზარდი ტემპის მიღწევის შესაძლებლობას.[5]
2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 315.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.9 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 10 073.3 მლნ. აშშ დოლარს (25.1 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წელს, 5 831.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.
დიაგრამა 1.საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2016-2021 წლებში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული სამსახური
ზემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია საქართველოს საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები.
2016-2018 წლების საქონლის მთლიანი ბრუნვა, იმპორტი და ექსპორტი ხასიათდებოდა ზრდის ტენდენციით, ექსპორტი ასევე ზრდადია 2018-2019 წლებში (შესაბამისად ექსპორტ-იმპორტის სალდოც), ხოლო 2018-2020 წლებში შესაბამისი მონაცემები კლების ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნული კლება, გამოწვეულია მსოფლიოში არსებული კრიზისით, რომელიც თავის მხრივ მსოფლიო პანდემიის შედეგია. 2021 წელს კი, როგორც აღვნიშნეთ წინა წელთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი გაზრდილია.[3] (დიაგრამა1)
დიაგრამა 2. საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების წილი ბრუნვაში 2016-2021 წლებში (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული სამსახური
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2016-2021 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.(იხ. დიაგრამა 2)
2021 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.5 პროცენტი შეადგინა.
დიაგრამა 3. ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2021* წელს (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული სამსახური
საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანების სიაშია: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, აშშ, უკრაინა, სომხეთი, გერმანია, ბულგარეთი, იტალია. მათგან ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 145.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 638.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 480.5 მლნ. აშშ დოლარი).(იხ.დიაგრამა3)
რაც შეეხება ექსპორტს, ექსპორტის მნიშვნელობა რამდენადაც დიდია ქვეყნისთვის, ამდენადვე მნიშვნელოვანია, თუ რა სახის პროდუქტი გაგვაქვს ექსპორტზე. მნიშვნელოვანია რამდენად მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს, ანუ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა დივერსიფიცირებული საქონელი აწარმოოს და გაიტანოს, თუ ფოკუსირებულია კონკრეტულ დარგებსა თუ მიმართლებებზე.
თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საექსპორტო პროდუქციის სტატისტიკას დავინახავთ, რომ ექსპორტი ხდება დივერსიფიცირებული, ანუ მეწარმეები სხვადასხვა მიმართულებიდან ცდილობენ თავისი პროდუქტებისთვის ახალი ბაზრების ათვისებას. არსებობს, რა თქმა უნდა, ძირითადი ჯგუფები, თუმცა ასევე არსებობს ახალი სახის საქონელი, შესაძლებელია მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც, რომელიც გადის სხვა ქვეყნებში.
დღეისათვის ექსპორტის ძირითად ნაწილს ნედლეული წარმოადგენს. დაბალია ბაზრების დივერსიფიკაციის ტემპი, ხოლო კონკრეტული პროდუქტის და ახალ ბაზრებზე შეღწევის და დამკვიდრების მაჩვენებლები არადამაკმაყოფილებელი. ექსპორტის პოტენციალის ზრდის და ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციისთვის, აუცილებელია, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ეს ხელს შეუწყობს ქართული საექსპორტო პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე შესვლასა და დამკვიდრებას და საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასვლას.
დიაგრამა 4. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული 2021* წელს
წყარო: საქართველოს ეროვნული სამსახური
მეოთხე დიაგრამაზე ნაჩვენებია უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული 2021 წელს. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 815.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 477.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 456.6 მლნ. აშშ დოლარით (10.8 პროცენტი)[3]
დიაგრამა 5. უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეული 2021* წელს
წყარო: საქართველოს ეროვნული სამსახური
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 898.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 822.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 736.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი)(იხ.დიაგრამა5)
საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ იქნა როგორც სატარიფო პოლიტიკისა, ასევე ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს დღეისათვის გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულირებას.
სატარიფო პოლიტიკა იმპორტზე – საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და კონკურენტული სავაჭრო რეჟიმი აქვს. საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, 2006 წლის 1 სექტემბრიდან საიმპორტო ტარიფების 16 სატარიფო განაკვეთი შემცირდა 3 განაკვეთამდე (0, 5 და 12%). საიმპორტო ტარიფები გაუქმდა პროდუქციის დაახლოებით 85%-ზე. აღარ არსებობს სეზონური ტარიფები. იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXVIII-ე თავისშესაბამისად.[4]
სატარიფო პოლიტიკა ექსპორტზე – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ექსპორტი ან რეექსპორტი საქართველოდან განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. გამომდინარე იქიდან, რომ 1997 წლის 1 სექტემბრიდან საქართველო იყენებს საქონლის დამატებული ღირებულების დაბეგვრას დანიშნულების ქვეყნის პრინციპით, ექსპორტი საქართველოდან დღგ-თი არ იბეგრება.
COVID-19-ის პანდემია და საქართველოს საგარეო ვაჭრობა
მოგვეხსენება, COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4 პროცენტული ერთეულით გაიზარდა. სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა, ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის პირობებში.[7] COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიერ ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების კეთილდღეობაზე მიყენებული ზიანი ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი და მზარდია.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE-ს) მიერ 2020 წელს ჩატარდა კვლევა და მომზადდა ანგარიში „კოვიდ-19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე.“ კვლევაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად განხორციელებული ღონისძიებები.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის, ხოლო შეფასებამ აჩვენა, რომ „მთავრობამ გადააჭარბა მოლოდინს მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ. მან მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო შეზღუდვები; სწრაფად გააფართოვა და ხელმისაწვდომი გახადა საწარმოებისთვის ვაჭრობის გამარტივებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი და შეიმუშავა დახმარების ზომები მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის, და ასევე მძიმედ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად“. [6] ანგარიშში ხაზგასმულია ვაჭრობის წვლილის გაზრდის მნიშვნელობა COVID-19 პანდემიის შემდეგ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობაში.
როგორც აღვნიშნეთ, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 315.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.9 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 10 073.3 მლნ. აშშ დოლარს (25.1 პროცენტით მეტია). პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება. ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე არადამაიმედებელი პროგნოზები. ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება რისკებზე, მათ შორისაა – გაჭიანურებული ვაქცინაცია, დამატებითი შეზღუდვები, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრება და გახანგრძლივებული პოლიტიკური დაძაბულობა.[7]
დასკვნა
საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო და უფრო მეტად ერთვება მსოფლიო მეურნეობაში. თუ დავაკვირდებით, სავაჭრო ბალანსის სალდოს, შევამჩნევთ, რომ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებულები საგარეო ბაზრებზე, მათ შორის მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზე. ექსპორტირებული პროდუქცია არ არის დივერსიფიცირებული და მასში ძირითად ნაწილს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსები. ქართველ მომხმარებელთა მოთხოვნები კი, ჯერ კიდევ ძირითადად იმპორტის გზით კმაყოფილდება.
ჩვენი ქვეყნისათვის უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი ერთგვარ კანონზომიერებად იქცა, თუმცა ზრდის ტენდენციით ხასიათდება საგარეო სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის ექსპორტით დაფარვის კოეფიცინეტი, რასაც გვიდასტურებს სტატისტიკა, ეს კი თავის მხრივ დადებით მოვლენას წარმოადგენს. შესაბამისად, თუ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნებული იქნება მომავალშიც, საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას განუვითარებს. არსებულ ვითარებას თუ დავაკვირდებით, საქართველო ცდილობს შექმნას ისეთი ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, რომ ქვეყანაში იწარმოებოდეს დივერსიფიცირებული პროდუქცია, დივერსიფიცირებული ბაზრისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://www.britannica.com/topic/international-trade
- ხატია დოლიძე. 2019. ,, საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები’’, სამაგისტრო ნაშრომი
- https://www.geostat.ge/ka/single-news/2432/sakartvelos-sagareo-vachroba-2021-tseli-tsinastsari
- http://www.economy.ge/?page=ecopolitic&s=12
- https://dspace.tsu.ge/bitstream/handle/123456789/913/Perspectives%20of%20Improving%20Georgia’s%20Foreign%20Trade%20under%20the%20Covid-19.pdf?sequence=1&isAllowed=y
- http://www.economy.ge/?page=news&nw=1580
- https://thedocs.worldbank.org/en/doc/2e5409c131739aead82fb401a6b1ca03-0080012021/original/Press-Release-WB-ECA-Economic-Update-Georgia-March-2021-GEO.pdf