როგორ არის წახალისებული მეწარმეობა მთავრობის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკების გათვალისწინებით

ავტორის სტილი დაცულია
გიორგი საჩეჩელაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  IV კურსის სტუდენტი
giorgi.sachechelashvili784@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

სამეწარმეო საქმიანობა თავისუფლად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც აღმძრავი ძალა ეკონომიკისა, რაც მისივე ინოვაციური ბუნებიდან მომდინარეობს. მეწარმეული აზროვნება და წამოწყებათა ხორცშესხმა, ახალ სისხლს ბადებს მიმოქცევის სისტემაში, შესაბამისად მეწარმეობა ჩემთვის, ძვლის ტვინად მოიაზრება. შესაბამისად ახალი სისხლი განგრძობად გულის ცემასაც გულისხმობს, სხვა თანაბარ პირობებში. დღევანდელობაში მით უფრო წინა ხაზზეა წამოწეული სამეწარმეო საქმიანობა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება, მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და სხვა სიკეთეები ძლიერ მამოძრავებელ გარემოს ქმნიან, სადაც არ უნდა გაჩერდე თუ წარმატების მიღწევა გინდა, თორემ ,,ისე გაგთელავს დრო, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს.” შესაბამისად სამოქმედო არეალი, მისი თვისებრივი ბუნებით, გარკვეულწილად აყალიბებს ადამიანის ქცევას, ამიტომაც საჭიროა ქცევის გამაჯანსაღებელი გარემო პირობების შექმნა, ამ შემთხვევაში კი სამეწარმეო ქცევისა, რაზედაც სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. მის ხელში კი საკმაო ხელსაწყოებია აღნიშნულის განსახორციელებლად, თუნდაც ფორმალური ინსტიტუციების მორგება მიზნადქცეულ პირობებზე, ქცევის ცვლილება ფისკალური ან მონეტარული პოლიტიკის საშუალებით. რადგანაც მეწარმე ძლიერ ცვალებად გარემოში ერთობ მგრძნობიარეა სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცვლილებებზე, საჭიროა გასატარებელი ღონისძიებების ფაქიზად შერჩევა. უკანასკნელ სამს შორის კი საგრძნობი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია, მაგალითად, სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკური მდგომარეობა განპირობებული სამთავრობო პოლიტიკით აყალიბებს ქვეყნის სოციალურ პირობებს. თუმცა ერთია თუ როგორ და რა შეუძლია მთავრობას, მაგრამ მეორე არის, თუ რას აკეთებს სინამდვილეში და როგორ აისახება მათი ნამოქმედარი სამეწარმეო ასპარეზზე. თან, რადგანაც ეკონომიკას ადამიანები ვქმნით, წინასწარ რთულია ქცევის განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებს პიროვნება გარემოს ცვლილებაზე. ამასთანავე, ჩემი აზრით, პოლიტიკოსები  საკუთარი ინტერესებისთვის უფრო იღწვიან ვიდრე სხვათა ინტერესებისათვის. სწორედ ამაზე გავამახვილებ ჩემს თხრობაში ყურადღებას, თუ რა გაკეთდა საქართველოში მეწარმეობის წასახალისებლად, რა შედეგი გამოიღო მან, იყო თუ არა ეს პოლიტიკური ნაბიჯი საკუთრივ პოლიტიკოსთა სახელის მოსახვეჭად და ა.შ…

Annotation

The entrepreneurial activity is very important for economy, which coming from his innovative behavior. Nowadays this activity needs more flexibility, because the globalization, technical progress, easy way information’s makes very dynamic atmosphere, where you should not stop, if you want to be successful entrepreneur or another. Respectively this environment with its specific nature creates the humans conduct, therefore it needs to make an appropriate environment. The government should take care of this, it has the appropriate power and resources to do that. For example, the government should try to adjust the formal institutions for their target or change conduct with fiscal and monetary policy. The Entrepreneur doing business in very changeful environment and he is very sensitive to the social, political and economic changes. This three affects to each other, for example policy impacts to the economic situation and this last makes some social situation. On the other hand, this everything is easy to say, but more important is that what are the government does in real. 

Therefore, our conduct makes the social, political and economic conducts and it is much difficult to guess: how will be our behavior in the future. In a given work I will try to tell everything, which connect this all and try to tell what did our government do to stimulation the entrepreneurship and what they are doing now.

მეწარმეობა ფისკალური პოლიტიკის პირობებში

მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკის გავლენა მეწარმეობაზე. აქ მთელი რიგი საკითხები გამოიყოფა, რომლებიც უკანასკნელზე ზემოქმედებენ, იქნება ეს პირდაპირი სახით თუ ირიბად. თავდაპირველად განვიხილავ ირიბი ზემოქმედების სახეებს, რომელთა საზღვრებშიც მეწარმეობა ხვდება, ოღონდ არაგამიზნულად. პირველ რიგში, უნდა ვახსენო ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტურია, მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტი 2021 წელს 3777.6 მილიონი ლარი იყო, (mof.ge, mof.ge, თ. გ.) ხოლო ამავე წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 21.836 მილიარდი აშშ დოლარი, საიდანაც სამთავრობო სექტორზე 7.956 მილიარდი აშშ დოლარი მოდიოდა (nbg.gov.ge, nbg.gov.ge, თ. გ.) ლოგიკურია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მზარდ საგარეო ვალს უკავშირდება, რაც სხვა თანაბარ პირობებში, აყალიბებს მოლოდინს სამომავლოდ გადასახადების გაზრდის შესახებ, რათა სახელმწიფომ აღმოფხვრას ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა და გაისტუმროს აღებული ვალები. ეს უკანასკნელი მოლოდინი კი მოსახლეობას მეტის დაზოგვისკენ უბიძგებს მიმდინარე პერიოდში, რათა სამომავლოდ გაუმკლავდნენ გაზრდილ გადასახადებს. შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობაც, ამგვარი რაციონალური მოლოდინის და სხვა დაშვებათა პირობებში, ერთგვარად შესაძლებელია შეფერხდეს, რადგან ამ ლოგიკის ფარგლებში შემცირდება ერთობლივი მოხმარება, რამაც შესაძლოა განაპირობოს ახალ, ინოვაციურ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდი და დაშვებაა, რადგან რთულია წინასწარ განისაზღვროს ადამიანის ქცევა. 2021 წელს საბიუჯეტო შემოსავლები გადასახადიდან 2020 წელთან შედარებით 9364.8 მილიონი ლარიდან 11439.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ე.ი 22.15%-ით 2020 წელთან შედარებით. (mof.ge, mof.ge, თ. გ.) ეს ზრდა, რა თქმა უნდა, პანდემიის შემდგომი აღმავლობის შედეგიცაა, რადგან 2021 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა. (www.geostat.ge, www.geostat.ge, თ. გ.) დინამიკაში რომ განვიხილოთ ეს მონაცემები, შემდეგად წარმოჩინდება:

ცხრილი 1.

წელისაგადასახადო შემოსავლების ოდენობა (მილიონი ლარი)ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით (%)
20115802,0
20126311,18,77
20136287,7-0,37
20146847,08,9
20157549,610,26
20167986,85,8
20178991,312,6
20189695,97,8
20199665,6-0,31
20209364,8-3,1
202111439,522,15

დიაგრამა 1.

დიაგრამა 2. 

(www.geostat.ge, www.geostat.ge, თ. გ.)

როგორც მოცემული დიაგრამებიდან ვხედავთ, საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპს კლებადი ხასიათი აქვს 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ხოლო ამავე პერიოდებში, გარდა 2020 წლისა, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი თითქმის უცვლელია. შესაბამისად ლოგიკა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად იზრდება, ერთგვარად ირღვევა. ბოლო, 2021 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, საგადასახადო შემოსავლები მკვეთრადაა გაზრდილი, ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 10,4%-ით ზრდას არ უკავშირდება 2020 წელთან შედარებით, რადგან, როგორც ვხედავთ 2017,18,19 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის მსგავსი ოდენობის გახლდათ, მაგრამ განსხვავდებოდა საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში. მაგალითად, ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 24,6%-ით გაიზარდა, აქციზის გადასახადიდან შემოსავლები 15,4%-ით, საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები კი 13,4%-ით. ხოლო 2019 წელს 2018 წელთან შედარებით დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები 4,14%-ით შემცირდა, აქციზის გადახდიდან მიღებული შემოსავლები 2,8%-ით გაიზარდა, ხოლო საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები კი 11,2%-ით გაიზარდა. (ერქომაიშვილი, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესმეწარმეობიდან სოციალური მეწარმეობისაკენ მამოძრავებელი ძალა, 2019) (mof.ge, mof.ge, თ. გ.) ეს უკანასკნელი პერიოდი იმიტომ მოვიყვანე, რომ ამ დროს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი საგრძნობლად არ ამაღლებულა, სამაგიეროდ გაიზარდა ბიუჯეტის შემოსულობები გადასახადებიდან. თუნდაც, 2017-18 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი იგივე იყო, თუმცა ბიუჯეტში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 7,8%-ით გაიზარდა. (www.geostat.ge, www.geostat.ge, თ. გ.) ამით იმის თქმა მსურს, რომ 2021 წელს 22,15%-იანი საგადასახადო შემოსავლების მატება არ იხსნება მხოლოდ წარმოების გაზრდით ეკონომიკაში, არამედ საგადასახადო ტვირთის გაზრდითაც. ეს უკანასკნელი კი გადასახადის გადამხდელებისათვის ზედმეტად არასასიამოვნოა, მეწარმეობის მხრივ კი უფრო მეტადაც, რადგან ინოვაციური საქმიანობა, რომელიც გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი და საწყის საფეხურებზე ისედაც ნაკლებშემოსავლიანია, საგადასახადო ტვირთი ძლიერ დაახშობს ამგვარი საქმიანობის გაგრძელების სურვილს, რადგან დატვირთული და წელშიმოხრილი მეწარმისათვის წინ სავალი გზა ნაკლებ აღქმადი გახდება.

რაც შეეხება, უშუალოდ მიზანმიმართულ ზემოქმედებას, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა მოგების გადასახადის ,,ესტონური მოდელი,“ რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადით დაბეგვრას, ოღონდ არა დასაბეგრი მოგების, არამედ განაწილებული მოგებისას. (სამინისტრო ს. ფ.) შესაბამისად, თუ საწარმო მიღებული მოგების რეინვესტირებას განახორციელებს, ფაქტობრივად ის თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან. ეს სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭიროა, იმ მხრივ რომ, როდესაც ინოვაციური საქმიანობა გრძელვადიან პერიოდში გავა მოგებაზე, ის ყოველთვის საჭიროებს განვითარებას და განახლებას, ამგვარად აქციონერებს ან მფლობელებს გარკვეულწილად დაუცხრებათ სწრაფვა ფინანსების მიღებისა და ამ უკანასკნელს სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას მოახმარენ და გააფართოებენ თავიანთ არეალს, რაც მათი მიზნისკენ მიმართული ზურგის ქარია.

უნდა აღინიშნოს ასევე შეღავათიანი დაბეგვრის სტატუსები, როგორებიცაა მაგალითად მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი. მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადამხდელი, არ იყენებს დაქირავებულთა შრომას (ოჯახის წევრების გარდა) და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც ჯამური წლიური შემოსავალი არ აღემატება 30000 ლარს. ამასთანავე მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება სრულიად არაა დაკავშირებული ზედმეტ ფორმალობასთან და მისი მიღება ძალიან გამარტივებულია, თანაც უშუალოდ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან მისი მიღება უფასოა, ხოლო შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებში 10 ლარს შეადგენს. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი:

  • არ იხდის საშემოსავლო გადასახადს,
  •  არ არის ვალდებული აწარმოოს შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა, 
  • თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან,
  • არ იხის მიმდინარე (საავანსო) გადასახდელებს. (www.rs.ge, www.rs.ge, თ. გ.)

რადგანაც ,,მეწარმეთა შესახებ კანონის“ მიხედვით ერთმანეთისგან არაა გამიჯნული ბიზნესი და მეწარმეობა, შესაბამისად ეს სტატუსი ინოვაციურ საქმიანობებზედაც ვრცელდება, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ პირობებს. აღნიშნული კი კარგი შეღავათია მეწარმეთათვის მოკლევადიან, საქმიანობის საწყის საფეხურებზე, როდესაც თავიანთი საქონელი და მომსახურება ცდის პროცესშია და ნელ-ნელა ბაზარზედაც შედის. აქედან გამომდინარე მათ კარგი შესაძლებლობა აქვთ გადასახადებისგან თავისუფლად გამოსცადონ თავიანთი საქმიანობის შედეგი და შევიდნენ ბაზარზე მეტად ლაღად. თანაც მოცემული სტატუსი არ გაიცემა გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობებზე, ეს უკანასკნელნი კი არაინოვაციურებია. ასევე მეწარმეეებს მიდრეკილება აქვთ თვითდასაქმებისაკენ, შესაბამისად საოჯახო საქმიანობისთვის, რომელიც ინოვაციურია და ქმნის სიახლეს, აღნიშნული სტატუსი ზედგამოჭრილია. რაც შეეხება მცირე ბიზნესის სტატუსს, მისი რეგისტრირებაც და მიღებაც იოლად ხდება. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან იბეგრება 1%-ით, თუ არ აღემატება 500000 ლარს, ხოლო მასზე გადაჭარბების შემთხვევაში დასაბეგრი განაკვეთი 3%-მდე იზრდება. (www.rs.ge, www.rs.ge, თ. გ.) აღნიშნული პირობებიც საგრძნობი შეღავათია, რადგან გადასახადის გადამხდელს ნაცვლად 20% საშემოსავლო გადასახადისა, ზემოთ მოყვანილი განაკვეთებით ბეგრავს. ეს მეწარმეს უკვე მისი საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დანერგვის შემდეგ წაადგება, რადგან მცირე ბიზნესი მოიცავს როგორც დაქირავებული შრომის გამოყენებას, ასევე ყველა იმ პირობის შესრულებას, რაც მიკრო ბიზნესს არ ეკისრება.

გასათვალისწინებელია ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა როგორ ესატყვისება სამეწარმეო სარბიელის განვითარებას, რომელიც უნდა გულისხმობდეს განათლების და მეცნიერების ხელშეწყობას, რადგან ინოვაციურობისათვის ეს ორი შემადგენელია მყარი მასალა. მაგალითად, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების დაფინანსებაზე გამოყოფილი სახსრებიდან, განათლებაზე, მეცნიერებასა და პროფესიულ მომზადებაზე მხოლოდ 9,7%-ია მიმართული, (mof.ge, mof.ge, თ. გ.) რაც შეიძლება ვიფიქროთ რომ მცირე არაა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ 2022 წელი ჯერ არ დასრულებულა და აქედან გამომდინარე, წლის ბოლო ანგარიშში სავსებით შესაძლებელია ამ პროცენტული წილის შემცირებაც. ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაო ცვლილებებია საჭირო, რათა ამაღლდეს ცნობიერება საზოგადოებაში, ამის განმსაზღვრელი კი მხოლოდ რიცხვები და პროცენტული მაჩვენებლები ვერ იქნება, ამას მხოლოდ ჩვენს გარშემო მყოფ სოციუმს შევატყობთ.

მეწარმეობა მონეტარული პოლიტიკის პირობებში

რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, მისი მიზანი საქართველოში ფასების სტაბილურობაა, შესაბამისად დასახულ მიზნამდე მისაღწევი საშუალებები ზემოქმედებენ, ამ შემთხვევაში, სამეწარმეო ნიადაგზე. თავდაპირველად, აღსანიშნავია განვიხილო რეფინანსირების განაკვეთი. ბოლოდროინდელი ინფლაციური პროცესების ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არსებული 10,5%-დან 11%-მდე გაზარდა. (nbg.gov.ge, nbg.gov.ge, თ. გ.) რეფინანსირების განაკვეთის მატება ემსახურება მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის შებოჭვას, რაც შემდეგი მექანიზმით მუშაობს: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეროვნული ბანკიდან სესხებს უძვირებს კომერციულ ბანკებს, შესაბამისად კომერციული ბანკები ნაკლებ სურვილს გამოთქვამენ ისესხონ და თუკი ისესხებენ, მაშინ გაზრდილ რეფინანსირების განაკვეთს კომერციული ბანკები თავიანთ სესხებზე ნომინალური საპროცენტო განაკვეთის ზრდით პასუხობენ. შესაბამისად კომერციულ ბანკებს ერთ-ერთი წყარო ეკეტებათ ფულის მულტიპლიცირებისათვის. შედეგად კი ვიღებთ გაზრდილ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, რაც უარყოფითად აისახება მეწარმეებზე, რადგან ძვირდება და რთულდება ფინანსების მოძიება,  მაგალითად, საპროცენტო განაკვეთები მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, საცალო სესხებზე 2,4%-ით გაიზარდა და 16,5% გახდა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებზე 0,6%-ით გაიზარდა და 10,4% გახდა. (ბანკი, 2022) გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი სესხებზე სამეწარმეო სტიმულს ახშობს, რადგან სამეწარმეო საქმიანობის საწყის საფეხურებზე ჰაერივით აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერა და მონეტარული პოლიტიკის ამგვარი მიმართულება იოლად მოძიებად ფინანსებზე გზას უღობავს მეწარმეებს.

მონეტარული პოლიტიკის კიდევ ერთი ინსტრუმენტი მინიმალური სარეზერვო მოთხვნებია, რაც კომერციულ ბანკს უწესებს პროცენტულ შეზღუდვას მიღებული დეპოზიტების გასასესხებელ ოდენობასთან დაკავშირებით, და კომერციული ბანკი ვალდებულია მიღებული დეპოზიდეპიდან მოცემული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებლის ოდენობით თანხა იქონიოს რეზერვებში. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან ეროვნულ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური რეზერვების ნორმა 5%-ია ერთ წლამდე ვადიანობის ნასესხებ სახსრებზე, ერთ წელიწადზე მეტი ხნის კი თავისუფლდება სარეზერვო მოთხოვნებისგან. ხოლო უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე რომელთა ვადიანობაც ერთ წლამდეა 25%-ია, 15%-ია ერთიდან ორ წლამდე ვადიანობის ნასესხებ სახსრებზე, ორ წელზე მეტი ვადიანობის კი თავისუფლდება სარეზერვო მოთხოვნებისგან. (nbg.gov.ge, nbg.gov.ge, თ. გ.) უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე 2019 წლის 16 მაისს 30% გახლდათ სარეზერვო მოთხოვნა ერთ წლამდე ვადიანობის შემთხვევაში, შესაბამისად ამავე წლის შემოდგომით მან 5 პროცენტული პუნქტით დაიკლო. შესაბამისად კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა მიეცათ უფრო მეტი გაესესხებინათ უცხოურ ვალუტაში, რაც თავის მხრივ გააიაფებდა სესხებს. 2019 წლის მეორე კვარტალში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკის მოკლევადიან სესხებზე, უცხოურ ვალუტაში, 7,7%-დან მეოთხე კვარტალში 7,1%-მდე ჩამოვიდა. (nbg.gov.ge, nbg.gov.ge, თ. გ.) ეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე მეწარმეთათვის მცირედი ბიძგი იქნებოდა ფინანსების მისაღებად, სხვა თანაბარ პირობებში.

2020 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა ლიკვიდობის ინსტრუმენტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რომელიც ორ ნაწილს მოიცავს: პირველი განკუთვნილია კომერციული ბანკებისთვის რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნეს სასესხო პორტფელის დაგირავების სანაცვლოდ შეეძლებათ ეროვნული ბანკიდან ლარის ლიკვიდობის მხარდაჭერის მიღება, მეორე კი შეეეხება მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ეროვნული ბანკის დადგენილი პირობების შესაბამისი სასესხო პორტფელის მოცულობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მხარდაჭერით შეძლებენ კომერციული ბანკებიდან სასესხო რესურსების მიღებას. ლიკვიდობის ეს მექანიზმი კი 2023 წლის ბოლომდე იმოქმედებს. (nbg.gov.ge, nbg.gov.ge, თ. გ.) აღნიშნული კი ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საჭირო ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას, როგორც კომერციული ბანკებიდან, ისე მიკროსაფინანსო ინსტიტუტებიდან და ერთგვარად მცდელობაა ეკონომიკის გამოფხიზლებისა 2020 წლის მწვავე პანდემიური ვითარების უკუჩვენებებიდან. რადგანაც მეწარმისთვის, რომელიც გარკვეულად რისკიანია, შესაძლოა რთული იყოს სესხის მიღება, ზემოთ აღნიშნულმა კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს უნდა უბიძგოს გასესხებისაკენ. ეს ყველაფერი კი შემავსებელი  იქნება კანონისა – „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ,“ რომელიც ფინანსური ბაზრების განვითარებას ეხმიანება. 

დასკვნა

საბოლოოდ, ფისკალური პოლიტიკა ორაზროვნად ზემოქმედებს მეწარმეობაზე, ერთია რომ ,,ესტონური მოდელის“ დანრგვამ შეღავათი მისცა მეწარმეებს, მეორე კი გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისად გაზრდილი საგადასახადო ტვირთია. მონეტარული პოლიტიკაც ამგვარ ხაზს მიჰყვება, ლიკვიდობის ინსტრუმენტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ძალიან კარგად გამოიყურება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მეწარმისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, მაგრამ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა საპირისპირო ქმედებაშია ამ ყველაფერთან. ყველას კი ერთვის დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს სიმწვავე, რაც ადამიანების გონებას ისეთი საქმიანობისკენ წარმართავს, რომელიც მოკლე დროში იძლევა შემოსავალს, რათა ინდივიდებმა დაიკმაყოფილონ მასლოუს პირამიდის საფუძველში არსებული პირველადი მოთხოვნილებები. შესაბამისად, ჩემი აზრით, საჭიროა სწორი, გამიზნული პოლიტიკა და არა ურთიერთგამომრიცხავი და მართვის სადავეების ფლობის გასახანგრძლივებელი, რათა საზოგადოებამ ჯანსაღი მიმართულება აირჩიოს, ამას კი თან უნდა ერთვოდეს ცნობიერების ამაღლებაც საზოგადოებაში. აღნიშნული კანონები, სახელმწიფოს ხარჯები განათლებაზე და სხვა, სრულიად შეუმჩნეველია ჩემთვის, რადგან ვერ ვხედავ საზოგადოების აზროვნების გაჯანსაღების კვალს ჩემს გარშემო არსებულ სოციუმში. ამიტომაც დროული ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მხრივ. კანონების ლამაზად, სწორხაზოვნად დაწერა არაფერია, თუ არ შეიქმნა შესაბამისი გარემო მათ აღსასრულებლად. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მეწარმეობა (განათლება და მეცნიერებატევადი) ახალ სისხლს ბადებს ეკონომიკაში, რაც თავისთავად ხელშემწყობია სასიცოცხლო ორგანოების მოქმედებისათვის. ამიტომაც აუცილებელია მეტი ყურადღება იქნას მიპყრობილი სამეწარმეო ასპარეზისაკენ და გამოიყოს ის ისეთი საქმიანობებიდან, რომლებიც მოკლევადიან პერიოდში შემოსავლის მიღებაზეა გათვლილი. მეწარმისეული აზროვნება აყალიბებს ხედვას, მხედველი სულაც რომ ერთადერთი იყოს, თუ მისი საქმიანობა დაფასდება და გარემო შესაბამისად შეუწყობს ხელს, მაშინ ეს ტალღასავით გადაედება მთლიან საზოგადოებას, შეიქმნება აღმძრავი ძალა, ბიძგი – გამომაფხიზლებელი ჩაძინებული ხალხისა. ხალხისა, რომლებიც ყოველდღიურ თვითგადარჩენისათვის შრომაში ვერ სცდებოდნენ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საჭიროების საზღვრებს. შესაბამისად ამ ჩარჩოების მორღვევა საწინდარი უნდა იყოს მუდმივმოქმედი ჯანსაღი ხედვისა და აზროვნებისა საზოგადოებაში, რომელიც მხოლოდ გამძაფრებული საჭიროების შემთვევაში არ იჩენს თავს. ხოლო შეუჩერებლად ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება მეტი არაფერია, თუ არა თავისუფალი! 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. matsne.gov.ge. (2020, სექტემბერი 25). matsne.gov.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://matsne.gov.ge/ka/document/view/4993950?publication=0
  2. matsne.gov.ge. (n.d.). matsne.gov.ge. Retrieved მაისი 29, 2022, from https://matsne.gov.ge/ka/document/view/5230186?publication=0#DOCUMENT:1;
  3. mof.ge. (n.d.). mof.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://mof.ge/saxelmwifo_biujeti
  4. mof.ge. (n.d.). mof.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://mof.ge/4568
  5. mof.ge. (n.d.). mof.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://mof.ge/4560
  6. mof.ge. (n.d.). mof.ge. Retrieved ივნისი 7, 2022, from https://mof.ge/4568
  7. nbg.gov.ge. (n.d.). nbg.gov.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data
  8. nbg.gov.ge. (n.d.). nbg.gov.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://nbg.gov.ge/page/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%
  9. nbg.gov.ge. (n.d.). nbg.gov.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://nbg.gov.ge/page/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%
  10. nbg.gov.ge. (n.d.). nbg.gov.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data
  11. nbg.gov.ge. (n.d.). nbg.gov.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://nbg.gov.ge/page/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%
  12. www.geostat.ge. (n.d.). www.geostat.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
  13. www.geostat.ge. (n.d.). www.geostat.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
  14. www.geostat.ge. (n.d.). www.geostat.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://www.geostat.ge/ka/modules/categories/91/sakhelmtsifo-finansebis-statistika
  15. www.rs.ge. (n.d.). www.rs.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://www.rs.ge/PersonsPreferentialTax?cat=1&tab=1
  16. www.rs.ge. (n.d.). www.rs.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://www.rs.ge/PersonsPreferentialTax?cat=2&tab=1
  17. ბანკი, ს. ე. (2022, მაისი). მონეტარული პოლიტიკის ანგარიში. Retrieved ივნისი 7, 2022, from https://nbg.gov.ge/fm/%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83
  18. ერქომაიშვილი, გ. (2019). რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესმეწარმეობიდან სოციალური მეწარმეობისაკენ მამოძრავებელი ძალა. თბილისი: უნივერსალი. Retrieved ივნისი 7, 2022
  19. ერქომაიშვილი, გ. (2019). რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესმეწარმეობიდან სოციალური მეწარმეობისაკენ მამოძრავებელი ძალა. თბილისი: უნივერსალი. Retrieved ივნისი 7, 2022
  20. სამინისტრო, ს. ე. (2021). საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-2020 წლის სტრატეგიის საბოლოო შეფასება. Retrieved 29 მაისი, 2022
  21. სამინისტრო, ს. ფ. (n.d.). საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია 2018-2021. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://mof.ge/5171
  22. ცაგურია, გ. (2022, იანვარი 14). forbes.ge. Retrieved ივნისი 6, 2022, from https://forbes.ge/metsarmetha-shesakheb-kanoni-dzalashia-21-mnishvnelovani-tsvlileba/?fbclid=IwAR2zgzvKlWModgeyuslbtxM4vq-egBUmVe_y0ECi2wcsI8w58nwUpW2IeIw