არაფორმალური დასაქმება საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

სალომე ციყელაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Salitsikelashvili@gmail.com

ანოტაცია

არაფორმალური დასაქმება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს საერთაშორისო საზოგადოების აქტუალური პრობლემაა. არცთუ შორეულ წარსულში, ოფიციალური სტატისტიკა იგნორირებას უკეთებდა არაფორმალურ დასაქმებას, საჭიროდ არ თვლიდა მასთან დაკავშირებული მონაცემების მოპოვებას. არაფორმალური სექტორი წარმავალ მოვლენად ითვლებოდა იმ მოტივით, რომ შეიქმნებოდა საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილები და შესაძლებელი გახდებოდა მუშაობის მსურვეთლა დასაქმება. უკანასკნელ ათწლეულებში ეკონომიკურმა დაცემამ, სტრუქტურულმა გარდაქმნებმა, ურბანიზაციის მაღალმა ტემპებმა, მოსახლეობის მატებამ და სხვა მოვლენებმა ბევრ ქვეყანაში არაფორმალური დასაქმების მოულოდნელი და უპრეცედენტო გაფართოება გამოიწვია. სტატიაში განხილულია არაფორმალური დასაქმების ძირითადი არსი და ფორმალურ დასაქმებასთან მსგავსება-განსხვავებები. აგრეთვე დაწვრილებით განვიხილავ საქართველოს მაგალითს, სადაც ვახსენებ უკანასკნელ წლებში მომხდარ პანდემიასაც.

Annotation

Informal employment is a topical problem not only in Georgia but also in the international community all over the world. Not so long ago, official statistics ignored informal employment, not considering it necessary to obtain data related to it. The informal sector was considered to be a progressive event with the motive of creating a sufficient number of jobs and making it possible for those willing to work to be employed. The economic downturn in recent decades, structural transformations, high rates of urbanization, population growth and other events have led to a sudden and unprecedented expansion of informal employment in many countries. The article discusses the main essence of informal employment and the similarities and differences with formal employment. I will also discuss the example of Georgia in detail, where I mention the pandemic that has occurred in recent years.

არაფორმალური დასაქმების არსი და შეფასების მეთოდები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტების მიხედვით, არაფორმალური სექტორი განისაზღვრება, როგორც წვრილი სამეურნეო, სამეწარმეო ერთეულების მიერ განხორციელებული დამოუკიდებელი საქმიანობა, საქონლის, მომსახურების წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით, სადაც ძირითადად გამოიყენება ოჯახის წევრებისა და მათ მიერ დაქირავებულ მომუშავეთა შრომა. აღნიშნულ სექტორში ჩართულია დამოუკიდებელი, თვითდასაქმებული, მწარმოებლები. [1]

არაფორმალური დასაქმების მასშტაბების დადგენა და შეფასება მაინც ჭირს, რადგან ხშირად ძნელია დასაქმების არაფორმალურ სექტორში ჩრდილოვანი და კრიმინალური დასაქმების გამოყოფა. არაფორმალური სექტორი, ჩრდილოვანი ეკონომიკა და ფარული წარმოება ურთიერთგადახლართულია და საზღვრები მათ შორის პირობითია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) განმარტებით, არაფორმალური სექტორი არ წარმოადგენს კრიმინალური და ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილს და არ მოიცავს იმ დასაქმებულებს, რომლებიც ეწევიან აკრძალურ საქმიანობას, როგორიცაა: კონტრაბანდა, ნარკოტიკების წარმოება, რეალიზაცია და სხვა.

არაფორმალური დასაქმება უნდა განვიხილოთ, როგორც იმ დასაქმებულთა ოფიციალურად არარეგისტრირებული ეკონომიკური საქმიანობა, რომლებიც არ იხდიან კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს.

დაქირავებული მომუშავეების დასაქმება ითვლება არაფორმალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შრომითი ურთიერთობები პრაქტიკულად არ რეგულირდება ან არ რეგისტრირდება ეროვნული შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი შემოსავლები არ იბეგრება, მათზე არ ვრცელდება სოციალური დაცვის სისტემა და მთელი რიგი შეღავათები დასაქმების სფეროში. [1]

არაფორმალური დასაქმების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძალზე აქტუალურია მისი სისტემატური კვლევა, არსებული დონისა და მასშტაბების შეფასება, რაც გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ეს სირთულე განპირობებულია იმით, რომ მისი მასშტაბების შეფასება, ძირითადად არაპირდაპირი მეთოდებით ხდება, რომელიც უკავშირდება თვით დასაქმებული მოსახლეობის გამოკვლევას, გამოკითხვას. ამ მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგების საიმედოობა და ხარისხი შედარებით დაბალია. ამიტომ, არაფორმალური დასაქმების მასშტაბებს აანალიზებენ საექსპერტო შეფასებების მეთოდის გამოყენებითაც.

აღსანიშნავია, არაფორმალური დასაქმების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია არაფორმალურ სექტორში წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტის (მსპ) წილი. არაფორმალური დასაქმება უმთავრესად განვითარებად ქვეყნების პრობლემაა, სადაც სამუშაო ძალის დიდი ნაწილია დასაქმებული და სწორედ ეს სექტორი განსაზღვრავს ეკონომიკის ფუნქციონირებას. მიახლოებითი შეფასებებით, ლათინური ამერიკის ქვეყნებში არაფორმალურ დასაქმებაზე დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობის 40%-მდე მოდის, აზიის ქვეყნებში 55%, ხოლო აფრიკის ქვეყნებში 70%. [1]

საინტერესოა, განვიხილოთ ცხრილი 1

ცხრილი 1: არაფორმალური დასაქმება და მისი წილი მსპ-ში მსოფლიოს ცალკეული ქვეყნების მიხედვით 2019 წელი

ქვეყანაწილი მსპ-ში (%)ქვეყანაწილი მსპ-ში (%)
აზერბაიჯანი59,3ავსტრალია14,0
ბელორუსია19,1ავსტრია9,0
ესტონეთი18,5ბელგია22,5
ყაზახეთი34,2დანია18,3
ლატვია34,8ფინეთი18,9
ლიტვა25,2საფრანგეთი14,9
მოლდოვა37,7გერმანია14,9
რუსეთი41,0დიდი ბრიტანეთი14,0
უკრაინა47,3საბერძნეთი29,0
ბულგარეთი32,7იტალია27,3
უნგრეთი28,4იაპონია11,1
პოლონეთი13,9შვეცია19,9
რუმინეთი18,3შვეეთი8,1
სლოვაკეთი10,2აშშ8,9

წყარო: დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება (მ.ცარციძე; თსუ; თბილისი)

ცხრილიდან ჩანს, რომ არაფორმალური დასაქმების წილი გაცილებით დიდია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რაც  განპირობებულია გარდამავალი პერიოდის კრიზისული მოვლენებით და პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციით. [4]

როგორც აღვნიშნე, ეკონომიკის არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობის დადგენა და მისი მასშტაბების განსაზღვრა განვითარებადი ქვეყნების ძირითადი პრობლემაა, თუმცა განვითარებული ქვეყნებიც ჩართულნი არიან ამ პროცესებში. მაგალითად, ინგლისში ერთადერთი მაჩვენებლი არაფორმალურ სექტორში დასაქმების შესახებ არის განსხვავება მსპ-ს ღირებულებაში, შემოსავლების და დანახარჯების მიხედვით. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მსპ-ში ჩაირთვება არაფორმალური საქმიანობის მასშტაბების შეფასებითი მაჩვენებლი.

არაფორმალური და ფორმალური დასაქმების მსგავსება-განსხვავებები

იმისთვის, რომ უფრო სიღრმისეულად გავმიჯნოთ არაფორმალური დასაქმება ფორმალურისგან, საჭიროა მათი შედარება. პირველ რიგში, ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ნებისმიერ დასაქმებას ახასიათებს. ესენია:

  • სამართლებრივი საფუძვლები
  • დასაქმების მიზანი
  • შრომის პირობები
  • შრომის დაცვა
  • შრომის ანაზღაურება
  • მომუშავის ინტერესების დაცვა
  • მომუშავის მიერ შრომითი ვალდებულებების შესრულების მექანიზმი

სამართლებრივი საფუძვლები. ფორმალურ დასაქმებაში შრომით ურთიერთობები შრომის კოდექსის შესაბამისად არის გაწერილი, ხოლო არაფორმალური დასაქმების დროს ეს ზეპირსიტყვიერი შეთანხმებაა.

დასაქმების მიზანი. ფორმალური დასაქმების შემთხვევაში დასაქმების მიზანს შემოსავლის მიღება წარმოადგენს, ხოლო არაფორმალური დასაქმების დროს დასაქმების მიზანია საარსებო საშუალებებზე ორიენტაცია, რომელიც, ძირითადად, ცუდი ეკონომიკური პირობებით არის განპირობებული.

შრომის პირობები. ფორმალურ დასაქმებას ახასიათებს შრომითი კონტრაქტით განსაზღვრული კონკრეტული პირობები, ხოლო არაფორმალურს შრომის პირობების განუსაზღვრელობის მაღალი რისკი.

შრომის დაცვა. ფორმალური დასაქმების დროს დამსაქმებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი ნორმები დაიცვას, ხოლო არაფორმალური დასაქმების დროს ვლინდება შრომის დაუცველობის მაღალი ხარისხი.

შრომის ანაზღაურება. ფორმალური დასაქმებისთვის შრომის ანაზღაურება კონტრაქტით განსაზღვრულია, ხოლო არაფორმალური დასაქმების დროს ანაზღაურება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, ზეპირი შეთანხმების გზით მტკიცდება.

მომუშავის ინტერესების დაცვა. ფორმალურად დასაქმებული მომუშავე ყოველთვის შეიძლება იყოს დარწმუნებული იმაში, რომ თავის ინტერესებს თავისუფლად დაიცავს სასამართლოში, ხოლო არაფორმალურ სექტორებში დასაქმებული მომუშავე დამოკიდებულია დამსაქმებლის წესიერების ხარისხზე.

მომუშავის მიერ შრომითი ვალდებულებების შესრულების მექანიზმი. ფორმალური დასაქმების დროს ის უზრუნველყოფილია სანქციებით სამსახურიდან განთავისუფლებამდე, ხოლო არაფორმალურის დროს უზრუნველყოფილია ხელფასის გაუცემლობით. [1]

ამრიგად, ვხედავთ, რომ არაფორმალური დასაქმება უფრო მარტივი, თუმცა ნაკლებშემოსავლიანია. მას ასევე მაღალი რისკები და დაუცველობის მაღალი ხარისხი ახასიათებს, რაც ფაქტობრივად, მომუშავეთა დისკრიმინაციად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ამიტომაა არაფორმალური დასაქმება მწვავე და აქტუალური პრობლემა.

არაფორმალური დასაქმება და საქართველო

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში არაფორმალური დასაქმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 2017 წლიდან ჩნდება. 2018 წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გადაისინჯა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, უმუშევრებისა და დასაქმებულების აღირცხვის მოქმედი სისტემა. [3]

გაჩნდა ახალი დამატებითი მაჩვენებლები: ნამუშევარი საათები სქესის და ნამუშევარი საათები ქალაქ-სოფლის მიხედვით. განვიხილოთ ცხრილი 2:

ცხრილი 2: არაფორმალურად დასაქმებულთა წილი (%) საქართველოში 2017-2019 წლებში

დასახელებაარაფორმალური დასაქმება (%)
201720182019
ქალი29.2%29.8%29.2%
მამაკაცი37.9%41.5%39.3%
ქალაქი33.2%34.6%33.8%
სოფელი35.8%40.0%36.8%
სულ33.9%36.2%34.7%

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, რომ არაფორმალურად დასაქმებულთა წილი 2018 წელს ყველაზე მაღალი იყო და 36.2%-ს შეადგენდა, 2019-ში ეს მაჩვენებელი დაეცა და 34.7% შეადგინა. მოსალოდნელია, რომ 2020 წლის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, აღმოვაჩენთ, რომ ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა.

2018 წლის ჩათვლით ეს მაჩვენებელი ხასიათდებოდა ზრდის ტენდენციით, როგორც ქალაქში, ასევე სოფელში.

2019 წელს არაფორმალურ სექტორში დასაქმებული მამაკაცების წილი 10.1%-ით აღემატება ქალების წილს. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის არაფორმალური სექტორი უფრო მიმზიდველია მამაკაცებისთვის და ბოლო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ზრდის ტენდენციით ხასიათდება. [3]

არაფორმალურმა დასაქმებამ საქართველოში საკმაოდ დიდი მასშტაბები მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა არაფორმალური საქმიანობის ისეთი სახეობები, როგორებიცაა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, საშუამავლო საქმიანობა, ოჯახებში დამლაგებლად, აღმზრდელებად მუშაობა, წვრილი ხელოსნობა, რეპეტიტორობა, სამედიცინო  მომსახურება, ქუჩის ვაჭრობა და სხვა. [1]

საქართველოს შრომის ბაზარზე ეკონომიკის არაფორმალურ სექტორში დასაქმების მასშტაბების ზრდა და განვითარება განპირობებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით:

საქართველოში ფორმალურ სექტორში ეფექტიანი დასაქმების პრობლემაა. დასაქმების სფეროში ვერ ხორციელდება სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვა და შრომითი უფლებების თანაბარი რეალიზაცია. ასევე არ არის შემუშავებული დასაქმებულთა შრომის პირობების კონტროლის სრულყოფილი მექანიზმი.

განუვითარებელია შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა და მისი მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რის გამოც, დაბალია მოსახლეობის ხელმისაწვდომობა შრომის ბაზრის სხვადასხვა სახის სერვისსა და ღონისძიებაზე.

უმუშევრობის მაღალი დონის და მასშაბების გამო, შეინიშნება სამუშაო ადგილების უკმარისობა. პრაქტიკულად არ არსებობს უმუშევარა სოციალური დაცვის, დაზღვევის მექანიზმები. ვერ ხორციელდება უმუშევრების გადამზადება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე.

ჯერ კიდევ დაბალია პროფესიული განათლების სისტემის განვითარების დონე და მისი ხარისხი. ის სრულად არ არის ორიენტირებული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, არ არსებობს უმაღლესი და პროფესიული განათლების კადრების მომზადება-გადამზადების ადეკვატური სისტემა.

ცხოვრების დონისა და სიღარიბის მახასიათებელი პარამეტრები არასახარბიელოა, არ არის განვითარებული სოციალური პარტნიორობის სისტემა სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სფეროში.

მნიშვნელოვანი პრობლემებია შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის სფეროშიც, დაბალია სამუშაო ძალის ფასი, რაც, თავის მხრივ, ართულებს ისედაც მწვავე სიტუაციას.

ბოლოს, ეკონომიკური განვითარების არასათანადო ტემპების გამო მცირდება მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, შესაბამისად შეზღუდულია დასაქმების შესაძლებლობები და მისი პერსპექტივები. [1]

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილი ხშირად იძულებული ხდება, დატოვოს ქვეყანა და არსებობის წყარო საზღვარგარეთ ეძებოს.

საბოლოოდ, საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზი გვიჩვენებს,  არაფორმალური დასაქმების სფეროსთვის დამახასიათებელ თავისებურებებს:

  • არაფორმალური დასაქმება საქართველოში ძირითადად მოიცავს შრომითი საქმიანობის რამდენიმე სფეროს, როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ცალკეული სახეობის სამედიცინო და საგანმანათლებლო მომსახურება.
  • არაფორმალური დასაქმება უმეტესწილად გამოხატულია თვითდასაქმებით.
  • დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის აღნიშნული საქმიანობა საარსებო სახსრების მოპოვების საშუალებაა.
  • არაფორმალური დასაქმება უმთავრესად მძიმე შრომას უკავშირდება. მომუშავენი ძირითადად არაპრესტიჟულ, არამიმზიდველ სამუშაოებს ასრულებენ და პროფესიული ზრდის პერსპექტივა არ აქვთ.

მოგვეხსენება, რომ 2019 წელს, ჩინეთში კორონავირუსის ახალი ვირუსის აფეთქება მოხდა, რომელსაც შემდგომ Covid-19 უწოდეს. სულ რამდენიმე თვესი კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა და პანდემიად მოგვევლინა. გარდა ლეტარულობის მაღალი შედეგების, პანდემიამ ეკონომიკასაც დიდი ზიანი მიუყენა. შეჩერდა წარმოება, შეწყდა ავიომიმოსვლები, ტურიზმი გაქრა.

როგორც მსოფლიოსთვის, ისევე საქართველოსთვის ყველა ზემოხსენებული გარემოება ეკონომიკის დაქვეითებას და მასში სერიოზულ ცვლილებებს ნიშნავს. მეტად სავარაუდოა, რომ პანდემიურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია შრომის ბაზარზე – მან გაზარდა, როგორც უმუშევრობის დონე, ისე არაფორმალურ და ფორმალურ დასაქმებებს შორის არსებული სეგმენტაცია. კრიზისის გამო შეიკვეცა ფორმალური დასაქმების შესაძლებლობები და გაიზარდა უთანასწორების მასშტაბი. [2]

ის, ვინც ფორმალურ დასაქმებაში დარჩა, მეტი სარგებელი მიიღო სახელმწიფოს მიერ გატარებული ანტიკრიზისული გეგმის შედეგად, მაშინ, როდესაც არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მათი წვდომა სახელმწიფო ანტიკრიზისულ თუ სოციალური დაცულობის სერვისებზე, გაცილებით შეიზღუდა. [2]

შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფორმალურმა დასაქმებამ საქართველოში მართლაც დიდი მასშტაბები შეიძინა. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ არაფორმალური სექტორი, ფაქტობრივად, გახდა შრომის ბაზრის დამოუკიდებელი სეგმენტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის დასაქმებასა და მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

დასკვნა

ამრიგად, განვიხილე არაფორმალური დასაქმების არსი. აღვნიშნე, როგორ გაიზარდა მისი მნიშვნელობა უკანასკნელ ათწლეულებში და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ექსპერტები არაფორმალურ სექტორებში დასაქმებულთა რაოდენობის შეფასების დროს.

გავავლე პარალელი არაფორმალურ და ფორმალურ დასაქმებას შორის და ხაზი გავუსვი იმას, თუ რატომაა მიზანშეწონილი დასაქმდე ფორმალურ სექტორში. აღვნიშნე ისიც, რომ არაფორმალურ სექტორში უსამართლო სისტემა მოქმედებს, მომუშავე მოკლებულია ნორმალურ, ღირსეულ შემოსავალს და, საჭიროების შემთხვევაში, ვერ შეძლებს დაიცვას თავისი უფლებები.

განვიხილე საქართველოს მდგომარეობა 2017 წლიდან დღემდე. აღვნიშნე როგორია საერთო სურათი არაფორმალურ დასაქმებასთან მიმართებაში და როგორ იმოქმედა მასზე 2019 წელს გავრცელებულმა მსოფლიო პანდემიამ.

უნდა ვიცოდეთ ის, რომ არაფორმალური დასაქმება მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის არსებობისა და თავის გადარჩენის საშუალებაა. ამიტომ ცხადია, რომ უახლეოს პერიოდში არაფორმალური დასაქმების მასშტაბების აღმოფხვრა ვერ მოხერხდება, მაგრამ საჭიროა არაფორმალური დასაქმების ტენდენციები და თავისებურებები გათვალისწინებული იქნეს დასაქმების რეგიონული პოლიტიკის შემუშავების დროს.

სახელმწიფომ უნდა დასახოს ეფექტიანი დასაქმების ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უნდა იყოს პრაქტიკული ხასიათის და მოიცავდეს, როგორც რეგიონის, ასევე საწარმოს დონეზე განსახორციელებელ რაციონალურ ეკონომიკურ პოლიტიკას. უნდა მოწესრიგდეს შრომის ანაზღაურების სისტემა, უნდა მოხდეს დასაქმებულთა და უმუშევართა აღრიცხვის სრულყოფა. სახელმწიფო აქტიურად ცდილობს დასაქმების ეროვნული სტრატეგია მოარგოს ამ პრობლემის გადასაწყვეტად და, ჩემი აზრით, რამდენიმე წელიწადში ვნახავთ ამ პოლიტიკის შედეგს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება (მ.ცარციძე; თსუ; თბილისი)
  2. https://emc.org.ge/uploads/products/pdf/%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90_1602228460.pdf
  3. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  4. https://ilostat.ilo.org/data/